A! Music Library ავტორიზაცია · რეგისტრაცია
qvaTa RaRadi - ilia WavWavaZe
ქვათა ღაღადი
(ილია ჭავჭავაძე)
„ეგრე მტრისა არ მეშინის,
რადგან ცხადად მაწყინარობს;
მოყვარესა-მტერსა ვუფრთხი,
მემოყვრება, მოცინარობს“…
რუსთაველი
I

ჩვენისთანა დაბრიყვებული, დაბალ ღობედ მიჩნეული ერი, ჩვენისთანა სახელგატეხილი ძნელად თუ სხვა მოიპოვება დედამიწის ზურგზე. ვინც გნებავთ, ან ზედ გვაბოტებს, ან გვქელავს და მიწასთან გვასწორებს. ლამის კავკასიის ქედს აქეთ ჩვენი ხსენება გააჩანაგონ, ქართველების სახელი დედამიწის ზურგიდამ აღგავონ და ჩალასავით ქარს გაატანონ, თითქო არც ოდესღაც ვყოფილვართ, არც დღესა ვართ… სულით დაბალნი ჭკუა გონებით ჩლუნგნი, ზნეობადაცემულნი, სულელნი, უსწავლელნი, გაუნათლებელნი, გაღატაკებულნი, ფლიდნი, პირის გამტეხნი, მხდალნი-ლაჩარნი – აი ჩვენის სულიერ და ხორციელ ავლა-დიდების სურათი! აი რანი ვყოფილვართ, რანი ვართ დღეს იმათის სიტყვით, ვისაც ასე თვისდა სასარგებლოდ მიუჩნევია ჩვენის სახელის გატეხა, ჩვენი მიწასთან გასწორება. წერით თუ სიტყვით, შინ თუ გარეთ წელებზე ფეხს იდგმენ, რომ ქვეყანა დააჯერონ, ვითომც ჩვენ სწორედ ასეთი უხეირონი და უღირსნი ვყოფილვართ და დღესაც ასეთნივე ვართ, თუ არ უარესნი.

ამისთანა დაღით შუბლზე გაისტუმრეს ქართველის სახელი ევროპაში, საცა-კი ენა და კალამი მიუწვდებოდათ. ასეთივე სახელი გაუთქვეს ქართველებს თვით რუსებ შორისაც. მართალია, ვისაც – ევროპელს თუ რუსს – საკუთარის თვალით მოუჩხრეკია ჩვენი ავი და კარგი, ზოგიერთს რასმე ჩვენთვის სანუგეშოსაც ამბობენ, მაგრამ, ჩვენდა სამწუხაროდ, ცოტანი არიან ამათში იმისთანანი, რომელთაც „თვისი სიტყვის საფუძველი სხვის გულისთქმაზედ არ დაედვას“, სხვის ფეხის ხმას არ აჰყოლოდეს, სხვის ჩაძახილი არ ამოეძახოს და აქ მოსვლისავე უმალ სხვის გულისთქმათა მახეში არ გაბმულიყოს.

სახელის გატეხას თქვენი ჭირიც წაუღია. სიტყვითა და კალმით ქვეყანას ეფიცებიან, ვითომც კავკასიის ქედს აქეთ ტიბრისა და ეფრატის სათავეებამდე, თითქმის შავის ზღვიდამ კასპიის ზღვამდე, ეგრეთწოდებული არმენია (ვითომც სომხეთი) ყოფილა ათადამ-ბაბადამ დღევანდლამდე, და თუ სადმე ვიღაც „ვრაცები“ ყრილან – ერთი ათიოდე ბოსლის ადგილი თუ სჭერიათ და ისიც თითქმის სომეხთა მოწყალებით. თითონ ეს „ვრაცები“ ვითარცა ერი არარად სახსენებელია, იმიტომ რომ გაწყვეტასა და გადაშენების გზაზე დგანან და, თუნდ ესეც არ იყოს, ჭკუა იმათ არ გააჩნიათ, რომ თავბედისა გაიგონ რამ, აღებ-მიცემობის უნარი ღმერთს იმათთვის არ უღირსებია, მეურმეობისა და ჩალვადრობის მეტი სხვა ხელობა არ იციან და ის პატარ-პატარა საბოსლეებიც-კი ვერ მოუხმარებიათ, რომელთაც, ქვეყნის სასაცილოდ, საქართველოს ეძახიან. ან როგორ მოიხმარებენ, რომ ამისათვის არც ჭკუა-გონება უჭრით, არც გამრჯელობა, არც სწავლა-ცოდნა, არც სურვილი აქვთ, არც ხალისი – იცოდინონ და ისწავლონ რამ ოუნდ იმავ სომხებისაგან, რომელნიც ვითომც ღვთისაგან და ისტორიით მოვლენილნი არიან, რომ კულტურის დროშით ხელში ააყვავონ და გააბედნიერონ არამც თუ მახლობელი აღმოსავლეთი, არამედ შორეულიცა, ერთობ მთელი ბრიყვი და უმეცარი აზია.

ამ სახით ხომ გვართმევენ ყოველს ეროვნულს ღირსებას, სთითხნიან ჩვენს ვინაობას, და რომ სულ მთლად ბოლო მოგვიღონ ქვეყნის წინაშე, გვიბათილებენ მთელს ჩვენს ისტორიასაც, ჩვენს ისტორიულს მატიანეებს, ისტორიულს ნაშთსა და სახსოვარსა, მთელს ჩვენს სისხლით-მოსილს ღვაწლს ქრისტიანობისათვის შეწირულსა, და ყოველს ამას თითონ იჩემებენ დიდის გაძვრენ-გამოძვრენითა. მართალია, ტყუილს მოკლე ფეხები აქვს და სხვისა ღირსების ჩამორთმევით ან დაკლებით მათნი არც მოივლინებიან, არც გადიდდებიან, მაგრამ წადილის დაუჭირავსა ყური აქვს მოუსმენი და ენა გრძელი.

რისთვის არის ატეხილი ეს მტვერ-ბუქი, ეს ფუქსავატი ჭექა-ქუხილი? იმისთვის, რომ ქვეყანა დააჯერონ, ვითომც ამიერკავკასიაში ერთადერთი სომხის ერია, რომელიც ძველისძველადაც ყოფილა, დღესაც არის, და ამის გამო მომავალიც მისთვის უფრო უპრიანია, ვიდრე სხვისათვის, რადგანაც ისტორიულად დაამტკიცეს თვისი სულიერ-ხორციელი სიდიდე და ძალ-ღონე, თვისი შეურყევლობა და სიმაღლე ჭკუა-გონებისაო.

ვისი უნარია ყოველივე ეს? ეს რა შავი ყორანია, რომ თავს დაგვტრიალებს, ზედ დაგვყეფს და დაგვჩხავის? ჩვენ ადრეც გვითქვამს და ეხლაც ვიტყვით: ღმერთმა გვაშოროს იგი ბრალი, იგი ცოდვა – მთელს ერს სომხისა შევწამოთ, რომელიც მარტო ერთს გვარს გუნდს სომხებისას და იმ გუნდის მწიგნობარ-მეცნიერთ ეკუთვნის. თუმცა ასეა, მაგრამ მინამ კალამს ხელში ავიღებდით ამ წერილის დასაწერად, დიდხანს ჩავუფიქრდით ერთს ჩვენთვის დიდმნიშვნელოვანს გარემოებას. როგორ ჩამოგვართმევს წერილს მთელი ერი სომხებისა? ეს საკითხი უქმი საკითხი არ არის, როგორც ვნახავთ.

ერი, როგორც კრებული ისტორიით შედუღებულ ერთ-სულ და ერთ-ხორც მკვიდრთა, ყოველ პატიოსანისა და ჭკუათამყოფელ ადამიანისაგან უნდა პატივცემულ იყოს ყოველ შემთხვევაში, და მისი ასე თუ ისე გაუპატიურება, ავად ხსენება – დიდად სათაკილო საქციელია. ყოველს ერს თავისი საკუთარი სახე აქვს, თავისი საკუთარი გულთა თქმა, თავისი წადილები, თავისი სულთასწრაფვა, თავისი ღირსება. ამაების შეგინება ერთი იმისთანა სიბრიყვეა, რომელიც გონებაგახსნილს ადამიანს არ ეპატიება, არ შეენდობა. ეს ჩვენ კარგად ვიცით და ღმერთმა გვაშოროს იქ მთელი ერი ვიგულისხმოთ, საცა მარტო ერთგვარი გუნდია ცოდვილი. აი საფრთხე სწორედ აქ არის. აი აქედამ მოველით იმ მტვერ-ბუქსა, იმ კუდიან ქარსა, რომლის აყენებას არ მოერიდება იგი ერთგვარი გუნდი, რომ კაცს თვალები დაახუჭვინოს, თვალები აუბას.

ვინ იცის, რა ბუკსა და ნაღარას დაჰკრავს, რა საყვირს დააყვირებს ამ წერილების გამო იგი გუნდი, რომლის მხილება ჩვენ სახეში გვაქვს და რომელსაც ჩვეულებად დასჩემებია მათ შესახებ ნათქვამი მთელს ერს მოახვიოს თავზე, მთელს სომხობაზე გადაიტანოს. აქ განზრახვა აშკარაა. ერის სახელით ბრძოლას სამართლიანადა აქვს დიდი პატივი და საბუთი. ეს იმ გუნდს კარგად შეუგნია და ამიტომ კარგად იციან, რომ ერის სახელით წინათვე მოიბარებენ მსმენელს, წინათვე მოისყიდიან და, მაშასადამე, ნახევარი გამარჯვება უკვე ხელთა აქვთ. ხერხი სჯობია ღონესაო. რაკი ამ თვალთმაქცურს ხერხს ხელს მოჰკიდებენ, მერე ადვილია მთქმელსა და მხილებულს შესწამონ ერთა შორის განხეთქილების შთამოთესვა, ორის ერის ერთმანეთზე გადაკიდების უკადრისი სურვილი. აშკარაა აქ იმათი ქვედა-გრძნობული ანგარიში. ყოველ ამით სურთ შვილდ-ისარი, მათზე მიზიდული, თავიანთ თავს ააცდინონ და გულში თითონ ერსა ჰკრან გასაწბილებლად, ესეთი ხერხიანი ფარი იფარონ და საკუთარის ცოდვების მხილებას ამითი პირში კაპი ამოსდონ, ენა მოსჭრან.

