A! Music Library ავტორიზაცია · რეგისტრაცია
siyvarulis ormoci wesi - elif Safaqi

                                                             პროლოგი



ბობოქარ მდინარეში ქვა ჩააგდეთ და დააკვირდით, რა მოხდება. ისეთი არაფერი...იმ

ადგილას პატარა ჭავლი გაჩნდება, ქვის ყრუ დგაფუნს კი მდინარის ხმა ჩაახშობს. ეგ

იქნება და ეგ.



აი, ქვას რომ ტბაში გადაუძახოთ, სულ სხვა ეფექტს მიიღებთ, თანაც უფრო

ხანგრძლივს: ერთბაშად შეიძვრის ტბის მდორე წყალი. ქვის ჩავარდნის ადგილას ჯერ

ერთი წრე გაჩნდება, მას კიდევ ერთი წრე მოჰყვება, მერე კიდევ ერთი... და სულ მალე,

ტბის მოსარკულ ზედაპირს მთლიანად მოედება ეს მღელვარება, რომელიც მხოლოდ

მაშინ ჩაცხრება, როცა ტალღები ნაპირს მიაწყდებიან.



  მდინარე ისე მიიღებს თავის ისედაც მშფოთვარე წიაღში შემოჭრილ ქვას, როგორც

მორიგ „ამრევს.“ არ იუცხოებს, არ შეუდრკება. აი, ტბა კი ქვის ჩავარდნის შემდეგ

ერთიანად შეიცვლება.



ელა რუბინშტეინის ცხოვრება ორმოცი წლის განმავლობაში სწორედ მშვიდ ტბას

ჰგავდა. ეს იყო ჩვევების, მოთხოვნილებებისა და სასურველი არჩევანის წინასწარ

განსაზღვრული თანამიმდევრობა. შესაძლოა, ასეთი ცხოვრება ვინმეს მონოტონური

მოეჩვენოს, მაგრამ ელას იგი არა და არ სწყინდებოდა.



ბოლო ოცი წლის განმავლობაში თავის ყველა სურვილს, ახალგაცნობილ ადამიანს, თუ

გადაწყვეტილებას გათხოვილი ქალის თვალით აფასებდა.



ელას ქმარი, დევიდ რუბინშტეინი, წარმატებული სტომატოლოგი იყო, ბევრს მუშაობდა

და შემოსავალიც საკმარისად ჰქონდა. ელა ხედავდა, რომ მათი ურთიერთობა ვნების

სიმძაფრით არ გამოირჩეოდა, მაგრამ მტკიცედ სწამდა, რომ ხანგრძლივი ცოლ-ქმრული

ცხოვრების შემდეგ ემოციები უკან იხევს. მისი აზრით, ცოლქმრისთვის სხვა რამ უფრო

მნიშვნელოვანია, ვიდრე ვნება და სიყვარული მაგალითად, ურთიერთგაგება,

გულისხმიერება, თანაგრძნობა და ის, რაც ადამიანს ღმერთთან ასე აახლოებს:

მიმტევებლობა. ელას მიაჩნდა, რომ ამ ყველაფერთან შედარებით სიყვარული

მეორეხარისხოვანია და მხოლოდ რომანებსა და ფილმებში ცოცხლობს. იქ ხომ

პერსონაჟი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე თავად ცხოვრება, სიყვარული კი ლამის

ლეგენდის მასშტაბებს იძენს...



ამ ოჯახის პრიორიტეტთა სია შვილებით იწყებოდა. წყვილს ჰყავდა მომხიბლავი

ქალიშვილი – კოლეჯის სტუდენტი ჯენეტი და მოზარდი ტყუპი – ორლი და ეივი. აქვე

უნდა მოვიხსენიოთ ოჯახის კიდევ ერთი წევრი თორმეტი წლის ოქროსფერი

რეტრივერი სპირიტი ლეკვობიდან ელას განუყრელი მეგობარი და სეირნობის დროს

მისი უცვლელი თანამგზავრი.



ძაღლი დაბერებულიყო, ქონი მოჰკიდებოდა, სმენა სრულიად წართმეოდა, თითქმის

დაბრმავებულიყო. მისი დღეები დათვლილი იყო, მაგრამ ელას ამაზე ფიქრი ისე

თრგუნავდა, მზად იყო, მისი უკვდავება ერწმუნა. დიახ, მას ეს თვისება გამოარჩევდა:

არასოდეს უსწორებდა თვალს დასასრულის გარდაუვალობას, იქნებოდა ეს სიცოცხლის,

რაიმე ჩვევის, ერთი ეტაპის თუ ცოლქმრული ცხოვრების დასასრული.



რუბინშტეინები მასაჩუსეტსის შტატში, ნორთჰემპტონში, დიდ ვიქტორიანულ სახლში

ცხოვრობდნენ. შენობას განახლება არ აწყენდა, თუმცა, მაინც დიდებული სახლი იყო

ხუთი საძინებლით, სამი აბაზანით, ძვირფასი ხის პრიალა იატაკით, სამი მანქანის

სამყოფი ავტოფარეხით, ე.წ. ფრანგული კარითა და (რაც ყველაზე მიმზიდველი იყო) ღია

ცისქვეშა ჯაკუზით!

 

ოჯახის თითოეული წევრის ჯანმრთელობაც დაზღვეული იყო და მანქანებიც. საპენსიო

უზრუნველყოფაც განაღდებული ჰქონდათ, სწავლის საფასურსაც ზოგავდნენ და

ერთობლივი საბანკო ანგარიშებიც ჰქონდათ გახსნილი. სახლის გარდა ორი

პრესტიჟული ბინის მფლობელები იყვნენ ბოსტონსა და როდ აილენდში.

რუბინშტეინების წყვილი ძალ-ღონეს არ იშურებდა, რომ ეს ყველაფერი ჰქონოდათ.

დიდი, ფუსფუსა სახლი, ბავშვები, მოხდენილი ავეჯი და შინ გამომცხვარი ღვეზელების

სურნელი ყოველივე ეს, მავანთა აზრით, შესაძლოა, მეტისმეტად სქემატურად

გამოიყურებოდა, მაგრამ რუბინშტეინებს სწორედ ეს მიაჩნდათ იდეალური ცხოვრების

მოდელად. მათ ქორწინება სწორედ ასე წარმოედგინათ, ცოლქმრული ცხოვრებაც ამ

წარმოდგენას დააფუძნეს და დარწმუნებული იყვნენ, ყველა თუ არა, ძალიან ბევრი

ოცნება ასრულებული ჰქონდათ.



ბოლო ვალენტინობის დღეს ქმარმა ცოლს გულის ფორმის ბრილიანტის გულსაკიდი

მიართვა, მისალოცი ბარათით: „ძვირფასო, მშვიდო, სულგრძელო და საოცრად

მომთმენო! გმადლობ, რომ გიყვარვარ ისეთი, როგორიც ვარ. დიდი მადლობა, რომ ჩემი

ცოლი ხარ. შენი დევიდი“.



ელას, ცხადია, ქმრისთვის არ გაუმხელია, მაგრამ ბარათი... ნეკროლოგად მოეჩვენა.

„ალბათ, ასე დაწერენ, როცა მოვკვდები, გაიფიქრა მან, ...თანაც, თუ გულწრფელები

იქნებიან, შეიძლება შემდეგი სიტყვებიც დაამატონ: „ელა რუბინშტეინი იყო ადამიანი,

რომელმაც მთელი ცხოვრება ქმარ-შვილს მიუძღვნა. ბრძოლა გადარჩენისთვის აი, სად

მოისუსტებდა ეს ქალბატონი; სიძნელეებთან გამკლავებისათვის საჭირო მზადყოფნა და

შეიარაღება აკლდა! არ იყო გაბედული. ის კი არა, ამოჩემებული ყავის შეცვლაც კი

უჭირდა...“



ამიტომ ვერავინ (თვით ელამაც კი) ახსნა, 2008 წელს ოცწლიანი ცოლქმრული

ცხოვრების შემდეგ რატომ მოინდომა მან განქორწინება.

მიზეზი კი ერთადერთი იყო: სიყვარული...

ისინი ერთ ქალაქში არ ცხოვრობდნენ. თქვენ წარმოიდგინეთ, არც ერთ კონტინენტზე.

მეტსაც გეტყვით მათმხოლოდ მანძილი როდი აშორებდათ. დღე და ღამესავით

განსხვავებული იყვნენ და ცხოვრების წესით ისე უცხონი, რომ სიყვარულის

მიუხედავად, მათი ერთად ყოფნა წარმოუდგენელი იყო.

...მაგრამ ეს მაინც მოხდა. თანაც მოხდა ისე სწრაფად, რომ ელამ გონს მოსვლაც ვერ

მოასწრო, რათა ამ ყველაფერს წინ აღდგომოდა, თუკი, რა თქმა უნდა, შესაძლებელია

სიყვარულს წინ აღუდგე.





ერთი სიტყვით, მას სიყვარული ისე უეცრად დაატყდა თავს, როგორც წყნარ ტბაში

არსაიდან ჩავარდნილი ქვა...





                                                                       ელა



2008 წლის 17 მაისი, ნორთჰემპტონი



ბეღურების ჭიკჭიკთან ერთად იმ დღეს რუბინშტეინების სამზარეულოს ღია

ფანჯრებში გაზაფხულის მათრობელა სურნელიც აღწევდა. შემდგომ ელა ამ სცენას

იმდენჯერ გაიხსენებს, რომ მას თავისი წარსულის ერთერთ ეპიზოდად კი აღარ

აღიქვამს, არამედ რაღაც უსასრულოდ განმეორებად აქტად, რომელმაც უკვე

მარადისობაში გადაინაცვლა.



შაბათი იყო. რუბინშტეინები სუფრასთან ისხდნენ. ელას ქმარი თავის საყვარელ კერძს

შემწვარი წიწილის ბარკლებს იდებდა თეფშზე. ეივი დანა-ჩანგლით მაგიდაზე

„უკრავდა,“ მისი ტყუპისცალი ორლი კი ცდილობდა, გამოეთვალა, რამდენი ლუკმა

უნდა გადაეყლაპა ისე, რომ ექვსას ორმოცდაათ კალორიაზე მეტი არ მიეღო. უფროსი

ქალიშვილი, ჯენეტი, ახლომდებარე მაუნტჰოლიოკის კოლეჯის პირველკურსელი

ჩაფიქრებული იჯდა და პურის ნაჭერს არაჟანს უსვამდა.



სუფრას იმ დღეს სტუმარიც უჯდა. ეს იყო დეიდა ესთერი, რომელმაც ოჯახს თავისი

ნახელავი „მარმარილოს“ უგემრიელესი კექსი მიართვა და შემდეგ სადილადაც დარჩა.

ელას უამრავი საქმე ჰქონდა, მაგრამ სუფრას ვერ ტოვებდა. ამ ბოლო დროს მსგავსი

სადილები იშვიათ მოვლენად ქცეულიყო და ელა ხვდებოდა, რომ ოჯახური თავშეყრის

ასეთი მშვენიერი შესაძლებლობის ხელიდან გაშვება არ შეიძლებოდა.

– დეიდა ესთერ, ელამ ახალი ამბავი თუ გითხრათ? – მოულოდნელად ჰკითხა

დევიდმა მოხუცს.

– იცით, რა სამსახური იშოვა!..



მიუხედავად იმისა, რომ ელა ინგლისური ლიტერატურის სპეციალისტი იყო და

მხატვრული ლიტერატურა ძალიან უყვარდა, კოლეჯის დამთავრების შემდეგ ამ

სფეროში ბევრი არაფერი გაუკეთეებია, თუ არ ჩავთვლით ქალთა ჟურნალებში

გამოქვეყნებულ პატარა ჩანახატებს, რამდენიმე ლიტერატურული კლუბის წევრობასა და

დროდადრო ადგილობრივ გაზეთებში ამა თუ იმ წიგნის განხილვას.



თავის დროზე ელა ლიტერატურის კრიტიკოსობაზე ოცნებობდა, მაგრამ მალე შეეგუა

იმ აზრს, რომ ცხოვრებამ სულ სხვა გზას გაუყენა სამშვილიან, ფუსფუსა დიასახლისად

აქცია და მრავალრიცხოვანი ოჯახური მოვალეობები აჰკიდა.



არა, ელა ბედს არ უჩიოდა. დედის, ცოლის, დიასახლისისა და ძაღლის გამსეირნებლის

მოვალეობები ამის დროს არც უტოვებდა. მას არ სურდა, ოჯახის მარჩენალი ყოფილიყო;

მიუხედავად იმისა, რომ ამ არჩევანს მისი ფემინისტი დაქალები და თანაკურსელები არ

უწონებდნენ, შინაყუდა დედიკოს როლი ძალიან გაუტკბა და ღმერთს მადლობას

სწირავდა, რომ ქმრის ფინანსური მდგომარეობა ამის საშუალებას აძლევდა. გარდა ამისა,

კითხვის სიყვარული არასოდეს განელებია და კვლავინდებურად წიგნის ჭეშმარიტ

მოტრფიალედ მიაჩნდა თავი.



თუმცა, რამდენიმე წლის წინ ვითარება შეიცვალა. ბავშვები წამოიზარდნენ, დედა

უწინდებურად აღარ სჭირდებოდათ და ელა მიხვდა, რომ მეტი თავისუფალი დრო

რჩებოდა, თუმცა ამ დროის მასთან ერთად გატარების მსურველთა სიმცირე აშკარა იყო,



ამიტომ დაფიქრდა, სამსახური ხომ არ მეშოვაო. ქმარი არ შეწინააღმდეგებია, მაგრამ ამ

თემაზე მხოლოდ საუბრობდნენ, რეალურად კი არაფერი იცვლებოდა. ელა

შესაძლებლობებს იშვიათად იყენებდა და მაშინაც დამსაქმებლები იწუნებდნენ: უფრო

ახალგაზრდა ან უფრო გამოცდილი მუშაკი გვჭირდებაო. ელა მალე დაფრთხა და

სამსახურის ძებნაზე ხელი აიღო.



მაგრამ 2008 წლის მაისში ყველა ეს დაბრკოლება ერთბაშად გაქრა და თავისი ორმოცი

წლის იუბილემდე ორი კვირით ადრე ელა მოულოდნელად ბოსტონის ერთერთი

ლიტერატურული სააგენტოს მუშაკი გახდა. სამუშაო ქმარმა უშოვა, თავისი ერთერთი

პაციენტის, ან შესაძლოა, თავისი ერთერთი საყვარლის მეშვეობით.



– ისეთი არაფერია. ნახევარ განაკვეთზე ვარ. ჩემი მოვალეობაა წიგნების გაცნობა და

აგენტისათვის ინფორმაციის მიწოდება,

– სასწრაფოდ განუმარტა ელამ დეიდას.

დევიდი შეიშმუშნა. გამოდიოდა, რომ ცოლს ახალი სამუშაო მაინცდამაინც თვალში არ

მოსდიოდა, ეს კი ხელს არ აძლევდა.

– ბარემ ისიც გეთქვა, რომ ცნობილი სააგენტოა...

– სცადა ცოლის შეგულიანება, მაგრამ

ელა რომ არ აჰყვა, თვითონ განაგრძო:

– მოკლედ, ძალიან პრესტიჟული ოფისია, დეიდაესთერ უნდა ნახოთ თანამშრომლები სულ საუკეთესო კოლეჯებიდან ახალგამოსული

ახალგაზრდები არიან, ეს ერთი ჰყავთ ვეტერანი დიასახლისი. ხვდებით, როგორი

სამსახურია?!



ელა ჩაფიქრდა. მისი აზრით, ქმრის ასეთი თავგამოდება დანაშაულის გრძნობით

აიხსნებოდა: ან მუდმივი ღალატის, ან იმის გამო, რომ თავის დროზე ცოლს კარიერის

გაკეთების საშუალება არ მისცა და სახლში გამოკეტა.

დევიდი კი ღიმილით განაგრძობდა:



– აი, ხუცპაც ამას ჰქვია! ყველანი ვამაყობთ შენით, ჩემო კარგო...

– ცოლი კი არა, განძი გყავს, განძი! ყოველთვის ასეთი იყო, – თქვა დეიდა ესთერმა

ისეთი გულაჩუყებით, თითქოს ელამ სუფრა მიატოვა და იქაურობას სამუდამოდ

გაეცალა.



ყველამ სიყვარულით შეხედა ელას. ეივიმაც კი შეიკავა თავი გესლიანი შენიშვნისაგან,

ორლი კი ცხოვრებაში პირველად დაინტერესდა ისეთი რამით, რაც მის გარეგნობას არ

ეხებოდა.



ელამ სცადა, მათი კეთილგანწყობის ეს წუთიერი გამოვლინება ჯეროვნად დაეფასებინა,

მაგრამ ისეთი დაღლილობა იგრძნო, როგორიც ადრეარასოდეს უგრძნია. გულში ინატრა,

ვინმეს საუბრის თემა შეეცვალა. უეცრად, თითქოს მისი ნატვრა გაიგონაო, საუბარში

უფროსი ქალიშვილი, ჯენეტი ჩაერია:



– მეც მაქვს ახალი ამბავი!

ყველამ ყურები ცქვიტა და მისკენ მიტრიალდა.

– მე და სკოტმა დაქორწინება გადავწყვიტეთ, გამოაცხადა გოგონამ, ვიცი, ახლა

დაიწყებთ, ჯერ კოლეჯი არ დაგიმთავრებიაო, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ორივენი

მზად ვართ ამ ნაბიჯისათვის.



სუფრასთან უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა. უეცრად გაქრა ის სითბო, რომლითაც სულ

ერთი წუთის წინ მთელი ოჯახი ისე ტკბებოდა, თითქოს ერთ საბანში შეყუჟულიყო.

გაკვირვებულმა ტყუპმა ერთმანეთს გადახედა, დეიდა ესთერს ვაშლის წვენით სავსე

ჭიქა ხელში გაუშეშდა. დევიდმა ჭამა შეწყვიტა, თითქოს ერთბაშად მადა დაკარგა.

ჩანგალი გვერდზე გადადო და ქალიშვილს ხშირი ღიმილისაგან ნაოჭებშემოვლებული

თაფლისფერი თვალები მიაპყრო, თუმცა ამ წუთში ღიმილის გუნებაზე აშკარად არ იყო.

სახე ისე დაღრეჯოდა, თითქოს ძმარი დაალევინესო.



– რა მაგრები ხართ! მეგონა, ჩემს სიხარულს გაიზიარებდით. თქვენ კი ცივი წყალი

გადამასხით... – აწუწუნდა ჯენეტი.

– მაშ, თხოვდები... – ისე თქვა დევიდმა, თითქოს ქალიშვილს თავად აცნობა ახალი

ამბავი.

–მამა, ვიცი, რომ ეს ცოტა ნაადრევი გეჩვენება, მაგრამ სკოტმა ახლახან ხელი მთხოვა და

მეც დავთანხმდი.



– კი მაგრამ, რატომ?! – ჩაერია საუბარში ელა.

ჯენეტი ასეთ კითხვას აშკარად არ ელოდა. კითხვები – როდის? ან როგორ? საქორწინო

კაბისათვის მაღაზიებში სირბილს ხელს ნამდვილად არ შეუშლიდა. მაგრამ კითხვამ

რატომ? გოგონა სახტად დატოვა.



– იმიტომ, რომ მიყვარს. სხვა რა უნდა იყოს? – უპასუხა მან დედას, ცოტა არ იყოს,

ქედმაღლურად.

– შვილო, რატომ ჩქარობმეთქი, ამას ვგულისხმობდი... – არ ეშვებოდა ელა, – ორსულად

ხომ არ ხარ?

დეიდა ესთერი შეშფოთებული სახით გაქვავებულიყო თავის სავარძელში. ჯიბიდან

ანტაციდი ამოეღო და ნერვიულად ღეჭავდა.

– აუ, რა კარგია! ბიძა გავხდები! – ჩაიხითხითა ეივიმ.

ელამ ქალიშვილს მკლავზე ხელი მოჰკიდა და ნაზად მოუჭირა.

– იცოდე, სიმართლის თქმა სჯობს, დედიკო. რაც უნდა მოხდეს, ყოველთვის მხარში

ამოგიდგებით.

– კარგი, გეყოფა! – წამოიძახა ჯენეტმა და დედას ხელი გამოჰგლიჯა, – ორსულობა რა

შუაშია, რატომ ცდილობ, შემარცხვინო?!

– შენი დახმარება მინდა, სხვა არაფერი... – მშვიდად მიუგო ელამ, არადა, თავის

მშვიდად დაჭერა სულ უფრო უჭირდა.



– შეურაცხყოფით გინდა დამეხმარო?! გამოდის, რომ ქალი მხოლოდ მაშინ თხოვდება,

თუ დაორსულდა! იქნებ მიყვარს და იმიტომ მივყვები! თუ გიფიქრია ამაზე?! უკვე რვა

თვეა, ერთმანეთს ვხვდებით!..

ელამ დამცინავად ჩაიფხუკუნა.



– რვა თვეში ძალიან გაიგებ, ვისთან გაქვს საქმე! ოცი წელია, მე და მამაშენი ცოლ-ქმარი

ვართ და ბოლომდე ჩვენც კი არ ვიცით ყველაფერი ერთმანეთის შესახებ. რვა თვე

ურთიერთობისთვის არაფერია...



– ღმერთს მხოლოდ რვა დღე დასჭირდა სამყაროს შესაქმნელად! – გამოაცხადა ეივიმ და

გაიბადრა, მაგრამ ოჯახის წევრების ცივმა მზერამ ხმა ჩააკმენდინა.



დევიდმა იგრძნო, რომ ვითარება იძაბებოდა. უფროს ქალიშვილს თვალი თვალში

გაუყარა და უთხრა:

– შვილო, დედაშენი იმას გეუბნება, რომ შეხვედრები ერთია, ქორწინება კი სულ სხვა.

– კი მაგრამ, რამდენი უნდა ვიაროთ წინ და უკან?! – აღშფოთდა ჯენეტი.

ელამ მძიმედ ამოიოხრა.

– მოდი, პირდაპირ გეტყვი სათქმელს: მე მეგონა, ცოტა უკეთეს საქმროს მოძებნიდი; და

საერთოდ, სერიოზული რომანისათვის ძალიან პატარა მგონიხარ.



– იცი, რას ვფიქრობ, დე? – დაიწყო უცებ ჯენეტმა სრულიად შეცვლილი, ყრუ ხმით, – მე

მგონი, საკუთარი შეცდომის გამო მელაპარაკები ასე. მაგრამ შენ რომ ძალიან

ახალგაზრდა გათხოვდი და ბავშვი გაგიჩნდა, არ ნიშნავს იმას, რომ მეც იმავე შეცდომას

დავუშვებ.



ელას სახე ისე აუჭარხლდა, თითქოს სილა გააწნესო. გაახსენდა თავისი რთული

ორსულობა და ნაადრევად დაბადებული ჯენეტი. ამ ბავშვმა ჩვილობისასაც და ფეხის

ადგმის დროსაც ისე გამოაცალა ენერგია, მეორე შვილის გაჩენაზე ექვსი წელი აღარ

უფიქრია. დევიდმა გადაწყვიტა, სტრატეგია შეეცვალა და ქალიშვილს სხვა მხრიდან

„შემოუარა“:

– საყვარელო, გაიხსენე, განა არ გვიხაროდა, სკოტი რომ გაიცანი? – ფრთხილად

წამოიწყო მან. – მშვენიერი ბიჭია, მაგრამ კოლეჯის დამთავრების შემდეგ ვინ იცის, რა

მოგივა თავში? იმ დროისათვის ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს...

ჯენეტმა მოჩვენებითი თანხმობის ნიშნად თავი ოდნავ დაუქნია მამას და უცებ ასეთი

შეკითხვა დასვა:



– იქნებ იმიტომ აქოთქოთდით, რომ სკოტი ებრაელი არ არის?...



დევიდმა წარბები აზიდა. თავი პროგრესულ მამად მიაჩნდა, რადგან რასობრივ,

რელიგიურ და გენდერულ საკითხებზე უხერხულს არასოდეს არაფერს ამბობდა. მაგრამ

გოგონა არცხრებოდა. ამჯერად დედამისს მიუბრუნდა:



– თვალებში შემომხედე და სიმართლე მითხარი, იგივე რეაქცია გექნებოდა, სკოტი რომ

ახალგაზრდა ებრაელი ყმაწვილი იყოს და ვთქვათ, აარონი ერქვას?



ქალიშვილის ხმაში ისეთი გესლი იგრძნობოდა, ელამ გაიფიქრა, იქნებ ჯობს, აღარ

ჩავაცივდე და თავი დავანებო, ემანდ, უარესი რამეები არ წამოსცდესო.

– კეთილი, გულწრფელად გეტყვი, თუნდაც გეწყინოს. მე ძალიან კარგად მესმის, რა

კარგია, ახალგაზრდა რომ ხარ და შეყვარებული, დამიჯერე, მართლა მესმის. მაგრამ

სხვადასხვა წარმომავლობისა და ბიოგრაფიის ადამიანების დაქორწინება დიდი რისკია.

მშობლები ვართ და ვცდილობთ, სწორ გზაზე დაგაყენოთ...



– და რა იცით, რომ ის, რაც თქვენ მიგაჩნიათ სწორად, ჩემთვისაც სწორია? – იკითხა

ჯენეტმა.

ამ კითხვამ, ცოტა არ იყოს, დააბნია ელა. მძიმედ ამოიოხრა და შუბლი შაკიკიანივით

მოისრისა.



– მიყვარს ეს ბიჭი, გესმით?! სიტყვა სიყვარული გსმენიათ ოდესმე?! გული მისკდება,

მის

გარეშე სიცოცხლე არ შემიძლია! – არ ცხრებოდა ჯენეტი.



ელას სიცილი წასკდა. ნამდვილად არ უნდოდა შვილის გრძნობების აბუჩად აგდება,

მაგრამ თავი ვერ შეიკავა, არადა, თავისი სიცილი ირონიულად მოეჩვენა და ძალიან

შეწუხდა. საერთოდ, ქალიშვილთან შეხლა-შემოხლა სხვა დროსაც არაერთხელ ჰქონია,

მაგრამ დღეს გრძნობდა, რომ რაღაც განსაკუთრებულ წინააღმდეგობას წააწყდა, უფრო

დიდსა და მნიშვნელოვანს, ვიდრე სხვა დროს.



– ნუთუ შეყვარებული არასოდეს ყოფილხარ? – აშკარა ნიშნის მოგებით ჰკითხა

ჯენეტმა.



– კარგი, გონს მოდი, ამ ბოლო დროს რაღაც სხვანაირი გახდი... – ელა გაჩუმდა და

ფანჯრისაკენ მიიხედა, ეტყობოდა, რაც შეიძლება შთამბეჭდავ სიტყვას ეძებდა... და

ბოლოს სიტყვა „რომანტიკულს“ მიადგა.



– რა არის ცუდი რომანტიკულობაში? – ეწყინა ჯენეტს.

„მართლაც, რა არის? როდის აქეთ მაღიზიანებს ასე ეს სიტყვა?“ – ჩაფიქრდა ელა, მაგრამ

გონებაში გამალებით მოწრიალე აზრებსა და კითხვებს თავი ვეღარ გაართვა და

დაწყებული კამათი განაგრძო:



– შვილო, რომელ საუკუნეში ცხოვრობ? გაიგე, რომ ქალები აღარ თხოვდებიან იმათზე,

ვინც უყვართ. საქმე საქმეზე რომ მიდგება, ქალი იმას ირჩევს, ვინც, მისი აზრით, კარგი

მამა და სანდო ქმარი იქნება. სიყვარული სასიამოვნო გრძნობაა, მაგრამ ისევე სწრაფად

მიდის, როგორც მოდის... – ელა გაჩუმდა და ქმარს მიუბრუნდა.

დევიდმა წყალქვეშა მოცურავის შენელებული მოძრაობით შეაერთა ხელები, თითები

ერთმანეთს გადააჭდო და ცოლს ისე მიაჩერდა, თითქოს პირველად ხედავდა.

– მე ვიცი, რატომ აკეთებ ამას, – თქვა უცებ ჯენეტმა, – გშურს ჩემი ბედნიერება და

ახალგაზრდობა. გინდა, ერთი უბედური დიასახლისი გავხდე. მოკლედ, გინდა ისეთი

გავხდე, როგორიც შენ ხარ!



ელას უცნაური გრძნობა გაუჩნდა: თითქოს მუცელში ვეებერთელა ქვა ედო.

„უბედური დიასახლისი... შუახნის ქალი, რომელიც როგორც ხაფანგში, ისე მოემწყვდა

უიღბლო ქორწინების მარწუხებში... ჰო, სულ ესა ვარ... ასეთად მხედავენ შვილები...

ქმარიც... მეგობრებიც.. მეზობლებიც... ალბათ, ზურგს უკან, ჩუმჩუმად ყველას

ვეცოდები...“ – გაუელვა და ეს აზრი ისეთი მტკივნეული აღმოჩნდა, უნებურად მწარედ

ამოიგმინა.



– ახლავე ბოდიში მოუხადე დედას!.. – შეუბღვირა დევიდმა შვილს.

– არა უშავს. არ მჭირდება მობოდიშება, – თქვა დაღონებულმა ელამ.



ჯენეტმა დამცინავი და ცბიერი მზერა გააპარა დედისაკენ. მერე სკამს ფეხი ჰკრა,

ხელსახოცი გვერდზე მოისროლა და სამზარეულოდან გავიდა. ტყუპი თან გაჰყვა,

ოღონდ გაურკვეველი იყო, რატომ – დას სოლიდარობა გამოუცხადეს (რაც იშვიათად

ხდებოდა), თუ უბრალოდ, მოსწყინდათ უფროსების საუბარი. ყველაზე ბოლოს დეიდა

ესთერი წავიდა. მოხუცი მორიგ აბს ღეჭავდა და ყასიდად ბოდიშობდა.



სუფრას დევიდი და ელა შემორჩნენ. საოცარი უხერხულობის გრძნობა ჩამოწვა ცოლ-

ქმარს შორის. ელას გული შეეკუმშა. ორივეს კარგად ესმოდა, რომ ამ ემოციური ვაკუუმის

უპირველესი მიზეზი არც ჯენეტი იყო და არც დანარჩენი ბავშვები.

დევიდი გვერდზე გადადებულ ჩანგალს დასწვდა და შეათვალიერა.



– თუ შენი ნათქვამი სწორად გავიგე, თურმე სიყვარულით არ გათხოვილხარ... – უთხრა

ცოლს.

– მე ამის თქმა არ მინდოდა.

– აბა, რისი თქმა გინდოდა? – იკითხა დევიდმა ისე, რომ ჩანგლისათვის თვალი არ

მოუშორებია. – მე მეგონა, სიყვარულით მომყვებოდი...

– დიახ, ასე იყო, მაგრამ ეს წარსულს ჩაჰბარდა, – ვეღარ მოითმინა ელამ.

– რამდენი ხანია... აღარ გიყვარვარ? – იკითხა დევიდმა ცივად.



ელამ ქმარს ისეთი გაკვირვებით შეხედა, თითქოს იგი სარკე იყო, რომელშიც თავისი

გამოსახულება პირველად დაინახა.



რამდენი ხანია?.. ელას ეს კითხვა საკუთარი თავისთვის მანამდე არასოდეს დაუსვამს.

უნდოდა პასუხის გაცემა, მაგრამ საჭირო სიტყვები ვერ იპოვა. ერთი რამ ორივეს კარგად

ესმოდა, ახლა მათ ოჯახში ცოლ-ქმრული ურთიერთობის კრიზისი უფრო აქტუალური

იყო, ვიდრე ბავშვების პრობლემები, მაგრამ ამ კრიზისთან ბრძოლის ნაცვლად ორივენი

იოლ გამოსავალს ეძებდნენ: მოვლენებს თვითდინებაზე უშვებდნენ, ოჯახში

გამეფებული რუტინული ერთფეროვნებით თითქოს დროის გაჩერებასაც კი

ცდილობდნენ.



ელამ ვეღარ გაუძლო მოწოლილ ნაღველს, რომელიც ამ ბოლო დროს

ისედაც არ შორდებოდა... და ატირდა. დევიდი შეიშმუშნა და ცოლს თვალი აარიდა.

ორივემ იცოდა, რომ დევიდი ისევე ვერ იტანდა ცოლის ცრემლებს, როგორც ელა ქმრის

თვალწინ ტირილს. საბედნიეროდ, ტელეფონმა დარეკა და ამ ზარმა წამით ორივე იხსნა.

ყურმილი დევიდმა აიღო.



– დიახ, დიახ, სახლშია. ერთი წუთით.

ელა თავს მოერია და ყურმილი აიღო, თან შეეცადა, რაც შეიძლება მხიარული და

ხალისიანი ხმა ჰქონოდა.



– დიახ, ელა გახლავართ...

– მიშელი ვარ... გაისმა ყურმილში ახალგაზრდა ქალის მელოდიური ხმა, ბოდიშს

გიხდით, დღეს უქმეა, მაგრამ იცით, სტივმა გუშინ მთხოვა თქვენთან დარეკვა, მე კი სულ

დამავიწყდა. მოკლედ, გვაინტერესებს, შეძლებთ თუ არა ხელნაწერზე მუშაობას?



ელას ელდა ეცა, ახლაღა გაახსენდა თავისი პირველი დავალება. მას ხომ უცნობი

ევროპელი ავტორის რომანი უნდა წაეკითხა და მასზე ვრცელი ანგარიში დაეწერა.

– სტივს გადაეცით, რომ სანერვიულო არაფერი აქვს. უკვე დავიწყე კითხვა, – იცრუა

მაშინვე, რადგან არც პატივმოყვარე და თავნება მიშელის განაწყენება უნდოდა და არც ის

სურდა, თავისი კარიერის დასაწყისშივე დაუდევრობა და უპასუხისმგებლობა გამოეჩინა.

– უი, უკვე დაიწყეთ? როგორია?



ელა დაიბნა და სიტყვა გაუწყდა. მას ხომ ხელნაწერში არც კი ჩაუხედავს. მხოლოდ

ერთი რამ იცოდა: საქმე ისტორიულ რომანს ეხებოდა, მისი მთავარი გმირი კი იყო



ცნობილი მისტიკოსი პოეტი რუმი, რომელსაც ისლამური სამყაროს შექსპირს

უწოდებდნენ.



– როგორ გითხრათ, რაღაც ძალიან ...მისტიკურია... – ჩაიკისკისა ელამ. სცადა,

უხერხულობა ხუმრობით შეენიღბა, მაგრამ მიშელი მეტისმეტად საქმიანი ჩანდა.

– გასაგებია, მოუჭრა მან, ოღონდ ცოტა უნდა აჩქარდეთ. ასეთ რომანზე ანგარიშის

დაწერა ბევრად მეტ დროს მოითხოვს, ვიდრე თქვენ გგონიათ, – მიშელის ხმა უცებ გაქრა

და ყურმილში გაურკვეველი ბგერები გაისმა.



ელამ წარმოიდგინა, როგორი ფართხაფურთხით აკეთებდა მიშელი ყველაფერს

ერთდროულად: ამოწმებდა ელექტრონულ ფოსტას, კითხულობდა ერთ-ერთი წიგნის

მიმოხილვას, ჭამდა თევზიან ბუტერბროდს, იქნიდა ფრჩხილებს და თან ტელეფონით

ლაპარაკობდა. წუთიც და, ყურმილში კვლავ გაისმა მისი ხმა:



– მისმენთ?

– დიახ.

– მოკლედ, ახლა აქ სრული საგიჟეთია, ამიტომ უნდა დაგემშვიდობოთ. დაიმახსოვრეთ:

სამ კვირას გაძლევთ.



– ვიცი. მოვასწრებ... – უპასუხა ელამ, რაც შეიძლება მტკიცედ და თავდაჯერებულად.

კაცმა რომ თქვას, ელას ამ ხელნაწერის შეფასების დიდი სურვილი არც ჰქონდა. უფრო

სწორად, თავადაც არ იცოდა, უნდოდა თუ არა მისი შეფასება, არადა თავიდან თითქოს

პირიქით იყო მოუთმენლად ელოდა, როდის წაიკითხავდა უცნობი ავტორის აქამდე

გამოუქვეყნებელ ნაწარმოებს. აღელვებდა და ახარებდა ის აზრი, რომ მისი ბედის

გადაწყვეტაში გარკვეული როლი თვითონაც უნდა ეთამაშა. მაგრამ ახლა დაეჭვდა:

შეძლებდა კი ისეთ საკითხზე ყურადღების მოკრებას, როგორიც იყო სუფიზმი? თანაც

რომანის მოქმედება მეცამეტე საუკუნეში ხდებოდა...

მიშელმა თითქოს იგრძნო მისი ყოყმანი.



– რამე გაფიქრებთ? – ჰკითხა მან.

ელამ პასუხი დააყოვნა.



– გულახდილად მითხარით, – არ ეშვებოდა მიშელი.

მცირე პაუზის შემდეგ ელამ გადაწყვიტა, სიმართლე ეთქვა.



– ასე მგონია, გულს ვერ დავუდებ ისტორიულ რომანს. ვერ ვიტყვი, რომ არ

მაინტერესებს, მაგრამ ეს თემა მაინც უცხოა ჩემთვის. იქნებ სხვა ნაწარმოები მოგეცათ,

ჩემთვის უფრო საინტერესო და ნაცნობ თემაზე.



– ცდებით, თუ გგონიათ, რომ უკეთ იმუშავებთ იმაზე, რასაც უკეთ იცნობთ, – შეეპასუხა

მიშელი, – როგორ ფიქრობთ, რადგან მასაჩუსეტსში ვცხოვრობთ, მხოლოდ ის

ნაწარმოებები უნდა გამოვცეთ, რომლებშიც მოქმედება ამ შტატში ხდება? მაშ,

ლიტერატურული სააგენტოს მოვალეობა რაღაა?!



– არა, ამის თქმა ნამდვილად არ მინდოდა... – თქვა ელამ და უცებ გაახსენდა, რომ ამ

წინადადებას დღეს მეტისმეტად ხშირად იმეორებდა. ქმრისკენ გააპარა თვალი, უნდოდა

გამოეცნო, დევიდმაც თუ შეამჩნია ეს, მაგრამ დევიდის სახეზე იმ წუთში ვერაფერს

ამოიკითხავდა კაცი.

 



ჩვენ მეტწილად სწორედ ისეთ წიგნებს ვკითხულობთ, რომლებსაც ჩვენს

ცხოვრებასთან არაფერი აქვთ საერთო. რას იზამთ, სამუშაო სამუშაოა. ამას წინათ ერთ

წიგნზე მუშაობა დავამთავრე. ავტორი ირანელი ქალია, რომელსაც თეირანში საროსკიპო

ჰქონდა გახსნილი და სამშობლოს დატოვება მოუხდა. ხომ არ ვეტყოდი, ირანულ

სააგენტოს დაუკავშირდი-მეთქი? – არ ცხრებოდა მიშელი.



– რა თქმა უნდა, არა, – წაილუღლუღა ელამ. რატომღაც დანაშაულის გრძნობა

გაუჩნდა.თანაც თავს იდიოტად გრძნობდა.

– განა კარგი ლიტერატურის ძალა, ყველაფერთან ერთად, ისიც არ არის, რომ იგი

შორეულ ქვეყნებსა და კულტურებს გვაზიარებს?

– გეთანხმებით. ახლა კი ყური დამიგდეთ: დაივიწყეთ, რაც გითხარით. სამუშაოს

დათქმულ ვადაზე ადრე მიიღებთ, – უკან დაიხია ელამ.



გულში სძულდა მიშელი. ეს ქალი ისე ელაპარაკებოდა, თითქოს ელაზე ბრიყვი არავინ

ეგულებოდა ამქვეყნად. სძულდა თავისი თავიც, იმის გამო, რომ საქმე აქამდე მიიყვანა.



– ძალიან კარგი! – ჩაიჟღურტულა მიშელმა. – ნუ მიწყენთ, მაგრამ წუთითაც არ უნდა

დაგავიწყდეთ, რომ ასეთ სამსახურზე უამრავ ადამიანს უჭირავს თვალი. თანაც მათი

უმრავლესობა შვილად გეკუთვნით. გახსოვდეთ ეს. ასე უფრო მოტივირებული იქნებით

და საკუთარ თავს მოდუნების უფლებასაც არ მისცემთ.



ელამ ყურმილი დადო. დევიდი გახევებული იჯდა და თვალს არ აშორებდა. ეტყობოდა,

დაწყებული საუბრის გაგრძელება სურდა, მაგრამ ამჯერად თვითონ ელას აღარ ჰქონდა

ქალიშვილის პრობლემებით თავის ატკივების არავითარი სურვილი, თუკი

მაინცდამაინც ეს საკითხი უნდა განეხილათ.



იმავე დღეს, მოგვიანებით, ელა მარტო იჯდა სახლის აივანზე, თავის საყვარელ

სარწეველა სავარძელში და ნორთჰემპტონის ნარინჯისფერი დაისით ტკბებოდა.

ზემოდან ისეთი ზეცა დაჰყურებდა, თითქოს ცის კარი გაიხსნაო.



ელა ამჯერად მშვიდად იყო. მთელი ეს ქაოსი: მიმდინარე თვის საკრედიტო ბარათის

გადასახადები, ორლის ჭამის პრობლემები, ეივის ცუდი ნიშნები, დეიდა ესთერი და მისი

მოსაბეზრებელი ნამცხვრები, მიხრწნილობაში გადამდგარი ძაღლის გაუარესებული

ჯანმრთელობა, ჯენეტის საქორწინო გეგმები, ქმრის საიდუმლო „სეირნობები,“

უსიყვარულობა... ყველაფერი, რასაც იგი წლობით საგულდაგულოდ ამწყვდევდა

თავისი გონების პატარპატარა, საიდუმლო კოლოფებში, ახლა შორს იყო მისგან.

უცებ კონვერტს დასწვდა, ხელნაწერი ამოიღო და ხელში ისე შეათამაშა, თითქოს

წონიდა. თავფურცელზე ლურჯი მელნით სათაური ეწერა: „საამო მკრეხელობა“. ელა

თავიდანვე გააფრთხილეს, რომ ავტორი ვინმე აზიზ ზ. ზაჰარა, არცთუ ისე ცნობილი

მწერალი იყო და ჰოლანდიაში ცხოვრობდა. ხელნაწერიც სწორედ იქიდან მიეღო

სააგენტოს. კონვერტში ხელნაწერთან ერთად ღია ბარათიც იდო. ღია ბარათზე ხასხასა

ყვითელი, ვარდისფერი და იისფერი ტიტების მინდორი ჩანდა, უკან კი გაკრული,

ლამაზი ხელით ეწერა:



„ძვირფასო ბატონო /ქალბატონო/!



მოგესალმებით ამსტერდამიდან. ჩემს ნაწარმოებში აღწერილი ამბავი მეცამეტე

საუკუნეში მცირე აზიის ქალაქ კონიაში მოხდა. მაგრამ გულწრფელად მჯერა, ის

გადალახავს ყველა საზღვარს, ყველა კულტურულ ბარიერს, ყველა საუკუნეს... იმედია,

გამონახავთ დროს და წაიკითხავთ ამ ისტორიულ რომანს. მისი მთავარი თემაა ისლამის

ისტორიაში ერთერთი ყველაზე პატივდებული სულიერი მოძღვრისა დადიდი პოეტის

ჯალალ-ედ-დინ რუმის ურთიერთობა სკანდალებითა და უცნაურობებით განთქმულ

დავრიშთან შამს თებრიზთან.



ღმერთმა ნუ მოგიშალოთ სიყვარული. დაე, მუდამ თქვენი ცხოვრების თანამდევი იყოს

ეს გრძნობა.

ა.ზ. ზაჰარა.“

ელა მიხვდა, რომ ლიტერატურული აგენტის ყურადღება სწორედ ამ ღია ბარათმა

მიიქცია. თუმცა, სტივს მოყვარული მწერლების ნამუშევრების საკითხავად არასოდეს

ეცალა. შესაძლოა, ამიტომაც გადააბარა ეს სამუშაო თავის ასისტენტს მიშელს, ამ

უკანასკნელმა კი ახალ ასისტენტს ელას გადაულოცა. ასე მოხვდა ელას ხელში „საამო

მკრეხელობა“. მაშინ რა იცოდა, რომ ეს მისთვის უბრალოდ, წიგნი კი არ იყო, არამედ

წიგნი, რომელიც მთელ მის ცხოვრებას შეცვლიდა. ამ რომანის კითხვისას თითქოს მისი

ცხოვრების წიგნიც ხელახლა იწერებოდა.



ელამ პირველი გვერდი გადაშალა და ავტორის შესახებ ინფორმაცია წაიკითხა:

„ა. ზ. ზაჰარა ამსტერდამში, თავის წიგნებთან, კატებსა და კუებთან ერთად ცხოვრობს

და ძირითად დროს მოგზაურობაში ატარებს. „საამო მკრეხელობა“ მისი პირველი

რომანია და შესაძლოა, უკანასკნელიც. ის მწერლობას არ აპირებს. ამ წიგნის შექმნა ორმა

პიროვნებამ შთააგონა დიდმა ფილოსოფოსმა და პოეტმა რუმიმ და მისმა მზემ შამს

თებრიზმა.“



ელამ წიგნი გადაფურცლა და უცებ ისეთი რამ ამოიკითხა, რაც საოცრად ეცნო:

„...რამეთუ ვინც რა უნდა თქვას, სიყვარული სულაც არ არის მხოლოდ სასიამოვნო

გრძნობა, რომელიც ისევე სწრაფად მიდის, როგორც მოდის...“

ელა გაოცდა. ეს იყო ზუსტად ის ფრაზა, რომელიც იმ დღეს, კამათისას, თვითონ უთხრა

ქალიშვილს! ერთხანს გამშრალი იჯდა და იმის გაფიქრებაც კი ჟრჟოლას ჰგვრიდა, რომ

მის ცხოვრებას რაღაც ან ვიღაც უჩუმრად ადევნებდა თვალს უხილავი სამყაროსეული

ძალა თუ თვითონ მწერალი.



„იქნებ მწერალმა, ამ წიგნს რომ წერდა, წინასწარ იცოდა კიდეც, როგორი ადამიანი

წაიკითხავდა მას პირველად...“ – ამ აზრმა რატომღაც ძალიან ააღელვა და შეაშფოთა ელა

კარგად რომ ჩავუფიქრდეთ, ოცდამეერთე საუკუნე მეცამეტე საუკუნისგან დიდად არ

განსხვავდება. ორივე ჩაიწერება ისტორიაში, როგორც უპრეცედენტო რელიგიური

დაპირისპირებებისა და კულტურული შეუთავსებლობის ეპოქა, რომლებიც

გამსჭვალული იყო დაუცველობის გრძნობითა და უცხოს შიშით. ასეთ ეპოქაში

სიყვარული განსაკუთრებულად სჭირდებათ ადამიანებს...



უცებ გრილმა, ძლიერმა ქარმა წამოუბერა და აივნის ფიცარნაგზე ხმელი ფოთლები

მიმოაბნია. ჩამავალი მზის ულამაზესმა ფერებმა ახლა დასავლეთისაკენ გადაინაცვლა და

ირგვლივ ყველაფერმა თითქოს ერთბაშად მოიწყინა.



„...რამეთუ სიყვარული სიცოცხლის არსი და მიზანია და რუმის სიტყვებით რომ

ვთქვათ, ყველას შეახებს თავის ფრთას, მათაც კი, ვინც თავს არიდებს სიყვარულს; მათაც

კი, ვინც სიტყვა რომანტიკას მხოლოდ მაშინ ამბობს, როცა ვიღაცას უწყრება და

საყვედურობს.“



ელა ისე გაოცდა, თითქოს იქ ეწერა: „სიყვარული ყველას შეახებს თავის ფრთას, თვით

ნორთჰემპტონში მცხოვრებ შუახნის დიასახლისს ელა რუბინშტეინსაც კი!..“

ერთი გაფიქრება გაიფიქრა, მოდი, თავს დავანებებ ამ ყველაფერს, შინ შევალ, მიშელს

დავურეკავ და სამუშაოზე უარს ვეტყვიო, თუმცა ამის ნაცვლად, ერთი ამოიოხრა,

ხელნაწერი გადაფურცლა და რომანის კითხვა დაიწყო.



საამო მკრეხელობა – ა. ზ. ზაჰარა



სუფიზმის მიმდევარი მისტიკოსები ამბობენ, რომ ყურანის საიდუმლო სურა ალ-

ფათიჰაში დევს. თვით ალ-ფათიჰას საიდუმლო კი შემდეგ სიტყვაშია განფენილი:

ბისმილლაჰირრაჰმანირრაჰიმ...



ამ სიტყვის კვინტესენცია გახლავთ ასო ბ(ბა).

თუ დააკვირდებით, ამ ასოს ქვეშ წერტილია...

ეს წერტილი მთელ სამყაროს იტევს...

„მათნავი“ ასო ბთი იწყება ისევე, როგორც ამ წიგნის ყველა თავი.



                                                                   წინათქმა



ბრძოლა ძალაუფლებისათვის, დაუსრულებელი რელიგიური დაპირისპირებები,

პოლიტიკური შეხლაშემოხლა... ამ ყველაფრით უაღრესად გადატვირთული მეცამეტე

საუკუნე იმდროინდელი ანატოლიისთვის მართლაც მშფოთვარე გამოდგა.

დასავლეთიდან იერუსალიმისკენ ჯვაროსნები მოიწევდნენ. მათ დაიპყრეს და

გაძარცვეს კონსტანტინოპოლი, რასაც ბიზანტიის იმპერიის დაშლა მოჰყვა;

აღმოსავლეთიდან მონღოლთა ბრწყინვალედ ორგანიზებული ურდოები მოიბრძოდნენ,

რომლებიც ჩინგიზ ყაენის სამხედრო გენიის წყალობით ელვის სისწრაფით

აფართოებდნენ თავიანთი ბატონობის არეალს. დროდადრო თურქული ტომებიც

ებრძოდნენ ერთმანეთს, ბიზანტიელები კი გააფთრებით ცდილობდნენ დაკარგული

მიწების, დოვლათისა და ძალაუფლების დაბრუნებას. ეს იყო გაუგონარი არეულობის

დრო, როცა ქრისტიანი ქრისტიანს, ქრისტიანი მაჰმადიანს, მაჰმადიანი მაჰმადიანს

ებრძოდა. საითაც გაიხედავდი, ყველგან ომი, შუღლი, ტანჯვა და მოსალოდნელი

ხიფათის გაუნელებელი შიში მეფობდა.



აი, ასეთ ქაოსში ცხოვრობდა გამოჩენილი მაჰმადიანი სწავლული, სახელად ჯალალ-

-ედ-დინ რუმი; მეტსახელად მევლანა, ანუ „ჩვენი ბატონი“, როგორც მას ბევრი

უწოდებდა. რუმის უამრავი მოწაფე და თაყვანისმცემელი ჰყავდა იმ მხარეში; მეტიც:

მთელი სამაჰმადიანო თავის გზის მანათობელ ვარსკვლავად მიიჩნევდა. 1244 წელს

რუმიმ გაიცნო არატრადიციული შეხედულებებითა და მწვალებლური განცხადებებით

სახელგანთქმული მოხეტიალე დავრიში შამს თებრიზი. ამ შეხვედრამ ორივეს

ცხოვრება შეცვალა და ისეთ მტკიცე მეგობრობას მისცა დასაბამი, რომელსაც შემდგომი

საუკუნეების სუფიები ორი ოკეანის კავშირს ადარებდნენ.



ამ განსაკუთრებულ ადამიანთან დამეგობრების შემდეგ ტრადიციების ერთგული

სასულიერო პირი რუმი იქცა თავდადებულ მისტიკოსად, მგზნებარე სიყვარულის

მეხოტბე პოეტად და დავრიშთა ცნობილი, ექსტატიური ცეკვის სულისჩამდგმელად,

რითაც გაბედულად გასცდა ერთხელ და სამუდამოდ დადგენილ, ტრადიციულ

საზღვრებს.



ბრმადმორწმუნეობისა და დაპირისპირებების იმ ეპოქაში რუმი საყოველთაო

სულიერებას ქადაგებდა. მისი გული ღია იყო ყველა წარმომავლობისა და მდგომარეობის

ადამიანისთვის. მან უარყო „ურწმუნოთა წინააღმდეგ ომად“ სახელდებული ჯიჰადი

(რომელშიც იმ დროსაც ბევრი იყო ჩაბმული და ახლაც) და მის ნაცვლად მოგვიწოდა

შინაგანი ჯიჰადისაკენ, რომლის მიზანია ბრძოლა საკუთარი ეგოს, ანუ ნაფსის

წინააღმდეგ და მასზე საბოლოო გამარჯვება.



ყველა როდი მიესალმებოდა ამ იდეებს ისევე, როგორც ყველა არ უღებს გულის კარს

სიყვარულს. ამ ორი ადამიანის მძლავრი სულიერი კავშირი ბოროტი მითქმამოთქმისა

და თავდასხმების სამიზნე გახდა. მათი არ ესმოდათ, მათი შურდათ, მათ ტალახს

ესროდნენ... ბოლოს უახლოესი ადამიანებიც კი მოღალატეებად ექცნენ.



შეხვედრიდან სამი წლის შემდეგ ისინი ტრაგიკულად დაშორდნენ ერთმანეთს. მაგრამ

ეს ამბავი ამით არც მაშინ დასრულებულა და არც არასოდეს დასრულდება. შამსისა და

რუმის სულები დღესაც, თითქმის რვაასი წლის შემდეგაც, ცოცხლობენ და სადღაც აქვე,

ჩვენ შორის, ტრიალებენ...



                                                                            მკვლელი



1252 წლის ნოემბერი, ალექსანდრია

ბნელეთში, ჭის ფსკერზე გდია ახლა უსულოდ... სადაც წავალ, ყველგან თან დამდევს

მისი თვალები, ჩაციებით მომშტერებიან და იმ ორი შავი ვარსკვლავივით კაშკაშებენ,

ღამის ზეციდან ავად რომ დაგვყურებს.

არადა, რა იმედით ჩამოვედი ალექსანდრიაში: მეგონა, რაც უფრო შორს წავიდოდი, მით

უფრო ადვილად მოვერეოდი ამ ვაიუშველებელს და სამუდამოდ გავექცეოდი ამ

მოგონებას, დღედაღამ ტვინს რომ მიბურღავს...



სანამ სახე სისხლით შეეღებებოდა, თვალები ბუდიდან გადმოუცვივდებოდა და ხორხი

გადაეკეტებოდა, ერთი შემომბღავლა. ეს იყო უკანასკნელი ამოსუნთქვა, დანაგაყრილი

კაცის უკანასკნელი „მშვიდობით“, ხაფანგში გამომწყვდეული მგლის ყმუილი...

როცა კაცს კლავ, მისგან აუცილებლად მოგყვება რაღაც: ან კვნესა, ან სუნი, ან ხელის

მოძრაობა. მე ამას „მსხვერპლის წყევლას“ ვეძახი.



სხეულზე აგეკვრება, კანში ჩაგიძვრება,

გულისკენ გაიწევს და სამუდამოდ გაგიჯდება მთელ ტანში. უბრალო გამვლელმა

შეიძლება ვერაფერი შემამჩნიოს, მაგრამ ვინც კი მომიკლავს, ყველასგან გამომყვა რაღაც,

რასაც სულ თან დავატარებ; უჩინარი ყელსაბამივით მკიდია ყელზე და ყოველ წუთს

ვგრძნობ, როგორ მეტმასნება და მამძიმებს. მართალია, ვერაფერი სიამოვნებაა, მაგრამ მე

უკვე მივეჩვიე ამ ტვირთის თრევას და მივიღე იგი, როგორც ჩემი ხელობის განუყოფელი

ნაწილი. გეუბნებით, ყველა მკვლელში სუნთქავს მისი მსხვერპლი. ეს ასეა. ასეა იმ

დღიდან, რაც კაენმა აბელი მოკლა... რომ იცოდეთ, დიდად არც მაწუხებს. ყოველ

შემთხვევაში, ისე არა, როგორც ადრე. ამიტომაც მიკვირს, რატომ შემზარა ასე იმ ბოლო

შემთხვევამ. საერთოდ, ამ ამბავს დასაწყისიც უჩვეულო ჰქონდა. თუნდაც ის

გავიხსენოთ, როგორ ვიპოვე ეს სამუშაო; თუმცა, უფრო სწორი იქნებოდა, მეთქვა, რომ

სამუშაომ თვითონ მიპოვა.



1248 წლის გაზაფხული იყო. იმ დროს ქალაქ კონიის საროსკიპოს მეპატრონესთან

ვმუშაობდი, სიავითა და სიკაპასით ცნობილ ქალკაცასთან. იქ ორი მოვალეობა

მეკისრებოდა მეძავებზე თვალი უნდა მჭეროდა და თუ საჭირო გახდებოდა,

უსაქციელო მუშტრისათვის მიმეხედა.



გუშინდელივით მახსოვს ის დღე: საროსკიპოდან გაქცეულ ერთ-ერთ მეძავს

დამადევნეს. ამ ქალს აკვიატებული ჰქონდა, გინდა თუუ არა, ღმერთი უნდა ვიპოვოო და

იმ დღეს თვალსა და ხელშუა გაგვეპარა. ნაბრძანები მქონდა, დაჭერისთანავე მისი სახე

ისე დამემახინჯებინა, რომ ყველა მამაკაცს დასანახავად შესჯავრებოდა. ძალიან ლამაზი

იყო და ამიტომ ცოტა გული მეთანაღრებოდა... სად წამივიდოდა ის სულელი დედაკაცი,

მაგრამ ზღურბლთან დაგდებულ რაღაც უცნაურ წერილს მოვკარი თვალი და იმას

შევრჩი. კითხვა არ ვიცოდი, ამიტომ წერილი მედრესეში წავიღე, იქაურ მოწაფეს ფული

გადავუხადე და წავაკითხე.



წერილს ხელს „რამდენიმე ჭეშმარიტი მორწმუნე“ აწერდა.

„სანდო წყაროებიდან ვიცით, საიდან მოხვედი და ვინ ხარ სინამდვილეში, ნათქვამი –

იყო წერილში, – ასასინების ყოფილი წევრი ხარ. ისიც მოგვეხსენება, რომ ჰასან საბაჰის

სიკვდილისა და თქვენი წინამძღოლების დაპატიმრების შემდეგ საქმე ცუდად

წაგივიდათ. კონიაშიც ამიტომ ჩამოხვედი მდევარს გამოექეცი და იმალები...“

შემდეგ მწერდნენ, რომ რაღაც ძალიან მნიშვნელოვან საქმეში ჩემი დახმარება

სჭირდებოდათ და მარწმუნებდნენ, გასამრჯელოთი უკმაყოფილო არ დარჩებიო. თუ

მათი შემოთავაზება ჭკუაში დამიჯდებოდა, შებინდებულზე ქალაქის სამიკიტნოში უნდა

მივსულიყავი, იქ, ფანჯარასთან, ერთერთ მაგიდას მივჯდომოდი. თავდახრილი,

კარისკენ ზურგშექცეული და იატაკს მიჩერებული. მერე ვიღაცები მოვიდოდნენ,



მაგიდასთან მომისხდებოდნენ და საჭირო ცნობებს მომაწვდიდნენ. მათთვის არც

მოსვლისას, არც წასვლისას სახეში არ უნდა შემეხედა; საუბრისას ხომ მით უმეტეს...

უცნაურად კი მეჩვენა ეს წერილი, მაგრამ მეორე მხრივ, თითქოს გასაკვირი არაფერი

იყო... მუშტრების ხუშტურებს შეჩვეული ვიყავი, წლების მანძილზე ათასნაირი ჯურის

ხალხი მიხდიდა ფულს ამ საქმეში და ვინაობას თითქმის არც ერთი არ ამხელდა.

გამოცდილებით ვიცოდი რაც უფრო მკაცრად მალავდა მკვლელობის შემკვეთი

ვინაობას, მით უფრო ახლობელი იყო თავისი მსხვერპლისათვის. თუმცა, ეს არ იყო ჩემი

საქმე. ჩემი საქმე იყო მოკვლა. მიზეზები არ უნდა მეჩხრიკა. მას შემდეგ, რაც ალამუთი

დავტოვე, ასეთი ცხოვრების წესი ავირჩიე. საერთოდ, კითხვებს იშვიათად ვსვამ ხოლმე.



რად მინდა? ჩემს ნაცნობებში ისეთი არავინ მეგულება, ცხოვრებაში ერთი ადამიანის

მოშორების სურვილი მაინც არ გასჩენოდეს. შეიძლება კაცი ისე მოკვდეს, რომ არავის

არაფერი დაუშაოს, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ასეთ აზრებს გულშიც არ ივლებს.

ცხოვრებაში ერთხელ მაინც შეუჩნდება ხოლმე ვინმეს მოკვლის ჟინი, უბრალოდ, სანამ

საჭიროებას არ წააწყდება, ამას ვერ გრძნობს. ჰგონია, რომ ადამიანს ვერ მოკლავს. არადა,

ეს მხოლოდ შემთხვევის ამბავია. ზოგჯერ ერთი ხელის აქნევაც კი კმარა, რომ წყობიდან

გამოხვიდე. ყველაზე კეთილი და წესიერი ადამიანისგანაც შეიძლება საშინელებამ

ამოხეთქოს, თუ უადგილო ადგილას და უდროო დროს ამოყო თავიან თუნდაც პატარა

შელაპარაკება მოუვიდა.



ერთი სიტყვით, რძით დაბანილი არავინ არის, მაგრამ სრულიად უცნობი ადამიანის

წარბშეუხრელად მოკვლა ყველას არ შეუძლია. აი, ეს უკვე ჩემი ასპარეზია... მოკლედ

რომ ვთქვა, სხვების გასაკეთებელი ბინძური საქმეები მე მეკისრება.



ისე, რა გინდათ, ღმერთიც კი აღიარებს ჩემნაირების საჭიროებას. განა სიკვდილის

მთავარანგელოზს, აზრაილს თვითონ გამჩენი არ გზავნის დედამიწაზე ჩვენი მზის

დასაბნელებლად? ადამიანებს ჭირივით სძულთ ეს ანგელოზი, წყევლიან, ეშინიათ მისი,

არადა, ანგელოზი ანგელოზია, ხელებიც სუფთა აქვს და სახელიც. ეს უსამართლობაა მის

მიმართ. მაგრამ სამართალი, აბა, სად გეგულებათ ამქვეყნად?



კარგად რომ შებინდდა, სამიკიტნოს მივადექი. ფანჯარასთან მდგარ მაგიდას ვიღაც

სახედაჩეხილი კაცი მისჯდომოდა და ეძინა. მოდი, გავაღვიძებ და ადგილს გავუცვლი

მეთქი, გავიფიქრე, მაგრამ ნასვამ ხალხთან საქმის დაჭერა შარია, მე კი ფრთხილად უნდა

ვყოფილიყავი და ყურადღება ზედმეტად არ მიმექცია. ამიტომ გამოვბრუნდი და სხვა

ფანჯარასთან დავჯექი.



ცოტა ხანში ორი კაცი შემოვიდა. ჩემ წინ ისე დასხდნენ, რომ მათი სახეები არ დამენახა.

შეხედვა, როგორც გითხარით, აკრძალული მქონდა, მაგრამ ისედაც მივხვდი, როგორი

ახალგაზრდები და მოუმზადებლები იყვნენ ამ ნაბიჯის გადასადგმელად.

– შენი თავი ძალიან გვიქეს... – დაიწყო ერთერთმა. ყოჩაღად ლაპარაკობდა, მაგრამ

შეშინებული კი ჩანდა, – ასე გვითხრეს, საუკეთესო ოსტატიაო...



სასაცილო ნათქვამი გამოუვიდა, მაგრამ ღიმილი შევიკავე. შევატყვე, მართლა ძალიან

ეშინოდათ ჩემი, ეს კი ხელს მაძლევდა; რაც მეტად შეეშინდებოდათ, მით ნაკლებად

გამიბედავდნენ ზიანის მოყენებას.



– დიახ, საუკეთესო გახლავართ. ამიტომ მეძახიან ტურისთავას. რაც უნდა რთული

დავალება ყოფილიყო, მუშტარი არასოდეს დამიღალატებია.



– მაგას რა სჯობს. არც ჩვენი დავალება იქნება იოლი, – მითხრა მან.

ახლა მეორე ალაპარაკდა:

– არის ერთი კაცი, რომელმაც ბევრი ვინმე გადაიმტერა. რაც ამ ქალაქში დასახლდა,

დავიდარაბას და შარს ვერ ავუდივართ. ბევრჯერ გავაფრთხილეთ, მაგრამ არაფრად

გვაგდებს, ის კი არა, უარესად აიშვა თავი. რა ვქნათ, სხვა გზას აღარ გვიტოვებს...

სულ ასე იყო. ერთი და იგივე მეორდებოდა. დამკვეთები ყოველთვის თავს

იმართლებდნენ, თითქოს მე თუ მხარს ავუბამდი და მათ ჩანაფიქრს მოვიწონებდი, ამით

იგი ნაკლებად ამაზრზენი გახდებოდა.



– გასაგებია, რისი თქმაც გინდათ. ვინ არის ეს კაცი? – ვიკითხე მე.

რატომღაც ყოყმანი დაიწყეს. დასახელებას არ ჩქარობდნენ, მიკიბულ-მოკიბულად

ლაპარაკობდნენ, მომავალ მსხვერპლს ჯერ ზოგადად მიხასიათებდნენ:

– ერთი მაწანწალაა, ვითომ დავრიშობს. მწვალებელია; მაჰმადიანობასთან არაფერი აქვს

საერთო. აღვირახსნილი, თავზე ხელაღებული კაცია, მკრეხელი და ღვთისპირიდან

გადავარდნილი.



დავრიშიო?.. ტანში გამცრა. ჭენებით ჩამიქროლა ათასნაირმა აზრმა. ვინ აღარ

მომიკლავს მოხუცი თუ ახალგაზრდა, ქალი თუ კაცი, მაგრამ დავრიში (ღმერთის კაცი!)

არასოდეს... რაღაცრაღაცები დაცდილი მაქვს და ნამდვილად არ მინდა, ღვთის რისხვა

დავიტეხო თავს. მიუხედავად ყველაფრისა, ღმერთი მეც მწამს...



– ეგ საქმე არ გამოვა. დავრიშის მოკვლის სურვილი ნამდვილად არ მაქვს. სხვა ვინმე

იპოვეთ, – ვთქვი და წასვლა დავაპირე, მაგრამ ერთერთმა ახალგაზრდამ ხელი მტაცა და

შემეხვეწა:

– გემუდარები, ნუ წახვალ! იცოდე, შრომას არ დაგიკარგავთ. ნებისმიერი თანხა

დაასახელე და ორმაგს გადაგიხდით.

–სამმაგზე რას იტყვით? – შევაპარე დარწმუნებულმა, რომ ასეთ დიდ თანხას ვერ

მოერეოდნენ.



ცოტა კი შეყოყმანდნენ, მაგრამ, ჩემდა გასაკვირად, ორივე დათანხმდა. ისევ ჩამოვჯექი

მაგიდასთან და მოუსვენრად ავწრიალდი. ასეთი ფულის პატრონს ცოლის შერთვაც აღარ

გამიჭირდება და ლუკმა-პურისათვისაც აღარ ვიჯახირებ. ასეთ ფულად დავრიშის

მოკვლაც კი ღირსმ-ეთქი, ვფიქრობდი.



რა ვიცოდი მაშინ, რომ უდიდეს შეცდომას ჩავდიოდი და მთელი დარჩენილი ცხოვრება

სინანულში უნდა გამეტარებინა? რა ვიცოდი, რომ დავრიშის მოკვდინება ასე ძნელი

იქნებოდა და მის ხანჯალივით ალესილ მზერას სიცოცხლის ბოლომდე ვეღარსად

წავუვიდოდი?



ოთხი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც იგი ეზოში დანით მოვკალი და იქვე, ჭაში ჩავაგდე.

მახსოვს, როგორ გაფაციცებით ვაყურადებდი წყლის დგაფუნის ხმას, რომელმაც ვერა და

ვერ მოაღწია ჩემამდე. ჩამიჩუმი არ ისმოდა. თითქოს ეს კაცი ჭაში ჩავარდნის ნაცვლად



ცაში აიჭრა! დღემდე საზარელი სიზმრები მტანჯავს და როგორც კი წყალს შევხედავ (რა

წყალიც უნდა იყოს), ისე ვიზაფრები, პირღებინება მეწყება.



ნაწილი პირველი

მიწა



ყოველი, რაც მყარია, თავის თავში ჩაფლული და უძრავია.



                                                                      შამსი



1242 წლის მარტი, ფუნდუკი

სამარყანდის შემოგარენში ბნელ ოთახში თაფლის სანთლები ლიცლიცებდა და ჩემს

მონჯღრეულ, დაბზარულ მაგიდას მკრთალად ანათებდა. ხილვა, რომელიც იმ საღამოს

მქონდა, ყველაზე ძალიან ჰგავდა ცხადს.



დავინახე დიდი სახლი. ეზოში ყვითელი ვარდები ბიბინებდა. ეზოს შუაგულში კამკამა

ჭა იდგა. გაზაფხულის წყნარი ღამე იყო. ცაზე სავსე მთვარე კაშკაშებდა. შორიდან

მეღამური ცხოველების ყრუ გადაძახილი მოისმოდა...



ცოტა ხანში სახლიდან შუახნის, წარმოსადეგი, მხარბეჭიანი და თაფლისფერთვალება

კაცი გამოვიდა. მე მეძებდა. შეძრწუნებული ჩანდა, უსაშველო სევდა უკრთოდა

თვალებში.



– შამს! შამს! სად ხარ? – ყვიროდა იგი და აქეთიქით იყურებოდა.

ძლიერმა ქარმა დაჰბერა. მთვარე ღრუბელს ამოეფარა, თითქოს არ უნდოდა, იმის მოწმე

გამხდარიყო, რაც ახლა მოხდებოდა. ჭოტები დადუმდნენ, ღამურებმა ფრთების

ფართხუნი შეწყვიტეს, შინ ბუხარში მოგიზგიზე ცეცხლიც კი მიინავლა. თითქოს მთელი

სამყარო გაირინდა.



კაცი ნელა მიუახლოვდა ჭას, დაიხარა და შიგ ჩაიხედა.

– შამს, ძვირფასო... – აჩურჩულდა იგი, – აქ ხარ?

შეხმიანება დავაპირე, მაგრამ ჩემი ხორხიდან ერთი ბგერაც არ ამოვიდა. ამჯერად უფრო

დაბლა დაიხარა და კვლავ ჭაში ჩაიხედა. თავიდან ვერაფერს ხედავდა, შავად

მოლიცლიცე წყლის გარდა. უცებ დაინახა ჭის ფსკერიდან ამოწვდილი ჩემი ხელი,

რომელიც წყლის ზედაპირზე ისე ტივტივებდა, როგორც მორყეული ბორანი ნაავდრალ

ზღვაში. შემდეგ თვალებიც ეცნო: ორი შავი, ბრიალა თვალი, სქელ-სქელი ლეგა

ღრუბლებიდან გამოსულ სავსე მთვარეს რომ ასცქეროდა. ჰო, ჩემი თვალები მთვარეს

მისჩერებოდა, თითქოს ჩემი მკვლელობის მიზეზი ზეცას უნდა გაემხილა.

კაცი მუხლებზე დაემხო, ატირდა და მკერდში მუშტები დაიშინა:

– მომიკლეს, მომიკლეს ჩემი შამსი!



უცებ ბუჩქიდან ვიღაცის ჩრდილი გამოიძურწა და ბაღის გალავანს სწრაფი, გარეული

კატის შემპარავი ნაბიჯებით მიეახლა. კაცს მკვლელი არ შეუმჩნევია, უსაზღვრო

ტკივილით შეპყრობილი იქამდე ყვიროდა და გოდებდა, სანამ ხმა არ გაებზარა და მინის

ჭურჭელივით არ მიემსხვრა ღამის ჰაერს...

– შენ ეი! ნუ ღრიალებ შეშლილივით!

...

– ხმა გაიკმინდე, თორემ კინწისკვრით გაგაგდებ აქედან!

...

– გეუბნები, ხმა ჩაიკმინდემეთქი! არ გესმის?

მამაკაცის ხმაში მუქარა ისმოდა. თავი მოვიკატუნე, ვითომ არ მესმოდა. ფეხს

ვითრევდი, მსურდა, ჩემი ხილვა კიდევ ცოტა ხანს გაგრძელებულიყო. მეტი მინდოდა

შემეტყო ჩემი სიკვდილის შესახებ. ისიც ხომ უნდა გამეგო, ვინ იყო ის თვალებში

სევდაჩამდგარი კაცი, რა აკავშირებდა ჩემთან და ასე სასოწარკვეთილი რატომ

დამეძებდა გაზაფხულის იმ ღამეს?



მაგრამ სანამ ჩემი ხილვისაკენ კიდევ ერთხელ გავაპარებდი მზერას, ვიღაცამ სხვა

განზომილებიდან ხელი გამოიშვირა, მწვდა, ისე შემანჯღრია, კინაღამ კბილები

ჩამომცვივდა და ამ სამყაროში შემომაბრუნა.



ნება-ნება, უხალისოდ გავახილე თვალი. გვერდით ვიღაც მედგა. ახოვანი,

ფერხორციანი, ბრგე კაცი იყო, ჭაღარა წვერითა და ხშირი, დაგრეხილი ულვაშით.

მაშინვე ვიცანი ჩვენი მეფუნდუკე. ორ რამეს აშკარად ვატყობდი: მრისხანე კაცი იყო,

უხეში საუბრითა და ძალადობით გაჰქონდა ხოლმე თავისი; ახლაც გაცეცხლებული

ჩანდა...



– რა გინდა? – ვკითხე მე. – რატომ მეჯაჯგურები?

– როგორ თუ რა მინდა! სადილის დრო მოვიდა, შენ კი ყვირი და მუშტრებს მიფრთხობ!

იცოდე, ხმა აღარ გავიგონო შენი! – შემიბღვირა მან.

– ნუთუ მართლა ვყვიროდი? – წავილუღლუღე მე და როგორც იქნა, ხელი გამოვგლიჯე.

– მერე როგორ! თათში ეკალგარჭობილი დათვივით ბღაოდი. რა დაგემართა? ცუდი

სიზმარი ხომ არ ნახე?



თავის გასამართლებლად მართლაც დამაჯერებელი საბუთი იყო. კვერი რომ დამეკრა

აღარ ჩამეძიებოდა და თავს გამანებებდა, მაგრამ ტყუილის თქმა არ ვისურვე.

– არა, ძმაო, არ მძინებია და არც ცუდი სიზმარი მინახავს. საერთოდ, სიზმრებს არ

ვხედავ ხოლმე.



– მაშ, რა ჯანდაბა გაბღავლებდა? – არ მომეშვა მეფუნდუკე.

– ხილვა მქონდა. ეგ სულ სხვა რამეა...

გაკვირვებით შემომხედა და ულვაში მოიკვნიტა. კარგა ხანს აწვალებდა. ბოლოს თქვა:

– ეს დავრიშები ცოტა შექანებულები ხართ, განსაკუთრებით მოხეტიალე დავრიშები.

თქვენი დღე და მოსწრება მარხულობთ, ლოცულობთ, თაკარა მზის ქვეშ დაბოდიალებთ

და ტვინი გიხურთ. ჰოდა, რაღა გასაკვირია, რომ მოლანდებები გქონდეთ...



გამეღიმა. ალბათ, მართალი იყო. აკი ამბობენ, ღმერთში ჩაკარგვასაო და ჭკუის

დაკარგვას შორის ზღვარი თითქმის არ არსებობსო.

ამ დროს ორმა მსახურმა თეფშებით სავსე ლანგრები ჩამოატარა. რა აღარ იდო ზედ:

ახალშებრაწული თხის ხორცი, შებოლილი თევზი, შეკაზმული ცხვრის შიგანი, ხორბლის

კვერები, თურქული ბარდა და გუფთა, ოსპის შეჭამანდი ცხვრის დუმით...

ბიჭებმა მთელი დარბაზი შემოიარეს და კერძი ჩამოარიგეს. ირგვლივ ნივრის, ხახვისა

და საკაზმების მსუყე სურნელი დატრიალდა. როცა ჩემს მაგიდას მოუახლოვდნენ, ერთი

ჯამი ცხელი წვნიანი და შავი პური ავიღე.



– გადამხდელი თუ ხარ? – მკითხა მეფუნდუკემ და ქედმაღლურად დამხედა.

– არა, – ვუპასუხე მე, – მაგრამ შემიძლია სხვანაირად მოგირიგდე: სადილისა და

ლოგინის საფასურად სიზმრებს აგიხსნი.

მელურად ჩაიცინა და დოინჯი შემოიყარა:

– აკი სიზმრებს ვერ ვხედავო?!

– მართლა ვერ ვხედავ. სამაგიეროდ, მათი ახსნა შემიძლია...



– უნდა გაგაპანღუროს კაცმა აქედან! ხომ გითხარი, დავრიშები აფრენთ-მეთქი! –

სეტყვასავით მომაყარა უკმეხი სიტყვები, – არ ვიცი, რამდენი წლისა ხარ, მაგრამ

დარწმუნებული ვარ, საკმარისზე მეტი გილოცია. ერთ რამეს გირჩევ: ქალი შეირთე და

შვილები გააჩინეთ, შენც მოისვენებ და მიწაზე ფეხს მოიკიდებ. რა აზრი აქვს ამ წანწალს,

როცა ყველგან ერთი და იგივე ცოდობრალი ტრიალებს? დამიჯერე, ახალს ვერსად

ვერაფერს იპოვი. მუშტრები მსოფლიოს ყველა კუთხე-კუნჭულიდან მყავს; მოვლენ ჩემს

ფუნდუკში, ორ ჭიქას დალევენ და მერე ყველა ერთსა და იმავე ამბავს ჰყვება. ადამიანიც

ყველგან ერთნაირია და მასთან ერთად, სხვა ყველაფერიც: იგივე საჭმელი, იგივე წყალი,

იგივე სიბრიყვე...



– მე არც არაფერს ვეძებ, ღმერთის გარდა...

– მაშინ მისამართი შეგშლია, – მიპასუხა მეფუნდუკემ და ანაზდად ხმა დაუბოხდა, –

ღმერთმა, კარგა ხანია, მიგვატოვა და არ ვიცით, როდის დაბრუნდება.

ამ სიტყვების გაგონებისას გულმა რეჩხი მიყო.



– ვინც ღმერთს გმობს, ის თავის თავს გმობს, – ვუთხარი პასუხად.

მეფუნდუკემ ცალყბად გაიღიმა. გესლით დაღრეჯილ, გაავებულ სახეზე წამით

ბავშვური გაბუტვაც შევატყვე...



– განა ღმერთმა არ გვითხრა, მე უფრო ახლოს ვარ თქვენთან, ვიდრე თქვენი საუღლე

ვენაო? – ჩავეკითხე მე. – ღმერთი სადღაც ზეცაში ნუ გეგულება. იგი ყოველ ჩვენგანშია

და არასოდეს მიგვატოვებს. ან როგორღა უნდა მიატოვოს თავისი თავი?

