A! Music Library ავტორიზაცია · რეგისტრაცია
Cveni mamebi da Svilebi - sergei mesxi

თქვენ უსწავლელნო, ცრუ რუსთაველნო! რათ წაგვიბილწეთ ენა მდიდარი? მტრობა ენისა არს მტრობა ქვეყნის...… ჩირქი რათ მოსცხეთ ტაძარსა წმინდას? ჵპასუხი გგვიან თუ მალე, დღესა თუ ხვალე, რაც ენას ვცოდეთ, ის გასწორდება; მაგრამ კი თქვენი მრუდე საქმენი ისევ ისევე მრუდეთ დარჩება! ვერც ერთ ისეთ ხალხსა და საზოგადოებას ვერ მოსძებნით დედამიწაზე, რომ ყველა იმის შემადგენელი წევრი ერთნაირათ სჯიდეს და ერთნაირი აზრის იყვეს. თუ რომელიმე საზოგადოება პირუტყულათ არ ცხოვრობს და შეჩვეულია გონებით სჯასა და მოფიქრებას, დარწმუნებული იყავით, რომ ამ საზოგადოების ერთი ნაწილი სხვანაირათ სჯის ყოველ საგანზე და მეორე ნაწილი კიდევ სხვანაირათ. ეს სჯისა და აზრების განსხვავება და შეტაკება რომ არ იყოს, როგორც ამბობენ, არც წარმატება იქნებოდაო. მართლაც, ხშირად ჭეშმარიტება მხოლოდ მაშინ აღმოჩნდება, როდესაც ორი ან მეტი, ერთმანეთის მოპირდაპირე აზრი შეებმიან და დაეტაკებიან ერთმანეთს. ჶ ეს განსხვავება აზრისა და შეხედულებისა ყველაზე უფრო ცხადათ იხატება და მოჩანს ორ თაობას შუა: მოხუცებულებსა და ახალგაზრდებს შუა. რომელი ქვეყანაც გნებავთ, აიღეთ და დააკვირდით ამის შინაგან ცხოვრებას, უთუოთ შეამჩნევთ, რომ თითქმის ყოველ საგანზე მოხუცებული სხვაგვარათ სჯის და ახალგაზრდა კი სულ სხვანაირათ. თითქმის ყოველ საზოგადო და შინაურულ საქმეებზე მამას ერთი შეხედულობა აქვს და შვილს მეორე. ავიღოთ მაგალითათ საფრანგეთი: წარსული ცხოვრების მაგალითმა ძალიან ნაკლებათ ასწავლა ჭკუა იქაურ მოხუცებულებს: თუმცა ნაპოლეონის იმპერიამ და საზოგადოთ მონარხიამ უანგარიშო ზიანი მოუტანა საფრანგეთს, მაგრამ უმეტესი ნაწილი მოხუცებულებისა ამჟამად მაინც ძველი წესის დაბრუნებას ნატრულობენ. ახალგაზრდები კი რესპუბლიკის მომხრენი არიან საზოგადოთ. აქაურ მოხუცებულებს ჰსურთ დაიცვან მამა-პაპური წესი და ჩვეულება, ახალგაზრდები კი ახალ გზაზე დადგომას ცდილობენ. მოიგონეს, ვსთქვათ, სადმე რომელიმე ახალი მაშინა, ან რომელიმე სწავლულმა ახალი თეორია წარმოსთქვა, იმ წამსვე მოხუცებულები დაიწყებენ ყვირილს, რომ ეს მაშინა არ ვარგა, ძველი სჯობიაო, ახალი თეორია შემცდარი და სარწმუნოების უარის მყოფელი თეორია არისო და სხვ. ეს განსხვავება მოხუცებულებსა და ახალგაზრდებს შუა ხშირად სულ უბრალო და წვრილმან საგნებშიაც მოჩანს: ვინ არ დასწრებია, მაგალითად, ამგვარ მამისა და ვაჟის და დედისა და ქალის ჩხუბს: ვაჟს უყიდნია ახალი მოდის პალტო; მამას ის არ მოსწონებია, ან ცუდი ფერისააო, ამბობს, ან ცუდათ არის შეკერილიო. ქალს ახალი თავსაკრავი ან მოსასხამი უნდა იყიდოს; დედას არცერთი არ მოსწონს და არის ამის თაობაზე ოჯახში ერთი გაუწყნარებელი ჩხუბი და აყალ-მაყალი. ეს გარემოება, რომ მამებსა და შვილებსა და საზოგადოთ მოხუცებულებს და ახალგაზრდებს განსხვავებული შეხედულება აქვთ თითქმის ყოველ საგანზე, გასაკვირველი არ არის და ადვილადაც აიხსნება იმ ჭკვიანური ანდაზით, რომელიც ამბობს: `ჩვეულება სჯულზე უმტკიცესიაო~. გამოცდილებით და დაკვირვებით ვიცით, რომ ყოველი კაცი თუ რასმეს იძენს გონების გასამდიდრებელს, იძენს მხოლოდ ახალგაზრდობაში. ახალგაზრდის ცოცხალი და მღვიძარე ჭკუა-გონება ძალიან ადვილად ითვისებს ყოველ ახალ აზრს და სწავლას. მოხუცებულობაში კი კაცი ამ ახალგაზრდობის როლს შეთვისებული რწმუნებებით და სწავლით ცხოვრობს. იმას ხორცათ და სისხლათ გადაქცევია დიდი ხნიდან შეთვისებული აზრები და რწმუნებანი და ძნელად გამოეთხოვება მათ. ერთი