მთელი ერი სომხებისა აქ არაფერს შუაშია. იგი, ვითარცა მშვიდობიანად მშრომელი და გამრჯელი, თავისს საქმეს ადგია – ვაჭრობაა თუ ხვნა-თესვა – და ფიქრადაც არ მოსდის და არც ეჭირება პასუხისმგებელი იყოს იმ ზოგიერთთა ცოდვების გამო, რომელნიც არამკითხე მოამბესავით მეტიჩრობენ და გარს დასტრიალებენ, როგორც მუმლი მუხასა. ერმა კარგად იცის, რომ ჭეშმარიტის ღირსების ქვეყანაში მოსაფენად საჭირო არ არის ბუკი და ნაღარა. კარგად იცის, რომ მატრაკვეცობა მისის ერთგვარ გუნდისა ვერაფერი თამასუქია არც იმისათვის, რომ ღირსება მისი ქვეყანაში გაითქვას, არც იმისათვის, რომ სხვისა ავად ხსენებით, სხვა ერის ძაგებით იქ გამოინასკვოს, საცა არ არის. ჭეშმარიტი ღირსება საქმითა თვისითა იღაღადებს მხრლოდ და არა ყვირილითა და დაფა-ზურნითა. ჭეშმარიტს ღირსებას ყვირილი არ უნდა. მისი ბუნება და თვისება ის არის, რომ მით უფრო სასახელოა და საგულებელი, რაც უფრო მდუმარეა. ნუ გგონიათ, ამ ბუნებას ღირსებისას კაცმა ჭკუა ვერ მიაწვდინოს, თუ გამეცნიერებული ღა განათლებული არ არის. ამისათვის საკმაოა საღი ჭკუა და უბრყვილო გული უბრალო გლეხკაცისაც. „კარგი ვარ, ამას ნუ იტყვი, თავს ნუ დაუწყებ ქებასა“, ან „ვაჟკაცი წყნარი სჯობია, ჩალად არა ღირს მკვეხარი“ – განა გლეხკაცის ნათქვამი არ არის?

სამწუხაროდ ჩვენდა, ამ ჭკვიანურ ანდაზის სიბრძნემდე ჯერ აქამომდე ვერ მიუღწევია იმ ერთს გუნდს სომხებისას, რომლის მეცნიერნი ქებადიდებას სომხებისას საყვირით ყვირიან და ამასთან, საცა გინდათ და არ გინდათ, ქართველებს მიწასთან გვასწორებენ და დედაბუდიანად გვთხრიან. სომხების ქება-დიდებასთან ჩვენ რა ხელი გვაქვს. ამისთანებში, თუნდაც გადაჭარბება, სხვისათვის უწყინარი და უტკივარი გულუხვობაა და სხვა არაფერი. ჩვენ სომხების არავითარი ღირსება, არავითარი სიკეთე არა გვშურს.

პირიქით, თუ სიკეთე, ღირსება რამ სჭირთ, იგი ჩვენთვის მხოლოდ სანატრელია და არა საშურველი. შურს ისა სწყინს და გულს უკლავს, – სხვას ჩემზე მეტი რადა აქვსო, ნატვრა-კი პატიოსნური სურვილია, მეც ის შევიძინო, რაც სხვას შეუძენია, მისდა სიკეთემდე, ღირსებამდე მივაღწიოო. შური ვერ იტანს სხვისა ღირსებას, ნატვრა-კი შეხარის. შური ებრძვის ღირსებას, ნატვრა-კი ეტრფის.

ამიტომაც ჩვენ ქება-დიდებას სომხებისას საბუთებს არ გამოვუჩხრეკთ, თუნდაც ცალიერი ბაქიობა იყოს. თუ საქებ-სადიდებელი აქვთ რამე, ღმერთმა შეარჩინოთ. თუ არა აქვთ, ღმერთმა მისცეთ. ჩვენ მარტო იმას ვჩივით, რომ სომხის მაქებ-მადიდებელი გუნდი ჩვენ, ქართველებს, გვთხრის, სულიერად და ხორციელად გვიბათილებს და სამარისაკენ გვიშვერს ხელსა, თითქოს მარტო ჩვენი არარაობაა მათის ღირსების მომასწავებელი, მათის ღირსების მანიშნებელი.

დროა ნიღაბი ავხადოთ იმ ერთს გუნდს სომხებისას, რომელთა მეცნიერნი ასეთს ყოფას გვაწევენ ქართველებს დიდისა და პატარის გამოუკლებლად. დროა გავითვალისწინოთ იგინი ისე, როგორნიც ნამდვილ არიან უნიღბოდ, უფერუმარილოდ. დროა ვიცოდეთ, საიდამ დაგვყეფს ჩვენ ჩვენი შავი ყორანი, საიდამ მოდის ეს ქვის-სეტყვა ჩვენს თავზე. დროა ჭკუას მოვიდეთ და არ შევუშინდეთ იმ ცრუპენტელა ლიბერალებს, იმ ჭეშმარიტის ლიბერალობის ბერიკებს, რომელნიც განგებ პირში ბურთსა გვჩრიან, რომ თავისი ოინბაზობა, ორპირობა და ცალგულობა მიაფუჩეჩონ და ზედ ლიბერალობის წმინდა კალთა გადააფარონ. ნუ გვამხილებთო ჩვენს ცუღლუტობას, ოინბაზობას, თორემ ეროვნულ შფოთის აღდგენას დაგწამებთ, რეტროგრადობის ბანაკში თავს ამოგაყოფინებთ, რადგანაც მეცხრამეტე საუკუნის დასასრულს ეროვნულ შფოთის ატეხა, ერთა შორის ღვარძლის შთამოთესვა სიბრიყვესა და გონების სიბნელეს მოასწავებს და ლიბერალობის შეგინებასაო. უფრთხიან ბალღები ამ ტყუილს ჭექა-ქუხილს ტყუილ ლიბერალობისას, უფრთხიან ყოველნი, ვინც სიტყვას გაუსინჯავად იჯერებს.

ლიბერალობა განა მალვაა, ანუ ხელის წაფარება ტყუილებისა, ოინბაზობისა, თაღლითობისა, თვალთმაქცობისა და ყოველგვარ ნამუს-ახდილობისა, და არა მხილება ყოველ ამისი? თუ საძრახავსა არ ამხგლ და სამარცხვინო ბოძზე არ გააკრავ, მაშ რის მაქნისიღაა ეგ თქვენი მოწონებული, თქვენი ქადებული დოყლაპია ლიბერალობა. მაშ ეს გამოჯავრება ყოველ საქმისა, ეს მზეზე გამოტანა ყოველი ფარულის და არა ფარულის ბოროტისა, – იმისდა მიუხედავად, შფოთს ასტეხს, თუ არ ასტეხს, – განა უწმინდესი და უპირველესი ღირსება არ არის ჭეშმარიტის ლიბერალობისა, რომელიც-კი მას შეუძენია დიდის ღვაწლითა და ზოგჯერ სისხლის ნთხევითაცა…

…ვის მოუვა ფიქრად, რომ ბოროტის მხილებას კრიჭა შეუკრას ვისისამე წყენის შიშითა, თუ არ დოყლაპია ლიბერალისა. საბუთიანს, მართალს მხილებას, თუნდა მთელის ერისას, გონიერი ერი მადლობით ეპყრობა და არა რისხვითა და შფოთითა. ჭეშმარიტი ლიბერალობა ის არის, რომ ჭეშმარიტება არავის წააწყმედნო, არავის გააქელვინო, ბოროტს ბოროტი ამხილო, მსჯავრდაუდებლად არ შეარჩინო და, თუ საამისოა, ცხვირიდამაც ძმარი ადინო. ბიძით ქვეყანა წახდებაო, ნათქვამია. მსჯავრდაუდებელი ბოროტი – მაცდურების მახეა და შიგ ადვილად გაიბამს თავს გულლბილი და ხასიათ დაუდგრომელი კაცი. „უსირცხვილოს თუ არ არცხვენ, ბიძით მორცხვიც გაურცხვდება“.

თუ აქაო-და შფოთი ასტყდება და ლიბერალობის ღაღადებით ჩვენ, ქართველებს, ხმას გვაკმენდინებენ, და თუ მარტო ბალღების საცდენად და საფრთხობლად არ მოაქვთ აქ უადგილოდ ლიბერალობა, რატომ ამავე მიზეზით იმ გუნდს სომხებისას პირში კავს არ ამოსდებენ. რომელთა მეცნიერნი, საცა გინდათ თუ არ გინდათ, მთელს ქართველს ერს – დიახ, მთელს ქართველს ერს! – თავზე ლაფს ასმენ ქვეყნის წინაშე და საფლავს უთხრიან, როგორც წინათ ვთქვით. აბა თუ ერთმა ამ ცრუპენტელა ლიბერალთაგანმა ენა დასძრას და უთხრას: „კაცნო, რა მიქარავთ, რას მიედ-მოედებით! თუ ჩვენი საკუთარი ღირსება რამ გაგვაჩნია, ჩვენი საკუთარი მიწა-წყალი, – ეგა სთქვით, თუ არა-და, რას ჩასცივებიხართ მთელს ქართველობას, რაზე უტეხავთ სახელს, რაც მისია – ტყუილად რად იჩემებთ? განა ქართველის ერის ძაგებით, სულიერად და ხორციელად წაწყმედით ჩვენ ჩვენის სამოთხის კარი გაგვეღება! განა არ იცით, რომ თუ სადმე სანთელ-საკმეველია, თავისს გზას არ დაკარგავს, ბევრიც რომ შორიდამ უბეროთ!“ ერთს კაცსაც ამაზე ხმა არ ამოუღია და არც ამოიღებს, იმიტომ რომ ორპირნი და ცალგულნი არიან. ყოველ ამას გულწრფელობა, მართლმოყვარეობა, დიდსულოვნობა უნდა და დღევანდელ ბაზრისათვის არც ერთსა აქვს მაზანდა, არც მეორეს და არც მესამეს.

გამოდის, რომ ჩვენ-კი მადლობელნი უნდა ვიყენეთ, როცა ჩვენს მთელს ერს დედაბუდიანად სთხრიან და ისინი-კი უნდა აგვიშფოთდნენ, როცა ჩვენს მთხრელსა და მაგინებელს – ისიც გუნდს და არა მთელს ერს – ვიგერიებთ და იმის თვალთმაქცობას ვამხელთ. გამოდის, რომ ჩვენზე, თუნდ ერთს ცალკე გუნდზე, მართალი ძვირიც არა სთქვათო ჩვენის შფოთისა და წყენის შიშითა და ჩვენ-კი თქვენი აშფოთება, თქვენი წყენა აინუნშიაც არ მოგვდის, თუნდ მთელი ერი გამოგილანძღოთ და მთელი გუდა ტყუილებისა ზედ თავზე დაგაბერტყოთ თქვენის სახელის გატეხისათვისაო. ეს სადაური სამართალია, სადაური ლიბერალობა? ეს ფარისევლობაა, ეს მელა-ტურაობაა, ქვემძრომობაა, ეს სოროში თავის შეძვრენაა, კუდისა-კი გარეთ დარჩენა, და არა ლიბერალობა. პატიოსან კაცთა შორის ნამუსია მოციქულიო, ნათქვამია.