– ისე მიგვატოვებს, მზე მაღლა იქნება, – თქვა მეფუნდუკემ და ცივი, უტიფარი მზერა

შემომაგება, – თუ აქ არის დალოცვილი, რატომ თითს არ გაანძრევს, როცა ტანჯვით

სული გვხდება? ჰა, რას იტყვი?



– აჰა, ისმინე წესი პირველი, ძმაო ჩემო. – ვუპასუხე და დავიწყე:

„ღმერთის შენეული აღქმა შენი ზუსტი ანარეკლია. თუ ღმერთი მარტო საყვედურის

სურვილსა და შიშს აღგიძრავს, ეს იმას ნიშნავს, რომ სული შიშით და ღვარძლით გაქვს



სავსე. ხოლო თუ ღმერთში სიყვარულისა და თანალმობის წყაროს ხედავ, მაშინ შენც

ასეთივე ხარ.“

იმ წუთში შემეკამათა, მაგრამ ჩემი სიტყვებით გაოცებული ჩანდა:



– გამოდის, რომ ღმერთი ჩვენი წარმოსახვის ნაყოფია... რაღაც, ვერ მიგიხვდი...

პასუხი ვეღარ გავაგონე, რადგან კუთხეში უცებ ჩოჩქოლი ატყდა. დარბაზს გავხედეთ:

ორი მთვრალი აშკარად შარზე იყო. ტლანქები და თავხედები, რაღაცას გაუგებრად

ბლუკუნებდნენ, როხროხებდნენ, სტუმრებს ჯამებიდან საჭმელს უყრიდნენ, მათი

ფიალებიდან სასმელს წრუპავდნენ და თუ ვინმე წინააღმდეგობას გაუწევდა, მაქთაბის

უზრდელი მოწაფეებივით ელაზღანდარებოდნენ.



– ახლა უყურე ამათ სეირს! – კბილებში გამოცრა მეფუნდუკემ.

თვალის დახამხამებაში დარბაზის მეორე ბოლოში გაჩნდა, ერთ-ერთ მთვრალს ქეჩოში

სწვდა და სახეში მუშტი უთავაზა. მთვრალი აშკარად არ ელოდა ამას და იატაკზე

ცარიელ ტომარასავით დაებერტყა. რაღაც ძლივს გასაგონად წამოიძახა, მაგრამ სხვა

ვერაფერი გააწყო. მეორე მთვრალი უფრო კუნთმაგარი აღმოჩნდა. გააფთრებული

წინააღმდეგობა გაუწია, მაგრამ მეფუნდუკე მასაც მოერია. ესეც არ აკმარა თავგასულ

მუშტრებს: ჯერ ნეკნებში ურტყა, შემდეგ კი ხელის მტევნებზე მძიმე წაღებით შესდგა.

გარკვევით გავიგონე თითების მსხვრევის ხმა.



– შეჩერდი! – წამოვიძახე მე. – მაინცდამაინც უნდა მოკლა?!

როგორც სუფის, ფიცი მქონდა დადებული, ნებისმიერი ადამიანის სიცოცხლე მეხსნა და

თავად არავისთვის არაფერი დამეშავებინა. ამ ცრუგრძნობებით სავსე ქვეყანაზე ძალიან

ბევრი ადამიანი ჩხუბობს უმიზეზოდ, ერთი იმდენი კიდევ, საბაბს ეძებს. რაც შეეხება

სუფის, ის მაშინაც კი ერიდება ჩხუბს, როცა საამისო მიზეზი აქვს.

ერთი სიტყვით, ძალადობა ჩემი საქმე არ იყო. როგორმე შუაში უნდა ჩავდგომოდი,

დამეშოშმინებინა და მომელბო მოჩხუბარნი.



– თავი დამანებე, თორემ შენც ღდინს გაგაცლი! – მიყვირა მეფუნდუკემ, თიმცა ორივემ

ვიცოდით: არ იყო ამის გამკეთებელი.



ცოტა ხანში მიმტანმა ბიჭებმა ორი მთვრალი ფეხზე წამოაყენეს. ერთს თითი ჰქონდა

მოტეხილი, მეორეს კი – ცხვირი გატეხილი. იქაურობა სისხლით იყო მორწყული.

დარბაზი გაისუსა. მეფუნდუკე სიამაყით აღარ იყო, ასეთი შიშის ზარი რომდასცა

ყველას. მზერა ჩემკენ გამოაპარა და ომახიანად, მთელი დარბაზის გასაგონად მომმართა:

– მე ყოველთვის ასეთი არ ვიყავი, დავროშო. მოძალადე არ ვიყავი, ახლა კი ვარ!.. როცა

ღმერთი აქ, მიწაზე მყოფთ გვივიწყებს, სამართალი ჩვენ, უბრალო ხალხმა უნდა

გავაჩინოთ. ჰოდა, თუ კიდევ ერთხელ შეხვდები უფალს, ასე გადაეცი: შენი კრავები კი

დაყარე უპატრონოდ, მაგრამ ყელს გამოსაღადრად არავის მიუშვერენ, უმალ მგლებად

გადაიქცევიან-თქო.



– ცდები, – ვუთხარი მე და მხრები ავიჩეჩე.

– მაინც რაში ვცდები, ერთ დროს კრავი ვიყავი და მგლად ვიქეცი-მეთქი, რომ გითხარი,

ეს არის შეცდომა?



– არა, ეგ სწორად თქვი. მგლად რომ ქცეულხარ, ვხედავ. შეცდომა ის არის, რომ

სამართლის გაჩენას ეძახი იმას, რასაც აკეთებ.

– დამაცადე, ახლა შენთვისაც მოვიცლი, – მითხრა მეფუნდუკემ, – შენ, როგორც

მახსოვს, ჩემი ვალი გაქვს. საჭმლისა და ლოგინის ნაცვლად სიზმრების ახსნას შემპირდი,

ასე არ იყო?



– უკეთეს რამეს შემოგთავაზებ: ხელზე გიმარჩიელებ, ვუპასუხე მე, მივუახლოვდი და

ანთებულ თვალებში ჯიქურ ჩავაცქერდი. უნებლიეთ უკან დაიხია და ეჭვიანად აიმრიზა,

მაგრამ როცა მის მტევანს დავწვდი და ხელისგული ამოვუბრუნე, არ გამძალიანებია.

დავხედე ღრმა, ოღროჩოღრო ხაზებით დაღარულ მის ხელისგულს, რომელიც მის

გამრუდებულ ცხოვრებაზე მეტყველებდა. თანდათან გამოიკვეთა მისი აურის ფერებიც:

ჟანგისფერი და ბაცი, ნაცრისფერში გადასული ცისფერი. მისი სულიერი ენერგია

სრულიად დაშრეტილი მეჩვენა. თითქმის წაშლილი იყო ის ზღუდე, რომელიც მას გარე

სამყაროსაგან იცავდა. როგორც ჭკნობამორეულ მცენარეს აღარ ეთქმის ცოცხალი, ისე

აღარ ეთქმოდა ამ კაცსაც. სულიერი ენერგიის დანაკლისის შესავსებად ფიზიკური

ენერგია გაეორმაგებინა და ახლა დაუზოგავად ხარჯავდა.



ამასობაში გულისცემა გამიხშირდა, იმიტომ, რომ რაღაც დავინახე. თავიდან

ბუნდოვნად გამოკრთა ხილვა, თითქოს რაღაც გამჭვირვალე ქსოვილში იყო გახვეული,

შემდეგ თანდათან გამოიკვეთა და ჩემ თვალწინ ასეთი სურათი დაიხატა: ახალგაზრდა,

წაბლისფერთმიან ქალს შიშველ ფეხებზე შავი სვირინგები ჰქონდა და მხრებზე

მოქარგული თავშალი მოეხურა...



– საყვარელი ქალი დაგიკარგავს... – ვუთხარი მეფუნდუკეს და მისი მარცხენა მტევანი

ხელში მოვიმწყვდიე. – ძუძუები რძითა აქვს დაბერილი, იმოდენა მუცელი აქვს, ლამის

შუაზე გადაუსკდეს. ალმოდებულ ქოხშია მომწყვდეული. ქოხის ირგვლივ მეომრები

დააგელვებენ ვერცხლით მოჭედილუნაგირებიან ცხენებს. ირგვლივ დამწვარი თივისა

და ადამიანის დამწვარი ხორცის სუნი ტრიალებს. მხედრები მონღოლები არიან.

ბრტყელსახა, ბრტყელცხვირა, მოკლეკისერა და გულქვა. ეს ჩინგიზ ყაენის ძლევამოსილი

ჯარია...



– ...ერთი კი არა, ორი საყვარელი ადამიანი დაგიკარგავს. – დავაზუსტე მოგვიანებით, –

შენი ცოლი პირველ ბავშვზე იყო ორსულად...

მეფუნდუკეს კრიჭა შეეკრა, თვალები დახარა და ტყავის წაღებზე დაიხედა. სახე ისე

წაეშალა, ზედ ვერაფერს ამოიკითხავდი. ერთბაშად, ჩემ თვალწინ დაბერდა.

– ვიცი, ვერაფერი შვებაა შენთვის, მაგრამ მაინც უნდა გითხრა... – ვაგრძელებდი მე. –

შენი ცოლი ცეცხლს არ მოუკლავს, ფიცარი ჩამოვარდა ჭერიდან და თავზე დაეცა. უცებ

მოკვდა, ყოველგვარი ტკივილის გარეშე. შენ სულ გეგონა, რომ ტანჯვაში ამოხდა სული,

მაგრამ სინამდვილეში ერთი წუთიც არ უწვალია.



მეფუნდუკემ წარბები შეკრა და ისე მოიკუნტა, თითქოს რაღაც უხილავი ტვირთი

აწვებოდა, რომლის სიმძიმეს მხოლოდ თვითონ გრძნობდა. შემდეგ გაბზარული ხმით

მკითხა:



– საიდან იცი ეს ყველაფერი?



წავუყრუე და გავაგრძელე:



– სულ თავს იდანაშაულებდი, რომ წესისა და რიგისამებრ ვერ დაასაფლავე. დღემდე

გესიზმრება, როგორ ამოდის სამარიდან, მაგრამ ეს შენი გონების თამაშია მხოლოდ.

სინამდვილეში შენი ცოლიცა და ვაჟიც კარგად არიან და ლაღად დაფარფატებენ

მარადისობაში, როგორც ორი ათინათი...



შემდეგ, რაც შეიძლებოდა, დინჯად დავძინე, ყოველ სიტყვას ვწონიდი:

– შენ კვლავ შეგიძლია გახდე კრავი, რადგან ის შენში ახლაც ცოცხლობს...

მეფუნდუკე გველნაკბენივით შეკრთა და ხელი გამომგლიჯა.



– დავრიშო, რაღაც არ მომწონხარ! – თქვა მან. – ამაღამ გაგათევინებ, მაგრამ ეცადე, მზის

ამოსვლამდე მოშორდე აქაურობას. შენი დანახვაც აღარ მინდა...



ყოველთვის ასე იყო როგორც კი სიმართლეს ეტყოდი, მაშინვე შეგიძულებდნენ. რაც

მეტს ელაპარაკებოდი სიყვარულზე, უფრო სძულდი...



                                                                              ელა



2008 წლის 18 მაისი, ნორთჰემპტონი



ბევრი ეკამათა იმ დღეს ქმარსაც და ქალიშვილსაც; ახლა ისე იყო ამ ყველაფრისგან

გამოფიტული, რომ რომანის კითხვას დროებით თავი მიანება. ისეთი გრძნობა ჰქონდა,

თითქოს უეცრად ვიღაცამ თუხთუხა ქვაბს სარქველი ახადა და იქიდან ძველ

კონფლიქტებთან ერთად ახალახალმა უსიამოვნებებმა ამოხეთქა. საუბედუროდ, ამ

წარმოსახვითი სარქვლის ამხდელი თვითონ იყო. საქმე ის გახლდათ, რომ იმ დღეს

სკოტს დაურეკა და სთხოვა, ჩემს ქალიშვილს ცოლად ნუ შეირთავო.



შემდგომ ელა არაერთხელ ინანებს ყველა სიტყვას, რომლებიც ამ საუბრისას წარმოთქვა.

მაგრამ იმ დღეს თავისი პოზიციის დასაბუთებულობაში თუ არა, სრულ სიმართლეში

მაინც იყო დარწმუნებული. ამიტომაც ახალგაზრდების საქმეში ასეთი უხეში არევის

სავალალო შედეგები წინასწარ ვერ გათვალა.



– გამარჯობა, სკოტ! მე ელა ვარ, ჯენეტის დედა... – დაიწყო მან, რაც შეიძლება

მხიარული ტონით, თითქოს თავისი ქალიშვილის შეყვარებულს ყოველდღე ურეკავდა, –

გცალია ერთი წუთით?



–დიახ, მისის რუბინშტეინ, გისმენთ, – წაილუღლუღა სკოტმა, გაოცების მიუხედავად,

ძალიან თავაზიანად.



ელამ არც აცია, არც აცხელა და არანაკლებ თავაზიანად უთხრა, რომ თუმცა მისი

საწინააღმდეგო არაფერი ჰქონდა, მეტისმეტად ახალგაზრდად და გამოუცდელად

მიაჩნდა საიმისოდ, რომ მისი ქალიშვილი ცოლად შეერთო.



– ვიცი, რომ ეს საუბარი შენთვის არასასიამოვნოა, – დასძინა მან, – მაგრამ ოდესმე, არც

ისე შორეულ მომავალში, ყველაფერს სწორად გაიგებ და მადლობასაც კი მეტყვი, დროზე

რომ გაგაფრთხილე.

შემდეგ დელიკატურად სთხოვა, ამაზე ნუღარ ვილაპარაკებთ და ეს საუბარი ჩვენს

საიდუმლოდ დარჩესო.



მძიმე სიჩუმე ჩამოწვა.



– მისის რუბინშტეინ... თქვენ, როგორც ჩანს, არ გესმით... – დაიწყო სკოტმა, როცა ხმის

ამოღება შეძლო, – მე და ჯენეტს გვიყვარს ერთმანეთი...



„აი, ისევ დაიწყო! რა გულუბრყვილობაა. რატომ ფიქრობენ, რომ სიყვარული ყველა

სიძნელეს გადაალახვინებთ, რომ ის ჯადოსნური ჯოხია, რომლის ერთი მოქნევით

ყველაფერი მოგვარდება,“ – გაუელვა ელას, მაგრამ ეს ბიჭისათვის არ გაუმხელია,

ხმამაღლა ესღა უთხრა:



– დამიჯერე, მე მესმის შენი. მაგრამ ჯერ ძალიან ახალგაზრდა ხარ. წარმოიდგინე,

მთელი ცხოვრება წინ გაქვს. ვინ იცის, იქნებ ხვალ სხვა შეგიყვარდეს.

– მისის რუბინშტეინ, უზრდელობაში ნუ ჩამომართმევთ, მაგრამ არ გეჩვენებათ, რომ ეს

ყველას ეხება, მათ შორის თქვენც? მართლაც, ვინ იცის? იქნებ ხვალ თქვენც შეგიყვარდეთ

ვინმე...



ელამ გადაიკისკისა. თავისდა უნებურად საკმაოდ ხმამაღალი და ხანგრძლივი სიცილი

გამოუვიდა.



– მე გათხოვილი ქალი ვარ. როცა დავქორწინდი, სამუდამოდ დავქორწინდი და არა

დროებით. ასევე ფიქრობს ჩემი ქმარიც. ეს საუბარიც სწორედ იქით მიმყავს, რომ

გითხრათ, ქორწინება ძალიან სერიოზული საკითხია და სიფრთხილეს მოითხოვს.

–ანუ, როგორც თქვენ მეუბნებით, თქვენი ქალიშვილი იმიტომ არ უნდა შევირთო, რომ

შეიძლება ოდესმე სხვა შემიყვარდეს? – ჩაეკითხა სკოტი.

ამის შემდეგ საუბარი ვერა და ვერ აეწყო. საკმარისზე მეტი აწყენინეს ერთმანეთს.

საუბარი რომ დაამთავრეს, ელამ სამზარეულოს მიაშურა და წამოიწყო ის, რასაც

ყოველთვის აკეთებდა, როცა მოუსვენრობა შეიპყრობდა ხოლმე: საჭმლის მომზადებას

შეუდგა.



ნახევარ საათში ქმარმა დაურეკა.

– არ მჯერა, რომ სკოტს დაურეკე და სთხოვე, ჩვენი გოგო ცოლად არ შეერთო. მითხარი,

რომ ეს არ გაგიკეთებია...

ელა გაშრა.



„რა უცებ გაიგებს ხოლმე ყველა...“ – გაიფიქრა თავისთვის.

– იცი, რა, მოდი აგიხსნი... – სცადა თავის მართლება, მაგრამ დევიდმა არ დააცადა...

– არაფერია ასახსნელი. ცუდად მოიქეცი. სკოტმა ჯენეტს ყველაფერი უამბო და ბავშვს

ლამის გული გაუსკდეს. რამდენიმე დღე მეგობრებთან იქნება, ახლა შენი ნახვა არ

უნდა... და არც ვამტყუნებ.



იმ საღამოს ოჯახში ღამისთევაზე უარი მხოლოდ ჯენეტს არ უთქვამს. ელამ ქმრის

შეტყობინება მიიღო, გადაუდებელი საქმე გამომიჩნდა და ნუ დამელოდებიო. რა უნდა

ყოფილიყო ასეთი გადაუდებელი? დევიდი ასე არასოდეს იქცეოდა. მას შეეძლო, ყოველ

შემხვედრ ქალთან ჰქონოდა ფლირტი და წარმოიდგინეთ, სექსიც კი, მაგრამ სახლში

ყოველთვის დროზე მოდიოდა და საღამოობით, ვახშმის დროს, მაგიდასთან თავის

ადგილს იკავებდა. არ ჰქონდა მნიშვნელობა, რამდენად ღრმა იყო ბზარი მათ შორის,

ელას მუდამ მზად ჰქონდა ვახშამი და დევიდიც ხალისით შეექცეოდა ყველაფერს, რასაც



თეფშზე დაუდებდნენ. მადლობის (თანაც გულწრფელი მადლობის) თქმაც არასოდეს

ავიწყდებოდა, რასაც ელა მოღალატე ქმრის ერთგვარ მობოდიშებად აღიქვამდა და...

პატიობდა. ყოველთვის პატიობდა. პირველად მოექცა ქმარი ასე უდიერად. ელამ თავისი

თავი დაადანაშაულა. თუმცა, თავის დადანაშაულება ყოველთვის ახასიათებდა.

უამისოდ არც კი შეეძლო...





მოგვიანებით, ტყუპთან ერთად სუფრას რომ მიუჯდა, დანაშაულის გრძნობა

უგუნებობით შეეცვალა. ჯერ ერთ ტყუპისცალს მისდგა, პიცას შევუკვეთო, რომ

აიკვიატა; დატუქსა მეორეც, რომელიც ცდილობდა, სუფრიდან მშიერი ამდგარიყო.

ბოლოს ორივე აიძულა, უგემურად ეძიძგნათ ბრინჯი, ბარდა და მდოგვის

სოუსმოსხმული როსტბიფი. მოკლედ, კვლავინდებურად აქტიური და ფუსფუსა დედის

ამპლუაში იყო, მაგრამ ატყობდა, სასოწარკვეთა თანდათან ერეოდა, პირშიც კი რაღაც

უცნაური გემო ჰქონდა, ნაღველივით მძაფრი და მწარე...



ვახშმის შემდეგ ელა კიდევ კარგა ხანს შემორჩა სუფრას, მაგრამ ირგვლივ გამეფებული

სიმშვიდე და სიჩუმე უცნაურად ემძიმა და საგანგაშოც კი ეჩვენა. უცებ ვახშმის მზადების

რამდენიმესაათიანი, საკმაოდ მძიმე პროცესი უაზრო და მოსაწყენ საქმედ ეჩვენა და

მიხვდა, რომ შეეძლო, სხვა რამე გაეკეთებინა. შეებრალა საკუთარი თავი... დასანანი იყო,

რომ ორმოცი წლის ასაკში სხვას ვერაფერს მიაღწია. რამდენი დაუხარჯავი სიყვარული

იყო მასში... არადა, ვის რაში სჭირდებოდა?



ელა ფიქრებით ისევ წიგნს მიუბრუნდა. ძალიან დააინტერესა მთავარმა გმირმა შამს

თებრიზმა.



„რა კარგი იქნებოდა, მსგავსი კაცი რომ მყავდეს გვერდით... გაეხუმრა თავის თავს,

ალბათ, ასეთთან არც ერთ წუთს არ მოვიწყენდი...“

ანაზდად თვალწინ წარმოუდგა ეს ადამიანი: ახოვანი, იდუმალებით მოცული,

ბაიკერულ ტყავის სამოსში გამოკვართული, გრძელთმიანი, მწუხარე იერის,

ახალთახალი, ფერადფერადი ფუნჯებით მორთული „ჰარლი დევიდსონის“ საჭესთან.

ელას გაეცინა. „წარმოსადეგი, სექსუალური ბაიკერი სუფი, რომელიც უკაცრიელ

ტრასაზე მიქრის... რა მაგარი იქნება, ავტოსტოპით მგზავრობის დროს ასეთმა ტიპმა

მოტოციკლეტზე რომ შემოგისვას...“



ნეტავ რას ეტყოდა შამსი, მისი ხელისგული რომ ენახა? ან რას დაარქმევდა მის თავში

დროდადრო დატრიალებული შავბნელი აზრების კორიანტელს? რა ახსნას მოუძებნიდა

იმ ფაქტს, რომ ამხელა ოჯახის პატრონმა მარტოსულობა ვერ აიცდინა?

„ნეტავ ჩემი აურა რა ფერია? არა მგონია, ნათელი და ხალისიანი ფერი ჰქონდეს.

ნათელი და ხალისიანი ჩემს ცხოვრებაში ამ ბოლო დროს არც არაფერი ყოფილა, თუმცა,

რაღა ამ ბოლო დროს... არც არასოდეს!..“



სწორედ იქ ღუმელის მკრთალი შუქით განათებულ სამზარეულოში განმარტოებით

ჯდომისას, საბოლოოდ გააცნობიერა ელამ, რომ უბრალოდ, იხტიბარს არ იტეხდა,

თორემ გულის სიღრმეში ახლაც სიყვარულზე ოცნებობდა.



                                                                        შამსი

1242 წლის მარტი, ფუნდუკი სამარყანდის გარეუბანში

ბანგნასვამივით ეძინა ფუნდუკის მეორე სართულზე ათიოდე მგზავრს. ყველა თავ-

თავის სიზმრებში ჩაფლულიყო. მძინარეთა შიშველ ფეხებსა და ხელებს გადავაბიჯე და

შმორითა და ოფლით აქოთებულ ლოგინამდე მივაღწიე. ვიწექი სიბნელეში და

განვლილი დღის მოვლენებს ვიხსენებდი. ვუკვირდებოდი, იყო თუ არა მათ შორის რამე

ისეთი, რაც ზეციურ ნიშნად უნდა მიმეღო, მაგრამ უყურადღებობითა და უგუნურებით

მხედველობიდან გამომრჩა.



მე, პატარა ბიჭობიდან მოყოლებული, ხილვები მქონდა და ხმებიც ჩამესმოდა.

ყოველთვის ვესაუბრებოდი ღმერთს და ისიც ყოველთვის მეხმიანებოდა. იყო დღეები,

როცა ბუმბულივით მსუბუქი და უწონო გავმხდარვარ და ლამის ცას ავწვდომივარ,

მაგრამ გამომივლია ისეთი წუთებიც, როცა დედამიწის ყველაზე ღრმა შრეებში

ჩამძვრალი მძლავრი მუხის ან სურნელოვანი წაბლის ძირში დაფლულ, მიწის სუნით

გაჟღენთილ ქვასავით უსულოდ ვგდებულვარ. დროდადრო მადა მეკარგებოდა ხოლმე.

რამდენიმე დღე ისე ჩაივლიდა, პირში ლუკმას არ ჩავიდებდი, მაგრამ ასეთი რამეები არ

მაშინებდა. უბრალოდ, დროთა განმავლობაში ჭკუა ვისწავლე და სხვებს აღარაფერს

ვუმხელდი. ადამიანებს ხომ ასე სჩვევიათ: თუ რამე არ ესმით, აუცილებლად კბილი

უნდა გაგკრან. ეს იმთავითვე კარგად შევითვისე და რაც შემეძლო, ვფრთხილობდი.

ჩემი ხილვები პირველ რიგში მამაჩემს არ მოუვიდა თვალში. ათი წლის ვიყავი, როცა

პირველად ვიხილე ჩემი მფარველი ანგელოზი და მას შემდეგ ყოველდღიურად

ვხედავდი. ისეთი გულუბრყვილო ვიყავი, მეგონა, ყველა ასე იყო.



ერთხელ მამაჩემს, რომელიც თავისი ხელობისთვის, დურგლობისთვის, მამზადებდა

და კედრისაგან ზანდუკის გამოთლას მასწავლიდა, ჩემს მფარველ ანგელოზზე ვუამბე.

– წარმოსახვის უნარი, იცოცხლე, გაქვს, – მითხრა ცივად, – მაგრამ გიჯობს, შენთვის

შეინახო; ამ ხალხს ნუ მიგიჟებ...



საქმე ის იყო, რომ რამდენიმე დღის წინ მეზობლებმა შესჩივლეს, შენი ბიჭი უცნაურად

იქცევა და ბავშვებს გვიშინებსო.



– გამაგებინე, რა გინდა, შვილო? რატომ არ შეეგუები იმ აზრს, რომ მშობლებისაგან

არაფრით გამორჩეული არ ხარ? შვილი ან დედას ემსგავსება, ან მამას. რაღა შენ უნდა იყო

გამონაკლისი?! – გამიწყრა ბოლოს.



სწორედ მაშინ მივხვდი პირველად: მშობლები მიყვარდა, მათ სიყვარულსაც

დანატრებული ვიყავი, მაგრამ ისინი მაინც უცხოები იყვნენ ჩემთვის...

– მამა, მე სხვა ვარ... შენს დანარჩენ შვილებს არ ვგავარ. წარმოიდგინე, რომ ქათმების

გამოზრდილი იხვის ჭუჭული ვარ და არა შინაური ფრინველი, რომელმაც მთელი

ცხოვრება საქათმეში უნდა გაატაროს. წყალი, რომელიც შენ გაშინებს, მე სიცოცხლეს

მმატებს, რადგან შენგან განსხვავებით, მე ცურვა ვიცი და ამას არასოდეს დავიშლი. ჩემი

სახლი ოკეანეა. თუ სურვილი გაქვს, გამომყევი, თუ არა, თავი დამანებე და საქათმეს

დაუბრუნდი.



ჯერ თვალები გაუფართოვდა. მერე ისე მოწკურა, ძლივსღა უჩანდა. ბოლოს

საყვედურით მითხრა:



– მამაშენს რომ ასე ელაპარაკები, მტრებს რაღას უზამ, როცა დაკაცდები?!..

ჩემი მშობლების საუბედუროდ, ასაკთან ერთად ხილვები კი არ მომშორდა, პირიქით,

კიდევ უფრო მომეძალა და მთლიანად შემიპყრო. ვიცოდი, მშობლებს ვაწუხებდი და

ამის გამო თავს დამნაშავედ ვგრძნობდი, მაგრამ არც ამ ხილვებისგან თავის დაღწევა

შემეძლო, თუმცა, რომც შემძლებოდა, ალბათ, ამას არ გავაკეთებდი.



ცოტა ხანში მამისეული სახლის კარი სამუდამოდ გამოვიხურე და მას შემდეგ არაფერი

ჩამესმის ყურში ისე ტკბილად, როგორც სიტყვა თავრიზი. თაფლივით მადნება სასაზე

მისი ამო ბგერები. ბავშვობის ქალაქის მოგონებას ყოველთვის სამი სურნელი ახლავს

თან: მოჭრილი ხის, ხაშხაშის პურისა და ხრაშუნა თოვლის... მას შემდეგ მოხეტიალე

დავრიში გახლავართ; ერთ ადგილას ერთ ღამეზე მეტი არასოდეს გამითენებია; ერთი და

იმავე ჯამიდან ორჯერ არასოდეს მიჭამია; ყოველდღე სხვადასხვა სახეს ვხედავ. როცა

მომშივდება, ორიოდე გროშს სიზმრების ახსნით ვშოულობ. ხან აღმოსავლეთისკენ ვიზამ

პირს, ხან დასავლეთისკენ. ყველგან ღმერთს დავეძებ. ვეძიებ ცხოვრებას, რომელიც

ცხოვრებად ღირს და ცოდნას, რომელიც ცოდნად ღირს; ფესვს არსად ვიკიდებ და ამავე

დროს, ყველგან წამესვლება, საითაც გული გამიწევს.



რა ადგილები არ მოვიარე ამ ხეტიალში! ცნობილი სავაჭრო გზებიც დამილახავს და

მივიწყებული ბილიკებითაც მივლია, სადაც რამდენიმე დღის განმავლობაში ერთ

სულიერსაც არ შევხვედრივარ; შავი ზღვის სანაპიროებიდან სპარსეთის ქალაქებამდეც

მიმიღწევია და შუა აზიის ტრამალებიდან არაბეთის ქვიშნარამდეც; სულ ფეხით მაქვს

მოვლილი ხშირი, უღრანი ტყეები, მოლით მოფენილი მდელოები თუ ხრიოკი

უდაბნოები...



ღამეებს ფუნდუკებსა და ქარვასლებში ვათევ; საუკუნოვან ბიბლიოთეკებში მხცოვან

ბრძენკაცებს ვებაასები; მაქთაბებში მასწავლებლებს ვუგდებ ყურს, მედრესეს

მოწაფეებთან ტაფსირითა და ლოგიკური სჯაბაასით ვიქცევ თავს; ტაძრებსა და

სალოცავებში დავდივარ; გამოქვაბულებში შეხიზნულ განდეგილებთან ერთად ფიქრებს

ვეძლევი; დავრიშებთან ერთად ზექრს ვასრულებ, ბრძენკაცებთან ერთად ვშიმშილობ,

მწვალებლებთან ერთად ვსადილობ, სავსემთვარეობას შამანებთან ერთად ვროკავ; ყველა

სარწმუნოების, ასაკისა და ხელობის ადამიანს ვხვდები; უბედურებაც მინახავს და

საოცრებების მოწმეც ვყოფილვარ; სიღატაკეში ჩაფლული სოფლებიც მახსოვს და

ნაცარტუტად ქცეული ველ-მინდვრებიც; სისხლით წალეკილი, გაუკაცრიელებული,

ნაოხარი ქალაქებიც შემხვედრია, სადაც ათი წლის ბალღების გარდა ცოცხალი აღარავინ

დარჩენილა; კაცთა მოდგმის უკიდურესი სიავის მომსწრეც ვყოფილვარ და სიკეთისაც.



აღარაფერი მაკვირვებს...

ამ გამოცდილების საფუძველზე ჩამოვაყალიბე კანონთა ერთგვარი კრებული. ამ

კანონებს ვერც ერთ წიგნში ვერ ამოიკითხავთ, იგი მხოლოდ და მხოლოდ ჩემი სულის

ამოძახილია. ამ კრებულს „მოხეტიალე მაჰმადიანის მრწამსის გამომხატველი ძირითადი

დებულებები“ ვუწოდე და ისინი ბუნების კანონებივით უქცეველ, საყოველთაო და



სარწმუნო კანონებად მიმაჩნია. ხსენებული დებულებები ქმნის სიყვარულის რელიგიის

ორმოც წესს. მათი აღსრულება მხოლოდ სიყვარულით არის შესაძლებელი.

აჰა, ისმინე ერთერთი მათგანი:



„ჭეშმარიტებისკენ გზის გაკვლევა გულის საქმეა და არა გონებისა. უპირველეს

მეგზურად სწორედ გული უნდა გაიხადო. მედგრად დაუდექ შენს ნაფსს, შეერკინე და

გულით აჯობე. როცა საკუთარ „მეს“ შეიცნობ, შეიცნობ ღმერთსაც!“



ამ წესების ჩამოყალიბებას ორმოცი წელი მოვანდომე. როცა ეს სამუშაო დასრულდა,

ვიგრძენი, რომ ამ სოფლად ჩემი ყოფნის დროც მიიწურა. ამას ბოლოდროინდელი

ხილვებიც მიდასტურებს. თავად სიკვდილი როდი მაფრთხობს (მე იგი დასასრულად არ

მიმაჩნია), მემკვიდრეობის დატოვების გარეშე ამ ქვეყნიდან წასვლა მაშინებს მხოლოდ.

სათქმელს გულში ვეღარ ვიტევ და მინდა, ეს ცოდნა სხვასაც გავუზიარო; ოღონდ ეს

ადამიანი არც მასწავლებელი უნდა იყოს და არც მოწაფე. ტოლს ვეძებ, სულის სწორს...

– ღმერთო! – წავიჩურჩულე ბნელ, ნესტიან ოთახში მწოლიარემ. – ყარიბად ქცეულმა

მთელი დუნია შემოვიარე. შენკენ სავალ ბილიკებს მოვდევდი. ყველა ადამიანის სულში

ჩამიხედავს და თითოეული მათგანი მოარულ ყურანად მიცნია. თავს ვარიდებდი

სპილოს ძვლის კოშკებში გამოკეტილ სწავლულებს; დევნილთან, გარიყულთან,

მიუსაფარსა და არასმქონესთან მერჩივნა ურთიერთობა; ახლა კი სავსე ვარ ამ

ყველაფრით და მსურს, შენი სიბრძნე იმას გადავულოცო, ვისაც ჯერ არს. მერე კი ისე

მომეპყარი, როგორიც იქნება ნება შენი...“



ანაზდად ოთახი ისე უცნაურად აკიაფდა, რომ მძინარეთა სახეებს მკვდრულმა

სილურჯემ გადაჰკრა. ჰაერიც კი შეიცვალა: თითქოს ვიღაცას ყველა ფანჯარა გაეღო და

ქარს შორეული ბაღებიდან შროშანისა და იასამნის სურნელი მოეტანა.

– ბაღდადს წადი!.. – ჩამესმა ჩემი მფარველი ანგელოზის ღიღინა ხმა.

– ბაღდადში რა დამრჩენია? – ვკითხე მე.



– შენ ხომ სულიერი მეგზური ინატრე... ჰოდა, შეხვდები კიდეც. ბაღდადში ერთ ოსტატს

გაიცნობ და ის უცდომლად მიგასწავლის, საით იარო...



თვალები მადლიერების ცრემლით ამევსო. ამიერიდან ვიცოდი, რომ ხილვაში ნანახი

კაცი სხვა არავინ იყო, თუ არა ჩემი მომავალი მეგობარი. ადრე თუ გვიან შეხვედრა არ

აგვცდებოდა და მაშინ ხომ მაინც შევიტყობდი, რატომ ჩასდგომოდა სათნო, თაფლისფერ

თვალებში მარადიული სევდა, ან რამ მიმიყვანა გაზაფხულის იმ ღამეს ჩემი ფეხით იქ,

სადაც სიკვდილი მიდარაჯებდა.



                                                                                 ელა



2008 წლის 19 მაისი, ნორთჰემპტონი



ბავშვების სკოლიდან დაბრუნების დრო იყო, ამიტომ ელამ გვერდი მონიშნა და წიგნი

გვერდზე გადადო. რომანის ავტორმა ძალიან დააინტერესა და ინტერნეტში მის გვარ

სახელს ა.ზ. ზაჰარას დაუწყო ძებნა. აინტერესებდა, რას ეტყოდა „გუგლი“, თუმცა

ბევრს არაფერს ელოდა. და რაოდენ გასაკვირი იყო, როცა უცებ ავტორის პირადი ბლოგი



გამოჩნდა. ბლოგის ფერად ფონზე ამეთვისტოსფერი და ფირუზისფერი ჭარბობდა.

ზემოთ თეთრკაბიანი მამაკაცის ფიგურა ტრიალებდა. ელას მოცეკვავე დავრიში ადრე

არასოდეს ენახა, ამიტომ გამოსახულებას ყურადღებით დააკვირდა. ბლოგს ერქვა

„კვერცხის ნაჭუჭი, სახელად ცხოვრება“. იქვე ამავე სათაურის ლექსიც ნახა:



„სულის ჯუფთებად გავიხადოთ ერთურთი, ძმანო,

ვეძმოთ ერთმანეთს და ერთმანეთს ფეხთით დავუსხდეთ.

ვირწმუნოთ ის, რომ სულიერად ერთმანეთს ვგავართ.

ტყუილად ვფიქრობთ, რომ ისა ვართ მხოლოდ, რაც ვჩანვართ“.



ბლოგის პირველი გვერდი სავსე იყო მთელი მსოფლიოს ქალაქების ხედებით. ყოველ

ღია ბარათს ამა თუ იმ ადგილის შესახებ კომენტარები ახლდა. სწორედ ამ კომენტარების

კითხვისას შეიტყო ელამ სამი რამ. პირველი (რამაც მისი ყურადღება თავიდანვე

მიიქცია): ასო ა ზაჰარას სახელის აზიზის ინიციალი აღმოჩნდა. მეორე: ეს აზიზი თავს

სუფიად მიიჩნევდა და მესამე: ამჟამად იგი სადღაც გვატემალაში იმყოფებოდა.

ბლოგის მორიგ განყოფილებაში თვითონ აზიზის გადაღებული ფოტოები ნახა.



ფოტოებზე ყველა ეროვნებისა და რასის ადამიანები იყვნენ აღბეჭდილი. სრულიად

სხვადასხვა ხალხი იყო, მაგრამ ერთი უცნაური რამ აერთიანებდათ: ყველა მათგანს

რაღაც აკლდა. ზოგს სრულიად მარტივი და უმნიშვნელო რამ, მაგალითად, საყურე,

ფეხსაცმელი ან ღილი. სხვებს კი უფრო არსებითი: მაგალითად: კბილი, თითი, ზოგს კი

სულაც ფეხი. ფოტოების ქვემოთ ასეთი წარწერა იყო:



„არა აქვს მნიშვნელობა, ვინ ვართ ან სად ვცხოვრობთ, ყველა ჩვენგანს აწუხებს

არასრულყოფილების განცდა. თითქოს რაღაც დავკარგეთ და მის დაბრუნებას ვლამობთ.

მაინც რას ვისაკლისებთ? ამას ცოტა ვინმე თუ გაიგებს ალბათ, და ვინც გაიგებს, მათგან

ერთეულებს თუ ეყოფათ ძალა, ძიების გზას დაადგნენ.“



ელამ მთელი საიტი დაათვალიერა. ყველა ფოტოს ადიდებდა და აზიზის ყველა

კომენტარს კითხულობდა. გვერდის ბოლოს ელექტრონული მისამართი იყო:

azizZzahara@gmail.com, რომელიც ელამ საგანგებოდ ამოიწერა.

ბლოგს რუმის ლექსი აგვირგვინებდა:



„მეგზურად სიყვარულს თუკი არ აირჩევთ,

ცხოვრება გექცევათ უმძიმეს ტვირთად...“



სწორედ ამ ლექსის წაკითხვის შემდეგ გაუნათა ელას გონება ერთმა აზრმა. წამით

მოეჩვენა, რომ ყველაფერი, რაც აქ ნახა ფოტოები, კომენტარები, ციტატები თუ ლექსები

აზიზ ზაჰარამ თავის ბლოგში მხოლოდ მის საყურადღებოდ, მის დასანახავად განათავსა.

ცოტა არ იყოს, უცნაური და ქედმაღლური აზრი იყო, მაგრამ ჭკუაში კი ნამდვილად

დაუჯდა.



იმავე დღეს, მოგვიანებით, ელა ფანჯარასთან იჯდა. დაღლილობა ერეოდა, გუნებაზეც

ვერ იყო. ზურგზე მცხუნვარე მზე აჭერდა. სამზარეულოში მორიგი ნამცხვრის სუნი

ტრიალებდა. მუხლებზე ხელნაწერი გადაეშალა, მაგრამ საკითხავს გულს ვერ უდებდა.



უცებ აზრად მოუვიდა: „მოდი, მეც შევქმნი წესების კრებულს და ასე დავარქმევ: „სახლში

ჩამჯდარი, ქოთქოთა დიასახლისის ორმოცი წესი...“ და ბუტბუტით დაიწყო:

– წესი პირველი: „შეწყვიტე სიყვარულის ძებნა და აუხდენელი ოცნებების დევნა!

ორმოცს მიღწეული გათხოვილი ქალისთვის სხვა, უფრო მნიშვნელოვანი საქმეები

არსებობს.“



ამ ხუმრობამ უცებ თავისი ერთერთი პრობლემა გაახსენა. ელა ანერვიულდა, თავი

ვეღარ შეიკავა, უფროსი ქალიშვილის ნომერი აკრიფა და ავტომოპასუხეზე შეტყობინება

დაუტოვა:



„ჩემო გოგო, ვიცი, რომ სკოტისთვის არ უნდა დამერეკა, მაგრამ გულში ცუდი არაფერი

მქონია. მე, უბრალოდ, მინდოდა დავრწმუნებულიყავი, რომ...“ – ელა შეჩერდა და

მწარედ ინანა, რომ ტექსტის შინაარსი წინასწარ არ მოიფიქრა. ავტომოპასუხის ჩუმი

შიშინი თითქოს ახსენებდა, ფირი ტრიალებს და დაუჩქარეო... – „ერთი სიტყვით, ჯენეტ,

ვნანობ ჩემს საქციელს. ვიცი, რომ საწუწუნო არაფერი მაქვს და ბედნიერი უნდა ვიყო,

მაგრამ ძალიანაც... უბედური ვარ“.



ტკაც. ავტომოპასუხე გაჩერდა. ელას გული შეუტოკდა, ეს რა ვთქვიო... თავი

უბედურად არასოდეს ჩაუთვლია. ეს რა ხდება? ნუთუ შესაძლებელია, წლობით ასე

გიჭირდეს და ამას ვერც კი ამჩნევდე? ყველაზე უცნაური ის იყო, რომ ამ უცაბედი

აღიარების გამო დიდად არ შეწუხებულა. საერთოდ, ამ ბოლო დროს გრძნობები

როგორღაც მოუდუნდა. უცებ მზერა აზიზ ზაჰარას ელექტრონული მისამართისაკენ

გაექცა. ეს მარტივი, უპრეტენზიო მისამართი თითქოს იწვევდა და იტყუებდა. ელას

ბევრი აღარ უფიქრია, კომპიუტერთან მივიდა და წერილის წერას შეუდგა:

„ძვირფასო (თუ შეიძლება ასე მოგმართოთ) მისტერ ზაჰარა!



ჩემი სახელია ელა. მე თქვენს რომანს ვკითხულობ. საქმე ის გახლავთ, რომ

ლიტერატურული სააგენტოს თანამშრომელი ვარ და ეს ჩემი პირდაპირი მოვალეობაა.

წიგნის კითხვა ახლახან დავიწყე და უდიდეს სიამოვნებას ვიღებ. თუმცა, ეს ჩემი

თვალსაზრისია და შესაძლოა, ჩემი ხელმძღვანელის თვალსაზრისს არ ემთხვეოდეს. ჩემი

შთაბეჭდილება ნაკლებად იმოქმედებს ჩემი ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებაზე.

თუ სწორად გაგიგეთ, თქვენ გწამთ, რომ სიცოცხლის აზრი სიყვარულია და სხვას

არაფერს აქვს მნიშვნელობა. უმიზნო კამათს ნამდვილად არ ვაპირებ; საკმარისია, ვთქვა,

რომ მთლად ვერ დაგეთანხმებით, მაგრამ ახლა ამიტომ არ გწერთ. ეს ნაბიჯი სხვა რამემ

გადამადგმევინა: საქმე ის გახლავთ, რომ თქვენი წიგნი, რაღაც უჩვეულო დამთხვევის

ძალით, საოცრად დროულად ჩამივარდა ხელში. ამჟამად ვცდილობ, უფროს ქალიშვილს

გავაგებინო, რომ ნაადრევად არ გათხოვდეს. გუშინ მის შეყვარებულს ტელეფონით

ვთხოვე, ქორწინება გადაედო, ქალიშვილმა კი მომიძულა და ხმას არ მცემს. ასე მგონია,

თქვენ გაუგებდით ერთმანეთს, რადგან სიყვარულზე თითქმის ერთნაირი აზრი გაქვთ.





ვწუხვარ, რომ ჩემი პრობლემები მოგახვიეთ თავზე. ნამდვილად არ მქონდა ასეთი

განზრახვა. თქვენს პერსონალურ ბლოგში (სწორედ იქ ვიპოვე თქვენი ელექტრონული

მისამართი) ნათქვამია, რომ ახლა გვატემალაში ბრძანდებით. მოგზაურობა მართლაც



ბედნიერებაა. თუ ბოსტონში გამოივლით, იქნებ შევხვედროდით ერთმანეთს და ყავა

დაგველია ერთად.



საუკეთესო სურვილებით, ელა.“

ამას, ალბათ, წერილიც არ ეთქმოდა; უფრო სწორი იქნებოდა გვეთქვა, რომ ელა იწვევდა

ამ კაცს, საშველად უხმობდა, თუმცა ახლა, მყუდრო სამზარეულოში რომ იჯდა და

სწერდა უცნობ მწერალს, რომელთან შეხვედრის შესაძლებლობას ვერც კი

წარმოიდგენდა, ამას ვერ აცნობიერებდა.



                                                                         ოსტატი



1242 წლის აპრილი, ბაღდადი



ბაღდადს შამს თებრიზის ჩამოსვლა შეუმჩნეველი დარჩა, მაგრამ მე არასოდეს

დამავიწყდება ის დღე, როცა იგი ჩვენს მოკრძალებულ სავანეს ეწვია. იმ დღეს საპატიო

სტუმრები გვყავდა. თავისი მეგობრების თანხლებით უზენაესმა მოსამართლემ

მოგვაკითხა. ვეჭვობდი, რომ ეს სტუმრობა მხოლოდ გულისხმიერებით არ იყო

ნაკარნახევი. ყველამ იცოდა, რომ მოსამართლე სუფიებს არ წყალობდა და იმ დღესაც

უფრო იმიტომ გვეწვია, რომ გავეფრთხილებინეთ: თვალი ფხიზლად მიჭირავს

თქვენზეც და ყველა აქაურ სუფიზეცო.



ამპარტავანი, ფართოსახიანი, ღიპიანი კაცი იყო. კოტიტა თითებზე ძვირფასი ბეჭდები

ჰქონდა ასხმული. საჭმლისაგან თავის შეკავება ჰაერივით სჭირდებოდა, მაგრამ ამის

თქმას ვერავინ უბედავდა, თვით პირადი ექიმიც კი.



სჯულისკაცობა გვარში მოსდგამდა და ჩვენს მხარეში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი

პირი იყოერთი ბრაძანებით შეეძლო, სრულიად უბრალო ადამიანი სახრჩობელაზე

აეყვანა, მაგრამ ასევე ადვილად შეეძლო, ბნელი დილეგიდან დამნაშავე გამოეყვანა და

შეეწყნარებინა. ყოველთვის ბეწვის ქათიბები და მდიდრული სამოსი ეცვა. თავი

ბატონკაცურად და თავდაჯერებულად ეჭირა.



თავის თავზე შეყვარებული ხალხი არაფრად მეპიტნავებოდა, მაგრამ ჩვენი სავანის

საკეთილდღეოდ ყველაფერს ვაკეთებდი, რომ ამ გავლენიან ადამიანთან ურთიერთობა

არ გამეფუჭებინა.



– ამქვეყნად ყველაზე დიდებულ და გასაოცარ ქალაქში ვცხოვრობთ! – ბრძანა

მოსამართლემ და ლეღვი გადასანსლა. აივსო ბაღდადი მონღოლთა ურდოებისაგან

დევნილი ადამიანებით. ჩვენმა ქალაქმა შეიკედლა ისინი. მსოფლიოს გულია ბაღდადი,

ასე არ არის, ბაბა ზამან?



– თქმა არ უნდა, ეს ქალაქი ნამდვილი მარგალიტია, – დავეთანხმე ფრთხილად, მაგრამ

ნუ დაგვავიწყდება, რომ ქალაქი ცოცხალ არსებას ჰგავს, მან ჯერ ბავშვობა უნდა

გამოიაროს, შემდეგ მოწიფულობა, შემდეგ სიბერე, ბოლოს კი სიკვდილი არ ასცდება! ამ

წუთში ბაღდადი სიყმაწვილის ასაკშია. მართალია, ისეთი მდიდრები აღარ ვართ,

როგორიც ხალიფა ჰარუნ არ რაშიდის დროს ვიყავით, მაგრამ ჩვენდა საამაყოდ უნდა

ითქვას, რომ ვაჭრობის, ხელოვნებისა და პოეზიის უმსხვილესი კერა ვართ. თუმცა,



არავინ იცის, როგორი იქნება ეს ქალაქი საუკუნეების შემდეგ. ყველაფერი შეიძლება

შეიცვალოს.



– გულგატეხილობა და უიმედობა არ გვეკადრება! – თქვა მოსამართლემ, თავი

უკმაყოფილოდ გააქნია და ჯამიდან ფინიკი ამოიღო, – აბასიდები ტახტს არავის

დაუთმობენ და ჩვენ შემდგომ აყვავებას წინ აღარაფერი დაუდგება. რა თქმა უნდა, თუ

ჩვენს რიგებში მყოფმა ზოგიერთმა მოღალატემ არ აგვირია. ეს ის ხალხია, ვინც თავის

თავს მაჰმადიანს უწოდებს, მაგრამ ისლამის მათებური გაგება ბევრად უფრო სახიფათოა,

ვიდრე ურწმუნოთა მუქარა!



დუმილი ვარჩიე. ყველამ იცოდა, რომ მოსამართლე წესრიგის დამრღვევებად

მიიჩნევდა იმ მისტიკოსებს, რომლებსაც ისლამის თავისებური ხედვა აქვთ და მის

იდუმალ არსს იკვლევენ. იგი ბრალს გვდებდა შარიათის უგულებელყოფაში, რაც მისი

აზრით, ისეთი დარბაისელი კაცების უპატივცემულობას ნიშნავდა, როგორიც თვითონ

იყო. ზოგჯერ ვატყობდი: ერთი სული ჰქონდა, ყველა სუფი კინწისკვრით გაეგდო

ბაღდადიდან.



– მართალია, თქვენი საძმო უწყინარია, მაგრამ არ გეჩვენებათ, რომ ზოგიერთი სუფი

ძალიან გათავხედდა? – იკითხა მოსამართლემ და წვერზე ხელი მოისვა.

არ ვიცოდი, რა მეპასუხა. ბედად, სწორედ იმწუთას ვიღაცამ კარზე მოგვიკაკუნა. ჩვენი

წითური მორჩილი იყო. სწრაფად მომეჭრა და ყურში ჩამჩურჩულა, სტუმრად

მოხეტიალე დავრიში გვეწვია, მხოლოდ შენთან შეხვედრას ითხოვს, სხვებთან საუბარზე

უარს ამბობსო.



სხვა დროს, ალბათ, მორჩილს დავავალებდი, ახალმოსული რომელიმე მყუდრო

ოთახში შეეყვანა, თბილი სადილი მიერთმია და სტუმრების წასვლამდე იქ მოესვენებინა,

მაგრამ ახლა, როცა მოსამართლე გასაქანს არ მაძლევდა, ვიფიქრე, მოდი, შემოვიპატიჟებ,

მოგზაური კაცია, ათასნაირი ამბით შეგვიქცევს და დაძაბულობას გაანელებს-მეთქი.

ასეც მოვიქეცი.



რამდენიმე წუთში კარი გაიღო და ოთახში თავით ფეხებამდე შავებში გამოწყობილმა

სტუმარმა შემოაბიჯა. გაურკვეველი ასაკის, მაღალი, ხმელხმელი, გალეული კაცი იყო,

წვეტიანი ცხვირი და ბუდეში ღრმად ჩამჯდარი შავი თვალები ჰქონდა. მუქი თმა სქელ

კულულებად ჩამოჰყროდა შუბლსა და თვალებზე. ჩაჩიანი მოსასხამი, მატყლის ნაბადი

და ცხვრის ტყავისაგან შეკერილი წუღები ეცვა; ყელზე ათასნაირი ავგაროზი და

თილისმა ეკიდა; ხელში ხის ჯამი ეჭირა, როგორსაც დავრიშები იმისთვის დაატარებენ,

რომ მოწყალების თხოვნით თავი დაიმდაბლონ და თავიანთი პატივმოყვარეობა ამით

დათრგუნონ.



უცებ შევატყვე, ეს კაცი საზოგადოების აზრს ანგარიშს არ უწევდა და ყველაზე

ნაკლებად ის ადარდებდა, რომ ხალხს შეიძლებოდა, გლახაკში შეშლოდა. იდგა და

ელოდა, როდის მიეცემოდა საშუალება, ჩვენთვის თავი გაეცნო. თვალი შევავლე თუ არა,

მაშინვე მივხვდი, რომ სულ სხვა კაცთან გვქონდა საქმე. მისი თვალები, მიხრა-მოხრა,

სხეული, მთელი მისი არსება ამაზე მეტყველებდა. იგი მაგონებდა პატარა და ერთი



შეხედვით უმწეო რკოს, რომელშიც უკვე ჩასახულია მომავალი გოროზი მუხა. ჩუმად

მომჩერებოდა თავისი გამჭოლი, შავი თვალებით და თავს მიქნევდა.

– კეთილი იყოს შენი ფეხი ჩვენს სავანეში, დავრიშო, – ვუთხარი და იქვე, მუთაქებზე

მივუთითე.



მოსალმება რომ დაამთავრა, ჩამოჯდა და ოთახს ყურადღებით მოავლო თვალი. ერთი

წვრილმანიც არ გამორჩენია. ბოლოს მზერა მოსამართლეზე შეაჩერა. ერთხანს

უსიტყვოდ, ჯიქურ შესცქეროდნენ ერთმანეთს. უნებურად ცნობისმოყვარეობით

აღვივსე, ნეტავ, რას ფიქრობდა ერთმანეთზე ეს ორი უკიდურესად განსხვავებული კაცი.

დავრიშს თხის თბილი რძე, ლეღვის ჩირი და ფინიკი შევთავაზეთ, მაგრამ ყველაფერზე

თავაზიანი უარი გვითხრა. როცა ვინაობა ვკითხეთ, შამს თებრიზად გაგვეცნო.

მოხეტიალე დავრიში გახლავართ, ყველგან ღმერთს დავეძებო, დასძინა.

– თუ გიპოვია ოდესმე? – ვკითხე მე.



წამით სახე მოეღრუბლა და თავი გააქნია.

– ის ყოველთვის ჩემთან არის...



მოსამართლე არც კი ცდილა იქედნური ღიმილის შეკავებას.

– ვერ გამიგია, ეს დავრიშები ასე რატომ ართულებთ ყველაფერს. თუკი ღმერთი შენთან

არის, მის ძებნაში ფეხებს რატომღა იღლი?

შამსმა თავი ფიქრიანად ჩახარა და წუთით დადუმდა. როცა კვლავ ამოიხედა და

საუბარი დაიწყო, სახე მშვიდი ჰქონდა, კილო კი დინჯი და აუღელვებელი:

– იმიტომ, რომ ცხადზე ცხადია: მაძიებელი ყოველთვის ვერ პოვებს, მაგრამ მხოლოდ

ის პოვებს, ვინც ეძიებს...



– სიტყვებით თამაშობ, დავრიშო, – ჩაიქირქილა მოსამართლემ, – იმის თქმა ხომ არ

გინდა, რომ ღმერთს ვერასოდეს მივაგნებთ, თუ მთელი ცხოვრება ერთ ადგილს არ

მოვშორდებით? ეს ხომ სისულელეა! რატომ გგონია, რომ მაინცდამაინც ყველამ შენსავით

ჯვალო უნდა გადაიცვას და ღობეყორეს მოედოს?!



ამ სიტყვებს სიცილი მოჰყვა. ოთახში თავმოყრილნი ცდილობდნენ,

მოსამართლისათვის კვერი დაეკრათ. ეს იყო ნაძალადევი, გაუბედავი, უსიხარულო

სიცილი იმ ადამიანებისა, ვინც ამა ქვეყნის ძლიერთა ლიქნას არიან შეჩვეული. თავი

უხერხულად ვიგრძენი. ტყუილად მეგონა, რომ მოსამართლესა და დავრიშს საერთო ენას

ვაპოვნინებდი.



– როგორც ჩანს, არასწორად გამიგე. იმის თქმა სულაც არ მსურდა, რომ ადამიანი

ღმერთს ვერ იპოვის, თუ თავისი მშობლიური ქალაქიდან ფეხს არ გადგამს, – თქვა

დავრიშმა, – ყველაფერი შესაძლებელია. არსებობენ ადამიანები, რომლებსაც არასოდეს

უმოგზაურიათ, მაგრამ სამყარო, დიახაც, უნახავთ.



– მართლა?! – დამცინავად გაიკრიჭა მოსამართლე, მაგრამ ღიმილი მყისვე სახეზე

შეეყინა, როცა დავრიშის შემდეგი სიტყვები გაიგონა:

– მე იმის თქმა მსურდა, მოსამართლევ, რომ ადამიანი ღმერთს ვერ იპოვის, თუ ბეწვის

ქათიბი, აბრეშუმის კაბა და დიდებული სამკაულები არ მოიშორა.



ყველანი გავისუსეთ. ჩამიჩუმი აღარ ისმოდა, სუნთქვაც კი შეგვეკრა, თითქოს კიდევ

ველოდით რაღაცას, თუმცა, ამაზე უფრო თავზარდამცემი რა უნდა ყოფილიყო, ვერც კი

წარმომედგინა.



– დავრიშისათვის მეტისმეტად ბასრი ენა გაქვს, – უთხრა მოსამართლემ.

– სათქმელს ყოველთვის ვიტყვი, თუნდ მთელმა ქვეყანამ ყელში ხელი წამიჭიროს და

გაჩუმება მიბრძანოს, – იყო პასუხი.

მოსამართლემ ეს სიტყვები წარბშეკრულმა მოისმინა, მაგრამ შემდეგ მხრები

დაუდევრად აიჩეჩა და თქვა:



– სწორედ ახლა ვსაუბრობდით ჩვენი ქალაქის დიდებულებაზე და შენი აზრის

მოსმენაც არ გვაწყენდა. ალბათ, მოგზაურობისას ბევრი რამ გინახავს. გეგულება სადმე

ბაღდადზე მომხიბვლელი ადგილი?



შამსმა რიგრიგობით ყველას მოგვავლო ფრთხილი მზერა და თქვა:

– ბაღდადი რომ საუცხოო ქალაქია, თქმა არ უნდა. მაგრამ მარადიული სილამაზე არ

არსებობს. ქალაქის საყრდენი სულიერებაა. ქალაქები ვეებერთელა სარკეებივით

ირეკლავენ თავიანთი მცხოვრებლების გულებს. თუ ეს გულები ბნელმა მოიცვა და

რწმენა გაუქრა, ქალაქები კარგავენ თავიანთ დიდებულებას. ეს ასეა და მუდამ ასე იქნება.

თანხმობის ნიშნად უნებურად თავი დავუქნიე. შამს თებრიზმა წამით თავი წაართვა

ფიქრებს, მომიბრუნდა და მზერა შემომანათა. თაკარა მზის სხივებივით გამათბო ამ

მზერამ. სწორედ მაშინ ვიგრძენი ცხადლივ, თუ როგორ ამართლებდა იგი თავის სახელს.

ეს კაცი ცხოველმყოფელ ძალას ასხივებდა და შინაგანად ისევე იწვოდა, როგორც

ცეცხლოვანი მნათობი. იგი მართლაც რომ შამსი იყო, მზე.

მაგრამ მოსამართლე სხვა აზრისა ჩანდა.



– თქვენ, სუფიები, ყველაფერს ართულებთ. ეს ფილოსოფოსებს და პოეტებსაც ეხება! რა

საჭიროა ასეთი უხვსიტყვაობა? ადამიანი მარტივი არსებაა და მარტივი

მოთხოვნილებები აქვს. წინამძღოლები უნდა მიუხვდნენ, რა სჭირდებათ და იზრუნონ

იმაზე, რომ ადამიანები სწორ გზას არ ასცდნენ. ამისთვის კი შარიათის კანონები რაც

შეიძლება მკაცრად უნდა დავიცვათ.



– შარიათი სანთელსა ჰგავს, – შეეპასუხა შამს თებრიზი, – მართალია, სანთელი ბნელში

გზას გვინათებს, მაგრამ თუკი დაგვავიწყდა, საით მივდივართ, სანთელი რაღას

გვიშველის?



მოსამართლემ უკმაყოფილოდშეყარა წარბები. მეც ავწრიალდი. ცეცხლთან თამაში იყო

ამგვარი დავის წამოწყება კაცთან, რომელიც შარიათის კანონებით ასამართლებდა

ადამიანებს და ხშირად სჯიდა კიდეც. განა ეს შამსმა არ იცოდა?

მინდოდა, დავრიში ოთახიდან გამომეყვანა და საბაბს ვეძებდი. სწორედ ამ დროს

გავიგონე მისი სიტყვები:



– არსებობს წესი, რომელიც სწორედ მსგავს ვითარებას შეესაბამება.

– რა წესი? – ჰკითხა დაეჭვებულმა მოსამართლემ.

შამს თებრიზი წამოიმართა, თვალი სივრცეს გაუშტერა, თითქოს უჩინარი წიგნის

სტრიქონებს კითხულობსო და წარმოთქვა:



– წმინდა ყურანის მკითხველი წაკითხულს სხვადასხვა დონეზე აღიქვამს: პირველი შრე

მკითხველს მხოლოდ ყურანის ზედაპირულ მნიშვნელობას აცნობს. ეს არის ის, რითაც

ადამიანთა უმრავლესობა კმაყოფილდება. მეორე არის ბატინი, ანუ შიდა შრე. მესამე

გახლავთ შიდას შიდა შრე. მეოთხე შრე კი ისე ღრმაა, რომ მისი აღწერა შეუძლებელია.

შამსი თვალებანთებული განაგრძობდა:



– ღვთისმეტყველებმა, რომლებიც შარიათის კანონებით ხელმძღვანელობენ, ყურანის

ზედაპირული მნიშვნელობა იციან მხოლოდ, სუფიებმა შიდა მნიშვნელობა,

წმინდანებმა შიდას შიდა, ხოლო რაც შეეხება მეოთხე შრეს, ამ ცოდნას მხოლოდ

წინასწარმეტყველები და ღმერთის რჩეულები ფლობენ.



– იმის თქმა გინდა, რომ ჩვეულებრივ სუფის მეტი გაეგება ყურანისა, ვიდრე შარიათის

მცოდნე ღვთისმეტყველს? – ჰკითხა მოსამართლემ და ფიალას თითები მიუკაკუნა.

დავრიშს ჩუმად ჩაეცინა, მაგრამ პასუხი არ გასცა.



– ფრთხილად, მეგობარო! – უთხრა მოსამართლემ. – შენს აზრებსა და წმინდა წყლის

მკრეხელობას შორის ზღვარი თითქმის წაშლილია.

მის სიტყვებში მუქარაც იგრძნობოდა, მაგრამ დავრიშმა წაუყრუა და კითხვა შეაგება:

– მაინც რას გულისხმობ წმინდა წყლის მკრეხელობაში?

შემდეგ ჰაერი მძლავრად შეისუნთქა და დასძინა:

– ნება მიბოძე, ერთი იგავი გიამბო.



და აი, რა გვიამბო მან:

„ერთ დღეს მოსე მთებში დახეტიალებდა. შორიდან მწყემსს მოჰკრა თვალი. მწყემსი

მუხლებზე დამხობილიყო, ხელები ცისკენ აღეპყრო და ლოცულობდა. მოსეს გულზე

მოეფონა, მაგრამ როცა მიუახლოვდა, მლოცველის სიტყვებმა შეზარა:

„ო, ჩემო საყვარელო ღმერთო, არც კი იცი, როგორ მიყვარხარ. ოღონდ ერთი სიტყვა

მითხარი და რას არ გავაკეთებ შენთვის! მზად ვარ, შენს სახელზე მსუქან ცხვარს ახლავე

გამოვჭრა ყელი და შეგიბრაწო. მისი დუმა ფლავს გაგიგემრიელებს და პირს

ჩაგიტკბარუნებს...“



მოსე მწყემსს მიუახლოვდა და ყური მიუგდო:

„ფეხებსაც სიამოვნებით დაგბანდი, ღმერთო, ყურებს გაგიწმენდდი და მკბენარს

ამოგიხილავდი. აი, როგორ მიყვარხარ!“

მოსეს მეტის მოსმენა აღარ შეეძლო, მწყემსს თავზე დაადგა და ლოცვა გააწყვეტინა:

– შეჩერდი, უმეცარო! რას სჩადიხარ?! შენ რა, გგონია, ღმერთი ბრინჯს ჭამს ან

დასაბანად ფეხებს მოგიშვერს? ეს ხომ ლოცვა არ არის! ეს წმინდა წყლის მკრეხელობაა!

შეჩქვიფებულმა და დარცხვენილმა მწყემსმა ბოდიში მოუხადა მოსეს და შეჰპირდა,

ამიერიდან წესიერად ვილოცებო. მოსემ რამდენიმე ლოცვა ასწავლა და კმაყოფილი

გაუდგა გზას, მაგრამ იმ ღამით ხმა ჩაესმა.



უფლის ხმა იყო:

„ეს რა ქენი, მოსე? საბრალო მწყემსი დატუქსე, იმას კი ვერ მიხვდი, რა ძვირფასია იგი

ჩემთვის. შეიძლება სათქმელს რიგიანად ვერ გამოთქვამდა, მაგრამ ის ხომ გულწრფელი

იყო! მისი გული სუფთაა და ზრახვები კეთილი. მე მან მასიამოვნა. მისი სიტყვები,



შესაძლოა, შენ მოგეჩვენა წმინდა წყლის მკრეხელობად, მაგრამ ჩემთვის ეს საამო

მკრეხელობა იყო!“



მოსე მიხვდა თავის შეცდომას. დილაადრიან აუყვა მთებს და მწყემსი მოინახულა.

მწყემსი კვლავ ღმერთს მიმართავდა. ამჟამად სწორედ ისე ლოცულობდა, როგორც

ასწავლეს, მაგრამ მის ლოცვას უწინდებური გზნება აკლდა, რადგან საბრალო მხოლოდ

იმაზე იყო გამეცადინებული, როგორმე სწორად ელოცა და ამის გამო ვაგლახად

ბორძიკობდა.



ინანა მოსემ თავისი საქციელი. მწყემსს მხარზე ხელი შეახო და უთხრა:

– შევცდი, მეგობარო. მაპატიე. ილოცე ისე, როგორც შენს გულს გაუხარდება.

ღვთისთვის ეგ უფრო ძვირფასია.



მწყემსი სახტად დარჩა, მაგრამ თან გულზე მოეშვა. თუმცა, აღარც უწინდებურად

ისურვა ლოცვა და აღარც მოსესთვის მიუბაძავს. ღმერთთან ურთიერთობის სრულიად

ახალი გზა გამოძებნა. მიუხედავად იმისა, რომ ღვთისადმი თავისი გულუბრყვილო

ერთგულებით კმაყოფილი იყო, მან გადალახა ეს ეტაპი საამო მკრეხელობა.

– ასე რომ, ნუ განსჯი ადამიანებს იმისთვის, თუ ვინ როგორ ამყარებს კავშირს

უფალთან. – დაასკვნა შამსმა, – ყველა თავისებურად ლოცულობს. ღმერთი ჩვენს

სიტყვებს კი არ უკირკიტებს, ის ჩვენი გულის სიღრმეში იხედება. მთავარი რიტუალი კი

არ არის, არამედ ის, სუფთაა თუ არა ჩვენი გული.



მოსამართლის სახეს დავაკვირდი. კარგად ვხედავდი, თავდაჯერებულობისა და

სიმშვიდის ნიღაბქვეშ როგორ შფოთავდა, მაგრამ ეშმაკობა ეყო, რომ მიმხვდარიყო – თავი

შარში ჰქონდა გაყოფილი. შამსის სიტყვებს რომ აჰყოლოდა, თავხედობისათვის უნდა

დაესაჯა, ეს კი მდგომარეობას უფრო დაძაბავდა და ქვეყანა გაიგებდა, რომ უბირმა

დავრიშმა უზენაეს მოსამართლეს ენის შებრუნება გაუბედა. ამიტომ წაყრუება არჩია და

წარბიც არ შეიხარა, ვითომ არაფერი სწყენოდა.

ამასობაში ლეგა ღრუბლების ფთილებით გადაპენტილი ცა ჩამავალი მზის სხივებით

შეიფაკლა. მოსამართლე წამოდგა, მნიშვნელოვანი საქმეები მოიმიზეზა, შამს თებრიზს

ცივი მზერა ესროლა, მე მსუბუქად დამიკრა თავი და გაგვეცალა.

ამალა უსიტყვოდ დაედევნა.



– ვშიშობ, მაინცდამაინც თვალში არ მოუხვედი ჩვენს მოსამართლეს, ვუთხარი

დავრიშს, როცა ყველა წავიდა.



შამსმა სახეზე ჩამოშლილი თმა გადაიწია და გაიღიმა:

– არაფერია, მაგას შეჩვეული ვარ.

აღტაცება ვერ დავმალე. ამ სავანეს წლობით ვუძღვებოდი, ვინ აღარ მინახავს, მაგრამ

ვგრძნობდი, ამჯერად იშვიათი სტუმარი უნდა მწვეოდა.

– ერთი ეს მითხარ, დავრიშო, ბაღდადს რამ მოგიყვანა? – ვკითხე ბოლოს.

ინტერესით, მაგრამ რატომღაც შიშითაც ველოდი მის პასუხს.



                                                                           ელა



2008 წლის 20 მაისი, ნორთჰემპტონი



ბზრიალა დავრიშები, მუცლით მროკველი ქალები, გზისპირა ფუნდუკში მოქეიფე,

ტკბილეულით სავსე სუფრასთან მიმსხდარი ტლანქი ჯარისკაცები... ვინ აღარ ესიზმრა

ელას იმ ღამეს, როცა დევიდი შინ არ დაბრუნდა. ეგ არაფერი. თავისი თავიც ნახა

სიზმარში: ვითომ რომელიღაც უცხო ციხე-ქალაქის ხალხმრავალ ბაზარში გამალებული

დაეძებდა ვიღაცას. მის ირგვლივ ხალხი ისე რიტმულად და ნელა ირწეოდა, თითქოს

რაღაც ჩუმ ჰანგზე ცეკვავენო. მერე ერთი ულვაშებდაგრეხილი, მსუქანი კაცი გააჩერა და

დაუსვა შეკითხვა, რომლის შინაარსს ცხადში ვეღარ იხსენებდა. კაცი უაზროდ

მიაშტერდა და კოჭლობით გაეცალა.



გამყიდველებთან და მათ მუშტრებთანაც სცადა გამოლაპარაკება, მაგრამ ხმა არავინ

გასცა. თავიდან ეგონა, ამას იმიტომ აკეთებდნენ, რომ მათი ენა არ იცოდა. მაგრამ ხელი

პირზე მიიდო და ჰოი, საშინელებავ! რას ხედავს ენა აქვს მოჭრილი! თავზარდაცემულმა

მიმოიხედა და თავისი გამოსახულების დასანახავად სარკეს დაუწყო ძებნა, რათა

დარწმუნებულიყო, რომ ისევ ის ელაა, მაგრამ მთელ ბაზარში სარკეს ვერსად მიაგნო.

ტირილი წასკდა და ამასობაში გამოეღვიძა კიდეც. ენის დაკარგვით გამოწვეული შიში

სიზმრიდან გამოჰყოლდა და კიდევ ვერ გარკვეულიყო, ენა ჰქონდა თუ არა.



თვალები რომ გაახილა, ძაღლის ბრჭყალების ფხაკუნის ხმა გაიგონა. სპირიტი

გააფთრებული ფხაჭნიდა უკანა კარს. ალბათ, აივანზე რაღაც ცხოველი ამოვიდა და იმან

შეაშინაო, გაიფიქრა ელამ.



სპირიტს განსაკუთრებით სკუნსების დანახვა აცოფებდა. წინა ზამთარს ერთ სკუნსთან

შეტაკება რომ მოუხდა, ჯერაც ახსოვდა. ელა რამდენიმე კვირა ხეხავდა აქოთებულ

ძაღლს. პომიდვრის წვენის აბაზანაშიც კი ჩააწვინა, მაგრამ მაინც ვერ მოაშორა სუნი,

რომელიც დამწვარი რეზინისას ჩამოჰგავდა.



კედლის საათს შეხედა. დილის სამს თხუთმეტი წუთი აკლდა. დევიდი ჯერაც არ ჩანდა

და შესაძლოა, აღარც გამოჩენილიყო. არც ჯენეტს დაურეკავს და ელას იმედიც აღარ

ჰქონდა, რომ ოდესმე დაურეკავდა. იქნებ მიტოვებასაც კი უპირებდნენ ქმარი და

ქალიშვილი? ამ აზრმა მოსვენება დაუკარგა. მაცივარი გამოაღო და კარგა ხანს

იყურებოდა შიგ. ალუბლისა და ვანილის ნაყინით პირის ჩატკბარუნების სურვილი

გააფთრებით ებრძოდა წონაში მომატების შიშს. გაჭირვებით, მაგრამ მაინც დაკეტა

მაცივრის კარი, ოღონდ ჩვეულებრივზე უფრო მაგრად მიაჯახუნა და იქაურობას

საჩქაროდ მოშორდა. შემდეგ წითელი ღვინის ბოთლი გახსნა და ერთი ჭიქა დაისხა.

მსუბუქი, სასიამოვნო ღვინო იყო, პირდაპირ ძარღვებში მიდიოდა. ოდნავ ტკბილმწარე

გემო დაჰკრავდა, რაც ელას ძალიან უყვარდა.



მეორე ჭიქას რომ ივსებდა, მაშინღა მიხვდა, რომ დევიდის ძვირად ღირებული

„ბორდო“ გაეხსნა. იარლიყს დახედა: ჩჰატეაუ მარგაუხ 1996. მისთვის ეს წარწერა

სრულიად არაფრისმთქმელი იყო, ამიტომ ბოთლს შეუბღვირა და გვერდზე გადადო.

ძილი და დაღლილობა ისე მოერია, რომ კითხვის გაგრძელების თავი აღარ ჰქონდა,

ამიტომ გადაწყვიტა, ელფოსტა შეემოწმებინა.



„ყუთი“ ნაგვით იყო სავსე. ამ ნაყარნუყარში მიშელის წერილიც ერია (ხელნაწერის საქმე

როგორ მიდისო, ეკითხებოდა) და აზიზისაც:

„ძვირფასო ელა (თუ ნებას მომცემთ, ასე მოგმართოთ)!

თქვენი გზავნილი გვატემალის ერთერთ სოფელ მომოსტენანგოში ყოფნისას მივიღე. ეს

იმ იშვიათ ადგილთაგანია, სადაც ჯერ კიდევ მაიას კალენდრით სარგებლობენ. ჩემი

სასტუმროს წინ ათასობით ფერადფერადი ჭინჭით მორთული ნატვრის ხე დგას.

აქაურები მას „გულგატეხილთა ხეს“ ეძახიან. ეს გულგატეხილი ადამიანები ქაღალდის

ნაგლეჯებზე თავიანთ სახელებს წერენ, ჭინჭებში ახვევენ და გულის გამრთელების

იმედით ტოტებზე კიდებენ.



იქნებ ჩემი მხრიდან ასეთი რამ ზედმეტ კადნიერებად მოგეჩვენოთ, მაგრამ წავიკითხე

თუ არა თქვენი წერილი, ნატვრის ხესთან მეც მივედი და ვილოცე იმისთვის, რომ თქვენ

და თქვენმა შვილმა ეს გაუგებრობა როგორმე მოაგვაროთ. სიყვარულის ერთი

მარცვალიც კი არ იკარგება ტყუილუბრალოდ, რადგან როგორც რუმი ამბობს,

სიყვარული სიცოცხლის წყალია. პირადად მე ოდესღაც ძალიან დამეხმარა ის, რომ ჩემს

ირგვლივ მყოფთა საქმეებში ჩარევა შევწყვიტე. აღარ ვწუხდი და აღარ ვშფოთავდი იმის

გამო, რომ ამ ხალხის გადასხვაფერება არ შემეძლო. ამიტომ ზედმეტ ჩარევას, ან

პირიქით, სრულ უმოქმედობას იქნებ მინებება გერჩიოთ? ზოგიერთი ადამიანი ამ

სიტყვას სისუსტესთან აიგივებს. მაგრამ მინებება ყველაფერია, სისუსტის გარდა.



ეს არის

სამყაროს წესების, კანონებისა და პირობების მშვიდად მიღება, მათ შორის ისეთი

რამეებისაც, რისი შეცვლა ან გაგება ჩვენს ძალებს აღემატება.

მაიას კალენდრის მიხედვით დღეს კარგი დღეა. დიდი ასტროლოგიური ძვრები

გვიახლოვდება, რაც ახალი ცნობიერების ჩამოყალიბების მაუწყებელია. ვჩქარობ, ხმა

მოგაწვდინოთ, რადგან მზე ჩადის და ეს დღეც ილევა. დაე, სიყვარულმა იქ და იმ დროს

მოგისწროთ, როცა ყველაზე ნაკლებად ელით მას.



გულწრფელად თქვენი აზიზი.“

გულაჩუყებულმა ელამ ლეპტოპი დახურა. სადღაც, ქვეყნის დასალიერში მყოფმა

სრულიად უცხო ადამიანმა მისი კეთილდღეობისათვის ილოცა!.. ელამ თვალები დახუჭა

და წარმოიდგინა ქაღალდის ნაგლეჯზე დაწერილი, ჭრელ ნაჭერში გახვეული, ნატვრის

ხის ტოტზე ჩამოკიდებული, ჰაერში ფრანივით ლაღად მოფარფატე თავისი სახელი.

რამდენიმე წუთში სამზარეულოს კარი გააღო, უკანა ეზოში გავიდა და სახე სასიამოვნო,

გრილ ნიავს მიუშვირა.



გვერდით სპირიტი ედგა. ძაღლს მოუსვენრობა ეტყობოდა, იღრინებოდა და ჰაერს

გამალებით ყნოსავდა. თვალებს ხან ჭუტავდა, ხან ფართოდ ახელდა. ყურები ისე ჰქონდა

დაცქვეტილი, თითქოს რაღაც იგუმანაო.

გვიანი გაზაფხულის იმ ღამეს კარგა ხანს იდგნენ გვერდიგვერდ ძაღლი და მისი

პატრონი, ერთნაირი გაუცნობიერებელი შიშით მისჩერებოდნენ ბნელში აჩქამებულ

რაღაცას და ერთნაირი შიშით ძრწოდნენ ამოუხსნელის წინაშე.