სიტყვით, მოხუცებული გაჩერებულია ერთ წერტილზე და თავის რწმენა და აზრი იმას სჯულათ მიაჩნია. სრულიად ამის წინააღმდეგი უნდა ითქვას ახალგაზრდობაზე. ახალგაზრდა კაცის ჭკუას ჯერ არაფერი არ შეუთვისებია, იმას ჯერ არაფერი არ გაუხდია თავის სჯულათ. ამიტომ მას არ უძნელდება რომელიმე ახალი სწავლის ან რწმენის მიღება. იმის ჯერ ცხოვრებისაგან გაუფუჭებელი და დაღდაუსმელი გული და გონება ყოველთვის ისეთ ახალ სწავლას მიელტვის, რომელიც საზოგადოების წარმატებას და ცხოვრების გაუმჯობესებას გვპირდება... დრო წინ მიდის, იმას თან მოაქვს ახალი სწავლა, ახალი ჩვეულებანი. ახალგაზრდები ითვისებენ ამ ახალ სწავლას და ჩვეულებას და მოხუცებულები კი ძველს, მამა-პაპურ ადათს არ შორდებიან... აი აქედან წარმოსდგება ის განსხვავება და ხშირად უთანხმოება და სიძულვილი, რომელიც მოხუცებულებსა და ახალგაზრდებს შორის არსებობს. ყველა ეს მოსაზრება მართლდება ჩვენს პატარა საზოგადოებაშიაც. როგორც სხვაგან, ჩვენშიაც ისმის ხშირად ჩივილი და უკმაყოფილება მოოხუცებულებსა და ახალგაზრდებს შუა. ამ უკმაყოფილებამ უკანასკნელ დროს იქამდი მიაღწია, რომ ეს ორი ნაწილი ჩვენი საზოგადოებისა ხშირათ ერთმანეთს სხვადასხვა ლამაზი სიტყვებით ამკობს... ჩვენი მამები ბრალად სდებენ შვილებს, რომ თქვენ ურწმუნონი, უსაქმონი და ლიბერალები ხართო, ენა წაგვიბილწეთო და სხვა საზოგადო სიკეთეზე დაუდევრობასა და მხოლოთ თავის საკუთარ თავზე ზრუნვას აბრალებენ მოხუცებულებს. ამას გარდა, ორივე მხრივ ბევრი გასამტყუნარი პუნქტია წარმოდგენილი; მაგრამ ყველა რომ ჩამოვთვალოთ, რაშიაც ეს ორი მხარე ერთმანეთს ამტყუნებს, ერთობ შორს წავა. დღეს ჩვენ გვინდოდა მხოლოდ გვეჩვენებინა მკითხველისათვის, რომ ჩვენი საზოგადოების ორს ნაწილს შორის, მოხუცებულებსა და ახალგაზრდებს შორის, უკმაყოფილება და დაუნდობლობა სუფევს და რომ ამ გარემოებას ხეირის დაყრა არ შეუძლია ჩვენთვის. მართლა, დავანებოთ თავი იმის განხილვას, თუ რომელმა მხარემ უფრო მეტი სარგებლობა მოუტანა ჩვენს ქვეყანას? მოხუცებულებმა თუ ახალგაზრდებმა უფრო ბევრი დაეხმარნენ ჩვენს მხარეს საზოგადო საქმეებში და ხალხის კეთილდღეობის მისაღწევად? კარგად რომ დავფიქრდეთ და გულზე ხელი დავიდვათ, უნდა გავტყდეთ, რომ ჯერჯერობით სიკეთე არც ერთ მხარეს არ მოუტანია თავის საზოგადოებისათვის. ჩვენი ქვეყანა ეხლა ისეთ მდგომარეობაშია, რომ იმისთვის აუცილებლათ საჭიროა ყველა ქართველი უწყობდეს ხელს საზოგადო საქმეებს და ეხმარებოდეს ამ საზოგადო საქმეების სწორ გზაზე დადგომას. ყოველი საზოგადოების წევრი თავის შეძლების დაგვარად უნდა სცდილობდეს რაიმე სარგებლობა და დახმარება უძღვნას თავის საზოგადოებას. ვინ არ იცის, რომ ეს დახმარება და სიკეთე მხოლოდ მაშინ იქნება შესამჩნეველი და საგრძნობელი, როდესაც ყველანი ერთათ იმოქმედებენ? მაშასადამე, ამ ურთიერთობის განხეთქილებისაგან, ამ მამებისა და შვილების, მოხუცებულებისა და ახალგაზრდობის უკმაყოფილებისა და დაუნდობლობისაგან რა სიკეთეს უნდა მოელოდეს ჩვენი საზოგადოება?! ჩვენი მტრები არის: უმეცრება, სიღარიბე და სხვა ათასი და თუ ერთმანეთში შური და დაუნდობლობა არ მოვსპეთ, უეჭველია, ეს მტრები სრულიად დაგვიმორჩილებენ და დაგვჩაგრავენ ჩვენა. უკანასკნელ ორ ჭეშმარიტებას გამოვთქვამ, რომელიც გთხოვთ, ყველამ კარგათ ჩაინერგოთ გულში: 1. საზოგადო გაჭირვებას საზოგადო დახმარება უნდა, 2. მომავალი ყოველთვის ახალგაზრდობას ეკუთვნის.



პირველნაბეჭდი _ `დროება~, 1872, #7.




ფავორიტებში დამატება
0
1002 ნახვა
0 მოწონება & 0 არმოწონება
კომენტარი არ არის დაწერილი