დეე, ამ ცრუპენტელა მწყობრმა ჭიანის ლიბერალობისამ ბალღებს პირი თევზსავით ამოუვსოს, – ჰა, ხმა, კრინტი არ დასძრათ ჩვენის მხილებისათვის, თორემ რეტროგრადის სახელით მოგნათლავთო, გონიერს კაცს-კი ვერ წაართმევენ პატიოსანს უნარს თავი გამოიდოს მართლის სარჩელისათვის და ტყუილის მხილებისათვის, როცა ამას ითხოვს განგებ შეგინებულ-გალანძღული გრძნობა ადამიანისა და ერის ღირსებისა. .აქ პატიოსანი, პირდაპირი დგომაა საჭირო, პირდაპირი მხილება და არა გაქცევა და უკუდგომა მხდალსავით და ლაჩარსავით.

სწორედ რომ ვთქვათ, ადამიანის ღირსების საწყაო ლიბერალობა ან რეტროგრადობა და სხვა ამისთანა-კი არ არის, არამედ ეს: მართალია კაცი, თუ მტყუანი. ეხლანდელ წვრილფეხობას-კი რომ უთხრათ, – შენი აზრი ლიბერალური არ არის, რეტროგრდულიაო, მაშინვე შიშით ფერი ეცვლება და, რაც გინდ მართალი იყოს, ენა მუცელში ჩაუვარდება, – ეს რა ღმერთი გამწყრომიაო. აღარავინ დაეძებს, – მართალს თავისი საკუთარი ფასი აქვს, თუ არა, და ამ მხრით აზრის ჩხრეკაში აღარავინ შედის.

კიდევ ვიტყვით, საქმე ის არის, რომ მხილება ავისა და ბოროტისა საფუძვლიანი და საბუთიანი იყოს და არა მოჭორილი, – და სამდურავისა, ან წყენის, ან შფოთის ატეხის შიშით ნურავინ გაიხეთქს გულს. განა არ ვიცით, მხილება არაფრად ეჭაშნიკება ავის მქნელსა, მაგრამ განა ეს საბუთია თვალი დავიბრმავოთ, ყურებში ბამბა დავიცოთ და ენა მოვიჭრათ, როცა იგი ავი ჩვენ თავში გვცემს, ჩვენს არარაობას ჩვენდა სამარცხვინოდ საქვეყნოდ ჰღაღადებს. რად უნდა გავუჩუმდეთ? აქაო-და თქვენს ხმის ამოღებას ჩვენი წყენა მოჰყვება, წყენას ჩვენი გაშფოთებაო, და ეროვნულ შფოთის ატეხა ეხლანდელ დროში საკადრისი არ არისო, ნუთუ მართლა ამ ლათაიებს უნდა შევუშინდეთ და ენაც არ დავძრათ ჩვენის საკუთარის ვინაობის სარჩლისა და პატრონობისათვის.

თქვენი წკიპურტიც-კი გვწყჯნსო და ჩვენს პანღურს-კი ნუ იწყენთო. რა ნაბიჭვრები ჩვენა ვართ ამ წუთისოფლისა, რომ ამას გვეუბნებიან, ამით გვითათბირებენ. რას გვიქვიან აქ ლიბერალობა, ან რეტროგრადობა, როცა ჩვენს ვინაობას, ჩვენს თავ-ბედს ასე აბიაბრუებენ და ძირიანად სთხრიან! მარტო მხდალი და ლაჩარი ამისთანა ლათაიებს მიზეზად დაიხვევს ხოლმე ხელზე, როცა სხვისა ნაფურთხს ხმაამოუღებლივ ლოკავს და სხვის ლანძღვა-თრევას ხმაამოუღებლივ იტანს, რომ მერე გაქცევა, უკუდომა და ხმაამოუღებლობა ლაჩრობაში არ ჩამომართვანო. ჯერ სამაგისოდ, ღვთის მადლით, არა გაგვჭირებია-რა: გული იმოდენად კიდევ შეგვრჩენია, იმოდენად კიდევ გვერჩის, რომ ჩვენს ვინაობას ვუპატრონოთ და ქართველობის სახელი სალანძღავ-სათრევად არ დავანებოთ არავის.

II

სომეხთა მეცნიერთა და მათთა ამქართა ოინები კარგა ხნის ამბავია. სხვა რომ არა ვთქვათ-რა, მთელი სამოცი წელიწადი მაინც არის მას აქეთ. ვამბობთ, მთელი სამოცი წელიწადია მას აქეთ, და ეს ისეთი მოკლე მანძილი არ არის, რომ არაფრად ჩაიგდოს და ანგარიშში მისაღები არ იყოს. მთელი სამოცი წელიწადია, რაც ერთი და იგივე ჭექა ქუხილი ერთისა და იმავე ტენდენციისა ჩვენს ვინაობას ერჩის და დღემუდამ უფრო მეტის კადნიერებით, უფრო მეტის გაბედვით, მეტის სილაღით ტყავს აძრობს და წარღვნას უქადის. მთელ ამ საკმაოდ ხანგრძლივ დრო-ჟამის სივრცეზე ერთი და იგივე ანდერძი საქმობს სისტემატიურად, გასისწვრიებულად, მტკიცედ, მედგრად და საოცარის დაჟინებით, ერთი და იგივე ლარია და ხაზი გაჭიმული, ვერ ვიტყვით დიდის ოსტატობით, მაგრამ დიდის კუდიანობით-კი, დიდის თვალთმაქცობით. საოცარი აქ კიდევ ის არის, რომ ეს სამოცის წლთს მთელი ხანა რუსის მწერლისაგან იწყება და რუსის მწერალივე თავდება. ამათ შუა მთელი მწკრივია სომეხთა მეცნიერმწიგნობრებისა ასე, რომ თავიდამ ბოლომდე ერთი ლარი გაჭიმოთ, სულ ყველას იგი ლარი მხარზე გადაუვლის, ასე მწყობრად მღაღადებელნი არიან ერთისა და იმავე განგებ აკვიატებულ აზრისა, თითქო ერთხორც და ერთსულ იყვნენ და ერთნაირად წინათვე გაჩარხულნი ერთისა და იმავ ანგარიშის ჩარხზე.

ჯერ კიდევ რუსის მწერალი სენკოვსკი, ბრამბეუსად ცნობილი, აი რასა სწერდა 1838 წელს. ქართველებს ვახტანგ VI-მდე არა ჰქონიათ მატიანეო, თითონ ქართველები არც-კი არსებობდნენ მეთორმეტე საუკუნემდეო ქრისტეს შემდეგ; იბერთა სახელით ცნობილ იყვნენ სხვადასხვა თესლის მთიულნიო; მთელი ქვეყანა მტკვარს იქით, საცა ეხლა ტფილისია, და სხვა უფრო დიდი ნაწილი საქართველოსი – მუდამ და ყოველთვის ეკუთვნოდა სომხეთს და აქ მოსახლეობდნენ სომეხნი, მიდიელნი, მასაგეთნი ანუ ოსმალნი და რამდენიმე შტო ალბანელებისაო.

ამისთანა ტყუილი ღა გაცუღლუტებული ისტორია-გეოგრაფია ვისი უნარი უნდა იყოს? მართალია, სენკოვსკის დაწერილია, მაგრამ ნუთუ ეჭვია, რომ აქ სენკოვსკი ვიღაცას გაუბრიყვებია და იგი, როგორც ქვევრი, სხვის ჩაძახილს იმეორებს. ხომ აშკარაა, რომ ამისთანა ტყუილს სენკოვსკი არსაიდგან არ ამოიკითხავდა, რადგანაც ამისათვის საბუთი – მატიანე დედამიწის ზურგზე არ მოიპოვება და ეს ჭორი ამბადაც არავის გაუგონია. ვის რად უნდოდა იმის ქვეყანაზე მოფენა, რომ ქართველები მეთორმეტე საუკუნემდე არც-კი არსებობდნენ, რომ საქართველოში ქართველები არ იყვნენ და აქ მკვიდრობდნენ სომეხნი და სხვა მილეთის ხალხნი, ან დიდი ნაწილი საქართველოსი ტფილისითურთ მუდამ და ყოველთვის სომხებს ეკუთვნოდათო. ჭორი, მერე ამისთანა უეცარი, უმიზეზოდ და უანგარიშოდ არ გატყვრება ხოლმე.

მას აქეთ, რაც საქართველო შეუერთდა რუსებს, იმ დღემდე, რაც ეს უცნაური ჭორი გამოაცხო სენკოვსკიმ, სულ არ გასულა 37 წელიწადი და ნუთუ ამ შედარებით მოკლე ხანში ისტორია ისეთს ბნელში გაეხვია, რომ აღარავის ახსოვდა, – რუსეთს რა ქვეყანა შეუერთდა – საქართველო, თუ სომხეთი, ან ტფილისი ვისი სატახტო და დედაქალაქი იყო. თითონ სენკოვსკი პროფესორი იყო აღმოსავლეთის ენებისა, მწერალი და ჟურნალ-მეგაზეთე რუსეთისა, და ნუთუ დასაჯერია, რომ ეს, მისთვის თითქმის გუშინდელი ამბავი, არ იცოდა ისე, როგორც ნამდვილია! ნუთუ დასაჯერია, რომ სენკოვსკიმ ამბად მაინც არ გაიგო ასეთი რუსეთისათვის შესანიშნავი საისტორიო საქმე! ნუთუ მისს ყურამდე არ მიაღწია, – რუსეთმა ვისგან ვისი ქვეყანა მიიღო თვისღა მფარველობის ქვეშ! თუ ესეა, ვინ და რამ შეათითხნინა იგი უცნაური ისტორია და გეოგრაფია, რომელიც ზევით მოვიხსენიეთ?

აშკარაა, აქ მეცნიერულ სიყვარულსა და სულთასწრაფვას ადგილი არა აქვს, რადგანაც ჭორი აქ ცხადია და მეცნიერების მოყვარე ჭორების სურვილს არ დანებდება, არ წაეღებინება. აშკარაა, არც მეცნიერულ კვლევის წყურვილით აიხსნება ეს უცნაური ამოცანა, იმიტომ რომ ასეთი ისტორია, ასეთი გეოგრაფია – ნაკვლევი-კი არ არის, მოგონილია ცხადად, რადგანაც ამის საბუთს ვერსად ვერ იპოვიდა მკვლევარი. აშკარაა არც ქართველი ათქმნევინებდა ამას, აშკარაა – არც რუსი. განა რა ანგარიშია რუსისათვის ხმა დაეგდო, რომ ქვეყანა, ქართველებისაგან მიღებული, ქართველებისა-კი არ არის, სომხებისააო… მაშ ვინ? ყველამ იცის ცხონებული სენკოვსკი რა კაცი იყო.