                                                                              მორჩილი



1242 წლის აპრილი, ბაღდადი





ბატონი მოსამართლე დიდის ამბით მივაცილე კარამდე და დასვრილი ჭურჭლის

ასალაგებლად სუფრას მივუბრუნდი. ჩემდა გასაოცრად, ბაბა ზამანი და მოხეტიალე

დავრიში ისევ იმ მდგომარეობაში დამხვდნენ, როგორშიც დავტოვე. არც ერთი მათგანი

ხმას არ იღებდა. თვალი გავაპარე მათკენ და გავიფიქრე, ნუთუ შესაძლებელია ხმის

ამოუღებლად საუბარი-მეთქი. შეძლებისდაგვარად ფეხს ვითრევდი, ხან ბალიშებს

ვასწორებდი, ხან ნოხიდან ნამცეცებს ვიღებდი, მაგრამ მოსამიზეზებელი რომ აღარაფერი

დამრჩა, უხალისოდ გავედი სამზარეულოში.



მზარეულმა დამინახა თუ არა, იმ წუთში მომაყარა ბრძანებები:



– დახლი გაწმინდე! იატაკი დაგავე! ჭურჭელი გარეცხე! ღუმელი გამოწმინდე! კედლები

ჩამოხეხე! სათაგურების შემოწმება არ დაგავიწყდეს!..



ექვსი თვის მისულიც არ ვიყავი ამ სავანეში და ეს კაცი ყურით დამათრევდა, ყოველდღე

სახედარივით მამუშავებდა და ამ წამებას სულიერ წვრთნას უწოდებდა, თითქოს

ქონიანი ჯამჭურჭლის ხეხვას სულიერებისა რაიმე ეცხო. საერთოდ სიტყვაძუნწს, ერთი

მანტრა ჰქონდა ამოჩემებული: „წმენდა ლოცვაა, ლოცვა კი წმენდა!“

– ეს რომ მართალი იყოს, ბაღდადის ყველა დიასახლისი სულიერი მოძღვარი

გახდებოდა! – ენა შევუბრუნე ერთხელ.



გაგულისებულმა თავში ციცხვი მესროლა და დამჩხავლა:

– ენის შებრუნება კარგს არაფერს მოგიტანს, შვილო! თუ გინდა, რომ დავრიში გახდე, ამ

ციცხვივით მუნჯი უნდა იყო. ურჩობა ვერაფერი თვისებაა მორჩილისთვის! ნაკლები

ილაპარაკე და უფრო სწრაფად დაღვინდები.



მძულდა მზარეული. მეტიც: მეშინოდა მისი. არასოდეს ვეურჩებოდი, თუ არ

ჩავთვლით იმ საღამოს, როცა შამსი გვეწვია. როგორც კი ზურგი მაქცია, სამზარეულოდან

ფეხაკრეფით გამოვედი და დარბაზის კართან მივიპარე. ერთი სული მქონდა,

მოხეტიალე დავრიშის შესახებ მეტი გამეგო. ვინ იყო ეს კაცი? რას აკეთებდა აქ? ის ხომ

აშკარად არ ჰგავდა ჩვენს სავანეში შემოხიზნულ სხვა დავრიშებს. როგორი მეტყველი

თვალები ჰქონდა, დაუმორჩილებელი და ქედუხრელი კაცის თვალები... მაშინაც კი,

როცა თავს მოკრძალებით დახრიდა ხოლმე. უჩვეულო ვინმე იყო. რას მოიმოქმედებდა,

წინასწარ ვერავინ იტყოდა. ამიტომ შიშსაც კი გგვრიდა...



კარის ღრიჭოში შევიხედე. თავიდან ვერაფერი დავინახე, მაგრამ მალე დაბინდულ

ოთახს თვალი შევაჩვიე და მათი სახეები უკეთ გავარჩიე. გავიგონე ოსტატის სიტყვებიც:

– ერთი ეს მითხარ, დავრიშო, ბაღდადში რამ მოგიყვანა? სიზმრად ხომ არ ნახე ეს

ქალაქი?

დავრიშმა უარის ნიშნად თავი გააქნია:



– არა, სიზმარს არ მოვუყვანივარ. ხილვამ მომიყვანა. მე სიზმრებს არასოდეს ვხედავ.

– სიზმრებს ყველა ხედავს, – რბილად შეეპასუხა ბაბა ზამანი, – უბრალოდ, ყოველთვის

ვერ იხსენებ, რა დაგესიზმრა.



– არ ვხედავ-მეთქი, – თავისას არ იშლიდა დავრიში, – მე და ღმერთი ასე მოვრიგდით.

პატარა ბიჭობაში ანგელოზებს ვხედავდი და სამყაროს საიდუმლოებები თვალწინ

მქონდა გადაშლილი. როცა ჩემს მშობლებს ეს ვუთხარი, არ ესიამოვნათ და მიბრძანეს,

ოცნებებს ნუ გადაჰყვებიო. როცა მეგობრებს გავენდე, მათაც გამოუსწორებელი მეოცნებე

მიწოდეს. მასწავლებლებთანაც ვცადე გასაუბრება, მაგრამ მათგანაც იგივე პასუხი

მივიღე. ბოლოს მივხვდი, როცა ადამიანები რაიმე უჩვეულოს ხედავენ, ამას ოცნებას

ეძახიან. ამის შემდეგ ვეღარ ვიტან ამ სიტყვას, სულერთია, რასაც უნდა ნიშნავდეს იგი...

ამ სიტყვების თქმისთანავე დავრიში გაჩუმდა, თითქოს უეცრად რაღაც ხმა ჩაესმაო.



მერე კი ძალიან უცნაური რამ მოხდა: წამოდგა, წელში გაიმართა და ნელა, გულდაგულ

წამოვიდა კარისაკენ. თან სულ ჩემკენ იყურებოდა, თითქოს რაღაც მანქანებით

მიმხვდარიყო, რომ ვუთვალთვალებდი, თითქოს ხის კარში ატანდა მისი მზერა. გული

შემიქანდა. სამზარეულოში გაქცევა დავაპირე, მაგრამ ნაბიჯი ვერ გადავდგი. ცხადი იყო,

კარს იქიდან შამს თებრიზის შავი თვალები მე მომჩერებოდნენ. შიშისგან ენა ჩამივარდა,

მაგრამ ამავე დროს, მთელ სხეულში ენერგიის საოცარი მოზღვავება ვიგრძენი.



ამასობაში იგი კარს მოადგა და სახელურს ხელი ჩაავლო. აი, ახლა გააღებს და ხელს

მტაცებსმეთქი, გავიფიქრე, მაგრამ უცებ გაჩერდა. ამჯერად მის სახეს ვეღარ ვხედავდი

და ამიტომ ვერ ვხვდებოდი, რამ შეაცვლევინა განზრახვა. აუტანლად გაწელილი ერთი

წუთის განმავლობაში ასე ვიდექით ორივენი. მერე შამსი მიტრიალდა, კარს მოსცილდა

და გზადაგზა თავისი ამბავი განაგრძო:

– როცა წამოვიზარდე, ღმერთს ვთხოვე, ჩემთვის სიზმრის ნახვის უნარი წაერთმია,

რათა ყოველთვის, როცა მას შევხვდებოდი, ზუსტად მცოდნოდა, რომ ეს ცხადი იყო.

უფალმა შეისმინა ჩემი თხოვნა და სიზმრები წამართვა. ამიტომ ვეღარ ვხედავ მათ...

შამს თებრიზი ახლა ღია ფანჯარასთან იდგა. გარეთ ოდნავ ცრიდა, დავრიში ერთხანს

ფიქრიანად გასცქეროდა წვიმას, შემდეგ თქვა:



– ღმერთმა სიზმრების ნახვის უნარი კი წამართვა, მაგრამ დანაკლისი იმით შემივსო,

რომ სხვათა სიზმრების ახსნის ნიჭი მომცა. მე სიზმრების ამხსნელი ვარ...

მეგონა, ბაბა ზამანი არ დაიჯერებდა ამ სისულელეს და ისევე გაკიცხავდა, როგორც მე

მიცაცხანებდა ხოლმე. მაგრამ ოსტატმა თავი მოწიწებით დააქნია და ბრძანა:



– უჩვეულო კაცი ჩანხარ. მითხარი, რით დაგეხმარო?

– არ ვიცი, იმედი მქონდა, რომ მაგას თვითონ მეტყოდი.

– რას გულისხმობ? – ჰკითხა მოძღვარმა.

– თითქმის ორმოცი წელია, მოხეტიალე დავრიში ვარ. ბუნების ენა კარგად შევითვისე,

მაგრამ საზოგადოებისა არაფერი გამეგება, იგი ჯერაც უცხოა ჩემთვის. თუ თავის დაცვა

დამჭირდა, შემიძლია გარეული მხეცივით ვიბრძოლო, მაგრამ თავად ვერავის ვავნებ.

შემიძლია, ყველა თანავარსკვლავედი სათითაოდ დაგისახელო, ტყეში ყველა ხე

ამოვიცნო, ხუთი თითივით ვიცნობ ყველანაირ ადამიანს, რომელიც ღმერთს შეუქმნია

ხატად თვისად...



შამსი წამით შეყოვნდა, მოძღვარს ზეთის ლამპრის ანთება აცალა, შემდეგ კი განაგრძო:



– აჰა, ისმინე ერთერთი წესი: „ღმერთის შეცნობა ყოველი არსისა და უსულო საგნის

მეშვეობით შეიძლება. ნურავის ჰგონია, რომ ღმერთი მეჩეთის, სინაგოგისა თუ ეკლესიის

კედლებშია გამომწყვდეული, მაგრამ თუკი არ დაიშლი და მაინც მოინდომებ, გაიგო, სად

არის მისი სამყოფელი, ერთადერთ ადგილას ეძებე იგი: ჭეშმარიტად მოსიყვარულე

გულში. არავინ არის ისეთი, ვინც მისი დანახვის შემდეგ ცოცხალი დარჩა და არავინ არის

ისეთი, ვინც მისი ნახვის შემდეგ აღესრულა. ვინც მას პოვებს, სამუდამოდ მის გვერდით

დარჩება.“



ლამპრის მკრთალ შუქზე შამს თებრიზი კიდევ უფრო მაღალი ჩანდა. დატალღული თმა

ბეჭებზე სცემდა.



– ეს ყველაფერი ასეა. მაგრამ ცოდნა, თუ მას გასაქანი არ მიეცი, ძველი ლარნაკის

ფსკერზე შემორჩენილ დამყაყებულ წყალს ჰგავს. ამიტომ ვევედრებოდი ღმერთს,

გამომიგზავნე მეგობარი, რომელსაც წლობით დაგროვილ ცოდნას გავუზიარებ-მეთქი.

ბოლოს, სამარყანდში ყოფნისას, გამოცხადება მქონდა და ხმაც მესმა: „ბაღდადს წადი; იქ

აღასრულე დაკისრებული მოვალეობა.“ როგორც გატყობ, შენ იცი, ვინც უნდა იყოს ეს

კაცი და ადრე თუ გვიან, მეტყვი კიდეც... – დაასრულა შამსმა.



ამასობაში საბოლოოდ ჩამობნელდა და ღია ფანჯრებში მთვარის სხივმა შემოიჭყიტა.

მაშინღა მივხვდი, რომ უკვე გვიანი იყო. ვიცოდი, მზარეული მელოდა, მაგრამ აღარ

მენაღვლებოდა. სიცოცხლეში პირველად მომგვარა სიამოვნება წესრიგის დარღვევამ.

– არ ვიცი, რა პასუხს ელი ჩემგან, წაიბუბუნა მოძღვარმა, მაგრამ თუ მე წილად მხვდა

პატივი, რაღაც გაცნობო, ვიცი, ეს თავის დროზე მოხდება. მანამდე კი დარჩი ჩვენთან...

შენ სტუმარი და ჩვენ მასპინძელი.



დავრიში მაშინვე დაიხარა და ბაბა ზამანს ხელზე ემთხვია. ოსტატმა კი ასეთი უცნაური

შეკითხვა დაუსვა:

– შენ ამბობ, რომ მზად ხარ, მთელი შენი ცოდნა სხვა ადამიანს გადასცე. ჭეშმარიტება

ძვირფასი მარგალიტივით მოგიმწყვდევია მუჭში და მხოლოდ გამორჩეულ ადამიანს

სთავაზობ მას. მაგრამ მოკვდავისათვის არ არის ადვილი, მეორე მოკვდავს გულის კარი

შეუღოს და სულიერების შუქით გაასხივოსნოს იგი. ღმერთს ხომ არ ეცილები? და თუ

ასეა, როგორ ფიქრობ, რით უნდა ზღო?..

სანამ ცოცხალი ვარ, დავრიშის პასუხი არასოდეს დამავიწყდება. წარბები აზიდა და

მოძღვარს მტკიცედ მიუგო:



– მზად ვარ, ვზღო ჩემი თავით...

გავშრი. ჟრუანტელმა დამიარა. როცა ჭუჭრუტანაში გავიხედე, დავინახე, რომ ოსტატიც

არანაკლებ შეძრა ამ სიტყვებმა.

– იქნებ ვიკმაროთ სადღეისოდ, – ამოიოხრა ბაბა ზამანმა, – შენც დაღლილი ჩანხარ. ნება

მიბოძე, მორჩილს ვუხმო, წაგიყვანს, ლოგინს მიგიჩენს და ჭიქა რძეს მოგართმევს.

შამს თებრიზი კვლავ კარისაკენ დაიძრა. უკვე დარწმუნებული ვიყავი, რომ მხედავდა,

თანაც მხოლოდ დახშულ კარში კი არ ატანდა მისი მზერა, არამედ ჩემს არსებაშიც

აღწევდა, ჩემი სულის ყოველ კუნჭულში იხედებოდა და იქ ისეთ საიდუმლოებათა

ამოკითხვას ახერხებდა, რომლებიც, მგონი, თავადაც არ ვიცოდი. რა აღარ ვიფიქრე.



„იქნებ შავი მაგია აქვს ნასწავლი? იქნებ ბაბილონის ორი ანგელოზის, არუთისა და

მარუთის შეგირდია, ყურანი რომ გვაფრთხილებს, ერიდეთო? ან იქნებ რაღაც

ზებუნებრივი ნიჭის პატრონია, მზერით კედელს რომ ხვრეტს?“ ვინც უნდა ყოფილიყო,

ეს კაცი შიშს მგვრიდა.



– არა, მორჩილს ნუ უხმობ. არ არის საჭირო, – თქვა შამსმა ჩვეულებრივზე უფრო

ხმამაღლა, – გული მეუბნება, რომ ის სადღაც აქვეა და ჩვენი საუბარიც ესმის.

ისეთი ოხვრა აღმომხდა, საფლავიდან მკვდარს ააყენებდა. დაფეთებული ბაღში

გავვარდი და თავი სიბნელეს შევაფარე, მაგრამ იქაც არასასიამოვნო მოულოდნელობა

მელოდა.



– აი, სად ყოფილხარ, პატარა გაიძვერავ! – მეცა მზარეული და ცოცხი მომიღერა, – ვერ

გადამირჩები, იცოდე!

განზე გავხტი და ცოცხი სასწაულებრივად ავიცდინე.



– აქ მოდი, თორემ ფეხებს მოგამტვრევ! – ქშენით მომძახოდა მზარეული, მაგრამ არ

დავემორჩილე და ისარივით გავქანდი წინ.

მთავარი შარაგზისაკენ ერთი ვიწრო ბილიკი მიიკლაკნებოდა. ამ ბილიკს გავუყევი

სირბილით.თვალწინ სულ შამს თებრიზის სახე მედგა. თითქოს თავი უკვე შორს

დავიგულე, მაგრამ მაინც გავრბოდი. გული ამოვარდნას მქონდა, ყელი მიშრებოდა.

იქამდე ვირბინე, სანამ მუხლი არ მომეკვეთა.



                                                                                   ელა



2008 წლის 21 მაისი, ნორთჰემპტონი





ბინდბუნდი იყო, დევიდმა შინ რომ მოაღწია. ჩხუბს ელოდა, მაგრამ ცოლი მძინარე

დახვდა. გადაშლილი ხელნაწერი ლოგინში ედო, იქვე ღვინის ცარიელი ჭიქა იდგა.

დევიდმა ცოლისკენ გაიწია, უნდოდა საბანი გაესწორებინა, მაგრამ გადაიფიქრა. ათ

წუთში ელასაც გაეღვიძა და სულაც არ გაჰკვირვებია, როცა შხაპის ხმა გაიგონა.

დევიდს უყვარდა ქალებთან ფლირტი, ზოგჯერ ფლირტსაც არ სჯერდებოდა, მაგრამ

შხაპს ყოველთვის შინ, საკუთარ აბაზანაში იღებდა. როცა ქმარი საძინებელში

შემობრუნდა, ელამ თავი მოიმძინარა, რათა ახსნა-განმარტებების მოსმენისთვის თავი

აერიდებინა.



ერთი საათის შემდეგ ქმარშვილი გაისტუმრა და კვლავ მარტო დარჩა სამზარეულოში.

ცხოვრება თითქოს ჩვეულ კალაპოტში ჩადგა. კვლავ გადაშალა საყვარელი წიგნი

„კულინარიული ხელოვნება – მარტივი და სწრაფად მოსამზადებელი სადილები“, კარგა

ხანს ფურცლა და ბოლოს არჩევანი საკმაოდ რთულ და პრეტენზიულ მენიუზე შეაჩერა.

ასეთი სადილის მომზადებას, სავარაუდოდ, ნახევარი დღე მაინც დასჭირდებოდა.

მოლუსკების წვნიანი ზაფრანით, ქოქოსითა და ფორთოხლით, ღუმელში გამომცხვარი

მაკარონი სოკოთი, ახალი მწვანილითა და ხუთი სახეობის ყველით, როზმარინში, ძმარსა

და ნიორწყალში ჩამბალი ხბოს ნეკნები, ლაიმის წვენში ჩაწყობილი მწვანე ლობიო და



ყვავილოვანი კომბოსტოს სალათა... შემდეგ დესერტიც შეარჩია: შოკოლადის თბილი

სუფლე.



ელას მზარეულობა ბევრი მიზეზით უყვარდა. ჩვეულებრივი ინგრედიენტებისაგან

გემრიელი სადილის მომზადების დროს სიამოვნებასა და კმაყოფილებას კი არა, ლამის

ტკბობას განიცდიდა. თუმცა, კულინარია სხვა რამის გამოც მოსწონდა: ეს საქმე მართლა

კარგად გამოსდიოდა და ყველაფერს რომ თავი დავანებოთ ამშვიდებდა. სამზარეულო

ერთგვარი თავშესაფარი იყო, აქ თითქოს დროც ჩერდებოდა, ყოველ შემთხვევაში

მისთვის. „ზოგიერთს ასეთივე სიამოვნებას, ალბათ, სექსი ანიჭებს, – ფიქრობდა ელა, –

მაგრამ სექსისთვის, როგორც წესი, ორი ადამიანია საჭირო, მზარეულობისთვის კი

მხოლოდ დრო, სურვილი და სურსათით სავსე პარკი.“



კულინარიული ტელეშოუების წამყვანების აზრით, ეს პროცესი შთაგონებას,

ორიგინალობასა და კრეატიულობას ითხოვს. მათი საყვარელი სიტყვაა „ექსპერიმენტი“.

ელასთვის ეს აზრი მიუღებელი იყო. „ექსპერიმენტების უფლება მეცნიერებს უნდა

დავუტოვოთ, „ოფოფებისა“ კი – ხელოვანებს. მზარეულობაში მთავარია ტრადიციების

ერთგულება, რეცეპტის ზუსტად დაცვა და ასწლეულების მანძილზე ჩამოყალიბებული

სიბრძნის პატივისცემა. მზარეულმა საუკუნოვან ტრადიციებზე ექსპერიმენტები კი არ

უნდა ატაროს, არამედ უნდა დაიცვას ისინი. მზარეულის ოსტატობის უმთავრესი

საყრდენი წესი და ადათია. მართალია, ოცდამეერთე საუკუნე ასეთ ცნებებს ანგარიშს

აღარ უწევს, მაგრამ ტრადიციას სამზარეულოში მაინც თუ მივაგებთ პატივს, ურიგო არ

იქნება.“ ასეთი იყო მისი აზრი. საერთოდ, ელა რუტინის ერთგული იყო. მისი ოჯახი

ყოველ დილით თითქმის ერთსა და იმავე დროს საუზმობდა; უქმეებზე, სასეირნოდ

ერთსა და იმავე ადგილებს აკითხავდნენ. ყოველი თვის პირველ კვირადღეს

მეზობლებთან ერთად სადილობდნენ.



დევიდი ბევრს მუშაობდა, დრო ცოტა ჰქონდა, ამიტომ ოჯახური ცხოვრების ყველა

სფეროს ელა უძღვებოდა: ფინანსების განკარგვაც მას ეკისრებოდა, სახლის მოვლაც,

ავეჯის განახლებაც, საქმეებზე სირბილიც, ბავშვების გრაფიკების დაგეგმვაც, საშინაო

დავალებებიც...



ხუთშაბათობით მზარეულთა კლუბში დადიოდა. კლუბის წევრები სხვადასხვა ქვეყნის

სამზარეულოებს ეცნობოდნენ და ძველებურ კერძებს სანელებლებითა და

ინგრედიენტებით აახლებდნენ. ყოველ პარასკევს ელა რამდენიმე საათს ბაზარში

ატარებდა, ხან ფერმერებს ესაუბრებოდა, ხან შაქრის ნაკლები შემცველობის ჯემებს

აგემოვნებდა, ხან კიდევ რომელიმე მყიდველს სოკოს მარინადის რეცეპტს აწერინებდა.

რასაც აქ ვერ იშოვიდა, ეკოლოგიური პროდუქტების მაღაზიაში ყიდულობდა.



ყოველ შაბათ საღამოს ქმარს რომელიმე რესტორანში მიჰყავდა (ჩვეულებრივ,

იაპონურში ან ტაილანდურში). თუ ძალიან დაღლილები და ნასვამები არ იყვნენ და

უგუნებობა ხელს არ უშლიდათ, შინ მიბრუნებისას სექსიც ჰქონდათ ხოლმე. თუმცა, ამას

ვნება ნაკლებად ეთქმოდა. ნელი, დუნე მოძრაობებითა და ნაწვეტ-ნაწყვეტი კოცნით

თითქოს უბრალოდ სითბოს უნაწილებდნენ ერთმანეთს. სექსმა, რომელიც ერთ დროს



მათი ყველაზე ძლიერი შემაკავშირებელი ფაქტორი იყო, კარგა ხნის წინ დაკარგა თავისი

მიმზიდველობა.



ზოგჯერ რამდენიმე კვირაც კი ჩაივლიდა ხოლმე სექსის გარეშე. ელას უკვირდა, რომ

ოდესღაც მის ცხოვრებაში ეს მოვლენა ასეთი მნიშვნელოვანი იყო; და ახლა, როცა იგი

საბოლოოდ გაქრა მათი ყოველდღიური ყოფიდან, ერთგვარი შვება და თითქმის

თავისუფლებაც კი იგრძნო.



ელა ეთანხმებოდა იმ აზრს, რომ დიდი ხნის დაქორწინებული წყვილის ურთიერთობა

თანდათან გამოდის ხორციელი სიამოვნების სივრციდან და ცოლ ქმარი ურთიერთობის

უფრო სანდო და სტაბილურ გზას ირჩევს. ოღონდ პრობლემა ის იყო, რომ დევიდმა

ფიზიკური სიახლოვე მხოლოდ ცოლთან შეწყვიტა, სხვა ქალებთან ურთიერთობაზე კი

უარს არასოდეს ამბობდა. ელა არასოდეს დაჰპირისპირებია ქმარს ღალატის გამო,

თავისი ეჭვები გადაკვრითაც არასოდეს გამოუთქვამს. ამის შესახებ მათმა მეგობრებმაც

არაფერი იცოდნენ და მოჩვენებითი სიმშვიდის ინსცენირებას ესეც აადვილებდა. მათთან

არც ოჯახური სკანდალები ხდებოდა, არც რაიმე უხერხული დამთხვევები, არაფერი

ისეთი, რაც ჭორების გავრცელების საფუძველი შეიძლებოდა ყოფილიყო.



ელას წარმოდგენა არ ჰქონდა, როგორ ახერხებდა ქმარი ამას (მით უფრო, თუ

გავითვალისწინებთ მის საკმაოდ ხშირ რომანებს, თანაც უპირატესად, ახალგაზრდა

ასისტენტებთან), მაგრამ ფაქტი იყო, რომ დევიდი, მოხერხებულად და მშვიდად

მოქმედებდა. ელას, უბრალოდ, ღალატის სუნი სცემდა, დანამდვილებით კი არაფერი

იცოდა. უკვე აღარც ახსოვდა, რომელი მოვლენა რომელს უსწრებდა: მისი მხრიდან

სექსისადმი ინტერესის დაკარგვამ გამოიწვია ქმრის ღალატი თუ პირიქით, ჯერ დევიდმა

უღალატა და თვითონ მერე გახდა ასეთი გულგრილი საკუთარი გარეგნობისა და

ხორციელი სიამოვნების მიმართ... თუმცა, ამას უკვე აღარც ჰქონდა მნიშვნელობა.



მთავარი ის იყო, რომ ერთბაშად და სამუდამოდ გაქრა ის გზნება, რომელიც წყვილს

წლების განმავლობაში, ცოლქმრული ცხოვრების „შეუსწავლელ წყლებში“ გზის გაგნებას

უადვილებდა და მათ ურთიერთლტოლვას, სამი შვილისა და ოცწლიანი თანაცხოვრების

მიუხედავად, „ჩაძირვისაგან“ იცავდა.



შემდეგი სამი საათის განმავლობაში ელას გონება გამალებით მუშაობდა. მისი ხელები

კი ამ დროს შეუსვენებლად აკეთებდნენ თავიანთ საქმეს. პომიდორსა და ნიორს

აქუცმაცებდა, ხახვს შუშავდა, ფორთოხლის ქერქს ხეხავდა და გაუცრელი ფქვილისაგან

პურის ცომს ზელდა. სხვათა შორის ეს პროცედურა ელას ოჯახური საქმიანობის

განუყოფელ ნაწილად დევიდის დედის რჩევის შედეგად იქცა. წყვილის ნიშნობის დღეს

მან სარძლოს უთხრა:



– ისე არაფერი აგრძნობინებს მამაკაცს შინაურ სითბოს, როგორც ახლად გამომცხვარი

პური. ნურასოდეს იყიდი პურს, საყვარელო. თვითონ გამოაცხვე. ნახავ, რა საოცრებებს

დაატრიალებს ის შენს ოჯახში.

ელა საღამომდე საქმიანობდა და ბოლოს საუცხოო სუფრაც გააწყო: შეხამებული ფერის

ხელსახოცებით, არომატული სანთლებითა და ნარინჯისფერყვითელი ყვავილების

არაბუნებრივად ხასხასა თაიგულით. „ბოლო აკორდი“ იყო ხელსახოცის გასაყრელი



პრიალა რგოლები. როცა ელა ყველაფერს მორჩა, იქაურობა გლამურული ჟურნალების

ფოტოს დაემსგავსა.



მოქანცულმა, მაგრამ კმაყოფილმა ელამ ტელევიზორი ჩართო და ახალ ამბებს მიუგდო

ყური. ახალგაზრდა ექიმი საკუთარ ბინაში დანით მოეკლათ, რომელიღაც

საავადმყოფოში დენის მოკლე ჩართვისაგან ხანძარი გაჩენილიყო; ოთხი მოსწავლე

ვანდალიზმისათვის დაეკავებინათ.



ელა შეშფოთებით აქნევდა თავს. შიშს ჰგვრიდა საფრთხეებით სავსე, არეული

მსოფლიო. აზიზ ზაჰარას მსგავსი ადამიანებისა უკვირდა: როგორ დადიოდნენ ასე

თავისუფლად პლანეტის ნაკლებგანვითარებულ ქვეყნებში, როცა ამერიკული ქალაქების

გარეუბნებიც კი აღარ იყო უსაფრთხო?

საოცარი ის იყო, რომ აზიზსა და მის მსგავს ხალხს სწორედ მსოფლიოს ეს

მოულოდნელობებით აღსავსე, გაუგებარი, ამოუხსნელი ბუნება იზიდავდა. სწორედ ეს

არ ასვენებდა, გაკვალული ბილიკიდან გადახვევის სურვილს უღვიძებდა და

თავგადასავლების ძიებისკენ უბიძგებდა. თვითონ ელა და მისი მსგავსი ადამიანები კი

იმავე მიზეზით შინიდან ფეხის გადადგმასაც ერიდებოდნენ.



საღამოს რვის ნახევარზე რუბინშტეინები უკვე მშვენიერ სუფრასთან ისხდნენ.

ანთებული სანთლები იქაურობას რაღაც საკრალურ ელფერს სძენდა. იმ წუთში უცხოს

რომ ენახა, ალბათ, სანიმუშო ოჯახად ჩათვლიდა ამ ადამიანებს, მათ სუფრაზე

მოციმციმე სანთლებს ადენილი, ჰაერში ტაატით ასული კვამლის სვეტებივით

გაწვართულები რომ მისხდომოდნენ მშვენიერ სუფრას.



ცოლ-ქმარი მშვიდად მიირთმევდა სხვადასხვა კერძს, ტყუპი კი სკოლის ამბებს

ჰყვებოდა. ელა ცხოვრებაში პირველად ემადლიერებოდა მათ იმისათვის, რომ ასეთი

ყბედები და ხმაურიანები იყვნენ, რადგან ეს ხმაური რომ არა, ცოლ-ქმარს შორის მძიმე

დუმილი ჩამოწვებოდა.



ელამ თვალი ქმრისკენ გააპარა. დევიდმა ყვავილოვანი კომბოსტო აიღო და

აუჩქარებლად გაღეჭა. ელამ თვალი შეავლო მის წვრილ, ფერმკრთალ ტუჩებს და

სადაფივით პრიალა კბილებს. რამდენჯერ დაუკოცნია ეს ტუჩები...



მერე უცებ წარმოიდგინა, როგორ კოცნიდა დევიდი სხვა ქალებს. რატომღაც ამჯერად

თავისი მეტოქე მორიგი ახალგაზრდა მდივნის სახით კი არა, სიუზენ სარანდონის

მსგავსი (ოღონდ დიდმკერდა) ქალის სახით წარმოიდგინა. თვალწინ დაუდგა

დაკუნთული, თავდაჯერებული, ვიწრო კაბაში გამოკვართული, მაღალქუსლიან და

მაღალყელიან წითელ ტყავის ჩექმაში გამოწყობილი, ათქვირებული ქალი, რომელსაც

ზედმეტი მაკიაჟისაგან სახე ცისარტყელასავით აჭრელებოდა.



უცებ ცხადად წარმოიდგინა თავისი ქმრისა და ამ უცხო ქალის ალერსი. სადღა იყო

დევიდის სიდინჯე, რომელსაც ახლა, კომბოსტოს ჭამისას იჩენდა. ხარბად, სულსწრაფად

კოცნიდა თავის სატრფოს... სწორედ იქ და იმ წუთებში, მორიგი „სწრაფი და მარტივი“

კერძის დაგემოვნების დროს, როცა თავში ქმრის წარმოსახვითი რომანი უტრიალებდა,

რაღაცამ ელვასავით გაკვესა ელას გონებაში.



ისე ცხადად დაინახა ეს შესაძლებლობა და თან ისეთი ცივი გონებით შეეგება ამ ახალ

აზრს, თვითონაც შეეშინდა: „მიუხედავად ჩემი გამოუცდელობისა და გაუბედაობისა,

ერთ მშვენიერ დღეს აუცილებლად მივატოვებ ამ ყველაფერს სამზარეულოს, ძაღლს,

ბავშვებს, მეზობლებს, ქმარს, კულინარიულ წიგნებს, შინგამომცხვარი პურის

რეცეპტებს... და შევაბიჯებ იმ სამყაროში, სადაც ფათერაკი ბატონობს.“



                                                                            ოსტატი



1243 წლის 26 იანვარი, ბაღდადი



ბინას რომ დავრიშთა სავანეში დაიდებ, გაცილებით მეტი მოთმინება მოგეთხოვება,

ვიდრე შამს თებრიზს აქვს. მაგრამ ცხრა თვე გავიდა უკვე და ის ჯერ კიდევ ჩვენთან იყო.

თავიდან ყოველ წუთს ველოდი, რომ გუდანაბადს აიკრავდა და გაგვეცლებოდა, რადგან

მკაცრად დადგენილი წესებისადმი აშკარად მტრულად იყო განწყობილი. ვხედავდი,

უჭირდა ერთსა და იმავე საათებში დაწოლა, ადგომა, ჭამა და სხვების მსგავსად ერთი და

იმავე საქმის დილიდან საღამომდე მორჩილად კეთება. თავის ნებაზე, კენტად ფრენას

შეჩვეულ გარეულ ფრინველს მაგონებდა. ვეჭვობდი, რომ არაერთხელ დაუპირებია

აქედან გაქცევა.



თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ მუდამ განმარტოებას მიელტვოდა, სულიერი

მეგზურის პოვნაც სწყუროდა. შამსს მტკიცედ სწამდა, რომ ერთ მშვენიერ დღეს

სასურველი ადამიანის ადგილსამყოფელს მივასწავლიდი. მხოლოდ ეს აჩერებდა

ჩვენთან.



ცხრა თვის მანძილზე გულდასმით ვაკვირდებოდი. მაოცებდა ეს კაცი. მისთვის დროც

კი თითქოს სხვანაირად მიიწევდა წინ. უფრო გამალებით, მთელი ძალით მიექანებოდა...

რამდენიმე კვირა (ზოგჯერ კი რამდენიმე დღეც) ჰყოფნიდა იმის ასათვისებლად,

რისთვისაც სხვა დავრიშებს თვეები და ზოგჯერ წლებიც კი სჭირდებოდათ. ყოველივე

ახალი და უჩვეულო საოცარ ცნობისწადილს აღუძრავდა; ბუნების ნამდვილი

მესაიდუმლე იყო. რამდენჯერ შევსწრებივარ ბაღში ხან აბლაბუდას დასჩერებოდა, მისი

სიმეტრიული აგებულებით მოხიბლული, ხან რომელიმე ღამის ყვავილის ფურცლებზე

მოციმციმე ცვრის წვეთებით ტკბებოდა. იმასაც კი იფიქრებდით, რომ მწერი, მცენარე და

ცხოველი უფრო აინტერესებდა, ვიდრე წიგნი და ხელნაწერი. მაგრამ ვერ მოასწრებდით

ამის გაფიქრებას და უკვე ძველთაძველ ფოლიანტში თავჩარგულს ნახავდით სადმე.



თუმცა, ამის შემდეგ შეეძლო, რამდენიმე კვირა ისე გაეტარებინა, არც წიგნში ჩაეხედა და

არც რამე შეესწავლა.



ერთხელ ამაზე ჩამოვუგდე სიტყვა და აი, რა მითხრა:

– ადამიანმა, ცხადია, უნდა ასაზრდოოს თავისი გონება, მაგრამ, ამავე დროს, მის

დანაგვიანებას უნდა მოერიდოს. გონება და სიყვარული სხვადასხვა მასალისაგან არის

შექმნილი. გონება ადამიანებს ბოჭავს, მაგრამ არაფერს კარგავს, სიყვარული კი ყველა



ბორკილს ამსხვრევს და ყველაფრის დაკარგვის საფრთხე ემუქრება. გონება ყოველთვის

გეუბნება: „ფრთხილად, ზედმეტ გზნებას ერიდე!“ სიყვარული კი ამბობს: „ნუ კრთი,

იყავი თამამი!“ გონებას ადვილად ვერ გატეხ, სიყვარული კი ერთი ხელის მოსმით

შეიძლება შემოგეფშვნას ხელში. მაგრამ განძი სწორედ ნანგრევებში იმალება. განძს

შემუსრული გული ინახავს!“



რაც უფრო ახლოს ვეცნობოდი, მით უფრო აღტაცებაში მოვყავდი მის გაბედულებასა და

გამჭრიახობას. თუმცა იმასაც ვხედავდი, რომ შამსის ამ უბადლო მახვილგონიერებასა და

თავისთავადობას ნაკლიც ჰქონდა. ჯერ ერთი, ისეთი პირდაპირი იყო, რომ ეს

უკმეხობაში გადასდიოდა. ჩემს დავრიშებს ვასწავლი, სხვა ადამიანების ნაკლი არ

შეამჩნიონ და თუ შეამჩნევენ, ყოველთვის სიმშვიდე და მიმტევებლობა გამოიჩინონ.



მაგრამ შამსის თვალს არც ერთი შეცდომა არ გამოეპარებოდა და არავის არაფერს

შეარჩენდა. თუ რამე არ მოეწონებოდა, პირდაპირ, მიკიბმოკიბვის გარეშე ამბობდა. ეს

პირდაპირობა ბევრს სწყინდა, მაგრამ მას უყვარდა ადამიანის გამოწვევა, უნდოდა,

გაეგო, რას მოიმოქმედებდა იგი გაბრაზების დროს. ერთი და იმავე დავალების

შესრულებას ვერ აიძულებდი. ასეთი რამეებისთვის მოთმინება არ ჰყოფნიდა.



დროდადრო რაღაც საქმეს მოჰკიდებდა ხოლმე ხელს, შეიძლება ამ საქმეში გაწაფულიყო

კიდეც, მაგრამ ინტერესს უმალვე კარგავდა.

ყოველდღიური, ერთფეროვანი საქმიანობა სძაგდა; და თუ მაინც უწევდა ამის გაკეთება,

გალიაში გამომწყვდეული ვეფხვივით ბრდღვინავდა. თუ საუბრით თავს შეაწყენდნენ ან

ვინმეს სისულელე წამოსცდებოდა, დგებოდა და მიდიოდა, ყალბ თავაზიანობაზე დროს

არ კარგავდა. ის, რაც მოკვდავთა უმრავლესობისათვის ასე ღირებულია: უსაფრთხოება,

სიმშვიდე და კმაყოფილება, მისთვის დიდად არ ფასობდა. სიტყვებს ისე უნდობლად

ეკიდებოდა, რომ ზოგჯერ დღეების განმავლობაში ხმას არ იღებდა. მისი ერთ-ერთი

წესიც მის ამ თვისებას შეესაბამებოდა:



„ამქვეყნად თითქმის ყველა სიძნელის წყარო ენობრივი ცდომილება და მარტივი

გაუგებრობებია. ყოველთვის კბილი მოუსინჯე სიტყვას, თავს ნუ მოატყუებინებ! როცა

სიყვარულის საუფლოში შეაბიჯებ, ენა ზედმეტი ბარგი ხდება. მხოლოდ დუმილით თუ

ჩასწვდები იმას, რაც ენით არ ითქმის.“



გადიოდა დღეები. თანდათან სულ უფრო მაფიქრებდა მისი ამბავი. გული მიგრძნობდა,

რომ ადამიანი, რომელიც შინაგანად ასე იწვოდა, ხიფათს ვერ აიცდენდა. მაგრამ ჩვენი

ბედი ხომ უფლის ხელშია. მხოლოდ მან იცის, როდის ან როგორ უნდა დატოვოს

თითოეულმა ჩვენგანმა ეს ქვეყანა. ამიტომ გადავწყვიტე, ცდა არ დამეკლო და

შეძლებისდაგვარად დამემშვიდებინა ეს კაცი, რათა შედარებით წყნარი ცხოვრების წესს

შეჰგუებოდა. ერთხანს მეგონა კიდეც, რომ წარმატებით გავართვი თავი ამ საქმეს, მაგრამ

მოგვადგა ზამთარი და კარზე მოგვაყენა მაცნე, რომელმაც შორიდან წერილი მოგვიტანა.

ამ წერილმა ყველაფერი ერთიანად შეცვალა.



                                                   წერილი კაისერიდან ბაღდადში



1243 წლის თებერვალი, ბაღდადი



„ბისმილაჰირაჰმანირაჰიმ!

ჩემო ძვირფასო ძმაო, ბაბა ზამან! მშვიდობა და კეთილდღეობა ნუ მოგაკლოს მაღალმა

ღმერთმა. რა ხანია, არ მინახავხარ, იმედია, კეთილად ბრძანდები. ბევრი საოცარი რამ

მსმენია შენი სავანის შესახებ, ბაღდადის შემოგარენში რომ აგიშენებია, სადაც დავრიშებს

სიბრძნეს უზიარებ და ღმერთის სიყვარულს ჩააგონებ. ამ წერილში ერთ საიდუმლოს

გაგიმხელ, რომელიც ბოლო დროს მოსვენებას არ მაძლევს. ნება მიბოძე,

თანამიმდევრულად გამცნო ყოველივე.



მოგეხსენება, ალბათ, რომ აწ გარდაცვლილი სულთანი ალადინ ქეიქუბადი საუცხოო

პიროვნება იყო. მან ძნელბედობის ჟამს წინამძღოლობის განსაკუთრებული უნარი

გამოიჩინა. მისი ოცნება იყო, აეგო ქალაქი, სადაც პოეტები, ოსტატები და

ფილოსოფოსები



მშვიდად იცხოვრებდნენ და იმუშავებდნენ. თუმცა ქვეყნად გამეფებული არეულობისა

და შუღლის შემხედვარე ბევრი ადამიანი ამას აუხდენელ ოცნებად მიიჩნევდა.

არეულობასა და შუღლს რომ ვამბობ, უპირველესად ჯვაროსნებსა და მონღოლებს

ვგულისხმობ, ყოველი მხრიდან რომ გვეძალებიან.



მართლაც, რისი მომსწრენი აღარ გავხდით: ქრისტიანი მაჰმადიანს გადაეკიდა,

ქრისტიანი ქრისტიანს, მაჰმადიანი ქრისტიანს და მაჰმადიანი მაჰმადიანს. რჯული

რჯულს ებრძვის, სექტა – სექტას, ტომი – ტომს, ძმა ძმასაც კი... მაგრამ ქეიქუბადი

შეუპოვარი წინამძღოლი აღმოჩნდა. მან თავისი ოცნების ხორცშესასხმელად ქალაქი

კონია აირჩია პირველი ქალაქი, რომელიც დიდი წარღვნის შემდეგ აღმოცენდა.

დღეს ამ ქალაქში ერთი სწავლული ცხოვრობს. არ ვიცი, გსმენია თუ არა მის შესახებ.

მისი სახელია მევლანა ჯალალ-ედ-დინი, მაგრამ უმეტესად რუმის სახელით არის

ცნობილი. მე, ჩემდა სასიხარულოდ, არათუ შევხვედრივარ, არამედ ხანგრძლივი

ურთიერთობაც მქონია, თავდაპირველად როგორც მასწავლებელს, მამამისის

სიკვდილის შემდეგ როგორც მოძღვარსა და დამრიგებელს, წლების შემდეგ კი...



როგორც მოწაფეს. დიახ, ჩემო მეგობარო, მე მისი მოწაფე გავხდი. ისეთი ნიჭიერი და

გონიერი იყო, რომ ერთ მშვენიერ დღეს მივხვდი: ჩემგან აღარაფერი ესწავლებოდა და

თვითონ უნდა დავმოწაფებოდი.



მამამისიც ჩინებული ღვთისმეტყველი გახლდათ, მაგრამ რუმის აქვს თვისება,

რომელსაც სხვა ღვთისმეტყველებს ძვირად თუ შეამჩნევ: მას შეუძლია, სარწმუნოებას

ქერქი შემოაცალოს და მისი ბირთვიდან ყოვლისმომცველი, მარადიული მარგალიტი

ამოაბრწყინოს.



მინდა მოგახსენო, რომ ეს არ გახლავს მხოლოდ ჩემი მოსაზრება. როცა დიდ მისტიკოსს,

მეწამლესა და მენელსაცხებლეს – ფარიდუდინ ათარს ჭაბუკი რუმი უნახავს, უთქვამს: ეს

ახალგაზრდა კაცი ადამიანთა გულის კარს გასაღებს უპოვის და მისტიკის მოყვარულთა

გულებში სიყვარულის ნამდვილ ცეცხლს დააგზნებსო. გამოჩენილ ფილოსოფოსს,



მწერალსა და მისტიკოსს იბნ არაბს კი, პირველად რომ უნახავს მამამისის ფეხდაფეხ

მიმავალი რუმი, წამოუძახია:



– დიდება შენდა, მაღალო ღმერთო! ტბას ოკეანე მიჰყვება უკან!..

სულ ოცდაოთხი წლისა იყო რუმი, სულიერი წინამძღოლობა რომ იკისრა. დღეს კი,

ცამეტი წლის შემდეგ, იგი კონიის მცხოვრებთათვის მიბაძვის საგანი გამხდარა.

პარასკეობით ქალაქში მილეთის ხალხი იყრის თავს მისი ქადაგების მოსასმენად. რაში

აღარ გამოიჩინა თავი: სამართალი იქნება თუ ფილოსოფია, ღვთისმეტყველება თუ

ისტორია, ქიმია, თუ ალგებრა. ამბობენ, ათი ათასამდე მოწაფე ჰყავსო. მიმდევრები მის

წარმოთქმულ ყოველ სიტყვას იმახსოვრებენ და მიიჩნევენ უდიდეს განმანათლებლად,

რომელიც თუ მთელი მსოფლიოს არა, ისლამის ისტორიაში მაინც უდავოდ მოახდენს

დიად ძვრებს. მე კი რუმი კვლავინდებურად შვილად მიმაჩნია. აწ განსვენებულ მამამისს

თავის დროზე აღვუთქვი, რომ ყოველთვის მეთვალყურეობას გავუწევდი და აი, ახლა,

სიბერის ჟამს, როცა ჩემი აღსასრული შორს აღარ არის, მინდა დავრწმუნდე, რომ

სასურველი ადამიანების გარემოცვაში ვტოვებ.



საქმე ისაა, რომ მიუხედავად უდავო აღზევებისა და წარმატებისა, რუმიმ რამდენჯერმე

გამანდო თავისი შინაგანი უკმაყოფილება. მას რაღაც აკლია და ამ დანაკლისს ვერც

ოჯახი უვსებს და ვერც მოწაფეები. ერთხელ ვუთხარი, ნედლი ნამდვილად არ გეთქმის,

მაგრამ ქურაში გამომწვარიც არა ხარ-მეთქი.



მისი თასი პირამდე სავსეა, მაგრამ მას უცილოდ სჭირდება სულის კარის შეღება, რათა

სიყვარულის ნაკადის მიმოქცევა აღარაფერმა დააბრკოლოს. როცა მან მკითხა, როგორ

უნდა მიეღწია ამისთვის, ვუთხარი: თანამგზავრი გჭირდება შენს სულიერ გზასავალზე-

მეთქი. თან ყურანის სიტყვებიც მოვიშველიე, იმის შესახებ, რომ მორწმუნენი

ერთმანეთისთვის სარკეები არიან...



საკითხი რომ კვლავ არ წამოჭრილიყო, ალბათ, მიმავიწყდებოდა კიდეც ჩვენი საუბარი,

მაგრამ ერთხელ, სწორედ იმ დღეს, როცა კონიიდან წამოვედი, რუმი მესტუმრა და

მითხრა, ერთი და იგივე სიზმარი არ მასვენებს და იქნებ ამიხსნაო.



სიზმრად ენახა, თითქოს შორეულ, დიდ და ხალხმრავალ ქალაქში ვიღაცას დაეძებდა.

ირგვლივ არაბული ენა ჟღერდა. თვალს იტაცებდა ჩამავალი მზის სილამაზე. თუთის

მწიფობის დრო იყო. თავიანთ პარკებში გამოხვეული აბრეშუმის ჭიები მოთმინებით

ელოდნენ, როდის დაუდგებოდათ გარეთ გამობრძანების წუთი. თავად რუმი ვითომ

მამისეული სახლის უკანა ეზოში, ჭრაქით ხელში, ჭასთან იჯდა და მწარედ ქვითინებდა.

თავდაპირველად ვერ მივხვდი, რაზე მიანიშნებდა მისი სიზმარი. ყველაფერი მეუცხოვა

მის ნაამბობში. მაგრამ ერთ დღესაც საჩუქრად აბრეშუმის ყელსახვევი მომართვეს;

სწორედ მაშინ მივიღე სასურველი პასუხი და ეს თავსატეხიც მყისვე ამოვხსენი.



გამახსენდა, როგორ გიყვარს აბრეშუმი და აბრეშუმის ჭია. გამახსენდა საოცარი ამბები,

რომელიც შენი ტარიკას შესახებ მსმენოდა და მივხვდი, რომ რუმი სიზმარში სწორედ

შენს სავანეს ხედავდა.



რაღა ბევრი გავაგრძელო, ძმაო ჩემო, პირდაპირ უნდა გკითხო: რუმის მომავალი

მეგობარი შენს ჭერქვეშ ხომ არ იმყოფება?



აი, რატომ გწერ ამ წერილს...

არ ვიცი, ცხოვრობს თუ არა მსგავსი ვინმე შენს სავანეში. თუ ასეა, შენთვის მომინდვია,

ამცნო მას მოახლოებული საბედისწერო დანიშნულების შესახებ; და თუ მე და შენ ოდნავ

მაინც ხელს წავაშველებთ ამ ორი მდინარის შერწყმასა და ღვთაებრივი სიყვარულის

ოკეანეში ერთ ნაკადად ჩადინებას, თუ ღვთის ორი დიდი მეგობრის შეხვედრას ხელს

შევუწყობთ, ჩემს თავს ნეტარ ადამიანად ჩავთვლი.



თუმცა ერთი რამ უნდა გაითვალისწინო. რუმი გავლენიანი კაცია, პატივი და

თაყვანისცემა არ აკლია, მაგრამ ეს იმას როდი ნიშნავს, რომ აუგის მთქმელი არავინ ჰყავს.

დიახაც, ჰყავს. მეტსაც გეტყვი: ზემოთ ხსენებული ერთიანი ნაკადის წარმოშობამ

შესაძლოა ისეთი უკმაყოფილება და დაპირისპირება გამოიწვიოს, ვერც კი წარმოიდგენ.

სულიერი მეგობრისადმი სიყვარულმა რუმის, შესაძლოა, ოჯახსა და ახლობლებთანაც

შეუქმნას სიძნელეები.



მეორე მხრივ, ასეთი გაღმერთებული პიროვნების ყურადღებით განებივრებულ

ადამიანსაც ემუქრება შარში გახვევის საფრთხე: იგი სიძულვილს თუ არა, შურს მაინც

უთუოდ აღძრავს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვა, ძმაო ჩემო, ადამიანი, რომელსაც შენ

კონიაში ამ საქმისთვის წარგზავნი, შესაძლოა, უკან ვეღარ დაბრუნდეს; ამიტომ გთხოვ,

სანამ მას ამ წერილს გადასცემდე, ყველაფერი კარგად აწონ-დაწონე.



პატიებას გთხოვ იმისათვის, რომ რთულ მდგომარეობაში გაყენებ, მაგრამ ორივემ

ვიცით, ღმერთი არასოდეს აგვკიდებს ისეთ ტვირთს, რომელსაც ვერ მოვერევით. ველი

შენს პასუხს. იმედი ვიქონიოთ, რომ რაც უნდა გამოვიდეს ამ საქმიდან, უთუოდ სწორ

ნაბიჯებს გადადგამ და სწორ გეზს აირჩევ. დაე, მუდამ გადგეთ რწმენის ნათელი შენ და

შენს დავრიშებს.

მოძღვარი სეიდ ბურანედინი.“



                                                                                 შამსი



1243 წლის 18 დეკემბერი, ბაღდადი



ბარაქიანად ბარდნიდა, სახურავებზე ლოლუები ეკიდა. თოვლით გადაპენტილ

შარაგზაზე შორიდანვე დავლანდეთ უცხო შიკრიკი. რომ მოგვიახლოვდა, გვამცნო,

კაისერიდან მოვდივარო. აფორიაქდნენ დავრიშები; წელიწადის ამ დროს სტუმარი

ისეთივე იშვიათობა იყო ჩვენში, როგორიც ყურძნის მწიფე მტევანი. ასეთ წარღვნაში

შიკრიკი რომ წერილს მოგირბენინებს, ორ რამეს ფიქრობ: ან რაღაც საშინელება

დატრიალდა, ან რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი მოხდა.



შიკრიკის გამოჩენამ დავრიშებში მითქმამოთქმა გამოიწვია. ყველას აინტერესებდა, რა

შინაარსის წერილი მიართვა მან ოსტატს, მაგრამ ოსტატმა ერთი გადაკრული სიტყვაც არ

გვაღირსა. დადიოდა გარინდებული, რაღაცაზე ჩაფიქრებული და თავის საიდუმლოს

ცოცხალი თავით არ გვიმხელდა. ჩანდა, საკუთარ თავს ებრძოდა და გადაწყვეტილების

მიღება უჭირდა.

 



იმ დღეებში, როცა ბაბა ზამანს თვალს ვადევნებდი, მხოლოდ ცნობისმოყვარეობა როდი

მამოძრავებდა. გუმანით ვგრძნობდი, რომ წერილში იყო რაღაც ისეთი, რაც მე მეხებოდა,

ოღონდ არ ვიცოდი, რა. საღამოობით სამლოცველოში შევიკეტებოდი და ღმერთის

ოთხმოცდაცხრამეტივე სახელს ვახსენებდი, რათა მას სწორ გზაზე დავეყენებინე.



ამ

სახელებიდან ყოველთვის ერთი გამოირჩეოდა – ალჯაბარი, ანუ იგი, ვის სამეუფოშიც

მისი ნების გარეშე არაფერი ხდება. გადიოდა დღეები, საძმოს წევრები გაცხარებით

ბჭობდნენ. რა მოსაზრებას არ გამოთქვამდნენ... მე კი განმარტოებას ვამჯობინებდი.

ბაღში გავდიოდი და ვაკვირდებოდი თოვლის მძიმე საბნის ქვეშ გატრუნულ ბუნებას.

ერთ დღესაც, სამზარეულოში ყოფნისას, სპილენძის ზარის ჟღარუნი ჩამესმა. ეს

სასწრაფო შეკრების ნიშანი იყო.



ხანაკის მთავარ დარბაზში შევედი. უფროსი დავრიშებიდან ახალბედა მორჩილებამდე

ყველა იქ დამხვდა. წრიულად ისხდნენ. შუაში ბაგემოკუმული და თვალებმიმქრალი

ოსტატი იჯდა.

მან ჩაახველა და დაიწყო:

– ბისმილლაჰ! ალბათ, მკითხავთ, რად გვიხმეო. გიხმეთ, რათა იმ წერილზე

გესაუბროთ, ახლახან რომ მივიღე. არა აქვს მნიშვნელობა, საიდან მოვიდა წერილი.

საკმარისია, გითხრათ, რომ მან ჩემი ყურადღება ძალიან მნიშვნელოვან საგანს მიაპყრო.

ბაბა ზამანი დადუმდა და ფანჯარაში გაიხედა. ისედაც სიფრიფანა და ფერმკრთალი,

ამჯერად მთლად მილეული ჩანდა, თითქოს ამ დღეებში ერთბაშად დაბერებულიყო...

მაგრამ როცა კვლავ ალაპარაკდა, ხმაში მოულოდნელი რიხი გაერია:



– აქედან არც ისე შორს ერთი დიდად განსწავლული კაცი ცხოვრობს. სიტყვის

დიდოსტატია, მაგრამ მეტაფორებში მოიკოჭლებს, რადგან პოეტი არ არის. ის ათასობით

ადამიანის სიყვარულის, პატივისცემისა და აღტაცების საგანია, მაგრამ თავად, მიზეზთა

და მიზეზთა გამო (მათ ვერც მე და ვერც თქვენ ვერ ჩავწვდებით), სიყვარულისაგან შორს

არის. ჩვენი სავანიდან ერთ-ერთი უნდა წავიდეს, გაიცნოს იგი და დაუმეგობრდეს.

გული მომეწურა, ნელა, ძალიან ნელა ამოვისუნთქე. უნებურად გამახსენდა ერთერთი

წესი: „მარტოობა და განმარტოება სხვადასხვა რამ არის. მარტოკაცს თავის მოტყუება

უწევს, აქაოდა, სწორ გზას ვადგავარო; ისევ განმარტოება გიჯობს: ამ დროს მარტო ხარ,

მაგრამ მარტოსული მაინც არ გქვია. თუმცა საბოლოოდ ყველაფერს ის აჯობებს, იპოვო

ადამიანი, რომელიც შენი სარკე გახდება. დაიმახსოვრე, მხოლოდ სხვა ადამიანის გულში

დაინახავ შენს ნამდვილ სახეს და შენში ღვთის არსებობას.“



ოსტატი კი განაგრძობდა:

– აქ იმიტომ შეგყარეთ, რომ გკითხოთ, რომელი თქვენგანია მზად, თავისი ნებით

იტვირთოს ეს სულიერი მოგზაურობა? შემეძლო, მე დამევალებინა ეს ერთ-ერთი

თქვენგანისთვის, მაგრამ ეს საქმე მოვალეობის მოხდის მიზნით კი არა,

მხოლოდდამხოლოდ სიყვარულით და სიყვარულისთვის უნდა გაკეთდეს.

ერთმა ახალგაზრდა დავრიშმა სიტყვა ითხოვა:



– ვინ არის ეს სწავლული, ოსტატო?



– მისი სახელის გამხელა მხოლოდ იმისთვის შემიძლია, ვისაც წასვლის სურვილი უკვე

გაუჩნდა, – უპასუხა ბაბა ზამანმა.

რამდენიმე დავრიშმა მოუთმენლად ასწია ხელი. მსურველი ცხრა იყო. მათ მეათედ მეც

შევუერთდი, მაგრამ ბაბა ზამანმა ხელი აღმართა, სათქმელი დამასრულებინეთო.

– არის კიდევ რაღაც, რაც წამსვლელმა საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე

აუცილებლად უნდა იცოდეს, – თქვა მან.



შემდეგ გვიამბო, რომ ეს იყო ძალიან სახიფათო მოგზაურობა, წამსვლელს უამრავი

სიძნელის გადალახვა მოუწევდა და ვერავინ იქნებოდა თავდები, რომ უკან ცოცხალი

დაბრუნდებოდა



ერთბაშად ყველამ ჩამოსწია ხელი, ჩემ გარდა. ბაბა ზამანმა თვალი თვალში გამიყარა,

რაც დიდი ხანი იყო, არ გაეკეთებინა. როცა ჩვენი თვალები ერთმანეთს შეხვდა, მივხვდი

მან თავიდანვე იცოდა, რომ ერთადერთი მოხალისე სწორედ მე ვიქნებოდი.

– შამს თებრიზ! – მომმართა ოსტატმა. ჩემი სახელი ისე გაჭირვებით და მძიმედ

წარმოთქვა, თითქოს რაღაც ემწარაო. – პატივს ვცემ შენს გამბედაობას, მაგრამ შენ ამ

საძმოს სრულუფლებიანი წევრი არ ხარ; მხოლოდ სტუმარი ხარ ჩვენი.

– არ მესმის, ამან რატომ უნდა დამაბრკოლოს, – ვთქვი მე.



ოსტატი ჩაფიქრდა. შემდეგ მოულოდნელად ადგა და დაასკვნა:

– მოდი, დროებით დავეხსნათ ამ საგანს. რომ გაზაფხულდება, კვლავ ვიმსჯელოთ

მასზე.



სასტიკად აღვშფოთდი. ოსტატმა იცოდა, რომ ბაღდადში ჩემი ჩამოსვლის ერთადერთი

მიზეზი ეს საბედისწერო მისია იყო და ახლა მისი შესრულების საშუალებას მისპობდა!

– რატომ აკეთებ ამას, ოსტატო? რაღას ველოდო, როცა ყოველ წუთს მზად ვარ

წასასვლელად! დამისახელე ქალაქი და სწავლულის ვინაობა და ხვალვე გზას

გავუდგები! – წამოვიძახე მე.



მაგრამ ბაბა ზამანმა უჩვეულოდ მკაცრი, ცივი ხმით მომიჭრა:

– აღარაფერია სამსჯელო. შეკრება დასრულებულია.

სასტიკი ზამთარი იყო იმ წელს. ყინვისაგან დამზრალ ბაღში არც ერთი ტოტი არ

იძროდა. ჰოდა, იმ დღიდან აღარც მე დამიძრავს სიტყვა. სამი თვის განმავლობაში

ვდუმდი. ყოველდღე დავხეტიალებდი სოფელში იმ იმედით, რომ სადმე მაინც

მოვკრავდი თვალს გაკვირტულ ხეს, მაგრამ თოვლს თოვლი ემატებოდა, გაზაფხულის

მოსვლას კი პირი არ უჩანდა. მართალია, ვწუხდი და ეს მეტყობოდა კიდეც, მაგრამ

მადლიერების გრძნობა და იმედი არ მტოვებდა, რადგან ვითვალისწინებდი ერთ-ერთ

წესს, რომელიც ჩემს სულიერ განწყობას შეესაბამებოდა:



„რაც უნდა მოხდეს შენს ცხოვრებაში, როგორც უნდა შეგაწუხოს და დაგზაფროს

მომხდარმა, სასოწარკვეთას ნუ მიეცემი. ყველა კარი რომ ჩარაზული დაგხვდეს, ღმერთი

ახალ კარს გააღებს, მხოლოდ შენთვის! იყავი მადლიერი! მადლიერება იოლია, როცა

დალხინებული ხარ. სუფი მხოლოდ იმისთვის კი არ არის მადლიერი, რაც მიეცა, არამედ

იმისთვისაც, რაზეც უარი მიიღო.“



ერთ დილით თოვლის ნამქერიდან ისე გამოანათა უჩვეულოდ ხასხასა ფერებმა,

თითქოს ვიღაცამ ყურში ტკბილი სიმღერა ჩამღიღინა. თოვლიდან სამყურას ამოეყო

თავი და პაწაწინა, იისფერი ყვავილები გაეფურჩქნა.



გული სიხარულით ამევსო. სავანეში დავბრუნდი, იქ ჩვენს წითურ მორჩილს შევეჩეხე

და მხიარულად მივესალმე. ჩემს უხიაგ დუმილს შეჩვეულ მორჩილს გაოცებისგან პირი

ღია დარჩა.



– გაიღიმე, ჭაბუკო! ვერ ხედავ, გაზაფხული მოგვადგა კარს! – შევძახე მე.

იმ დღიდან მიდამო საკვირველი სისწრაფით იცვლებოდა. ბოლო თოვლიც ჩამოდნა,

ხეები გაიკვირტა, ირგვლივ ბეღურები და ბზეწვიები აფუსფუსდნენ. ცოტაც და, ჰაერში

ნაზი, ტკბილი სურნელი დატრიალდა.



ერთ დილით კვლავ ჩაგვესმა სპილენძის ზარის წკარუნი. ვერავინ დამასწრო დარბაზში

შერბენა. ისევ ირგვლივ შემოვუსხედით ოსტატს და მოვისმინეთ მისი ნაამბობი

სასიქადულო მაჰმადიანი ღვთისმეტყველის შესახებ, რომლის ჭკუა ყველაფერს მისწვდა,

ყველაფერი გადალახა, სიყვარულის გზაწვრილების გარდა. წასვლის მსურველი ისევ

მხოლოდ მე ვიყავი.



– ვხედავ, შამსი ერთადერთი ადამიანია თქვენ შორის, ვისაც ნებით სურს წასვლა, – თქვა

ბაბა ზამანმა. საუბრისას თანდათან ხმას იმაღლებდა და ბოლოს მისი ხმა ქარის კივილს

დაემსგავსა. – მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებას შემოდგომამდე მაინც არ მივიღებ, –

გამოგვიცხადა უცებ.



თავზარი დამეცა. ყურს არ დავუჯერე. სამი თვე ვიცადე, ყოველ წუთს მზად ვიყავი

გასამგზავრებლად, ის კი ამ საქმის კიდევ ექვსი თვით გადადებაზე ლაპარაკობდა! სული

ყელში მომებჯინა. გავიბრძოლე, ავვიშვიშდი, ლამის შევტირე, მითხარი ქალაქი და

სწავლულის ვინაობა-მეთქი, მაგრამ ოსტატი უარზე იყო.



თუმცა, ამჯერად ვიცოდი, რომ ლოდინი უფრო გამიადვილდებოდა და რომ ეს ბოლო

გადავადება იყო. თავს ვიმშვიდებდი, სადაც ამდენი მომითმენია, გაზაფხულიდან

შემოდგომამდეც როგორმე მოვთოკავ-მეთქი თავს. ბაბა ზამანის უარმა სულიერად არ

გამტეხა. პირიქით, გული მომეცა და კიდევ უფრო გავძლიერდი. ჩემი ერთ-ერთი წესიც

ამავეს ამბობდა: „მოთმინება გაძლებას როდი ნიშნავს. მოთმინება შორსმჭვრეტელობაა,

რომელიც საბოლოო შედეგის გარდაუვალობაში გარწმუნებს. მოთმინება ის არის, ეკალს

რომ უყურებ და ვარდს ხედავ, ღამეს რომ უყურებ და განთიადს ჭვრეტ. მოუთმენლობა

კი სიბეცეა, შედეგის განჭვრეტის უუნარობაა. ღვთის მოყვარულთ მოთმინება არასოდეს

ელევათ, რადგან იციან, რომ ნამგალა მთვარის სავსე მთვარედ გადაქცევას დრო

სჭირდება“.



როცა შემოდგომის ერთ მშვენიერ დღეს კვლავ აწკრიალდა სპილენძის ზარი,

აუჩქარებლად და გულდაჯერებულად შევაბიჯე ოთახში იმ იმედით, რომ ამჯერად

ყველაფერი მოგვარდებოდა. ოსტატი ჩვეულებრივზე უფრო ფერმკრთალი და

მისუსტებული ჩანდა, თითქოს საბოლოოდ გამოლეოდა ენერგია...

თუმცა, როცა

დაინახა, რომ ჩემსას არ ვიშლიდი და კვლავინდებურად ხელს მაღლა ვწევდი, ზურგი



აღარ მაქცია და აღარც სიტყვა ამიგდო ბანზე, პირიქით, თავი დამიქნია და მტკიცედ

მითხრა:



– კეთილი, შამს. ცხადზე ცხადია, შენ ის კაცი ხარ, ვინც ამ გზას უნდა დაადგეს. ხვალ

დილითვე აქაურობას გაეცლები, ინშალა!



ხელზე ვემთხვიე. ნანატრი შეხვედრა შორს აღარ იყო! ბაბა ზამანმა თავისი ფიქრიანი

თვალებით შემომხედა და ისე თბილად შემომღიმა, როგორც მამა უღიმის ხოლმე

ბრძოლის ველზე მიმავალ ვაჟს. შემდეგ თავისი ჭაობისფერი ხალათის ჯიბიდან

დაბეჭდილი წერილი ამოიღო, გადმომცა და ოთახი უსიტყვოდ დატოვა. სხვები უკან

გაჰყვნენ. მარტო დარჩენილმა წერილს ბეჭედი ავხსენი და კითხვა დავიწყე.

გაკრული, ლამაზი ხელით დაწერილი ამ უსტარიდან ორი რამ შევიტყვე:



ქალაქის

დასახელება და სწავლულის ვინაობა. ერთი სიტყვით, კონიაში უნდა წავსულიყავი და იქ

ვინმე რუმი გამეცნო. გულმა რეჩხი მიყო. ეს სახელი ადრე არასოდეს მსმენოდა.

ოსტატისგან ვიცოდი, რომ ეს კაცი განთქმული სწავლული იყო, მაგრამ სხვა მხრივ

ჩემთვის იდუმალებით გახლდათ მოცული.



სათითაოდ წარმოვთქვი მისი სახელის შემადგენელი ასოები: ჟღერადი და კაშკაშა რ;

ხავერდოვანი უ; მედგარი მ და ბოლოს იდუმალი, ჯერაც ამოუხსნელი ი... შემდეგ ეს

ასოები შევაერთე და მისი სახელი ზედიზედ რამდენჯერმე ჩურჩულით გავიმეორე, სანამ

ეს სიტყვა შაქარყინულივით არ დამადნა ენაზე და ისეთივე ახლობელი არ გახდა,

როგორიც „წყალი“, „პური“, ან „რძე“.



                                                                       ელა



2008 წლის 22 მაისი, ნორთჰემპტონი





ბუმბულის საბანში თბილად გახვეულ ელას მაინც უსიამოვნოდ აციებდა, ყელი ისე

სტკიოდა, ნერწყვს გაჭირვებით ყლაპავდა. დაღლილობამაც დარია ხელი. გვიან

დაძინებამ და ზედმეტმა ალკოჰოლმა თავისი ქნა. მაინც წამოდგა, საუზმის

მოსამზადებლად ქვევით ჩავიდა და შემდეგ ქმარშვილთან ერთად ისაუზმა. სუფრასთან

ტყუპი, როგორც ყოველთვის, უდარდელად ლაყბობდა. ამჯერად საუბარი სკოლაში

საუკეთესო მანქანებით მოგრიალებულ კლასელებს ეხებოდა. ელა ცდილობდა, მათთვის

ყურადღებით მოესმინა, თუმცა, ერთი სული ჰქონდა, თავის ოთახში ასულიყო და ძილი

შეებრუნებინა. უცებ ორლი დედას მიუბრუნდა და ჰკითხა:



– დე, ეივი ამბობს, ჯენეტი სახლში დაბრუნებას აღარ აპირებსო, მართალია?

გოგონას ხმაში ეჭვი და საყვედური ჟღერდა.

– არა, რას ამბობ. უბრალოდ, წავკინკლავდით, ერთმანეთი კი არ შეგვძულებია, – უთხრა

ელამ.

– მართალია, რომ სკოტს ელაპარაკე და ჯენეტთან განშორება შესთავაზე? – იკითხა

ეივიმ გესლიანი ღიმილით. ეტყობოდა, ძალიან სიამოვნებდა ამ თემაზე საუბარი.

ელამ ქმარს თვალები დაუბრიალა, მაგრამ დევიდმა ხელები გაასავსავა, აქაოდა, არ

გეგონოს, მე ვუთხარიო.



ელამ ადვილად გაიმკაცრა ხმა, რადგან ამ საქმეში გაწაფული იყო. ასეთ მბრძანებლურ

ტონს, ჩვეულებრივ, მაშინ იყენებდა, როცა ბავშვებს მითითებებს აძლევდა.

– არა, მთლად ასე არ არის. სკოტს მართლაც დავურეკე, მაგრამ არ მითქვამს, ჯენეტი

მიატოვე-მეთქი. მხოლოდ ვთხოვე, დაქორწინება არ ეჩქარათ.

– მე არასოდეს გავთხოვდები! – მტკიცედ გამოაცხადა ორლიმ.

– კალთას არავინ დაგახევს! – უკბინა ეივიმ.



ტყუპის კინკლაობაზე ელას, რატომღაც, ნერვიულად გაეღიმა. თავის შეკავება სცადა,

მაგრამ ღიმილი თითქოს ტუჩებზე აეკრა და მანამდე ვერ მოიშორა, სანამ ოჯახის

წევრები კარამდე არ მიაცილა. სუფრას რომ მიუბრუნდა და თავი მარტო დაიგულა,

კოპები მაშინღა შეკრა.



სამზარეულო ისე გამოიყურებოდა, თითქოს ვირთხების მთელ არმიას ეთარეშა.

მაგიდაზე უწესრიგოდ ეყარა ნახევრად შეჭმული ერბოკვერცხი, ფაფის ნარჩენები და

დასვრილი ჭიქები. სპირიტიც მოუსვენრად წრიალებდა, სასეირნოდ წასვლას ითხოვდა,

მაგრამ ელას მისთვის არ ეცალა. ორმა ჭიქა ყავამ და ხილის წვენმაც კი ვერ შემატა ძალა,

ამიტომ ძაღლი მხოლოდ რამდენიმე წუთით გაიყვანა ბაღში. ბაღიდან მობრუნებულს

ავტომოპასუხე წითლად აციმციმებული დახვდა. ელამ ღილაკს ხელი დააჭირა და მისდა

სასიხარულოდ ოთახი ჯენეტის მელოდიურმა ხმამ აავსო.



„დე, სახლში ხარ? ალბათ, არ ხარ, თორემ ყურმილს აიღებდი, – ჩაიკისკისა ჯენეტმა, –-

მოკლედ, ისე გამაბრაზე, შენი დანახვა არ მინდოდა, მაგრამ უკვე გამიარა. დამეთანხმე,

არ გამოგივიდა კარგად. სკოტისთვის არ უნდა დაგერეკა. თუმცა ისიც მესმის, რატომ

მოიქეცი ასე... ნუ გადამეფოფრები ხოლმე, რა... გაიგე, აღარ ვარ თოთო ბავშვი,

ნაადრევად რომ დაიბადა და ინკუბატორში ზრდიდი. შეწყვიტე ეს ქოთქოთი და ცოტა

მიმიშვი, კარგი?“



ელას თვალები ცრემლით აევსო. ახალშობილი ჯენეტი მოაგონდა. სასუნთქ მილზე

მიერთებული, უსუსური, წითელი არსება, ერთი ბეწო, თითქმის გამჭვირვალე,

დაჭმუჭნილი თითებით, საამქვეყნო პირი რომ არ უჩანდა... რამდენი ღამე გაუთევია მის

სასთუმალთან. რამდენჯერ მიუყურადებია მისი სუნთქვისთვის, რამდენჯერ

დაეჭვებულა, ცოცხალი იყო თუ არა, ან საერთოდ, თუ იცოცხლებდა...

„ჰო, დე, კიდევ ერთი რამე მინდა გითხრა, – დასძინა ჯენეტმა ცოტაოდენი ფიქრის

შემდეგ, თითქოს გვიან გაახსენდაო, – მიყვარხარ!“



ელამ ამოიოხრა. უცებ ფიქრი აზიზის წერილისკენ გაექცა. ნატვრის ხემ შეისმინა

აზიზის ვედრება, ყოველ შემთხვევაში, მისი პირველი ნაწილი. ჯენეტმა თავისი

გასაკეთებელი გააკეთა. ახლა ელას ჯერი იყო, დანარჩენი მას უნდა გაეკეთებინა. ელამ

ქალიშვილს მობილურზე დაურეკა. ჯენეტი კამპუსის ბიბლიოთეკაში მიდიოდა.

– მივიღე შენი შეტყობინება, საყვარელო. ახლა მე მომისმინე. ბოდიში მინდა მოგიხადო.

ამ სიტყვებს მოკლე, მაგრამ მრავლისმეტყველი პაუზა მოჰყვა.

– მოიცა, დედა...

– არა, მომისმინე. მეტი პატივისცემით უნდა მოვკიდებოდი შენს გრძნობებს...



– დავივიწყოთ, კარგი? – თქვა ჯენეტმა ისეთი ტონით, თითქოს ის იყო დედა, ელა კი

მისი გაურჩებული ქალიშვილი.

– კარგი, ასე იყოს.



ჯენეტმა ხმას დაუწია და უცებ ჩურჩულზე გადავიდა, თითქოს პირზე მომდგარი

შეკითხვის ხმამაღლა წარმოთქმის ეშინოდა.

– ცოტა შემაწუხა შენმა ამასწინანდელმა ნათქვამმა. მართლა უბედური ხარ?

– რა თქმა უნდა, არა, – სწრაფად ალაპარაკდა ელა, – როგორ შეიძლება უბედური იყოს

დედა, რომელმაც სამი მშვენიერი შვილი გაზარდა?!



მაგრამ ჯენეტისთვის ასეთი საბუთი ნაკლებდამაჯერებელი აღმოჩნდა.

– მე მხედველობაში მქონდა... მამასთან...



ელას სიმართლის თქმის გარდა აღარაფერი დარჩენოდა:

– მე და მამაშენი დიდი ხანია ცოლ-ქმარი ვართ, ძნელია ამდენ ხანს სიყვარულის

შენარჩუნება.



– მესმის... – თქვა ჯენეტმა და რაოდენ უცნაურიცუნდა ყოფილიყო, ელას მოეჩვენა, რომ

შვილმა მართლაც გაუგო.



ელამ ყურმილი დადო, თავის სარწეველა სავარძელში ფეხმორთხმით მოიკალათა და

სიყვარულზე ფიქრს მიეცა: „როგორ უნდა ეყოს ჩემსავით გულნატკენ და სკეპტიკურად

განწყობილ ადამიანს ძალა, კვლავ განიცადოს სიყვარული? ეს გრძნობა ხომ მხოლოდ

მათი ხვედრია, ვინც ამ შეშლილ სამყაროში იოტისოდენა პოეზიას მაინც ხედავს, ან

რაღაც ხელჩასაჭიდი ჯერ კიდევ ეგულება. მაგრამ იმათ რა ეშველებათ, ვინც ფარხმალი

დაყარა და დიდი ხანია, აღარაფერს ეძებს?“

სანამ დღე მიიწურებოდა, აზიზს პასუხი მისწერა:



„ძვირფასო აზიზ (თუ ნებას მომცემთ, ასე მოგმართოთ)!

დიდი მადლობა თბილი გამოხმაურებისათვის, რომელიც ოჯახური კრიზისის

დაძლევაში დამეხმარა. მე და ჩემმა ქალიშვილმა გადავლახეთ ის საშინელება, რომელსაც

თქვენ თავაზიანად „გაუგებრობა“ უწოდეთ. თქვენ ერთ რამეში მართალი აღმოჩნდით: მე

მუდმივად ვმერყეობ ორ სრულიად საწინააღმდეგო მდგომარეობას: აგრესიასა და

პასიურობას შორის. ან ზედმეტად ვერევი საყვარელი ადამიანების ცხოვრებაში, ან

სრულიად უმწეო ვარ და ვერაფერს ვუშლი მათ.



რაც შეეხება თქვენს ნახსენებ მინებებას, მინდა გითხრათ, რომ მშვიდობიანი

კაპიტულაციის ეს ფორმა ჩემთვის უცხოა. ნამდვილად არ მგონია, ჩემგან ოდესმე სუფი

გამოვიდეს, მაგრამ ერთ რამეს კი გეტყვით: რაღაც საოცარი ძალა მართლაც ამოქმედდა

და ქალიშვილთან ურთიერთობა ჩემი სურვილისამებრ მხოლოდ იმის შემდეგ აეწყო, რაც

მის საქმეში ჩარევა შევწყვიტე. დიდ მადლობას გიხდით ამისთვის. მეც სიამოვნებით

ვილოცებდი თქვენთვის, მაგრამ იმდენი ხანია, ღვთის კარზე არ მიმიკაკუნებია, რომ

უკვე მეეჭვება, ისევ იქ ცხოვრობს თუ არა. უჰ, მგონი მეც იმ მეფუნდუკესავით

ავლაპარაკდი... თუმცა ნუ გეშინიათ, ისეთი ბოღმა ნამდვილად არ ვარ. ყოველ

შემთხვევაში ჯერჯერობით...



თქვენი მეგობარი ნორთჰემპტონიდან ელა.“



                                                              წერილი ბაღდადიდან კაისერიში



1243 წლის 29 სექტემბერი



„ბისმილლაჰირრაჰმანირრაჰიმ! ძმაო, სეიდ ბურანნედინ!

