A! Music Library ავტორიზაცია · რეგისტრაცია
ukuRma daWedili - revaz inaniSvili
უკუღმა დაჭედილი

ახალი ნართვლევია. ნაფურტკნი, მითელილ-მოთელილი ვენახები ყვითელ მზეში ჩაყუჩებულან და ჭრილობებს იშუშებენ. მყუდროებას მარტო წისქვილის ღიტინი არღვევს. ამ ვეება გარინდების ბორბალზე ეს ხმაცმართივით ეხვევა და ყურადღებას არავინ აქცევს.
წისქვილისკენ ამომავალ ორღობეში ბიჭი მიდის, ორი კოწოწაშვილი _ ცამეტ _ ცამეტი წლისანი, მზით გახურებული, წენგოთი მოთხუპნულნი, უბეები ნამცვრევი კაკლით აქვთ სავსე. უბეებში რომ არ ჩასტევიათ, შარვლის ბოლოებზე წნელები შემოუჭერიათ, ტოტებიც მუხლამდე აუვსიათ, ხელში ორ-ორი დიდი წითელი წიწაკა უჭირავთ (ქალი რომ ყვავილს დაიჭერს, ისე), მოდიან და-ჩხაკ-ჩხუკ! ჩხაკ-ჩხუკ!-მოჩხაკუნობენ, მოანათებენ თვალებით, თეთრი კბილებით და იმ წითელი წიწაკებით.
წისქვილის ცოტა ზემოთ, თიხიან ფერდობზე, ერთი სხვა ბიჭი დგას, ცოტა უფრო დიდი, თოთხმეტ-თხუთმეტი წლის, მეტსახელად-ჯიხვა. როგორღაც საშაროდ გალაჯულა, დოინჯ შემოდგმულს, თავი დაბლა აქვს დაწეული და წარბებ ქვეშიდან იყურება.
ორღობეში ამომავალი ბიჭები ჩხაკაჩხუკით უახლოვდებიან. წიწაკები ისევ ისე, დიდი ამბით მოაქვთ.
-კოწოწაშვილებო, დაგენაძლევოთ, რომ აეგ წიწაკები სულ შევჭამო, _ ამბობს ჯიხვა თავაუწევლად.
-კოწოწაშვილები შეჩერდებიან და წიწაკებს მარჯვენა ხელიდან მარცხენაში გადაიტანენ.
-როგორა?!
-სულ შევჭამო, აეგ წიწაკები, ოთხივე.
-უპუროდ?
-უპუროდ.
კოწოწაშვილები ჯერ თავიანთ წიწაკებს დახედავენ, მერე ერთმანეთს გაუღიმებენ.
-რომ ვერ შეჭამო?
-რაც კაკალი გაქვთ, სულ ჩემი იყოს.
-რომ ვერ შეჭამო-მეთქი, მაშინ?
-თითო ბაჭიას მოგცემთ.
-როგორებს? თეთრებს?
-თეთრებს.
კოწოწაშვილები ისევ ერთმანეთს შეხედავენ.
-შავები მოგვეცი.
შავებს მოგცემთ.
მარცხენა ხელში გადატანილი წიწაკები მარჯვენასვე დაუბრუნდებიან.
-მიეცი, შენით დაიწყოს.
-შენ მიეცი.
-აქვე შეჭამ?
-აქვე.
-აჰა, დაიწყე.
ჯიხვა წიწაკას გამოართმევს, ყუნწით დაიჭერს, თითქოს წონას უსინჯავს.
-ცოტა ჩრდილისკენ მივდგეთ!
-მიდექი.
კომშის ჩრდილისაკენ მიდგებიან. ჯიხვა ისევ გაილაჯება, ერთს ღრმად ამოისუნთქავს და წიწაკას ღონივრად ჩაკბეჩს, ღონივრად აამუშავებს ყბებს. მეორედ ჩაკბეჩს, კიდევ ღონივრად აამუშავებს ყბებს. მესამედ ჩაკბეჩს, გააფთრებული აამუშავებს ყბებს _ თვალებიდან სულ ნაპერწკლები სცვივა. კოწოწაშვილები მეორე წიწაკას აწვდიან, თან შიშით შეჰყურებენ. ჯიხვა იმ მეორე წიწაკასაც გაფქვავს, ძლივსძლივობით ჩაყლაპავს, თვალებიდან ღაპაღუპით ჩამოსდის ცრემლი, თვითონაც წიწაკისავით წითლდება, ზედიზედ ჩაისუნთქავს, აქეთ-იქით იხედება.