რომ ამ განგებ მოგონილს ისტორიასა და გეოგრაფიას დამალული სათავე ვუპოვოთ და გავიგოთ ვისი ეშმაკობა უნდა იყოს ამისთანა ისრების სროლა, უნდა მშვილდი მოვნახოთ, ვის ხელში აღმოჩნდება. ის დღეა და ეს დღე, სომხის მწიგნობარნი იმის ცდასა და მეტყველებაში არიან, რომ საქართველო, რაც შეიძლება, ამიერკავკასიაში ავის თვალით დაანახვონ ქვეყანას, რაც შეიძლება მეტი წილი ჩამოათალონ და თვით მიითვისონ, რაც შეიძლება გაუუქმონ წარსულიც, შეუბღალონ აწმყოცა.

მაგალითებრ, ყველასაგან ცნობილია, რომ ჭოროხის ხეობა ძველად-ძველიდამვე შეადგენს ნაწილს ზემოქართლისას, საცა ბოლოს ხანებში სამცხე-საათაბაგო იყო. სომხის მწერლები-კი ემინი, ხუდაბაშოვი, ერიცოვი სწორედ ამ ადგილებს გვეცილებიან და ამტკიცებენ, რომ მტკვრის სათავის ადგილები, მთელი ჭოროხის ხეობა – დიდს სომხითს ეკუთვნოდნენო. თითქმის ერთის სახტომის ადგილს-ღა გვარჩენენ. ამ მოწყალებისათვისაც მადლობელნი ვართ, მაგრამ იმას რაღას ეუბნებიან, რომ მთელ იმ ადგილებს, რომელსაც გვედავებიან, ქრისტეს წინა ხანებიდამ დღევანდლამდე ქართული სახელები შერჩენია. მაგალითებრ, ჭოროხის ხეობაში: კლარჯეთი, ლიგანისხევი, ტაოს-კარი, შავშეთი, აჭარა და მტკვრის სათავეში: კოლა, არტაანი, ერუშეთი, სამცხე და ჯავახეთი. ამ ადგილებში მეშვიდე თუ მერვე საუკუნიდამ მეთოთხმეტე საუკუნემდე ქართველებს ტაძრები და მონასტრები უშენებიათ, რომელნიც დღესაც არიან, მაგალითებრ, კოლაში – დადეშისა, არტაანში – ნაქალაქევისა, სამცხეში – აწყურისა, ზარზმისა, საფარისა, ჯავახეთში – წყაროსთავისა, შავშეთში – ტბეთისა, კლარჯეთში – ხახულისა, აჭარაში – სხალტბისა და სხვანი და სხვანი.

ვთქვათ, ეს აშკარა და უტყუარი ღაღადი ადგილების სახელებისა, მონასტრების და ტაძრების ზედ წარწერებისა – ეს მართლადა ქვების პირდაპირი და უკუუთქმელი მოწმობა „ჩოტკში“ ჩასაგდები არ არის, ვთქვათ ყოველივე ეს საბუთად მოსატანი არ არის. ევროპელ მეცნიერს სენ-მარტენს რაღას ეტყვიან, იმ სენ-მარტენს, რომელიც ცნობილია ვითარცა კაცი უფრო მწყალობელი სომხებისა, ვიდრე ქართველებისა, და რომელიც ხშირად მოჰყავთ სომეხთა მწიგნობართ, როცა ქართველების ავად ხსენება და სახელის გატეხა სურთ იმისის მოწმობითა. ეს ამისთანა სომეხთა მომხრე კაციც-კი ამტყუნებს, ამ შემთხვევაში სომეხთა მწიგნობართა და ამტკიცებს, რომ იგი სერი მთებისა, რომელიც ჭოროხისა, მტკვრისა, ეფრატისა და არაქსის წყალთგამყრელია, მუდამა საზღვარი იყო ქართველთა და სომეხთ შორისაო. ამ სახით ჭოროხის ხეობასა და მტკვრის სათავეებში სულ მთლად ხელს აბანინებს სომხებსა.

ყოველ ამისდა მიუხედავად, სომხების მწიგნობარნი მაინც თავისას იძახიან და ბინას იკეთებენ იქ, საცა არა ჰქონიათ. განა აშკარა არ არის, რომ ამ ცუღლუტურ მეცნიერობით სწადიათ ქვეყანა დააჯერონ, ვითომც ისტორიული უფლება მიუძღვით ამ ადგილებში ბინის დადებისა… ჩვენ არც იმისთვის გავაბით ეს ლაპარაკი, რომ ჩვენი აზრი ამ საგანზე გადაწყვეტილად მიგვეჩნია. იქნება სომეხთა მეცნიერთა სიზმარნი ცხადნი იყვნენ, იქნება იგი ქვეყნები მართლა იმათი კუთვნილია. ჩვენ მხოლოდ ის გვინდოდა გვეთქვა – რა ხერხით და ოინბაზობით იქცევიან სომეხთა მეცნიერნი, რომ თავისი გაიყვანონ, ისინი ამ შემთხვევაში არაფერს თაკილობენ, თავისას რომ ამბობენ – სხვისას მალავენ. მთელი ეს ერიცოვები, ხუდაბაშოვები, ემინები და სხვანი ამისთანები რომ გადასინჯოთ, დაინახავთ, რომ თავიანთი ნათქვამი და ნაკვლევი ბაჯაღლო ოქროდ მიაჩნიათ და სხვისა-კი, თუ ანგარიშში არ მოსდით, ერთ ყალბ ფლურადაც არა.

იგი გუნდი სომხებისა, რომლის მედაფე-მეზურნედ მათნი მწიგნობარნი არიან, ამ თვალთმაქცობას არა კმარობს, არა სჯერდება: მისთვის ცოტაა სხვისა მართალი მალოს, თვისი ტყუილი აყვიროს. ამ გუნდმა კარგად იცის, რომ საბუთი, რაც გინდ დამალო, დღესა თუ ხვალე გამომჟღავნდება და თავისას გაიტანს. საქმე საბუთის გაბათილებაა, ან წაშლა, ან ჩაფხეკ-ამოფხეკა, ან გადაკეთება სათავისოდ.

რომ არც ამისთანა ოინები დაეფიცებათ სომეხთა მწიგნობარ-მეცნიერებს, ესეც ცხადია. რადგანაც დრო იქნება, როცა ისტორიული ნაშთები და სახსოვრები თავისას იტყვიან, – ვისა სჭერია და ვის უჭირავს ეს ადგილები, და რადგანაც ქვანი, მრავალნი შენობანი, ტაძრები, მონასტრები იღაღადებდნენ, რომ ძველისძველად ამ ადგილებში ქართველები ყოფილან, რა თქმა უნდა, საჭიროა ამ უტყუარს მოწმეს ქართველებისას ხმა ჩააწყვეტინონ, ხმა არ ამოაღებინონ. ამისათვის ერთი თქვენი მოსაწონებელი ხერხი უხმარიათ: აუღიათ და, საცა შესძლებიათ და მოუნელებიათ, წაუშლიათ ყოველივე კვალი.

ამისი მოხერხება ძნელი არ არის, ოღონდ ხალისი იყოს და ნამუსი ნებას იძლეოდეს, დღეს ისეთი დღეა, ოღონდ-კი ფონს გახვიდე, შენ შენი გაიყვანო, და მოტყუებით იქნება, თაღლითობით, თუ ოინბაზობით, ამას ვიღა იკითხავს. დღეს ჭკუის საწყაოდ ასეთის საქციელით გამარჯვებაა. არა ერთი და ორი მაგალითია იმისი, რომ ცდილან ნიშანი ქართველობისა დაუკარგონ ძველს შენობას, ტაძარს თუ მონასტერს, ამოფხიკონ ქვაზე ნაწერი ქართული, ან წაშალონ, ან მთელი ნაჭერი ქვა შენობიდან ამოიღონ და მის მაგიერ სხვა ჩასვან სომხურის წარწერითა. არა ერთი და ორი მაგალითია ამისთანა ოინისა და ოდესღაც გამოცხადებული იყო აქაურ ქართულ და რუსულ გაზეთებშიც.

სხვათა შორის განსვენებული დ. ბაქრაძე მოგვითხრობს ერთს ამისთანა მაგალითს, რომელიც გვანიშნებს ამ მშვენიერს უნარს სომხების ერთგვარ გუნდისა. ართვინში ერთი დიდი ეკკლესიაა თურმე ძველისძველი. იქაურს სომხობას მოუწადინებია მზამზარეულად ამ ეკლესიის დაჩემება. მანამ დაიჩემებდნენ, ბერძნები შესცილებიან, – ეგ ეკლესია ძველთაგანვე ქართველებისა ყოფილა, მაშასადამე, ჩვენთვის, ვითარცა მართლმადიდებლებისათვის, უფრო უპრიანიაო. ამ ეკლესიას მართლმადიდებლობის ნიშნად ზედა ჰქონია ქვა ქართულის წარწერითა. სომხებს აღარც უციებიაო, აღარც უცხელებიათ, აუღიათ და იგი ქვა სადღაც წაუბრძანებიათ და მიუმალავთ. ამ გზით იგი ეკლესია მართლმადიდებელთათვის ხელადამ გამოუტაცნიათ და დღეს სომხებს დაუჩემებიათ6. განა ამისთანა ოინი ფიქრად მოუვა უბრალო სომეხს კაცსა? თუნდაც საქმე უბრალო კაცისა იყოს, შთაგონება და წაქეზება ამისთანებში, აშკარაა, გაბრძნობილის მეცნიერისაგან არის. ამიტომაც საბუთი გვაქვს, ეს უკადრისი საქციელი, და ყოველი სხვა ამისთანა, სომეხთ-მწიგნობართა მანქანების მივაწეროთ და არა მთელს ერს სომხისას.

ჩვენ თავისს ადგილას ამის შემდეგაც მოვიყვანთ მაგალითებს, რომ სომეხთა მწიგნობარნი ამისთანა საქციელს არა თაკილობენ და წაშლა, გაბათილება, ან გადაკეთება საბუთებისა იმათი ხელობაა. ეხლა-კი ვიტყვით, რომ ამრიგად ქართველის სახელის აღმოფხვრას ამიერკავკასიაში და ქართველის საისტორიო სახსოვრების გარდაქმნას სომხურად – საკმარისად არა ჰხადიან. ტაძარ-მონასტრებისა აა ქვების გარდა, სხვა მოწამენიც არიან ქართველობის მღაღადებელნი ამიერკავკასიაში. ამისთანა მოწამენი მატიანენი და ქრონიკებია, მეცნიერთაგან გამოძიებულნი, და ვითარცა ისტორიულნი საბუთნი პირში უდგანან სომეხთა მწიგნობართა, თუ ხელს გაიწვდიან, რომ არწივის ნაბუდარზე წიწილები ზარდონ. სომეხთა მწიგნობართა კარგად იციან, რომ თუ ეს ისტორიული საბუთები არ გააქარწყლეს, ბევრს არაფერს გახდებიან საქართველოში. რა თქმა უნდა, ახლა აქედამ მოგვიარეს.