მშვიდობა შენდა. წყალობა და კურთხევა ნუ მოგაკლოს მაღალმა ღმერთმა. ძალიან

მასიამოვნა შენმა წერილმა. როგორც გავიგე, კვლავინდებური ერთგულებით ადგახარ

სიყვარულის გზას. მაგრამ ამ წერილმა, იმავდროულად, საგონებელშიც ჩამაგდო.



რუმისათვის ჯუფთს ვეძებო, მწერ. უკვე ვიცი, ვინც უნდა იყოს იგი, მაგრამ ჯერ არ ვიცი,

რა ნაბიჯები უნდა გადავდგა. საქმე ის არის, რომ ჩემს თავშესაფარს მოხეტიალე დავრიში

შეეხიზნა, სახელად შამს თებრიზი. ეს კაცი ზედმიწევნით შეესაბამება შენ მიერ აღწერილ

პიროვნებას. შამსი ამტკიცებს, რომ ამ ქვეყანას განსაკუთრებული მისიით მოევლინა.



მისი თქმით, მან უნდა განანათლოს განათლებული პიროვნება. ეს კაცი შეგირდებს არ

დაეძებს, იგი ღმერთს მხოლოდ სულიერი მეგზურის პოვნას შესთხოვს.



ერთხელ ასეთი რამ მითხრა: „მე ჩვეულებრივ მოკვდავთათვის როდი მოვსულვარ

ამქვეყნად. მხოლოდ მას უნდა დავადო მაჯაზე ხელი, ვინც მსოფლიოს

ჭეშმარიტებისაკენ გაუძღვებაო“. როცა შენი წერილი მივიღე, მივხვდი, რომ რუმის

გაცნობა სწორედ შამსის ხვედრი იყო, მაგრამ მაინც სათითაოდ გამოვცადე ჩემი

დავრიშები, რათა ყველა მათგანისათვის თანაბარი შესაძლებლობა მიმეცა.



ამიტომ კვლავ

შევკრიბე ისინი და წვრილმანების დაზუსტების გარეშე, ზოგადად ვუამბე სწავლულზე,

რომლის გული სიყვარულისათვის უნდა განიღოს... მსურველი თავისთავად ცოტა

აღმოჩნდა, მაგრამ შამსი იყო ერთადერთი, ვინც უკან მაშინაც კი არ დაიხია, როცა ამ

ამოცანის შესრულებისას მოსალოდნელ საფრთხეებზე ვუამბე.



ეს ამბავი ზამთარში მოხდა. იგივე განმეორდა გაზაფხულსა და შემოდგომაზეც. რაღას

აყოვნებდიო, მკითხავ, ალბათ. მეც ბევრი ვიფიქრე ამაზე და მხოლოდ ერთი მიზეზი

შემიძლია დავასახელო: დროთა განმავლობაში ძალიან შემიყვარდა შამსი და

ფათერაკისთვის ვერ გავიმეტე.



საქმე ის გახლავს, რომ შამსი არ არის მარტივი პიროვნება. იგი მომთაბარე ცხოვრებას

ეწევა და ხეტიალი არ გაუძნელდება, მაგრამ თუ ქალაქში დამკვიდრდა და ხალხში

გაერია, ვშიშობ, შარს არ დაერიდება და ბარე ორს „აუშლის ბუმბულს...“ ამიტომ

შეძლებისდაგვარად ვწელავდი მის გამგზავრებას.



ჩვეულება რჯულზე უმტკიცესია და მისი გამგზავრების წინა საღამოს მე და შამსმა

თუთის ხეებთან ჩავისეირნეთ, სადაც მე აბრეშუმის ჭიას ვზრდი. უნაზესი და ამავე

დროს, საოცრად გამძლე აბრეშუმი სიყვარულსა ჰგავს. შამსს ვუამბე, როგორ ანადგურებს

ჭია ჭუპრიდან გამოჩეკისას თავისსავე ნახელავს. ამიტომაც უწევს მეაბრეშუმე გლეხს

არჩევანის გაკეთება ჭიასა და ძაფს შორის. ხშირად ის ჭუპრშივე სპობს ჭიას, რათა ძაფი

დაუზიანებლად ამოიღოს. ასე რომ, ერთი აბრეშუმის თავსაფარი ასობით აბრეშუმის

ჭიის სიცოცხლეს იწირავს.



საღამო იწურებოდა. გრილმა ნიავმა წამოუბერა. შემამცივნა. ასაკოვანი კაცი ვარ და

ხშირად მემართება ეს, მაგრამ მივხვდი, ამჯერად ასაკი არაფერ შუაში იყო. ჟრჟოლა სხვა

რამემ მომგვარა: ვიცოდი, შამსი უკანასკნელად იდგა ჩემს ბაღში და ერთმანეთს

ვეღარასოდეს ვნახავდით. ყოველ შემთხვევაში, სააქაოს. როგორც ჩანს, თვითონ შამსმაც

იგრძნო ეს და თვალებში ნაღველი ჩაუდგა...



ამ დილით უთენია დამადგა თავზე, ხელზე მეამბორა და დამლოცეო, მთხოვა.

გავოცდი: თავისი შავი, გრძელი თმა შეეკრიჭა, წვერი მოეპარსა... მიზეზი არ აუხსნია და

არც მე ჩავძიებივარ. ერთმანეთს რომ ვშორდებოდით, ასეთი რამ მითხრა:



– ვხედავ, ამ საქმეში აბრეშუმის ჭიობა უნდა ვიკისრო. მე და რუმი ღვთაებრივი

სიყვარულის ჭუპრს უნდა შევეხიზნოთ და დღის სინათლეზე მხოლოდ მაშინ

გამოვიდეთ, როცა საამისო ჟამი დადგება, როცა ძვირფასი აბრეშუმი საბოლოოდ

ამოიხვევა. ოღონდ აბრეშუმის გადასარჩენად ჭიის სიკვდილია საჭირო...



წავიდა შამსი კონიაში. ღმერთი იყოს მისი შემწე. ვიცი, სწორად მოვიქეცით მეცა და

შენც, მაგრამ გული მაინც დარდით მევსება, რადგან უკვე მენატრება ყველაზე უჩვეულო

და უმართავი დავრიში, რომლისთვისაც კი ოდესმე ჩემს სავანეში მიმასპინძლია.

ყველანი უფალს ვეკუთვნით და მასვე მივუვალთ.

შეგეწიოს უფალი.

ბაბა ზამანი.“



                                                                           მორჩილი



1243 წლის 29 სექტემბერი, ბაღდადი



ბარე ბევრს გავუფრთხილებივარ, მაგ საქმეს ნუ შეეჭიდებიო, მაგრამ ერთი რამის თქმა

ყველას დაავიწყდა: იმისთვის, რომ დავრიში გახდე, ნამდვილი ჯოჯოხეთი უნდა

გამოიარო. რაც აქ დავსახლდი, სახედარივით ვარ წელში გაწყვეტილი. თითქმის

ყოველდღიურად იმდენი შრომა მიწევს, რომ დღის ბოლოს ლოგინამდე ძლივს ვაღწევ

და ღამეებს თეთრად ვათენებ, იმიტომ, რომ ყველა კუნთი და სახსარი მტკივა, ფეხები კი

რუმბივით მაქვს დასივებული.



ნეტავ ვინმე თუ ხედავს, რა დღეში ვარ? ნუ გეშინიათ, ყველაფერს ხედავენ, მაგრამ არ

იმჩნევენ. არც ერთ მათგანს თანაგრძნობის ნასახი არ ეტყობა. თან რაც მეტს გამოიდებ

თავს, უარესია. ზედ არავინ გიყურებს. ჩემი სახელიც კი არ იციან. „ახალი მორჩილი“

ასე მახსენებენ ხოლმე; ჰო, მართლა, ზურგს უკან „წითურ უვიცსაც“ მიწოდებენ...



ყველაზე დიდი წამება მზარეულის მეთვალყურეობით სამზარეულოში მუშაობაა. ამ

კაცს გულის მაგივრად ქვა უდევს მკერდში. მონღოლების ჯარის პირსისხლიანი

მეთაურობა უფრო შეეფერება, ვიდრე დავრიშების სავანის მზარეულობა. არ მახსოვს,

ვინმესთვის წესიერი სიტყვა ეთქვას ოდესმე. ღიმილი ხომ საერთოდ არ ეხერხება...

ერთხელ უფროს დავრიშს ვკითხე, ამ მზარეულის ხელში მაინცდამაინც ყველა

მორჩილმა უნდა გაიაროს-მეთქი? იდუმალი ღიმილით ჩაიღიმა და მიპასუხა:

– ყველამ არა. მხოლოდ ზოგიერთმა.



– მე რატომ ამირჩიეს? რატომ უნდა ჩვენს ოსტატს, რომ სხვა მორჩილებზე მეტად

დავიტანჯო? ნუთუ იმიტომ მხედნით ასე უმოწყალოდ, რომ ჩემი ნაფსი სხვებისას

სწონის და მეტი წვრთნა მჭირდება? ყოველ დილით სხვებზე ადრე ვიღვიძებ და

წყაროდან წყალს ვეზიდები, შემდეგ ღუმელს ვანთებ და შირბახტის პურებს ვაცხობ.

საუზმისათვის წვნიანის მომზადებაც ჩემი მოვალეობაა.



ორმოცდაათი სულის დაპურება

იოლი საქმე არ არის. ყველაფერი ლამის აბაზანისხელა ქვაბებში იხარშება. მათი გახეხვა

ვის უწევს, იმასაც ადვილად მიხვდებით, ალბათ. დილიდან საღამომდე ჩვრებს

დავარბენინებ, მტვერს ვწმენდ, კიბის საფეხურებსა და ეზოს ვგვი, შეშას ვაპობ და

დაოთხილი ვხეხავ იატაკის გაცვეთილ ფიცრებს. ხილფაფებისა და მწნილების

დამზადებაც მე მევალება. სტაფილოსა და ყაბაყს მარილწყალში ვაწყობ. შესამოწმებლად

კვერცხს ვაგდებ ხოლმე შიგ. თუ კვერცხი ამოტივტივდა, სამწნილე წვენი მზად არის. თუ

გადავამლაშე ან მარილი დავაკელი, მზარეული ცოფებს ყრის და ყველაფერს თავზე

მამხობს. სხვა რა ჩარა მაქვს, მოვყვები და თავიდან ვიწყებ...



ჰო, ჯერ მთავარი არ მითქვამს, არადა, ეს არის, რაც არის: როცა ვსაქმიანობ, თან

არაბულად უნდა ვილოცო. მზარეული მთხოვს, რომ რაც შეიძლება ხმამაღლა

ვილაპარაკო, რათა არასწორად წარმოთქმული ან გამორჩენილი სიტყვა არ გამოეპაროს.

მეც ვლოცულობ და ვმუშაობ, ვმუშაობ და ვლოცულობ...



– რაც მეტს ივაჟკაცებ და გაუძლებ აქაურობას, მით უფრო მალე დაღვინდები, შვილო.

სანამ მზარეულობას სწავლობ, შენი სული ნელ ცეცხლზე დუღს და იშუშება, –

მეჩიჩინება ჩემი მტანჯველი.



– რამდენ ხანს გაგრძელდება ეს გამოცდა? – ვკითხე ერთხელ.

– ათას ერთი დღე! თუკი შეჰერაზადამ იმდენი მოახერხა, რომ ათას ერთი ღამე

სალაპარაკო არ გამოილია, შენ როგორ ვერ უნდა გაძლო?!

მოდი და ნუ გაგიჟდები! გატლეკილ შეჰერაზადას არ შემადარა?! მუთაქებზე

წამოკოტრიალებული, ფეხი ფეხზე გადადებული რომ ჩმახავდა რაღაცებს და ვიღაც წუწკ

უფლისწულს ამ იწილო-ბიწილოთი და ტკბილი ყურძნით თაფლავდა. ეს არის შრომა?!

აბა, ერთი, ჩემს დღეში ჩავარდნილიყო! ერთ კვირაში სული გასძვრებოდა!

არ ვიცი, ვინმე დღეებს თუ ითვლის ამ სავანეში. მე, დიახაც, ვითვლი და ვიცი, რომ აქ

კიდევ 624 დღე უნდა გავატარო.



ჩემი გამოცდის პირველი ორმოცი დღე ისეთ ვიწრო და დაბალჭერიან სენაკში გავატარე,

რომ ვერც დაწოლას ვახერხებდი და ვერც წამოდგომას. მუხლებზე დამხობილი ვათენ-

ვაღამებდი. იმ შემთხვევისთვის, თუ რაიმე სასუსნავს ან ფუფუნების საგანს ვინატრებდი,

ან სიბნელისა და სიმარტოვის შემეშინდებოდა, ან მთლად ღმერთი გამიწყრებოდა და

სიზმარში ქალის სხეულით დავტკბებოდი, ნაბრძანები მქონდა, სულის სახსნელად

ჭერიდან გადმოკიდებული ვერცხლის ზარები დამეწკარუნებინა. მე ეს არ გამიკეთებია,

თუმცა, რომ გითხრათ, ზემოთ ხსენებული ცდუნებები საერთოდ არ გამხსენებია-მეთქი,

მოგატყუებთ. რა გასაკვირია, გაუნძრევლად მჯდომ კაცს ცდუნებისკენ ფიქრი გაგექცეს?

როცა განმარტოების პერიოდი დასრულდა, ისევ სამზარეულოში მიკრეს თავი. ვის

ხელში ჩავვარდი და რა დღე დამადგა, უკვე იცით.



ერთი რამის თქმა დანამდვილებით შემიძლია: ძალიან კი მამწარებდა ეს მზარეული,

მაგრამ მისი დადგენილი წესებისთვის ერთხელაც არ გადამიხვევია, თუ არ ჩავთვლით

იმ საღამოს, როცა შამს თებრიზი გვესტუმრა. მაშინ კი იცოცხლეთ, ფეხქვეშ გამიდო და

იმდენი მირტყა, კინაღამ სული გამაფრთხობინა. ერთმანეთის მიყოლებით დამატეხა

თავზე ტირიფის წკნელები. დილით ჩემი ფეხსაცმელი ზღურბლთან დააწყო, წვეტებით

ეზოსკენ, იმის ნიშნად, რომ ჩემი წასვლის დრო მოვიდა. დავრიშთა სავანიდან პირდაპირ

არავინ გაგდებს, არავინ გეუბნება, რომ მარცხი განიცადე. ჩუმად წასვლას გაიძულებენ.

მერე დამადგა თავზე და მეუბნება:



– ნაძალადევად ვერავინ გაქცევს დავრიშად. ვირი შეიძლება წყალთან მიიყვანო, მაგრამ

წყალს ძალით ვერ დაალევინებ; ვირს წყალი უნდა მოსწყურდეს. სხვანაირად არ გამოვა.

ვირი, რა თქმა უნდა, მე ვიყავი...



სიმართლე გითხრათ, სავანეს უფრო ადრეც დავტოვებდი, შამს თებრიზი რომ არა.

ცნობისწადილმა მიმაჯაჭვა იქაურობას. მსგავსი ადამიანი არასოდეს შემხვედრია. მას

არავისი ეშინოდა და არავის ემორჩილებოდა. მზარეულიც კი პატივს სცემდა. თუ

ოდესმე მისაბაძი ვინმე მყოლია, სწორედ ეს მომხიბვლელი, ღირსეული და ქედუხრელი

პიროვნება იყო და არა ჩვენი მოკრძალებული, მოხუცი ოსტატი.



დიახ, შამს თებრიზი ჩემი გმირი გახლდათ. მისი გაცნობის შემდეგ მივხვდი, რომ

თვინიერ დავრიშად გადაქცევა ჩემი საქმე არ იყო. ცოტა ხანს მის გვერდით ყოფნა რომ

დამცალდეს, ალბათ, მასავით გაბედული, მტკიცე და მეამბოხე კაცი დავდგებიმეთქი,

ვფიქრობდი. ამიტომ, როგორც კი შემოდგომა მოვიდა და მივხვდი, რომ შამსი

სამუდამოდ გვტოვებდა, გადავწყვიტე, მეც თან გავყოლოდი.

როცა გადაწყვეტილება საბოლოოდ მივიღე, ბაბა ზამანს ვეახელი. ოსტატი იჯდა და

ზეთის ლამპრის შუქზე ძველ წიგნს კითხულობდა.



– რა გნებავს, მორჩილო? – მკითხა მან ისეთი მილეული ხმით, თითქოს ჩემი დანახვაც

კი ღლიდა.

მიკიბმოკიბვის გარეშე ვაუწყე სათქმელი:

– ოსტატო, გავიგე, რომ შამს თებრიზი მალე გვტოვებს. თან მინდა ვეახლო. ალბათ,

თანამგზავრი დასჭირდება.

– არ მეგონა, ასე თუ გიყვარდა, – დაეჭვებით მითხრა ოსტატმა, – იქნებ სამზარეულოს

მოვალეობებს გაურბიხარ? შენი გამოცდა ჯერ არ დასრულებულა. შენ ჯერ დავრიშსაც

ვერ გიწოდებს კაცი...

– შამსისნაირ კაცთან ერთად მგზავრობა უფრო დიდ გამოცდად მიმაჩნია, – ვუპასუხე

მე. ვიცოდი, რომ ამის თქმა თავხედობა იყო, მაგრამ მაინც ვთქვი.

ოსტატმა თვალები დახარა და ერთხანს ჩაფიქრებული იჯდა. რაც მეტხანს დუმდა, მით

უფრო ვრწმუნდებოდი, რომ ჩემი თავგასულობისთვის აუცილებლად გამკიცხავდა, ჩემს

თავს კვლავ მზარეულს გადააბარებდა და კიდევ უფრო მკაცრად მოსთხოვდა ჩემს

გაწვრთნას. მაგრამ მსგავსი არაფერი მომხდარა. ერთი გადმომხედა, თავი უიმედოდ

გააქნია და მითხრა:



– ასეთი ცხოვრება, ალბათ, საშენო არ იყო, შვილო. შვიდი მორჩილიდან, რომლებიც ამ

გზას ადგებიან, საბოლოოდ ერთი რჩება. გული მეუბნება, რომ დავრიშობა არ შეგეფერება

და შენი ყისმეთი სხვაგან უნდა ეძებო. რაც შეეხება შამსის თანამგზავრობას, ეგ თვითონ

მას ჰკითხე.



გაფრთხილება მივიღე. ოსტატმა ხელის თავაზიანი, მაგრამ მტკიცე მოძრაობით

მაგრძნობინა, რომ საუბარი დამთავრდა და თავის წიგნს მიუბრუნდა. თავი რაღაც

საცოდავ კაცუნად ვიგრძენი, მაგრამ თან თითქოს ფრთებიც შემესხა.



                                                                                შამსი



1243 წლის 30 სექტემბერი, ბაღდადი



ბევრი აღარ მიფიქრია, ცხენს მოვახტი, გზას გავუდექი და ახლა საშინელ ქარში

მივიბრძოდი წინ. მხოლოდ ერთხელ შევჩერდი და უკან მოვიხედე. დავრიშთა სავანე

თუთის ხეებსა და ბუჩქნარში შეყუჟულ ჩიტის ბუდეს ჰგავდა. გონებაში წამით ბაბა

ზამანის დაღლილმა სახემ გამიელვა. ვიცოდი, რომ ძალიან ჯავრობდა ჩემ გამო, მაგრამ

მიზეზი არ მესმოდა. მე ხომ ამიერიდან სიყვარულის გზაზე შემდგარი ყარიბი ვიყავი.

ცუდი რა უნდა მომხდარიყო? ჩემი მეათე წესი ამბობდა:



„არსებითი მნიშვნელობა არა აქვს, აღმოსავლეთისაკენ აიღებ გეზს თუ

დასავლეთისაკენ, ჩრდილოეთისკენ თუ სამხრეთისკენ. მხოლოდ ერთ რამეში უნდა იყო

დარწმუნებული: ნებისმიერი მოგზაურობა არის მოგზაურობა საკუთარ თავში. თუ

საკუთარ თავში მოგზაურობ, მთელ ქვეყნიერებას მოივლი და მის სამანებსაც კი

გაარღვევ...“



სიძნელეებს დიახაც ველოდი, მაგრამ არ ვუფრთხოდი მათ. რა ხვედრიც უნდა

მრგებოდა კონიაში, ყველაფერს სიხარულით მივიღებდი. მე სუფი ვიყავი და თავის

დროზე მასწავლეს, რომ ვარდი ეკალთან ერთად უნდა მიმეღო, სიცოცხლის სილამაზე კი

სიძნელეებთან ერთად. ჩემი მორიგი წესიც ამ მოსაზრების გამოძახილი იყო:



„ბებიაქალმა კარგად იცის: ტკივილის გარეშე ბავშვი დედის საშოდან ვერ გამოაგნებს და

ვერ დაიბადება. ვერც შენი ახალი მე დაიბადება სიძნელეების გარეშე. თიხას

გამოსაკვერად დიდი სიმხურვალე სჭირდება. ასეა სიყვარულიც: მან დიდი ტკივილი

უნდა გამოიაროს, რომ სრულყოფას მიაღწიოს.“



სავანიდან წასვლის წინა ღამეს ფანჯრები გავაღე, რათა ჩემი ოთახი ღამის ხმებითა და

სურნელებით ავსებულიყო. შემდეგ სარკეს მივადექი და სანთლის მბჟუტავ შუქზე თმა

გავიკრიჭე. გრძელი, გრუზა თმა ბღუჯაბღუჯა ცვიოდა იატაკზე, ჩემს ფეხებთან. წვერ

ულვაშიც მოვიპარსე და წარბებიც მოვიცილე. როცა ამ საქმეს მოვრჩი და საკუთარი სახე

სარკეში შევათვალიერე, უფრო ნათელი, უფრო ჭაბუკური მეჩვენა იგი. სრულიად



თმაგაცლილს, უსახელო, უასაკო და უსქესო იერი მისცემოდა. ამ სახეს აღარც წარსული

ჰქონდა და აღარც მომავალი; იგი იმ ერთ წუთში გაშეშებულიყო სამუდამოდ.

– შენი მოგზაურობა უკვე გცვლის, – მითხრა მოძღვარმა, როცა გამოსამშვიდობებლად

ვეახელი.



– დიახ, თვითონაც ვხედავ ამას, – ვუპასუხე მშვიდად, – აკი ორმოც წესთაგან ერთ-ერთი

გვასწავლის: „სიყვარულის ძიება გვცვლის. არ არსებობს სიყვარულის მაძიებელი,

რომელიც ამ გზაზე არ დაღვინებულა. რა წუთიდანაც სიყვარულის ძიებას იწყებ, იწყებ

შინაგან და გარეგნულ ფერისცვალებას.“



ბაბა ზამანმა ხავერდის კოლოფი გადმომცა. შიგ სამი რამ იდო: ვერცხლის სარკე,

აბრეშუმის ცხვირსახოცი და ერთი პინა მალამო.



– ეს ნივთები გზაში გამოგადგება. საჭიროებისამებრ გამოიყენე ისინი. თუ საკუთარ

ღირსებებში ეჭვი შეგეპარა, სარკეში ჩაიხედე; ის დაგანახვებს შენს შინაგან სილამაზეს.

თუ სახელი შეგებღალა, ცხვირსახოცი ამოიღე. მისი სიქათქათე მოგაგონებს იმას, თუ

რამდენად წმინდაა შენი გული. რაც შეეხება მალამოს, ის იარებს მოგიშუშებს, გარეთაც

და შიგნითაც.



ყველა ამ ნივთს სათითაოდ მოვეფერე, კოლოფი დავხურე და ბაბა ზამანს მადლობა

გადავუხადე. სალაპარაკო აღარაფერი დაგვრჩენოდა. როგორც კი ჩიტები აჭიკჭიკდნენ

და ფოთლებზე ნამის პირველი წვეთები გამოჩნდა, ცხენს მოვახტი და კონიისაკენ გავწიე.

არ ვიცოდი, რა მელოდა ამ ქალაქში, მაგრამ მთლიანად მივენდე ბედს, რომელიც

არსთაგამრიგემ განმიმზადა.



                                                                             მორჩილი



1243 წლის 30 სექტემბერი, ბაღდადი



ბევრი ვეცადე, ჩემი ნაპარავი ცხენით შამს თებრიზის კვალდაკვალ ისეთ მანძილზე

მევლო, რომ არც ერთხელ არ შევემჩნიე. ბაღდადის ბაზარს რომ მივაღწიეთ, შამსი

შეჩერდა, რათა სული მოებრუნებინა და ერთი-ორი საჭირო ნივთი ეყიდა. მალვას აზრი

აღარ ჰქონდა, მივუახლოვდი და მის ცხენს ფეხებში ჩავუვარდი.



– წითურო უვიცო, შენა ხარ? ეს რა დაგმართნია, მიწაზე რატომ ფორთხავ? – მკითხა

შამსმა. ეტყობოდა, თან უკვირდა და თან ახალისებდა ეს ამბავი.



მათხოვრების მიბაძვით მუხლებზე დავდექი, გულხელი დავიკრიფე, კისერი

წავიგრძელე და გავაბი ხვეწნა-მუდარა:



– შენთან ერთად მინდა წამოსვლა, გევედრები, ნება დამრთე, თან გეახლო!..

– წარმოდგენა თუ გაქვს, საით მივდივარ? – მკითხა მან.

გავისუსე. ეს კითხვა აზრად არ მომსვლია.

– არა, არა მაქვს. მაგრამ ჩემთვის სულერთია, მინდა შენი მოწაფე გავხდე. შენ ჩემთვის

სამაგალითო ადამიანი ხარ.



– დიდ მადლობას მოგახსენებ, მაგრამ მე ყოველთვის მარტო ვმოგზაურობ და

მოწაფეები არ მჭირდება. თანაც არავისთვის არ ვარ სამაგალითო ადამიანი, ყველაზე



ნაკლებად კი სწორედ შენთვის. ასე რომ, გიჯობს შენს გზას დაადგე. თუმცა, თუ

მომავალში მოძღვარს დაუწყებ ძებნას, გახსოვდეს ოქროს წესი: „ყალბი გურუებისა და

ვითომ მოძღვრების რიცხვი ვარსკვლავების რიცხვს აჭარბებს. ჭეშმარიტ მოძღვარში ნუ

შეგეშლება ძალაუფლების მოყვარული და საკუთარ თავზე გადაგებული ადამიანი.

ნამდვილი სულიერი მოძღვარი საკუთარი თავისკენ როდი მიაპყრობს შენს ყურადღებას,

სრულ მორჩილებას და აღტაცებას როდი მოგთხოვს, არამედ დაგეხმარება, ჯეროვნად

შეაფასო შენი სულიერი რაობა და პატივით მოეპყრა მას. ჭეშმარიტი მოძღვარი

მინასავით გამჭვირვალეა და ღვთიურ შუქს მინასავით ატარებს.“



– გემუდარები, ხელს ნუ მკრავ, შევევედრე მე, – ყველა ცნობილ მოგზაურსა ჰყავს

თანმხლებად ვინმე, შეგირდის მსგავსი...

შამსმა ნიკაპი მოიქექა, თითქოს ჩემს სიტყვებში სიმართლის პოვნას ცდილობდა.

– დარწმუნებული ხარ, რომ გამიძლებ? – მკითხა მან.

წამოვხტი და თავი მთელი ძალით დავუქნიე.

– გაგიძლებ. ძალა ნამდვილად მერჩის...



– კეთილი. აი შენი პირველი დავალება. უახლოეს სამიკიტნოში წადი, ერთი დოქი

ღვინო მოიტანე და პირდაპირ აქ, შუა ბაზარში, საქვეყნოდ დამილიე.



სულის საწვრთნელად რა აღარ გამიკეთებია. იატაკები საკუთარი ტანსაცმლით

მიწმენდია; ჭურჭელი ბევრჯერ იმ ვენეციურ შუშასავით გამიპრიალებია, როგორსაც

ერთხელ, ჯვაროსნების მიერ დაპყრობილი კონსტანტინოპოლიდან გამოქცეული

ოსტატის ხელში მოვკარი თვალი; ერთ ჯერზე ასი თავი ხახვი დამიჭრია და გაფცქვნილი

ნივრის მთები დამიყენებია, მაგრამ იმავე მიზნით შუა ბაზარში ღვინის დალევა? ასეთ

რამეს ჩემი გონება ნამდვილად ვეღარ იტევდა. საქციელი წამიხდა და შამსს უმწეოდ

მივაჩერდი.



– არა, ამას ვერ გავაკეთებ. მამაჩემმა რომ გამიგოს, ფეხებს დამამტვრევს. დავრიშთა

სავანეში იმიტომ გამგზავნა, რომ უკეთესი მაჰმადიანი გავმხდარიყავი და არა

წარმართი. რას იფიქრებენ ჩემზე ჩემი ოჯახის წევრები და მეგობრები?

შამსმა ანთებული მზერა მომაპყრო. მემძიმა ეს შემოხედვა. მაშინვე ის საღამო

გამახსენდა, კარიდან რომ ვუთვალთვალებდი.



– არა, შენ ჩემი მოწაფე ვერ გახდები, – წყალი გადამიწურა მან, – მეტისმეტად

მორიდებული ხარ; ხალხის აზრს ზედმეტ ანგარიშს უწევ; გახსოვდეს, ადამიანთა გულის

მოგებას ასე თავგამოდებით რომ ცდილობ, სწორედ ამიტომაც ვერასოდეს აიცდენ მათ

მწარე ენას, როგორც უნდა ეცადო.



მივხვდი, რომ შესაძლებლობა ხელიდან მეცლებოდა, სასწრაფოდ გავაწყვეტინე

ლაპარაკი და თავის მართლება ვცადე:

– საიდან უნდა მცოდნოდა, ამ დავალებას განგებ რომ არ მაკისრებდი? ისლამი ხომ

სასტიკად კრძალავს ღვინოს, ჰოდა, მეც გავიფიქრე, მცდის-მეთქი...

– მე ღმერთად როდი მომაქვს თავი. რა უფლება გვაქვს, ერთმანეთს ვუკირკიტოთ, ვინ

როგორი მორწმუნე ვართ? – მომიგო შამსმა.



სასოწარკვეთილი აქეთ-იქით ვიხედებოდი, აზრებს თავს ვერ ვუყრიდი, ვერა და ვერ

გამეგო, რას ნიშნავდა მისი ნათქვამი. ის კი განაგრძობდა:



– აგიხირებია, გინდა თუ არა, ამ გზას უნდა დავადგეო, საამისოდ კი არავითარი

მსხვერპლის გაღება არ გსურს, ფული იქნება ეს, სახელი, ძალაუფლება, სიმდიდრე თუ

ხორციელი სიამენი. არადა, ამ გზაზე შემდგარმა ადამიანმა პირველ რიგში სწორედ ის

უნდა დათმოს, რაც ყველაზე ძნელად ეთმობა.



ბოლოს ცხენს ხელი გადაუსვა და მაგრძნობინა, რომ ჩვენს საუბარს ამთავრებდა:

– მე თუ მკითხავ, ბაღდადში უნდა დარჩე ოჯახთან ერთად. მოძებნე ვინმე დახლიდარი

და ხელის ბიჭად დაუდექი. გული მეუბნება, რომ ერთ მშვენიერ დღეს შენგან კარგი

ვაჭარი დადგება. ოღონდ გაფრთხილებ ხარბი ნუ იქნები! ახლა კი ნება მომეცი, გზა

განვაგრძო.



ამ სიტყვებით კიდევ ერთხელ გამომეშვიდობა, ცხენს დეზი ჰკრადა გაქუსლა. მისი

ცხენის მძლავრ ფლოქვებქვეშ მთელი დედამიწა შეირხა თითქოს. მე ჩემს ცხენს მოვახტი

და ბაღდადის შემოგარენამდე ვდიე, მაგრამ ჩვენ შორის მანძილი სულ უფრო

იზრდებოდა, სანამ შამსი ერთ პაწია, შავ წერტილად არ იქცა. ბოლოს ის წერტილიც

თვალს მიეფარა, მე კი კარგა ხნის შემდეგაც ვგრძნობდი შამსის მზერის სიმძიმეს.



                                                                                 ელა



2008 წლის 24 მაისი, ნორთჰემპტონი



ბევრჯერ გაგვიგია, რომ საუზმე „სულ სხვაა“. ელას მტკიცედ სწამდა ამ გამონათქვამის.

ამიტომ ყოველ დილით, სადაგი დღე იქნებოდა თუ უქმე, სამზარეულოში გარბოდა,

რადგან თვითონაც დაახლოებით იმ აზრისა იყო, რომ კარგი საუზმე მთელ დღეს

ხალისიანს ხდის. ქალთა ჟურნალებში არაერთხელ ამოუკითხავს: „ოჯახი, რომელიც

წესის და რიგისამებრ, მუდმივად ერთად საუზმობს, გაცილებით უფრო შეკრული და

ჰარმონიულია, ვიდრე ის ოჯახი, რომლის წევრები დილაობით ნახევრად მშივრები

გარბიან შინიდან.“ მართალია, ამ მეცნიერულად დასაბუთებული თვალსაზრისისა

მტკიცედ სწამდა, მაგრამ ჟურნალებში აღწერილი მხიარული და სასიამოვნო საუზმე

თვითონ არასოდეს ღირსებია. უნდა გენახათ, როგორ საუზმობდა ეს ოჯახი.



აი,

გემოვნებების დოღი იქ იყო, თუ იყო. ყველა თავისთვის ილუკმებოდა, ყველას თავისი

პირის გემო ჰქონდა. ეს კი ნამდვილად არ შეესაბამებოდა ელას წარმოდგენას იდეალური

ოჯახური ტრაპეზის შესახებ. ან როგორ უნდა ყოფილიყო ჰარმონია ისეთ სუფრასთან,

სადაც ერთი ადამიანი ჯენეტი გახუხულ, ჯემწასმულ პურს წიწკნიდა, მეორე ეივი

თაფლიან ბურბუშელას ლოღნიდა, მესამე დევიდი მოთმინებით ელოდა, როდის

შეუწვავდნენ ერბოკვერცხს, მეოთხეს კი ორლის საერთოდ პირი ჰქონდა ამოკერილი?

და მაინც საუზმე საუზმე იყო. ამიტომ ელა ყოველ დილით ამზადებდა მას და ვერც კი

წარმოიდგენდა, რომ რომელიმე მის შვილს დღე კანფეტის ან სუროგატული

ნაყარ-ნუყარის ღეჭვით დაეწყო.



მაგრამ იმ დილით, როგორც კი სამზარეულოში შევიდა, ყავის მოხარშვის, ფორთოხლის

წვენის გაწურვისა და პურის გახუხვის ნაცვლად ლეპტოპს ეცა, ელფოსტა გახსნა, აზიზის

წერილს დაუწყო ძებნა და ძალიან ესიამოვნა, რომ იპოვა.

„ძვირფასო ელა!



გავიხარე, როცა გავიგე, რომ თქვენ და თქვენმა ქალიშვილმა ურთიერთობა მოაგვარეთ.

ჩემს ამბავს თუ იკითხავთ, სოფელი მომოსტენანგო გუშინ, გამთენიისას დავტოვე.

საოცარია, აქ მხოლოდ რამდენიმე დღე გავატარე, მაგრამ როცა წასვლის დრო დადგა,

მოვიწყინე. მეტიც: ძალიან დავღონდი. ვნახავ კი გვატემალის ამ პაწაწინა სოფელს

ოდესმე? არა მგონია.



ყოველთვის, როცა რომელიმე ადგილს ვემშვიდობები, ისეთი გრძნობა მეუფლება,

თითქოს ჩემი სხეულის რაღაც ნაწილს ვტოვებ იქ. მე ასე მწამს: თუნდ მარკო პოლოსავით

ქვეყანა მოიარო, თუნდ აკვნიდან სამარემდე ერთ ადგილს არ მოსცილდე, ცხოვრება

მუდამ დაბადებისა და სიკვდილის მონაცვლეობაა. უკან მოტოვებულ, მკვდარ წამს

ახალი, ცოცხალი წამი ენაცვლება. იმისთვის, რომ ახალი განცდა დაიბადოს, ძველი უნდა

მიილიოს, ასე არ არის?



მომოსტენანგოში ყოფნისას მედიტაციით ვიყავი დაკავებული და ვცდილობდი, თქვენი

აურა წარმომედგინა. ცოტა ხანში სამი ფერი დამიდგა თვალწინ: თბილი ყვითელი, სადა

ნარინჯისფერი და იისფერი. ეს ფერები თქვენს ფერებად აღვიქვი. მე მგონი, ყველა

მათგანი ლამაზია, ერთადაც და ცალცალკეც...



ვტოვებ გვატემალას; ჩემი ბოლო გაჩერება არის ქალაქი ჩახული. პაწაწინა, ალიზით

ნაშენი ქალაქია; აქაურ ბავშვებს დროული ბრძენკაცების გამოხედვა აქვთ. ნებისმიერი

ასაკის აქაური ქალი გობელენის საოცარი ოსტატია. ერთ მოხუცს ვთხოვე, ამერიკელი

ქალბატონისთვის გობელენი შემირჩიე-მეთქი. ცოტა ხანს ჩაფიქრდა და უზარმაზარი

გროვიდან ერთი გობელენი ამოიღო. ღმერთს გეფიცებით, იმ გროვაში ორმოცდაათზე

მეტი ნამუშევარი იყო. რა ფერებს არ ნახავდით იქ, მაგრამ მოხუცის ამორჩეულ

გობელენში სამად სამი ფერი ფიგურირებდა: ეს იყო ყვითელი, ნარინჯისფერი და

იისფერი. ამას იმიტომ გწერთ, რომ ვფიქრობ, უნდა გესიამოვნოთ ეს დამთხვევა, თუკი

ღვთის გაჩენილ სამყაროში მსგავსი რამ საერთოდ არსებობს. გიფიქრიათ ოდესმე, რომ

არც ჩვენი ურთიერთგაცნობაა უბრალო დამთხვევა?

საუკეთესო სურვილებით,

აზიზი.



პ.ს. თუ გნებავთ, გობელენს ფოსტით გამოგიგზავნით, თუმცა, შემიძლია, დაველოდო

იმ დღეს, როცა ყავის დასალევად შევხვდებით ერთმანეთს და მაშინ ჩემი ხელით

გადმოგცემთ მას.“



ელამ თვალები დახუჭა და სცადა, დაენახა, როგორ ციმციმებდა მისი სხეულის

ირგვლივ მისი აურის სამივე ფერი. ოღონდ საკუთარი თავი რატომღაც მოწიფულ ქალად

კი არა, პატარა, შვიდიოდე წლის გოგონად წარმოიდგინა. ერთბაშად მოაწყდა ათასნაირი

მოგონება (არადა, ეს ამბები კარგა ხნის მივიწყებული ეგონა). თვალწინ დაუდგა მწვანე

წინსაფრიანი დედა, საწყავი ჭიქით ხელში. ერთი შეხედვით მშვიდი სახე რომ



განაცრისფრებოდა და ტკივილის ნიღაბს მიუგავდა; ქაღალდისაგან გამოჭრილი,

ბრჭყვიალა გულებით მორთული კედლებიც ამოუტივტივდა მეხსიერებაში და იქვე,

ჭერში მოქანავე მამაც, რომელმაც თითქოს ისურვა, თავისი სხეული საშობაო

მორთულობის ნაწილად ექცია.



გაახსენდა, რომ მოზარდობის წლები ისე გაატარა, მამის თვითმკვლელობაში

დამნაშავედ ყოველთვის დედა მიაჩნდა. ქალიშვილობაში თავის თავს სიტყვა მისცა, რომ

როცა გათხოვდებოდა, ქმარს მხოლოდ სიხარულს მიანიჭებდა და ცოლ-ქმრულ

ცხოვრებას დედამისივით არ წაახდენდა. ამიტომაც დაისახა მიზნად, რომ მისი

ქორწინება დედის ქორწინებისაგან განსხვავებული ყოფილიყო, ამიტომაც არ გაჰყვა

ცოლად ქრისტიანს და ერთმორწმუნე კაცის ცოლობა არჩია. ასაკში ფეხი რომ შედგა,

მაშინღა მოუბრუნდა გული მოძულებული დედისკენ, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ამ

ბოლო დროს უკეთესი ურთიერთობა ჰქონდათ, წარსულზე ფიქრისას ელას მაინც

უსიამოვნოდ ეკუმშებოდა გული.



– დე! გაიღვიძე, ჩვენ ვართ, დე! – მოესმა უცებ ზურგს უკან ხითხითი და ჩურჩული. ელა

მოტრიალდა. ოთხი წყვილი თვალი გაკვირვებული უყურებდა. ორლი, ეივი, ჯენეტი და

დევიდი ერთდროულად ჩამოსულიყვნენ სასაუზმოდ, ახლა გვერდიგვერდ

ჩამწკრივებულიყვნენ და ისე ათვალიერებდნენ ელას, როგორც რაღაც ეგზოტიკურ

არსებას. ეტყობა, კარგა ხანს იდგნენ ასე და მისი ყურადღების მიპყრობას ცდილობდნენ.

– დილა მშვიდობისა ყველას! – გაიღიმა ელამ.



– რა იყო, არ გესმოდა ჩვენი ხმა? – გულწრფელი გაოცებით იკითხა ორლიმ.

– თავიანად იყავი ეკრანში შესული, – ჩაილაპარაკა დევიდმა ისე, რომ ცოლისთვის არც

შეუხედავს.



ელამ ქმრის მზერას თვალი გააყოლა. ღია ეკრანზე, მის წინ, მკრთალად ციმციმებდა

აზიზ ზაჰარას გზავნილი. ელამ ერთ წამში დაკეცა ლეპტოპი, ისე, რომ მისი გამორთვაც

კი დაავიწყდა.



– ძალიან ბევრი საკითხავი მაქვს, თქვა და თვალები მოუსვენრად ააცეცა, – ჩემს

ანგარიშზე ვმუშაობდი.



– არაფერიც. ელფოსტას კითხულობდი! – თვალიც არ დაახამხამა ეივიმ.

„რატომ არიან ეს თინეიჯერი ბიჭები ასე მოწადინებულნი, რომ როგორმე

გამოგიჭირონ?“ – გაიფიქრა ელამ, მაგრამ შვებით ამოისუნთქა, რომ შეატყო, სხვებს

დიდად არ აინტერესებდათ ეს ამბავი და თვალი სამზარეულოს მაგიდისკენ

გაურბოდათ.



ორლიმ ითავა, ხმამაღლა ეკითხა ის, რაც, როგორც ჩანს, ყველას აინტერესებდა:

– დე, რა ხდება, საჭმელი სად არის?



ახლა თვითონაც მიტრიალდა მაგიდისკენ და დაინახა ის, რასაც მისი ოჯახის წევრები

ხედავდნენ: არც ყავა იხარშებოდა, არც ერბოკვერცხი შიშინებდა, არც მოცვის სოუსიანი

გახუხული პური ჩანდა სადმე. ელამ თავი დააქნია, თითქოს უსიტყვოდ დაეთანხმა

შინაგან ხმას, რომელიც რაღაცას დაბეჯითებით ჩასჩიჩინებდა.

„მართლები არიან. საუზმის მომზადება რამ დამავიწყა? რა მემართება?!..“



                                                                ნაწილი მეორე

წყალი

ყოველი, რაც მდინარი, ცვალებადი და ამოუცნობია...



რუმი



1244 წლის 15 ოქტომბერი, კონია





ბდღვრიალა, სავსე მთვარე ცაში გამოკიდებულ ვეება მარგალიტს ჰგავდა. ლოგინიდან

წამოვდექი და ფანჯრიდან მთვარის შუქით განათებულ ეზოში გადავიხედე, მაგრამ ამ

სილამაზის ხილვამაც ვერ დამამშვიდა; გულს ბაგაბუგი გაჰქონდა, ხელები ერთთავად

მიკანკალებდა.



– რაღაც ფერმკრთალი ჩანხარ, ეფენდი. ისევ ის სიზმარი ხომ არ ნახე? – წამჩურჩულა

ცოლმა, – წყალი ხომ არ მოგართვა?



ნუ ღელავ, დაიძინე-მეთქი, მივუგე. ცოლი ვერაფერს მიშველიდა. სიზმრები ჩვენი

ხვედრის განუყოფელი ნაწილია და ღვთის ნებით მიუყვებიან თავიანთ გზასავალს.

გარდა ამისა, ბოლო ორმოცი დღის განმავლობაში ერთსა და იმავე სიზმარს რომ

ვხედავდი, ამას უთუოდ რაღაც მიზეზი უნდა ჰქონოდა.



სიზმრის დასაწყისი ყოველ ჯერზე ოდნავ განსხვავებული იყო... თუმცა, იქნებ იგივე

იყო და მე შევდიოდი მასში სხვადასხვა „კარიდან“...



ამჯერად სიზმარი იმით დაიწყო, რომ ხალიჩებით მოფენილ ოთახში ვიჯექი და ყურანს

ვკითხულობდი. ოთახი თითქოს მეცნობოდა, მაგრამ ამავე დროს არც ერთ ოთახს არ

ჰგავდა, სადაც კი ოდესმე ვყოფილვარ. ჩემ პირდაპირ მაღალი, შემართული, ხმელხმელი

დავრიში იჯდა. სახე დაფარული ჰქონდა. ხელში კანდელი ეჭირა, კანდელში ხუთი

სანთელი ენთო. ისე იყო იქაურობა გაჩახჩახებული, რომ კითხვა თავისუფლად შემეძლო.



ცოტა ხანში თავი ავწიე, რომ დავრიშისათვის მეჩვენებინა ყურანის ლექსი, რომელსაც იმ

წუთში ვკითხულობდი. უცებ, რას ვხედავ! ის, რაც თავიდან კანდელი მეგონა, მამაკაცის

მარჯვენა ხელი აღმოჩნდა. ხელი ჩემკენ იყო გამოწვდილი და ხუთივე თითზე ცეცხლი

ეკიდა. შიშით შეპყრობილმა წყალს დავუწყე ძებნა, მაგრამ ახლომახლო წყლის ნასახი

ვერსად ვიპოვე. მოსასხამი მოვიხსენი და დავრიშს გადავაფარე, ალი რომ ჩამექრო და

როცა მოსასხამი ავწიე, ვეღარავინ დავინახე. დავრიში გაუჩინარებულიყო და მხოლოდ

ერთი ანთებული სანთელი დაეტოვებინა.



ამის შემდეგ უკვე ნაცნობი, ამოჩემებული სიზმარი დაიწყო: დავრიშს ძებნა დავუწყე,

სახლის ყველა კუთხეკუნჭული მოვჩხრიკე, ეზოშიც გავიჭერი, სადაც ზღვასავით

ლივლივებდა ყვითელი ვარდები. აქეთ-იქით ვაწყდებოდი, ვეძახდი, მაგრამ არსად

ჩანდა.



– ძვირფასო, დაბრუნდი, სადა ხარ?! – დავიძახე კიდევ ერთხელ.



ავმა წინათგრძნობამ ჭასთან მიმიყვანა. გადავიხარე და შავად მოლიცლიცე წყალს

ჩავაცქერდი. თავიდან ვერაფერს ვხედავდი, მაგრამ ამასობაში ეზოს მთვარემ დახედა და

იქაურობა მკრთალად ააციაგა. მხოლოდ მაშინ შევამჩნიე ორი შავი თვალი, ჭიდან ენით

უთქმელი დარდით რომ ამომყურებდა.



– მოკლეეეს! – ამომძახა ვიღაცამ.

იქნებ სულაც მე ვიყავი. იქნებ სწორედ ასეთი ხმა აღმომხდებოდა უსასრულო

სატანჯველით გულგასენილს...



ვიდექი და ვყვიროდი. ვყვიროდი იქამდე, სანამ ცოლი არ მომეჭრა, გულში არ ჩამიკრა

და დამიყვავა:



– რაო, ეფენდი, ისევ ის სიზმარი ნახე?!



ცოლს შინ შევყევი, დასაძინებლად გავისტუმრე და კვლავ ეზოში გავიპარე. იმ წუთში

ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს სიზმარი კვლავაც გრძელდებოდა, ცხადივით

ხელშესახები და საზარელი. ღამის სიჩუმეში ჭის დანახვაც კი ჟრჟოლას მგვრიდა, მაგრამ

თავს ვერ ვერეოდი, მსურდა, მის გვერდით ვმჯდარიყავი და ყური მიმეგდო ფოთლებში

მოშრიალე ღამის ნიავისათვის.



ასეთ წუთებში უეცარი სევდა აზვავდება ხოლმე ჩემს სულში და ყელში ხელს წამიჭერს.

არც კი ვიცი, რატომ ხდება ეს. არაფერი მაკლია, სისხლსავსე ცხოვრებით ვცხოვრობ.

ღმერთმა მომმადლა სამი რამ, რაც ყველაზე მეტად მეძვირფასება: ცოდნა, სათნოება და

ღმერთის ძიებაში სხვების დახმარების უნარი.



ოცდათვრამეტი წლისას ღმერთმა იმდენი რამ მომცა, რამდენსაც ვერასოდეს

ვინატრებდი. გავიწაფე და დავიხვეწე, როგორც მოქადაგე და მოსამართლე, ვეზიარე

სწავლებას ღვთაებრივი ალღოს შესახებ, რომელზეც მეტნაკლებად მხოლოდ

წინასწარმეტყველებს, წმინდანებსა და სწავლულებს მიუწვდებათ ხელი. ცოდნის

გასაღრმავებლად ბევრი ვიშრომე, ჩემი აწ გარდაცვლილი მამისა და ჩვენი დროის

საუკეთესო განმანათლებლების ხელმძღვანელობით. არასოდეს ვკარგავ რწმენას, რომ ეს

ყოველივე ღვთის დაკისრებული მოვალეობაა.



ჩემი მოხუცი ოსტატი სეიდ ბურანედინი მეუბნებოდა ხოლმე, ჭეშმარიტად უფლის

რჩეული ხარ, რაკი მან ასეთი საპატიო ამოცანა დაგაკისრა, რომ მისი მცნებები ხალხს

გადასცე და მათ ავკარგის გარჩევაში დაეხმაროო. წლობით ვასწავლი მედრესეში და

შარიათის სხვა მცოდნეებთან ერთად ღვთისმეტყველების საკითხებზე ვმსჯელობ,

მოწაფეებს კანონსა და ჰადისებს ვაცნობ, ყოველ პარასკევს ქალაქის ყველა დიდ მეჩეთში

ვქადაგებ. ჩემს ნამოწაფართ სათვალავი აღარ აქვთ.



რა სჯობს, როცა ადამიანები

ქადაგების ხელოვნებას გიქებენ და გეუბნებიან, რომ შენმა სიტყვებმა მათი ცხოვრება

შეცვალა, თანაც ისეთ დროს, როცა ყველაზე მეტად სჭირდებოდათ შენი მეგზურობა.

ღმერთმა მომმადლა მოსიყვარულე ოჯახი, საუკეთესო მეგობრები და ერთგული

მოწაფეები. არასოდეს მიწვნევია სიღატაკე და გაჭირვება. მართალია, პირველი მეუღლის

გარდაცვალებამ სულიერად გამანადგურა და ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ოდესმე

ცოლს შევირთავდი, მაგრამ დავქორწინდი და კერას წყალობით კვლავ ვიგემე

სიყვარული და სიხარული.



ვაჟიშვილებიც მომესწრნენ. გაოცებას ვერ ვმალავ, როგორი განსხვავებული კაცები

დადგნენ ჩემი ბიჭები. მე მათ ერთმანეთის გვერდით დათესილ, ერთ მიწაზე გაზრდილ,

ერთი წყლით მორწყულ და ერთი მზით გამთბარ ორ სრულიად სხვადასხვა მცენარეს

ვამსგავსებ. მეამაყება ისინი, ისევე, როგორც ჩემი შვილობილი, იშვიათი ნიჭით

დაჯილდოებული ახალგაზრდა ქალი...



ბედნიერი კაცი ვარ, ოჯახშიც და მის გარეთაც.

მაშ, რად არის ასე გაუკაცრიელებული ჩემი სული? გამოფიტულობის ეს გრძნობა

ყოველდღიურად სულ უფრო ღრმავდება, თანდათან მიპყრობს, სენივით მღრღნის და

სადაც უნდა წავიდე, ყველგან თან მდევს, თაგვივით ჩუმჩუმა და გაუმაძღარი.



                                                                                 შამსი



1244 წლის 17 ოქტომბერი, კონია



ბევრ ქალაქს ვწვევივარ სტუმრად, მაგრამ არც ერთ მათგანში ფეხი არასოდეს

შემიდგამს, სანამ მათი მფარველი წმინდანების კურთხევას არ მივიღებდი. ცხადია, ამ

უცნობი ქალაქის კარიბჭესთანაც შევჩერდი, რათა თაყვანი მეცა მისი წმინდანებისთვის

მკვდრებისთვისაც და ცოცხლებისთვისაც, საჩინოთათვის და უჩინართათვის.



ასეთ დროს ჩემთვის არა აქვს მნიშვნელობა, მაჰმადიანთა სამკვიდროა ეს ადგილი,

ქრისტიანთა, თუ იუდეველთა. მტკიცედ მწამს, რომ წმინდანები ამ სიტყვიერ, პირობით

ცნებებზე მაღლა დგანან. წმინდანი ხომ სრულიად კაცობრიობის კუთვნილებაა. ამიტომ,

როცა კონია შორიდან პირველად დავინახე, ისე მოვიქეცი, როგორც ყოველთვის

ვიქცეოდი... მაგრამ ამჯერად სრულიად უჩვეულო რამ მოხდა. იმის მაგივრად, რომ

პასუხად მომსალმებოდნენ და დაველოცე, წმინდანებმა სამარისებური სიჩუმე

შემომაგებეს. იქნებ ვერ გაიგონეს-მეთქი, გავიფიქრე და სალამი გავუმეორე, ამჯერად

უფრო ომახიანად. პასუხად კვლავ დუმილი მივიღე. მივხვდი, წმინდანებმა ძალიან

კარგად გაიგონეს ჩემი ხმა, მაგრამ ჩემი დალოცვა რატომღაც არ ისურვეს.



– მიბრძანეთ, რა დამიშავებია?! – შევძახე ქარს, რათა მას ხმა მიეწვდინა

წმინდანებისთვის. ცოტა ხანში მათ ქარის პირით პასუხი დამიბრუნეს:



– ო, დავრიშო, ამ ქალაქში საშუალოს ვერაფერს ნახავ. ორი უკიდურესობა იქნება შენი

თანამდევი, ან ნამდვილი სიყვარული, ან ნამდვილი სიძულვილი. ჩვენ გაფრთხილებთ,

ახლა შენ იცი!



– თუ სულ ეს არის, მაშინ არაფერია, – მივუგე მე, – თუ ნამდვილი სიყვარული მეღირსა,

სხვა რაღა მინდა?!



ამის გამგონე კონიის წმინდანებმა მაშინვე გზა დამილოცეს. მაგრამ ქალაქში შესვლას

მაინც ვაყოვნებდი. ჩამოვჯექი იქვე, მუხის ძირში და სანამ ჩემი ცხენი აქა-იქ ამოზრდილ

ბალახს წიწკნიდა, თვალი შევავლე ქალაქს, რომელიც შორიდან ბუნდოვნად

იკვეთებოდა. შუშის ნამსხვრევებივით ბზინავდნენ მზეზე კონიის მინარეთები.



კანტიკუნტად ჩამესმოდა ძაღლების ყეფა, სახედრების ყროყინი, ბავშვების კისკისი და

გამყიდველთა შეძახილები. ეს იყო მჩქეფარე, სიცოცხლით სავსე ქალაქის ჩვეული

ხმები...



„ნეტავ რა ტრიალებს ამ გისოსებიან ფანჯრებსა და კარს მიღმა ამ წუთში? რა სიხარული

და ჭირვარამი იმალება?“ – ვფიქრობდი ჩემთვის.



მომთაბარე ცხოვრებას ვიყავი მიჩვეული და ქალაქში დამკვიდრებაზე ფიქრი, ცოტა არ

იყოს, მაწუხებდა. მაგრამ გამახსენდა ჩემი კიდევ ერთი ძირითადი წესი: „არ

შეეწინააღმდეგო ცვლილებებს, რომლებიც ცხოვრების გზაზე დაგხვდება. იდინოს

ცხოვრებამ. წინ ნუ გადაეღობები. თუ ყველაფერი თავდაყირა ამოტრიალდა, ნურც ეგ

შეგაკრთობს. კარს მომდგარ სიახლეს რად უნდა ამჯობინო ის, რასაც უკვე შეჩვეული

ხარ? განა რა იცი, რა სჯობს სინამდვილეში?“



უცებ ვიღაცის ალერსიანმა ხმამ ფიქრიდან გამომიყვანა:



– სალამ ალეიქუმ, დავრიშო!

მოვიხედე. ჩემ წინ, ფორნის კოფოზე, გრძელულვაშა, შავტუხა, ჩასკვნილი გლეხი იჯდა.

ფორანში გაძვალტყავებული ხარი ჰყავდა შებმული. საბრალო პირუტყვი ისე

გამოიყურებოდა, გეგონებოდათ, ცოტაც და სულს გააფრთხობსო.

– ალეიქუმ სალამ, ღმერთმა დაგლოცოს!

– აქ მარტო რას უზიხარ? თუ ჭენებით დაიღალე, მე მიგიყვან, – მითხრა გლეხმა.

– გმადლობ. მაგ შენს ხარს ფეხით გავასწრებ, – ვუპასუხე ღიმილით.

– შენ ჩემს ხარს ეგრე ნუ უყურებ, ეწყინა გლეხს, მართალია, ბებერი და უძლურია,

მაგრამ ჩემი საუკეთესო მეგობარია.



მივხვდი, რომ ზედმეტი მომივიდა. ეს რა დამემართა! როგორ ავიგდე აბუჩად მე, ამ

დაუსაბამო წრებრუნვის უმცირესმა ნაწილაკმა, უფლის საბრძანებლის ასეთივე

განუყოფელი ნაწილი, ცხოველი იქნებოდა ის, თუ ადამიანი?!



– ბოდიშს გიხდით, შენცა და შენს ხარსაც, – ვუთხარი გლეხს, – გთხოვ, მაპატიო!

გლეხს სახეზე ეჭვის ჩრდილმა გადაურბინა და ცოტა ხნით გაყუჩდა, ეტყობა, არკვევდა,

დავცინოდი თუ არა.



– ასეთი რამ არასოდეს არავის გაუკეთებია, – მითხრა ბოლოს და თბილად გამიღიმა.

– ხარისადმი ჩემს მობოდიშებას გულისხმობ? – დავაზუსტე მე.

– ჰო, მაგასაც. მაგრამ თან იმის თქმაც მინდოდა, რომ მე არავინ არასოდეს მებოდიშება.

პირიქით, მე ვებოდიშები ყველას. მაშინაც კი, როცა დამნაშავე არ ვარ... – მომიგო გლეხმა.

შემძრა მისმა სიტყვებმა.



– ყურანი გვეუბნება, რომ ყველა ჩვენგანი საუკეთესო ყალიბებში ჩამოგვასხეს. აჰა,

ისმინე ერთერთი წესი.

– რა წესი? – ჩამეკითხა გლეხი.



„ღმერთი შენს სრულყოფას ცდილობს. გარეგანი სრულყოფაც იგულისხმე და შინაგანიც.

ის მთლიანად შენითაა დაკავებული. ყოველი ადამიანი მიმდინარე სამუშაოა, რომელიც

ნელა, მაგრამ განუხრელად მიიწევს სრულყოფილებისაკენ. ყველა ჩვენგანი ჯერაც

დაუსრულებელი ხელოვნების ნიმუშია, რომელიც ელის და მიელტვის სრულქმნას.



ღმერთი თითოეულ ჩვენგანზე ცალ-ცალკე „მუშაობს,“ რადგან კაცობრიობა არის ნატიფი

ნახელავი, ოსტატური ხელნაწერი, სადაც თითოეული წერტილი თანაბრად

მნიშვნელოვანია ერთიანი სურათის მისაღებად.“



– შენც ქადაგების მოსასმენად ჩამოხვედი? – მკითხა გლეხმა და კვლავ ინტერესით

შემომხედა. – ვატყობ, დღეს ძალიან ბევრი ხალხი მოიყრის თავს. დიდი კაცია...

გული შემიტოკდა. მივხვდი, ვისაც გულისხმობდა და ვკითხე:

– ერთი ეს მითხარი, გლეხკაცო, რა არის ამ რუმის ქადაგებებში ასეთი?

გლეხი დადუმდა, თვალები მოწკურა და ჰორიზონტს გახედა. ვატყობდი, ფიქრებით

თან ყველგან იყო და თან არსად...



ბოლოს თქვა:

– მე ერთი სოფლელი კაცი ვარ. უბედურება, სხვებთან ერთად, ჩვენმა სოფელმაც იწვნია.

ჯერ იყო და, შიმშილმა დაგვრია ხელი, შემდეგ მონღოლებმა აგვაწიოკეს. გადაწვეს და

გაძარცვეს ყველა სოფელი, რომელიც გზაზე დახვდათ. უფრო უარესი დღე დიდ

ქალაქებს აყარეს. ერზურუმი, სივასი და კაისერი ხელში ჩაიგდეს, მამაკაცები გაჟლიტეს,

ქალები თან წაასხეს. მე არც საყვარელი ქალი დამიკარგავს და არც სახლი, მაგრამ სხვა

რამე დავკარგე: სიხარული.



– მერედა რუმის რა ხელი აქვს ამ ყველაფერთან? – ვკითხე მე.

გლეხმა თავის ხარს გადახედა და უღიმღამოდ წაილუღლუღა:

– ყველა ამბობს, რუმის ქადაგებას თუ მოისმენ, დარდს გაგიქარვებსო...

ჩემთვის რომ გეკითხათ, დარდში ვერაფერს ვხედავდი ცუდს. პირიქით ბედნიერებას

ადამიანი მხოლოდ მაშინ გრძნობს, როცა ეთვალთმაქცებიან, სიმართლე გულს არავის

უხარებს. მაგრამ გლეხისთვის ეგ არ მითქვამს, სხვა რამ ვუთხარი:



– მოდი, დაგემგზავრები. წამიყვანე კონიაში და გზად კიდევ მიამბე რამე რუმიზე.

ჩემი ცხენი ფორანს მივაბი და გლეხს კოფოზე ჩამოვუჯექი. ჩემდა სასიხარულოდ, ხარმა

ზედმეტი ტვირთი სულაც არ იუცხოვა. როგორც მანამდე მიიზლაზნებოდა, ისევ ისე

გააგრძელა გზა. გლეხმა ცოტაოდენი პური და თხის ყველი მიწილადა. ვისხედით,

შევექცეოდით და ვსაუბრობდით.



აი, ასე შევდგი ფეხი კონიაში. მისი ლაჟვარდი ცა გადმომყურებდა ზემოდან, მისი

თაკარა მზე მათბობდა, თან მომყვებოდა მისი მფარველი წმინდანების ფხიზელი

თვალი...



– კარგად იყავი, მეგობარო, თავს გაუფრთხილდი! – ვუთხარი გლეხს, ფორნიდან

ჩამოვხტი და ცხენი გამოვხსენი.

– ქადაგებაზე მოდი, იცოდე! – მომაძახა გლეხმა.

თავი დავუქნიე და ხელის აწევით დავემშვიდობე:

– ინშალა!



ქადაგების მოსმენა ძალიან მინდოდა; ერთი სული მქონდა, როდის ვნახავდი რუმის,

მაგრამ მანამდე ქალაქში გავიარე, მსურდა, გამეგო, რას ფიქრობდნენ კონიელები დიდ

მქადაგებელზე. სანამ თვითონ ვიხილავდი, მინდოდა, მისთვის უცხო თვალითაც



შემეხედა მტრის თვალი იქნებოდა ის, თუ მოკეთისა, მოსიყვარულე თუ მოძულე

ადამიანისა.



                                                         ჰასანი, მათხოვარი



1244 წლის 17 ოქტომბერი, კონია



ბევრმა იქნებ არც დაიჯეროს და ამ ღვთის რისხვას „წმინდა სატანჯველს“ ეძახიან. მე

კეთროვანი ვარ. არც იქით ვარ და არც აქეთ. არც მკვდრებს ვუნდივარ და არც ცოცხლებს.

დედები თავიანთ ურჩ პატარებს ჩემით აშინებენ. ბავშვები ქვებს მესვრიან. ხელოსნები

სათოფეზე არ მიკარებენ, ემანდ, არ დაგვთარსოს ამ შავ დღეზე გაჩენილმაო. ორსული

ქალები თვალს რომ მომკრავენ, სახეს მარიდებენ, მახინჯი შვილები რომ არ გაუჩნდეთ.

არადა, თავად უფრო ვცდილობ, თავი ავარიდო ყველას. სულაც არ მჭირდება მათი

სიბრალულით სავსე მზერა...



ჯერ კანი იწყებს შეცვლას: მუქდება და უხეშდება. მერე მხრებზე, მუხლებზე, ხელებსა

და სახეზე ლაყე კვერცხისფერი ლაქები ჩნდება. თავიდან ყველაფერი გეწვის და გტკივა,

მაგრამ მერე როგორღაც გიყუჩდება ტკივილი, თუმცა, რა ვიცი, იქნებ შენ თვითონ ხდები

უგრძნობელი... თანდათან ეს ლაქები დიდდება, აფუებას იწყებს და საზიზღარ

ბუშტუკებად იქცევა. ხელები კლანჭებს ემსგავსება, სახე კი ისე იცვლება, ვეღარავინ

გცნობს.



მე ბოლო სტადიას ვუახლოვდები. უკვე თვალებს ვეღარ ვახამხამებ. ცრემლი და

ნერწყვი თავისით მდის. ექვსი ფრჩხილი უკვე ჩამომძვრა, სადაცაა, კიდევ ერთი მიჰყვება.

გაგიკვირდებათ, მაგრამ თმა ჯერ კიდევ მაქვს შერჩენილი (დიდი შეღავათი კია, მე და

ჩემმა ღმერთმა!..)



გამიგია, რომ ევროპაში კეთროვნებს ქალაქიდან ასახლებენ. აქ კი ქალაქში ცხოვრების

უფლება გვაქვს, ოღონდ ეჟვნებს ვატარებთ, რომ ხალხი დროზე გაფრთხილდეს.

მათხოვრობის ნებართვაც გვაქვს. ასე რომ არ იყოს, ალბათ, შიმშილით სული

გაგვძვრებოდა. გადარჩენის ეს ერთი გზა არსებობს ჩვენთვის, და კიდევ ლოცვა. არ

გეგონოთ, რომ ღმერთი კეთროვნებს განსაკუთრებული ყურადღებით უსმენს;

უბრალოდ, რაღაც გაუგებარი მიზეზით, ზოგიერთ ადამიანს ჰგონია ასე. ჰოდა,

ამიტომაც, ქალაქის მცხოვრებლებს, ზიზღის მიუხედავად, დიდ პატივში ვყავართ.

საგანგებოდ გვქირაობენ, რომ ავადმყოფებისათვის, ხეიბრებისა და მოხუცებისთვის

ვილოცოთ. ყველას ჰგონია, რომ რაც მეტს გადაგვიხდიან და მაძღრად დაგვაპურებენ,

უფრო გამოვიდებთ თავს და მეტს ვილოცებთ.



ქუჩაში კეთროვანს ძაღლად არავინ აგდებს, მაგრამ იქ, სადაც სიკვდილისა და

უბედურების სუნი ტრიალებს, ნამდვილი სულთნები ვართ. როცა ასეთ შეკვეთას ვიღებ,

თავს ჩავღუნავ ხოლმე და რაღაცას ვდუდღუნებ არაბულად, ვითომ ლოცვად ვარ

დავარდნილი. სხვა რა გზა მაქვს, უნდა ვითვალთმაქცო...



რა ვქნა, არ მჯერა, რომ ღმერთს ესმის ჩემი. არა მაქვს ამის საფუძველი. ისე, ლოცვას

მათხოვრობა სჯობს, თუმცა ნაკლებად სარფიანი საქმეა. მათხოვრობა უფრო ადვილია.

არ იტყუები მაინც...



პარასკევი ყოველთვის საუკეთესო დღეა სამათხოვროდ, რამადანის დროს კი მთელი

თვე შემოსავლიანია. რამადანის ბოლო დღეს ხომ ნუღარ იკითხავთ თუ კეთდება, მაშინ

კეთდება ფული. ამ დღეს ყველაზე დიდი წუწურაქიც კი ცდილობს, მოწყალება გასცეს

და ცოდვები ჩამოირეცხოს.

წელიწადში ერთხელ ადამიანები ზურგს არ აქცევენ მათხოვრებს. პირიქით, ეძებენ.

თანაც რაც უფრო დაბეჩავებულია ადამიანი, მით უფრო ხელსაყრელია მათთვის. ამ

დროს ისე სჭირდებათ გულუხვობითა და ქველმოქმედებით თავის გამოჩენა, რომ მარტო

მოწყალების გაღებით კი არ კმაყოფილდებიან, იმ ერთი დღით ლამის შეგვიყვარონ

კიდეც. დღესაც შემოსავლიანი დღე იქნება, ალბათ, რადგან პარასკევია და რუმი

ქადაგებს. მეჩეთი უკვე გადაჭედილია. ვინც შიგნით ვერ შევიდა, ეზოში გამწკრივებულან

და იცდიან. შუადღე საუკეთესო დროა მათხოვრებისა და ქურდბაცაცებისათვის. ახლა

ისინიც ჩემსავით დასუნსულებენ აქ, ბრბოში.



მეჩეთის კართან, ნეკერჩხლის ქვეშ ჩამოვჯექი და ხეს ზურგით მივეყრდენი. გაწვიმებას

აპირებდა და ჰაერში ნოტიო სუნი ტრიალებდა. ქალაქის ბაღებიდან ნიავს სხვა

სურნელიც მოჰქონდა და ეს ყველაფერი ერთმანეთში იყო არეული.



ჩამოვჯექი, გლახაკის ჯამი ამოვიღე და წინ დავიდე. ამ საქმეს ბევრი მისდევს, მაგრამ

მათგან განსხვავებით, ხმამაღალი ხვეწნამუდარა არ მიწევს ხოლმე. კეთროვანს არ

სჭირდება ბევრი ვიშ-ვიში და ქაქანი, არიქა, ცოლი მიკვდება, დავრდომილი ვარ,

ვიღუპები და მიშველეთო. ჩემი ერთი შემოხედვით გამოწვეული ზაფრა ათას სიტყვას

უდრის. ამიტომ უბრალოდ, სახე გამოვაჩინე და კარგად მოვკალათდი.



ერთი საათიც არ გასულა და ჩემს ჯამში უკვე რამდენიმე მონეტამ გაიჩხრიალა. სულ

წვრილი, სპილენძის ხურდა იყო; მე კიდევ ოქროს მონეტები მენატრებოდა, მზის,

ლომებისა და ნახევარმთვარეების გამოსახულებით... მას შემდეგ, რაც ცხონებულმა

ალადინ ქეიქუბადმა ფულის თავისუფალი მიმოსვლა შემოიღო, ჩვენში ალეპოს ბეების

მიერ მოჭრილი ფულიც ტრიალებს, კაიროს ფატიმიდი მბრძანებლებისაც და ბაღდადის

ხალიფებისაც, რომ არაფერი ვთქვა იტალიურ ფლორინებზე. ყველა ამ ფულს კონიის

მმართველებიც ხმარობდნენ და არც ქალაქის მათხოვრები ვიწუნებდით, რასაკვირველია.

მონეტებთან ერთად კალთაში რამდენიმე ხმელი ფოთოლიც ჩამივარდა. ნეკერჩხალს

უკვე სცვიოდა მოწითალოოქროსფერი ფოთლებიდა რადგან იმ დღეს ძლიერი ქარი

ქროდა, ჩემს ჯამში უამრავი ხმელი ფოთოლი აღმოჩნდა. თითქოს ხეც მოწყალებას

იღებდა ჩემთვის...



უცებ მივხვდი, რომ ამ ნეკერჩხალსა და მე ბევრი რამ გვქონდა საერთო. ფოთოლცვენის

დროს ხე ავადმყოფობის ბოლო საფეხურზე მყოფ კეთროვანსა ჰგავს, რომელსაც უკვე

სახსრები ეშლება. მე შიშველი ხე ვარ. ჩემი კანი, შიგნეულობა და სახე თანდათან იშლება.

ყოველდღიურად მტოვებს სხეულის თითო ნაწილი. ოღონდ ეგ არის ნეკერჩხლისაგან



განსხვავებით, მე აღარასოდეს დამიდგება გაზაფხული, აღარასოდეს გავიკვირტები, არ

ვიყვავილებ. რასაც ვკარგავ, სამუდამოდ ვკარგავ.



რომ დამინახავენ, ჩემს ვინაობას არავინ დაეძებს, მხოლოდ ჩემი ნაკლი ხვდებათ

თვალში. ჯამში ხურდას ისე სწრაფად მიგდებენ და თვალს ისე მარიდებენ, თითქოს ჩემი

შეხედვაც კი გადამდებია. მათთვის ქურდსა და მკვლელზე უარესი ვარ. მართალია,

კანონით დევნილი ხალხიც არავის ახატია გულზე, მაგრამ მათ ისე მაინც არ ეპყრობიან,

როგორც უჩინარ არსებებს. ჩემი დანახვისას ადამიანები ხედავენ მხოლოდ სიკვდილს,

რომელიც მათ სახეში ჯიქურ შესცქერის. სწორედ ეს აშინებთ ყველაზე მეტად:

სიკვდილის ასეთი სიახლოვე და სიმახინჯე.



უცებ რაღაც ჩოჩქოლი ატყდა.

– მოდის! მოდის! – იყვირა ხალხმა.



მაშინვე მივხვდი, რუმი იყო. თოვლივით ქათქათა ცხენზე ამხედრებული

გვიახლოვდებოდა. ქარვისფერი, საუცხოო ხალათი ეცვა, ოქროსფერი ფოთლებითა და

წვრილ-წვრილი მარგალიტით მოქარგული. მოდიოდა გოროზი და წელგამართული,

ბრძენი და კეთილშობილი; თან მოჰყვებოდა თაყვანისმცემელთა მთელი ჯარი.

მოდიოდა და ასხივებდა თავის ღვთიურ ხიბლს. რომ შეხედავდით, სწავლულს კი არა,

სულთანს ჰგავდა ქარების, ცეცხლის, წყლისა და მიწის მბრძანებელს. მისი ცხენიც კი

ამაყად იღერებდა ყელს, თითქოს იცოდა, რომ გამორჩეული მხედარი მოჰყავდა.

ხურდა ჯიბეში ჩავიჩხრიალე, თავპირი შევიხვიე და მეჩეთში შევედი. იქაურობა ისე

იყო ხალხით გადაჭედილი, სუნთქვა ჭირდა. ჩამოჯდომაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტი იყო,

მაგრამ ჩემს სენს ერთი სიკეთე ახლავს: დასაჯდომს ყოველთვის ვპოულობ, რადგან

კეთროვანს არავინ ეკარება.



– ძმანო! – დაიწყო რუმიმ და მისი ხმა ცაში აიჭრა. – სამყარო ისეთი ვეებერთელაა, რომ

მის წინაშე უმნიშვნელო, პაწაწინა არსებებად ვგრძნობთ თავს. ზოგიერთ თქვენგანს,

ალბათ, უჩნდება კითხვა: „ვინ ვარ ღვთისთვის მე, ყოველმხრივ ხელფეხშეკრული,

უბადრუკი არსება?“ დარწმუნებული ვარ, ასეთი რამ დროდადრო ბევრ თქვენგანს

მოსდის აზრად. დღევანდელ ქადაგებაში სწორედ ამ კითხვაზე მსურს ზუსტი და

ამომწურავი პასუხი გავცე...



წინა რიგში რუმის ვაჟები იდგნენ წარმოსადეგი სულთან ველედი (რომელსაც ხალხი

თავის გარდაცვლილ დედას ამსგავსებს) და უმცროსი ვაჟი ალადინი. ამ ბიჭს ცოცხალი

სახე ჰქონდა, მაგრამ თვალებს რაღაც მოუსვენრად და უცნაურად აცეცებდა. ისე ჩანდა,

რომ ორივეს ეამაყებოდა ასეთი მამა.



– ადამის ძეთ იმოდენა პატივი გვერგო და იმოდენა ცოდნა მოგვეცა, რომ ასეთ ტვირთს

ვერც ცა გაუძლებდა და ვერც მყარი, – განაგრძობდა რუმი, – ამიტომაც გვეუბნება

ყურანი: „ჩვენ შევთავაზეთ ანაბარი ცათა, ქვეყანასა და მთებს, მათ თავი შეიკავეს, რომ

თავს ედვათ იგი და შეეშინდათ მისი; და თავს იდო იგი ადამიანმა.“ რადგან ადამიანს

ასეთი პატივი ხვდა წილად, მისი ვალია, ღვთის განზრახულის აღსრულებას

მიელტვოდეს მხოლოდ და არამც და არამც არ იფიქროს უფრო მდაბალ მიზნებზე.



რუმი ხმოვნებს თავისებურად გამოთქვამდა, როგორც ეს განათლებულ ადამიანებს

სჩვევიათ; ბევრი ისაუბრა იმ დღეს ღმერთზე; დაგვარწმუნა, რომ ის სადღაც შორეულ,

ზეციურ ტახტზე კი არ ზის, არამედ თითოეულ ჩვენგანთან ძალიან ახლოს არის, ხოლო

ტანჯვა კიდევ უფრო გვაახლოებს მასთან.



– ჩვენი ხელები წამდაუწუმ იშლება და კვლავ ეკვრის ჩვენს სხეულს, განაგრძობდა

რუმი, ადამიანები ვართ, ერთხელ გავიშლებით, ერთხელ მოვიკუნტებით... ასე რომ არ

იყოს, დამბლა დაგვეცემოდა. ხელების ამ ორივე მოძრაობაში ფრინველის ფრთების

მოძრაობის მსგავსად სრულყოფილი თანაფარდობა იგრძნობა...



თავიდან მომეწონა მისი ნათქვამი. გული გამითბო იმ აზრმა, რომ ტანჯვა და

სიხარული ისევე ურთიერთდამოკიდებულია, როგორც ფრინველის ფრთების მოძრაობა.

მაგრამ იმწამსვე სისხლი მომაწვა ყელში. რა გაეგებოდა რუმის ტანჯვისა? სახელოვანი

მამის, შეძლებული და გამორჩეული ოჯახის შვილს ცხოვრება ყოველთვის ინდობდა.

ვიცოდი, რომ პირველი ცოლი მოუკვდა, მაგრამ მაინც არ მჯეროდა, რომ მას ოდესმე

ნამდვილი სიმწარე განეცადა. როგორ ბედავდა ტანჯვაზე ლაპარაკს ეს ქუდბედით

დაბადებული, წარჩინებულთა წრეში აღზრდილი, საუკეთესო სწავლულების

გაწვრთნილი, ნალოლიავები, ყველასგან მოწონებული კაცი?