კოწოწაშვილები მესამე წიწაკას აწვდიან, თან შიშით უკანკალებთ ხელები. ჯიხვა იმ წიწაკასაც წააკვნეტს წვერს, მაგრამ ყბები უჩერდება, პირი როგორღაც თავისთავად ეღება, სუნთქავს, ვეღარ ჩაუსუნთქავს, ადგილს მოსწყდა და გაიქცა.
-გაგიჟდა?
-გაგიჟდა, ალბათ.
კოწოწაშვილებს კაკლით გატენილი შარვლის ტოტები უშლით და თანდათან უკან რჩებიან. როცა ისინი რკინის მძიმე ჭიშკარს შეაჭრიალებენ, ჯიხვა უკვე ტახტზე ზის, ლაჯებში ხელადა უდგას, პირში ძმარს იგუბებს. ჩაიგუგებს, თავს უკან გადასწევს, გააბუყბუყებს და გადაღვრის. გვერდით ბებია უდგას, მაღალი, შავადშემჭკნარი ქალი, ცალი ხელით აყრის ქოქოლას.
-გაგიქრეს ხასიათი შენ! გაგიქრეს ხასიათი შენ!
კოწოწაშვილები ჭიშკართანვე გაჩერდებიან და ვერ გადაუწყვეტიათ, რა ქნან. ბებია რომ დაინახავს, ახლა იმათკენ გადმოაქნევს ხელს.
- თქვენც ჩაქრით, აჰა შარახვეტიებო!
ბოლოს, როგრც იქნა ჯიხვამ ხელადა ტახტზე დადგა, წამოიწია. ნელ-ნელა, თითებზე ბერვით ჩამოვიდა დერეფნიდან.
-ეგ სველები მაინც გაიხადე, უკუღმა დაჭედილო! _ დაუძახა ბებიამ.
ჯიხვას ვითომ არც გაეგონოს. ჭიშკარზე მიყუდებულ ბიჭებს ახედა -
-წამოდით!
კოწოწაშვილები გაუბედავად გაჰყვნენ. ჯიხვა საკურდღლესთან მიუძღვა, მავთულხლართიანი სახურავი ასწია და თავის გადაქნევით ბრძანა:
-ამოიყვანეთ შავები!
კოწოწაშვილები შეყოყმადნენ, ერთმანეთს შეხედეს.
-ჩვენ, იცი, აი...
-ამოიყვანეთ, სანაძლეო სანაძლეოაო!
-სიტყვა სიტყვაა!
მაშინ კოწოწაშილები საკურდლეს მიადგნენ და თითო შავი ბაჭია ამოიყვანეს. ცალი ხელით ბაჭიები ჰყავდათ მიხუტებულები, ცალით უბიდან კაკალს იღებდნენ და მიწაზე აწყობდნენ.
-ეს შენია!
-თქვენ ოღონდ ის უნდა მითხრათ, ვისა იყო წიწაკა, _ კაკალს ზედ არ უყურებდა, ისე ამბობდა ჯიხვა.
-შიოლაშვილებისა.
-მეორეებისა?
კოწოწაშვილებმა თითო მუჭა კაკალიც დააწყვეს მიწაზე და ჯერ ნელ-ნელა გავიდნენ ეზოდან, მერე გაიქცნენ.
ჯიხვა საკურდღლესთან დარჩა. სველი, გალუმპულ შუბლზე თმამიწებებული, რაღაც ჯიუტად დასცქეროდა მიწაზე გაფანტულ კაკალს და ღრმად სუნთქავდა.
მე არ ვიცი, რაზე ფიქრობდა იმ წამს, ანდა ფიქრობდა თუ არა, საერთოდ.
მაგრამ ერთი რამის თქმა კი მაინც შემიძლია თამამად:
დღეს ოქტომბერია, ხუთი ოქტომბერი, მზიანი დღე, მომავალი წლის მაის _ ივნისამდე მთელი რვა თვეა კიდევ. მიუხედავად ამისა,. აქედანვე ვატყობ, ძალიან გაუჭირდებათ მომავალი წლის მაიას-ივნისში შიოლაშვილების წიწაკის კვლებს, ნაცრიკვერაანთისას კი არა, მეორეებისას.
თუკი, რა თქმა უნდა, არ დაეზარათ და დათესეს.


ფავორიტებში დამატება
0
1091 ნახვა
0 მოწონება & 0 არმოწონება
კომენტარი არ არის დაწერილი