მათი პროფესორი პატკანოვი, აწ გარდაცვალებული, მთელის თავისის მეცნიერების ზარბაზნებით მოგვესია და ლამის ზურგზე მტვერი აგვადინოს. ჯერ მოგვდგა და თავზე დაგვიფხრიწა ჩვენი „ქართლის ცხოვრება“. ეს ვახტანგ VI დროს არის შეთითხნილიო და არავითარი ცნობა არ არის, რომ ვახტანგის წინად „ქართლის ცხოვრება“ ყოფილიყოსო. ერთადერთი წერილია „სომხური ქრონიკა“ ჰქვიანო და თუ რამ მასალაა ქართველების ისტორიისა, იქ თუ იპოვებაო. მართალია, ეს „ქრონიკა“ ქართულიდამ ნათარგმნიაო, მაგრამ დედანი უნდა იყოს შეთხზული, ანუ შედგენილი, უსწავლელისა და უმეცარის სომხისაგან მეთორმეტე საუკუნეს, როდესაც ქართველებმა იგრძნეს ისტორიის საჭიროებაო. ხედავთ, სენკოვსკის თქმულმა სად გამოჟონა!..

გამოდის, რომ მეთორმეტე საუკუნემდე ქართველები ისეთი ბრიყვები ყოფილან, რომ არამცთუ ისტორია არა ჰქონიათ, ისტორიის საჭიროებაც ვერ უგრძნიათ და აქაც სომეხს უშველია, ისიც უსწავლელსა და უმეცარსა. ამ სახით გამოდის, რომ თუ უმეცარსა და უსწავლელს სომეხს ისტორიის საჭიროების გრძნობა ჰქონია, რამოდენად უსწავლელნი და უმეცარნი უნდა ყოფილიყვნენ ქართველები, რომ ამისი შნოც არა ჰქონიათ. საწყალი ქართველები! უსწავლელი და უმეცარი სომეხიც-კი თქვენზე წინა ყოფილა ჯერ მაშინ და ეხლა ხომ რაღა თქმა უნდა. ისტორიის საჭიროების გრძნობაც-კი არა გქონიათ, ღმერთმა უშვქლოს პატკანოვის უმეცარსა და უსწავლელს სომეხს, რომ წყალობა უქმნია და მოგშველებიათ.

ასე გვამკობს, ასე მიწასთან გვასწორებს ქართველებს, მერე რა ხანის ქართველებს? მეთორმეტე საუკუნისებს. მერე ვინ? პროფესორი და მეცნიერ-მწიგნობარი. მართალია, სომეხთა პროფესორია, სომეხთა მეცნიერია, მაგრამ ნუთუ აქაო-და სომეხია, მართალი არ უნდა სთქვას, მართალი არ უნდა დაინახოს? განგებ თვალებზე ხელი რად აუფარებია მეთორმეტე, ან მეთერთმეტე საუკუნოების ქართველებზე, ესე იგი იმ ერზე, რომელსაც სტრაბონი ჯერ კიდევ პირველ საუკუნის დასაწყისში აყვავებულს მდგომარეობაში გვიხატავს, რომელმაც გასაოცარის ხელოვნების ეკლესიებით და მონასტრებით მოჰფინა ძველის-ძველათგანვე თავისი მხარე, რომელმაც გაავსო როგორც საქართველო, აგრეთვე საბერძნეთი ღა პალესტინა ქართულის სამკაულებით და მანუსკრიპტებით, რომელმაც ძველადვე თარგმნა ფაჰლაურ ენაზე შედგენილი სანსკრიტული მოთხრობა „ქილილა და მანა“, „ვის-რამიანი“ და შექმნა დიდებული პოემა „ვეფხის-ტყაოსანი“ , რომ სხვა აღარა იყოს-რა.

ვინც განგებ გონებადახშული არ არის, ან განგებ თვალებზე ხელაფარებული, ვინც კითხვა იცის და გაგება წაკითხულისა, განა იკადრებს თქმას, რომ „ვეფხის-ტყაოსნის“ შემქმნელი ერი იმოდენად ბრიყვი იყოო, რომ ისტორიის საჭიროების გრძნობაც არა ჰქონიაო. ვის მოუვა ამისი თქმა ფიქრად, თუ არ სომეხთაა ფილოსოფოსებსა და პროფესორებს. მელას რაც აგონდებოდა, ის ეზმანებოდაო, სწორედ სომეხთა მწიგნობარ-მეცნიერებზე ითქმის. ღმერთმა მშვიდობა მისცეთ. ჩვენ-კი ვიტყვით, რომ „ღვარძლის მთესვეღი ვერ მომკის იფქლსა ბასრისა ცელითა“.

ვთქვათ, პატკანოვმა, ვითარცა სომეხთა მეცნიერმა, არ იკადრა წაკითხვა „ვეფხისტყაოსნისა“, რადგანაც ქართულია და ამასთან იმისთანა წიგნია, რომელიც გვასწავლებს რომ „ქმნა მართლისა სამართლისა ხესა შეიქმს ხმელსა ნედლად“. ეს ამისთანა ანდაზა ვერაფერი ჭაშნიკია ცრუმეტყველისათვის და რად იკადრებდა პატკანოვი ამისთანა ლათაიების წაკითხვას. ვაპატიოთ ამ მეცნიერს სომეხს ასეთი უმეცრება და არცოდნა „ვეფსის-ტყაოსნისა“. მარტო ეს ვიკითხოთ. რაღა პირით გვეუბნება, რომ თქვენი „ქართლის ცხოვრება“ არაფრის მაქნისიაო, როცა ამისთანა საქმეებში სახელდადებულნი სწავლულნი ჟან სენ-მარტენი, კივიან დე-სენ-მარტენი, დუბუა დე-მონპერე9 ცხადად და გარკვევით ამბობენ, რომ ქართულნი ისტორიულნი მოთხრობანი ღირსშესანიშნავნი წყრონი არიან არა მარტო კავკასიისა, არამედ აზიის ისტორიისათვისო. ამასთან დუბუა დე-მონპერე იხსენიებს ქართველებს, ვითარცა ძველისძველ ერს, რომელიც უხსოვარ დროთაგანვე ამიერკავკასიას დარაჯად სდგომია და ყველა სხვა ცნობილთა ერთა თანა ურთიერთობა ჰქონიაო.

მეცნიერი სომეხი ამათაც ეუჰრჩება, ამათს სიტყვას აბათილებს და მაინც თავისას გაიძახის. აკი ვთქვით ალიას დარდი ფლავიაო. საბუთად და მოწმად მოჰყავს სენკოვსკი, კოხი და ლანგლუა. რამოდენა ავტორიტეტები არიან ამისთანა საქმეში სენკოვსკი და კოხი, რომელთ შორის უკანასკნელი მარტო ბოტანიკოსად არის ცნობილი და არა ისტორიკოსად, – ეს თითონ პატკანოვის მართლმოყვარეობას მივაჩემოთ. ლანგლუა-კი პატივსაცემი მეცნიერია. შესანიშნავია აქ ერთი რამ, თუმცა სომხის მწიგნობარისაგან კი საკვირველი არ არის. თურმე ლანგლუაც ჩვენს „ქართლის ცხოვრებაზე“ იმასვე ამბობს, რასაც სენ-მარტენი და სხვები და მართლმოყვარე პროფესორს-კი იმის თქმული თავისს გულნადებსა და სურვილზედ გამოუჭრია. ლანგლუა ამბობს, რომ დასაწყისი „ქართლის ცხოვრებისა“ ზღაპარიაო და სამართლიანადაც ამბობს. ეს ქართლოს, ვახოს და სხვა ამისთანები, რასაკვირველია, ზღაპრად უნდა ჩაითვალოს, და რომელი ერია ქვეყანაზე, რომ თავისი ისტორია ამისთანა ზღაპრით არა ჰქონდეს დაწყებული. აი რას ამბობს ლანგლუა და არა იმას, რაც ასე მოსწყურებია პატკანოვსა.

ეს პირველი და უკანასკნელი მაგალითი არ არის ცხონებულ პროფესორის თაღლითობისა. ამას მერეც ვნახავთ და ეხლა-კი ვიტყვით, რომ ამისთანავე გაბედვითა და კადნიერებით ექცევა იგი სტეფანო ორბელიანის მოწმობასაც. ერთს თავის შენიშვნაში ეს გულმართალი სომხის მწიგნობარი პატკანოვი ამტკიცებს, რომ „ქართული ლიტერატურა ღარიბია ძველის წყაროებითაო და თვით სტეფანოზი მეცამეტე საუკუნეში უჩივისო ამ ნაკლულევანებას“…თურმე ნუ იტყვით, სტეფანოზი იმას-კი არა სჩივის, რომ ქართული ისტორიული წყაროები ერთობ ღარიბია, არამედ იმას, რომ „ორბელიანთ გვარის შესახებ „ქართლის ცხოვრება“ ბევრს არას გვეუბნებაო, ჩვენ განვიხილეთო აქა-იქ გაფანტულად გადარჩენილი ნაშთები და მხოლოდ ეს მცირე რაიმე ვიპოვეთო“. აშკარაა, სტეფანოზი აქ მთელ ქართულ წყაროების სიღარიბეს-კი არა სჩივის, არამედ იმას, რომ ორბელიანთ გვარის შესახებ სრული ცნობები არ არის ქართულ მატიანეებშიო. სტეფანოზი ორბელიანთ გვარის ბიოგრაფი არის და საკვირველი არ არის, რომ უჩივის ამ მხრით ჩვენს წყაროებს. პირიქით, სტეფანოზი ხშირად იხსენიებს „ისტორიულ დავთრებს და სამეფო არქივებს“ საქართველოსას. ამ სახით სომეხთა მეცნიერმა კერძო საქმის შესახები სიტყვა სტეფანოზისა განაზოგადა, გადააკეთა თავისებურად და ნაკლი, ერთის ცალკე ამბის შესახები, მთელს ჩვენს ისტორიულ წყაროებს ზედ დააკეცა. ვისაცა ჰსურს უფრო მეტად დააჯეროს გული, – რა ხერხები სცოდნია პატკანოვს, წაიკითხოს დ. ბაქრაძის წერილი „პროფესორი პატკანოვი და ქართული ისტორიული წყაროები“. მაშინ უფრო აშკარად დაინახავენ – რა ოსტატობით მოჰქცევია ლანგლუას და სტეფანოზის სიტყვას საოცარი პროფესორი სომხებისა. დ. ბაქრაძე ამტყუნებს ამ გაოსტატებულ პროფესორს და ამისათვის მრავალი საბუთი მოჰყავს და, სხვათა შორის, იმასაც ამტკიცებს, რომ, პირიქით, თვით სომხურს ისტორიულ წყაროებზე ზედგავლენა ჰქონია ქართულს ქრონიკებსა. ვისაც ეს ამბავი არა სჯერა, ვთხოვთ ზემოხსენებული წერილი დ. ბაქრაძისა წაიკითხოს და კრიტიკის ქარცეცხლში გაატაროს.