გული ამომიჯდა. ვხედავდი, რამოდენა განსხვავება იყო ჩემსა და რუმის შორის. რატომ

არის ღმერთი ასე უსამართლო? მე თავზე სიღარიბე, ავადმყოფობა და უბედურება

დამატეხა, რუმის კი სიმდიდრე, წარმატება და სიბრძნე დააბერტყა... უმწიკვლო

სახელისა და მეფური მიხრამოხრის პატრონს ამქვეყნიურობისა არაფერი ეცხო. ყოველ

შემთხვევაში, საამქალაქო კაცი ნამდვილად არ იყო. მე სახე უნდა დამეფარა, რომ

ადამიანებს დანახვისას არ შევზიზღებოდი, ის კი ხალხში ძვირფასი ნატვრისთვალივით

კაშკაშებდა. ნეტავ რას იზამდა, ჩემს ტყავში რომ ამოეყო ოდესმე თავი? თუ

დაფიქრებულა ოდესმე, რომ თვით მასავით უზადო და განსაკუთრებული უფლებებით

მოსარგებლე ადამიანს ერთ დღეს შეიძლება კისერი წაეტეხა? თუ დაფიქრებულა ოდესმე,

რას გრძნობს ადამიანი, როცა ის გარიყულია, თუნდაც ერთი დღით? ისევ იმ დიდ რუმიდ

დარჩებოდა, ჩემნაირი ცხოვრება რომ მიესაჯა მისთვის განგებას?



კითხვა კითხვას მოსდევდა, ბრაზი მემატებოდა და ჩემს თვალში თანდათან ჩრდილი

ადგებოდა ამ კაცს, რომელიც ადრე ასეთ აღტაცებას მგვრიდა. გაგულისებული,

გამწარებული წამოვდექი და მუჯლუგუნებით გავიკვლიე გზა გასასვლელისკენ. ბევრმა

გაოცებული მზერა გამომაყოლა. უკვირდათ, რატომ ვტოვებდი ქადაგებას, რომლის

მოსმენა ხალხს ნატვრად ჰქონდა ქცეული.



                                                                           შამსი



1244 წლის 17 ოქტომბერი, კონია





ბინა დიდხანს არ მიძებნია. კონიის შუაგულში, „მეშაქრეთა ფუნდუკში“ ვპოვე

თავშესაფარი. ის კი არა, ჩემს ცხენსაც ერგო სადგომი. ჩემი მადლი მოისხა იმ გლეხმა,

ქალაქში ფორნით რომ შემომიყვანა. მისვლისთანავე ფუნდუკი დამათვალიერებინეს.



სწორედ საჩემო ადგილი იყო. ოთხი ოთახიდან ყველაზე უბრალო ავირჩიე. ერთი

ჭილობი, ერთი აშმორებული საბანი, მხრჩოლავი ზეთის ლამპარი და მზეზე

გამომშრალი აგური, რომელიც ბალიშის მაგივრობას სწევდა. სულ ეს დამხვდა ოთახში.

სამაგიეროდ,ბორცვებზე შეფენილი მთელი ქალაქი ხელისგულივით მოჩანდა ჩემი

ფანჯრიდან.



დავბინავდი თუ არა, გარეთ გავედი და ქალაქი დავიარე. უნდა გენახათ, სხვადასხვა

სარწმუნოების, ადათწესისა და ენის რა ორომტრიალი იდგა მის ქუჩებში. ვის აღარ

გადავაწყდი: ბოშა მუსიკოსებს, არაბ მოგზაურებს, ქრისტიან მწირებს, ებრაელ ვაჭრებს,

ბუდისტ ბერებს, ფრანკ ტრუბადურებს, სპარს ოსტატებს, ჩინელ ჯამბაზებს, ინდოელ

გველის შემლოცველებს, ზოროასტრ ჯადოქრებს და ბერძენ ფილოსოფოსებს.

მონების ბაზარზე თვალი მოვკარი საჰარამხანოდ გამზადებულ, თოვლივით ქათქათა

ქალებსა და ზორბა, შავგვრემან საჭურისებს, რომლებსაც იმდენი ბოროტება ჰქონდათ

ნანახი, რომ ლაპარაკის უნარი წართმეოდათ და კრიჭაშეკრულები მიმოდიოდნენ.





დალაქები ძარღვების გადასახსნელ და სისხლის გამოსაშვებ ხელსაწყოებს

დაარბენინებდნენ, მარჩიელები ბროლის ბურთულებს ატრიალებდნენ ხელში; აქა-იქ

ცეცხლიყლაპია ოინბაზებსაც ნახავდით. იერუსალიმს მიმავალი მომლოცველებიც ვნახე.

მაწანწალებსაც მოვკარი თვალი, რომლებიც, ჩემი ვარაუდით, ბოლო ჯვაროსნული

ომებიდან გამოქცეული ჯარისკაცები იყვნენ. ზოგი ვენეციურად უქცევდა, ზოგიც

ფრანგულად, საქსონიურად, ბერძნულად, სპარსულად, თურქულად, ქურთულად,

სომხურად, ებრაულად საუბრობდა; აქა-იქ ჩემთვის სრულიად უცხო ენები და კილოებიც

ჩამესმოდა. თითქოს ერთმანეთისგან ბევრი რამით განსხვავდებოდნენ, მაგრამ ყველას

არასრულყოფილი იერი ჰქონდა, ჯერაც დაუსრულებელ სამუშაოს, ხელოვნების

დაუსრულებელ ნიმუშს ჰგავდა თითოეული მათგანი.



ეს ქალაქი ნამდვილი ბაბილონის გოდოლი იყო. ყველაფერი განუწყვეტლივ

იცვლებოდა, მზის სინათლეზე გამოდიოდა, ყვაოდა, იფანტებოდა, იშლებოდა და

კვდებოდა. გარინდული ვიდექი ამ ქაოსის შუაგულში. გარე სამყაროს მიმართ ერთთავად

გულგრილიც ვიყავი და ამავე დროს, მთელი გულით მიყვარდა წუთისოფლის მსახვრალ

ხელში ჩავარდნილი და მასთან მებრძოლი ადამიანები.



ვუყურებდი ჩემ გარშემო მოფუსფუსე ხალხს და კიდევ ერთი ოქროს წესი

მახსენდებოდა: „ადვილია, გიყვარდეს ყოვლად სრული ღმერთი სპეტაკი და

შეუცდომელი. ბევრად უფრო ძნელია, გიყვარდეს მოძმე შენი ადამიანი, უამრავი ზადის

მქონე. გახსოვდეს, რომ მხოლოდ მისი შეცნობა შეგიძლია, რისი შეყვარების უნარიც

გაქვს. არ არსებობს სიბრძნე სიყვარულის გარეშე. სანამ ღმერთის ქმნილების სიყვარულს

არ ისწავლი, ვერც ღმერთის შეყვარებასა და შეცნობას შეძლებ.“



დიდხანს დავხეტიალებდი მიხვეულ-მოხვეულ ქუჩაბანდებში. თავიანთ პაწაწინა

სახელოსნოებში დაუღალავად შრომობდნენ ოსტატები. სადაც არ მივიდოდი, ყველგან

რუმიზე ლაპარაკობდნენ. დავდიოდი და ვფიქრობდი: „ნეტავ როგორი გრძნობა

გეუფლება, როცა ასეთი სახელგანთქმული ხარ? როგორი დაღი აჩნდება ამ დროს შენს

სულს?“ ამ ფიქრებით გართული მივადექი მეჩეთს, სადაც რუმი ქადაგებდა.



თანდათან გარემო იცვლებოდა. რაც უფრო ღრმად შევდიოდი ქალაქის ჩრდილოეთ

ნაწილში, მით უფრო ხშირად მხვდებოდა მინგრეულმონგრეული სახლები და

ჩამოშლილი მესრები. ამ უბნებში ბავშვებიც უფრო ურჩები და ხმაურიანები იყვნენ. აქ

სულ სხვა სუნი ტრიალებდა. ნიორსა და სხვადასხვა სანელებელს დაემძიმებინა ჰაერი.

ბოლოს მივადექი ქუჩას, სადაც სამი სუნი მძლავრობდა: ოფლის, სუნამოსი და

ავხორცობისა. ეს ქალაქის მანკიერი უბანი იყო.



მოკირწყლული ქუჩის ბოლოში ერთი ფარღალალა, ბამბუკის ბოძებზე შემდგარი,

ისლით გადახურული სახლი იდგა. მის წინ ქალები ისხდნენ და მუსაიფობდნენ. რომ

დამინახეს, ცნობისმოყვარედ დამაკვირდნენ. სახლის გვერდით ვარდნარი იყო. რა ფერის

ვარდს არ ნახავდით აქ... ირგვლივ საოცარი სურნელი ტრიალებდა.



დავინტერესდი, ვინ უვლიდა მათ. პასუხმაც არ დააყოვნა. ბაღის ჭიშკარს მივეახლე თუ

არა, სახლის კარი გაიღო და იქიდან ერთი ზორბა, უსაშველოდ მსუქანი, ფართოსახიანი

დედაკაცი გამოვიდა. ქონში ერთიანად ჩაფლულს ჭრუტა თვალები ძლივსღა უჩანდა.

ბაგეს წვრილი, შავი ულვაში უფარავდა; ყურების გასწვრივაც თმა ჩამოზრდოდა.

მოგვიანებითღა მივხვდი: ერთდროულად ქალიც იყო და მამაკაციც.

– რა გინდა? – მკითხა და ალმაცერად შემომხედა.



სახე წარამარა ეცვლებოდა ერთ წუთში ქალს მიუგავდა, მეორე წუთში კვლავ

მამაკაცურად მოექცეოდა... თავი გავაცანი და ვინაობა ვკითხე, მაგრამ ჩემს შეკითხვას

წაუყრუა.

– შენ აქ არაფერი გესაქმება, – მითხრა და ხელი ისე ამიქნია, თითქოს აბეზარი ბუზი

ვყოფილიყავი.

– რატომ? – ვკითხე მე.

– ვერა ხედავ, რომ საროსკიპოა? თუ არაფერი მეშლება, თქვენ, დავრიშები, სამუდამო

ფიცს დებთ, რომ სიძვას მოერიდებით. ასე არ არის? ხალხს რომ ჰკითხო, ცოდვებში

ვბანაობ, მაგრამ მე, რომ იცოდე, მოწყალებასაც გავცემ და რამადანის დროს ამ სახლში

ფეხს არავის ვადგმევინებ.აი, ახლაც შენს გადარჩენას ვცდილობ. იცოდე, ჩვენგან თავი

შორს დაიჭირე. ეს ყველაზე ბინძური უბანია მთელ ქალაქში.



– სიბინძურე შიგნით არის და არა გარეთ, – შევეპასუხე მე, – ასე გვასწავლის წესი.

– რას მიედმოედები?! – შემომჩხავლა ქალ-კაცამ.



– აჰ, ისმინე ერთი, ორმოც წესთაგანი, – წამოვიწყე იმ იმედით, რომ რაღაცას მაინც

შევასმენდი: „ნამდვილი სიბინძურე ის არის, რაც შიგნით გაქვს, სხვა დანარჩენი წყალს

გაჰყვება. სიბინძურის ერთადერთი სახეობა არსებობს, რომელსაც სუფთა წყლით ვერ

ჩამოირეცხავ. ეს არის სიძულვილი და შეუწყნარებლობა, რომელიც სულს ანაგვიანებს.

შენ შეგიძლია, ხორციელად განიწმინდო თვითგვემითა და მარხვით, მაგრამ შენი გულის

ჭეშმარიტი განსპეტაკება მხოლოდ სიყვარულს შეუძლია.“

თქვენც არ მომიკვდეთ. არაფრის გაგონება არ სურდა.



– თქვენ, დავრიშები, ცოტა შექანებულები ხართ. ვინ აღარ მყოლია აქ მუშტრად, მაგრამ

დავრიში?! ვერ მოგართვი, ვერა! უმალ ბაყაყს წვერი ამოუვა, ვიდრე შენ აქ ფეხს



შემოდგამ! შენ რომ აქ შემოგიშვა, ღმერთი ამ სახლს თავზე ჩამოგვაქცევს და შეგვაჩვენებს

მორწმუნე კაცის ცდუნებისათვის.

სიცილი ვერ შევიკავე.



– ვინ ჩაგაგონა ასეთი სასაცილო აზრები? შენ, გეტყობა, ღმერთი ერთი ახირებული

ბერიკაცი გგონია, რომელიც ციდან გადმოგვყურებს და როგორც კი ფეხი წაგვიცდება,

ქვებსა და ბაყაყებს გვესვრის?



საროსკიპოს პატრონმა წვრილი ულვაში მოიწიწკნა და ამრეზილი, უჟმური მზერა

შემავლო.

– ნუ გეშინია, მე აქ შენი საროსკიპოს სანახავად არ მოვსულვარ, შენი ვარდებით

ვტკბებოდი მხოლოდ, – ვცადე მისი დარწმუნება.

– ჰოო, ეს ჩემი ერთ-ერთი გოგოს, უდაბნოს ვარდის ნახელავია, – თქვა ქალ-კაცამ და

მხრები დაუდევრად აიჩეჩა.



შემდეგ ახალგაზრდა ქალს მოუხმო, რომელიც იქვე, სხვა მეძავებთან ერთად იჯდა.

თლილი ნიკაპი, სადაფივით პრიალა კანი, შავი, ნაღვლიანი, ნუშისებრი თვალები

ჰქონდა; გულისწამღებად ლამაზი იყო... როგორც კი შევხედე, გულმა მითხრა: დიდი

გარდაქმნა ელოდა, უკვე ფეხიც შედგმული ჰქონდა ამ გზაზე. ხმას დავუწიე და

ჩურჩულზე გადავედი, ისე, რომ ჩემი ნათქვამი მხოლოდ პატრონს გაეგონა:

– კარგი გოგოა. ერთ დღეს ეგ ღვთის ძიების გზას დაადგება და ამ სახლს სამუდამოდ

დატოვებს. როცა ეს დღე მოვა, გაუშვი, ნუ დაუშლი.



ქალკაცა ერთხანს განცვიფრებული მომშტერებოდა, მერე უცებ იფეთქა:

– რას როშავ?! ვისი რა საქმეა, ჩემს გოგოებს რას დავუშლი და რას არა? გიჯობს ახლავე

გაეთრიო აქედან, თორემ ტურისთავას დავუძახებ!



– ეგ ვინღაა? – ვკითხე მე.

– დამიჯერე, არ გირჩევ მის გაცნობას, – თქვა ქალ-კაცამ და თითი ნიშნისმოგებით

დამიქნია.

ამ უცხო მეტსახელის გაგონებისას ოდნავ გამაჟრჟოლა, მაგრამ მასზე ფიქრში დრო აღარ

დამიკარგავს.



– კარგი, მივდივარ, – ვთქვი მე. – ოღონდ იცოდე, ერთხელაც იქნება, დავბრუნდები.

ამიტომ ნუ გაგიკვირდება, თუ ძალიან მალე ისევ მიხილავ. მე არ ვგავარ იმ

ფარისევლებს, მთელი ცხოვრება ლოცვად რომ დავარდნილან, გულზე კი ბოქლომი

ადევთ. ეგეთები ყურანს მხოლოდ ზედაპირულად კითხულობენ, მე კი ყურანს ახლად

გაკვირტულ ყვავილებსა და გადამფრენ ფრინველებში სტრიქონსტრიქონ ვკითხულობ.

ყველა ადამიანშიც ყურანი ცოცხლობს და სუნთქავს.



– ანუ, იმის თქმა გინდა, რომ ადამიანებს კითხულობ? – ცალყბად ჩაიცინა ქალ-კაცამ.

რას ბოდავ?

– თითოეული ადამიანი გადაშლილი წიგნია. თითოეული ჩვენგანი მოარული ყურანია.

ღვთის პოვნის სურვილი ნებისმიერი ადამიანის გულში ცოცხლობს, მეძავი იქნება იგი

თუ წმინდანი. სიყვარული თითოეულ ჩვენგანში დაბადებიდან იბუდებს და ელის,

როდის აღმოაჩენენ. აჰა, ისმინე ერთერთი ორმოც წესთაგანი: „მთელი ქვეყნიერება



მოქცეულია ერთ ადამიანში – შენში. ყველაფერი, რასაც ირგვლივ ხედავ, მათ შორის

ბევრი ისეთი რამ, რაც არ მოგწონს და ზიზღსა გგვრის, სხვადასხვა სახით შენშიც ძევს.

ამიტომ ნუ ეძებ შაითანს სადღაც სხვაგან. ეშმაკი რაღაც განსაკუთრებული ძალა კი არ

არის, რომელიც გარედან გიტევს, არამედ შენივე შინაგანი ხმაა. თუ შენს თავს ბოლომდე

შეიცნობ და თვალს პატიოსნად და წარბშეუხრელად გაუსწორებ საკუთარ ავსა და კარგს,

საბოლოოდ გაფაქიზებული, უმაღლესი გონის პატრონი ხდები. როცა ადამიანი შეიცნობს

თავის თავს, ის შეიცნობს ღმერთსაც.“



ქალკაცამ გულხელი დაიკრიფა, თვალები მუქარით დამიბრიალა და ხრინწიანად

დამჩხავლა:



– ერთი უყურეთ, დავრიში როსკიპებს მოძღვრავს! გაფრთხილებ, აქ ნურავის დაუპირებ

შენი სისულელეებით ტვინის გამოლაყებას! სათოფეზე არ მიეკარო ჩემს საროსკიპოს,

თორემ, ღმერთს გეფიცები, ტურისთავა მაგ გატლეკილ ენას წამში ამოგაცლის, მე კი მას

სიამოვნებით შევსანსლავ!



                                                                                        ელა



2008 წლის 28 მაისი, ნორთჰემპტონი



ბურანიდან გამოსული არ იყო ჯერ კიდევ და უკვე გული შეეკუმშა. ამ ბოლო დროს

დასჩემდა ასეთი რამ: გაღვიძებისთანავე სევდა დარევდა ხოლმე ხელს. თუმცა, სევდაც

არის და სევდაც. ზოგჯერ ტირილი გინდება და უბედურად გრძნობ თავს. ელა კი,

უბრალოდ, გუნებაზე ვერ იყო იმ ღიმილიან და არხეინ გუნებაზე, როცა ყველაფერს

ჰაიჰარად უყურებ და არაფერი გამძიმებს. თითქოს მის ცხოვრებაში რაღაც ახალი ეტაპი

დამდგარიყო, ის კი ამისთვის მოუმზადებელი აღმოჩნდა. ელა სამზარეულოში შევიდა,

ყავა დაადგა, უჯრიდან სია ამოიღო და გადახედა.



ათი რამ, რაც აუცილებლად უნდა გააკეთო, სანამ ორმოცი წლის შესრულდები:

1. ისწავლე დროის რაციონალურად მართვა, იყავი უკეთ ორგანიზებული; იყიდე ახალი

დღიური (შესრულებულია).



2. კვების რაციონში მინერალური დანამატები და ანტიოქსიდანტები შეიტანე

(შესრულებულია).



3. ებრძოლე ნაოჭებს. ამ მიზნით „ალფა ჰიდროქსისა“ და „ლ’ორეალის“ ახალი

პროდუქცია მოსინჯე (შესრულებულია).



4. გამოცვალე შპალერი, იყიდე ახალი მცენარეები და ახალი ბალიშები

(შესრულებულია).



5. გადახედე შენს ცხოვრებას, ღირებულებებსა და მრწამსს (ნახევრად შესრულებულია).



6. ამოიღე რაციონიდან ხორცი, შეადგინე ყოველკვირეული, ჯანსაღი მენიუ და საკუთარ

სხეულს ჯეროვანი პატივისცემით მოეპყარი (ნახევრად შესრულებულია).



7. დაიწყე რუმის ლექსების კითხვა (შესრულებულია).



8. წაიყვანე ბავშვები ბროდვეის მიუზიკლზე (შესრულებულია).



9. დაიწყე კულინარიული წიგნის წერა (არ არის შესრულებული).



10. გაუღე გულის კარი სიყვარულს...



ელა უსიტყვოდ მისჩერებოდა მეათე პუნქტს და არ იცოდა, მიეწერა რამე მის გვერდით,

თუ არა. კაცმა რომ თქვას, როცა ამ პუნქტს წერდა, თვითონაც არ იცოდა, რას

გულისხმობდა.



– არა, მართლა რას ვფიქრობდი მაშინ? ალბათ, „საამო მკრეხელობის“ გავლენით

დავწერე, – ჩაიბუტბუტა თავისთვის.

ამ ბოლო დროს რამდენჯერმე აღმოაჩინა, რომ სიყვარულზე ფიქრობდა.

„ძვირფასო აზიზ!



დღეს ჩემი დაბადების დღეა! ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს ცხოვრების ახალ ეტაპს

მივადექი. ამბობენ, როცა ადამიანი (განსაკუთრებით ქალი), ორმოც წელს მიაღწევს, მის

ცხოვრებაში გადამწყვეტი მომენტი დგებაო. ასეთი გამონათქვამიც გამიგია: ორმოცი

იგივე ოცდაათიაო (შესაბამისად, სამოცი იგივე ორმოცია). ძალიან კი მინდა ამის

მჯეროდეს, მაგრამ მსგავსი დებულებები რაღაც ყურით მოთრეული მგონია. ერთი

სიტყვით, თავს ვერ მოიტყუებ. ორმოცი ორმოცია. მორჩა და გათავდა. ერთი რამ

დანამდვილებით ვიცი: ამიერიდან ყველაფერი მომემატება: ცოდნაც, სიბრძნეც და რა

თქმა უნდა, ნაოჭი და ჭაღარაც. ადრე დაბადების დღეები ყოველთვის კარგ გუნებაზე

მაყენებდა, მაგრამ ამ დილით რომ გავიღვიძე, თავი დათრგუნვილად ვიგრძენი და ისეთი

კითხვები გამიჩნდა, რომელთა „გადახარშვა“ დილაადრიან, უზმოზე, ცოტა არ იყოს,

ძნელი მეჩვენა. „მინდა თუ არა ცხოვრების ძველებურად გაგრძელება?“ – ვკითხე ჩემს

თავს და უცებ რაღაც შიშნარევი გრძნობა შემეპარა. ვაითუ ამ კითხვის ორივე პასუხმა

დადებითმაც და უარყოფითმაც, ერთნაირად კატასტროფული შედეგები გამოიღოს?

ამიტომ სხვა პასუხი ვიპოვე: ალბათ, მინდა...



დროებით. ყოველივე კარგს გისურვებთ,

ელა.



პ.ს. მაპატიეთ, რომ უფრო მხიარული წერილი ვერ მოგწერეთ. დღეს რატომღაც

უგუნებოდ ვარ! არ ვიცი, რატომ. ორმოცის რომ ვხდები, ეგ იქით იყოს. ეს, შუახნის

კრიზისს რომ ეძახიან, მგონი ის არის.“

„ძვირფასო ელა!



დაბადების დღეს გილოცავთ! ორმოცი წელი მამაკაცისთვისაც და ქალისთვისაც

შესანიშნავი ასაკია. იცით თუ არა, რომ მისტიკოსები ამ ციფრს ახალ საფეხურზე

გადასვლისა და სულიერი გამოღვიძების სიმბოლოდ მიიჩნევენ? დააკვირდით: როცა

ვგლოვობთ, ორმოც დღეს ვგლოვობთ. როცა ბავშვი იბადება, მას ორმოცი დღე სჭირდება

იმისათვის, რომ დედამიწაზე საცხოვრებლად მოემზადოს; როცა შეყვარებულები ვართ,

ორმოცი დღე გვჭირდება იმისათვის, რომ ჩვენს გრძნობებში დავრწმუნდეთ; წარღვნა

ორმოც დღეს გრძელდებოდა; როცა წყალმა ქვეყანა წალეკა, მან, ამავდროულად, მთელი

სიბინძურეც ჩამორეცხა დედამიწას და კაცთა მოდგმას ყველაფრის თავიდან დაწყების

საშუალება მისცა.



ისლამური მისტიციზმის მიხედვით, ადამიანსა და ღმერთს ორმოცი საფეხური ჰყოფს.

არსებობს ცნობიერების ოთხი ძირითადი ეტაპი; თითოეული მათგანი ათ-ათი

საფეხურისაგან შედგება, რაც ორმოც დონეს ქმნის. იესომ ორმოცი დღე გაატარა

უდაბნოში; მუჰამადი ორმოცი წლის იყო, როცა მოციქულობის მოწოდება მიიღო; ბუდა

ცაცხვის ქვეშ ორმოცი დღე ეძლეოდა მედიტაციას; შამსის ორმოც წესზე აღარაფერს

ვამბობ...



თქვენ ორმოცი წლის ასაკში ახალი სამუშაო იშოვეთ, ახალი ცხოვრების საგზური.

ორმოცი კეთილმოსურნე რიცხვია.



გილოცავთ!.. და ნუ შეგეშინდებათ სიბერის. ვერც ერთი ნაოჭი, ვერც ერთი ღერი ჭაღარა

ვერ მოერევა ორმოცის ძლევამოსილებას!

კეთილი სურვილებით,

აზიზი.“



                                                      უდაბნოს ვარდი, მეძავი



1244 წლის 17 ოქტომბერი, კონია



ბევრი ფიცი და მტკიცი არ სჭირდება იმას, რომ საროსკიპოებიც უხსოვარი დროიდან

არსებობს და ჩემისთანა ქალებიც. მაგრამ ერთი რამ მაოცებს: ადამიანებს რომ ჰკითხოთ,

ქალი ამ ხელობისთვის არ ემეტებათ, არადა, თუ მოინანიე და ცხოვრების ხელახლა

დაწყება მოინდომე, გასაქანს არ გაძლევენ. თითქოს გეუბნებიან: „თქმა არ უნდა, ცოდო

ხარ, ასე რომ გაისვარე და დაეცი, მაგრამ სხვა გზა არა გაქვს, სამუდამოდ იმ ლაფში უნდა

დარჩე.“



რატომ ხდება ასე? აბა, რა გითხრათ... მხოლოდ ის ვიცი, რომ ზოგიერთი სხვისი

უბედურებით იკვებება და თუ მის ირგვლივ ერთი თავაწეული ადამიანი მაინც

გაჭაჭანდა, გულზე სკდება. თუმცა, ამ ბოლო დროს დიდად აღარ მენაღვლება, ვინ რას

ამბობს და აკეთებს. ერთ მშვენიერ დღეს აქედან უნდა ავიბარგო.



ამ დილით რომ გავიღვიძე, ერთი სული მქონდა, დიდი რუმის ქადაგება მომესმინა.

საროსკიპოს პატრონისთვის ეს რომ გამემხილა, სასაცილოდ არ ეყოფოდა. „როდის იყო,

როსკიპები მეჩეთებში დადიოდნენ?“ – ასე იტყოდა, ალბათ, ის გაბერილი ლოყები

აუთახთახდებოდა და ჩაბჟირებამდე იცინებდა. ამიტომ ხრიკი ვიხმარე. ვამჩნევდი, იმ

უწვერულ დავრიშთან ლაპარაკის შემდეგ ჩვენი პატრონი ფიქრებმა წაიღო და მივხვდი,

რომ სწორედ ახლა იყო დრო. საერთოდ, როცა რაღაც საფიქრალი გამოუჩნდებოდა,

უფრო ადვილად მოსახელთებელი იყო. მივედი და ვუთხარი, ბაზარში უნდა გავიქცე,

რაღაც საქმეები მაქვს-მეთქი. მაშინვე დამიჯერა. დამიჯერებდა, აბა, რას იზამდა, ცხრა

წლის მანძილზე რაც მე მისთვის ვიშრომე...



– მხოლოდ ერთი პირობით! – მითხრა მან. – სეზამი უნდა გაიყოლიო.



სულაც არ მწყენია, სეზამი ძალიან მიყვარდა. მთასავით კაცს ბავშვის ჭკუა ჰქონდა;

უღალატო ადამიანი იყო, თან ისეთი ალალი და მიამიტი, რომ ცოტა წაიჩერჩეტებდა

კიდეც. სულ მიკვირდა, რაც ამქვეყნად ბოროტება ტრიალებს, ცოცხალი როგორ გადარჩა-

მეთქი. არავინ იცოდა მისი ნამდვილი სახელი. მგონი, არც თვითონ იცოდა. სეზამი

იმიტომ შევარქვით, რომ შირბახტის ჰალვაზე გიჟდებოდა. როცა ჩვენი გოგოები ქალაქში

გავიდოდნენ, სეზამი უსიტყვოდ, აჩრდილივით მისდევდა. უკეთეს მცველს ვერ

ინატრებდა კაცი.



გავუდექით გზას. ხეხილის ბაღებს ერთი დაკლაკნილი ბილიკი ჰყოფდა და იმას

გავუყევით. პირველივე გზაჯვარედინთან სეზამს ვთხოვე, დამელოდე-მეთქი და ბუჩქს

მოვეფარე. იქ მამაკაცის ტანსაცმლით სავსე ტომარა მქონდა გადამალული. მამაკაცურად

გადაცმა ბევრად ძნელი ყოფილა, ვიდრე ველოდი. გრძელი თავსაბურავები მკერდზე

შემოვიხვიე და ძუძუები რაც შემეძლო, მჭიდროდ ავიკარი. შარვალსა და ბამბის

პერანგზე ჟღალი ფერის გრძელი ხალათი მოვისხი და ჩალმაც დავიხურე. სახე ნახევრად

შევიხვიე გრძელი თავსაბურავით, რათა არაბ მოგზაურს დავმსგავსებოდი.



– წავიდეთ, – ვუთხარი სეზამს ბუჩქიდან გამოსვლისთანავე.

სეზამი გაშრა.



– რა იყო, ვეღარ მცნობ? – ვთქვი და სახე დავანახვე.



– უდაბნოს ვარდო, შენა ხარ? – წამოიძახა და შეშინებული ბავშვივით პირზე ხელი

იტაცა, – ეს რაები ჩაგიცვამს?!

– საიდუმლოს შენახვა შეგიძლია?



თავი დამიქნია; თან მოუსვენრად ცქმუტავდა და თვალებს აცეცებდა.

– მაშინ ყური დამიგდე, – წავჩურჩულე მე, – ჩვენ ახლა მეჩეთში მივდივართ. მაგრამ

იცოდე, პატრონს არაფერი უთხრა.

სეზამს ქვედა ტუჩი აუკანკალდა:

– ვაიმე, არა, არა! ჩვენ ხომ ბაზარში მივდიოდით!..



– ჰო, ჩემო კარგო. ბაზარშიც წავალთ, ოღონდ მოგვიანებით. ჯერ კი დიდი რუმის

ქადაგების მოსასმენად უნდა წავიდეთ.

სეზამის დაფეთება ჩემთვის მოულოდნელი არ იყო. გეგმის შეცვლა ყოველთვის ასე

აშინებდა ხოლმე.



– გთხოვ, ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია... თუ გამომყვები და არავისთან

გამამხელ, ჰალვის დიდ ნაჭერს გიყიდი.

– ოოო, ჰალვა... – სეზამმა პირი ისე დააწკლაპუნა, თითქოს უკვე აგემოვნებდა ამ

ნუგბარს.



ასე ავიყოლიე მოთაფლული სეზამი და დავიძარით დიდი მეჩეთისკენ, რუმის

ქადაგების მოსასმენად.

მე ნიკეის მახლობლად, ერთ პატარა სოფელში ვარ დაბადებული. დედაჩემი მეტყოდა

ხოლმე, კარგ ადგილას, მაგრამ ცუდ ვარსკვლავზე გაჩნდიო. მართლაც ცუდი დრო იყო.

წინასწარ ვერაფერს იტყოდი. წარამარა რაღაც იცვლებოდა. ჯერ იყო და, ხმა გავარდა,

ჯვაროსნები ბრუნდებიანო. ყურები გვქონდა გამოჭედილი იმ სიმხეცის აღწერით, რასაც



ისინი კონსტანტინოპოლში სჩადიოდნენ. მდიდრების სახლებს ძარცვავდნენ, ხატებს

ანადგურებდნენ, ტაძრებში სიწმინდეებს ბილწავდნენ... შემდეგ ატყდა განგაში, არიქა,

სელჩუკები მოდიანო. სელჩუკთა ურდოების ნამოქმედარზე რაც ჩვენ ამბები

მოგვდიოდა, იმის მონელებაც ვერ მოვასწარით და უკვე მორიგ დაუნდობელ

მოთარეშეებზე მონღოლებზე ალაპარაკდა ხალხი. გადამთიელი მაოხრებლების

სახელები და სახეები იცვლებოდა, მაგრამ მათ წინაშე შიში არა და არ გვშორდებოდა,

როგორც იდას არ შორდება მწვერვალზე შემორჩენილი თოვლი...



ჩემი მშობლები ხაბაზები იყვნენ, მართლმორწმუნე ქრისტიანები. ბავშვობიდან მახსოვს

პურის საამური სუნი. მდიდრები არასოდეს ვყოფილვართ ეს სულ პატარამაც კი

ვიცოდი მაგრამ არც ღარიბები გვეთქმოდა. ხშირად ვხედავდი მათხოვრებს, რომლებიც

ჩვენს საცხობთან მოდიოდნენ და პურის ნამცეცებს გვთხოვდნენ. მათი ცრემლიანი

თვალების შემყურე, ყოველ ღამით, ძილის წინ, უფალს მადლობას ვწირავდი, რომ

მშიერი არ დამაწვინა. ასეთ წუთებში მეგონა, მეგობარს ვესაუბრებოდი. მაშინ ღმერთი

მართლაც იყო ჩემი მეგობარი.



შვიდი წლის რომ გავხდი, დედაჩემი დაორსულდა. დღეს უკვე ვხვდები, რომ მანამდე

ბევრჯერ მოეშალა მუცელი, მაგრამ მაშინ ასეთების არაფერი მესმოდა. ისეთი მიამიტი

ვიყავი, ვინმეს რომ ეკითხა, ბავშვები საიდან ჩნდებიანო, ალბათ, ვეტყოდი, ღმერთი მათ

ფაფუკი, ტკბილი ცომისაგან ზელსმეთქი. მაგრამ ეს ბავშვი, ღმერთმა დედაჩემისთვის

რომ „მოზილა“, რაღაც ძალიან დიდი ჩანდა. ცოტა ხანში მუცელი ისე უსაშველოდ

აუფუვდა და გაუტკიცინდა, ვეღარ სუნთქავდა.



ბებიაქალმა უთხრა, სხეულში წყალი გიგროვდებაო. მე მაგის არაფერი გამეგებოდა და

არხეინად ვიყავი. თურმე ნუ იტყვით: ერთი კი არა, სამი ბავშვი ჩასახვოდა, თან სულ

ბიჭები. ეს არც ბებიაქალმა იცოდა და არც დედაჩემმა. ჰოდა, ამ ჩემმა ძმებმა დედაჩემის

მუცელში ომი გააჩაღეს. ერთმა ტყუპისცალმა ჭიპლარით მოგუდა მეორე; მკვდარი

პატარა კი, თითქოს შურს იძიებსო, გასასვლელში გაეჩხირა და სხვებს გზა გადაუღობა.

ოთხი დღე იტანჯებოდა დედაჩემი. დღე და ღამე გვესმოდა მისი ყვირილი. მერე უცებ

გაჩუმდა. ბებიაქალმა დედაჩემის გადარჩენა ვერ შეძლო, მაგრამ ჩემი ძმების სიცოცხლის

გამო სახსნელად ყველაფერი გააკეთა. მაკრატელი აიღო და დედას მუცელი გაუჭრა.

საბოლოოდ მხოლოდ ერთი ჩვილი გადარჩა.



ასე დაიბადა ჩემი ძმა. მამაჩემმა ვერა და ვერ აპატია ბავშვს ეს ამბავი და მის

ნათლობასაც კი არ დაესწრო. დედა აღარ იყო. მამა სიტყვაძუნწ, უცხვირპირო კაცად იქცა.

ცხოვრება ერთხელ და სამუდამოდ შეიცვალა. უკუღმა დატრიალდა ჩვენი საცხობის

საქმეც. მუშტარი შემოგველია.



იმის შიშით, რომ გავღარიბდებოდით და ერთ დღეს მათხოვრობაც კი მოგვიწევდა,

ლეიბქვეშ ფუნთუშების შენახვა დავიწყე. იქ ისინი ქვასავით მაგრდებოდა და

ობდებოდა...



მაგრამ ყველაზე ცუდი დღე ჩემს ძმას დაადგა. ძალიან დაიჩაგრა საწყალი. მე კარგი

ბავშვობა მაინც მქონდა. ყველას ვუყვარდი, თავს მევლებოდნენ, მას კი მსგავსი არაფერი

ღირსებია. გული მიკვდებოდა, როცა ვხედავდი, როგორ ექცეოდნენ, მაგრამ სადღაც,



გულის სიღრმეში მიხაროდა, რომ მამა მასზე იყრიდა ჯავრს და არა ჩემზე. ნეტავ

დამეცვა ჩემი ძმა მაშინ. ახლა ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა. კონიის საროსკიპოში

მაინც არ ამოვყოფდი თავს...



ერთი წლის შემდეგ მამამ მეორე ცოლი შეირთო. ჩემი ძმის ცხოვრებაში ბევრი არაფერი

შეცვლილა: ადრე მხოლოდ მამა ექცეოდა ცუდად, ახლა კი მას ცოლიც აჰყვა და ერთად

აწვალებდნენ. ჩემს ძმას შინ გული აღარ უდგებოდა, სულ წავიდა ხელიდან, ცუდი

ჩვევები და ცუდი მეგობრები გაიჩინა. ერთ დღეს მამამ ისე სცემა, რომ კინაღამ

შემოაკვდა.



ამის შემდეგ ბიჭი შეიცვალა. თვალებში რაღაც სხვანაირი, ბოროტი სუსხი ჩაუდგა.

ვატყობდი, გულში ბოღმას იხვევდა ჩუმჩუმად, მაგრამ ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რა

საშინელებას ამზადებდა. ნეტავ მივმხვდარიყავი. ნეტავ შემძლებოდა ამ უბედურების

აცილება...



გაზაფხულის ერთ დღეს, მამაჩემი და ჩვენი დედინაცვალი თაგვის წამლით

მოწამლულები იპოვეს. როცა ეს ამბავი გახმაურდა, ეჭვი ყველამ ჩემს ძმაზე მიიტანა.

დაიწყო დაკითხვები, ბიჭი შეშინდა და თავს გაქცევით უშველა. მას შემდეგ აღარასოდეს

მინახავს. დავრჩი სრულიად მარტო.



გული აღარ მიდგებოდა მშობლიურ სახლში, სადაც ჯერ კიდევ ტრიალებდა დედაჩემის

სუნი. ვერც საცხობში მუშაობა გავაგრძელე, იქაც მოგონებები დამტრიალებდა თავზე.

ამიტომ კონსტანტინოპოლში გადავწყვიტე წასვლა მოხუც, შინაბერა დეიდასთან, რადგან

ახლო ნათესავთაგან ეგღა შემრჩენოდა.

მაშინ ცამეტი წლისა ვიყავი...



კონსტანტინოპოლში ეტლით წავედი. მგზავრებში ყველაზე ახალგაზრდა ვიყავი, თანაც

მხოლოდ მე ვმგზავრობდი მარტო, თანმხლების გარეშე. რამდენიმე საათი მშვიდად

ვიარეთ, მაგრამ ერთ-ერთ შარაგზაზე ყაჩაღების ბრბო დაგვხვდა. ყველაფერი წაჰგლიჯეს

ხალხს ხელბარგიც, ტანსაცმელიც, ფეხსაცმელიც, ქამრებიცა და სამკაულიც. მეეტლეს

ძეხვეულიც კი არ შეარჩინეს. მე არაფერი მებადა, ამიტომ განზე გავდექი;

დარწმუნებული ვიყავი, არას მავნებდნენ. მაგრამ სწორედ მაშინ, როცა უკვე წასვლას

აპირებდნენ, ყაჩაღთა წინამძღოლი მომიბრუნდა და მკითხა:



– ქალწული ხარ, ჩემო გვრიტო?

გავწითლდი. ასეთ უტიფარ შეკითხვაზე პასუხის გაცემა არ ვისურვე. რა ვიცოდი, რომ

ჩემი გაწითლება სწორედ ის პასუხი იყო, რომელიც მას სჭირდებოდა.

– წავედით! – იყვირა წინამძღოლმა. – ცხენები და გოგო წამოიყვანეთ!

ავტირდი, გავიბრძოლე, მაგრამ ჩემს მოშველებას არც ერთი მგზავრი არ ცდილა.

ყაჩაღებმა უღრან ტყეში შემიყვანეს, სადაც, ჩემდა გასაოცრად, სოფელი დამხვდა. ქალი

ბავშვი, იხვი, თხა და ღორი ერთმანეთში ირეოდა. ერთი შეხედვით მყუდრო სოფელი

იყო, ოღონდ ბოროტმოქმედებით დასახლებული.



მალე მივხვდი, რატომ აინტერესებდა ჩემი სიქალწულე იმ ყაჩაღს. სოფლის თავკაცს

მძიმე სენი შეჰყროდა ნერვული ციებცხელება; ლოგინად ჩავარდნილს სხეული სულ

წითლად ჰქონდა დაფოთლილი; უშედეგოდ ჭყეპდნენ ათასნაირი წამლით. ჰოდა,



სწორედ იმ დღეებში ვიღაცას ეთქვა მისთვის, რომ თუ ქალწულთან დაწვებოდა, სენი

ქალწულს გადაეცემოდა, თვითონ კი მორჩებოდა და განიწმინდებოდა...



ბევრი რამ მომხდარა ჩემს ცხოვრებაში ისეთი, რისი გახსენებაც არ მინდა. იმ ტყეში

გატარებული დროც სწორედ ასეთი მოგონებაა. დღესაც, როგორც კი იქაურობას

ვიხსენებ, ფიჭვის ხეებზე ვფიქრობ. ამ ხეებქვეშ ჯდომა მერჩივნა სოფლის ქალებთან

ლაქლაქს, რომელთა უმრავლესობა ყაჩაღის ცოლი და ქალიშვილი იყო. ამ სოფელში

თავისი ნებით მისულ მეძავებსაც შეხვდებოდით. ვერა და ვერ გამეგო, რა აჩერებდათ იქ.

მე სულ გაქცევაზე მეჭირა თვალი...



ამ ტყეს ზოგჯერ მდიდრები და დიდებულები ჩამოუვლიდნენ ხოლმე ეტლებით.

ჩემთვის საიდუმლო იყო, რატომ არავინ ძარცვავდა ამ ხალხს. მერეღა გავიგე, თურმე

მათი მეეტლეები წინასწარ ქრთამავდნენ ყაჩაღებს, რათა ტყეში მშვიდობით გაევლოთ.

როცა ამ ყველაფერში გავერკვიე, მეც გადავწყვიტე მათთან მორიგება. ქალაქისაკენ

მიმავალი ერთი დიდი ეტლი გავაჩერე და მეეტლეს ვთხოვე, თან წავეყვანე. ბევრი ფული

მომთხოვა, თუმცა კარგად იცოდა, რომ არაფერი მებადა. რა ჩარა მქონდა, გადავუხადე

ისე, როგორც შემეძლო...



კონსტანტინოპოლში რომ დავსახლდი, კარგა ხნის შემდეგ მივხვდი, რატომ არ

ტოვებდნენ იმ ტყეს მეძავები – ქალაქი უფრო უარესი იყო. საშინელი და დაუნდობელი.

დეიდაჩემი აღარ მიძებნია. ვიცოდი, ლაფში ამოსვრილს პატიოსანი მოხუცი აღარ

გამიკარებდა, ამიტომ ჩემთვის ყოფნა ვარჩიე.



ქალაქმა სულ ცოტა ხანში გამტეხა სულიერად და ხორციელად. ბოროტების, სიმხეცის,

ძალადობისა და ავადმყოფობის ბუდეში ამოვყავი თავი. ზედიზედ რამდენჯერმე

მოვიშალე მუცელი და თავი ისე გავინადგურე, რომ დედათა წესი შემიწყდა. მას შემდეგ

აღარ ვორსულდებოდი.

ქალაქის ქუჩებში ისეთ რამეებს ვხედავდი, ამის გადმოცემა შეუძლებელია. ავიკარი

გუდანაბადი და ჯარისკაცებს, მოხეტიალე მსახიობებსა და ბოშებს ავეკიდე. მათთან

ერთად დავხეტიალებდი და ჟინს ვუკმაყოფილებდი.



მერე ერთმა კაცმა, მეტსახელად ტურისთავამ, მიპოვა და აქ, კონიის საროსკიპოში

მომიყვანა. საროსკიპოს პატრონს ჩემი ასავალ-დასავალი დიდად არ აინტერესებდა. ჯერ

კიდევ ლამაზი ვიყავი, ეს კი მისთვის მთავარი იყო. როცა გაიგო, რომ უშვილო ვიყავი და

ამ მხრივ სიძნელეებს არ შევუქმნიდი, მთლად ცას ეწია სიხარულით.

ჩემი სიბერწის გამო „უდაბნო“ შემარქვა. „ვარდი“ კი ისე, გასახალისებლად დაამატა. მეც

ეს მინდოდა, იმიტომ, რომ ძალიან მიყვარს ვარდები. რწმენაც ეგ არის ჩემთვის კაცთა

თვალს მოფარებული, იდუმალი ვარდნარი, მათრობელა სურნელით გაჟღენთილი, ჩემი

საყვარელი სასეირნო ადგილი, ჩემთვის ვინ იცის, რამდენი ხნით დახშული. მინდა, ისევ

დავუმეგობრდე ღმერთს. ვუვლი და ვუვლი ბაღს გარშემო, ვეძებ შესასვლელს. იმედი

მაქვს, ჭიშკარს ვუპოვი და შიგ შევაბიჯებ ოდესმე...



როცა მე და სეზამმა მეჩეთს მივაღწიეთ, თვალებს არ დავუჯერე. იქ ყველა ასაკისა და

ხელობის კაცი ირეოდა; ქალებისთვის საგანგებოდ განკუთვნილი უკანა ადგილებიც კი

დაეკავებინათ. გამობრუნება დავაპირე, მაგრამ უცებ ერთი მათხოვარი თავისი



ადგილიდან წამოდგა და ნელა დაიძრა გასასვლელისაკენ. ზეცას მადლობა შევწირე და

გათავისუფლებულ ადგილამდე გაჭირვებით მივფორთხდი. სეზამი გარეთ მიცდიდა.

აი, ასე ამოვყავი თავი მამაკაცებით სავსე მეჩეთში, დიდი რუმის ქადაგების მოსასმენად.

იმის გაფიქრებაც კი მზარავდა, რა მოხდებოდა, რომ მიმხვდარიყვნენ მათ რიგებში

გადაცმული ქალი იდგა, თანაც მეძავი! მაგრამ ცუდი ფიქრები მოვიშორე და მთელი

გულისყური ქადაგებას მივაპყარი.



– ღმერთმა ტანჯვა იმისთვის შექმნა, რომ სიხარული უფრო თვალსაჩინო გახდეს მის

გვერდით, – თქვა რუმიმ, – საერთოდ, ყველა მოვლენას მთელი სიცხადით მხოლოდ

თავისი საპირისპირო მოვლენის გვერდით ვხედავთ. და რადგან ღმერთს თავისი

საპირწონე არავინ და არაფერი ჰყავს, ის უხილავი რჩება.



მოქადაგეს ხმაში რიხი ემატებოდა. მისი ხმა მთის ნაკადულივით ძლიერდებოდა,

მწვერვალიდან ჩამომდნარ თოვლს რომ მიიმატებს და გზადაგზა აზვირთდება...

– შეხედეთ ქვევით მიწას და ზევით ცის კამარას. სწორედ ასე უპირისპირდება

ერთმანეთს ყოველივე ამქვეყნად: წყალდიდობა და გვალვა, ომი და მშვიდობა, რისხვა და

დათმენა, პატიოსნება და ვერაგობა. რაც უნდა მოხდეს, ნუ დაგავიწყდებათ, რომ

დამბადებელს ტყუილად არაფერი შეუქმნია.



ვუსმენდი და ვფიქრობდი, რომ რაც კი გადამხდენია, ყველაფერი გარკვეულ მიზანს

ემსახურებოდა: დედაჩემის ორსულობაცა და მის საშოში ატეხილი ომიც, ჩემი ძმის

უსაშველო მარტოობაც და მამაჩემისა და ჩემი დედინაცვლის მკვლელობაც, ტყეში

გატარებული საშინელი დღეებიც და კონსტანტინოპოლის ქუჩებში ნანახი სისასტიკეც.

ყოველივე ამან სათითაოდ რაღაც შემატა ჩემს თავგადასავალს. ყველა ამ ძნელბედობის

უკან აშკარად რაღაც დიდი და მნიშვნელოვანი იმალებოდა. ბოლომდე ვერ

გავრკვეულიყავი, რა იყო ეს, მაგრამ მთელი გულით ვგრძნობდი. როცა იმ დღეს, ხალხით

გადაჭედილ მეჩეთში რუმის ვუსმენდი, სიმშვიდის სანუკვარი გრძნობა ფაფუკი

ღრუბელივით შემომეხვია და გული ისე დამიამა, თითქოს საცხობში ვიჯექი და თბილ

ღუმელთან მოფუსფუსე დედას ვუყურებდი...



                                                               ჰასანი, მათხოვარი



1244 წლის 17ოქტომბერი, კონია



ბოღმა მახრჩობდა ნეკერჩხლის ძირში მოკუნტულს. რუმის ბრტყელ-ბრტყელი

სიტყვები მაბრაზებდა. ტანჯვაო, ესაო, ისაო... ყველაფერს მიედმოედებოდა, არადა,

ბევრი არაფერი ესმოდა იმისა, რაზეც ლაპარაკობდა.



მინარეთის გრძელი ჩრდილი ნელნელა მიუყვებოდა ვიწრო ქუჩას. ხან ვთვლემდი, ხან

გამვლელებს ვათვალიერებდი. ის იყო, უნდა ჩამძინებოდა, რომ უცებ დავრიშს მოვკარი

თვალი. ეს კაცი ადრე არასოდეს მენახა. შავ ჯვალოში გახვეულს ხელში დიდი კვერთხი

ეჭირა, სახეზე თმის ნასახი არ ჰქონდა, ცალ ყურში ვერცხლის საყურე უელავდა. ისეთი

ცნობისმოყვარობა აღმიძრა, რომ უნებურად თვალი ვერ მოვაშორე.

 



თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა, ამიტომ სულ ცოტა ხანში შემამჩნია, მაგრამ იმის

მაგივრად, რომ მზერა აერიდებინა (როგორც ამას ყველა აკეთებდა, ვინც პირველად

მნახავდა), გულზე ხელი მიიდო და ისე გულითადად მომესალმა, თითქოს დიდი ხნის

მეგობრები ვყოფილიყავით.



სახტად დავრჩი; უნებურად მიმოვიხედე, სხვა ვინმეს ხომ არ მიესალმა-მეთქი, მაგრამ

იქ მხოლოდ მე და ნეკერჩხალი ვიყავით. გაოგნებულმა და დაბნეულმა მაინც მივიდე

გულზე ხელი და სალამზე ვუპასუხე. დავრიში ნელა დაიძრა ჩემკენ. თვალები დავხარე,

მეგონა, ან ხურდას ჩამიგდებდა ჯამში, ან პურის ნაჭერს მომაჩეჩებდა, მაგრამ ჩემ წინ

მუხლი მოიყარა და სახეში მომაჩერდა.



– სალამ ალეიქუმ, უპოვარო! – მითხრა მან.

– ალეიქუმ სალამ, დავრიშო, – ვუპასუხე მაშინვე, მაგრამ საკუთარმა ხმამ ყური მომჭრა.

იმდენად დიდი ხანი იყო, ძეხორციელს არ გამოვლაპარაკებოდი, რომ დამვიწყებოდა

კიდეც, როგორ ჟღერდა ჩემი ხმა.



დავრიშმა შამს თებრიზად გამაცნო თავი და სახელი მკითხა.

– რად უნდა ჩემისთანა კაცს სახელი? – გამეცინა მე.



– უსახელო არავინ არის. ღმერთის სახელებს ხომ სათვალავი არ აქვს. თუმცა მათგან

მხოლოდ ოთხმოცდაცხრამეტია ჩვენთვის ცნობილი. თუკი ღმერთს ამდენი სახელი აქვს,

რა დააშავა ადამიანმა, მისმა ანარეკლმა?



ამაზე ვეღარაფერი ვუპასუხე და არც მიცდია. გული გადავუშალე, ვუთხარი, ერთ დროს

ცოლიც მყავდა და დედაც, ისინი ჰასანს მეძახდნენ-მეთქი.



– მაშ, ჰასანი გრქმევია, – თავი დააქნია დავრიშმა და უცებ, ჩემდა გასაოცრად,

ვერცხლის სარკე გამომიწოდა.



– შეინახე. ერთმა კეთილმა ბაღდადელმა კაცმა მისახსოვრა, მაგრამ ჩემზე მეტად შენ

გჭირდება. ის შეგახსენებს, რომ გულით ღმერთს დაატარებ.



სანამ პასუხს მოვიფიქრებდი, ჩოჩქოლი ატყდა. თავიდან ვიფიქრე, მეჩეთში ჯიბის

ქურდი დაუჭერიათ-მეთქი, მაგრამ როცა ყვირილმა იმატა, მივხვდი, რაღაც სხვა ამბავი

იყო. ასეთი აურზაური ქურდბაცაცის გამო არ ატყდებოდა. სულ მალე გაირკვა

ყველაფერი. მეჩეთში მამაკაცად გადაცმული ქალი, ცნობილი მეძავი აღმოეჩინათ და

იმიტომ ქოთქოთებდნენ.



– გაწკეპლეთ, გაწკეპლეთ, ეგ მატყუარა, ეგ კახპა! – ისმოდა ყვირილი.

გამძვინვარებული ბრბო ქუჩებს მოედო. თვალი მოვკარი მამაკაცად გადაცმულ

ახალგაზრდა ქალს. სახეზე მკვდრისფერი ედო, შვლის თვალებში შიში ჩასდგომოდა.

ჩაქოლვა ადრეც მინახავს და სულ მიკვირს, როგორ ერთბაშად გადასხვაფერდება ხოლმე

ადამიანი, როცა ბრბოს შეერევა. ჩვეულებრივი ადამიანები ხელოსნები, ვაჭრები და

მეწვრილმანეები – ძალადობა აზრად რომ არასოდეს მოსვლიათ, ერთად რომ შეიყრებიან,

ისე გამგელდებიან ხოლმე, თვალის დაუხამხამებლად მოგკლავენ. საერთოდ, სახალხო

გასამართლება ჩვენში ჩვეულებრივი ამბავია. გულს რომ იჯერებენ, სხვების

შესაშინებლად გამოფენენ ხოლმე გასამართლებულთა გვამებს.



– საბრალო ქალი, წაიბუტბუტა შამს თებრიზმა, მაგრამ პასუხის გაცემა ვეღარ

მოვასწარი. რომ მოვტრიალდი, გვერდით აღარავინ მედგა. თვალი მოვკარი ცაში

ავარდნილი, ალმოდებული ისრის სისწრაფით ბრბოსაკენ გაქანებულ დავრიშს.

წამოვხტი და ფეხდაფეხ დავედევნე.



შამსი ბრბოს დაეწია, კვერთხი დროშასავით აღმართა და მთელი ხმით იღრიალა:

– ხალხო, შეჩერდით, შეჩერდით, ნუ იზამთ ამას!..

ერთბაშად გაიტრუნა ყველა და დავრიშს დაძაბულად მიაცქერდნენ.

– გრცხვენოდეთ, საკუთარი თავის გრცხვენოდეთ! – კიდევ შეუძახა შამსმა და კვერთხი

მიწაზე დაჰკრა.



– ოცდაათი მამაკაცი ერთი ქალის წინააღმდეგ!.. განა ეს სამართალია?!

– ეგ სამართალს არ იმსახურებს! – შეეპასუხა ერთი ოთხკუთხასახიანი,

ცალთვალგაშეშებული ახმახი. ეტყობოდა, ამ სახელდახელოდ შეყრილი ხალხის

მეთაურობა ჰქონდა ნაკისრი. იმწუთას ვიცანი გუშაგი, სახელად ბაიბარსი; მას ქალაქის

ყველა მათხოვარი იცნობდა; ერთი ავი და წუწკი კაცი იყო.

– ეს ქალი კაცად გადაცმული შემოიპარა მეჩეთში, კეთილმორწმუნე მაჰმადიანთა

თვალის ასახვევად! – თქვა ბაიბარსმა.



– ესე იგი, ადამიანს მეჩეთში შესვლისათვის სჯით?! განა მეჩეთში შესვლა დანაშაულია?!

ჩაეძია შამსი გამქირდავი ღიმილით.

ბრბო გაისუსა. როგორც ჩანდა, ამაზე არავის უფიქრია.

– ეგ ხომ კახპაა! – გამოსძახა ვიღაც ბრაზისაგან აპილპილებულმა კაცმა. – რა ესაქმება

კახპას წმინდა მეჩეთში?!



ბრბოსაც ეს უნდოდა. იმ წუთში წამოიშალა და აყაყანდა:

– კახპა, კახპა! – ერთხმად გაიძახოდა ერთი ჯგუფი.

– დაიჭირეთ, კახპა! – უკნიდან ბანს აძლევდა მეორე.



ვიღაც ახალგაზრდა, თითქოს ბრძანებას ასრულებსო, სწრაფად დაწინაურდა, ქალს

ჩალმაში ჩაავლო ხელი და ღონივრად მოქაჩა. ჩალმა გაიშალა და გრძელი, მზესუმზირის

ყვავილივით ოქროსფერი თმა ტალღებად ჩამოეშალა მხრებზე. გავშრით მისი

ახალგაზრდობითა და სილამაზით მოხიბლულები. ყველას სუნთქვა შეგვეკრა. როგორც

ჩანს, შამსმაც იგრძნო ხალხის ეს გაორება და გამალებით მიაყარა საყვედურები:

– აბა, კარგად დაფიქრდით, ძმებო, გეზიზღებათ ეს ქალი, თუ მისი ალერსი გწყურიათ?..

მერე მეძავს ხელი მოჰკიდა და ბრბოს გამოარიდა. პატარა ბავშვი რომ დედის კაბას

ამოეფარება, ისე მიიმალა ქალი მის ზურგს უკან.



– დიდ შეცდომას უშვებ, იცოდე! – გადაეღობა შამსს ბრბოს წინამძღოლი. – შენ ამ

ქალაქში უცხო ხარ და ჩვენი ადათი არ იცი. ნუ ჩაერევი ამ საქმეში!

– საერთოდ, რა დავრიში შენა ხარ? – მხარი აუბა ვიღაცამ. – უკეთესი ვერაფერი

მოიფიქრე, გარდა იმისა, რომ კახპას გამოესარჩლო?

შამს თებრიზი ერთხანს დუმდა, თითქოს ამ შეკითხვებს უფიქრდებოდა. თავი, რაც

შეიძლება, მშვიდად ეჭირა. მერე თქვა:



– ერთი ეს მითხარით, როგორ შენიშნეთ ეს გოგო? გამოდის, რომ მეჩეთში ადამიანებს

მეტ ყურადღებას აქცევთ, ვიდრე ღმერთს! თქვენ რომ ისეთი კეთილმორწმუნეები იყოთ,

როგორადაც თავი მოგაქვთ, მას მაშინაც კი ვერ შეამჩნევდით, შიშველი რომ ყოფილიყო!

ახლა წადით, ქადაგებას დაუბრუნდით და საერთოდ, თქვენს საქმეებს მიხედეთ.

უხერხული დუმილი ჩამოწვა. ჩვენს ფეხებთან, ფილაქანზე, მოწყვეტილი ფოთლები

ეცემოდა. ირგვლივ სხვა ყველაფერი გაშეშებულიყო.



– წადით-მეთქი, ქადაგებას დაუბრუნდით! – გაიმეორა შამს თებრიზმა და ხალხს

ცხვირწინ კვერთხი ისე აუქნია, თითქოს აბეზარი ბუზები ყოფილიყვნენ.



წასვლას აშკარად არ აპირებდნენ, მაგრამ რამდენიმე ნაბიჯით უკან კი დაიხიეს. ცოტა

ხანს უხერხულად ტკეპნიდნენ ერთ ადგილს; არ იცოდნენ, რა ექნათ. ზოგიერთმა

მეჩეთისაკენ გაიხედა, თითქოს ფიქრობდა, დავბრუნდე თუ არაო. სწორედ ამ დროს

დავრიშის ზურგს ამოფარებულ მეძავს გული მიეცა, ადგილს მოსწყდა და

კურდღელივით მოქუსლა. როცა გარბოდა, გრძელ, გაშლილ თმას ქარი უფრიალებდა.

მხოლოდ ორმა ადამიანმა სცადა მისი გამოკიდება, მაგრამ შამს თებრიზმა გზა

გადაუღობა და კვერთხი ისეთი ძალით დაჰკრა მათ ფეხებთან ფილაქანს, რომ მაშინვე

წაიბორძიკეს და ზღართანი მოადინეს. კარგი სანახავი კი იყო... რამდენიმე გამვლელს

სიცილი აუტყდა. მეც ვერ შევიკავე თავი. დარცხვენილები და ცხვირჩამოშვებულები

წამოდგნენ ფეხზე, მაგრამ მეძავი უკვე შორს იყო.

დავრიშმა თავისი საქმე გააკეთა და გზა განაგრძო.



                                                                  სულეიმანი, ლოთი



1244 წლის 17 ოქტომბერი, კონია



ბრბოში რომ ჩოჩქოლი ატყდა, დუქანში არხეინად ვთვლემდი, მაგრამ ხმაურმა ფეხზე

წამომახტუნა. თვალები ვჭყიტე და წამოვიძახე:

– რა ამბავია? მონღოლები მოდიან?!



სიცილი გაისმა. მოვტრიალდი და დავინახე, დუქნის რამდენიმე სტუმარი

მაქილიკებდა. ბინძური ნაბიჭვრები...



– ნუ გეშინია, ბებერო ლოთო! – გამომძახა მედუქნე ქრისტოსმა. – შენ მონღოლებსაც არ

სჭირდები. რუმი მოდის თავის თაყვანისმცემლებთან ერთად.



ფანჯარასთან მივედი და გარეთ გავიხედე. ჰო, ეგენი იყვნენ. აღტაცებული

თაყვანისმცემლებისა და მოწაფეების მთელი ჯარი მოდიოდა. ყველა ერთხმად

გაჰყვიროდა: „დიდ არს უფალი! დიდ არს უფალი!“ ბრბოს შუაგულში რუმი

მოაგოგმანებდა თავის თეთრ რაშს, როგორც ყოველთვის თავდაჯერებულად და მხნედ.

ფანჯრიდან თავი გამოვყავი და ხალხს დავაკვრიდი. კუს ნაბიჯით მოუყვებოდნენ ქუჩას.

ზოგი მათგანი უკვე ისე ახლოს იყო, რომ შემეძლო, ხელითაც კი შევხებოდი. უცებ ერთი

კარგი რამ მოვიფიქრე: მოდი, ზოგიერთს ჩალმას მოვხდი-მეთქი. ქრისტოსის ზურგის

საფხან ჯოხს დავავლე ხელი, ცალი ხელით რაფას დავეყრდენი, მეორით ჯოხი



მოვიმარჯვე, გადავიწიე და იმდენი ვქენი, ერთი კაცის ჩალმას მართლაც მივწვდი. მერე

ეშხში შევედი, მეორესაც იგივე დავუპირე, მაგრამ უცებ თავი ასწია და შემომხედა.

– სალამ ალეიქუმ! – მივესალმე და გულიანად გავიკრიჭე.



– მაჰმადიანს დუქანში რა უნდა?! სირცხვილი შენი! არ იცი, რომ ღვინო შაითანის

ნახელავია?! – მომაძახა მან.



შეპასუხება დავაპირე, მაგრამ სანამ ხმას ამოვიღებდი, ცხვირწინ რაღაც წვეტიანმა

საგანმა ჩამიშხუილა. ჰოი, საშინელებავ! ქვა იყო... ბეწვზე გადავრჩი, ფანჯარას უცებ რომ

არ მოვცილებოდი, თავს გამიპობდა!



მე კი ამცდა, მაგრამ ღია ფანჯარაში შემოფრინდა და იქვე, ერთი სპარსი ვაჭრის

მაგიდაზე მოადინა ზღართანი. ვაჭარი კარგა შეზარხოშებული იყო და ვერაფერს მიხვდა;

ქვას დასწვდა და ისე დაუწყო თვალიერება, როგორც ციდან მოვლენილ იდუმალ

გზავნილს.

– სულეიმან, დახურე ფანჯარა და შენს მაგიდასთან დაბრუნდი! – იბღავლა ქრისტოსმა

შიშისაგან ჩახლეჩილი ხმით.



– დაინახე, რა მოხდა?! – ვკითხე და მაგიდისკენ წავლასლასდი. – ვიღაცამ ქვა მესროლა.

კინაღამ მომკლეს!

– აბა, რა გეგონა, ვაჟბატონო? საქვეყნოდ რომ გადმომდგარხარ ღვინით აქოთებული და

ცხვირაწითლებული, არ იცი, მაჰმადიანს დუქანში ქეიფს ყველა რომ არ უწონებს? –

შემიბღვირა ქრისტოსმა.



– ვვვითომ რას ვაშავებ? – ვთქვი ენის ბორძიკით. – განა მე ადამიანი არა ვარ?

ქრისტოსმა მხარზე ხელი მომითათუნა, თითქოს ამით მეუბნებოდა: „კარგი, ნუ

მებუტებიო.“



– აი, ზუსტად ამიტომ მეზიზღება ყველანაირი სარწმუნოება! ამ მორწმუნეებს ღმერთი

სულ თავის გვერდით ეგულებათ და ყველას ზემოდან გადმოჰყურებენ. – ვთქვი მე.

ქრისტოსმა არაფერი მიპასუხა. მორწმუნე კაცი იყო, მაგრამ თან გაქნილი მედუქნეც

გახლდათ; იცოდა, როგორ დაეშოშმინებინა გაცეცხლებული მუშტარი. კიდევ ერთი

დოქი დამიდგა და ცოტა ხანს მიყურა, როგორ ხარბად ვნთქავდი წითელ ღვინოს. გარეთ

ქარი ბორგავდა, ფანჯრებს აჯახუნებდა და ხმელ ფოთლებს აქეთ-იქით დააფრიალებდა.

ჩუმად ვიდექით და მისი ხმა ნანასავით ჩაგვესმოდა.



– არ მესმის, სააქაოს რატომ გვაქვს ღვინო აკრძალული, საიქიოს კი აღთქმული... –

ვთქვი მე, – თუ ღვინო ისეთი ცუდია, როგორც ამბობენ, სამოთხეში რაღა უნდა?

– უჰ, ამისმა შეკითხვებმა ხომ მომკლა!.. – შეიცხადა ქრისტოსმა და ხელები გაასავსავა. –

რა არ გასვენებს, რა?! ყველაფერზე შეკითხვა როგორ უნდა დასვა?

– მაშ, ტვინი რისთვისღა გვაქვს?



– სულეიმან, დიდი ხანია, გიცნობ. შემთხვევითი მუშტარი ხომ არა ხარ, მეგობარი ხარ

ჩემი და ძალიან მაწუხებს შენი ამბავი, – დაიწყო ქრისტოსმა.

– არხეინად იყავი, მე არაფერი მიშავს, – ვცადე მისი დაშოშმინება, მაგრამ ლაპარაკი არ

მაცალა:



– კარგი კაცი ხარ, მაგრამ ერთი უბედურება გჭირს – სამართებელივით ბასრი ენა გაქვს.

კონიაში ათასნაირი ხალხი ცხოვრობს და მაჰმადიანის ლოთობა ბევრს არ მოსდის

თვალში. ფრთხილად იყავი, ხალხში ცოტა მორიდება გამოიჩინე, ეგ შენი ხუშტურები

შენთვის შეინახე.

უდარდელად გავიკრიჭე.



– გინდა, ეს საუბარი ომარ ხაიამის სტრიქონებით დავაგვირგვინოთ?

ქრისტოსს გულზე შემოეყარა, მაგრამ სპარსმა ვაჭარმა ყურები ცქვიტა და იმ წუთში

მხიარულად ამყვა:



– მიდი, ერთი, წაგვიკითხე!

სხვა მოქეიფეებიც შემოგვიერთდნენ და ტაში დასცხეს. შეგულიანებული და

გათამამებული, მაგიდაზე ავხტი და დავცხე:

„ვაზი ხომ ღმერთმა გააჩინა, სალხენად ჩვენდა?

ღვინის დალევას რად ჩაგვითვლის დიდ ცოდვად, ნეტავ?“

– მაგას რა კითხვა უნდა! მაშ, რაღა აზრი ჰქონდა ვაზის გაჩენას! – წამოიძახა სპარსმა

ვაჭარმა.



„ყურძნისგან ღვინის დაყენებაც მან დააწესა,

ჭიქის წკარუნი სმენას უტკბობს, ალბათ, თვით ღმერთსაც.“

– ამდენი წლის ლოთობამ სხვა თუ არაფერი, ერთი რამ ნამდვილად მასწავლა:

მსმელიცაა და მსმელიც... ხალხი მინახავს, ყოველღამე კოკებით ისხამენ ღვინოს და

მხოლოდ ოდნავ თუ შექეიფიანდებიან ხოლმე. კარგად მოილხენენ, იმღერებენ და მერე

არხეინად იძინებენ. მაგრამ ისეთებიც შემხვედრია, რამდენიმე წვეთი ღვინისაგან

ურჩხულებად რომ ქცეულან. თუ ერთი და იგივე სასმელი ერთს მხოლოდ ამხიარულებს

და აზარხოშებს, მეორეს კი აბოროტებს და აგიჟებს, მსმელს უნდა მოჰკითხო, თუ

სასმელს?



„ღვინო დალიე, არვინ იცის, რა გზით მოხვედი.

იმხიარულე, არვინ იცის, ვინ საით მიდის...“

ისევ იქუხა ტაშმა. საერთო მხიარულებას ქრისტოსიც კი აჰყვა. კონიის ებრაულ უბანში,

ქრისტიანი კაცის დუქანში, ყველა აღმსარებლობის ღვინის მოტრფიალეებმა ავწიეთ

ჭიქები და გინდ დაიჯერეთ, გინდ არა ყველამ ერთად შევსვით სადღეგრძელო

უფლისა, რომელსაც ვუყვარვართ და ყველაფერს გვპატიობს, მიუხედავად იმისა, რომ

ჩვენ არც სიყვარული შეგვიძლია და არც პატიება.



                                                                             ელა



2008 წლის 31 მაისი, ნორთჰემპტონი



„ბევრი წვრილმანია გასათვალისწინებელი: დააკვირდით ქმრის პერანგზე პომადის

კვალს, დააკვირდით, მის ტანსაცმელს უცხო სუნამოს სუნი ხომ არ ასდის...“ – ამ და სხვა

რჩევებს იძლეოდა ვებგვერდი „სიფრთხილეს თავი არ სტკივა!“ ელა რუბინშტეინი

პირველად ავსებდა ინტერნეტში ტესტს, რომელიც ასე იყო დასათაურებული:

„როგორ გავიგოთ, გვღალატობს თუ არა ქმარი.“



ტესტის შეკითხვები საკმაოდ ბანალური იყო, მაგრამ ელასთვის რომ გეკითხათ, იმავე

ეპითეტით შეიძლებოდა ცხოვრების მოხსენიებაც. მიუხედავად იმისა, რომ ტესტმა

სახარბიელო ვერაფერი უთხრა, ელას ქმართან დაპირისპირება არ სურდა.



კვლავინდებურად არაფერს ეკითხებოდა, როცა ქმარი ღამით სახლში არ მოდიოდა. ასეთ

დროს აზიზის რომანს კითხულობდა და თავისი დუმილის გამართლებას ამ

საქმიანობით ცდილობდა. ისე იყო თავგზააბნეული, რომ წიგნის ბოლომდე ჩასაკითხად

ჩვეულებრივზე მეტი დრო დასჭირდა. მაინც სიამოვნებას იღებდა ამ ისტორიით და

შამსის ყოველი ახალი წესის წაკითხვისას თავის ცხოვრებას უფიქრდებოდა

როცა ბავშვები შინ იყვნენ, ყველაფერი ჩვეულებრივად იყო, მაგრამ როცა ცოლქმარი

მარტო რჩებოდა, ელა ამჩნევდა, რომ დევიდი ცნობისმოყვარედ აკვირდებოდა. თითქოს

უკვირდა, ეს რა ცოლია, ქმარს არ ეკითხება, ღამე სად გაატარეო. სინამდვილეში ელას,

უბრალოდ, არ სურდა ისეთი რამის გაგება, რის მშვიდად მონელებას, სავარაუდოდ, ვერ

შეძლებდა. რაც ნაკლები ეცოდინებოდა ქმრის საქციელზე, ნაკლებად შეწუხდებოდა. იგი

ეთანხმებოდა აზრს, რომ: „არცოდნა ნეტარებაა.“



ეს „ნეტარება“ ერთადერთხელ დაირღვა: ბოლო შობას, როცა საფოსტო ყუთში დევიდის

სახელზე გამოგზავნილი ერთ-ერთი სასტუმროს სარეკლამო კითხვარი აღმოაჩინა.

სასტუმროს ადმინისტრაციას აინტერესებდა, კმაყოფილი იყო თუ არა კლიენტი მათი

მომსახურებით. ელამ კონვერტი გამოსაჩენ ადგილას დადო და ქმრის რეაქციას

დაელოდა.



– სასტუმროდან ანკეტა მოსულა, კლიენტურის გამოკითხვაა! მაგრამ მე რაში მჭირდება?

– თქვა დევიდმა და ცოლს ნაძალადევად, ცალყბად გაუღიმა. – მანდ შარშან

სტომატოლოგების კონფერენცია იყო და როგორც ჩანს, ყველა მონაწილე კლიენტების

სიაში ჩაურთავთ...



ელამ დაუჯერა. ყოველ შემთხვევაში მისი არსების იმ ნაწილმა, რომელსაც სურდა, რომ

მათ ცოლ-ქმრულ ნავს დაუბრკოლებლად ეცურა. მისი არსების მეორე ნაწილი კი

კვლავინდებურად ეჭვის ტყვეობაში იყო... სწორედ ამ მეორე ნაწილმა ააკრეფინა იმ

სასტუმროს ტელეფონის ნომერი, იმისათვის, რომ მისი პერსონალისგან მოესმინა, რაც

ისედაც იცოდა: „ამ სასტუმროში არასოდეს (არც წელს და არც შარშან) გამართულა

სტომატოლოგთა კონფერენცია!“



გულის სიღრმეში ელა თავის თავს ადანაშაულებდა: ბოლო ექვს წელიწადში ასაკი

მოერია, წონაში მოიმატა, ზედმეტი კილოგრამები კი თანდათან ვნებისაგან ცლიდა;

სხვათა შორის, წონასთან ბრძოლას მზარეულობის გაკვეთილებიც აფერხებდა. არადა,



მის ჯგუფში იყვნენ ქალები, რომლებიც უფრო ხშირად და გაცილებით უკეთესად

მზარეულობდნენ, მაგრამ ელაზე ბევრად ნაკლებს იწონიდნენ.

განვლილ ცხოვრებას რომ იხსენებდა, ხედავდა, მეამბოხე სულით ვერასოდეს

დაიკვეხნიდა. არასოდეს გათიშულა ბიჭებთან ერთად მალულად მოწეული

მარიხუანისგან, არასოდეს დაულევია ჩასახვის საწინააღმდეგო აბები, არასოდეს

უჭირვეულია, არასოდეს მოუტყუებია დედა, არასოდეს გაპარულა გაკვეთილიდან,

არასოდეს ჰქონია სექსი მოზარდობის ასაკში... მისი ასაკის გოგოები ან აბორტებს

იკეთებდნენ, ან უკანონოდ გაჩენილ ბავშვებს აშვილებდნენ, ის კი ისე ადევნებდა თვალს

ამ ყველაფერს, თითქოს ტელევიზორში ეთიოპიელი ხალხის შიმშილობის შესახებ

გადაცემას უყურებდა. მართალია, მსოფლიოში დატრიალებული ტრაგედიები

ყოველთვის გულთან ახლოს მიჰქონდა, მაგრამ თვითონ, როგორღაც, განზე იდგა და

ბოლომდე ვერ ითავისებდა, რომ იმ უბედურ ადამიანებთან ერთად ერთ პლანეტაზე

ცხოვრობდა...



წვეულებებზეც არასოდეს დადიოდა, მოზარდობის ასაკშიც კი. ვიღაც უცნობებთან

გიჟურ დროსტარებას ერჩივნა, პარასკევ საღამოს კარგი წიგნი წაეკითხა.

– რატომ ელას არ ჰგავხარ?! რატომ ის არ ეხვევა ცუდ საქმეებში?! უწყრებოდნენ

დედები თავიანთ ქალიშვილებს.



უფროსების დიდი მოწონებით კი სარგებლობდა, მაგრამ სამაგიეროდ, ტოლებს

ჰყავდათ ათვალწუნებული. მათთვის ერთი უგერგილო და მოსაწყენი დედიკოს გოგო

იყო, რომელსაც იუმორის გრძნობა არ გააჩნდა. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ სკოლაში

სწავლის დროს პოპულარული არ იყო.

ერთხელ კლასელმა უთხრა:



– შენი უბედურება, იცი, რა არის? ამ დედამ... ცხოვრებას ძალიან სერიოზულად

უყურებ.

ელამ ყურადღებით მოუსმინა და უთხრა, ვიფიქრებ ამაზეო.



წლები ისე გავიდა, ვარცხნილობაც არ შეუცვლია. გრძელ, სწორ, ქერა თმას ხან კეფაზე

დაიმაგრებდა, ხან დაიწნავდა. მაკიაჟსაც ცოტას ხმარობდა, მოწითალო-მოყავისფრო

პომადით კმაყოფილდებოდა. თვალების კონტურისთვის მწვანე ფანქარს იყენებდა, რაც

მისი ქალიშვილის აზრით, ხაზს კი არ უსვამდა, პირიქით, ჩრდილავდა მის ისედაც ბაც

ცისფერ თვალებს. ამასაც ვერ ახერხებდა ხეირიანად. ვერასოდეს ავლებდა ორ ერთნაირ

ხაზს, ამიტომ ცალი თვალი ყოველთვის უფრო სქლად ჰქონდა შეღებილი, ვიდრე მეორე.

ელას კარგად ესმოდა, რომ რაღაც ხდებოდა მის თავს ან ზედმეტად ერეოდა

ყველაფერში (თუ გავიხსენებთ ჯენეტის შემთხვევას), ან ზედმეტად პასიური და

მორჩილი იყო (თუ გავითვალისწინებთ ქმრის რომანებს). ერთი სიტყვით, მასში ორი ელა

ცხოვრობდა: ერთი მკაცრი და კონტროლის მოყვარული, მეორე კი უსაშველოდ სუსტი

და უმწეო.



თვითონაც არასოდეს იცოდა წინასწარ, რომელი ელა წამოყოფდა თავს და როდის.