ამ სახით, გულადმა პროფესორმა გამოილაშქრა ჩვენს „ქართლის ცხოვრებაზე“, რომ ეს საძირკველი ჩვენს ისტორიულს ვინაობასა და ავკარგიანობას ძირიდამ გამოაცალოს და თვით ვინაობა ჩვენი პირქვე დაამხოს. ლახტი, მართალია, შემოგვიქნია, მაგრამ ერთი რომ ჩვენ მოგვახვედრა, ათი თითონ იკრა. მართალია ამაში პატკანოვი თუ მტყუანი, ჩვენ ამჟამად ამას არ ვეძიებთ. ჩვენთვის საჭიროა გავითვალისწინოთ იგი საომარნი ზნენი, რომელსაც ხელსა სჭიდებენ სომეხთა მეცნიერ-მწიგნობარნი ჩვენდა გასათელავად.

III

რაცა ვთქვით, ეს არ გვაკმარა პატკანოვმა და, სწორედ მოგახსენოთ, არც სომეხთა მწიგნობართაგან ერთხელ და ერთხელ დადგენილი პროგრამა იქნებოდა აღსრულებული, რომ მარტო ამაზე გაჩერებულიყო მათი ბაირაღტარი. ქართველებს რომ ისტორიული ქრონიკები არა აქვთ, ეს კიდევ დიდი უკადრისობა არ არის და ავზნეობას ერისას არ მოასწავებს. საქმე ის არის, ზოგიერთს უცხოელს ქართველები გულკეთილ ერად მიაჩნიათ, კარგის გულისანი არიანო, შესახვედრად საყვარელნი, სასიამოვნონი, თავაზიანები. მართლა ესენი ვართ თუ არა – ამისი თქმა ჩვენი საქმე არ არის. თითქო სომეხთა მეცნიერთ ესეც-კი შურთ ჩვენთვის, თითქო უფიქრიათ, რა საჭიროა ჩვენთვის, რომ უცხოელებმა ასეთის კარგის თვალით უყურონ ქართველებსა, მოდი აქაც ხელი შევუშალოთო. ვინ მოგახსენათ, რომ ქართველები გულკეთილები არიანო, თითქო იძახის პროფესორი პატკანოვი, როცა გვწამებს ფანატიკოსობას. დიაღ, იგი ეფიცება ქცეყანას, რომ ქართველები ფანატიკოსები არიანო, ესე იგი სხვა უცხო კაცისა და რჯულის მიუკარებელნი, შეუწყნარებელნი და მდევნელნიო. ამის საბუთად ერთი რაღაც ზღაპარი მოჰყავს თამარ დედოფლის დროინდელი. ფანატიკოსობა, რასაკვირველია, სიბრიყვისა და გონებადახშულობის ავზნეობაა და ამ სიკეთეს როგორ დაიშურებდა ჩვენთვის სომეხთა მეცნიერი.

იქნება, მართლა, ავზნენი, გულღვარძლიანები ვიყვნეთ, ფანატიკოსობა გვჭირდეს, – ჩვენ არც ამაში გამოვეკიდებით. ხოლო რაკი სომეხს პროფესორს ჩვენთვის ფანატიკოსობა შეუწამებია, აშკარაა იმ აზრით იქცევა ასე, რომ სომეხს ამისთანებში ხელს აბანინებს, მითამდა ქართველები არიან ასეთნი ბრიყვნი და ავის ზნისანი და სომხები-კი არაო. ვნახოთ ასეა, თუ აქაც რაღაც ოსტატობაა და თვალთმაქცობა სწავლულისა.

როცა ქალკიდონის მსოფლიო კრებულს (596 წ.) ემოწმა ქართველობა და ამით სარწმუნოებით ერთმანეთს დაშორდნენ ქართველები და სომხები, სომხებმა ცალკე კრება მოახდინეს დვინს და დაადგინეს განაჩენი. ამ განაჩენის ძალით სომეხთა მაშინდელმა პატრიარქმა აბრამმა ასე შეაჩვენა და კრულვა-წყევლას მისცა ქართველობა: „ჩვენ დავწყევლეთ და პირქვე დავამხეთ ქართველთა კათალიკოსი კირიონი და ქართველებზე ვბრძანებთ, რომ სომხებმა ამის შემდეგ არ იქონიონ არავითარი მისვლა-მოსვლა ქართველებთან, არავითარი ურთიერთობა, არც ლოცვითა, არც ჭამა-სმითა, არც მეგობრობითა და არც შვილების აღზრდითა. არ გაბედონ წასვლა სალოცავად არც სახელ გათქმულ მცხეთის ჯვარისა, არც მანგლისის ჯვარისა, არ მისცენ ნება სიარულისა ჩვენს ეკლესიებში, ერიდნენ იმათთან დამოკიდებულებას ცოლ-ქმრობისას, ნება ეძლევათ მხოლოდ აღებმიცემობა იქონიონ, როგორც ურიებთან. ვინც ამ ბრძანებას გადავა, წყეულიმცა არს იგი სულითა და ხორცითა და ყოვლის ცხოვრებითა“.

ამას მოგვითხრობს სომხის ისტორიკოსი კაღანკატვაცი. ისტორია მისი მეცხრე საუკუნეს ეკუთვნის და თვით პატკანოვს რუსულად გადაუთარგმნია. ეს მაღალ ზნეობის და კაცთმოყვარეობის მომასწავებელი განაჩენი შიგ ამ ისტორიაშია ჩართული. სართი დასწრებისააო, სწორედ ამას ჰქვიან, ამაზე უდიდესი ფანატიკოსობა არა გვგონია სხვა იყოს სადმე. ამ სახელოვანის განაჩენის პატრონს განა ხმაღა ამოეღებოდა ჩვენს ფანატიკოსობაზე, რომ ქვეყანაზე გამკითხავი ვინმე იყოს! რატომ აგრე საქებურად გაუჩუმდა ამისთანა წრეს გადასულს ფანატიკოსობას, რაკი აქამდე მიიყვანა საუბარი.

განა მართალი არ არის ყოველ ამის შემდეგ დ. ბაქრაძე, როცა პატკანოვზე ამბობს: „პატკანოვი უკვე დასკვნილს ქართულს აზრს ან უჩუმდება, ან თუ იგი მოჰყავს, მოჰყავს გადასხვაფერებით, იმგვარად, რომ ბინდი მიჰფინოს მის წინააღმდეგ აზრს, ქართულ ისტორიის წყაროს, თვით ჩვენთა წინაპართა ხასიათს“. თუ ამისთანა ოინებსა და თვალთმაქცობას კადრულობენ და არა თაკილობენ სომეხთა ქებულნი და თავმოსაწონებელნი პროფესორნი, რაღა უნდა მოვთხოვოთ სხვა სომხებს, რომელთაც ცარიელ დიპლომებით თავი მოაქვთ, ქადულობენ და ყურებს გვიჭედავენ.

ამ სახით, კადნიერმა პროფესორმა ხომ თავზე დაგვახია ჩვენი „ქართლის ცხოვრება“, ხომ სახელი ჩვენი ცოტად თუ ბევრად შეგვილახა მით, რომ ქვეყანას აუწყა, ვითომც უსწავლელი და უმეცარი, ესე იგი უკანასკნელი სომეხი მაშინაც-კი უპირველესი და წინწასული ყოფილა ქართველებზე, როცა ქართველების ოქროს დრო იყო, ხომ ფანატიკოსობაც შეგვწამა, – ახლა სხვა გზიდამ მოგვიარა. სული ხომ ვითომც ამოგვხადა, ახლა ხორცის გლეჯასაც მიჰყო ხელი. ამ მხრითაც რომ ლახტი არ შემოექნია, ერთსა და უკანასკნელ საგანს სომეხთა მწიგნობრების პროგრამისას უღალატებდა და ამის ჯავრსა და ცოდვას რად გაიყოლებდა.

ისტორიულ ჭეშმარიტებად ცნობილია, რომ ეგვიპტელთა „მუშენი“, დაბადების „მოსოხნი“ ანუ „მოსხნი“, ახლანდელნი „მესხნი“, ჰეროდოტის „ტიბარენნი“, სტრაბონის „ტიბერნი“ და „კოლხნი“ შეადგენდნენ ქართველ ნათესაობის ერსა. რადგანაც ისიც ჭეშმარიტებად ცნობილია, რომ ძველისძველად ამ ქართველ ნათესაობას სჭერია მთელი სივრცე ღალისის მდინარისგან მცირე აზიაში – შავის ზღვის პირამდე და მთელი აღმოსავლეთი მხარე ამ ზღვისა, აგრეთვე იგი ადგილები, რომელნიც მტკვარსა და არაქსს შუა მდებარეობენ, აშკარაა, რომ ვისაც ამ ადგილებში დაჩემება რამ უნდა, ან ქართველის კუთვნილების გაუქმება, – მოუნდება დაამტკიცოს, რომ ზემო დასახელებულნი ერნი ქართველთა ნათესაობისა არც იყვნენ და არც არიან. სწორედ ასე მოიქცა ჩვენი გულადი პროფესორი და გვეფიცება, რომ „მოსხები და კოლხები“ ქართველის ნათესაობისანი არ არიანო, და არავითარს საბუთს ამისას არ იძლევა-კი ეს საოცარი მოფიცარი. ბალღო, რადა სტირიო? გამიდის და ვტირიო, სწორედ ეს არის.