სხვათა შორის, იყო მესამე ელაც ჩუმი დამკვირვებელი, რომელიც ელოდა, როდის

მოვიდოდა მისი დრო. სწორედ ეს მესამე ელა ჩასჩურჩულებდა: „კი ხარ გატრუნული,



მაგრამ კარგა გვარიანად გაქვს მოზღვავებული ბრაზი და ამბოხების სურვილი,

რომელსაც გულმოდგინედ იხშობ; მაგრამ იცოდე, ეს დიდხანს ვერ გაგრძელდება,

ერთხელაც იქნება, აფეთქდები.“



...და, აი, მაისის იმ ბოლო დღეს, კარგა ხნის ფიქრის შემდეგ, ელამ გააკეთა ის, რაც

დიდი ხანი იყო, არ გაეკეთებინა. ლოცვა დაიწყო. ღმერთს ორი რამ სთხოვა: ან ისეთი

სიყვარული მიეცა, რომელიც ერთიანად დანთქავდა მთელ მის არსებას, ან ისეთი

გამძლეობა და გულგრილობა მიემადლებინა, რომელიც უსიყვარულობას

გადაატანინებდა.



„არჩევანი შენზეა, უფალო... დასძინა ბოლოს. ოღონდ, იჩქარე, ნუ დაგავიწყდება, რომ

უკვე ორმოცის ვარ, თანაც წლებს მაინცდამაინც ვაჟკაცურად ვერ ვუმკლავდები.“

 



                                               უდაბნოს ვარდი, მეძავი



1244 წლის 17 ოქტომბერი, კონია



ბევრი ვირბინე ვიწრო ქუჩაბანდებში. უკან მოხედვის მეშინოდა. ფილტვები მეწვოდა,

სული ყელში მებჯინებოდა. ბოლოს ხალხით სავსე ბაზარს მივადექი, გალავანს

ამოვეფარე და იქვე, მუხლმოკვეთილი მივესვენე. მერეღა მოვიკრიბე მხნეობა და უკან

მოვიხედე. რომ იცოდეთ, რა შვება ვიგრძენი, როცა დავინახე, რომ ერთადერთი ადამიანი

მომდევდა – სეზამი.



აქოშინებული დამადგა თავზე, ხელები თოჯინას ხელებივით უსულოდ

ჩამოჰკიდებოდა. გაწიწმატებული, თვალებგადმოკარკლული მიყურებდა, ეტყობოდა,

ვერაფრით გაეგო, რა დამარბენინებდა შეშლილივით კონიის ქუჩებში. ეს ამბავი ისე უცებ

დატრიალდა, რომ მომხდარის გააზრება მერეღა მოვახერხე, როცა ბაზარში აღმოვჩნდი.

ქადაგებით გატაცებულსა და რუმის სიბრძნით მთვრალს მეჩეთში ჯდომა მხოლოდ

ერთი წუთით დამცალდა. ისე ამიტაცა იმ ყველაფერმა, რომ ვერც კი შევამჩნიე, როგორ

დააბიჯა ფეხი ვიღაც ახალგაზრდა კაცმა ჩემი თავსაბურავის ბოლოს. გონს მოსვლა ვერ

მოვასწარი, ისე გაიშალა ქსოვილი, რომლითაც სახე მქონდა დაფარული. ერთბაშად

ჩალმაც ჩამომიცურდა თავიდან, სახეც გამომიჩნდა და თმის ნაწილიც. თავსაბურავი

საჩქაროდ გავისწორე და კვლავ ქადაგებას მივუგდე ყური. დარწმუნებული ვიყავი, რომ

არავის არაფერი შეუმჩნევია, მაგრამ როცა ამოვიხედე, წინა რიგში მდგომი ახალგაზრდა

კაცი შევნიშნე. თვალებით მჭამდა. ოთხკუთხა სახე ჰქონდა, გაშეშებული თვალი,

წვეტიანი ცხვირი და დამცინავად დაღრეჯილი პირი. მაშინვე ვიცანი; ბაიბარსი

ბრძანდებოდა.



ეს კაცი ადრე ჩვენთან დაიარებოდა და უნდა გითხრათ, რომ საშინელი მუშტარი იყო.

ჩვენს გოგოებს ასეთებთან საქმის დაჭერა ჭირივით სძულდათ. ზოგიერთ მამაკაცს ასე

სჩვევია: თან უნდა მეძავთან დაწოლა, თან მისი შეურაცხყოფით ვერ ძღება. ეგეც მაგ

ჯილაგისა იყო. უტიფარი ლაზღანდარობა უყვარდა, საზიზღარი ხასიათი ჰქონდა.



ერთხელ ერთი გოგო ისე სცემა, რომ ჩვენმა პატრონმაც კი, ფული რომ ყველაფერს

ერჩივნა, დაუცაცხანა, ახლავე დატოვე აქაურობა და აქ მეორედ აღარ გნახოო. ბაიბარსი



კარგა ხანს არ გვეშვებოდა, მაგრამ მერე რატომღაც ფეხი ამოიკვეთა და იმ დღიდან მის

შესახებ არაფერი გვსმენოდა. ახლა კი აგერ, პირველ რიგში გამოჭიმულიყო. გრძელი

წვერი მოეშვა ღვთისმოშიში კაცივით, მაგრამ თვალები ისევ ისე ბოროტად უელავდა.



მზერა მოვარიდე, მაგრამ გვიანღა იყო. მიცნო და გვერდით მდგომ კაცს რაღაც

წასჩურჩულა. ახლა ორივენი მოტრიალდნენ და თვალი დამადგეს. შემდეგ კიდევ

ვიღაცას მიუთითეს ჩემზე და იქ მდგომი ყველა მამაკაცი რიგრიგობით გამოახედეს

ჩემკენ. სახეზე ალმური მომედო, გული ამიფართხალდა, მაგრამ ადგილიდან ფეხი ვერ

მოვიცვალე. ვიდექი და ბავშვივით მჯეროდა, რომ თუ თვალებს დავხუჭავდი, სიბნელე

ერთიანად ჩაგვყლაპავდა ყველას და საფრთხე ამცდებოდა. როცა თვალის გახელა

გავბედე, დავინახე, რომ უკვე ჩემკენ მოიწევდა. გასასვლელისკენ გავიწიე, მაგრამ ჩემ

ირგვლივ ზღვა ხალხი ირეოდა და ისიც თვალის დახამხამებაში წამომეწია. უკვე ისე

ახლოს იყო, რომ მისი სუნთქვაც კი მესმოდა.



ხელი დამავლო და კბილებში გამოცრა:

– შენ აქ რა გინდა, შე კახპა? არა გრცხვენია?!

– გეხვეწები, ხელი გამიშვი! – ვბუტბუტებდი საცოდავად, მაგრამ მგონი, არც კი ესმოდა

ჩემი. ამასობაში ამფსონებიც წამოეშველნენ. თანდათან მიახლოვდებოდნენ შემზარავი,

გაბღენძილი, დაბოღმილი ჯეელები და გზადაგზა უშვერი სიტყვებით მამკობდნენ.



ყველამ უკან გამოიხედა, რომ გაეგოთ, რა ხდებოდა. ზოგიერთი აღშფოთების ნიშნად

ენას აწკლაპუნებდა, მაგრამ ჩარევით არავინ ჩარეულა. ერთბაშად მომერღვა მთელი

სხეული. ცომს დავემსგავსე, ბრბოს მივნებდი და თავი გასასვლელისაკენ წავათრევინე.

ქუჩაში რომ გამოვედი, იმედი მომეცა, რომ სეზამი წამომეშველებოდა. თუ

მაინცდამაინც ქვეყანა დაიქცა, გავიქცევი და ეგ იქნება-მეთქი, ვფიქრობდი, მაგრამ

როგორც კი ქუჩაში აღმოვჩნდით, ყველა ერთბაშად გადიდგულდა. მივხვდი, მეჩეთში

მხოლოდ მოქადაგისა და საზოგადოების რიდით იკავებდნენ თავს აყალმაყალისა და

გაწევ-გამოწევისაგან. აქ კი, გარეთ, მათი გამჩერებელი უკვე აღარავინ იყო.



ცხოვრებაში უარესებიც გადამხდენია, მაგრამ ასე არასოდეს დავზაფრულვარ. ამდენი

წლის ყოყმანის შემდეგ ღმერთისაკენ ნაბიჯი გადავდგი და რით მიპასუხა – თავისი

სახლიდან კინწისკვრით გამომაგდო!



– არ უნდა წამოვსულიყავით, – ვუთხარი სეზამს და ხმა თხელი ყინულივით გამებზარა,

– ამ ხალხს ვერ გაამტყუნებ. მეძავის ადგილი ღმერთის სახლში არ არის მეჩეთი იქნება

ის, თუ ეკლესია...

– მაგას ნუ იტყვი! – გავიგონე უცებ ვიღაცის ხმა. მივტრიალდი და თვალებს არ

დავუჯრე. ისევ ის მოხეტიალე, უწვერული დავრიში იყო. მისი დანახვისას სეზამი

სიხარულით ცას ეწია და პირი ლამის ყურებამდე აეხა. მეც მივვარდი, მინდოდა,

მისთვის ხელები დამეკოცნა, მაგრამ ნება არ მომცა:



– არა, მაგას ნუ იზამ!

– მაშ, როგორ გადაგიხადო მადლობა? შენ ისეთი სამსახური გამიწიე!.. – ვუთხარი

მუდარანარევი ხმით.

მხრები აიჩეჩა და მითხრა:



– შენ არაფერი გმართებს ჩემი.ყველანი მხოლოდ მისგან ვართ დავალებული.

დავრიშმა თავი შამს თებრიზად გამაცნო, მერე კი უცებ ისეთი უცნაური რამ მითხრა,

ადრე რომ არასოდეს გამეგო:



– ზოგიერთ ადამიანს კაშკაშა აურა აქვს, მაგრამ დროთა განმავლობაში

უფერმკრთალდება. ეტყობა, მსგავსი რამ შენც გჭირს. ერთ დროს შენი აურა შროშანზე

უსპეტაკესი იყო, ყვითლად და ვარდისფრად დაწინწკლული, მაგრამ დროთა

განმავლობაში გაუფერულდა და ახლა ღია ყავისფერია. არ გენატრება შენი ნამდვილი

ფერები? არ გინდა, შენს ნამდვილ არსს კვლავ შეერწყა?

საგონებელში ჩამაგდო მისმა სიტყვებმა. ის კი განაგრძობდა:

– შენს აურას სიკაშკაშე მოაკლდა, რადგან თავი თვითონვე დაირწმუნე, რომ ერთიანად

გასვრილი ხარ.



– გასვრილი ვარ, აბა, ვინ ვარ? – ვთქვი მე და ტუჩი მოვიკვნიტე. განა არ იცი, რითი

ვჭამ პურს?

– ნება მიბოძე, ამბავს მოგიყვე, – მითხრა მან.

და აი, რა მიამბო:



ერთი მეძავი ქუჩაში მაწანწალა ძაღლს გადაეყარა. თაკარა მზით დასიცხულ, უმწეო

ცხოველს წყურვილი კლავდა და საშინლად ქელავდა. მეძავმა ფეხსაცმელი გაიძრო, იქვე,

ჭიდან წყალი ამოიღო, ძაღლს წყურვილი მოუკლა და გზა განაგრძო. მეორე დღეს ამ

მეძავს ერთი სუფი შეხვდა, დიდი ბრძენკაცი. დაინახა თუ არა მეძავი, მიეჭრა და ხელები

დაუკოცნა. მეძავი შეკრთა. სუფიმ კი უთხრა:



– შენ გუშინ ცხოველის მადლი მოისხი. თანაც ისე გულწრფელად გააკეთე ეს, რომ იმ

წუთიდან ყველა ცოდვა მოგეტევა.

მესმოდა, რისი თქმაც უნდოდა შამსს, მაგრამ საკუთარ თავს მაინც ვუძალიანდებოდი.

ამიტომ ვუთხარი:



– გარწმუნებ, მთელი კონიის ძაღლები რომ დავაპურო, ჩემს ცოდვებს მაინც ვერ

გამოვისყიდი.

– ეგ შენ არ იცი. მხოლოდ ღმერთმა იცის. ეგეც რომ არ იყოს, რატომ გგონია, რომ ის

კაცები, შენ რომ მეჩეთიდან გამოგაგდეს, ღმერთთან უფრო ახლოს არიან?

– იქნებ არც არიან, მაგრამ აბა, ვინ უნდა უთხრას მათ ეს? შენ ხომ არ ეტყვი? ჩავეკითხე

მე.



დავრიშმა თავი გაიქნია.

– არა, ასე არ ხდება ხოლმე. მათ ეს შენ უნდა უთხრა.

– როგორ ფიქრობ, მომისმენენ? მე ხომ მათ ვძულვარ!..

– მოგისმენენ, – მითხრა დაბეჯითებით, – იმიტომ, რომ არ არსებობს ცნებები – ისინი ან

მე. ერთხელ და სამუდამოდ უნდა გაიგო: ამ სამყაროში ყველა და ყველაფერი

გადაჯაჭვულია. ჩვენ არა ვართ ათასობით სხვადასხვა არსება, ჩვენ ყველა ერთი ვართ.

მთლად არ მესმოდა, მინდოდა, უკეთ აეხსნა, ის კი განაგრძობდა:

– აჰა, ისმინე ერთერთი ორმოც წესთაგანი: „თუ გსურს, შეცვალო სხვების

დამოკიდებულება შენდამი, პირველ რიგში შეცვალე შენი დამოკიდებულება საკუთარი



თავისადმი. სანამ საკუთარი თავის გულწრფელ სიყვარულს არ ისწავლი, ვერავინ

შეგიყვარებს. მაგრამ თუ ერთხელ მიაღწიე ამ საფეხურს, იყავი მადლიერი ყოველი

ეკლისათვის, რომელსაც მოიხვედრებ და კეთილი საზღაური არ აგცდება: საბოლოოდ

ვარდების ზღვაში იბანავებ.“



შამსი ცოტა ხნით გაჩერდა, შემდეგ კი დაამატა:

– როგორ უნდა გცენ სხვებმა პატივი, როცა შენი თავი არ მიგაჩნია პატივისცემის

ღირსად?



ხმაამოუღებლად ვიდექი. ვგრძნობდი, რომ ბოლოს და ბოლოს, მოვიხელთე ის რაღაც,

რაც აქამდე ხელიდან მისხლტებოდა. მომაგონდა ყველა ის მამაკაცი, რომელთანაც

ვწოლილვარ, მომაგონდა მათი სუნი, მათი ტლანქი, დაკოჟრილი ხელები, მათი ყვირილი

ტკბობის ბოლო წუთებში... ჩემ თვალწინ წესიერი ბიჭები ურჩხულებად ქცეულან და

პირიქით – ურჩხულები წესიერ ბიჭებად.



ჩემს ერთ მუშტარს ჩვევად ჰქონდა ტკბობის დროს მეძავებს აფურთხებდა.

– შე ბილწო კახპა! – მეტყოდა ხოლმე და პირში ჩამაფურთხებდა.

ეს დავრიში კი მეუბნებოდა, წყაროს წყალივით სუფთა ხარო... სასაცილოდ მეჩვენებოდა

მისი სიტყვები, მაგრამ როცა გაცინება ვცადე, სიცილის ნაცვლად მოგუდული ქვითინი

აღმომხდა.



– წარსული ერთი დიდი მორევია. თუ მას შენს აწმყოზე გააბატონებ, ჩაგითრევს, – თქვა

შამსმა, თითქოს ჩემს აზრებს კითხულობდა, – დრო ცრუ, წარმოსახვითი ცნებაა.

მხოლოდ ამ წუთით უნდა იცხოვრო. ის არის ყველაზე მნიშვნელოვანი.

აქ მან ჯიბიდან აბრეშუმის ცხვირსახოცი ამოაძვრინა.

– აჰა, გქონდეს. ერთმა კეთილმა ბაღდადელმა კაცმა მისახსოვრა, მაგრამ შენ უფრო

მეტად გჭირდება. ის შეგახსენებს, რომ შენი გული სუფთაა და რომ ღმერთს დაატარებ.

თქვა ეს, თავის კვერთხს ხელი წამოავლო, ადგა და წასასვლელად მოემზადა.

– წამოდი მაგ საროსკიპოდან... – მითხრა ბოლოს.

– კი მაგრამ, სად წავიდე? მე ხომ არსად მიმესვლება!



– ეგ არ არის ძნელი, – თქვა შამსმა და თვალები აუციმციმდა, ნუ გაფიქრებს ის, საით

წაგიყვანს გზა. ჯობს, მთელი ყურადღება პირველ ნაბიჯს მიაპყრო. ეს არის ყველაზე

რთული და შენც პასუხს სწორედ ამაზე აგებ. თუ ამ ნაბიჯს ერთხელ გადადგამ,

ბუნებრივად მოსახდენს მოხდენა აცალე, დანარჩენი კი მას თავისთავად მოჰყვება. ნუ

მიჰყვები დინებას. თავად იყავი დინება.



თავი დავუქნიე. შეკითხვებით აღარ შემიწუხებია, ისედაც მივხვდი: თავისი ერთ-ერთი

წესი გამაცნო.



                                                               სულეიმანი, ლოთი



1244 წლის 17 ოქტომბერი, კონია



ბოლო ჭიქაც გადავკარი და დუქნიდან გავედი.

– გახსოვდეს ჩემი დარიგება. ენას კბილი დააჭირე, – გამაფრთხილა ქრისტოსმა და

ხელი დამიქნია. მეც თავი დავუქნიე. მიხაროდა, ვიღაც რომ ზრუნავდა ჩემზე. მაგრამ

როგორც კი ბნელ, უკაცრიელ ქუჩაში აღმოვჩნდი, ერთბაშად მოვეშვი. ასე

დაჩაჩანაკებულად თავი არასოდეს მიგრძნია. ნეტავ ბოთლი წამომეღო თან, ყელს მაინც

გავისველებდი-მეთქი, ვინანე.



მივლასლასებდი ოღროჩოღრო ფილაქანზე და უცებ გამახსენდა რუმის ამალის წევრი,

დღეს რომ კინაღამ შუბლი გამიპო. გული მეტკინა, მისი სიძულვილით სავსე,

გაცეცხლებული თვალები რომ გამახსენდა. არაფერი მეზიზღებოდა ამქვეყნად ისე,

როგორც ფარისევლობა. ამ ვითომ წესიერი ხალხის საყვედურებით ისე ვიყავი

გაბეზრებული, მათ გახსენებაზეც კი ტანზე ბუსუსებს მაყრიდა.



ამ ფიქრით გულამღვრეულმა რომელიღაც ვიწრო ქუჩაბანდში გადავუხვიე. სიბნელე აქ

იყო თუ იყო. ირგვლივ ვეებერთელა ხეები იდგა და თვალთან თითს ვერ მიიტანდი. ჩემს

ჯიბრზე მთვარეც სადღაც მიიმალა და უცებ კუნაპეტ სიბნელეში ამოვყავი თავი. ამიტომ

ვერ შევნიშნე დროზე ორი გუშაგი, რომლებიც მიახლოვდებოდნენ.



– სალამ ალეიქუმ! – შევძახე ყოჩაღად, ჩემი შიში რომ არ შეემჩნიათ. გუშაგებმა ჩემს

სალამს წაუყრუეს და მკითხეს, ამ შუაღამისას აქ რას აკეთებო.



– ვსეირნობ. – ვუპასუხე მე.

ერთხანს გაშეშებულები ვიდექით ერთმანეთის პირისპირ, სრულ სიჩუმეში. ძაღლების

ყმუილიღა ჩაგვესმოდა შორიდან. ერთმა გუშაგმა ჩემკენ ნაბიჯი გადმოდგა, ჰაერი

დაყნოსა და როყიოდ თქვა:

– ყარს აქაურობა!

– ჰო, ღვინის სუნია, – კვერი დაუკრა მეორემ.

ვითარების შერბილება ვცადე:



– ნუ ღელავთ, ბატონებო, ეს მხოლოდ მეტაფორული სუნია. ჩვენ, მაჰმადიანებს, ხომ

მხოლოდ მეტაფორული ღვინის დალევის უფლება გვაქვს. ჰოდა, სუნიც მეტაფორულია.

– რაო, რას როშავ?! – შემიღრინა ერთერთმა გუშაგმა.



სწორედ ამ დროს მთვარემაც გამოიჭყიტა ღრუბლიდან და დაგვხედა. მის ნაზ შუქზე

კარგად ვხედავდი გუშაგის სახეს. ოთხკუთხა, ნიკაპგამოშვერილი სახე ჰქონდა,

ყინულივით ცივი, ცისფერი თვალები და წვეტიანი ცხვირი. ზარმაცი თვალი და უხიაგი

გამომეტყველება რომ არა, ალბათ, კარგი გარეგნობის მამაკაცი იქნებოდა.



– რას დაძუნძულებ ამ შუაღამისას? – მკითხა კიდევ ერთხელ. – საიდან მოდიხარ და

საით მიდიხარ?

– ძალიან ღრმა საკითხებია, შვილო ჩემო. ეგ რომ ვიცოდე, ამსოფლად ჩვენი მოსვლის

მიზანს ჩავწვდებოდი, – ვეღარ მოვითმინე მე.

– დამცინი, შე მყრალო? – დამჭყივლა გუშაგმა და სანამ გონს მოვიდოდი, ჰაერში

მათრახმა გაიწუილა.



ისე იბრიქებოდა, სიცილი ვერ შევიკავე. მაშინ არც აცია, არც აცხელა, მათრახი მეორედ

მოიქნია და ამჯერად პირდაპირ მკერდზე გადამიჭირა. ეს ისე სწრაფად მოხდა, რომ

წონასწორობა დავკარგე და დავეცი.



– იქნებ ამან გასწავლოს ზრდილობა, – მითხრა გუშაგმა და მათრახი ერთი ხელიდან

მეორეში გადაიტანა, – არ იცი, რომ სმა უდიდესი ცოდვაა?!

საკუთარი სისხლის სითბოს ვგრძნობდი, ტკივილისაგან რეტი მესხმოდა, მაგრამ მაინც

ვერ ვიჯერებდი, რომ შვილისტოლა კაცი შუა ქუჩაში მათრახს მიტლაშუნებდა.

– დამსაჯე, დამსაჯე! თუ სამოთხე მხოლოდ შენისთანებისთვის არის, მაშინ მირჩევნია,

ჯოჯოხეთში დავიწვა! – ვუპასუხე მე.



გაცოფებულმა გუშაგმა მთელი ძალით დამიშვა მათრახი. სახეზე ხელები ავიფარე,

მაგრამ ამან არ მიშველა. უცებ ერთი მხიარული, ძველი სიმღერა გამახსენდა და

გასისხლიანებულ ტუჩებზე უნებურად მომადგა მისი სიტყვები. მტკიცედ მქონდა

გადაწყვეტილი, იხტიბარი არ გამეტეხა და მათრახის ყოველ მოქნევაზე სულ უფრო

ხმამაღლა მემღერა:



„კიდევ მაკოცე, გევედრები, ჩემო ლამაზო,

ნაზი ამბორით ამ გულს დარდი შემოაცალე.

შენს წითელ ბაგეს დაჰკრავს სიტკბო ალუბლის ღვინის,

მაშ, ჩამომისხი, კიდევ ერთი თასი დავცალო!“



ჩემი ქილიკით მთლად გავაცოფე გუშაგი. რაც უფრო ხმამაღლა ვმღეროდი, მით უფრო

გამეტებით მირტყამდა. საოცარი იყო, ამ ერთ კაცში ამდენ ბოღმას როგორ მოეყარა თავი.

– გეყოფა, ბაიბარს! – დაფეთდა მისი ამფსონი. – გეყოფა!



მათრახის შხუილი ისევე უეცრად შეწყდა, როგორც დაიწყო. მინდოდა, ბოლო სიტყვა

მეთქვა, ერთიც შემომექნია მათთვის ჩემი ბასრი ენა, მაგრამ, პირში დაგუბებულმა

სისხლმა ხმა ჩამიხშო, გულმუცელი ამომიტრიალდა და პირღებინება დამეწყო.

– არა მგონია, დღეიდან კაცად ივარგო და ახიც არის შენზე. რაც მოგივიდა, შენს თავს

დააბრალე! – მომახალა ბაიბარსმა, ზურგი შემაქცია და მეწყვილესთან ერთად სიბნელეში

გაუჩინარდა.



არ მახსოვს, რამდენ ხანს ვიწექი ასე. იქნებ რამდენიმე წუთი, იქნებ სულაც მთელი ღამე.

თითქოს დროც გაშეშებულიყო და მასთან ერთად სხვა ყველაფერიც, რასაც ირგვლივ

ვხედავდი. მთვარე ისევ ღრუბლებს მოეფარა და ახლა უკვე არათუ სრულ სიბნელეში

აღმოვჩნდი, ისიც კი აღარ ვიცოდი, ვინ ვიყავი. სადღაც სიკვდილ-სიცოცხლის გასაყარზე

დავფარფარებდი და უკვე აღარც მენაღვლებოდა, სად ამოვყოფდი საბოლოოდ თავს.

ბოლოს, როგორც იქნა, გამოვედი ამ მდგომარეობიდან, მაგრამ ყველა იარა და ყველა

ნაკაწრი ისე უსაშველოდ ამტკივდა, ვეღარ გავძელი და დაჭრილი ნადირივით

ავღმუვლდი.



წამით გონიც კი დავკარგე. როცა თვალი გავახილე, შარდში ვცურავდი; დაბეჟილი ხელ

ფეხის გატოკება არ შემეძლო. ღმერთს შევევედრე, ან ამ სატანჯველისგან მიხსენი, ან

სასმელი მაშოვნინე-მეთქი.



უცებ ფეხის ხმა გავიგონე. ვიღაც მიახლოვდებდა. ელდა მეცა. არ ვიცოდი, ამჯერად ვინ

დამადგებოდა თავზე – ქუჩის ბიჭი, ღამის ქურდი თუ მკვლელი, მაგრამ შიშს აღარ

ავყევი; იმაზე უარესი რაღა უნდა დაემუქროს ღამის მგზავრს, რაც ამათ დამმართეს?

უცებ ჩრდილიდან ახოვანი, ტანადი დავრიში გამოვიდა; თავსა და სახეზე თმის ნასახი

არ ჰქონდა; ჩემ წინ ჩაიმუხლა და ადგომაში მომეშველა; მერე შამს თებრიზად გამეცნო და

სახელი მკითხა.



– თქვენი მონამორჩილი, კონიელი ლოთი სულეიმანი, – ვუთხარი მე და პირიდან

ჩამტვრეული კბილი გამოვიღე.

– სასიამოვნოა შენი გაცნობა, ჩაილაპარაკა შამსმა და სახე მომწმინდა, მთლად

გასისხლიანებულხარ, ჩემო კარგო. შინაგანი სისხლდენაც გაქვს... თქვა ეს და ჯიბიდან

ვერცხლის პინა ამოიღო.



– აი, ეს მალამო წაისვი ჭრილობებზე, – მითხრა მან, – ერთმა კეთილმა ბაღდადელმა

კაცმა მისახსოვრა, მაგრამ ჩემზე მეტად შენ გჭირდება.

– ისე, იცოდე, შიგნით უფრო ღრმა იარა გაქვს, ვიდრე გარეთ. ეგ უფრო

დასაფიქრებელია. აი, ეს მალამო შეგახსენებს, რომ ღმერთს დაატარებ.

– გმადლობ, ვუპასუხე ენის ბორძიკით.



შემძრა მისმა სიკეთემ და ვუთხარი:



– ღამის გუშაგმა მათრახით ტყავი გამაძრო. ასე მითხრა, შენზე ახიაო!..

მე თვითონ გამიკვირდა, ნაცემი ბავშვივით რომ შევწუწუნე, თანაგრძნობას და

დამშვიდებას რომ ითხოვს...

შამს თებრიზმა თავი გააქნია.



– არ ჰქონდათ ამის უფლება. ყველა ადამიანი დამოუკიდებლად ეძიებს თავის

სიწმინდეებს. სწორედ ამას გვეუბნება წესი: „ღმერთს ხატად თვისად შევუქმნივართ

ყველანი, მაგრამ მაინც ყველანი განსხვავებულნი და თავისებურად განუმეორებელნი

ვართ. დედამიწის ზურგზე ორი ერთმანეთის მსგავსი ადამიანი არ მოიძებნება. ორი

გულიც კი არ ძგერს ერთი რიტმით. არსთაგანმრიგეს რომ ჩვენი ერთნაირობა

ნდომებოდა, ყველას ერთნაირებად გაგვაჩენდა. ამიტომ ვინც განსხვავებას პატივს არ

სცემს და თავის აზრს სხვებს ახვევს, პირველ რიგში ღვთიურ წესრიგს არ უწევს

ანგარიშს.“



– კარგი სიტყვებია, – ისე მშვიდად ვთქვი, თვითონვე გამიკვირდა, – მაგრამ ერთი ეს

მითხარი, თქვენ, სუფიებს არასოდეს გეპარებათ მასში ეჭვი?

შამსს დაღლილი ღიმილი გაუკრთა სახეზე.



– გვეპარება. ეჭვს რა სჯობს. ეს იმას ნიშნავს, რომ ცოცხალი ხარ და ეძიებ...

წამღერებით ლაპარაკობდა, თითქოს წიგნს კითხულობსო...



– გარდა ამისა, ადამიანი მორწმუნე ერთ დღეში არ ხდება. თავიდან მას თავი მორწმუნე

ჰგონია. მერმე რაღაც ხდება მის ცხოვრებაში, ისეთი, რაც რწმენას აკარგვინებს; მერმე

 



კვლავ მორწმუნე ხდება და ასე შემდეგ. ჩვენ მუდმივად ვმერყეობთ, სანამ გარკვეულ

საფეხურს არ მივაღწევთ. წინსვლის ერთადერთი გზა მხოლოდ ეს გახლავს, თითოეული

ახალგადადგმული ნაბიჯი ჭეშმარიტებასთან გვაახლოებს.



– ეს რომ ქრისტოსმა გაგიგოს, ალბათ, შენც გეტყვის, ენას კბილი დააჭირეო. მაგას რომ

ჰკითხო, ყველასთან ყველაფერი არ ითქმის, – ვუთხარი მე.



– რას იზამ, იქნებ მართალიცაა, – ჩაიცინა შამს თებრიზმა და წამოდგა, – ახლა კი მოდი,

შინ მიგიყვან. შენს ჭრილობებს მიხედვა უნდა, გამოძინებაც არ გაწყენდა.



ფეხზე წამომაყენა, მაგრამ სიარული ვერ შევძელი. მაშინ უყოყმანოდ, ბუმბულივით

მსუბუქად ამიყვანა ხელში და ზურგზე შემომიგდო.



– გაფრთხილებ, ვყარვარ! – წავილუღლუღე დარცხვენილმა.

– არაფერია, სულეიმან, მაგას ნუ დარდობ, – მიპასუხა შამსმა.



აი, ასე, ზურგით მათრია კონიის ქუჩებში უცხო დავრიშმა, რომელსაც არც სისხლი

შეეზიზღა ჩემი, არც შარდი და არც სუნი...



ჩავუარეთ ღრმა ძილში ჩაფლულ სახლებსა და ქოხმახებს. გაავებული ძაღლები ბაღების

გალავნებს აწყდებოდნენ და ხმამაღლა გვიყეფდნენ, თითქოს ქვეყანას ატყობინებდნენ

ჩვენს მიახლოებას.



– ერთი ეს მითხარი, სუფიები რომ თავიანთ ლექსებში ღვინოს აქებენ და ადიდებენ,

ნამდვილ ღვინოს გულისხმობენ, თუ მეტაფორულს? – ვკითხე შამსს.



– რა მნიშვნელობა აქვს მაგას, მეგობარო? – მითხრა შამსმა და იქვე, ჩემი სახლის წინ

ჩამომსვა, – მოდი, ერთ წესს გაგაცნობ და პასუხიც ეგ იქნება:



„როცა ღვთის ჭეშმარიტი მოყვარული დუქანში შედის, დუქანი ხდება მისი

სამლოცველო, მაგრამ როცა იმავე სამლოცველოში ლოთი შედის, იგი მისი დუქანი

ხდება. რასაც უნდა ვაკეთებდეთ,გულია მთავარი და არა გარეგნობა. როცა სუფი

ადამიანს აკვირდება, გარეგნობითა და ვინაობით როდი აფასებს მას. სუფი ორივე თვალს

ხუჭავს. ამ დროს მესამე თვალი ეხილება და სწორედ ამ მესამე თვალით ხედავს მისი

სულის საუფლოს.“



როცა იმ გრძელი და დამღლელი ღამის შემდეგ შინ მარტო დავრჩი, მომხდარს კარგად

ჩავუფიქრდი. მართალია, შავი დღე მადგა, მაგრამ ცოტა ხანში დავმშვიდდი და

სასიამოვნოდ მოვითენთე. რაღაც წამიერი გარინდება იყო, მაგრამ ისე გამიტკბა, სულ იქ

მინდოდა ყოფნა. სწორედ მაშინ ვიწამე ბოლოს და ბოლოს, რომ ღმერთი არსებობს და

ვუყვარვარ.



...და მიუხედავად იმისა, რომ თავიდან ფეხებამდე დაბეჟილი ვიყავი, ტკივილი სადღაც

გაქრა...



                                                                       ელა



2008 წლის 3 ივნისი, ნორთჰემპტონი



„ბიჩ ბოიზის“ სიმღერები იღვრებოდა ღია ფანჯრებიდან. ელა ზაფხულის მზით ახლად

გარუჯულ უნივერსიტეტის სტუდენტებს აკვირდებოდა და მათი ბედნიერებისადმი

სრულიად გულგრილი იყო. მისი გონება ახლა უახლოეს წარსულს, რამდენიმე დღის

წინანდელ მოვლენებს დასტრიალებდა.



დავიწყოთ იმით, რომ სამზარეულოში შესულს სპირიტი მკვდარი დახვდა. ამ

მომენტისთვის თავს ყოველთვის ამზადებდა, მაგრამ ახლა, მწუხარებასთან ერთად,

დაუცველობისა და ობლობის გრძნობამაც შეიპყრო, თითქოს ძაღლის დაკარგვის შემდეგ

სრულიად მარტო დარჩა ამქვეყნად.



მეორე პრობლემა ის იყო, რომ ორლის ბულემია აღმოაჩნდა. თანაც ეს მთელმა მისმა

კლასმა გაიგო. ელამ თავი დამნაშავედ იგრძნო. რა დედა ვარ ამის შემდეგ, ბავშვს

უჭირდა, მე კი ვერ მივუხვდიო, საყვედურობდა თავის თავს.



დანაშაულის გრძნობა ელასთვის ახალი არ იყო, მაგრამ თავის კარგ დედობაში ეჭვი

არასოდეს შეჰპარვია. ამიტომ აზიზ ზაჰარასთან კვლავ ყოველდღიური, ინტენსიური

მიმოწერა დაიწყო. დღეში ორ, სამ, ზოგჯერ კი ხუთ წერილსაც უგზავნიდა. წერდა

ყველაფერზე და მისდა გასაოცრად, აზიზი პასუხს არასოდეს უგვიანებდა. ელას

უკვირდა, როგორ პოულობდა დროს (ან თუნდაც ინტერნეტკავშირს) და როგორ

ახერხებდა ასე რეგულარულად ელფოსტის შემოწმებას კაცი, რომელიც ასეთ მივარდნილ

ადგილებში მოგზაურობდა.



ცოტა ხანში ელა ისე შეეჩვია მის გზავნილებს, წარამარა ელფოსტას ამოწმებდა. ჯერ

დილით, საუზმის შემდეგ გახსნიდა ლეპტოპს, შემდეგ სეირნობიდან შინ მობრუნებული,

შემდეგ ლანჩის მომზადების დროს. სანამ საქმეებზე გაიქცეოდა, ერთსაც ჩაიხედავდა და

ასე გასინჯეთ, საქმეებზე სირბილის დროსაც ახერხებდა ამას (ინტერნეტკაფეებში

შერბოდა).



როცა თავის საყვარელ სატელევიზიო გადაცემებს უყურებდა, მზარეულთა კლუბში

პომიდორს ჭრიდა, მეგობრებთან ტელეფონით საუბრობდა, ან ტყუპის სასკოლო

ისტორიებს უსმენდა, ლეპტოპი სულ ჩართული ჰქონდა, ელფოსტა კი – ღია. თუ

აზიზისგან ახალი არაფერი იყო მოსული, ძველ წერილებს გადაავლებდა ხოლმე თვალს.

მიიღებდა თუ არა ახალ გზავნილს, უნებურად სახეზე ღიმილი მოეფინებოდა. ეს იყო

სიხარულის ღიმილი, მაგრამ ამავე დროს, რაღაც დაბნეულობის ელფერიც დაჰკრავდა,

თითქოს უკვირდა, ეს რა ხდება ჩემს თავსო...



არადა, ნამდვილად რაღაც ხდებოდა...

აზიზთან მიმოწერისას ელას თანდათან ისეთი გრძნობა იპყრობდა, თითქოს თავისი

დინჯი, მოზომილი და მშვიდი ცხოვრების არტახებიდან თანდათან თავისუფლდებოდა.

მისი ცხოვრების ტილოს, რომელზეც ყოველთვის მოსაწყენი, უსიხარულო ფერები

ჭარბობდა, თანდათან შეერია მკვეთრი, ხასხასა, გამომწვევი და იდუმალებით მოცული

წითელი ფერი...



აზიზი ის კაცი იყო, ვისაც აშკარად არ აკმაყოფილებდა წვრილმანი ამსოფლიური

სიამეები. ცოცხლადაც კი არ მიაჩნდა ადამიანი, რომელიც გულის კარნახით არ

მოქმედებს, სიყვარულისთვის მზად არ არის და მის გზას არ მიუყვება, როგორც მნათობს

ადევნებული პირიმზე.



„ნეტავ მე თუ ვყავარ ცოცხლების სიაში?“ – ხშირად ეკითხებოდა თავის თავს ელა...

აზიზი არასოდეს წერდა ამინდზე, ან ბოლო დროს ნანახ ფილმებზე. თავის

გზავნილებში ის უფრო ღრმა თემებს ეხებოდა სიკვდილს, სიცოცხლეს, პირველ რიგში

კი სიყვარულს.



ელას გრძნობების გამომზეურება არ სჩვეოდა, განსაკუთრებით, უცნობთან, თუმცა

იმასაც აღიარებდა, რომ ისეთ ქალს, როგორიც თვითონ იყო, ისევ უცნობი თუ

აალაპარაკებდა. თუკი მათ მიმოწერას ფლირტის ელფერი დაჰკრავდა, ამ ფლირტს, ელას

აზრით, ორივესთვის მხოლოდ დადებითი ემოციები მოჰქონდა. კიბერსივრცის

დახლართული ლაბირინთების სხვადასხვა ბოლოში მოკალათებულებს შეეძლოთ,

უსასრულოდ გაეგრძელებინათ ურთიერთობა...



საერთოდ, ამ მიმოწერამ ელას იმედი ჩაუსახა, რომ ნაწილობრივ მაინც აღიდგენდა

ცოლ-ქმრული ცხოვრების მანძილზე თანდათან შემოძარცულ ღირსებას. აზიზი იმ

იშვიათ მამაკაცთაგანი იყო, რომელიც ქალს შეიძლებოდა თავმოყვარეობის შეულახავად

ჰყვარებოდა. თავის მხრივ, აზიზსაც ერთგვარ სიამოვნებას ჰგვრიდა შუახნის ამერიკელი

ქალის ყურადღება.



ვირტუალური ურთიერთობისას, ერთი მხრივ, ყველაფერი თითქოს გაზვიადებული

ჩანდა, მეორე მხრივ კი, პირიქით ზედმიწევნით იოლი. აქ შეგეძლო, თავისუფლად

გეკეკლუცა მამაკაცთან და თან არ გაგჩენოდა გრძნობა, რომ რაღაცას აშავებ (რაც ელას

„აწყობდა,“ რადგან დანაშაულის გრძნობა ისედაც მთელი ცხოვრება ტანჯავდა) და

გემოგზაურა რისკის გარეშე (რაც მას აგრეთვე „აწყობდა,“ რადგან ცხოვრებაში არასოდეს

გაურისკავს).



აკრძალული ნაყოფის ჭამას ჰგავდა ეს ყველაფერი, ოღონდ კალორიების მომატების

ალბათობა იყო ნაკლები. გათხოვილი ქალისა და უცნობი მამაკაცის მიმოწერა იქნებ იყო

კიდეც მკრეხელობა, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ მის პლატონურ ბუნებას, ეს იყო

საამო მკრეხელობა.



                                                                             ელა



2008 წლის 5 ივნისი, ნორთჰემპტონი



„საყვარელო აზიზ!

თუ გახსოვთ, ერთერთ წერილში მწერდით: „ადამიანი, რომელსაც ჰგონია, რომ თავისი

ცხოვრების მართვას მოახერხებს, ისევე ცდება, როგორც თევზი, რომელმაც ოკეანის

ზედამხედველობა მოინდომაო“. ბევრი ვიფიქრე თქვენს მომდევნო წინადადებაზეც:

„ზოგჯერ თავი ყოვლისმცოდნეებად გვეჩვენება, მაგრამ ეს თავდაჯერება საპნის



ბუშტივით სკდება, როცა ცხოვრება ამ ცრუმოლოდინს არ ამართლებს. გულისტკენა არ

ასცდება არავის, ვინც ფიქრობს, რომ ყველაფერი ჩვენს ხელშია.“



ახლა კი დროა, გამოგიტყდეთ: თავად მე კონტროლის მოყვარული ადამიანი ვარ.

ყოველ შემთხვევაში, ჩემს ახლობელებს რომ ჰკითხოთ, ასეა. ჯერ კიდევ სულ ახლახან

ძალიან მკაცრი დედა ვიყავი. საკუთარი წესებიც ჩამოვაყალიბე (დამიჯერეთ, ისინი

სუფიური წესებივით სასიამოვნო არ არის!), ჩემგან შეღავათს არასოდეს არავინ ელოდა.

ერთხელ უფროსმა ქალიშვილმა წამომაძახა, პარტიზანივით სანგარში ხარ ჩასაფრებული

და ჩვენს ყველა შეცდომას იქიდან ზვერავო!



გახსოვთ სიმღერა: „ქუე შერá, შერá“? ჰოდა, მე თუ მკითხავთ, ეგ საჩემო სიმღერა

ნამდვილად არ არის. „რაც იქნება, იქნება“ ამ წესის მიმდევარი არასოდეს ვყოფილვარ.

მე დინებას ვერ მივყვები. ვიცი, რომ რელიგიური პიროვნება ხართ. აი, მე კი არა ვარ

რელიგიური. მართალია, როგორც წესი, ოჯახში შაბათს აღვნიშნავთ ხოლმე, მაგრამ რომ

მკითხოთ, ბოლოს როდის ილოცეო, ვერ გიპასუხებთ.



უი, არა, გამახსენდა. ამას წინათ, ორი დღის წინ, სამზარეულოში ვილოცე, მაგრამ ეგ არ

ითვლება. რაღაც წუწუნს უფრო ჰგავდა, ვიდრე ლოცვას. თითქოს ჩემს გასაჭირს

შევჩიოდი ჩემსავე თავს, უფრო სწორად, მის მეტაფიზიკურ ორეულს. იყო დრო,

კოლეჯში სწავლისას აღმოსავლური სპირიტუალიზმით ვიყავი გატაცებული და

ბუდიზმსა და ტაოიზმსაც გავეცანი. ერთ ჩემს უცნაურ მეგობართან ერთად ინდოეთშიც

კი ვგეგმავდი წასვლას და აშრამში ერთი თვის გატარებას, მაგრამ ჩემი ცხოვრების ეს

ეტაპი ხანმოკლე აღმოჩნდა.



მისტიკური სწავლებანი, დიახაც, მიმზიდველია, მაგრამ ჩემი აზრით, ზედმეტ

მორჩილებას ითხოვს ადამიანისაგან და თანამედროვე ცხოვრებასთან სრულიად

შეუთავსებელია.



მას შემდეგ აზრი შევიცვალე. იმედია, რელიგიისადმი ჩემი ასეთი არაკეთილგანწყობა

არ გეწყინებათ. ჩათვალეთ, რომ ეს არის აღიარება, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში

მწიფდებოდა. მიიღეთ იგი ადამიანისგან, რომელიც თქვენ მიმართ გულგრილი არ არის.

სიყვარულით, ელა.“



„ძვირფასო „პარტიზანო“ ელა!

თქვენმა გზავნილმა ამსტერდამში მაშინ მომისწრო, როცა მალავიში გასამგზავრებლად

ვემზადებოდი. იქაურ სოფლებში შიდსი მძვინვარებს, ბავშვების უმრავლესობა

დაობლებულია. მე ამ ადამიანების სურათების გადაღება დამავალეს.

თუ მშვიდობა იქნა, ოთხ დღეში დავბრუნდები. როგორ ფიქრობთ, უნდა ვიქონიო ამის

იმედი? იმედის ქონას ვერავინ დამიშლის, ცხადია, მაგრამ შემიძლია ამის მართვა? რა

თქმა უნდა, არა! ლეპტოპი თან მექნება, შევეცდები, მოგწეროთ კიდეც და იმედი მაქვს,

ხვალ ცოცხალი ვიქნები. სულ ეს არის, სხვა არაფერი შემიძლია.



სწორედ ამას ეძახიან სუფიები მეხუთე ელემენტს ანუ სიცარიელეს. ეს გახლავთ

აუხსნელი და გაუკონტროლებელი, ღვთაებრივი წარმოშობის ელემენტი, რომელსაც

ვერავინ ჩასწვდება, მაგრამ მის არსებობას ყველა უნდა აცნობიერებდეს. არ მწამს

უმოქმედობა, თუ ამ სიტყვაში უსაქმურობა და ცხოვრებისადმი უინტერესობა



იგულისხმება. მაგრამ მეხუთე ელემენტს უთუოდ პატივი უნდა მივაგოთ, ეს ნამდვილად

მჯერა. საერთოდ, მგონია, რომ ჩვენ ყველამ გარკვეული შეთანხმება დავდეთ ღმერთთან.

ყოველ შემთხვევაში, მე ნამდვილად გავაკეთე ეს. როცა სუფი გავხდი, უფალს აღვუთქვი,

დაუზარებლად მეკეთებინა ჩემი საკეთებელი, დანარჩენი კი მისთვის მიმენდო, ანუ

ერთხელ და სამუდამოდ ვაღიარე, რომ თავს ზევით ძალა არ არის და რაღაცრაღაცებს

გონებით ვერ მისწვდები. მხოლოდ ნაწილობრივ, ფილმის ფრაგმენტებივით ვხედავ

ხოლმე მოვლენებს, მაგრამ ამ უმაღლესი წესრიგის მთლიანობად აღქმა ნამდვილად

მიჭირს.



თქვენ მწერთ, რომ მე რელიგიური ვარ. ეს ასე არ არის. მე სულიერების კაცი ვარ,

რელიგიურობა და სულიერება კი ერთი და იგივე არ არის და მე თუ მკითხავთ, ამ

ცნებებს შორის არასოდეს ყოფილა ისეთი ღრმა უფსკრული, როგორიც დღესაა.

საერთოდ, დღევანდელი სამყაროს შემყურე, საგონებელში ვარ ჩავარდნილი. ერთი

მხრივ, თითქოს სულ უფრო ვრწმუნდებით იმაში, რომ ინდივიდუუმი თავისუფალი და

დამოუკიდებელია ღმერთის, ყოველგვარი ძალაუფლების, მთავრობისა თუ

საზოგადოებისაგან. მართლაც, ადამიანი დღითი დღე სულ უფრო თავკერძა და

მატერიალისტი ხდება. მეორე მხრივ, თუ დღევანდელი კაცობრიობის პორტრეტს

ზოგადად შევავლებთ თვალს, დავინახავთ, რომ მას სულიერება დღითი დღე ემატება.



ჩვენ საკმაოდ დიდხანს ვიცხოვრეთ ფხიზელი გონების კარნახით, მაგრამ მგონი

მივაღწიეთ იმ ეტაპს, როცა უნდა ვაღიაროთ მისი შეზღუდულობა. დღეს, ისევე, როგორც

შუა საუკუნეებში, საზოგადოებას სულიერება მოეძალა. დასავლური საზოგადოება

ცდილობს, რაც შეიძლება მეტი სივრცე დაუთმოს მას თავის მოუცლელ ყოველდღიურ

ცხოვრებაში. ვერაფერს იტყვი, კეთილი განზრახვაა, მაგრამ მისი სისრულეში მოყვანის

მეთოდები არ მომწონს. სულიერება ძველი კერძის შესანელებელი ახალი საკაზმი

როდია. მას დიდი ძვრების მოუხდენლად ვერ „დაუმატებ“ შენს ცხოვრებას.



მე ვიცი, რომ მზარეულობა გიყვართ. შამსს უთქვამს ერთხელ, სამყარო ერთი ვეება

ქვაბია, რომელშიც რაღაც დიდი იხარშებაო. მართალია, ჯერ არ ვიცით, რა არის ეს,

მაგრამ ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ, ვგრძნობთ ან ვფიქრობთ, ამ „წვნიანის“

შემადგენელი ნაწილია. ამიტომ თითოეულმა ჩვენგანმა საკუთარ თავს უნდა ჰკითხოს

ხოლმე: „რას ვამატებ ამ ქვაბში ყოველდღიურად? მტრობას, რისხვას, ძალადობას? თუ

სიყვარულს და ჰარმონიას?..“



თქვენ რას ფიქრობთ, საყვარელო? რა ინგრედიენტებს ამატებთ კაცობრიობის ამ

ერთობლივ „შეჭამანდს?“ პირადად მე ერთ გულიან ღიმილს ვამატებ მას, რასაც

ყოველთვის მგვრის თქვენზე ფიქრი.

სიყვარულით, აზიზი.“



                                                                         ნაწილი მესამე

ქარი

ყოველი, რაც მოძრავი, ღია და გამომწვევია



ფანატიკოსი



1244 წლის 19 ოქტომბერი, კონია





ბინის ფანჯრები ღია მაქვს და ძაღლების ყეფა-ღრენა არ მასვენებს. ვწევარ გატრუნული

და ხმაურს ყურს ვუგდებ. ალბათ, ძაღლებმა ვიღაცის სახლში შეპარული ქურდი

შენიშნეს, ან რომელიმე აქოთებულმა ლოთმა ჩაიარა...



წესიერ ხალხს მშვიდად ვეღარ დაუძინია. ყველგან გარყვნილება და თავაშვებულობაა.

არადა, ყოველთვის ასე არ იყო. რამდენიმე წლის წინ ერთი მშვიდობიანი და უსაფრთხო

ქალაქი გახლდათ ჩვენი კონია. მე თუ მკითხავთ, სულიერი ხრწნა ბევრად არ

განსხვავდება რომელიმე საშინელი სენისაგან, მოულოდნელად რომ იფეთქებს, ელვის

სისწრაფით რომ მოედება ქვეყანას და განურჩევლად ჟუჟავს ყველას მდიდარს და

ღარიბს, დიდს თუ პატარას. აი, ასეთ მდგომარეობაშია დღეს ჩვენი ქალაქი. მედრესეში

თანამდებობა რომ არ მეჭიროს, სახლიდან ფეხს აღარ გავადგამდი.



მადლობა ღმერთს, არსებობენ ადამიანები, რომლებიც სათემო ინტერესებს თავისაზე

მაღლა აყენებენ, დღე და ღამე წელებზე ფეხს იდგამენ, რომ წესრიგი დაამყარონ. ყველას

მოსწონს ჩემი ახალგაზრდა ძმისშვილი ბაიბარსი. მე და ჩემი ცოლიც ვამაყობთ ამ ბიჭით.

გული საგულეში გაქვს ადამიანს, როცა იცი, რომ ამ შუაღამისას, როცა ქუჩაში ათასი

ჯურის ბოროტმოქმედი და ლოთი დაძრწის, ბაიბარსი და მისი ამხანაგები ქალაქს

პატრონობენ.



ძმა ადრე მომიკვდა და ბაიბარსის მეურვეობა მე ვიკისრე. უტეხი ბიჭია, უკან არაფერზე

დაიხევს. ექვსი თვის წინ გუშაგად დაიწყო მუშაობა. ჭორიკანებს რომ ჰკითხოთ, ეს

სამსახური ჩემი წყალობით იშოვა, რადგან მედრესეს მასწავლებელი ვარ. სისულელეა!

ვითომ რატომ ვერ უნდა ეშოვა ასეთ ვაჟკაცს შესაფერისი სამსახური? ის კი არა,

ჯარისკაცობაც დაშვენდებოდა. ამას წინათ დააპირა კიდეც იერუსალიმში წასვლა,

ჯვაროსნების წინააღმდეგ საბრძოლველად, მაგრამ მე და ჩემმა ცოლმა დავუშალეთ.

დროა, დაღვინდეს და ოჯახს მოეკიდოს.



– აქ უფრო გვჭირდები, შვილო, საომარი აქაც ბევრია, – ვუთხარი მე და მართალიც

ვიყავი.



ამ დილით ჩემს ცოლსაც ვეუბნებოდი, ეს რა დრო დაგვიდგა, ყოველდღე ახალ-ახალ

უბედურებას ვიგებთ და აღარც გვიკვირს-მეთქი...



მონღოლები რომ ასე აღზევდნენ, ქრისტიანები რომ ასე თავს გავიდნენ, ისლამის

მტრებმა რომ აიკლეს ქალაქი თუ სოფელი, ეს სულ იმათი ბრალია, ვინც მხოლოდ

მოსაჩვენებლად ატარებს მაჰმადიანის სახელს. როცა ადამიანი ღვთის გზას ასცდება,

ცხვარივით დაიბნევა, აბა, რა მოუვა...



ეს მონღოლები ჩვენი ცოდვებისათვის მოგვევლინნენ სასჯელად. თუმცა, ეგენი რომ

არა, ან მიწისძვრა დაგვატყდებოდა თავზე, ან შიმშილი, ან წარღვნა.



მაინც რამდენი უბედურება უნდა დატრიალდეს კიდევ, რომ ამ ქალაქის ცოდვილებმა

ღვთის ნიშანი ყურად იღონ და თავიანთი უსაქციელობა მოინანიონ? იმასაც კი ვფიქრობ,

ემანდ, მალე ქვების წვიმა არ წამოვიდეს... ერთ მშვენიერ დღეს კი, სოდომისა და

გომორის კვალად, იქნებ სულაც აღვიგავოთ პირისაგან მიწისა...



ამ სუფიებმა ხომ სულ შეშალეს ხალხი. წარმოიდგინეთ, მუსლიმებად მოაქვთ თავი,

არადა, ისეთ რამეებს ამბობენ, არც ერთ მუსლიმს თავში აზრადაც რომ არ მოუვა! სისხლი

ყელში მაწვება ხოლმე, თავიანთი სულელური აზრების ხალხში დასანერგავად ხშირ-

ხშირად წინასწარმეტყველს რომ იმოწმებენ (მშვიდობა მისდა!)



თურმე ნუ იტყვით, მუჰამად წინასწარმეტყველს უთქვამს თავისი ხალხისათვის:

ამიერიდან პატარა ჯიჰადს დავეხსნათ და დიდი ჯიჰადი გამოვაცხადოთ საკუთარი „მეს“

წინააღმდეგო!



თურმე ნუ იტყვით, იმ დღიდან ყოველი მაჰმადიანისათვის ერთადერთ მტრად

საკუთარი თავი ქცეულა!



კი ბატონო, ლამაზი სიტყვებია, მაგრამ ერთი მითხარით, ისლამის მტრებთან ბრძოლაში

რამდენად წაგვადგება ეს ყველაფერი?

სუფიები ისე გავიდნენ თავს, რომ შარიათს, უბრალოდ, ერთ-ერთ ეტაპს უწოდებენ,

რომელიც ამ გზაზე შემდგარმა ადამიანმა უნდა გაიაროს. რა ეტაპი, რის ეტაპი, ერთი

გამაგებინეთ?!



ეგ კიდვ არაფერი, უარესსაც გაიგონებთ მათგან: განსწავლულმა პირვნებამ ეს საწყისი

ეტაპი აუცილებლად უკან უნდა მოიტოვოსო, ბრძანებენ.



შეიძლება ჰგონიათ, რომ თვითონ უკვე მიაღწიეს ამ უმაღლეს საფეხურს, მაგრამ ეს

მაინც არ ამართლებს შარიათის კანონების უგულებელყოფას. სმა, ცეკვა, მუსიკა, პოეზია

და მხატვრობა უფრო მნიშვმელოვანია მათთვის, ვიდრე სარწმუნოებრივი ვალი.

ქადაგად რომ დავარდნილან და გვიჩიჩინებენ, ისლამში იერარქია არ არსებობს და

თითოეულ ადამიანს ღმერთის ძიების საკუთარი გზები უნდა ჰქონდესო... კი ბატონო,

კეთილი და პატიოსანი. მაგრამ თუ ამ ბრტყელ-ბრტყელ სიტყვებს კარგად

ჩავუკვირდებით, მათში დამღუპველი აზრი იმალება: გავლენიანი და სახელოვანი

სჯულისკაცების არად ჩაგდება!



სუფიებს რომ ჰკითხო, წმინდა ყურანი სავსეა ფარული სიმბოლოებითა და ქარაგმებით,

რომლებსაც მხოლოდ იდუმალმიმთხრობი თუ ამოიკითხავს. ყოველ სიტყვას

უკირკიტებენ და ამტკიცებენ, რომ გარკვეულ ციფრებთან აქვს კავშირი;ციფრების

ფარულ მნიშვნელობასაც სწავლობენ და წმინდა ტექსტებში შენიღბულ მინიშნებებს

ეძებენ. ერთი სიტყვით, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ წაუყრუონ უფლის

სრულიად მარტივ, გასაგებსა და დღესავით ნათელ გზავნილებს.



ზოგიერთი სუფი იმასაც კი ამბობს, რომ თითოეული მოკვდავი მოარული ყურანია!

გეკითხებით: რა არის ეს, თუ არა წმინდა წყლის მკრეხელობა?



ამ მოხეტიალე დავრიშებს, ხომ ნუღარ იკითხავთ. აი, უწესო და უგვანო კაცების კიდევ

ერთი ნაირსახეობა! რა აღარ დაარქვეს – ქალანდარებიო, ჰაიდარებიო, ქამილებიო... მე

თუ მკითხავთ, ყველაზე დიდი უბედურება მაგათ მოაქვთ.



ან რას უნდა ელოდოთ კარგს ადამიანისგან, ვისაც ერთ ადგილას ფეხი ვერ

მოუკიდებია? თუ კაცს საკუთარი გრძნობა არა აქვს, ქარს აყოლილი ხმელი ფოთოლივით

უმისამართოდ დაფრიალებს წინ და უკან, ასეთი კაცი სწორედ რომ კარგი ლუკმაა

შაითანისთვის!..



სუფიებზე უკეთესები არც ფილოსოფოსები არიან. გაუთავებელი ფიქრით ტვინს

იჭყლეტენ და ჰგონიათ, რომ ამ უკიდეგანო სამყაროს თავიანთი შეზღუდული გონებით

ჩასწვდებიან.



აი, ახლა ერთ ამბავს მოგიყვებით და თვითონვე დარწმუნდებით, რომ სუფიებს და

ფილოსოფოსებს ერთმანეთზე კუდები აქვთ გადაბმული:

ერთი ფილოსოფოსი ერთ დავრიშს შეხვდა. მყისვე დამეგობრდნენ. რამდენიმე დღე

შეუჩერებლად ლაპარაკობდნენ, ერთი რომ წინადადებას წამოიწყებდა, მეორე

ამთავრებდა. როცა ერთმანეთს დაშორდნენ, ფილოსოფოსმა ამ საუბრიდან ასეთი

დასკვნა გამოიტანა:



„ის ხედავს ყველაფერს, რაც მე ვიცი“.

სუფიმ კი თავის მხრივ დაასკვნა: „მან იცის ყველაფერი, რასაც მე ვხედავ“.

ერთი სიტყვით, სუფის რომ ჰკითხოთ, ხედავს; ფილოსოფოსს რომ ჰკითხოთ – იცის!

ახლა მე მკითხეთ: ვერც ვერაფერს ხედავენ და არც არაფერი იციან!.. რით ვერ გაიგეს,

რომ უბრალო მოკვდავს იმაზე მეტის ცოდნა არ მოეთხოვება, ვიდრე საჭიროა?

შემოქმედის შესახებ ზერელე წარმოდგენა აი, რა არის საჭირო; სხვა არაფერი! ჩვენ

ღვთის მოძღვრების განბჭობა კი არა, მისი მორჩილება გვევალება.



ბაიბარსი რომ მოდის, ხშირად ვლაპარაკობთ ასეთ რამეებზე. მსგავსი საუბრები ჩვევად

გვექცა, პატარა რიტუალადაც კი. ყოველ ღამით, ცვლას რომ სხვას გადააბარებს, შინ

მოდის, ჩემი ცოლის მირთმეულ წვნიანსა და კვერებს მიუჯდება და ვმუსაიფობთ

ხოლმე.



რა კარგი მადა აქვს! მსიამოვნებს, რომ ვუყურებ. მას ახლა ღონე სჭირდება. ამ უღმერთო

ქალაქში სამუშაოს რა გამოულევს ახალგაზრდა კაცს, რომელიც უკან არაფერზე იხევს?



                                                                              შამსი



1244 წლის 30 ოქტომბერი, კონია



ბედი რუმისთან შეხვედრას რომ მიმზადებდა, წინა ღამით „მეშაქრეთა ფუნდუკის“

აივანზე ვიჯექი და ვხარობდი, ღვთის შექმნილი სამყაროს დიდებულების შემყურე.

საითაც მიბრუნდებოდი, ყველგან შეგეძლო გეძებნა და გეპოვა კიდეც იგი. არადა რა

იშვიათად აკეთებენ ამას ადამიანები...



მახსენდებოდა ყველა, ვისაც შევხვედრივარ: მათხოვარი, მეძავი, ლოთი... ყველა

მათგანი ჩვეულებრივი ადამიანი იყო, რომლებსაც ერთი საერთო სენი შეჰყროდათ: ერთ



არსს იყვნენ მოწყვეტილნი. ეს ის ხალხი იყო, რომლებსაც სწავლულები თავიანთი

მაღალი გადმოსახედიდან ვერც კი ამჩნევენ. მაინტერესებდა, ნეტავ რუმი თუ

განსხვავდებოდა იმ სწავლულებისაგან. თუ ასე არ იყო, მაშინ მე უნდა გავმხდარიყავი

მისი და საზოგადოების ამ ყველაზე უმწეო ფენების შემაკავშირებელი.



ქალაქი ძილს წაეღო. ეს ის დრო იყო, როცა ღამის ცხოველებიც კი აღარ არღვევენ ხოლმე

ირგვლივ გამეფებულ სიჩუმეს. მძინარე ქალაქის მიყურადება ერთდროულად სევდასაც

მგვრიდა და ხალისსაც. ნეტავ ვიცოდე, რა ამბები ტრიალებს ამ დაგმანულ კარებს მიღმა,

ნეტავ რა გადამხდებოდა, სხვა გზა რომ ამერჩია და ამ ადამიანების ცხოვრებით

მეცხოვრამეთქი, ვფიქრობდი. მაგრამ ეს გზა ხომ მე არ ამირჩევია. გზამ თვითონ

ამირჩია...



აქ ერთი იგავიც გამახსენდა:

„რომელიღაც ქალაქში მოხეტიალე დავრიში ჩავიდა. ამ ქალაქის მკვიდრნი უცხოებს

ეჭვის თვალით უცქერდნენ და დავრიშს დაუცაცხანეს:

– წადი აქედან! შენ აქ არავინ გიცნობს!



დავრიშმა მშვიდად მიუგო:

– ვიცი, რომ არ მიცნობთ. სამაგიეროდ, მე ვიცნობ საკუთარ თავს და მჯერა მისი.

ბევრად უარესი იქნებოდა, პირიქით რომ ყოფილიყო“.

სანამ ჩემი თავის შეცნობის უნარი მაქვს, არა მიჭირს რა, ვინც საკუთარ თავს შეიცნობს,

შეიცნობს ღმერთს.



ამასობაში მთვარე აციალდა და მსუბუქი წვიმა აბრეშუმის სიფრიფანა ლეჩაქივით

გადმოეფინა ქალაქს. დამბადებელს მადლობა შევწირე ამ დალოცვილი წუთისთვის და

მთლიანად მივენდე მას. კიდევ ერთხელ ჩავუფიქრდი საწუთროს ხანმოკლეობასა და

სიმყიფეს და მორიგი წესი გამახსენდა:



„წუთისოფელი სესხად გვეძლევა. ეს ქვეყანა არაფერია, თუ არა რეალობის ზერელე

მიბაძვა. მხოლოდ ბავშვი ვერ არჩევს სათამაშოს ნამდვილი ნივთისაგან. და მაინც,

ადამიანებს ასე სჩვევიათ: სათამაშო ან მეტისმეტად გაიტაცებთ ხოლმე, ან დაუდევრად

მოისვრიან მას სანაგვეზე. თავი აარიდე ყველანაირ უკიდურესობას, თორემ შინაგანი

წონასწორობა დაგერღვევა. სუფიები უკიდურესობებს ყოველთვის გაურბიან. სუფი

ყოველთვის ლმობიერი და ზომიერია“.



ხვალ დილით დიდ მეჩეთში წავალ, რუმის ქადაგების მოსასმენად. შესაძლოა ხალხი

არც ცდება, ქადაგების ხელოვნებას ასე რომ უქებს, მაგრამ ორატორის ხელოვნებას

საბოლოოდ მაინც მისი მსმენელის გონებრივი შესაძლებლობები განსაზღვრავს. რუმის

მიერ წარმოთქმული სიტყვა შეიძლება ველურ ბაღს ჰგავდეს, რომელიც ეკალბარდითაც

სავსეა, სამკურნალო ბალახითაც, წიწვოვანი მცენარეებითაც და ბუჩქნარითაც, მაგრამ

ბაღის სტუმარი თვითონ ირჩევს იმას, რაც მოეწონება. ლამაზ ყვავილებს მყისვე კრეფენ,

ეკლიან მცენარეებს კი ძვირად თუ აქცევს ვინმე ყურადღებას. არადა, ყველამ ვიცით

უებარი წამლები სწორედ მათგან მზადდება.



განა სიყვარულის ბაღზეც იგივე არ ითქმის? სიყვარული რაღა სიყვარულია, თუ

ადამიანი მხოლოდ მისი სილამაზით ტკბება, სიძნელეებს კი გვერდს უვლის? მაგაზე



იოლი რა არის კარგით გაიხარო, ცუდი კი აითვალწუნო. ეგ ყველას შეუძლია.

ნამდვილი გამოცდა ის არის, როცა კარგსაც და ცუდსაც ერთნაირად შეიყვარებ; განა

იმიტომ, რომ ავსა და კარგს ვერ არჩევ, არამედ იმიტომ, რომ ამ განსაზღვრებებზე მაღლა

უნდა დადგე და სიყვარული მთლიანად, თავისი ავითა და კარგით მიიღო.



ერთი დღეღა მრჩება. ხვალ ჩემს სულიერ მეგზურს უნდა შევხვდე. თვალზე რული არ

მეკარება. ო, რუმი! სიტყვისა და აზრის მეუფევ! ნეტავ თუ მიცნობ, როცა დამინახავ?

დამინახე!..



                                                                                        რუმი



1244 წლის 31 ოქტომბერი, კონია



ბედნიერი და დალოცვილი დღეა ეს დღე, რამეთუ შამს თებრიზს შევხვდი. ოქტომბერი

მიიწურა და ჰაერში სულ სხვა სუსხი დატრიალდა, ქარმაც უფრო ძლიერად მოიქნია

ფრთები, თითქოს გვეუბნება, შემოდგომა, სადაცაა, აიბარგებაო. ამ დილით მეჩეთში,

როგორც ყოველთვის, ტევა არ იყო. ასეთი ხალხმრავლობის დროს ვცდილობ, ისე

ვიქადაგო, რომ ჩემი მსმენელი არც მთლად დავივიწყო და არც ყოველ წამს მახსოვდეს.

ამის გაკეთების ერთადერთი ხერხი არსებობს: დიდძალი ხალხი ერთ პიროვნებად უნდა

წარმოიდგინო.



ყოველკვირა ასობით ადამიანი მისმენს, მაგრამ მე მუდამ ერთ პიროვნებას ვესაუბრები.

მხოლოდ იმას, ვისაც თავის გულში ჩემი სიტყვების გამოძახილი ესმის, ვინც ისე

მიცნობს, როგორც სხვა არავინ.



იმ დღეს, ქადაგება რომ დავასრულე და მეჩეთიდან გამოვედი, ცხენი შეკაზმული

დამხვდა. ფაფარი დაწნული ჰქონდა, ძუაში ვერცხლის პაწაწინა ზანზალაკებიანი ოქროს

სირმები ჩაეყოლებინათ. ისინი ცხენის ყოველ ნაბიჯზე საამურად წკარუნებდა, მაგრამ

ირგვლივ იმდენი ხალხი იყო, სწრაფად გადაადგილება ჭირდა.



ნელა ჩავუარეთ ჩამოძონძილ დახლებსა და ისლით დახურულ ქოხმახებს. მოაჯეთა

ძახილი, ბავშვების ჟრიამული და ორიოდე გროშის შოვნის იმედით ყელჩახლეჩილი

მათხოვრების ყვირილი ერთმანეთში არეულიყო. ამ ადამიანების უმრავლესობას სურდა,

მათთვის მელოცა. ზოგს, უბრალოდ, ჩემი სიახლოვე სიამოვნებდა; მაგრამ იყვნენ

ისეთებიც, რომლებიც მეტს ელოდნენ ჩემგან, მაგალითად, სასიკვდილო სენისაგან

განკურნებასა და ჯადოს ახსნას მთხოვდნენ. სწორედ ესენი მაწუხებდნენ ყველაზე

მეტად. რა წინასწარმეტყველი ან ბრძენთაბრძენი მე მნახეს, რომ სასწაულების ჩადენა

შემძლებოდა?



ამასობაში სხვა ქუჩაზე გადავუხვიეთ და მეშაქრეთა ფუნდუკს მივუახლოვდით. უცებ

მოხეტიალე დავრიშს მოვკარი თვალი. გულდაგულ მოიწევდა ჩემკენ და თვალებით

მხვრეტდა. მკვირცხლი, მოსხლეტილი მოძრაობები ჰქონდა, დამოუკიდებელი და

თავდაჯერებული ადამიანის აურას ასხივებდა. სრულიად უთმო იყო. არც წვერი, არც

წარბები... იშვიათად გულღია კაცი ჩანდა, მაგრამ ამავე დროს, შეუვალი და

იდუმალებით მოცული გამომეტყველება ჰქონდა; თუმცა მაინცდამაინც მის გარეგნობას



არ დავუინტერესებივარ. კონიაში ღვთის საძიებლად ჩამოხეტებული დავრიშების მეტი

რა მენახა. უცნაური სვირინგებით, ჯინჯილებით, საყურეებითა და საცხვირეებით

დახუნძლულები რომ დაიარებოდნენ. თითოეულ მათგანს შუბლზე ეწერა: „მე უმართავი

ვარ“ და ამით თავი მოჰქონდა კიდეც. ზოგს ძალიან გრძლად მოეშვა თმა, ზოგს სულაც

პირწმინდად გადაეპარსა, ზოგი ქალანდარი ენასა და ძუძუსთავებსაც კი იხვრეტდა. ასე

რომ, როცა პირველად ეს დავრიში ვიხილე, მის გარეგნობას როდი გავუკვირვებივარ.



სხვა რამემ განმაცვიფრა: მისმა მზერამ. ხანჯალივით ბასრ, შავ თვალებს მიბრიალებდა,

შუა ქუჩაში გახიდულიყო და გაშლილი ხელები ისე აღეპყრო, თითქოს მარტო ამ ზღვა

ხალხის კი არა, დროის მდინარების შეჩერება სურდა.



ანაზდად მთელი სხეულით შევტორტმანდი, თითქოს გუმანით ვიგრძენი რაღაც. ის კი

არა, ცხენიც გამიოჩნდა ხმამაღლა აფრუტუნდა და თავის ქნევას მოჰყვა. ვცადე მისი

დამშვიდება, მაგრამ ისე წრიალებდა, მისი მღელვარება მეც გადმომედო. დავრიში

მოუახლოვდა აცქმუტებულ ცხენს და რაღაც ჩასჩურჩულა. ცხოველი მძიმედ აქოშინდა.

დავრიშმა ერთიც აუქნია ხელი და ცხენი მყისვე დაშოშმინდა. ხალხს მღელვარების

ტალღამ გადაურბინა.



– ეს ხომ შავი მაგიაა! – ყური მოვკარი ვიღაცის ნათქვამს.

დავრიშმა ყურადღება არავის მიაქცია, ცნობისმოყვარე მზერა მომაპყრო და მომმართა:

– ო, დიდო სწავლულო აღმოსავლეთისა და დასავლეთისა, ბევრი მსმენია შენ შესახებ.

მოვსულვარ იმად, რომ ერთი შეკითხვა დაგისვა. მომცემ ნებას?

– ბრძანე, – ვუთხარი თითქმის ჩურჩულით.



– კეთილი, მაგრამ, ჯერ ჩამოქვეითება მოგიწევს, რათა ერთმანეთის პირისპირ

დავდგეთ.



გავშრი. კარგა ხანს ხმა ვერ ამოვიღე. ირგვლივ შეკრებილებიც არანაკლებ შეცბნენ. ასე

დალაპარაკება ჩემთვის არასოდეს არავის გაუბედავს. ღაწვები ამეწვა, ძარღვები ამეშალა,

მაგრამ თავს მოვერიე და ცხენიდან ჩამოვხტი. ამასობაში კი დავრიშმა ზურგი მაქცია და

გამშორდა.



– ეჰეი, მოიცადე, გეთაყვა! – გავძახე და დავეწიე. – მკითხე, რაც გნებავს. გისმენ.

შეჩერდა, მიმოიხედა და პირველად გამიღიმა.

– კარგი, გკითხავ. მითხარი გეთაყვა, ვინ არის, შენი აზრით, უფრო დიადი, მუჰამად

წინასწარმეტყველი თუ სუფია ბისტამი?

– ეს რა შეკითხვაა? – გავიკვირვე მე. – როგორ ადარებ ჩვენს სათაყვანო

წინასწარმეტყველს (მშვიდობა მისდა!), დიდ წინასწარმეტყველთაგან უკანასკნელს,

ვიღაც საძრახის მისტიკოსს?



ცნობისმოყვარეები გარს შემოგვეხვივნენ, მაგრამ დავრიში ზედაც არ უყურებდა მათ,

კვლავინდებურად ყურადღებით აკვირდებოდა ჩემს სახეს და თავისას არ იშლიდა:

– გთხოვ, დაფიქრდი ამაზე. წინასწარმეტყველს უთქვამს, მაპატიე, ღმერთო, თურმე ისე

არ გიცნობდი, როგორც უნდა მცნობოდიო! ბისტამის კი უთქვამს: ჭეშმარიტად მადლი

გადმოსულა ჩემზე, რამეთუ ღმერთს სამოსელქვეშ დავატარებო! ერთ ადამიანს



ღმერთთან შედარებით თავი ეპატარავება, მეორე კი ამტკიცებს, რომ ღმერთს თან

დაატარებს. რომელიმათგანია უფრო დიდი?



გული ყელში მომებჯინა. ერთი შეხედვით უაზრო შეკითხვა ამჯერად ჭკუაში დამიჯდა.

შამსმა ამ შეკითხვით თითქოს ფარდა გადასწია და მის უკან დამალული საინტერესო

თავსატეხი გამომიჩინა. ბაგეზე ოდნავ შესამჩნევი ღიმილი დასთამაშებდა. ვხედავდი, აქ

რაღაც სხვა ამბავი იყო. გიჟთან ნამდვილად არ მქონდა საქმე. ამ კაცს დაებადა კითხვა,

რომელზეც ადრე არასოდეს მიფიქრია.



– მიგიხვდი, რისი თქმაც გწადია... – დავიწყე ფრთხილად, რადგან ხმა მითრთოდა და

მეშინოდა, არ შეემჩნია, ახლა შენ წარმოთქმულ ორ წინადადებას შევადარებ და გეტყვი,

რატომაც არ არის ბისტამი მართალი, მიუხედავად იმისა, რომ მის სიმართლეში თითქოს

ეჭვი არ უნდა შეგვეპაროს.



– ყურადღებით გისმენ, – თქვა დავრიშმა.

– საქმე ის გახლავს, რომ ღვთის სიყვარული უნაპირო ოკეანეა. მოკვდავნი ცდილობენ,

ამ ოკეანიდან რაც შეიძლება მეტი წყალი ამოიღონ, მაგრამ ეს მხოლოდ ჩვენი ჭურჭლის

ზომაზეა დამოკიდებული. ზოგს კასრი უპყრია ხელთ, ზოგს სათლი, ზოგს კი

მხოლოდ თასი...



როცა ვლაპარაკობდი, დავრიშის სახის გამომეტყველებას ვაკვირდებოდი. სახე

ეცვლებოდა, ხან ეშმაკური, ოდნავ შესამჩნევი ღიმილი მოადგებოდა ბაგეზე, ხანაც

მადლიერებით გაიბადრებოდა, როგორც ეს ხშირად ხდება, როცა სხვისი აზრები შენსას

დაემთხვევა.



– ბისტამის ჭურჭელი შედარებით მცირე ზომისა იყო და წყურვილის მოსაკლავად

ერთი ყლუპიც ეყო. მას სავსებით აკმაყოფილებდა თავისი მდგომარეობა. საკუთარ თავში

ღვთაებრივის შეცნობა, დიახაც, ახარებდა, მაგრამ ამ შემთხვევაშიც კი რჩება ხოლმე

რაღაც ზღვარი ღმერთსა და მოკვდავს შორის, ანუ სრულ ერთიანობამდე ჯერ კიდევ

შორია. რაც შეეხება წინასწარმეტყველს, ის ღვთის რჩეული იყო და მისი ჭურჭელი მეტს

იტევდა. აკი ეუბნება კიდეც ყურანში მას უფალი: „განა ჩვენ არ გადავხსენით

გულმკერდი შენი?“ ესოდენ გადიდდა გული მისი და მისმა თასმაც უზომოდ იმატა,

წყურვილი წყურვილზე ემატებოდა... ამიტომაც არ უნდა გაგვიკვირდეს მისი ნათქვამი:

„ისე არ გიცნობ, როგორც უნდა მცნობოდიო“, თუმცა არავინ იცნობდა უფალს ისე,

როგორც თვითონ. დავრიშმა გულიანად გაიღიმა, თავი დამიქნია და მადლობა

გადამიხადა. მერე მადლიერების ნიშნად ხელი გულზე მიიდო და რამდენიმე წამი ასე

იდგა. როცა ჩვენი თვალები კვლავ შეხვდა ერთმანეთს, შევამჩნიე მზერა მოულბა.

დავრიშს თვალი მოვაშორე და მიდამოს გავხედე. ჩვენს ქალაქს რუხი სადაფისფერი

გადაჰფენოდა, რაც მისთვის წელიწადის ამ დროს არის დამახასიათებელი. ჩვენს

ფეხებთან რამდენიმე ხმელი ფოთოლი დაფარფატებდა. დავრიშმა კვლავ მომაპყრო

კითხვით სავსე, ცნობისმოყვარე მზერა და შემიძლია დავიფიცო, რომ ჩამავალი მზის

მიმქრალ შუქზე მის ირგვლივ წამით ქარვისფერი აურა აციმციმდა. მან მოკრძალებით

მომიხარა ქედი, მეც თავი დავუკარი. არ ვიცი, რამდენი ხანი ვიდექით ასე...

თავზე იისფერი ზეცა დაგვნათოდა...



ცოტა ხანში შევამჩნიე, რომ ჩვენ ირგვლივ თავშეყრილი ხალხი შეიშმუშნა. ვხედავდი,

ჩვენს საუბარს შეშფოთებულნი უგდებდნენ ყურს და უკვე ვეღარ მალავდნენ, რომ ამ

საუბრის შინაარსი არ ეპრიანებოდათ.



მათ თავდახრილი არასოდეს ვუნახავვარ. ვიღაც უბირ სუფის რომ თავი გავუყადრე და

ქედი მოვუხარე, ნამდვილი დარტყმა იყო ბევრი მათგანისთვის, მათ შორის ჩემი

ერთგული მოწაფეებისათვისაც კი.



დავრიშმა იგრძნო, საქციელს არ გვიწონებდნენ და თავისი ხავერდოვანი ხმით თითქმის

ჩურჩულით მითხრა:



– ახლა კი ჯობს, წავიდე და თაყვანისმცემლების გარემოცვაში დაგტოვო.

– არა, – შევეწინააღმდეგე მე, – ნუ წახვალ, დარჩი. გთხოვ...



წამით ჩაფიქრდა, სახეზე სევდის ღრუბელმა გადაურბინა. თითქოს რაღაცის თქმა

კიდევ უნდოდა, მაგრამ არ შეეძლო, ან განგებ არ ამბობდა. სწორედ ამ წამიერი დუმილის

დროს გავიგონე მისი შეკითხვა, რომელიც მას არ დაუსვამს:



„შენს თავზე რას იტყვი, დიდო მოქადაგევ? რა ზომისაა შენი ჭურჭელი?“

ამის შემდეგ სათქმელი აღარაფერი იყო. სიტყვები გამოგველია. დავრიშისაკენ ნაბიჯი

წავდგი და ისე ახლოს მივედი, რომ მის შავ თვალებში ოქროსფერი წინწკლებიც კი

დავინახე.



ანაზდად უცნაური გრძნობა მეწვია, თითქოს ეს წუთები ოდესღაც უკვე გამომევლო,

თან არაერთხელ. მეხსიერებამ თანდათან, ნაწილნაწილ აღმიდგინა უკვე ნანახი

პორტრეტი: ახოვანი, მოხდენილი, სახეშებურული კაცი, ალმოდებული თითებით...

...და უცებ ყველაფერს მივხვდი. ჩემ წინ მდგარი დავრიში სიზმარში ნანახი კაცი იყო!

სხვა არავინ! ვიპოვე ჩემი თანამდევი! სხვა რაღა მინდოდა... თითქოს სიხარულით ცას

უნდა ვწეოდი, მაგრამ სიხარულის ნაცვლად შიშისაგან გამაცივა...



                                                                                                 ელა



2008 წლის 8 ივნისი, ნორთჰემპტონი



ბუზებივით ეხვეოდა ელას უპასუხო კითხვები... ერთი რამ ცხადი იყო: აზიზი მართლა

ბევრი რამით აკვირვებდა. თვით ის ფაქტი რად ღირდა, რომ ეს ყველაფერი მის თავს

ხდებოდა. თვით ეს ხშირი მიმოწერაც, ორ ასეთ განსხვავებულ ადამიანს შორის, ძალიან

უჩვეულო იყო.



აზიზი ასაწყობ ნახატს აგონებდა. მისი ყოველი ახალი გზავნილი ამ ე.წ. ფაზლს ახალ

ფრაგმენტს მატებდა. მართალია, მთლიანი სურათი ჯერ კიდევ არ ჩანდა, მაგრამ ელამ

უკვე გაიგო ბევრი რამ ამ კაცზე, რომელთანაც თითქმის ყოველდღიური მიმოწერა

ჰქონდა.



ჯერ ერთი, მისი ბლოგიდან შეიტყო, რომ იგი პროფესიონალი ფოტოგრაფი და

თავგადაკლული მოგზაური იყო, რომელსაც მსოფლიოს მიუვალ ადგილებში ხეტიალი

ისეთივე ჩვეულებრივ საქმედ მიაჩნდა, როგორც უბნის პარკში სეირნობა.



სად აღარ იყო ნამყოფი ეს მომთაბარე ცხოვრების მოტრფიალე კაცი. იგი ყველგან შინ

გრძნობდა თავს: ციმბირსა თუ შანხაიში, კალკუტასა თუ კასაბლანკაში... ერთი

ზურგჩანთისა და ერთი ლერწმის სტვირის ამარა მოიარა ქვეყნიერება და ადამიანებს

ისეთ ადგილებში დაუმეგობრდა, რომლებსაც ელა რუკაზეც კი გაჭირვებით პოულობდა.

უცხვირპირო მესაზღვრეები, მტრულად განწყობილი ქვეყნების ბიუროკრატიული

საელჩოები და ვიზებთან დაკავშირებული პრობლემები, დაბინძურებული წყლით

გამოწვეული ინფექციური ავადმყოფობები, მოწამვლისა და დაყაჩაღების საფრთხე,

პოლიტიკური არეულობები და შეჯახებები არაფერი აჩერებდა, მოგზაურობის ჟინს

არაფერი უკლავდა ამ დაუღალავ მოხეტიალეს.



ელასთვის რომ გეკითხათ, ეს იყო კაცი ჩანჩქერი, რომელიც სწორედ იქ ამოხეთქავდა

ხოლმე მთელი ძალით, სადაც თვითონ ელას ფეხის დადგმისაც კი ეშინოდა. ელა

ნაბიჯის გადადგმამდე ყოყმანობდა და ნერვიულობდა, აზიზი კი ჯერ ნაბიჯს დგამდა

და მხოლოდ ამის შემდეგ ნერვიულობდა, თუკი საერთოდ ნერვიულობდა ოდესმე. ეს

იყო თავად სიცოცხლე, თუმცა მასში ერთი კაცისთვის საკმაოდ ბევრ იდეალიზმსა და

ვნებას მოეყარა თავი. ის ბევრ ქუდს ატარებდა და ყველა მათგანს იხდენდა.



ელას თავი ლიბერალურ დემოკრატად და არაორთოდოქს ებრაელად მიაჩნდა.

ვეგეტარიანელობისკენ ეჭირა თვალი და გადაწყვეტილი ჰქონდა, ერთ მშვენიერ დღეს

თავისი რაციონიდან ყველანაირი ხორცი ამოეღო. საერთოდ, ყველაფერი კატეგორიებად

ჰქონდა დაყოფილი და თავის შინაგან სამყაროსაც ისევე მოწესრიგებულად და მარჯვედ

„მართავდა“, როგორც ოჯახს. გონებაში სასურველი და საძულველი მოვლენების

ერთნაირად გრძელი სიები ჰქონდა „ჩამოწერილი“. მიუხედავად იმისა, რომ ათეისტი

ნამდვილად არ იყო და დროდადრო ამა თუ იმ რიტუალების ჩატარება სიამოვნებდა,

ელას სწამდა, რომ მსოფლიოს უდიდესი პრობლემა დღეს, ისევე, როგორც წარსულში,

რელიგიაა. ფანატიკოსთა ქედმაღლობა და საკუთარი შეხედულებების უზენაესობაში

ეჭვმიუტანლობა ნერვებს უშლიდა, მაგრამ ყველაზე უარესებად მაინც მაჰმადიანი

ფანატიკოსები მიაჩნდა.



აზიზი სულიერებით სავსე კაცი იყო და რწმენის საკითხებს სერიოზულად ეკიდებოდა,

მაგრამ თანამედროვე პოლიტიკისაგან შორს იდგა. მას არავინ და არაფერი სძულდა.

მაგალითად, სიამოვნებით მიირთმევდა ხორცს და ამბობდა, რომ კარგად შებრაწულ

შიშქაბაბზე უარს არასოდეს იტყოდა. გასული საუკუნის სამოცდაათიან წლებამდე

ათეისტი იყო, შემდეგ ისლამი მიიღო. როგორც თვითონ ხუმრობით ამბობდა, ამის

გაკეთება ქეთ სტივენსს დაასწრო და ქარიმ აბდულ ჯაბარს დააცადა.



მას აქეთ ყველა ეროვნების ადამიანთან და ყველა მრწამსის მიმდევართან გაუტეხავს

პური და მათ თავის „დებსა და ძმებს“ უწოდებდა. თავგადადებულ პაციფისტსა და

მტკიცე ჰუმანისტური შეხედულებების მქონე აზიზს მიაჩნდა, რომ ყველა რელიგიური

ომი არსებითად, ლინგვისტური პრობლემებით არის განპირობებული. „ენა

ჭეშმარიტებას კი არ ავლენს, პირიქით, მალავს. შედეგად ვიღებთ გაუგებრობებს,

რომელთა მსხვერპლი არაერთი ადამიანი გამხდარა. რა საგანზეც უნდა წამოიწყო

საუბარი, მას ყოველთვის აძნელებს და ბუნდოვანს ხდის ენობრივი შეუსაბამობები.



აკვიატებული მოსაზრებებიც ხშირად უბრალო გაუგებრობიდან აღმოცენდება. ამიტომ

ზედმეტი სიხისტე საჭირო არ არის, რადგან თუ მართლა ცოცხალი ხარ, ეს ყოველწამიერ

ფერიცვალებას გულისხმობს“.



ასეთი იყო მისი აზრი.

აზიზი და ელა დროის სხვადასხვა სარტყელში ცხოვრობდნენ, როგორც პირდაპირი, ისე

გადატანითი მნიშვნელობით. ელასათვის დრო, პირველ რიგში, მომავალს ნიშნავდა.

დროის უმეტეს ნაწილს გეგმებს უთმობდა, გეგმებს მომავალი წლისთვის, მომავალი

თვისთვის, მომავალი წუთისთვისაც კი. ისეთ ტრივიალურ რამესაც კი, როგორიც იყო

საყიდლებზე წასვლა, ან გატეხილი სკამის გამოცვლა, წინასწარ გეგმავდა და ჩანთით

მუდამ დაატარებდა გასაკეთებელი საქმეების ვრცელ სიას.



აზიზისათვის კი დროის ცნება მხოლოდ აწმყოს უკავშირდებოდა. მისთვის

ამწუთიერის გარდა სხვა ყველაფერი ილუზია იყო. ამავე მიზეზით სწამდა, რომ

სიყვარულს არაფერი ჰქონდა საერთო „სამომავლო გეგმებსა“ და „გარდასულ დღეთა

მოგონებებთან“. მისი აზრით, სიყვარულის არსებობა მხოლოდ ახლა და ამწუთას იყო

შესაძლებელი. აკი აზიზის პირველი გზავნილი სწორედ ამ სიტყვებით მთავრდებოდა:

„მე ვარ სუფი აწმყოს პირმშო“.



ელამ ამ სიტყვებზე ასე უპასუხა:

„ეს უცნაურად ჟღერს ქალისთვის, რომელიც ძალიან ბევრს ფიქრობს წარსულზე და

კიდევ უფრო მეტს მომავალზე, აწმყო კი მისთვის თითქოს არც არსებობს“.



                                                                             ალადინი



1244 წლის 16 დეკემბერი, კონია



ბედად იქ არ ვიყავი, როცა იმ დავრიშმა მამაჩემს გზა გადაუღობა. მეგობრებთან ერთად

ირმებზე ვნადირობდი და მეორე დღეს დავბრუნდი. უკვე მთელი ქალაქი ლაპარაკობდა

მამაჩემისა და შამს თებრიზის შეხვედრაზე.



– ვინ არის ეს დავრიში, რუმისნაირმა სწავლულმა რომ თავი გაუყადრა და ქედი

მოუხარა?!.. – სისინებდა ხალხი.

პატარა ბიჭობიდან ვხედავდი, როგორ იყრიდა ყველა მუხლს მამაჩემის წინაშე და ვერც

კი წარმომედგინა, რომ ვინმეს შეეძლო სხვანაირად მოპყრობოდა მას, თუ ეს ვინმე ან

მეფე არ იქნებოდა, ან დიდი ვეზირი. ნახევარიც არ დავიჯერე გაგონილიდან და ჭორებს

არ ავყევი, მაგრამ შინ მისულს ეს ამბავი ჩემმა დედინაცვალმა, კერამაც დამიდასტურა;

კერა კი არასოდეს ტყუოდა და არაფერს აზვიადებდა.



დავრწმუნდი, მოხეტიალე დავრიში მართლა საქვეყნოდ გაეპაექრა მამაჩემს; ეგ კიდევ

არაფერი: იგი ახლა ჩვენი სტუმარი იყო!



ვინ იყო ეს უცხო კაცი, რომელიც ჩვენს ცხოვრებაში შემოიჭრა, როგორც ციდან

ჩამოვარდნილი ქვა? საკუთარი თვალით მინდოდა მისი ნახვა და კერას ვკითხე:

– ახლა სად არის?



– დამშვიდდი, – წამჩურჩულა, ცოტა არ იყოს, აღელვებულმა კერამ, – მამაშენი და

დავრიში ბიბლიოთეკაში არიან.



გვესმოდა მათი მოგუდული ხმა, თუმცა, ძნელი გასარჩევი იყო, რაზე საუბრობდნენ.

იქით წასვლა დავაპირე, მაგრამ კერამ გამაჩერა:

– მოცდა მოგიწევს. მთხოვეს, ნურავინ შეგვაწუხებსო.



არც იმ დღეს, არც მეორე დღეს ბიბლიოთეკიდან არ გამოსულან. რაზე უნდა

ელაპარაკათ ამდენ ხანს? რა უნდა ჰქონოდა საერთო მამაჩემისნაირ კაცს ვიღაც უბირ

დავრიშთან?

გავიდა ერთი კვირა, გავიდა მეორე. კერა ყოველ დილით საუზმეს ამზადებდა,

ლანგარზე აწყობდა და ბიბლიოთეკის კართან ტოვებდა. რა ნუგბარს არ უმზადებდა,

მაგრამ ყველაფერზე უარს ამბობდნენ. საუზმედ პურის ნაჭერს სჯერდებოდნენ, ვახშმად

კი თხის რძეს.



ავფორიაქდი, მოსვენება დავკარგე, დანა პირს არ მიხსნიდა. მთელი დღეები

ბიბლიოთეკის კართან ვწრიალებდი და ჭუჭრუტანაში ვიჭყიტებოდი. იმასაც კი აღარ

დაგიდევდით, რომელიმე მათგანი რომ უეცრად გამოსულიყო და კართან

მიყურადებულს თავზე დამდგომოდა. საათობით ვიყავი კარზე აკრული და

ვცდილობდი, გამეგო, რაზე საუბრობდნენ, მაგრამ მოგუდული ბუბუნის მეტი არაფერი

მესმოდა. დანახვითაც ბევრს ვერაფერს ვხედავდი. ფარდები გადაწეული იყო და ამის

გამო ოთახში სანახევროდ ბნელოდა.



არაფერი მესმოდა, ვერაფერს ვხედავდი, მაგრამ სამაგიეროდ, საკუთარი წარმოსახვა

ავამუშავე. გამოგონილი, სავარაუდო საუბრებით ვავსებდი ამ დანაკლისს. ერთხელ

კარზე ყურმიდებულს კერამ მომისწრო, მაგრამ ხმა არ ამოუღია. თვითონაც ერთი სული

ჰქონდა, გაეგო, რა ხდებოდა. ხომ იცით, ქალები ცნობისმოყვარეობას ვერ ერევიან. ეს

მათი ბუნებაა.



სულ სხვა იყო, როცა ერთხელ კართან ატუზულს ჩემი ძმა, სულთან ველედი დამადგა

თავზე. თვალებით ლამის გამხვრიტა, სახე აერია...

– ჯაშუშობის უფლება არ გაქვს, განსაკუთრებით, როცა საქმე საკუთარ მამას ეხება,

მისაყვედურა მან.



– ერთი, ჩვენს ძმობას, მითხარი, ნუთუ არ გაწუხებს, რომ მამაჩვენი უკვე თვეზე მეტია

ვიღაც უცნობს ამდენ დროს უთმობს, ოჯახი კი მიტოვებული ჰყავს? – ვკითხე მე.

– არავინაც არ ჰყავს მიტოვებული, – მიპასუხა ჩემმა ძმამ. – მან შამს თებრიზის სახით

ძალიან კარგი მეგობარი იპოვა. პატარა ბავშვივით კი ნუ წუწუნებ, გიხაროდეს, თუ მამა

მართლა ასე ძალიან გიყვარს.



ასეთი რამის თქმა მხოლოდ ჩემს ძმას შეეძლო. შეჩვეული ვიყავი მის უცნაურობებს და

ეს გაკენწვლა არ მწყენია. ყოველთვის სამაგალითო ბიჭი იყო, ოჯახისა და უბნის ნებიერი

გახლდათ. მამასაც განსაკუთრებულად უყვარდა.



ორმოცი დღის შემდეგ უცნაური რამ მოხდა. მე კვლავინდებურად კართან ვიყავი

ატუზული და ყურს ვუგდებდი ბიბლიოთეკაში ჩამოწოლილ უჩვეულო სიჩუმეს. უცებ

დავრიში ხმამაღლა ალაპარაკდა:



– ორმოცი დღეა, რაც აქ ვართ განმარტოებულნი. სიყვარულის რელიგიის ორმოცი

წესიდან ყოველდღე თითო წესს ვარჩევდით. დავასრულეთ ეს საქმე. ახლა კი ჯობს,

გარეთ გავიდეთ, თორემ ოჯახი მოგისაკლისებს და შეწუხდება.

მამაჩემი შეეწინააღმდეგა:



– ეგ არაფერია. ჩემი ცოლი და ვაჟები ზრდასრულები არიან და კარგად ესმით, რომ

დროდადრო განმარტოება მჭირდება.



– შენს ცოლზე არაფერი ვიცი, მაგრამ შენი ორი ვაჟი ისე განსხვავდება ერთმანეთისაგან,

როგორც დღე და ღამე, – უპასუხა შამსმა, – უფროსი ფეხდაფეხ მოგყვება, მაგრამ

უმცროსი თავისნათქვამა ჩანს. წყენასა და ღვარძლს ვერ იტევს მისი გული.

ბრაზისგან წამოვენთე. როგორ ბედავდა ასეთი საშინელი რამეების თქმას, როცა არც კი

მიცნობდა?



– მას ჰგონია, არ ვიცნობ, მაგრამ ცდება, – თქვა დავრიშმა ცოტა ხნის შემდეგ. – კართან

რომ იყო მოკუნტული და ჭუჭრუტანიდან მათვალიერებდა, მაშინ მეც ვაკვირდებოდი.

ტანში გამცრა, თმა ყალყზე დამიდგა. არც ვაციე, არც ვაცხელე, კარი გავაღე და ოთახში

შევაბიჯე. მამაჩემი ჯერ სახტად დარჩა და გაოგნებული მომაშტერდა, მაგრამ სულ ცოტა

ხანში გაოგნება ბრაზით შეეცვალა.



– ალადინ, ხომ არ შეიშალე? რაებს ბედავ?! – დაიქუხა მან.

კითხვაზე პირდაპირ არ ვუპასუხე. შამსისკენ ხელი გავიშვირე და წამოვიძახე:

– ერთი ამისთვის გეკითხა, როგორ ბედავს ჩემზე ასეთ ლაპარაკს?

მამას ხმა არ ამოუღია, შემომხედა და ისე მძიმედ ამოიოხრა, თითქოს ჩემი იქ ყოფნა

გაუსაძლისი ტვირთი იყო მისთვის.



– მამა, ყური დამიგდე: კერას ენატრები, მოწაფეებს ენატრები, ვიღაც საძაგელი

დავრიშის გულისთვის ყველა ახლობელს ზურგი როგორ უნდა აქციო?! – წარმოვთქვი

თუ არა ეს სიტყვები, მაშინვე ვინანე, მაგრამ გვიანღა იყო.

გულდაწყვეტილმა შემომხედა. ასეთი მამა არასოდეს მენახა.



– ალადინ, კეთილი ინებე და ამ წუთში გაბრძანდი აქედან, – მითხრა მან, – წადი, სადმე

მშვიდ ადგილას განმარტოვდი და იფიქრე იმაზე, რაც გააკეთე. სანამ საკუთარ სულში არ

ჩაიხედავ და შენს შეცდომას არ გააცნობიერებ, ხმას ნუ გამცემ.



– კი მაგრამ, მამა...

– გიმეორებ, ახლავე გამეცალე, – გაიმეორა და ზურგი მაქცია.

გული საგულეს აღარ მქონდა. ოთახიდან გავედი. ოფლმა დამასხა, მუხლი მომეკვეთა.

სწორედ იმწუთას მივხვდი, რომ ყველაფერი შეიცვალა და უწინდებური ცხოვრება

აღარასოდეს გვეღირსებოდა. თავი ობლად ვიგრძენი, ზუსტად ისე, როგორც რვა წლის

წინ, როცა დედა მომიკვდა.



                                                                       რუმი



1244 წლის 18 დეკემბერი, კონია



ბატინ ალაჰ! ღვთის დაფარულო სახევ! გამიხსენი გონების კარი, რათა ვიხილო

ჭეშმარიტება. როცა შამს თებრიზმა მუჰამად წინასწარმეტყველისა და სუფია ბისტამის

შესახებ კითხვა დამისვა, ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს ამქვეყნად მხოლოდ

ორნი ვიყავით. ჩვენ წინ ჭეშმარიტებისაკენ მიმავალი გზა გადაჭიმულიყო თავისი შვიდი

მაქამატით, რომლებიც თითოეული ადამიანის ნაფსმა ერთარსად ქცევის მიზნით უნდა

გაიაროს. პირველ მაქამატს გარყვნილი ნაფსი ეწოდება. ეს არის ყველაზე მარტივი და

ყველაზე ჩვეულებრივი მდგომარეობა, როცა სული ამსოფლიური ვნებების ტყვეობაშია

მოქცეული. მოკვდავთა უმრავლესობა სწორედ ამ საფეხურზეა დარჩენილი და

ადგილიდან ვეღარ იძვრის.



ასეთებს ლამის სული ამოხდეთ საკუთარი „მეს“ მონურ სამსახურში, მაგრამ თავს

დატეხილი დაუსრულებელი უბედურებებისთვის პასუხს ყოველთვის სხვას სთხოვენ.

როცა ადამიანი ხვდება, რაოდენ დამცრობილია მისი მე ამ საფეხურზე ყოფნისას, იგი

იწყებს თავის თავზე მუშაობას და შედეგად შესაძლოა, სულიერების მორიგ საფეხურს

მიაღწიოს, რომელიც გარკვეული თვალსაზრისით, პირველის საწინააღმდეგოა.

ამიერიდან სხვების დანაშაულის მაძიებელი საკუთარი თავის დადანაშაულებას იწყებს

და საკუთარი თავის არარად ქცევამდეც კი მიდის. შედეგად ვიღებთ ბრალმდებელ

ნაფსს.



აი, აქედან იწყება სვლა შინაგანი თვითგანწმენდისაკენ. მესამე მაქამატში ადამიანი

სულიერად გაცილებით მომწიფებულია. მისი ეგო უკვე საკმაოდ დახვეწილია და ეგრეთ

წოდებულ შთაგონებულ ნაფსად არის ქცეული. მხოლოდ და მხოლოდ ამ

მდგომარეობაში და არამც და არამც სხვა დროს შეუძლია მაძიებელს, ბოლომდე

ჩასწვდეს სიტყვა „დათმობის“ მნიშვნელობას და ცოდნის ველში შეაბიჯოს. თუ იქამდე

მიაღწიე, უცილობლად შეიძენ და გამოავლენ კიდეც შემდეგ თვისებებს: მოთმინებას,

შეუპოვრობას, სიბრძნესა და თვინიერებას. ასეთი ადამიანი ახლებურად და

სისხლსავსედ შეიგრძნობს სამყაროს. იგი მისთვის შთაგონების წყაროდ იქცევა. თუმცა ამ

საფეხურს მიღწეული ბევრი ადამიანისათვის დამახასიათებელია ერთი რამ: მათ აღარ

სურთ გზის გაგრძელება და მზად არიან, სამუდამოდ დარჩნენ იქ, სადაც არიან. ამიტომ

არის, რომ რაც უნდა მშვენიერი და მადლიანი იყოს ეს მესამე ეტაპი, იგი არსებითად

ხაფანგია მათთვის, ვინც უფრო მაღალ მიზანს ისახავს. ადამიანი, რომელიც უფრო შორს

წასვლას მოახერხებს და ცოდნის ველს თავს დააღწევს, მშვიდი ნაფსის პატრონი ხდება.



ამიერიდან ეს ადამიანი ის აღარ არის, რაც იყო. ის ცნობიერების უმაღლეს საფეხურს

აღწევს. სულგრძელობა, მადლიერება, მუდმივი კმაყოფილება, მიუხედავად

სიძნელეებისა – აი, მისი მთავარი თვისებები.

ამის შემდეგ უკვე ერთიანობის ველი იწყება.



ამ სიბრტყეში მყოფი ადამიანი ყველაფრით ნასიამოვნებია, რასაც ღმერთი უგზავნის.

მას მიწიერი აღარაფერი აინტერესებს, რადგან ეგრეთ წოდებულ ნეტარ ნაფსს მიაღწია...

შემდეგი საფეხური არის მოამაგე ნაფსი, როცა ადამიანი კაცობრიობისათვის მანათობელ



ლამპრად ქცეულა და თავის ენერგიას უშურველად უნაწილებს ყველა მსურველს;

მოძღვრავს და ანათლებს მათ, როგორც ნამდვილი მასწავლებელი.



ასეთ ადამიანს ზოგჯერ ავადმყოფის განკურნების უნარიც ეძლევა. სადაც უნდა

წავიდეს იგი, სხვა ადამიანების ცხოვრებას აუცილებლად შეცვლის. რასაც უნდა

აკეთებდეს, ან მიელტვოდეს, მისი მთავარი მიზანია, სხვების მსახურების გზით

ემსახუროს უფალს. დასასრულ, არსებობს მეშვიდე საფეხური, სადაც ადამიანი

განწმენდილ ნაფსს აღწევს და ხდება ინსანალქამილი, ანუ სრულყოფილი მოკვდავი.

თუმცა, ამ საფეხურის შესახებ ბევრმა არაფერი იცის და რომც იცოდეს, დუმილს არჩევს.



ჭეშმარიტების ბილიკზე შემდგარი ადამიანის მიერ გასავლელ ამ საფეხურებზე

მსჯელობა და დასკვნების გაკეთება ადვილია, მაგრამ ამ სულიერი მსვლელობის

საკუთარ თავზე გამოცდა ძნელი რამ არის. გარდა იმისა, რომ მთელი ამ გზის

განმავლობაში ბევრი დაბრკოლება გვხვდება, მუდმივი წინსვლაც საეჭვო ხდება. ეს გზა

არ არის სწორხაზოვანი. ყოველთვის არსებობს იმის საშიშროება, რომ წინა საფეხურებზე

წაიფორხილებ და იქიდან ფეხს ვეღარ მოიცვლი. ზოგჯერ უმაღლესი საფეხურიდანაც კი

შეიძლება პირველზე დაენარცხო. მთელი ეს გზა მახეებით არის მოფენილი, ამიტომ არ

არის გასაკვირი, რომ საბოლოო საფეხურებისათვის ყოველ საუკუნეში მხოლოდ

ერთეულებს თუ მიუღწევიათ.



ყველაფერს მივხვდი: როცა შამსმა შეკითხვა დამისვა, მას წინასწარმეტყველისა და

სუფის შედარება ნაკლებად აინტერესებდა. სხვა რამის გაგება სურდა: სადამდე ვიყავი

წამსვლელი. ვიყავი თუ არა მზად, ყოველივე პიროვნული წამეშალა და ღმერთს

შევრწყმოდი. ანუ მის კითხვაში სხვა კითხვა იმალებოდა:

„შენს თავზე რას იტყვი, დიდო მოქადაგევ? შვიდი საფეხურიდან რომელზე ხარ

ამჟამად? როგორ ფიქრობ, გეყოფა თუ არა სითამამე, უფრო შორს, სულ ბოლომდე

წახვიდე? მითხარ, რამხელაა შენი ჭურჭელი?“



                                                                                              კერა



1244 წლის 18 დეკემბერი, კონია



ბედის სამდურავი არ უნდა წამოგცდეს, ვიცი, მაგრამ მაინც არ შემიძლია, არ გამოვთქვა

სინანული, რატომ არა ვარ უფრო განსწავლული რელიგიაში, ისტორიაში, ფილოსოფიასა

და ყველა იმ საგანში, რომლებზეც, ალბათ, მსჯელობდნენ ბიბლიოთეკაში დღედაღამ

ჩაკეტილი რუმი და შამსი.



ზოგჯერ გული მომდის, ქალად რად გავჩნდიმეთქი. გოგო რომ იბადება, მზარეულობას,

დალაგებას, სარეცხის რეცხვას, ძველი წინდების კემსვას, კარაქის დღვებას, ყველის

ამოყვანასა და ბავშვების დაპურებას ასწავლიან. ზოგიერთ ქალს სიყვარულის

ხელოვნებასაც აზიარებენ. უხსნიან, როგორ გახდეს მიმზიდველი მამაკაცისათვის.

მაგრამ სულ ეს არის. ქალს წიგნს არავინ აკარებს, ემანდ, თვალი არ აეხილოსო...

ჩვენი ქორწინების პირველ წელს შემთხვევას არ გავუშვებდი ხელიდან, რომ რუმის

ბიბლიოთეკაში არ შევპარულიყავი. ვიჯექი იქ, მისი სანუკვარი წიგნებით



გარშემორტყმული, ვისუნთქავდი მტვრისა და ობის სუნს და ვფიქრობდი, ნეტავ რა

საიდუმლოს ინახავენ-მეთქი ისინი. ვიცოდი, როგორ აღმერთებდა რუმი წიგნებს,

რომელთა უმრავლესობა მას განსვენებულმა მამამ ბაჰაუდდინმა გადასცა. ამ

წიგნებიდან ყველაზე მეტად „მაარიფი“ უყვარდა. რამდენი ღამე გაუთენებია თეთრად

მის კითხვაში, თუმცა მგონი, მთელი წიგნი ზეპირად იცოდა.



– ტომრებით ოქრო რომ შემომთავაზონ, მამაჩემის წიგნებს არაფერზე გავცვლი.

თითოეული ამ წიგნთაგანი ფასდაუდებელი მემკვიდრეობაა, რომელიც ჩემი

წინაპრებისაგან მერგო. ისინი მამაჩემისგან გადმომეცა, მე კი ჩემს ვაჟებს გადავულოცავ,

ამბობდა რუმი ხშირად.



მწარედ მახსოვს ერთი ამბავი, რომელიც ამ წიგნებს უკავშირდება. მაშინ პირველად

მივხვდი, რა ძვირფასი იყო ისინი რუმისთვის. ეს ამბავი ჩვენი ქორწინების პირველ წელს

მოხდა. ერთ დღეს სრულიად მარტო დავრჩი სახლში, თანაც მთელი დღით.

გადავწყვიტე, წიგნებისათვის მტვერი ჩამომეშორებინა. თაროებიდან ყველა წიგნს

სათითაოდ ვიღებდი და მათ ყდებს ვარდის წყალში ამოვლებული ხავერდის ჩვრით

მტვერს ვაცლიდი. ჩვენს ხალხს სწამს ახალგაზრდა ჯინის, სახელად ქებიქეჩის არსებობა,

რომელიც რატომღაც წიგნების გაფუჭებით იოხებს გულს. მის დასაფრთხობად ჩვენში

ერთი ჩვეულება არსებობს: ყოველ წიგნს შიგნით ასეთ წარწერას უკეთებენ: „განვედ,

ქებიქეჩ! შორს ამ წიგნისაგან!“ რა ვიცოდი მაშინ, რომ ამ წიგნებისაგან არა მხოლოდ

ქებიქეჩს, არამედ მეც შორს უნდა დამეჭირა თავი.



იმ დღეს მთელი ბიბლიოთეკის წიგნები გავწმინდე. თან ვსაქმიანობდი და თან

ვკითხულობდი: ღაზალის „რელიგიურ მოძღვრებათა განახლებასაც“ კი გადავავლე

თვალი. როგორც ჩანს, კარგა დრო გასულიყო, მაგრამ ამას მხოლოდ მაშინ მივხვდი, როცა

ზურგს უკან რაღაც შარიშური გავიგონე.



– კერა, რას აკეთებ მანდ?

რუმი იყო, სხვა ვინ იქნებოდა, არადა, ვეღარ ვცნობდი: პირგამეხებული იდგა, ხმა

გამკაცრებოდა... რვა წელია, ცოლქმარი ვართ და მაშინ პირველად დამელაპარაკა ასე

უკმეხად.

– რა ვიცი, წიგნებს ვწმენდ... ვიფიქრე, შინ რომ დაბრუნდება, გაუხარდება-მეთქი...

წავილუღლუღე ძლივს გასაგონად.



– გასაგებია, მაგრამ გთხოვ, ამიერიდან ჩემს წიგნებს ხელი არ ახლო. საერთოდ, ამ

ოთახში შემოსვლას თუ თავს აარიდებ, ძალიან დამავალებ.



ის დღე იყო და ის დღე, ბიბლიოთეკას აღარ გავკარებივარ, მაშინაც კი, როცა თავს

მარტო დავიგულებდი. ერთხელ და სამუდამოდ შევეგუე იმ აზრს, რომ წიგნების სამყარო

საჩემო არასოდეს ყოფილა და არც იქნებოდა.



მაგრამ როდესაც შამს თებრიზი გვესტუმრა და ჩემს ქმართან ერთად ბიბლიოთეკაში

ორმოცი დღით ჩაიკეტა, ისევ ადუღდა ჩემში ძველი წყენა. კვლავ გამეხსნა იარა,

რომელიც კარგა ხნის მოშუშებული მეგონა.



                                                                                                    კიმია



1244 წლის 20 დეკემბერი, კონია



ბალღობაში, თორმეტი წლისა მიშვილა რუმიმ, მთისძირა სოფელში მცხოვრები ერთი

უბირი გლეხის გოგო. ჩემი მშობლები მშრომელი ხალხი იყო, თავიანთი დღე და

მოსწრება წელებზე ფეხს იდგამდნენ და დროზე ადრე დაბერდნენ.



ერთი პატარა სახლი გვედგა. მე და ჩემს დას საზიარო ოთახი გვქონდა და იქ

ვცხოვრობდით ჩვენი დახოცილი და-ძმების აჩრდილებთან ერთად (ისინი ხუთნი იყვნენ

და ყველა მათგანი თავის დროზე სახადმა იმსხვერპლა).



მე მიცვალებულების სულებს ვხედავდი. ოჯახში სხვას არავის ჰქონდა ასეთი უნარი.

ჩემი და შიშით შემომყურებდა, დედაჩემი კი ტირილს იწყებდა, როცა დავიწყებდი

ხოლმე მოყოლას, აი, ახლა ამას აკეთებენ პატარა სულები, ახლა კი ამას-მეთქი.

რამდენჯერ მითქვამს, რომ ტყუილად შფოთავდნენ; ჩვენი პატარები საშიშებად სულაც

არ გამოიყურებოდნენ, არც შეწუხებულები ჩანდნენ... მაგრამ ვერა და ვერ შევასმინე ეს

ჩემს ოჯახს.



ერთხელ ჩვენს სოფელში ვიღაც მწირმა ჩამოიარა. ძალიან დაღლილი ჩანდა. მამამ შინ

შემოიპატიჟა და ღამის გათენება შესთავაზა. მიმწუხრისას ყველანი ბუხართან ვისხედით

და თხის ყველს ვბრაწავდით, მწირი კი შორეულ ქვეყნებზე ისეთ ამბებს გვიყვებოდა,

მონუსხულებივით ვუსმენდით. თვალდახუჭული ვუგდებდი ყურს მის ბუბუნს და

მასთან ერთად ვმოგზაურობდი: არაბეთის უდაბნოებშიც ვიხეტიალე; ჩრდილოეთ

აფრიკის ბედუინთა კარვებსაც ვესტუმრე; ხმელთაშუა ზღვად წოდებული ულურჯესი

ზღვის სანაპიროზეც ამოვყავი თავი; იქ ერთი დიდი, დაგრეხილი ნიჟარაც კი ვიპოვე,

ჯიბეში ჩავიდე და ვიფიქრე, მოდი, თავიდან ბოლომდე მოვივლი მთელ სანაპიროს-

მეთქი, მაგრამ რაღაც მძაფრმა, საზიზღარმა სუნმა შუა გზაზე გამაჩერა. როცა თვალი

გავახილე, იატაკზე გაშოტილს ირგვლივ აფორიაქებული ჩემიანები მეხვეოდნენ.

დედაჩემს ცალი ხელით ჩემი თავი ეჭირა, მეორით ხახვის ნაჭერს მჩრიდა ცხვირში.

– გონს მოვიდა! – იყვირა ჩემმა დამ და სიხარულით ტაში შემოჰკრა.



– მადლი უფალს! – შვებით ამოისუნთქა დედაჩემმა. მერე მწირს მიუბრუნდა და უთხრა:

– პატარაობიდან ჭირს ეს გულყრა ჩემს კიმიას. ხშირად ემართება ასე...

დილით მწირმა სტუმართმოყვარეობისათვის მადლობა გადაგვიხადა და

გამოგვემშვიდობა, მაგრამ წასვლის წინ მამაჩემს უთხრა:

– შენი ქალიშვილი კიმია უჩვეულო ბავშვია. ძალიან ნიჭიერია. ცოდოა ასეთი ნიჭის

დაკარგვა. სკოლაში უნდა გაუშვა...



– გოგო და განათლება სად გაგონილა?! – აღშფოთდა დედაჩემი. – გოგო გვერდით უნდა

მყავდეს და ხალიჩები ქსოვოს, სანამ არ გათხოვდება. მერედა, რომ იცოდეთ, რა

ოსტატია!



– მე კი გეუბნებით, რომ ერთ მშვენიერ დღეს მისგან კიდევ უკეთესი სწავლული

შეიძლება დადგეს. როგორც ხედავთ, ღმერთმა არ მოიძულა თქვენი ქალიშვილი იმის

გამო, რომ ქალია და დიდი ნიჭი უბოძა. თქვენ რა, ღმერთზე მეტი იცით? თუ სკოლაში



ვერ ატარებთ, რომელიმე სწავლულს მიაბარეთ, რომ ბავშვმა საკადრისი განათლება

მიიღოს, – თავისას არ იშლიდა მწირი.



დედამ უარის ნიშნად თავი გაიქნია, მაგრამ ვხედავდი, მამა სხვა აზრისა იყო. ვიცოდი,

მამას განათლება უყვარდა, ვიცოდი, ჩემს შესაძლებლობებს აფასებდა, ამიტომ არ

გამკვირვებია, როცა მწირს უთხრა:



– ნაცნობი სწავლულები ჩვენ არა გვყავს. სად შეიძლება ასეთი ადამიანის პოვნა?

სწორედ მაშინ წარმოთქვა მწირმა სახელი კაცისა, რომელსაც ჩემი მომავალი ცხოვრება

მთლიანად უნდა შეეცვალა.



– კონიაში მეგულება ერთი სწავლული. მისი სახელია მევლანა ჯალალედდინ რუმი.

კიმიასნაირ გოგოს სიხარულით დაიმოწაფებს. მიუყვანეთ ეს ბავშვი. არ ინანებთ.

როცა მწირი წავიდა, დედამ ხელები გაასავსავა:

– ხალხო, ფეხმძიმედ ვარ; მალე კიდევ ერთი სული გვეყოლება სარჩენი; ვიღაც ხომ

უნდა დამეხმაროს? გოგოს რად უნდა წიგნი?! გოგომ საოჯახო საქმე და ბავშვების მოვლა

უნდა იცოდეს!



სხვა რამე მაინც მოემიზეზებინა, გული ასე არ დამწყდებოდა. რომ ეთქვა, მომენატრება

და სხვის ოჯახში დროებითაც კი ვერ გავაბარებო, ალბათ, დარჩენას ვირჩევდი. მაგრამ

მსგავსი არაფერი უთქვამს. სამაგიეროდ, მამაჩემს დაუჯდა ჭკუაში მწირის რჩევა.

რამდენიმე დღეში კი მეც დავრწმუნდი, რომ მწირს ჭკუა მართლაც ეკითხებოდა. ცოტა

ხანში მე და მამაჩემი კონიას გავემგზავრეთ და მივადექით მედრესეს, სადაც რუმი

ასწავლიდა.



როცა რუმი დავინახე, ისე დავიმორცხვე, თვალი ვერ გავუსწორე და მის ხელებს

მივაჩერდი. მისი გრძელი, ჩამოქნილი, მოხდენილი თითები ხელოვანის თითებს უფრო

მიაგავდა, ვიდრე სწავლულისას.



– ჩემი ქალიშვილი ძალიან ნიჭიერია. მე და ჩემი ცოლი უბირი ხალხი ვართ. გავიგეთ,

რომ ჩვენს მხარეში ყველაზე ნასწავლი კაცი ბრძანდები. ხომ არ დაიმოწაფებდი? – უთხრა

მამაჩემმა და ხელი მკრა.



რუმისთვის არ შემიხედავს, მაგრამ ისედაც მივხვდი, რომ არაფერი გაკვირვებია.

ეტყობოდა, მიჩვეული იყო მსგავს თხოვნებს. სანამ ის და მამაჩემი საუბრით იყვნენ

გართულნი, მედრესეს ეზოში შევედი. ეზო ბიჭებით იყო სავსე, გოგო არსად ჭაჭანებდა,

ამიტომ ძალიან გამიკვირდა და მესიამოვნა, როცა ერთ კუთხეში ახალგაზრდა ქალი

დავლანდე. თავისთვის იდგა. მრგვალი, თეთრი, მშვიდი სახე მარმარილოს ქანდაკებას

მიუგავდა. ხელი დავუქნიე. თავიდან შეცბა, მაგრამ ცოტა ხნის ყოყმანის შემდეგ

თვითონაც დამიქნია ხელი.



– გაგიმარჯოს, გოგონი. ნუთუ მხედავ? – მკითხა მან.

თავი დავუქნიე.

გაიბადრა, გულიანად გამიღიმა და ტაში შემოჰკრა.

– რა კარგია! სხვა ვერავინ მხედავს!

მერე ერთად დავიძარით მამაჩემისა და რუმისაკენ. მეგონა, ახალგაზრდა ქალის

დანახვისას საუბარს შეწყვეტდნენ, მაგრამ ის მართალი გამოდგა – ვერ ხედავდნენ.



– კიმია, მოდი ჩვენთან! – დამიძახა რუმიმ. – მამაშენი მეუბნება, სწავლა უყვარსო.

მითხარი, მაინც რა გიტაცებს წიგნებში ყველაზე მეტად?

ყელში ბურთი გამეჩხირა. გავშეშდი, პასუხი ვერ გავეცი.



– ხმა ამოიღე, გოგო, – წამჩურჩულა ნირწამხდარმა მამაჩემმა.

რაღაც ისეთი მინდოდა მეპასუხა, რითაც მამაჩემი იამაყებდა, მაგრამ სათქმელს თავი

ვერ მოვუყარე და სასოწარკვეთილი ოხვრაღა აღმომხდა. ალბათ, იმ დღეს პირში

ჩალაგამოვლებულები დავბრუნდებოდით სოფელში, ის ახალგაზრდა ქალი რომ არ

ჩარეულიყო. მან ხელი ჩამავლო და წამჩურჩულა:

– სიმართლე უთხარი. არ წააგებ, გპირდები.

შვებით ამოვისუნთქე, რუმის მივუბრუნდი და ვთქვი:



– ჩემთვის დიდი პატივი იქნება, ყურანს თუ გამაცნობ და შემასწავლი, მოძღვარო.

დღედაღამ ვიმეცადინებ, შრომის არ მეშინია.

რუმის სახე გაუბრწყინდა.

– ძალიან კარგი, – მიპასუხა მაშინვე, მაგრამ წამით გაირინდა, თითქოს, რაღაც

უსიამოვნო გაახსენდაო.



– ეგ არის, რომ გოგო ხარ. რაგინდ თავგამოდებით უნდა ვიმეცადინოთ და წარმატებას

მივაღწიოთ, მალე გათხოვდები, შვილებს გააჩენ და წლობით ნასწავლი წყალში

ჩაგვეყრება...

არ ვიცოდი, რა მეთქვა. დავფრთხი, თითქმის დამნაშავედ ვიგრძენი თავი. მამაჩემიც

უხერხულად შეიშმუშნა და უნებურად ფეხსაცმელზე დაიხედა.

მაგრამ ამასობაში ისევ ის ყმაწვილი ქალი წამომეშველა:

– უთხარი, შენი ცოლი ყოველთვის ქალიშვილზე ოცნებობდა და ახლა თუ

დამიმოწაფებ, გაიხარებს-თქო.



როცა მისი ნათქვამი რუმის გადავეცი, გაიცინა.

– როგორც გატყობ, ჩემს ოჯახში სტუმრად ყოფილხარ და ჩემს ცოლს გასაუბრებიხარ,

მაგრამ გარწმუნებ, კერა ჩემს საქმიანობაში არასოდეს ერევა.

ახალგაზრდა ქალმა სინანულით გაიქნია თავი და ყურში ჩამჩურჩულა:

– უთხარი, რომ მის მეორე ცოლს, კერას კი არ გულისხმობდი, არამედ გევერს, მისი

ვაჟების დედას.



– მე შენი ვაჟების დედას, გევერს ვგულისხმობდი, – ვუთხარი რუმის, თანაც ქალის

სახელი რაც შეიძლება მკაფიოდ წარმოვთქვი.

რუმი გაფითრდა.

– გევერი მკვდარია, ბალღო, – მითხრა მშრალად, – შენ რა იცი ჩემი გარდაცვლილი

ცოლის შესახებ? რაღაც, ხუმრობას ვერ მიგიხვდი...

საუბარში მამაჩემი ჩაერია.

– გარწმუნებ, მოძღვარო, შენი წყენინება არც უფიქრია. დამიჯერე, კიმია დინჯი გოგოა,

უფროსი და უმცროსი ნამდვილად არ ეშლება.

მივხვდი, სიმართლის თქმა მომიწევდა.



– შენი გარდაცვლილი მეუღლე აქ არის, მოძღვარო. ახლა ჩემი ხელი უჭირავს და

მაგულიანებს. მუქი, ნუშისებრი თვალები აქვს, სახე ლამაზად აქვს დაჭორფლილი და

გრძელი, ყვითელი კაბა აცვია.



წამით დავდუმდი, რადგან შევამჩნიე, ახალგაზრდა ქალი თავის ქოშებზე

მიმითითებდა.

– აი, ახლა უნდა, მის ქოშებზე გელაპარაკო. ხასხასა ნარინჯისფერი აბრეშუმის ლამაზი

ქოშები აცვია, წითელი ყვავილებით მოქარგული.

– ეგ ქოშები ერთხელ დამასკოდან ჩამოვუტანე, – თქვა რუმიმ და თვალები ცრემლით

აევსო, – ძალიან მოსწონდა...



ამის შემდეგ სწავლული კარგა ხანს დუმდა და წვერზე ხელს ისვამდა. ჩანდა, ფიქრებით

შორს იყო ჩვენგან, მაგრამ როცა კვლავ ალაპარაკდა, სულ სხვა ხმა ჰქონდა: თბილი,

რბილი და აუმღვრეველი.

– ახლა კი ვხვდები, ტყუილად რომ არ უქებენ შენს ქალიშვილს ნიჭს, – უთხრა რუმიმ

მამაჩემს, – მოდი, შინ მესტუმრეთ, ვისადილოთ და ამ ბავშვის მომავალზე ვიმსჯელოთ.

დარწმუნებული ვარ, საუცხოო მოწაფე დადგება. ბევრ ვაჟს აჯობებს.

შემდეგ მე მომიბრუნდა და მკითხა:



– გევერს თუ ეტყვი იმას, რაც ახლა ვთქვი?

– არ არის საჭირო, მოძღვარო. გევერმა გაიგონა შენი ნათქვამი, – ვუთხარი მე. – ახლა კი

ამბობს, რომ უნდა დაგვტოვოს, თუმცა, იმასაც ამბობს, რომ მუდამ სიყვარულით

გადევნებს თვალს.

რუმიმ თბილად გაიღიმა. მამაჩემმაც. ერთბაშად ყველას გულზე მოგვეშვა. იმ წუთიდან

ვიცოდი, რომ ამ შეხვედრას მნიშვნელოვანი შედეგები მოჰყვებოდა. დედაჩემთან ახლოს

არასოდეს ვყოფილვარ და თითქოს ამ დანაკლისის შესავსებად ღმერთი ორ მამას

მჩუქნიდა – ნამდვილსა და მამობილს.



აი, ასე მოვხვდი ერთი მორცხვი დასწავლას მოწყურებული გოგონა წლების წინ რუმის

ოჯახში. კერა თავს მევლებოდა და დედის მაგივრობას მიწევდა, რუმის ვაჟებიც

გულთბილად შემხვდნენ, განსაკუთრებით უფროსი, რომელმაც დროთა განმავლობაში

ნამდვილი ძმობა გამიწია.



მართალი გამოდგა ის მწირი. ჩემიანები ძალიან მენატრებოდა, მაგრამ კონიაში

ჩამოსვლა და რუმის ოჯახში ცხოვრება ერთი წუთითაც არ მინანია. ამ ჭერქვეშ ბევრი

ბედნიერი წუთი გავატარე... ოღონდ მანამდე, სანამ შამს თებრიზი გვესტუმრებოდა.

მისმა გამოჩენამ ყველაფერი შეცვალა...



                                                                                          ელა



2008 წლის 9 ივნისი, ნორთჰემპტონი



ბუნებით მარტოობის მოყვარული არასოდეს ყოფილა, მაგრამ ამ ბოლო დროს აშკარად

გრძნობდა, რომ მარტო ყოფნა ერჩივნა. დიდი გულმოდგინებით ასრულებდა

ლიტ-სააგენტოს დავალებას და მიშელს ვადის ერთი კვირით გადაწევაც კი სთხოვა.

უფრო ადრეც შეეძლო დასრულება, მაგრამ არ ჩქარობდა, რადგან ამ სამუშაომ საშუალება

მისცა, საკუთარ თავს ჩაღრმავებოდა, ოჯახურ მოვალეობებს გაქცეოდა და დიდი ხნის

მომწიფებულ ცოლქმრულ დაპირისპირებაზეც დაფიქრებულიყო.



ამ კვირაში პირველად გააცდინა მზარეულთა კლუბის მეცადინეობა. არც საჭმლის

თითხნის გუნებაზე იყო და არც იმ ქალების ყბედობის მოსმენის თავი ჰქონდა, ერთნაირი

ცხოვრებით რომ ცხოვრობდნენ. სურდა, პირველ რიგში საკუთარ ცხოვრებაში

გარკვეულიყო. ამიტომ კლუბში დარეკა და ავადმყოფობა მოიმიზეზა.



აზიზთან მიმოწერას, ცხადია, საიდუმლოდ ინახავდა, მაგრამ ამ საიდუმლომ იბარტყა

და სხვა საიდუმლოებებიც შვა: აზიზმა არ იცოდა, რომ ელა არა მხოლოდ კითხულობდა

მის რომანს, არამედ-ანგარიშსაც წერდა მასზე; ლიტ-სააგენტომ არ იცოდა, რომ ელას

ფარული ფლირტი ჰქონდა რომანის ავტორთან; ელას ქმარშვილმა კი არც ავტორზე

იცოდა რამე, არც რომანის შინაარსსა და არც ფლირტზე. ამრიგად, სულ რამდენიმე

კვირაში ელას ცხოვრება, აქამდე რომ ახალშობილის კანივით სუფთა და გამჭვირვალე

იყო, ფარული ზრახვებითა და სიცრუით სავსე ცხოვრებად იქცა.



გასაკვირი ის იყო, რომ ეს ცვლილება დიდად არ აწუხებდა. თითქოს რაღაც დიდ

მოვლენას ელოდა რუდუნებითა და მოთმინებით და ეს აუხსნელი, ირაციონალური

მოლოდინი მის ბოლოდროინდელ განწყობას ერთგვარ ხიბლს მატებდა.



გასაიდუმლოების მიუხედავად, ამ ყველაფერში მართლაც იყო რაღაც მიმზიდველი.

ელა ელფოსტით ურთიერთობას აღარ დასჯერდა, აზიზს ტელეფონით შეეხმიანა და

ახლა, მიუხედავად ხუთსაათიანი განსხვავებისა, ისინი თითქმის ყოველდღე

ტელეფონით საუბრობდნენ.



ერთ-ერთი საუბრის დროს აზიზმა უთხრა:

– ისე ხმადაბლა, გაუბედავად და ნაწყვეტნაწყვეტად იცინი, თითქოს დარწმუნებული

არ ხარ, რომ სიცილის უფლება გაქვს; ასე ისინი იცინიან, ვინც სხვების აზრს ვერასოდეს

გადააბიჯებს, რადგან მსგავსი რამ მისთვის არ უსწავლებიათ.

– მიუშვი შენი თავი! – ხშირად აგულიანებდა იგი ელას.



საით უნდა „მიეშვა“? მის ირგვლივ იმ დროს ყველაფერი ბორგავდა. ოჯახში უამრავი

რაღაც ხდებოდა. ეივიმ მათემატიკაში კერძო მეცადინეობა დაიწყო; ორლიმ

დახმარებისთვის დიეტოლოგს მიმართა და მისი რჩევების გათვალისწინება დაიწყო. იმ

დილით ნახევარი ომლეტი შეჭამა. ასეთი მსუყე საჭმელი საუკუნე იყო, არ ეჭამა და

თუმცა კერძის კალორიულობა მაშინვე გადაამოწმა, ეს მაინც გამარჯვება იყო. მარტო ის

რად ღირდა, რომ ჭამის შემდეგ თავი დამნაშავედ არ იგრძნო და მაშინვე გული არ აირია.

ამასობაში კიდევ ერთი ბომბი გასკდა: ჯენეტმა გამოაცხადა, სკოტს ვშორდებიო.

განმარტებებით თავი არ შეუწუხებია, მხოლოდ თქვა, ორივეს მეტი სივრცე გვჭირდებაო.



„სივრცეში“, როგორც ჩანს, ახალი სიყვარული იგულისხმებოდა, რადგან არც ერთი

მათგანი განშორების შემდეგ კენტად დიდხანს არ დარჩენილა.

ელას ძალიან აკვირვებდა ურთიერთობების ეს ელვისებური ცვალებადობა, მაგრამ ამ

ბოლო დროს ადამიანთა განსჯას ერიდებოდა. აზიზთან მიმოწერისას უპირველესად

სწორედ ეს ისწავლა: რაც უფრო მშვიდად მიიღებდა ყველაფერს, შვილებიც უფრო მეტად

გაუწევდნენ ანგარიშს.



და მართლაც, როგორც კი შვილების კუდში დევნა შეწყვიტა, აღარც ისინი გაურბოდნენ.

როგორღაც თავისით ჩაწყნარდა და მოგვარდა ყველაფერი, თანაც ბევრად უფრო

სწრაფად, ვიდრე წარსულში, როცა ელა ყველაფრის გამოსწორებას და ყველას

დახმარებას ცდილობდა.



არადა ამ შედეგის მისაღწევად განსაკუთრებულს თითქოს არაფერს აკეთებდა!

უბრალოდ, თუ ადრე შეუმჩნევლად ცდილობდა ოჯახის წევრების შეკავშირებას,

ამჯერად უტყვი დამკვირვებლის როლი მოირგო. მოვლენებს თვალს ადევნებდა და

მართალია, მთლად გულგრილი ვერ იყო, მაგრამ აღარც ადრინდელივით ახლოს

მიჰქონდა გულთან ყველაფერი.



როცა ერთხელ და სამუდამოდ მიხვდა, რომ რაც შეიძლება ნაკლები უნდა ენერვიულა

იმაზე, რასაც ვერ განაგებდა, მის არსებაში ვიღაც სხვა ადამიანმა გაიღვიძა; ეს „ვიღაც“

უფრო ბრძენი, უფრო მშვიდი და უფრო გონიერი იყო.

„მეხუთე ელემენტი... მეხუთე ელემენტი... მიიღე და გაითავისე სიცარიელე...“ – ხშირად

იმეორებდა გულში.



მისმა ქმარმა ცოტა ხანში შეამჩნია, რაღაც უცნაური რომ ხდებოდა ცოლის თავს. ეს ქალი

ელას აღარ ჰგავდა. იქნებ ამიტომაც გაუჩნდა მასთან მეტი დროის გატარების სურვილი?

ამ ბოლო დროს სახლში ჩვეულებრივზე ადრე ბრუნდებოდა და ელამ თავისთვის

ივარაუდა, რომ დევიდი სხვა ქალებს აღარ ხვდებოდა.

– ხომ მშვიდობაა, ფისო? – ეკითხებოდა ცოლს ხშირხშირად.

– კი, მშვიდობაა. – უპასუხებდა ელა ღიმილით.



როგორც კი თავის საკუთარ სივრცეში განმარტოვდა, მის თვალწინ თითქოს უეცრად

ფარდა აეხადა ყოვლად უმაქნის ეტიკეტს, რომლის მიღმა მათ ხანგრძლივ ქორწინებას

საღათას ძილით ეძინა. და ახლა, როცა ორივემ თვალთმაქცობას თავი დაანება, მათი

ურთიერთობის ყველა შეცდომა და მანკიერი მხარე ერთბაშად გამოვლინდა. ელამ

მსახიობობაზე ხელი აიღო და ხედავდა, რომ დევიდიც იმავეს ლამობდა. სუფრასთან რომ

ისხდნენ, ისე მშვიდად საუბრობდნენ დღის მოვლენებზე, თითქოს ბირჟის

ინვესტიციებზე მსჯელობდნენ. ზოგჯერ ჩუმდებოდნენ კიდეც, მაგრამ ეს სიჩუმე

სრულიად არ აღელვებდათ. არც ერთი მათგანი თვალს აღარ ხუჭავდა იმაზე, რომ ბევრი

აღარაფერი ჰქონდათ სალაპარაკო. ყოველ შემთხვევაში, ამიერიდან.



ზოგჯერ ელა ქმრის დაჟინებულ მზერას იჭერდა. დევიდს აშკარად ერთი სული ჰქონდა,

ცოლს რამე ეთქვა მისთვის, თუნდაც უმნიშვნელო. ელა გრძნობდა, ახლა ქმრისთვის

მისი საყვარლების შესახებ რამე რომ ეკითხა, გულს სიამოვნებით გადაუშლიდა. მაგრამ

აღარ იყო დარწმუნებული, რომ ეს უნდოდა.



ადრე ურთიერთობის მოგვარების სურვილი ისეთი დიდი იყო, რომ თავის

მოტყუებასაც არ ერიდებოდა. ახლა კი ქმარს აგრძნობინა, რომ ძალიან კარგად იცოდა,

სად დადიოდა, მაგრამ აღარ აინტერესებდა. სწორედ ამ უჩვეულო გაუცხოებამ

დააფრთხო დევიდი.



სხვათა შორის, ელას მისი კარგად ესმოდა, რადგან გულის სიღრმეში თავადაც

შეშინებული იყო. ორიოდე თვის წინ დევიდს რომ თუნდაც ერთი ნაბიჯი გადმოედგა

მდგომარეობის გამოსასწორებლად, ელა, ალბათ, მადლიერი იქნებოდა და ქმრის ამგვარი

მცდელობა ესიამოვნებოდა. ახლა კი სულ სხვა ვითარება იყო.

ელას არც კი სჯეროდა, რომ ეს ყველაფერი სინამდვილეში ხდებოდა მის თავს. როგორ

მივიდა აქამდე? როგორ აღმოაჩინა ერთ მშვენიერ დღეს ყველაფრით

უზრუნველყოფილმა ადამიანმა და სამი შვილის დედამ, რომ თურმე მხოლოდ ერთი

გულგატეხილი ქალია? და რაც ყველაზე მთავარია: თუკი მართლაც ასეთი უბედური

იყო, როგორც ჯენეტს უთხრა იმ დღეს, რატომ არ იქცეოდა ისე, როგორც უბედური

ადამიანები იქცევიან? აბაზანაში ჩაკეტილი რატომ არ ქვითინებდა, ჭურჭლის რეცხვის

დროს რატომ არ იცრემლებოდა, სახლიდან შორს რატომ არ მიუწევდა გული, რატომ არ

ლეწავდა ყველაფერს? რატომ?!..



მთელ მის არსებას უჩვეულო სიმშვიდე დაეპატრონა. არასდროს უგრძნია თავი ასე

გაწონასწორებულად, მიუხედავად იმისა, რომ შეჩვეულ ცხოვრებას ელვის სისწრაფით

შორდებოდა. დილაობით დიდხანს, გულმოდგინედ იყურებოდა სარკეში, რომ თავის

სახეზე რაიმე ცვლილება შეემჩნია. გაახალგაზრდავდა? გალამაზდა? გამოცოცხლდა? არა,

მსგავსს ვერაფერს ხედავდა. თითქოს არაფერი შეცვლილიყო... და მაინც აღარაფერი

დარჩენილიყო უწინდებურად.



                                                                                            კერა



1245 წლის 5 მაისი, კონია



ბუნებამ ფერი იცვალა ერთ დროს თოვლით დამძიმებული ხის ტოტები გაიკვირტა,

შამსი კი არა და არ იძვრის ჩვენი ოჯახიდან...



ქმარზე სულ თვალი მიჭირავს და ვხედავ, ის სულ სხვა კაცად იქცა. ყოველდღიურად

მშორდება მეცა და მთელ ოჯახსაც. თავიდან მეგონა, ერთმანეთი მალე

მობეზრდებოდათ, მაგრამ ნურას უკაცრავად. კიდევ უფრო მიეჯაჭვნენ ერთმანეთს. ხან

უცნაურად გაყუჩდებიან, ხან შეუჩერებლად ბუტბუტებენ; შიგადაშიგ გადაიხარხარებენ

ხოლმე. განცვიფრებასა ვარ, როგორ არ ელევათ სალაპარაკო...



შამსთან ყოველი ახალი გასაუბრების შემდეგ რუმი სხვა კაცი ხდება, თანდათან

გვიუცხოვდება. ვეღარ გაეკარები, თითქოს სააქაოს აღარ არის, თითქოს ვიღაცამ ბანგი

შეასვა, რომელსაც ვერც თვალით ხედავ და ვერც გემოს უსინჯავ. ერთმანეთზე

გადაჯაჭვულმა ამ ორმა კაცმა თითქოს ერთ ბუდეში მოიკალათა, რომელშიც

მესამისთვის ადგილი აღარ დარჩენილა. თავებსაც ერთდროულად აკანტურებენ,

ღიმილითაც ერთდროულად იღიმებიან, ერთდროულად გადაიხარხარებენ ხოლმე,



ერთდროულად იჭმუხნიან შუბლებს, საუბრის დროს მრავალმნიშვნელოვნად

ჩააშტერდებიან ხოლმე ერთმანეთს თვალებში.



გუნებაც ერთნაირად ეცვლებათ. არის დღეები, როცა ნიავივით წყნარები არიან,

არაფერს ჭამენ, ხმას არ იღებენ, მაგრამ ზოგჯერ ისე აწრიალდებიან, ისეთი

აღტყინებულები ხდებიან, რომ შეშლილებს ემსგავსებიან.



ერთი სიტყვით, ჩემს ქმარს ვეღარ ვცნობ. კაცი, რომელსაც რვა წელზე მეტია ცოლობას

ვუწევ, კაცი, რომლის შვილებს დედობა გავუწიე და ღვიძლ შვილში არ ვარჩევდი, კაცი,

რომელსაც შვილი გავუჩინე, სრულიად უცხო გახდა ჩემთვის. მასთან სიახლოვეს

მხოლოდ მაშინ ვგრძნობ, როცა ღრმად სძინავს. ამ ბოლო დროს ღამეებს თეთრად

ვათენებ. მისი სუნთქვის რიტმს ვუგდებ ყურს. მისი ფშვინვა ნაზი ჩურჩულივით

მელამუნება კანზე, მისი გულისცემა სმენას მიტკბობს, შვებას მგვრის და თითქოს ესღა

შემახსენებს, რომ იგი ჯერ კიდევ ჩემი ქმარია. სულ თავს ვინუგეშებ: ეს დროებითია,

შამსი მოხეტიალე დავრიშია, ერთხელაც იქნება, წავა, რუმი კი ჩემთან დარჩება, ის ხომ ამ

ქალაქს ეკუთვნის, თავის მოწაფეებს სჭირდებათ-მეთქი...



უნდა დაველოდო ამ წუთს, სხვა რა დამრჩენია? მაგრამ თმენა იოლი არ არის და რაც

დრო გადის, უფრო მიძნელდება.

როცა ძალიან დავღონდები, ძველ დროს ვიხსენებ. განსაკუთრებით იმ დღეებს, როცა

მიუხედავად ყველა სიძნელისა, რუმი მხარში მედგა.



– კერა ქრისტიანია. ისლამიც რომ მიიღოს, ჩვენიანი მაინც არასოდეს გახდება...

გამორჩეულმა მაჰმადიანმა ღვთისმეტყველმა სხვა სარწმუნოების ქალზე არ უნდა

იქორწინოს... – ასისინდა ხალხი, როცა ჩვენი მოსალოდნელი ქორწინების შესახებ ხმა

გავარდა. მაგრამ რუმი მათ ყურადღებას არ აქცევდა, არც მაშინ და არც შემდგომ.

ამისთვის ყოველთვის მისი მადლიერი ვიქნები.



ანატოლია სარწმუნოებების, ერების, კერძების აღრევის ადგილია. თუკი ერთ საჭმელს

ვჭამთ, ერთსა და იმავე ნაღვლიან სიმღერებს ვმღერით, ერთი და იმავე ცრურწმენების

გვჯერა და ღამღამობით ერთსა და იმავე სიზმრებს ვხედავთ, რატომ ვერ უნდა

ვიცხოვროთ ერთად?



არაერთხელ მინახავს, ქრისტიანი ბავშვისთვის მაჰმადიანური სახელი რომ

შეურქმევიათ, მაჰმადიანი ბავშვებისთვის კი ქრისტიან დედებს ძუძუ უწოვებიათ. ეს

ქვეყანა ერთ დიდ მდინარეს ჰგავს, წყალი კი, ხომ იცით, არაფერს აჩერებს ერთ ადგილას

და ყველაფერს ერთმანეთში ურევს. ასე რომ, ზღვარი ქრისტიანობასა და ისლამს შორის

(თუკი ის მართლაც არსებობს) გაცილებით უფრო ადვილად გადასალახია, ვიდრე ორივე

სარწმუნოების ღვთისმეტყველებს ჰგონიათ.



რადგან სახელოვანი სწავლულის ცოლი ვარ, ხალხს მიაჩნია, რომ მათზე მაღალი

წარმოდგენა უნდა მქონდეს, მაგრამ სინამდვილეში ასე არ არის. სწავლულებმა უდავოდ

ბევრი იციან, მაგრამ როცა საქმე რწმენას ეხება, არა მგონია, ბევრი ცოდნა სასარგებლო

იყოს. ისე მაღალფარდოვნად ლაპარაკობენ, ზოგჯერ ვერც კი გაუგებ.

მაჰმადიანი ღვთისმეტყველები ქრისტიანებს სამების აღიარების გამო საყვედურობენ,

ქრისტიანები კი მაჰმადიანებს ამუნათებენ, ყურანის იქით ვერაფერს ხედავთო. მათი



მოსმენისას უნებურად იფიქრებ, რომ ეს ორი სარწმუნოება ძალიან დაშორებულია

ერთმანეთს. მაგრამ ერთი რამ ცხადია: თუ კარგად ჩაუღრმავდები, რიგით ქრისტიანსა

და რიგით მუსლიმს მეტი აქვთ საერთო, ვიდრე ორივე მხარის ღვთისმეტყველთ.

ამბობენ, ქრისტიანად მოქცეული მაჰმადიანისათვის ყველაზე ძნელი სამების

აღიარებაა, მაჰმადის სჯულზე მოქცეული ქრისტიანისთვის კი სამების უარყოფაო. აკი

ყურანში თვით იესო ამბობს, უფლის მსახური ვარ, მან გადმომცა წიგნი და მაქცია

მოციქულად თვისადო.



რჯულის შეცვლის შემდეგ ისე არაფერი გამძნელებია, როგორც მარიამთან განშორება

(თვით ის აზრიც კი არ მეუცხოვა და არ მეხამუშა, რომ იესო უფლის მსახურია და არა

ძე). მე ეს არავისთვის მითქვამს, თვით რუმისთვისაც კი, მაგრამ ზოგჯერ დედა მარიამის

კეთილი, თაფლისფერი თვალების ნახვა მენატრება. ყოველთვის მამშვიდებდა მისი

მზერა...

მართალი გითხრათ, რაც შამს თებრიზი ჩვენთან დასახლდა, ისეთი დაზაფრული და

თავგზააბნეული ვარ, რომ მარიამისკენ კიდევ უფრო გამიწია გულმა. სისხლი მიდუღს,

ვერა და ვერ ვთოკავ ლოცვის წყურვილს. ასეთ წუთებში თავს დამნაშავედ ვგრძნობ

ხოლმე, თითქოს ჩემს ახალ მრწამსს ვღალატობ.



ეს ამბავი არავინ იცის, მეზობლის ქალმა საფიამაც კი, რომელიც სხვა მხრივ ჩემი

მესაიდუმლეა. თუმცა, რომ ვუთხრა, მაინც ვერ გაიგებს.

ნეტავ შემეძლოს ქმარს გავენდო, მაგრამ რა ვქნა? ისედაც აღარ მიკარებს და მეშინია,

სამუდამოდ არ დავკარგო. რუმი ყველაფერი იყო ჩემთვის. ახლა კი უცხოა. ვერც კი

წარმოვიდგენდი ოდესმე, რომ ასეთი რამ შესაძლებელი იყო: კაცთან ერთ ჭერქვეშ

ცხოვრობდე, ერთ საწოლში იწვე და მაინც გრძნობდე, რომ ის შენთან არ არის.



                                                            შამს თებრიზი



1245 წლის 12 ივნისი, კონია



ბრმადმორწმუნევ! ყოველ რამადანს უფლის სახელით მარხულობ და ყოველ აიდს

ცოდვების მოსანანიებლად უფალს ცხვარს ან თხას სწირავ, შენი დღე და მოსწრება მექას

მიილტვი და ხუთჯერ დღეში ემხობი სალოცავ ხალიჩაზე, მაგრამ თუ შენს გულში

სიყვარულისათვის ადგილი არ დარჩენილა, რაღა გრჯის მაშინ?!

სიტყვა „რწმენა“, თუ მას სარჩულად სიყვარული არ უდევს, ერთი რიგითი, დუნე,

უსიცოცხლო და ფუყე სიტყვაა, რომელიც გულიდან არ მოდის.



ამათ ხომ არ ჰგონიათ, რომ ღმერთი მედინაში, მექაში ან რომელიმე ადგილობრივ

მეჩეთში ცხოვრობს? ის ხომ გარკვევით გვეუბნება: „ჩემი სავანე არც ზეცაა მხოლოდ და

არც დედამიწა, ჩემი ერთგული მსახურის რწმენით სავსე გულია სავანე ჩემი!..“



ვაი, იმ უგუნურს, ვინც ფიქრობს, რომ მოკვდავის გონება ყოვლისშემძლე უფალს იტევს.

ვაი, იმ უგნურს, ვინც ფიქრობს, რომ ღმერთთან გარიგებას მოახერხებს. ამათ ღმერთი

დახლიდარი ხომ არ ჰგონიათ, რომელიც ჩვენს სიქველეს, ან სიავეს სასწორზე წონის?

ამათ ღმერთი წვრილი მოხელე ხომ არ ჰგონიათ, რომელიც დავთარში დაწვრილებით



იწერს ჩვენს ცოდვებს, რომ ეს ვალი მერე გადავუხადოთ? ასე ესმით მათ ერთიანობის

ცნება?!

არა, არც მედუქნეა უფალი ჩემი და არც მედავთრე. დიდებულია უფალი ჩემი! იგი

ცოცხალი უფალია! რად მინდა მკვდარი ღმერთი? დიახ, ცოცხალია იგი. სახელი მისი

არის ალჰაი, ანუ მარად ცოცხალი. რად მინდა დაუსრულებელი შიში და შფოთვა,

ათასნაირი ტაბუთი ხელფეხშებორკილს? ულევია მისი თანალმობა. სახელი მისი არის

ალვადუდი, ანუ ღირსად საქები.



ქებას ვუძღვნი მას. ქებას ვუძღვნი სიტყვითაც და საქმითაც. ისე ბუნებრივად და

ძალდაუტანებლად ვაკეთებ ამას, როგორც ვსუნთქავ. სახელი მისი არის ალჰამიდი...

რისთვისღა უნდა ვავრცელო ჭორი და ცილისწამება, თუკი ვიცი, რომ მას ყველაფერი

ესმის და ყველაფერს ხედავს? სახელი მისი არის ალბაიოსრი... იგავმიუწვდომელია

მშვენიერება მისი.



მისი სახელებია ალჯამალი, ალქაიუმი, ალრაჰმანი, ალრაჰიმი...

შიმშილისა თუ წყალდიდობის დროს, მშიერი თუ მწყურვალი, დაუსრულებლად

ვიმღერებ და ვიცეკვებ მისთვის, სანამ მუხლი არ მომეკვეთება და გული ძგერას არ

შეწყვეტს. ნაფლეთებად ვაქცევ ჩემს „მეს,“ სანამ საბოლოოდ არ შევერწყმები არარას.

სრულ სიცარიელეში მოხეტიალე ყარიბად ვიქცევი, მისი დიადი ნაგებობის ნამუსრევი

და მტვერთა მტვერი; მადლიერებით, სიხარულით, დაუცხრომლად ვაქებ და ვადიდებ

დიდებულებას და დიდსულოვნებას მისას. მადლს მივაგებ ყველაფრისათვის, რაც მომცა

და რაზეც უარი მითხრა, რადგან მხოლოდ მან იცის, რა არის ჩემთვის უმჯობესი.

ერთ-ერთი ჩემი წესი მაგონდება და ამ სიტყვების წარმოთქმისას გულში სიხარული და

იმედის ტალღა ზვავდება:



„ღვთის შექმნილ არსთა შორის ადამიანს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. აკი

ამბობს უფალი: „მე მას ჩავბერე სული ჩემი“. თითოეული ჩვენგანი ამ ქვეყნად ღვთის

წარმოგზავნილია. ჰკითხე შენს თავს, ხშირად იქცევი, როგორც ღვთის წარგზავნილი?

თუკი საერთოდ იქცევი ასე ოდესმე. გახსოვდეს, თითოეულმა ჩვენგანმა საკუთარ

არსებაში უნდა აღმოაჩინოს ღვთიური სული და მისი კარნახით იცხოვროს...“

იმის მაგივრად, რომ ღვთის სიყვარულში მთლიანად დაინთქან და საკუთარ

თავკერძობას ომი გამოუცხადონ, ბრმადმორწმუნენი სხვა ხალხებს ებრძვიან და ჩვენ

ირგვლივ შიშის ზვირთებს აგორებენ, ხოლო როცა სამყაროს შეშინებული თვალებით

უმზერ, ყოველთვის დაინახავ ისეთ რამეს, რაც შიშს მოგგვრის.



მიწისძვრას, გვალვას ან სხვა უბედურებას ღვთის რისხვის ნიშნად მიიჩნევენ, თითქოს

ღმერთი არ ამბობდეს, ჩემი თანალმობა ჩემს რისხვაზე ძლიერიაო... ამა თუ იმ მიზეზით

მუდამ ვიღაცაზე გაბუტულები ყოვლისშემძლისაგან ელიან, რომ ჩაერიოს მათ უბადრუკ

ცხოვრებაში და მათ მაგივრად იძიოს შური. მათი ცხოვრება არის დაუსრულებელი

ღვარძლი, მტრობა და უკმაყოფილება, შავი ღრუბელივით მუდამ თან რომ სდევთ,

წარსულსაც რომ უჩრდილავთ და მომავალსაც...



რწმენას აქვს ერთი თვისება: ცალკეულ ხეებს ხედავ და არა მთელ ტყეს. რელიგია

გაცილებით დიდი და ტევადია, ვიდრე მისი შემადგენელი ნაწილების ერთობლიობა.



ცალკეული წესები მთლიანის გათვალისწინებით უნდა წაიკითხოთ, მთლიანი კი არსში

იმალება. იმის მაგივრად, რომ ყურანის არსი იკვლიონ და იგი ერთ მთლიანობად

აღიქვან, ამოიჩემებენ ხოლმე თითოოროლა სურას, იმის მიხედვით, თუ როგორ

ეპასუხება ღვთის მიერ გაცხადებული ესა თუ ის სიტყვა მათ დამფრთხალ გონებას. სულ

იმას გვიჩიჩინებენ, რომ განკითხვის დღეს კაცთა მოდგმას უთუოდ მოუწევს სირათის

ხიდზე გადასვლა, რომელიც ბეწვივით წვრილია და სამართებელივით ბასრი.



ცოდვილთ, რომლებიც ამ ხიდს ვერ გადაივლიან, ხიდქვეშ მოგიზგიზე ჯოჯოხეთის

ცეცხლი შთანთქავს, სადაც სამუდამო სატანჯველი ელით, მართალნი კი გაღმა

გააღწევენ, სადაც მათ უცხო ხილით, შარბათითა და ქალწულებით გაუმასპინძლდებიან.

ეს არის, ორიოდე სიტყვით, მათი მოსაზრება საიქიოს შესახებ.



ბრმადმორწმუნეთა გონება ისეა შეპყრობილი იმქვეყნიური სასჯელისა თუ ჯილდოს,

ჯოჯოხეთური კოცონებისა თუ საუცხოო წალკოტების, ანგელოზებისა თუ დემონების

მოლოდინით, ისინი იმდენს ფიქრობენ თავიანთი სააქაო ცხოვრების ტოლფას საიქიოზე,

რომ ღმერთი ავიწყდებათ!



დაუკვირდით ამ სიტყვებს:

„ჯოჯოხეთი აქვე, ახლოს არის. იგივე ითქმის ზეციურ სავანეზეც. ნუ გეშინია

ჯოჯოხეთის, ნურც სამოთხეზე ოცნებობ, რადგან ორივე ისევ და ისევ შენშია და არა

სადმე სხვაგან. როცა გვიყვარს, ზეცად სწორედ მაშინ ვმაღლდებით. გეენაში კი მხოლოდ

და მხოლოდ სიძულვილი გვაგდებს“. ესე არს წესი ოცდამეხუთე.