ამგვარათვე ხელს იწვდის ტაოსკარზე, ეხლანდელ ჭოროხის ხეობაზე, იმისდა მიუხედავად, რომ უცხო ერის მემატიანენი, მაგალითებრ კონსტანტინე პორფიროგენი (911-959 წ.) იმოწმება, რომ მეათე საუკუნეზე წინათ ქართველთ ბაგრატიდთა ეჭირათ ჭოროხის ხეობა და აქედამ დაიპყრეს თვით არზრუმი და სხვა ნაწილები სომხეთისაო. თუნდ ესეც არ იყოს, მთელი ჭოროხის ხეობა, როგორც უკვე ვთქვით, სავსეა ქართულის ეკლესიებითა და მონასტრებითა ქართულისავე ზედ წარწერებითა და ზოგნი ამათგანი ეკუთვნიან მერვე-მეცხრე საუკუნეს. ყველა ეს უტყუარნი მოწამენი თვით სომხის ვარდაპეტის სარგისიანისაგან არიან წერილნი, ბროსსესაგან განხილულნი და აკადემიის მემუარებში დაბეჭდილნი. თვით ეს სარგისიანი, რომელსაც 1843-1853 წ. დაუვლია ჭოროხის ხეობა, მწუხარებით ამბობს, რომ ღონისძიება არა მქონდა გადმომეღო იგი მრავალი ქართული ზედწარწერანი, რომელნიც მე იქა ვნახეო. აბიხი, ხანიკოვი და თვით იგი კოხი, რომელიც ერთს შემთხვევაში პატკანოვმა იმოწმა, ამასვე მოგვითხრობენ.

ესეა თუ ისე, პატკანოვი უფრო შორს მიდის ამაზე, და რაკი სხვისის დაჩემების გზაზე დაექანა, თავს ვეღარ იმაგრებს და ჭანეთსაც, მოსე ხორენელის „ჭანივ“-ს, ესე იგი „ქალდეას“, ხელი წაატანა, – „ქალდეა“ შეადგენდა ნაწილს სომხეთის სამეფოსასაო. როდის და სად არის ამისი ისტორიული საბუთიო? – ეკითხება ამ გათამამებულსა და მადაგახსნილს სომხის პროფესორს დ. ბაქრაძე. მართალიც არის. თუ მოსე ხორენელი სწერს, რომ იმ ადგილებში, რომელსაც „ქალდეა“ ერქვა, ჯერ თითქმის ორი ათასის წლის წინათ სომხები იყვნენო, ეხლა ხომ ყველამ იცის, რომ ეს აშკარა ტყუილია. ისიც ეხლა ყველამ იცის, რომ სომეხთა მეისტორიეთა მამამთავარი მოსე ხორენელი ისე სარწმუნო და საქებ-სადიდებელი არ არის, როგორც სომხებსა ჰგონიათ.

ლენორმანი, ეს ყველასაგან დიდ სწავლულად მიჩნეული კაცი, აი რას ამბობს: „შეურყეველ ჭეშმარიტებად უნდა მივიღოთ, რომ სომხებს არ აბადიათ არარიგი ნაციონალური გადმოცემა პირველ ტიგრანამდე, რომელიც კიროსის თანამედროვე იყო. რაც-კი შეეხება ამაზე წინა დროს, ყველა მოთხრობა სომეხთა მწერლებისა მომდინარეობს მოსე ხორენელის წიგნისაგან, და ეს წიგნიც, როგორც თვით ხორენელისაგანაც სჩანს, არის უბრალო ასლი (კოპიო) მარაბაზ კატინის ცრუსიტყვაობისა, კომპილაციისა. ეს ბატონი კატინა ცხოვრობდა ქრისტიანობის პირველ საუკუნეს, ადგა ლიტერატორობის ხელობას, ეკუთვნოდა ედესის სკოლას და ამან შეადგინა კომპილაცია, საცა სიმართლეზე მეტი სიცრუე შეიტანა და სულ ეს ააშენა კტეზიის ქრონოლოგიურ სისტემის მსგავსად და, სხვაც რომ არა იყოს-რა, მარტო ამ სისტემის მიბაძვას უნდა გაეფუჭებინა საქმე, გაეშორებინა ჭეშმარიტებისაგან. გულუბრალო მკითხველის მოსატყუებლად კატინამ ეს ხერხიც მოიხმარა, რომ თავისი კომპილაცია მიაწერა ალექსანდრე მაკედონელის დროს. კატინის დროს ამისთანა ხერხიანობა ძალიან გავრცლებული იყო და ამ გვარის ყალბის წერილებით, ფალსიფიკაციებით მოჰფინეს მთელი ქვეყანა“ .

ჩვენ ეს ლენორმანის საბუთიანი აზრი იმისთვის არ მოგვყავს აქ, რომ მოსე ხორენელი შევუბღალოთ მის პატრონებსა. აქედამ ერთი იმისთანა ოინი გამოიჩეკა მერე, რომ ერთი მაგალითი კიდევ მოგვეცა გავითვალწინოთ უტყუარად, – რა საქებური და სამამაცონი ზნენი სჭირვებიათ სომეხთა მწიგნობართა საერთოდ და მათ ბაირახტარს პატკანოვს საკუთრივ. ლენორმანმა ეს თავისი და ეხლა ყველასაგან მიღებული აზრი მოსე ხორენელზე 1871 წელს გამოაცხადა. რა თქმა უნდა, ვერაფრად იამებოდათ ეს ამბავი მოსე ხორენელის მაქებარ-მადიდებელთა. განა რა უნდა ექმნათ? ქონდრის კაცი ხომ ვერ შეეჭიდებოდა იმისთანა გოლიათს მეცნიერებისას, როგორიც ლენორმანია. ან რომ გაეხედნა კიდეც, რას გაიტანდა. როგორ უშველა პატკანოვმა თავს? აი ძაღლის კუდი სადა მარხია. გამოვიდა, რომ ეს საბძელი ხომ იწვის, ბარემ ხელები მაინც გავითბოო, და გაითბო კიდეც.

პატკანოვმა ყური მოიყრუა, თითქო არც სადმე ლენორმანია და არც მის მიერ ნათლად გამორკვეული აზრი: აიღო და კარგა ხანს შემდეგ, როცა უკვე ლენორმანის აზრი გამორკვეული იყო, შეუდგა ვითომდა თავისის საკუთარის თაოსნობით მოსე ხორენელის ავისა და კარგის ჩხრეკასა, ვითომ თითონ გამოიძია, თავისს კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა, – ვითომ თითონ მიაგნო, რაც უკვე მიგნებული იყო სხვისაგან, და ლენორმანის გამონაკვლევი თავისის სახელით გაასაღა. ამ რიგად უკვე აღმოჩენილი ამერიკა აღმოაჩინა და დოინჯი შემოიყარა თავმოწონებისა. როგორ მოგწონთ ამისთანა საქციელი? თქვენ თუ არ მოგწონთ, აბა ყური დაუგდეთ პატკანოვის ამქრის მწიგნობართა, რას ამბობენ ამ სხვისის ღვაწლის დამჩემებელსა და სხვის ნაცვამით დოინჯშემოყრილ პროფესორზე: „ყველაზე უდიდესი (капитальный) საისტორიო ღვაწლი პატკანოვისა“ სწორედ ეს ღვაწლი არისო. აკი „კაცსა მართალს, თუ მტყუანსა, კაცნივე შეატყობენო“. მიუქარავს ამ ანდაზის მთქმელსა.

თუ მართლა „ყველაზე უდიდესი საისტორიო ღვაწლი“ ესა ყოფილა პატკანოვისა, სხვა უმცირესი რაღა უნდა იყოს? ეს სხვა მეცნიერსა ვკითხოთ, სახელდობრ ბ-ნ მარს, ახლანდელს სომხების პროფესორს პეტერბურგის უნივერსიტეტში. მე პატკანოვის შეგირდი ვარო, იძახის თავმოწონებით ბ-ნი მარი. მწურთვნელის კარგად ხსენება მადლობელის გაწურთვნილისაგან მოსაწონია, მაგრამ ესეც-კი ურიგოდ არ არის ნათქვამი: „ცემა გმართებს გამზრდელისა, თუ ყრმა ჰნახო ავად ზრდილი“.

ბ-ნი მარი, თუმცა პატკანოვისამებრ ოინებში ჯერ თავი არ უჩენია და ღმერთმაც ნუ ჰქმნას, რომ იჩინოს, – სხვაფრივ-კი იმის გზაზე დამდგარა და დიდის რიხით იჭიმება, თითქო მაღლა ფრინველს არ გადაიფრენს და დაბლა ჭინჭველას არ გაიტარებსო. ერთი აკაკისთან მისი საუბარი გადაათვალიერეთ და დაინახავთ, რარიგად იბღინძება თავისის მეცნიერებით, რარიგად იბერება, რა სხვილ-სხვილად იხარჯება, რა დიდ-დიდ სწავლულებში თავსა სდებს. ამ ბოლოს დროს ბ-ნმა გოლმსტრემმა ამომავალ მნათობად დაგვისახა მეცნიერების ცაზე და ამას იქით, უყურეთ, ცას ქუდად აღარ მიიჩნევს და დედამიწას ქალამნადა. თუმცა ეს როგორღაცა ჰგავს, კუმ ფეხი გამოჰყო, მეც ნახირ-ნახირო, მაგრამ ჩვენ რა გვენაღვლება? ჩვენ რა საქმე გვაქვს? კუმ თავისი იცოდეს, ჩვენ – ჩვენი.

თუ რამე კულტურის ნასახი გააჩნიათ ქართველებსაო, თითქმის სულ სომხების მოწყალებითაო, სომხების კულტურა რომ უარ-ჰყონ, ნახევარი კულტურა ქართველებისა თქვენს ჭირს წაიღებსო, ამბობს ეს ახლად ამომავალი მნათობი მეცნიერებისა. იქნება ესეც იყოს, არც აქ ავუხირდებით, იმიტომ რომ ჩვენ სახეში სულაც არა გვაქვს ვიძიოთ, ქართველი სჯობია სომეხს, თუ სომეხი – ქართველს, ამაებზე საუბარი ბრიყვის საქმეა და ჩვენ შორს ვუვლით ამისთანა აბდაუბდას. ჩვენ მარტო ამას ვჩივით, – როცა იმისთანა მეცნიერნი, როგორც ბ-ნი მარია, ამისთანებს იღაღადებენ, საბუთი მაინც უნდა დაგვანახვონ.

ბ-ნი მარი ჩვენს ენასაც კი სწვდა თავისის ბასრის ხმალითა. ენის მრავალსიტყვაობა ერის მრავალ აზროვნობას მოასწავებს, და როცა ისტორია ორს ენას ერთმანეთს მოახვედრებს, უფრო სუსტი და უძლური ენა ზედ-იჩნევს გავლენას უფრო წინწასულ და უფრო კულტუროვან ენისა.

ნუთუ ამ აზრით, ამ განზრახვით ბ-ნი მარი გვიცხადებს, რომ ქართულმა ბევრი სიტყვა სომხურისა მიითვისაო და ამით შორიდამ გვანიშნებს, – აი ერთი საბუთიც სომხების კულტურისა და ამ კულტურის ზედგავლენისა ქართველებზეო.

„ბანაკი, მუშაკი, სპეტაკი, ჟამი, ქალაქი, სენაკი, კარგი, წესი, მატიანე, პატივი, ჭეშმარიტი“ და ბევრი სხვა სულ სომხური სიტყვებია ქართულში გადატანილიო. ესეც იქნება მართალი იყოს, ხოლო ჯერ კიდევ ღმერთმა იცის – ეს სიტყვები სომხებისაგან მიუღიათ ქართველებს, თუ ქართველებისაგან სომხებს. ჩვენ აქ არც ერთის დამტკიცება გვინდა, არც მეორისა, ხოლო გვიკვირს ასე გადაწყვეტილად ლაპარაკი იქ, საცა არავინ იცის, ჯერ რა გამოვა რისაგან, და ბ-ნმა მარმა რად ინება ასეთი ლაპარაკი?

პირიქით, თუ ლენორმანი სარწმუნო სწავლულია, თუ შეურყეველ ავტორიტეტად ცნობილია ამისთანებში დიდქებული, ლენორმანის სიტყვით, ლინგვისტი ეჟენ ბიურნუფი, რატომ ბ-ნმა მარმა ამათ მაინც ყური არ ათხოვა, თუ დასაჯერად არა, ეჭვის გასაჩენად მაინც.

ლენორმანი ამბობს, – „სრულიად შესაწყნარებელია, რომ დიდი ნაწილი ამ (ქართულის) სიტყვებისა ეკუთვნის სპარსულს ენას და ქართულში შემოსულია შედარებით ახალ დროს არა საჭიროების ძალდატანებით, არამედ ისტორიის მოქმედებით. დანარჩენი ნაწილი-კი ქართულ სიტყვებისა უძველესის დროებისანი და ზედმიწევნით ქართულის თვისებისანი არიან, როგორც ეს დაამტკიცა ჩვენმა დიდებულმა ლინგვისტმა ეჟენ ბიურნუფმაო“.

უძველესნი დრონი ქართველობისა და მათის კულტურისა ასურელ ლურსმულ ნაწერებშია მოხსენებული ჯერ კიდევ 1300 წელს ქრისტეს წინათ, როგორც ამას მერე უფრო ცხადად დავინახავთ, და სომხების ხსენება მეშვიდე საუკუნის დასასრულამდე ქრისტეს წინათ არც კი იყო. მაშ უფრო საგულვებელი არ არის, რომ სომხებს ქართველებისაგან შეევსოთ თავისი სიტყვა-ნაკლულევანება, რაკი ამ საგანზე მივარდა საუბარი?

თუნდ ესეც არ იყოს, თუნდ ყოველივე ეს სამაცდურო საგულებელიც იყოს და სხვა რამ ნიშანწყალი საბუთისა არა გააჩნდეთ-რა, სწავლული გატერიასი, მცოდნე ქართულ-სომხურისა, ხომ ცრუმეტყველი მეცნიერი არ არის. ამანაც-კი გამოსთქვა, რომ სომხურ ენის შინაგან თვისებას ნათლად ვერ მივუხვდი, მინამ ქართული ენა არ ვისწავლეო, რადგანაც სომხურის ენის ბევრი ძირკვები წმინდა ქართულ ელემენტისაგან აწარმოებენო და უქართულოდ იმათი ახსნა შეუძლებელიაო. ლენორმანის და რაულსონის თქმული, რომ სომხების არმენიაში შემოსევამ (მეშვიდე საუკუნის დასასრულს) ბევრი ალაროდიული (ქართული) ჩანთქაო, საბუთს უმატებს გატერიასის ნათქვამს და ამების გამო ბ-ნ მარს ეჭვი მაინც უნდა შეჰპარვოდა, და არა ბრძანება გაეცა, ასე იყოს, როგორც მე მიამება და როგორც გაწურთვნილი ვარ ჩემის მწურთვნელისაგანაო.

მთელს ამ საუბარს ბ-ნ მარისას ერთ ქრთილადაც არ ვიყიდით. ენის გამდიდრება სხვისა სიტყვებითა ერს არ დაამდაბლებს, თუ არ აამაღლებს. რუსული очаг და ჩვენებური „ოჯახი“ მონღოლური სიტყვაა, башка თათრულია, თუ სპარსული, სიტყვისამ „ბაშ“, сакля – „სახლი“ ქართულია, религiя, профессiя, поэзiа, литература და ათასი სხვა მაგისთანა, სულ სხვა ენის სიტყვებია, – და ამით მითამ რაო? ინგლისის ენაში თითქმის ნახევარი სიტყვები ფრანგულია, მოდით და წინ გადაუდგეს ან ენაწმინდა ქართველი, ან ენაწმინდა სომეხი და დაეჟინოს, – ჩვენ გჯობივართო. მართალია, ბ-ნს მარს მიზეზი სხვამ მისცა ამების ლაპარაკისა, მაგრამ უნდა სცოდნოდა, რომ ამაებზე საუბარი წყლის ნაყვაა და სხვა არაფერი. ბ-ნი მარი სხვაფრივაც ირჯება, თითქო ჩვენზე გულმოსულია და ჯავრს იყრის. კარგა ხანია, რაც დაიქადა, რომ დამაცადეთ, ეგ თქვენი რაღაც „ვეფხის-ტყაოსანია“, – სულ თავზე დაგიფხრეწთო, ინგლისში ერთი მანუსკრიპტი მეგულება, იმას ვიპოვი და დაგიმტკიცებთ, რომ იქიდამ არის ეგ ნათარგმნი, ან გადმოღებულიო, ვაი ჩვენო თავმოსაწონებელო რუსთაველო! თურმე ქურდი ყოფილხარ და სომეხთა მეცნიერთამებრ სხვისი შენად გაგისაღებია! ჩვენ-კი რა დიდებულ კაცად მიგიჩნიეთ, შენს სახელს შევხაროდით! ბ-ნი მარი, რომელიც ვითარცა დიდგულა მეცნიერი, შუბლზე ბუზსაც არ ისვამს, უბრალო სიკვდილის შვილი ხომ არ არის, ტყუილად დაიქადოს რამ და არ იცოდეს, რომ „ისარი და პირით სიტყვა, რა გასტყორცნო, არ მობრუნდეს“. დაიქადა და აკი… აი ის დღეა და ეს დღე, მას აქეთ შვიდი-რვა, თუ არ მეტი, წელიწადი გავიდა, – მაგრამ ქადილი ქადილად დარჩა. ბ-ნმა მარმა კარგად იცის, რა განძია ჩვენთვის „ვეფხის-ტყაოსანი“ კარგად იცის, – რა ბურჯია იგი ჩვენის თავმოწონებისათვის, ქვეყნად ხმის ამოღებისათვის. მაშასადამე, თუ თავში დასაცხები ვისმე რამე უნდა, უკეთესი იქნება აქედამ დაგვცხოს, აქედამ შეგვინგრიოს ციხე-სიმაგრე ჩვენის სახელისა და თავმოწონებისა, თუ არ ამან, სხვა რა გულთა ძვრამ უნდა აგვიხსნას ეს ამისთანა თავდაუჭერავი მუქარა და ქადები მეცნიერისა, ფსიქოლოგიურად რომ ჩავუკვირდეთ?

რა საკადრისია, კაცს ჯერ საბუთი არ ენახოს, არ გაეჩხრიკოს და არც იცოდეს, მართლა ამისთანა საბუთი არის სადმე თუ არა, აიღოს და მთელს ერს შეუგინოს მისი სამართლიანად სახელოვანი კაცი, შეუბღალოს იგი თითქმის წმიდათაწმიდა, რომელსაც შვიდას-რვაასი წელიწადია განუწყვეტლად შესტრფის და შეხარის, შეურყიოს ძირი იმ დიდებულს სახსოვარს, რომელსაც მთელმა ერმავე შიგ ჩაატანა თავისი ცრემლი და თავისი სიხარული, შიგ ჩაახვია თავისი სული და გული, შიგ ჩააწნა თვისი უკეთესნი ფიქრნი, ზრახვანი, გრძნობანი!.. რა საკადრისია! კიდევ ვიტყვით: ამისი საბუთი რომ ხელში ჰქონოდა, ვინ რაღას ეტყოდა, მართალს წინ რაღა დაუდგებოდა! მაშინ თუმცა შევწუხდებოდით, მაგრამ მაინც პატივისცემითა და მოწიწებით თავს მოვიხრიდით მართლის წინაშე. საქმე ის არის, რომ ჯერ საბუთი არ ენახა, და ან რას ნახავდა, რაც არ არის, და მაინც დაიქადა. მე ესე მომელანდაო, სიზმარში ვნახეო, რომ ინგლისში ამისი საბუთი არისო. თუ ეს მართლა სიზმარში მოლანდებული არ არის, მაშ რა იქნა იგი ქადებული საბუთი? რამ ჩაყლაპა? თუ იგი საბუთი არ აღმოჩნდა, ის პატიოსანი და ყოვლად ღირსეული თვისება ჭეშმარიტის მეცნიერისა სადღაა, რომ სთქვას: შევცდი და ვინანიო. განა რომ „სოფლის ნადიმთა მჯდომელი სოფელსავითვე ჭრელია“. განა რომ „ბუისგან ნუ გამოელი ბოლო-კარკაზის ბუდესა“.

მოდით და გულზე ნუ მოხვალთ ამისთანა თავგასულ და შეუნანებელ საქციელისაგან! ვშიშობთ, მაგრამ მაინც ვიტყვით: ნუთუ ამისთანა ქედმაღალმა მეცნიერმა, როგორიც მარია, თითონ რომ ჰკითხოთ, მართალი არა სთქვა? და თუ არა სთქვა, რას გვემართლებოდა? რათ დაიქადა ასეთის გაბედულის რიხიო, და თუ დაიქადა, რათ არ აასრულა ქადებული? რა ანგარიშია, რომ ლამის ხელადამ გამოგვაცალოს ჩვენ ჩვენი საუნჯე და ამისათვის ცარიელ მუქარის და ქადილის დალაბრებული, პირგადაღეჭილი ხმალი მოგვიღერა. ვისთვის და რისთვის ირჯება, რომ ასე უსაბუთოდ გვეტანება და ხელადამ გვაცლის ჩვენს „ვეფხის-ტყაოსანსა“? ვის შერჭმია თვალში ეკლად ეს ქართველების ეროვნულ ღირსებისა და ვინაობის სახსოვარი, რომ ბ-ნი მარი აგრე თავზე ხელაღებულად იღვწის ამ ეკლის გამოღებისათვის? ყოველივე ეს თქვენ გამოიცანით და ჩვენ-კი დიდი ხანია ვიცით, რომ „ხარი ხართან დააბი, ან ფერს იცვლის, ან ზნესაო“.


ფავორიტებში დამატება
0
1166 ნახვა
0 მოწონება & 0 არმოწონება
კომენტარი არ არის დაწერილი