განა ჯოჯოხეთურ სატანჯველზე ბევრად უარესი არ არის განცდა კაცისა, რომელმაც

გულის სიღრმეში კარგად იცის, რომ სასტიკად შესცოდა? ჰკითხეთ ასეთ კაცს. ის

გეტყვით, რა არის ჯოჯოხეთი.



განა სამოთხის განცხრომაზე უტკბესი არ არის განცდა კაცისა იმ იშვიათ წუთებში, როცა

სამყარო ანაზდად თვალწინ გადაუშლის თავის დახშულ საგანძურს და მარადისობის

ყველა საიდუმლოს ნაზიარებ, ღმერთთან საბოლოოდ შერწყმულ ადამიანად

აგრძნობინებს თავს? ჰკითხეთ ამ ადამიანს. ის გეტყვით, რა არის სამოთხე.

რას გვარგებს სავარაუდო შედეგების შიში და წარმოსახვითი მომავლის გამო შფოთვა,

როცა მთელი სიცხადით მხოლოდ ახლა, ამწუთას განვიცდით ჩვენში ღვთის არსებობას

თუ არარსებობას? სუფიებს არც ჯოჯოხეთური სასჯელის შიში ამოძრავებთ და არც

ზეციური ჯილდოებისაკენ ილტვიან. მათ ღმერთი უყვართ, უბრალოდ, უყვართ.

დიახ, უყვართ იგი უზადო და უბრალო, უხრწნელი და მოუსყიდველი...



სიყვარული არის მიზეზი. სიყვარული არის მიზანი და როცა ღმერთი ასე გიყვარს,

როცა სათითაოდ ყველა მის ქმნილებას სიყვარულს უცხადებ, თავისთავად გშორდება

ყველაფერი, რაც ზედმეტია და იმ წუთიდან შენი „მე“ უკვე აღარ არსებობს. შენ

უტოლდები ნულს, რომელიც მთელ შენს არსებას ფარავს.



ამასწინათ მე და რუმი სწორედ ამ საკითხებზე ვმსჯელობდით. მან უცებ თვალები

დახუჭა და შემდეგი სტრიქონები წარმოთქვა:



„არც ქრისტიანი, არც იუდეველი, არც მუსლიმი, არც ჰინდუისტი, არც ბუდისტი და არც

სუფი. არც ერთ სარწმუნოებას არ ვეკუთვნი, არც ერთ კულტურას, არც აღმოსავლეთს და

არც დასავლეთს. ადგილი ჩემი არის უადგილო. კვალი ჩემი არის უკვალო“.

რუმი თავს პოეტად არ მიიჩნევს. მაგრამ მასში პოეტი ცოცხლობს. თანაც საარაკო

პოეტი! ის სწორედ ახლა გამოდის სამზეოზე.



ჰო, რუმი მართალია. ის არც აღმოსავლეთს ეკუთვნის და არც დასავლეთს. ის ეკუთვნის

სიყვარულის საუფლოს. ეკუთვნის მას, ვინც უყვარს.



                                                                                   ელა



2008 წლის 12 ივნისი, ნორთჰემპტონი



ბოლო გვერდები იმ დღეს წაიკითხა და რომანის შესახებ ანგარიშიც დაამთავრა. მაშ,

ასე, „საამო მკრეხელობაზე“ მუშაობა დასრულებული იყო.



ელას ძალიან უნდოდა, რომანის შესახებ თავისი მოსაზრებები აზიზისთვის

გაეზიარებინა, მაგრამ პროფესიული პასუხისმგებლობის გრძნობამ სძლია. მისი აზრით,

ეს არ უნდა გაეკეთებინა, სანამ დავალებას ბოლომდე არ მიიყვანდა. მას ისიც კი არ

გაუმხელია აზიზისთვის, რომ ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ რუმის ლექსების კრებული

იყიდა და ძილის წინ კითხულობდა.



მართალია, ელამ მკაცრი მიჯნა გაავლო რომანზე მუშაობასა და აზიზთან მიმოწერას

შორის, მაგრამ თორმეტ ივნისს რაღაც ისეთი მოხდა, რომ ეს მიჯნა ერთხელ და

სამუდამოდ წაიშალა.



მანამდე ელას აზიზის სურათი არასოდეს ენახა; იგი ვებგვერდზე თავის ფოტოებს

არასოდეს აქვეყნებდა, ამიტომ ელას მის გარეგნობაზე წარმოდგენაც არ ჰქონდა. თავიდან

სიამოვნებდა კიდეც „უსახო“ კაცთან მიმოწერა, მაგრამ დროთა განმავლობაში

ცნობისმოყვარეობამ სძლია და გაუჩნდა სურვილი, რომ მის გზავნილებს

გამოსახულებაც მოჰყოლოდა. თვითონ აზიზს არასოდეს უთხოვია მისთვის ეს, რაც ელას

ძალიან უცნაურად ეჩვენებოდა.



ამიტომ არც აცია, არც აცხელა და თავისი ფოტო გაუგზავნა.

ამ სურათზე ღია ცისფერ კაბაში გამოწყობილი ელა სახლის აივანზე იდგა, თავის

საყვარელ სპირიტთან ერთად. კაბა ოდნავ უსვამდა ხაზს მისი სხეულის ფორმებს. ერთი

შეხედვით ბედნიერად იღიმებოდა, მაგრამ ჩანდა, რაღაც აწუხებდა. თითებით

ჩაჰფრენოდა ძაღლის საყელურს, თითქოს სურდა, ცხოველს მისთვის გადმოეცა ის ძალა,

რომელიც თვითონ აკლდა. ნაკუწებისაგან შეკერილი საბანივით აჭრელებული,

მოიისფრო ნაცრისფერი ცა დაჰყურებდა ორივეს...



ელას მაინცდამაინც არ მოსწონდა ეს ფოტო, მაგრამ მასში თითქოს სულიერება

იგრძნობოდა, მეტიც, რაღაც არაამქვეყნიურობის ელფერიც კი დაჰკრავდა. ან იქნებ ელას

ეჩვენებოდა ასე...



მან სურათი თავის მორიგ წერილთან ერთად გაგზავნა და პასუხს დაელოდა. ამ ჟესტით

ყველაფერი ნათქვამი იყო: ადრესატს საპასუხოდ თავისი სურათი უნდა გამოეგზავნა.



ასეც მოხდა. ეკრანზე აზიზის ფოტო გამოჩნდა. ელას ვარაუდით, იგი სადღაც, შორეულ

აღმოსავლეთში უნდა ყოფილიყო გადაღებული, თუმცა თვითონ იქ არასოდეს ყოფილა

და არ იცოდა, როგორ გამოიყურებოდნენ იქაურები. აზიზს თორმეტიოდე სხვადასხვა

ასაკის შავტუხა ბავშვი ეხვია გარშემო. შავი პერანგი და შავი შარვალი ეცვა, ხმელ-ხმელი

კაცი იყო, წვეტიანი ცხვირი ჰქონდა, მაღალი ყვრიმალები, გრძელი, მუქი, დატალღული

თმა მხრებამდე სწვდებოდა. თვალები ზურმუხტებს მიუგავდა. ეს მოელვარე თვალები

ენერგიით იყო სავსე, მაგრამ რაღაც სხვაც იგრძნობოდა მათში. ალბათ, თანაგრძნობა...

ყოველ შემთხვევაში, ელას ასე მოეჩვენა.



აზიზის პორტრეტს ცალი საყურე და საკმაოდ უჩვეულო და გაურკვეველი ფორმის

მედალიონი ასრულებდა. უკანა პლანზე აბიბინებული ბალახით მოარშიებული,

ვერცხლისფერი ტბა ლივლივებდა. კუთხეში კი ვიღაცის ჩრდილი ილანდებოდა, ვისი

გამოსახულებაც კადრში არ ჩანდა.



ელა კარგად დააკვირდა ფოტოზე აღბეჭდილ მამაკაცს. ყველა ნაკვთი გულდასმით

დაუთვალიერა და მისდა გასაოცრად, ეცნო იგი. რაოდენ დაუჯერებელიც უნდა

ყოფილიყო, მას შეეძლო დაეფიცა, რომ ეს კაცი ადრე სადღაც ენახა.

...და უცებ გონება გაუნათდა:



შამს თებრიზი ჰგავდა აზიზ ზ. ზაჰარას. უფრო სწორად, თვით აზიზი ზედმიწევნით

ჰგავდა თავის აღწერილ შამსს, სანამ იგი რუმის შესახვედრად კონიაში გაემგზავრებოდა.

„საინტერესოა, გამიზნულად მიამსგავსა თავისი გმირი საკუთარ თავს, თუ არა? იქნებ,

როგორც მწერალს, სურდა, ხატად თვისად შეექმნა თავისი მთავარი გმირი, როგორც

ღმერთმა შექმნა ადამიანი ხატად თვისად?.“ ფიქრობდა ელა.

უცებ კიდევ ერთმა აზრმა გაუელვა:



„იქნებ რეალური შამს თებრიზი ზუსტად ასე გამოიყურებოდა, როგორც წიგნშია

აღწერილი და თითქმის რვა საუკუნით დაშორებული ეს ორი კაცი, უბრალოდ, საოცარი

დამთხვევის ძალით ჰგავს ერთმანეთს? არც ის არის გამორიცხული, რომ აზიზი ამ

მსგავსებას თავად ვერ ამჩნევს“.



მით უფრო უძლიერდებოდა ელას ეჭვი, რომ ეს უბრალო ლიტერატურული ხრიკი არ

იყო და შამს თებრიზსა და აზიზ ზ. ზაჰარას რაღაც სხვა აკავშირებდათ.

ამ აღმოჩენამ ელაზე ისე იმოქმედა, რომ გადაწყვიტა რომანი ხელახლა, ოღონდ

ამჯერად სხვა თვალით გადაეკითხა. ამ შემთხვევაში ფაბულა მეორეხარისხოვანი იყო.

მას თავის პერსონაჟში ჩამალული ავტორი უნდა ეპოვა. შამს თებრიზში უნდა ეპოვა

აზიზ ზაჰარა.



ამ წუთიდან ელა კიდევ უფრო დაინტერესდა აზიზის პიროვნებით. ვინ იყო ეს კაცი? რა

გამოიარა მან? წინა წერილებში ახსენა, შოტლანდიელი ვარო, მაგრამ ეს აღმოსავლური

სახელი რატომღა ერქვა? ნამდვილი სახელი იყო ეს თუ სუფიური? და ბოლოს და ბოლოს,

რას ნიშნავს, იყო სუფი?



ამ ფიქრებთან ერთად ელას არსებაში სხვა რამეც ამოძრავდა: ვნების პირველი, თითქმის

უმნიშვნელო, ძლივსშესამჩნევი ნიშნები. იმდენი ხანი იყო, ეს გრძნობა არ განეცადა, რომ

მის გასაცნობიერებლად რამდენიმე წამი დასჭირდა.



კარგად დაფიქრდა... ჰო, ეგ იყო. საკმაოდ მძაფრი და ძნელად მოსარევი... ეჭვს აღარ

იწვევდა ის ფაქტი, რომ მას ფოტოზე აღბეჭდილი მამაკაცის ალერსი სწყუროდა.

ეს გრძნობა ისე მოულოდნელად დააცხრა ელას, რომ ლეპტოპი სასწრაფოდ გამორთო,

თითქოს ეშინოდა, რომ აზიზი ხელს სტაცებდა და ეკრანში შეათრევდა.



                                                                         ბაიბარსი, მეომარი



1245 წლის 10 ივლისი, კონია



ბაიბარს, შვილო, არავის ენდო, იცოდე, ხომ ხედავ, დღითი დღე ირყვნება ეს ქვეყანა!

მეჩიჩინება ხოლმე ბიძაჩემი.

საერთოდ, მაგას რომ ჰკითხოთ, წესრიგი მხოლოდ მაშინ იყო, როცა ოქროს ხანა გვედგა

და თვით მუჰამედ წინასწარმეტყველი (მშვიდობა მისდა!) გვპატრონობდა, მისი

სიკვდილის შემდეგ კი ყველაფერი უკუღმა წავიდა...



მაგრამ მე თუ მკითხავთ, იმ ადგილს, სადაც ორი კაცი იყრის თავს, ბრძოლის ველად

გადაქცევა არ ასცდება. განა წინასწარმეტყველის დროსაც საკმაოდ არ იყო მტრობა და

შუღლი? ეს ცხოვრება ომია, ომი! ლომი ირემს რომ შესანსლავს, ნარჩენებს სვავები

მოუთავებენ ხოლმე ხელს. ბუნება ავია.



უკლებლივ ყველა სულიერისათვის, დედამიწაზე იქნება ის, ზღვაში თუ ჰაერში,

გადარჩენის ერთადერთი გზა არსებობს: ეშმაკობით უნდა აჯობოს თავის მტერს.

ცოცხალი რომ დარჩე, უნდა იბრძოლო. ეს მარტივი ამბავია... ჰოდა, ვიბრძოლებთ კიდეც.

ყველაზე გულუბრყვილოებიც კი ხვდებიან, რომ ჩვენს დროში სხვანაირად არ შეიძლება.

ჩვენი საქმე ჯერ კიდევ ხუთი წლის წინ წავიდა ცუდად, როცა ჩინგიზ ყაენის მიერ

სამშვიდობო მოლაპარაკებისათვის წარგზავნილი ასი მონღოლი ერთიანად დახოცეს.

ჩინგიზმა სულ ცეცხლი ყარა და ისლამს ომი გამოუცხადა.



როგორ და რატომ დახოცეს ის წარგზავნილები, ვერავინ იტყვის. ზოგი იმასაც კი

ეჭვობს, რომ ყაენმა თვითონ გაჟლიტა თავისი ხალხი, რომ შემდეგ აი, ამ დიდი

ლაშქრობის მოწყობის საბაბი ჰქონოდა. შეიძლება მართალიც იყოს, რას გაიგებ, ქვეყანა კი

აიკლეს და...



ხორასნის მხარე ხომ ერთიანად მოაოხრეს. სადაც გადაითარეშეს, ყველაფერი იავარყვეს

და ყველგან სიკვდილი დათესეს. ორი წლის წინ ქოშედაღში სელჯუკთა სპა დაამარცხეს

და იქაურ სულთანს ხარკი დააკისრეს. ერთიანად რომ არ ამოგვჟუჟეს, ისევ იმიტომ, რომ

თვითონვე ურჩევნიათ, უღელქვეშ ვყავდეთ.



ომები დედამიწაზე უხსოვარი დროიდან ხდება (კაენმა რომ აბელი მოკლა, იმ წუთიდან

მაინც!), მაგრამ მონღოლების მსგავსი არავის არაფერი უნახავს. მერედა რა

გაწვრთნილები არიან! ხომ არ გგონიათ, რომ მხოლოდ ერთი მიმართულებით უჭრით

ძალა? რა იარაღს აღარ იყენებენ; თან ყველა მათგანს თავისი დანიშნულება აქვს.

თითოეული მონღოლი ჯარისკაცი კბილებამდეა შეიარაღებული კვერთხით, ცულით და

ხელშუბით. ახლა ისრებს არ იკითხავთ? ბეგთარშიც კი აღწევს მათი ისარი, მთელი

სოფლების გადაბუგვაც შეუძლია და მსხვერპლის მოშხამვაც, ადამიანის ყველაზე მკვრივ



ძვალში ისე ატანს, ვითომ არაფერი! რაღაც სტვენია ისრებიც აქვთ და ამ ისრებით

ერთმანეთს საიდუმლო ნიშნებს აწვდიან. მიწასთან ასწორებენ ყველაფერს, რაც გზად

შეხვდებათ, დიდსა და პატარა ქალაქებსა და სოფლებს. ბუხარა რომ ბუხარაა, ეს

უძველესი ქალაქიც კი ნანგრევებად აქციეს.



ერთი სიტყვით, ქვა ქვაზე აღარ დარჩა და ეგ არის...

მხოლოდ მონღოლები როდი გვიჭირვებენ ცხოვრებას. იერუსალიმიც გამოსახსნელი

გვაქვს ჯვაროსანთა ხელიდან. აქეთ ბიზანტიელები არ გვასვენებენ; შიიტებსა და

სუნიტებს შორის გაუთავებელ კინკლაობაზე ხომ აღარაფერს ვამბობ. რა დროს

მშვიდობისმოყვარეობაა, როცა ყოველი მხრიდან მტერი გესევა?!

ამიტომ მაღიზიანებენ რუმისნაირი კაცები. თუნდ მთელმა ქვეყანამ აქოს და ადიდოს. მე

თუ მკითხავთ, ერთი მშიშარა ვინმეა და სხვებსაც მხოლოდ სიმხდალეს ჩააგონებს.

ოდესღაც შეიძლება კარგი სწავლული იყო, მაგრამ დღეს იმ ურჯულო შამსის აშკარა

ზეგავლენის ქვეშ არის.



აბა, დაუკვირდით, რას გვიქადაგებს იმ დროს, როცა ისლამის მტრები შავი

ღრუბელივით მოიწევენ ჩვენზე?!

სიმშვიდეს! უმოქმედობას! თვინიერებას!

„ძმაო, გაუძელი ტკივილს, აირიდე მაცდური მისწრაფებების შხამი და სამსალა. თუ ეს

შეძელი, ზეცა ქედს მოიხრის შენი სულიერი მშვენიერების წინაშე. ეკალი ვარდად

გექცევა, უმნიშვნელო წვრილმანი კი საყოველთაო მნიშვნელობას შეიძენს!“

დიახ, რუმი მორჩილებას ქადაგებს. სამაჰმადიანოს მოუწოდებს, სუსტი და თვინიერი

ცხვრების ფარად გადაიქცეს. მას რომ ჰკითხო, ყველა წინასწარმეტყველს გამოუჩნდება

მიმდევრები, ეს მიმდევრები ერთობას შექმნიან, თითოეულ ასეთ ერთობას კი თავისი

დრო დაუდგებაო.



ამოუჩემებია სიტყვა „სიყვარული“; სხვაც ბლომად აქვს საყვარელი სიტყვები:

მოთმინება, სულიერი წონასწორობა, შემწყნარებლობა...

მაგას რომ უსმინო, ყველანი სახლებში უნდა ვისხდეთ და ველოდოთ, როდის

გამოგვჭრის გადამთიელი ყელს ან როდის დაგვექცევა თავზე ეს ქვეყანა. მერე კი,

დარწმუნებული ვარ, ნანგრევებზე გადაივლის, ერთს გადახედავს იქაურობას და ამ

იავარქმნას ბარაქას დაარქმევს.



კარგად ვიცნობ ხალხს, რომელსაც თავისი ყურით გაუგია მისი ნათქვამი: „როცა

სკოლები, მეჩეთები და მინარეთები დაინგრევა, მათ ადგილას დავრიშთა თემები

აღმოცენდებაო“. აბა, ეს რა ლაპარაკია?!



ერთიც ვიკითხოთ, რამ მოიყვანა ეს კაცი ჩვენს მხარეში? წლების წინ მთელი მისი ოჯახი

ავღანეთიდან გამოიქცა და თავი ანატოლიას შეაფარა. ეს ის დრო იყო, როცა სელჯუკთა

სულთანმა გავლენიან, შეძლებულ ოჯახებს ფართოდგაუღო ჩვენი ქვეყნის კარი. მათ

შორის იყო რუმის მამაც.

აი, ასე შეგვეხიზნენ, ბატონო, ავღანეთის საგიჟეთი კონიის ედემზე გაცვალეს.

განსაკუთრებული უფლებებითაც სარგებლობდნენ და ყურადღებითა და სიყვარულით



იყვნენ განებივრებულნი. შემწყნარებლობას იქადაგებ, აბა რას იზამ, როცა ასეთი

ცხოვრება გამოიარე!



ამას წინათ მაცნობეს, თურმე შამს თებრიზს ხალხისათვის ბაზარში ასეთი რამ უამბნია:

„მუჰამად წინასწარმეტყველის მონაცვლე და მეგობარი ალი ურჯულოებს შებმოდა

ბრძოლის ველზე. ის იყო, მეტოქისთვის გულში მახვილი უნდა ეძგერებინა, რომ უეცრად

ურჯულომ თავი ასწია და შეაფურთხა. ალიმ მახვილი დააგდო, ერთი ამოიგმინა და

იქაურობას გაეცალა. გაშრა თურმე ურჯულო. გამოუდგა ალის და ჰკითხა, რატომ

გამიშვიო.



– იმიტომ, რომ ძალიან გაბრაზებული ვარ შენზე, – უთქვამს ალის.

– მაშ, რატომღა არ მომკალი? – უკითხავს ურჯულოს.

– როცა სახეში შემაფურთხე, ძალიან გავბრაზდი. შენ ამით ჩემს თავმოყვარეობას შეეხე

და შურისძიების წყურვილით აანთე. ახლა რომ მოგკლა, ჩემი თავმოყვარეობის

ყურმოჭრილი მონა ვიქნები, ეს კი უდიდესი შეცდომა იქნება, – უთქვამს ალის და მტერი

უვნებლად გაუშვია.



ურჯულო ისე შეუძრავს ამ ამბავს, რომ ალის მეგობარი და მიმდევარი გამხდარა და

თავისი ნებით მაჰმადიანობაც კი მიუღია“.

აი, ასეთი ამბების მოყოლა უყვარს შამსს.

როგორ ფიქრობთ, რისი თქმა უნდოდა ამით? ურჯულოებს სახეში ვაფურთხებინოთ,

ხომ? ცოცხალი თავით არ დავთმობ, არა! მეომარ ბაიბარსს სახეში ვერავინ შეაფურთხებს,

ურჯულო იქნება თუ რჯულიანი...



                                                                                                              ელა



2008 წლის 13 ივნისი, ნორთჰემპტონი



„საყვარელო აზიზ!

შეიძლება გიჟად ჩამთვალოთ, მაგრამ რაღაც უნდა გკითხოთ აზიზი იგივე შამსია, თუ

პირიქით შამსია აზიზი?

გულწრფელად თქვენი, ელა...“

„ძვირფასო ელა!



შამსი იყო კაცი, რომელმაც თავის თავზე აიღო რუმის პიროვნების გარდაქმნა და

ფერისცვალება: მან ადგილობრივი მნიშვნელობის სასულიერო პირი მსოფლიოში

ცნობილ მისტიკოს პოეტად აქცია.

ოსტატ სამიდს არაერთხელ უთქვამს ჩემთვის:

– თუნდაც გამოჩნდეს ოდესმე შამსის მსგავსი კაცი, არის კი სადმე მისი დამნახავი

რუმი?

სიყვარულით, აზიზი“.

„ძვირფასო აზიზ!

ვინ არის ოსტატი სამიდი?

სიყვარულით, ელა“.



„საყვარელო ელა!

ეს გრძელი ისტორიაა. მართლა გაინტერესებთ?

სიყვარულით, აზიზი“.

„ძვირფასო აზიზ!

მე უამრავი დრო მაქვს...

სიყვარულით, ელა“.



                                                                                        რუმი



1245 წლის 2 აგვისტო, კონია



ბარაქიანად დაგაბერტყა ბედმა ყველა სიკეთე. არაფერი გაკლია თითქოს. ყოველ

შემთხვევაში, ასე გგონია, სანამ მოვა ის ერთი ვინმე და მიგახვედრებს, რა გაკლდა

მთელი ამ ხნის განმავლობაში. როგორც სარკე ნაკლს უფრო ირეკლავს, ვიდრე ღირსებას,

ასეა ის ვინმეც საკუთარ სულში ჩაგახედებს და დაგანახვებს, რომ ის გაუდაბურებულია,

შენ კი ამის აღიარება აქამდე არა და არ გსურდა. ეს ვინმე შეიძლება საყვარელი მეგობარი

იყოს შენი ან სულიერი მოძღვარი, ზოგჯერ კი სულაც ბავშვი, რომელსაც პატრონობ და

უვლი. მთავარი ის არის, რომ როგორმე პოვო სული, რომელიც შენსას შეავსებს. ყველა

წინასწარმეტყველი გვირჩევდა: „პოვე ვინმე, ვინც შენი სარკე იქნება!“

ჩემთვის ეს სარკე შამს თებრიზია.



სანამ ეს კაცი არ მოვიდა და ჩემი სულის ყველა კუნჭულში არ ჩამახედა, სინამდვილეს

თვალს ვერ ვუსწორებდი: არ მსურდა იმის დანახვა, რომ წარმატებულობისა და

კეთილდღეობის მიუხედავად, მარტოსული, შინაგანად დაუკმაყოფილებელი და

გულნაკლული ვიყავი.



ეს იმას ჰგავს, წლობით რომ ლექსიკონს ადგენ და შენთვის განსაკუთრებით

მნიშვნელოვან ყველა მოვლენასა და ცნებას (როგორებიცაა, ვთქვათ, „ჭეშმარიტება“,

„ბედნიერება“, „სილამაზე“) შენებურად განსაზღვრავ.

ცხოვრების ყველაზე გადამწყვეტ წუთებში მიმართავ ამ ლექსიკონს და ერთი წუთითაც

საეჭვო არ გეჩვენება მასში თავმოყრილი სიტყვიერი ავლადიდება. უცებ მოდის ეს ვინმე,

ხელს სტაცებს შენს ნამუშევარს, გადაგიგდებს და გეუბნება: „ყველა ამ განსაზღვრებას

გადახედვა სჭირდება. ყველაფერს სახელი უნდა გადაარქვა. დროა, დაივიწყო ის, რაც

გისწავლია და იცი“. შენ კი, შენივე გონებისათვის ყოვლად გაუგებარი, მაგრამ

სამაგიეროდ, გულისათვის სრულიად ხილული მიზეზით, წინააღმდეგობას არ უწევ, არ

ურისხდები და არ ეუხეშები, პირიქით სიხარულით ემორჩილები.



აი, ეს გააკეთა შამსმა ჩემთვის. ჩვენმა მეგობრობამ ბევრი რამ მასწავლა. მეტიც მან

მასწავლა ყველაფრის დავიწყება, რაც აქამდე ვიცოდი.

როცა ვინმე ასე გიყვარს, ძალაუნებურად სხვებისგანაც ითხოვ, გაიზიარონ შენი

სიხარული და აღტყინება. მაგრამ როცა ეს არ ხდება, ჯერ გიკვირს, შემდეგ გწყინს და

მიგაჩნია, რომ გიღალატეს.



როგორ უნდა დამენახვებინა ოჯახისა და მეგობრებისათვის ის, რასაც თავად

ვხედავდი? როგორ აღმეწერა აღუწერელი?



შამსი ჩემთვის გულმოწყალებითა და მადლით სავსე ზღვაა, ჭეშმარიტებისა და რწმენის

მზეა. მე მას სულიერების მეფეთ მეფეს ვუწოდებ. ის შადრევანია, საიდანაც სიცოცხლე

მოჩქეფს, ის ცადაწვდილი კვიპაროსია, ჯადოსნური და მარადმწვანე. მასთან მეგობრობა

ჰგავს ყურანის მეოთხედ წაკითხვას ანუ საკუთარ თავში მოგზაურობას, რომელიც

შეიძლება მხოლოდ შინაგანად განიცადო, გარედან კი ვერასოდეს ჩასწვდე.

სამწუხაროდ, ადამიანთა უმრავლესობა მოვლენებს მხოლოდ ყურმოკრული მითქმა-

მოთქმის საფუძველზე აფასებს. ასეთებისთვის შამსი ერთი ახირებული დავრიშია,

რომელიც უცნაურად იქცევა და მკრეხელურ აზრებს გამოთქვამს. მათთვის ეს არის

სრულიად არაკეთილსაიმედო ადამიანი, წინასწარ რომ ვერაფერს მიუხვდები. ჩემთვის

კი შამსი განსხეულებული სიყვარულია, სიყვარული, რომელიც ამოძრავებს ამ სამყაროს.

იგი ხან უკან იხევს, თვალს ეფარება და მისხალ-მისხალ აკოწიწებს და ადუღაბებს

ყველაფერს, ხან კი უეცრად ფეთქდება და მირიად ნაწილაკად იფანტება შენ წინ. მსგავსი

რამ ცხოვრებაში ერთხელ ხდება. ოცდათვრამეტ წელიწადში ერთხელ.



იმ დღიდან, რაც ჩვენს ცხოვრებაში შამსმა შემოაბიჯა, ხალხი განუწყვეტლივ მეკითხება,

მაინც რას ხედავ მასში ასეთ განსაკუთრებულსო. მე მათ ვერაფერს ვპასუხობ. ვინც ამ

კითხვას სვამს, ის ხომ მაინც ვერაფერს გაიგებს და ვისაც ესმის, არც მეკითხება ამას.

ამ ჩემს მდგომარეობას რომ ვუფიქრდები, ერთი ამბავი მაგონდება სახელგანთქმული

აბასიდი მბრძანებლის, ჰარუნ არრაშიდისა და ლეილას შესახებ.



ერთ ბედუინ პოეტს, სახელად ქაისს, უიმედოდ შეჰყვარებია ლეილა და ჭკუიდან

შეშლილა. ამიტომაც უწოდებიათ მისთვის მაჯნუნი – ანუ შეშლილი კაცი. ამის გამგონე

მბრძანებელი ცნობისმოყვარეობამ შეიპყრო. აინტერესებდა, ვინ იყო ეს ქალი, ამდენი

უბედურება რომ გამოიწვია.

„ეს ლეილა რაღაც განსაკუთრებული არსება უნდა იყოს, სხვა ქალებზე ასჯერ

აღმატებული. ვინ იცის, იქნებ სულაც რაღაც თილისმას ფლობს ეს მზეთუნახავი...“ –

ფიქრობდა ჰარუნ არ რაშიდი.



აფორიაქდა მბრძანებელი. ამ ქალის ნახვის სურვილმა არ მოასვენა.

ცნობისმოყვარეობით შეპყრობილმა იმდენი ქნა, რომ ბოლოს ლეილა სასახლეში

მიჰგვარეს; მაგრამ როცა ქალს პირბადე ახადა, მოლოდინი გაუცრუვდა. ვერავინ იტყოდა,

რომ ლეილა მახინჯი, ხეიბარი ან ხნიერი იყო, მაგრამ არც განსაკუთრებულად

მიმზიდველი ეთქმოდა. მბრძანებელს ხელთ შერჩა ჩვეულებრივი ადამიანი, თავისი

სისუსტეებითა და უამრავი ნაკლით. ერთი უბრალო ქალი იყო ლეილა – უთვალავი სხვა

ქალის მსგავსი.

გულაცრუებულმა მოურიდებლად მიახალა:

– დავიჯერო, შენა ხარ ლეილა, მაჯნუნი რომ ჭკუიდან შეშალა? დიდი ვერაფერი ბედენა

ყოფილხარ! ნეტავ რით მონუსხე ეს კაცი?

ლეილას სახეზე ღიმილი მოეფინა:



– მე კი გახლავარ ლეილა, მბრძანებელო, მაგრამ შენ არა ხარ მაჯნუნი. მაჯნუნის

თვალით უნდა შემომხედო, სხვაგვარად ამ სიყვარულის საიდუმლოს გასაღებს ვერ

უპოვი.



როგორ უნდა ავუხსნა იგივე საიდუმლო ჩემს ოჯახს, მეგობრებს, ან მოწაფეებს? როგორ

გავაგებინო, შამს თებრიზის განსაკუთრებულობის დანახვა რომ მხოლოდ იმ

შემთხვევაში შეიძლება, თუ მას მაჯნუნის თვალით შეხედავ?

განა შეიძლება სიყვარულის აღქმა, თუ თავად არ გიყვარს?

სიყვარული ახსნას გაურბის. მისი განცდა შეიძლება მხოლოდ.

სიყვარული გაუგებარია და მაინც... ის ყველაფერს გასაგებს ხდის.



                                                                                               კიმია



1245 წლის 17 აგვისტო, კონია



ბურთივით მაქვს სული ყელში მობჯენილი. როდის მიხმობს, როდის? მაგრამ ეჰ, არა,

რუმის ჩემთან მეცადინეობის დრო არა აქვს. მენატრება ჩვენი გაკვეთილები, თავს

მიტოვებულად ვგრძნობ, მაგრამ მევლანაზე წყენას გულში მაინც ვერ ჩავიდებ. იქნებ

იმიტომ, რომ მიყვარს და არ შემიძლია მასზე გაბრაზება. ან იქნებ იმიტომ, რომ სხვებზე

უკეთ მესმის მისი. ის კი არა, როგორც ვატყობ, მეც ამიტაცა ამ გიჟურმა ორომტრიალმა,

რომელსაც შამს თებრიზი ჰქვია.



რუმი ისე მიჰყვება შამსს, როგორც მზესუმზირის ყვავილი მზეს. მათი სიყვარული

ისეთი აშკარა და ძლიერია, ისეთი იშვიათი რამ არის ის, რაც მათ თავს ხდება, რომ

შეუძლებელია, მათ შემხედვარეს გული არ დაგწყდეს, რადგან ძალიან კარგად იცი ასეთ

გრძნობას თავად ვერასოდეს ეღირსები.



ეს ვითარება ჩვენს ოჯახში ყველასთვის როდი გამოდგა ადვილად ასატანი. დავიწყოთ

ალადინით.

რამდენჯერ დამიჭერია შამსისაკენ მიმართული მისი სატევარივით ბასრი მზერა; კერაც

წუხს, მაგრამ არაფერს ამბობს და არც მე ვეკითხები. ყველანი დენთის კასრზე

ვსხედვართ. უცნაურია, მაგრამ ამ დაძაბულობის მთავარი მიზეზი თვითონ შამს

თებრიზი, ან ვერაფერს ხვდება, ან დიდად არ ენაღვლება ეს ამბავი.



თან გამწყრალი ვარ შამსზე, რუმი რომ წაგვართვა, თან მისი უკეთ გაცნობის სურვილი

არ მასვენებს. ადრე თითქოს ვებრძოდი ამ წინააღმდეგობრივ გრძნობებს, მაგრამ დღეს,

მგონი, საბოლოოდ გავეცი საკუთარი თავი.



გადავწყვიტე, თვითონ მემეცადინა. რომ მოსაღამოვდა, კედელზე ჩამოკიდებული

ყურანი ჩამოვხსენი. მე და რუმი რომ ვმეცადინეობდით, ყოველთვის თანმიმდევრულად

მივყვებოდით ყურანის სურებს, მაგრამ ახლა, როცა ჩვენი ცხოვრება თავდაყირა დადგა

და მეგზურის გარეშე დავრჩი, უწესრიგოდ კითხვა დავიწყე და ამაში ცუდს ვერაფერს

ვხედავდი.



ბრმად გადავფურცლე ყურანის რომელიღაც გვერდი და თითი პირველსავე შემხვედრ

სურას დავადე. ალნისა აღმოჩნდა! ყველაზე მეტად სწორედ ეს სურა მაგდებდა



საგონებელში. ვერაფერი ნუგეში იყო მისი კითხვა. იქ ქალებს ჭკუას ასწავლიან, ეს კი

ჩემთვის საკმაოდ ძნელად გასაგებსა და კიდევ უფრო ძნელად მისაღებს ხდიდა ამ სურას.

უკვე მერამდენედ გადავიკითხე იგი, მაგრამ მაინც იმ დასკვნამდე მივედი, რომ

დახმარება მჭირდებოდა. მართალია, რუმი მეცადინეობებს აცდენდა, მაგრამ კითხვების

დასმას ნამდვილად არ დამიშლის-მეთქი, გავიფიქრე, დავავლე ყურანს ხელი და რუმის

ოთახისაკენ გავწიე.

რუმის ნაცვლად ოთახში შამსი დამხვდა. ფანჯარასთან იჯდა კრიალოსნით ხელში.

სახეზე ჩამავალი მზის სხივები ეფერებოდა. ისეთი მოხდენილი იყო, თვალი ვერ

მოვაშორე.



– უკაცრავად, მევლანას ვეძებდი. მოგვიანებით შემოვალ, – სხაპასხუპით მივაყარე და

წასვლა დავაპირე.



– რატომ გარბიხარ? დარჩი, – მითხრა შამსმა, – გეტყობა, რაღაცის კითხვა გინდოდა,

იქნებ მე დაგეხმარო.

რატომაც არამეთქი, გავიფიქრე და ფრთხილად დავიწყე:

– ყურანში ერთი სურაა, რომელიც ცოტა ძნელი გასაგებია ჩემთვის...

შამსი ისე აბუტბუტდა, თითქოს თავის თავს ელაპარაკებაო:

– ყურანი მორცხვ პატარძალს ჰგავს. ის პირბადეს მხოლოდ მაშინ აიხდის, როცა

დანამდვილებით იცის, რომ მნახველი კარგი თვალით შეხედავს.

შემდეგ მხრები აიჩეჩა და მკითხა:



– მაინც რომელი სურაა?

– ალნისა. არის იქ რამდენიმე ადგილი, სადაც ნათქვამია, რომ მამაკაცი ქალზე მაღლა

დგას. ისიც კია ნათქვამი, რომ მამაკაცს შეუძლია ცოლი სცემოს...

– მართლა?– იკითხა შამსმა ისეთი გაზვიადებული ინტერესით, რომ დავეჭვდი,

მასხრად ხომ არ მიგდებსმეთქი.

წამით შეყოვნდა, შემდეგ გულიანად გადაიხარხარა და ყურანის ეს ნაწყვეტი ზეპირად

წარმოთქვა:



„...და კაცები დგანან ქალთა ზემოთ იმით, რითაც ალაჰმა გამოარჩია ისინი

ერთმანეთისაგან, და იმით, რასაც (კაცები) ხარჯავენ თავიანთი ქონებიდან; პატიოსანი

ქალები მორჩილნი არიან (ქმრისა) და იცავენ იმ საიდუმლოს, რაც მათ ალაჰმა ჩააბარა;

ხოლო რომელთა პატიოსნების გამო შიშობთ, შეაგონეთ მათ, სარეცელი გაუცალკევეთ და

სცემეთ (კიდეც), მაგრამ თუ დაგემორჩილებიან, ნუღარ გამოედევნებით მათ

შემაწუხებელ გზას. ალაჰი მაღალია, დიდებული“.



როცა დაამთავრა, შამსმა თვალები დახუჭა და იგივე სურა ამჯერად სხვაგვარად

წარმოთქვა: „მამაკაცი ქალის საყრდენია, რამეთუ ღმერთი მავანთ სხვებზე მეტ

შესაძლებლობასა და სახსრებს მიუბოძებს და რამეთუ მამაკაცი იხარჯება ქალისთვის.

სათნოებით გამორჩეული ქალი ღვთის მორჩილია და ღვთისგან მიბარებული

საიდუმლოს სადარაჯოზე დგას, მაგრამ უკეთუ ქალმა პირი გაქცია, სცადე მისი

დაყოლიება; შემდეგ მარტო დატოვე (თავს ნუ შეაწყენ) და სარეცელი მხოლოდ მაშინ



გაიყავი მასთან, როცა მას სურს. თუ ქალი გაგეხსნა და დაგყვა, ნუღარ ეძებ მის

დასადანაშაულებელ მიზეზს. ღმერთი მაღალია, ღმერთი დიდია“.

– ხედავ განსხვავებას? – მკითხა შამსმა.



– დიახ, მივუგე მე, – ხელშესახები განსხვავებაა. ალნისაში მამაკაცი თითქოს

ხელდასხმულიც კია საიმისოდ, რომ ცოლი სცემოს; აქ კი მამაკაცს მხოლოდ რჩევა

ეძლევა, რომ ცოლს დროზე გაეცალოს. სხვაობა მართლაც დიდია. რატომ?

– რატომ... რატომ... რამდენჯერმე ექოსავით გაიმეორა შამსმა, თითქოს ეს შეკითხვა

სიამოვნებდა.

– ერთი ეს მითხარი, კიმია, მდინარეში თუ გიცურავია ოდესმე?



თავი დავუქნიე. გამახსენდა ჩემი ბავშვობა და ტაურუსის მთებიდან ჩამომავალი ანკარა

მდინარე. ახლა უკვე აღარაფერი დარჩენილიყო იმ პატარა, ცქრიალა გოგოსგან, რომელიც

თავის დებსა და მეგობრებთან ერთად ოდესღაც მხიარულად ჭყუმპალაობდა მის

ჩქერებში. სახე მივაბრუნე, არ მინდოდა, შამსს ჩემი ცრემლები ენახა...

– როცა მდინარეს შორიდან უყურებ, კიმია, ასე გგონია, მასში მხოლოდ ერთი დინებაა,

მაგრამ თუ ჩაყვინთავ, მიხვდები ერთ მდინარეში რამდენიმე მდინარე ჩქეფს. ჰო, იქ

უამრავი ნაკადია, ყველა მათგანი თავის გზასავალს მიჰყვება, თუმცა გვერდიგვერდ,

მაგრამ ცალცალკე.



შამსი მომიახლოვდა, ნიკაპზე ხელი მომკიდა და მაიძულა, მის შავ, უძირო,

სულიერებით სავსე თვალებში ჩამეხედა. გული შემიტოკდა. სუნთქვაც კი შემეკრა.

– ყურანი მჩქეფარე მდინარეა, კიმია; ვინც მას შორიდან უყურებს, ერთ მდინარეს

ხედავს მხოლოდ, მაგრამ ვინც მასში შეცურავს, იქ ოთხი სხვადასხვა ნაკადი დახვდება.

ეს იმას ჰგავს, განსხვავებული სახეობის თევზი რომ სხვადასხვა ადგილას ცურავს: ზოგი

ზედაპირთან ახლოს, ზოგიც ფსკერთან...



– ვშიშობ, გამიჭირდება ამის გაგება, – ვთქვი მე, თუმცა ვგრძნობდი, რომ გონება

თანდათან მინათდებოდა.

– ვისაც ზედაპირთან ახლოს ცურვა ურჩევნია, ყურანის მნიშვნელობას ზედაპირულად

აღიქვამს და ამით კმაყოფილდება. ასეთები მრავლად არიან. ისინი სურებს

სიტყვასიტყვით იგებენ, ამიტომაც არ მიკვირს, ალნისას მსგავსი სურების კითხვისას

ნაუცბათევი დასკვნა იმის შესახებ, რომ მამაკაცი ქალზე მაღლა დგას. მათ ხომ სწორედ

ამის დანახვა სურთ.



– სხვა დინებებზე რას იტყვი? – ვკითხე მე.

შამსმა ძლივს გასაგონად ამოიფშვინა. უნებურად მისი პირისაკენ გამექცა თვალი და

შევნიშნე, რომ ეს მაცდური ბაგე ისე გიტყუებდა, როგორც იდუმალი ბაღი.

– კიდევ სამი დინება არსებობს. მეორე უფრო ღრმაა პირველზე, მაგრამ ზედაპირთან

მაინც ახლოა. რაც უფრო ფართოვდება შენი თვალსაწიერი, ყურანსაც უფრო ღრმად

სწვდები. მაგრამ იმისათვის, რომ ეს მოხდეს, ღრმად უნდა ჩაყვინთო!

ვუსმენდი ამ სიტყვებს და ვგრძნობდი, ერთდროულად თითქოს დაცლილიც ვიყავი და

სავსეც.



– რა მოხდება, როცა ღრმად ჩაყვინთავ? – ვკითხე ფრთხილად.



– მესამე ქვედინება ყურანის ეზოტერული წაკითხვაა, ანუ ბატინი. თუ ალნისას

შინაგანი მზერით ჩახედავ, აღმოაჩენ, რომ იგი საკუთრივ ქალებს კი არ ეხება, არამედ

ქალურობასა და მამაკაცურობას. ეს ორი საწყისი მეტნაკლებად ყველა ჩვენგანში ძევს,

ჩემშიც და შენშიც. თუ საკუთარ თავში ამ ორივე საწყისის შერწყმას და

შესისხლხორცებას ვისწავლით, ერთარსად გადაქცევა აღარ გაგვიჭირდება.

– იმის თქმა გსურს, რომ ჩემში არის რაღაც მამაკაცური?

– დიახ, სწორად მიმიხვდი. ჩემშიც არის რაღაც ქალური.

სიცილი ვერ შევიკავე.

– რუმიზე რას იტყვი?

შამსმა ჩაიღიმა.



– მეტნაკლებად ყველა მამაკაცში არის ქალურობის მარცვალი.

– ყველაზე ვაჟკაცურ მამაკაცშიც კი?

– მათში არის თუ არის, ჩემო კარგო, – თქვა შამსმა და თვალი ჩამიკრა. ეს სიტყვები ისე

ჩამჩურჩულა, თითქოს რაღაც საიდუმლოს მანდობდა.

სიცილი ძლივს შევიკავე. პატარა, ცუგრუმელა გოგოდ ვგრძნობდი თავს. აშკარად რაღაც

მემართებოდა მის სიახლოვეს. უცნაური კაცი იყო, მომნუსხველი ხმა ჰქონდა, მოქნილი,

დაკუნთული ხელები... მზერას ხომ ნუღარ იკითხავთ რასაც თვალს შეავლებდა,

ყველაფერს მზის მაცოცხლებელი შუქივით ასხივოსნებდა და ახალ სიცოცხლეს სძენდა

თითქოს. მის გვერდით მთელი სისავსით ვგრძნობდი ჩემს სინორჩეს, მაგრამ ამავე დროს,

ჩემს არსებაში სადღაც ღრმად დამარხული დედობრივი გრძნობაც ამოძრავდა, რძის

მსუყე სურნელით გაჟღენთილი...



ძალიან მინდოდა, ეს კაცი დამეცვა, ოღონდ არ ვიცოდი, როგორ და რისგან. შამსმა

მხარზე ხელი დამადო და ისე მომიახლოვდა, რომ მისი თბილი სუნთქვაც კი ვიგრძენი.

ამჯერად მის მზერაში რაღაც ახალი, იდუმალი ბინდი შევნიშნე. მის თითებში ისე ვიყავი

მომწყვდეული, როგორც ხაფანგში. ღაწვებზე თითისწვერებით რომ მეხებოდა, ისეთ

სითბოს ვგრძნობდი, თითქოს ვიღაცას ჩემს სახესთან ანთებული სანთელი მოეტანა.

ცოტა ხანში თითები ქვევით, ტუჩებისკენ ჩამიცურა და ჩემს ქვედა ტუჩს შეეხო.

გაოგნებული, რეტდასხმული ვიდექი. თვალები დავხუჭე და გავიფიქრე, სიცოცხლე

თუნდაც ამ საოცარი გრძნობისთვის ღირდა-მეთქი. მაგრამ როგორც კი ტუჩებზე ხელი

შემახო, იმწამსვე უკან გასწია და წაიბუბუნა:

– ახლა კი უნდა წახვიდე, ჩემო კიმია.



ჩემი სახელი რატომღაც ისე წარმოთქვა, როგორც რაღაც ძალიან სევდისმომგვრელი

სიტყვა.

უკან რომ ვბრუნდებოდი, თავბრუ მეხვეოდა, ღაწვები მიხურდა...

ოთახს მივაშურე, ლოგინზე გულაღმა გავიშოტე და ჩემს თავს ვკითხე, ნეტავ რას

ვიგრძნობდი, რომ ეკოცნა-მეთქი. მაშინღა გამახსენდა, რომ მეოთხე ნაკადზე, ანუ

ყურანის ყველაზე ღრმა წაკითხვაზე არაფერი მიკითხავს.

არ მასვენებდა ამაზე ფიქრი: მაინც როგორ უნდა ჩასწვდეს ადამიანი ასეთ სიღრმეებს?

რას გრძნობს იგი, ვინც ბედავს და ბოლომდე ყვინთავს?



                                                                       სულთან ველედი



1245 წლის 4 სექტემბერი, კონია



ბავშვობიდან ვზრუნავდი ალადინზე, როგორც უფროსი ძმა, მაგრამ ეს ბოლო ხანია,

განსაკუთრებული დაჟინებით მიჭირავს მასზე თვალი. ფიცხი ყოველთვის იყო (სულ

პატარაც კი), მაგრამ ამ ბოლო დროს ძალიან შარიანი და ადვილად ფეთქებადი გახდა.

სულ საკამათოდ არის მომართული. უმნიშვნელო რაღაცაზე წაგეკიდება ხოლმე. ისეთი

აღრენილია, მისი დანახვისას უბნის ბავშვებიც კი ფრთხებიან. ჯერ მხოლოდ ჩვიდმეტი

წლისაა და უკვე თვალის უპეები დანაოჭებული აქვს, რადგან ერთთავად კოპებშეკრული

და თვალმოჭუტული დადის. აი, ამ დილითაც შევამჩნიე, ტუჩებთან ახალი ნაოჭი

გასჩენია; დანა კბილს არ უხსნის და აბა, რა იქნება...



იმ დღეს ვიჯექი და ცხვრის ტყავის ეტრატზე ვწერდი. უცებ ზურგს უკან რაღაც

შარიშური გავიგონე. ალადინი იყო. ღმერთმა იცის, რამდენი ხანი იდგა და

მაკვირდებოდა თავისი თაფლისფერი თვალებით. ტუჩები, როგორც ყოველთვის,

პირქუშად მოეკუმა.



– რას აკეთებ? მკითხა ბოლოს.

– მამაჩვენის ადრინდელი საჯარო გამოსვლის ტექსტს ვიწერ, – ვუთხარი მე, – კარგი

იქნება, მისი ყველა გამოსვლისა თუ ქადაგების დამატებითი ასლი რომ გვქონდეს.

– რა საჭიროა?! – წამოიძახა გაცეცხლებულმა. – მამა ხომ აღარც სიტყვით გამოდის და

აღარც ქადაგებს. თუ ჯერ არ შეგიმჩნევია, იმასაც მოგახსენებ, რომ მედრესეშიც აღარ

ასწავლის, რახანია. ვერ ხედავ, რომ ყველა თავისი მოვალეობა გვერდზე გადადო?

– ეგ დროებითი ამბავია. მალე ისევ შეუდგება საქმეს, – ვთქვი მე.

– თავს რატომ იტყუებ? ნუთუ არ გესმის, რომ შამსის გარდა არავისთვის და

არაფრისთვის აღარ სცალია? სასაცილოა, ღმერთმანი! ამ შამსს რომ ჰკითხო, მოხეტიალე

დავრიშია, არადა ფეხს აღარ იცვლის ჩვენი სახლიდან!



ალადინს მწარედ ჩაეცინა და ცოტა ხნით დადუმდა, ეგონა, ბანს მივცემდი, მაგრამ ხმა

რომ არ ამოვიღე, ოთახში ბოლთის ცემას მოჰყვა. მისთვის არც შემიხედავს, ისე ვიგრძენი

თვალებიდან ცეცხლს აფრქვევდა.



– ხალხი უკვე ჭორაობს... – ბოღმიანად ჩაილაპარაკა მან, ყველა ერთსა და იმავეს

მეკითხება: როგორ კადრულობს ასეთი პატივდებული ღვთისმეტყველი ვიღაც

მწვალებლის ჭკუაზე სიარულსო. მალე ყინულის ნატეხივით ჩაგვადნება ხელში

მამაჩვენის პატიოსანი სახელი. თუ დროზე არ მოთოკა თავი, მოწაფეებსაც ვეღარ

ეღირსება. ამ ქალაქში აღარავის მოუნდება მისი შეგირდობა და... არც გაემტყუნებათ!

ეტრატი გვერდზე გადავდე და ძმას შევხედე. ჯერ კიდევ ნორჩი იყო, მაგრამ ლაპარაკსა

და მიხრამოხრაზე ეტყობოდა, უკვე კაცობდა. საერთოდ, შარშანდელი წლიდან ძალიან

შეიცვალა და ეჭვი გამიჩნდა, რომ შეყვარებული იყო. ვინ უნდა ჰყვარებოდა, ნამდვილად

არ ვიცოდი და არც მისი ახლო მეგობრები მეუბნებოდნენ.



– ძმაო, მესმის, რომ შამსი არ მოგწონს, მაგრამ ეს კაცი სტუმარია ჩვენი და პატივი უნდა

ვცეთ. გირჩევ, ჭორებს არ აჰყვე და საერთოდ, მოდი, ბუზს სპილოდ ნუ გადავაქცევთ.



ვიგრძენი, რომ საუბარში მფარველის მედიდური კილო შემეპარა, ენაზე ვიკბინე, მაგრამ

უკვე გვიანი იყო. ხმელ შეშას რომ წამში ცეცხლი წაეკიდება, ისე წამოენთო.



– ბუზიო?! ბუზს ეძახი ამ საშინელებას, რაც ჩვენს თავს ტრიალებს? ასე რამ დაგაბრმავა?!

მეორე ეტრატი ავიღე და მის სათუთ ზედაპირს ხელი მოვუსვი. ყოველთვის უდიდეს

სიამოვნებას მანიჭებდა მამაჩემის ქადაგებების ჩაწერა. მიხაროდა, რომ მის ნააზრევს

სიცოცხლეს ვუხანგრძლივებდი, რომ ხალხი მამაჩემის მოძღვრების გაცნობას ასი წლის

შემდეგაც შეძლებდა და შთაგონების წყაროდაც გაიხდიდა. როგორი მცირეც უნდა

ყოფილიყო ჩემი წვლილი ამ საქმეში, მაინც მეამაყებოდა იგი.



ჩემი ბუზღუნა ძმა თავზე მადგა და ჩემს ნამუშევარს აკვირდებოდა. მწარე ნაღველი

ჩასდგომოდა ფიქრიან თვალებში. ისეთი დაზაფრული ჩანდა, რომ კიდევ ერთხელ

გავიფიქრე: „სულ მთლად ბავშვია, მამის სიყვარულს დანატრებული პატარა ბიჭი...“

გული შემეკუმშა. მივხვდი, მამაჩვენზე უფრო იყო გამწყრალი, ვიდრე შამსზე. მის

სიყვარულს ისაკლისებდა, თქვენ წარმოიდგინეთ, მისი დიდკაცობაც კი აღიზიანებდა,

რადგან ეს მორჭმული და სანაქებო ადამიანიც კი ვერ დაუდგა წინ სიკვდილს, რომელმაც

დედა ასე ნაადრევად მოგვტაცა.



– ამბობენ, შამსმა მამაჩვენი მოაჯადოვაო, – არ ცხრებოდა ალადინი, – იმასაც ამბობენ,

ასასინების შემოჩენილიაო.

– ასასინების?! რა სისულელეა! – აღვშფოთდი მე.

ასასინებად წოდებული საძმოს ძირითადი საქმიანობა მკვლელობა იყო. ათასნაირ

ხერხებს მიმართავდნენ, შხამების გამოყენებაშიც კი იყვნენ გაწაფულნი. მათი სამიზნე

უმეტესწილად გავლენიანი ხალხი იყო. თანაც, როგორც წესი, საჯაროდ მოქმედებდნენ,

რათა ადამიანთა გულებში შიში დაეთესათ.



ერთხელ მისმა წევრებმა სულთან სალადინის კარავშიც კი გაბედეს შესვლა და იქ

მოწამლული ნამცხვარი და შემდეგი შინაარსის ბარათი დატოვეს: „ჩვენს ხელში ხარ!..“

თვით სალადინი, ისლამის ეს დიდი სარდალი, ჯვაროსანთა წინააღმდეგ

ვაჟკაცურადმებრძოლი, მათ ხელში ჩავარდნილი იერუსალიმის კვლავ დამბრუნებელი,

ვერ ბედავდა ასასინებთან დაპირისპირებას და მათთან მშვიდობიან გარიგებაზე წასვლას

ამჯობინებდა. როგორ იფიქრა ხალხმა, რომ შამსი ამ ბოროტმოქმედებთან იყო შეკრული?

ალადინს მხარზე ხელი დავადე და ჩემკენ გამოვახედე.



– ეგ ორდენი, ჩემო ძმაო, დიდი ხანია ის აღარ არის, რაც იყო. მისგან ცარიელი სახელიღა

დარჩა.

ალადინი წამით ჩაფიქრდა და მიპასუხა:

– ეს მეც გამიგია, მაგრამ ჰასან საბაჰს თურმე ჯერ კიდევ შემორჩენილი ჰყავს ყველაზე

ერთგული სამი წევრი. სწორედ ესენი წამოსულან ალამუთის ციხესიმაგრიდან და ფიცი

დაუდვიათ, რომ სადაც მივლენ, ყველგან შიში და უბედურება დათესონ. ჰოდა, ხალხი

ეჭვობს, რომ შამსი მათი წინამძღოლია.



მოთმინების ფიალა ამევსო:

– ღმერთო, შენ მიშველე!.. კი, მაგრამ აღარ მეტყვი, მაინც რატომ უნდა უნდოდეთ

ასასინებს მამაჩვენის მოკვლა?



– იმიტომ, რომ გავლენიანი ადამიანები სძულთ, იმიტომ, რომ არეულობა და

განუკითხაობა ყველაფერს ურჩევნიათ, – მიპასუხა მან.

ძალიან გაეტაცებინა ამ შეთქმულების თეორიებს. აღელვებისგან სახე მთლად

აუფორაჯდა. ვხედავდი, სიფრთხილე მმართებდა.



– ეჰ, ხალხი ბევრ რამეს ამბობს, ალადინ, ვუთხარი მე, ნუ აჰყვები ამ ბოროტ სისინს.

მოიშორე ცუდი ფიქრები, ხომ ხედავ, გული შხამით გაქვს სავსე.

მწარედ ამოიგმინა, მაგრამ ყურადღება არ მივაქციე და გავაგრძელე:

– შეიძლება შამსი პირადად არ მოგწონდეს და კაცმა რომ თქვას, არც მოგეთხოვება.

მაგრამ მამაჩვენის ხათრით მის მიმართ ცოტაოდენი პატივისცემა მაინც უნდა

გამოიჩინო.



მომიტრიალდა და თვალებით დამსუსხა. ვხედავდი, მხოლოდ მამაზე არ ბრაზობდა;

არც მხოლოდ შამსზე იყო გაბოროტებული; აშკარად ჩემზეც იყო გულნატკენი.

შამსისადმი ჩემს ასეთ დამოკიდებულებას სისუსტედ მითვლიდა. ეტყობა, ფიქრობდა,

რომ მამის კეთილგანწყობის მოსაპოვებლად ვიქცეოდი ასე როგორც ყურმოჭრილი

მონა, როგორც უნიათო და უხერხემლო ადამიანი.



მართალია, ხმამაღლა მსგავსი არაფერი უთქვამს და ეს მხოლოდ ჩემი ეჭვები იყო,

მაგრამ ასეთი შეფასება მაინც ვიუკადრისე. არადა, ვერც ვუბრაზდებოდი. ჩემთვის

ალადინი ისევ ის ბავშვი იყო, ოდესღაც ქუჩის კატებს რომ დასდევდა, გუბეებში რომ

წუწაობდა და მთელი დღე მაწონწასმულ პურს ციცქნიდა. როცა მას ვუყურებდი,

მინდოდა თუ არ მინდოდა, ისევ ის საყვარელი, ბუთხუზა, თავისი ასაკისთვის

ტანდაბალი ბიჭუნა მედგა თვალწინ.



უცებ გამახსენდა, როგორ მიიღო მან დედის სიკვდილის ცნობა... ერთი ცრემლიც არ

გადმოუგდია მაშინ. ფეხებზე დაიხედა რატომღაც, თითქოს თავისი ფეხსაცმელი

ესირცხვილებოდა. კიდევ ქვედა ტუჩი მოიკვნიტა, თანაც ისე მაგრად, რომ სიმწრისგან

ფერი წაუვიდა. არც ერთი სიტყვა არ წამოსცდენია, ქვითინზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია.

არადა, ნეტავ ეტირა...



– გახსოვს, უბნის ბიჭებთან ჩხუბი რომ მოგივიდა? ცხვირგასისხლიანებულმა და

აბღავლებულმა რომ მოირბინე. რა გითხრა მაშინ დედამ? – ვკითხე მე.

ჯერ თვალები მოჭუტა, გახსენებას ცდილობდა თითქოს, შემდეგ უცებ გაუფართოვდა

თვალები, როგორც ჩანს, მოგონება მასაც ამოუტივტივდა მეხსიერებაში... მაგრამ არაფერი

მიპასუხა.



– ასე გითხრა, როცა ვინმეზე გაბრაზებული ხარ, მისი სახე გონებაში საყვარელი

ადამიანის სახით უნდა ჩაანაცვლოო. სცადე და შამსის სახე დედაჩვენის სახით შეცვალე.

იქნებ მაშინ მაინც მოგიბრუნდეს მისკენ გული.

სულ რაღაც წამით, ქარიან დღეში ცაზე მიმქროლავი ღრუბლის სისწრაფით

გადაურბინა ტუჩებზე ღიმილმა. მაგრამ ამ ძლივს შესამჩნევმა ღიმილმაც კი საოცრად

მოალბო მისი სახის გამომეტყველება.



– ჰო, რა ვიცი... – ჩაილაპარაკა და სახე გაუნათდა. გულისწყრომის ნასახიც აღარ

ეტყობოდა.



მეც მეტი რა მინდოდა. გულში უსიტყვოდ ჩავიკარი. არც არაფერი დამრჩენოდა

სათქმელი. ისიც სიყვარულით ჩამეხუტა. იმ წუთში ეჭვი არ მეპარებოდა, რომ ალადინი

შამსთან ურთიერთობას მოაგვარებდა და კვლავ შეხმატკბილებულად ვიცხოვრებდით,

მაგრამ შემდგომმა მოვლენებმა დამარწმუნა, რომ სასტიკად ვცდებოდი.



                                                                                           კერა



1245 წლის 22 ოქტომბერი, კონია



ბჭობას ბოლო არ უჩანდა. შამსი და რუმი იმ დღესაც, როგორც ყოველთვის, ჩაკეტილ

ოთახში საუბრობდნენ. კარზე მივუკაკუნე, პასუხს აღარ დაველოდე და ლანგრით ჰალვა

შევუტანე.

როცა მათთან შევდივარ, შამსი ხმას ჩაიკმენდს ხოლმე, თითქოს ლაპარაკს ვუშლიდე.

ნახელავსაც არასოდეს მიქებს. ჭამითაც ძალიან ცოტას ჭამს. ზოგჯერ მგონია, რომ

მისთვის სულერთია, საუცხოო სადილს მივართმევ, თუ გამხმარ პურს... მაგრამ ამჯერად

ჰალვა ჩაკბიჩა თუ არა, თვალები აენთო და მეუბნება:



– უგემრიელესია, კერა! როგორ გააკეთე?

არ ვიცი, უცებ რა დამემართა. იმის მაგივრად, რომ ქათინაური შემეფერებინა,

უნებურად წამომცდა:

– რატომ მეკითხები? ჰალვის გამკეთებელი ხარ?!



თვალი თვალში გამიყარა და თავი ოდნავ დააქნია, თითქოს კვერს მიკრავდა. მეგონა,

რაღაცას მეტყოდა, მაგრამ სიტყვა არ დაუძრავს.



უხმოდ გამოვედი და სამზარეულოში შევბრუნდი. ეს შემთხვევაც თითქოს ამით

ამოიწურა და შეიძლება სამუდამოდ დამვიწყებოდა კიდეც, რომ არა დღევანდელი

დილა...



იმავე დილით, როცა სამზარეულოში კარაქს ვდღვებდი, უცებ ეზოდან რაღაც უცნაური

ხმები შემომესმა და გარეთ გავედი. თქვენს მტერს, მე იქ ამბავი დამხვდა! ყველგან

წიგნები ეყარა. მთელ ეზოში წიგნების მთები იდგა. ერთი იმდენი აუზში ტივტივებდა.

აუზის წყალი მელნისგან სულ ერთიანად გალურჯებულიყო...

და ეს ყველაფერი ჩემი ქმრის თვალწინ ხდებოდა.

შამსმა ერთერთ წიგნს (ალმუთანაბის ლექსების კრებულს) ხელი სტაცა, პირქუშად

დახედა და წყალში გადაუძახა. წიგნი იმწამსვე ჩაიძირა. ახლა მეორე წიგნს (ამჯერად

ათარის „საიდუმლოებებს“) სტაცა ხელი... რაღა ბევრი გავაგრძელო ეს კაცი სათითაოდ

ანადგურებდა რუმის საყვარელ წიგნებს!



ადგილზე გავშეშდი... ცოტაც და რუმის მამის ნაშრომი, „ღვთიური მოძღვრებანიც“

წყლით სავსე აუზში აღმოჩნდა. ქმარს შევხედე. ვიცოდი, როგორ აღმერთებდა მამამისს

და როგორ თვალისჩინივით უფრთხილდებოდა ამ ხელნაწერს. აი, ახლა კი იფეთქებს-

მეთქი, გავიფიქრე, მაგრამ ნურას უკაცრავად. იდგა გახევებული, ცვილივით

გაფითრებული, ხელებაკანკალებული და... ხმას არ იღებდა. ვერაფრით გამეგო, რა

აჩერებდა. კაცი, რომელმაც ერთხელ იმისთვისაც კი მისაყვედურა, რომ მის წიგნებს



მტვერს ვაცლიდი, ახლა გასუსული იდგა და უყურებდა, როგორ ავლებდა მუსრს ვიღაც

გადარეული მთელ მის ბიბლიოთეკას! ეს უსამართლობა იყო. გადავწყვიტე თავად

ჩავრეულიყავი.



– რას აკეთებ? – ვკითხე შამსს. – ეს ფასდაუდებელი წიგნებია, მათი ასლები არ

არსებობს. რატომ ისვრი მათ წყალში? ხომ არ შეიშალე?!

პასუხის ნაცვლად შამსმა რუმის გადახედა და ჰკითხა:



– შენც ასე ფიქრობ?

რუმიმ ცალყბად ჩაიღიმა. ხმა არც ამჯერად ამოუღია.

– რამ დაგამუნჯა?! – ვუყვირე ქმარს.



შამსმა ერთი გადმომხედა. არხეინად, გულდაჯერებით დაიკაპიწა სახელოები და

წყლიდან წიგნების ამოღება დაიწყო. სახტად დავრჩი: ყველა წიგნი მშრალი იყო...

– ეს რა არის? კუდიანი ხომ არა ხარ? როგორ აკეთებ ამას?! – ვკითხე მე.

– რატომ მეკითხები? ამის გამკეთებელი ხარ? – იყო პასუხი.



გული ამომიჯდა. ბრაზისაგან აკანკალებული შევვარდი სამზარეულოში, რომელიც იმ

დღეებში სულის მოსაბრუნებელ, ლამის წმიდათაწმიდა ადგილად მქცეოდა. ჩამოვჯექი

იქვე, ჭურჭლითა და საკაზმებით სავსე მაგიდასთან და ტირილით გული ვიჯერე.



                                                                              რუმი



1245 წლის დეკემბერი, კონია



ბინდბუნდში, დილაბნელზე დავიძარით მე და შამსი ლოცვის აღსავლენად. კარგა ხანს

მივაგელვებდით ცხენებს ტრიალ მინდორზე. ყინულივით ცივ ნაკადულებში

ვტოპავდით, დილის მაცოცხლებელ ნიავს ვუშვერდით სახეს... აქა-იქ პურის ყანებში

ჩადგმული საფრთხობელები უჟმურ დუმილს გვაგებებდნენ. ქარი გამალებით

აფრიალებდა სოფლური ქოხმახების წინ თოკზე გაფენილ სარეცხს.



აქეთ წამოსვლისას შამსმა სადავე მოქაჩა და ქალაქის შესასვლელთან მდგარი მუხის

ქვეშ ჩამოვსხედით. მან თავისი მოსასხამი მიწაზე დააფინა, ზედ მოვიკალათეთ და

შორეული თუ ახლომდებარე მეჩეთებიდან გამოსულ ლოცვებს ხმები ავაყოლეთ. თავზე

უკვე მეწამულად შეფერილი ზეცა დაგვცქეროდა...



– კონიას პირველად რომ მოვადექი, სწორედ ამ ხის ძირში შევისვენე, – თქვა შამსმა.

წამით შორეულ მოგონებას გაუღიმა, მაგრამ უცებ კვლავ მოეღრუბლა სახე და დასძინა:

– ერთ გლეხს დავემგზავრე მაშინ. შენი დიდი თაყვანისმცემელი იყო. რუმის ქადაგება

ნაღველს აქარვებსო, ასე მითხრა.



– დრო იყო, სიტყვის ჯადოქარს მეძახდნენ... – ვთქვი მე, – მაგრამ ახლა მეჩვენება,

თითქოს ეს ყველაფერი საუკუნის წინ ხდებოდა. აღარ მინდა ქადაგება. მეყო, რაც

ვიქადაგე...



– სიტყვის ჯადოქარი ახლაც ხარ, – თქვა მტკიცედ შამსმა, – მაგრამ განსხვავება ისაა,

რომ ამიერიდან მოქადაგე გონების ნაცვლად მომღერალი გულის პატრონი ხდები.



არ ვიცოდი, რას გულისხმობდა, მაგრამ აღარ ჩავძიებივარ. ამასობაში აისმა ღამის

უკანასკნელი ნარჩენებიც მიფანტმოფანტა და ცა ხასხასა ნარინჯისფრად შეაფერადა.

შორიდან ვხედავდით, როგორ იღვიძებდა ქალაქი. ბოსტნებში ყვავები ფუთფუთებდნენ

და ხარბად კენკავდნენ ყველაფერს, რასაც მოიხელთებდნენ. ისმოდა კარების გაბმული

ჭრიალი და სახედრების ყროყინი. აქაიქ საკვამურებიც ახრჩოლდა. ახალი დღე

იბადებოდა და ადამიანებიც გამალებით ემზადებოდნენ მასთან შესახვედრად.



– ყველა ცდილობს თავისი შესაძლებლობების სრულყოფას, მაგრამ ამას თავისით,

ყოველგვარი ხელმძღვანელობის გარეშე აკეთებს, – წაიბუტბუტა შამსმა თავის

კანტურით, – შენი ქადაგებებით სწორედ ამაში ეხმარებოდი მათ. მე კი, ჩემი მხრივ,

ყველა ღონეს ვიხმარ, რომ შენ დაგეხმარო, მე შენი მსახური ვარ.

– ნუ იტყვი მაგას, – შევეპასუხე მე, – შენ ჩემი მეგობარი ხარ.



შამსმა ყური არ მათხოვა და განაგრძო:

– მთელი ცხოვრება თითქოს ნაჭუჭში ხარ გამომწყვდეული. როგორც სახელგანთქმულ

მოქადაგეს, მუდამ პირმოთნე და მორჩილი თაყვანისმცემლები გახვევია, მაგრამ იცნობ

კი კარგად ჩვეულებრივ ხალხს? ლოთებს, მათხოვრებს, მეძავებს და მოთამაშეებს? ეს

ყველაზე გაუხარელი და დაჩაგრული ხალხია, იცოდე. ისინიც ღვთის შვილები არიან.



გაქვს კი ძალა, რომ ღვთის ყველა ქმნილება ერთნაირად შეიყვარო? აი, რა მაფიქრებს

ყველაზე მეტად. ეს საკმაოდ რთული გამოცდაა. მას ყველა ვერ უძლებს...



ამას რომ ამბობდა, მის სახეს ვაკვირდებოდი. სინაზით, თანაგრძნობით სავსე სახეზე

კიდევ ვამჩნევდი რაღაც ისეთს, რაც დედობრივ მზრუნველობას მაგონებდა.

– მართალი ხარ, – დავეთანხმე მე, – ცივი ნიავი არასოდეს მომკარებია, ამიტომ არ ვიცი,

როგორ ცხოვრობს ჩვეულებრივი, უბრალო ხალხი.



შამსმა ბელტი აიღო, დაფშვნა და ნათქვამს რბილად დასძინა:

– თუ გონებით მთელ სამყაროს მისწვდები, თავისი სიჭრელითა და წინააღმდეგობებით,

ეს ყველაფერი ადრე თუ გვიან ერთმანეთს შეერწყმება და ერთარსად ჩამოიქნება.

ამ სიტყვებით ხმელ ტოტს დასწვდა და მუხის ირგვლივ დიდი წრე შემოხაზა, ხელები

ცისკენ აღაპყრო (თითქოს სურდა, უჩინარი თოკით ვიღაცას ზეცაში აეყვანა) და ღმერთის

ოთხმოცდაცხრამეტი სახელი წარმოთქვა. შემდეგ თავის მოხაზულ წრეში ნელი ბრუნვა

დაიწყო. თავიდან ნელა, ტაატით, საღამოს ნიავივით ნაზად მოძრაობდა, ცოტა ხანში

სიჩქარეს უმატა და ბოლოს ქარბორბალასავით დაბზრიალდა.



დამატყვევებელი სანახაობა იყო. ისეთი განცდა მქონდა, თითქოს მზე, მთვარე,

ვარსკვლავები, მთელი სამყარო უვლიდა მასთან ერთად ამ გიჟურ დავლურს.

შევცქეროდი ამ სრულიად უჩვეულო როკვას და სულითა და ხორცით ვიწოვდი

ენერგიას, რომელსაც შამსის არსება იმ წუთში ასხივებდა.



შამსმა თანდათან ტრიალს უკლო და ბოლოს გაჩერდა. მკერდი აუდჩაუდიოდა, სახე

გასთეთრებოდა, ხმა სადღაც ხორხში ჩაკარგვოდა, თითქოს შორიდან მოისმისო.

– სამყარო ერთარსია. ყველა და ყველაფერი ამბების უჩინარი ქსელით არის

დაკავშირებული. უნებურად ყველანი უსიტყვო საუბარში ვართ ჩაბმულნი. ნუ დააშავებ.

თანაგრძნობაში გაიწაფე. ზურგს უკან ნურავის გაჭორავ. თუნდაც ეს სრულიად



უწყინარი შენიშვნა იყოს. ჩვენი პირიდან ამოსული სიტყვები არასოდეს ქრება. მათ

მარადისობა ინახავს. დრო მოვა და ისინი ჩვენვე მოგვიბრუნდება. ერთი ადამიანის

ტკივილი ყველას დაგვისერავს გულს, ერთი ადამიანის სიხარული ყველას ღიმს

მოგვგვრის... ასე გვასწავლის ერთერთი ორმოც წესთაგანი, – ჩაიბუბუნა შამსმა და

გამომცდელი მზერა მომაპყრო.



მისი თვალების უძირო სიღრმიდან ისეთი მწუხარება გამოკრთოდა, რომელიც ადრე

არასოდეს შემიმჩნევია.



– დადგება დრო, როცა შენ სიყვარულის ხმას გიწოდებენ, – მომმართა ბოლოს, – ეს ხმა

შთაგონების წყარო გახდება ადამიანებისთვის (მათთვისაც, ვისაც არასოდეს თვალით არ

უნახავხარ), აღმოსავლეთის მკვიდრნი იქნებიან ისინი თუ დასავლეთისა.

– ეგ როგორღა უნდა მოხდეს? – ვკითხე დაეჭვებულმა.

– როგორ და სიტყვებით, – მომიგო შამსმა, – ოღონდ სიტყვებს რომ ვამბობ, შენს

ქადაგებებს კი არ ვგულისხმობ, არამედ პოეზიას.

– პოეზიას? – ჩავეკითხე და ხმაში ბზარი გამერია, – მე ლექსებს არ ვწერ. მე სწავლული

ვარ.



შამსს ჩაეღიმა.

– შენ, ჩემო მეგობარო, ხარ ერთ-ერთი უდიდებულესი მგოსანი, რომელსაც მსოფლიო

გაიცნობს.

შეპასუხება დავაპირე, მაგრამ მისმა შეუპოვარმა მზერამ გამაჩერა. კაცმა რომ თქვას,

კამათის დიდი სურვილი არც მქონდა.

– ეგრე იყოს. მაგრამ რაც უნდა დამაკისროს განგებამ, მე და შენ ეს გზა ერთად უნდა

განვვლოთ.



შამსმა თავი დამიქნია, მაგრამ მისი გონება სხვაგან ქროდა. კარგა ხანს

ავისმომასწავებლად დუმდა და ჩანაცრულ ჰორიზონტს გაჰყურებდა. როცა ბოლოს და

ბოლოს ხმა ამოიღო, ის საბედისწერო სიტყვები წარმოთქვა, რომლებიც სამუდამოდ

ჩემთან დარჩა და სულს ახლაც მიკაწრავს:

– იცოცხლე, ძალიანაც მინდა, მაგრამ ვშიშობ, მარტოს მოგიწევს ამის გაკეთება...

– როგორ? შენ სადღა იქნები? – ვკითხე მე.

შამსი კიდევ უფრო მოიქუფრა, თვალები დახარა და თქვა:

– ეს ჩემს ხელთ არ არის.



ამ დროს ქარმა წამოუბერა და ერთბაშად აცივდა. სრულიად მოწმენდილი ციდან წვიმა

დაეშვა. პეპლის ფრთებივით ნაზად გვეხლებოდა სხეულზე მსუბუქი, თბილი წვეთები.

პირველად მაშინ გავიფიქრე, რომ შამსი მტოვებდა და ამ მტკივნეულმა აზრმა გული

ლამის შუაზე გამიპო.



                                                                          სულთან ველედი



1245 წლის დეკემბერი, კონია



ბევრს ჭორაობა გართობად აქვს ქცეული. მე კი ჭორი გულს მიკლავს. მოდგებიან და

იგესლებიან, თითქოს რამე გაეგებოდეთ იმისა, რაზეც ლაპარაკობენ. ეს ადამიანები

საოცრად... ან უფრო სწორი იქნებოდა მეთქვა, სასტიკად შორს არიან სიმართლისაგან.

მათ არ ესმით, რა ღრმა კავშირია მამაჩემსა და შამსს შორის. ეტყობა, ყურანი არ

წაუკითხავთ, თორემ ეცოდინებოდათ, რომ იგი ხშირად მოგვითხრობს მსგავსი სულიერი

მეგობრობის შესახებ.



თუნდაც მოსეს და ხიდრის ამბავი რომ გავიხსენოთ, სურა ალკაფში სრულიად

გასაგებად და მკაფიოდ რომ არის მოთხრობილი.



მოსე თითით საჩვენებელი კაცი იყო. პიროვნულმა სიდიადემ

წინასწარმეტყველობამდეც კი მიიყვანა. საარაკო წინამძღოლი და სჯულმდებელიც

გახლდათ, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს მასაც ჰაერივით დასჭირდა სულიერი

თანამძღოლი, რომელიც მესამე თვალს აუხელდა. და აი, გამოჩნდა კიდევაც კაცი,

სახელად ხიდრი, გაჭირვებულთა და ჩაგრულთა ნუგეშისმცემელი.

მან მოსეს უთხრა:



– მე მარადი მგზავრი ვარ. ღმერთმა განმაწესა სახეტიალოდ, რათა გზადაგზა გავაკეთო

ის, რასაც საჭიროება მიკარნახებს. შენ ამბობ, რომ ჩემთან ერთად წამოსვლა გსურს.

თანახმა ვარ. მხოლოდ, იცოდე, რაც უნდა მოვიმოქმედო, არაფერი მკითხო. შეძლებ ჩემს

თანხლებას შეკითხვების გარეშე? მენდობი თუ არა ბოლომდე?

– შევძლებ, – დაარწმუნა მოსემ, – ნება მომეცი, გამოგყვე. გპირდები, რომ არაფერს

გკითხავ.



გაუდგნენ გზას. დაიარეს ქალაქები და სოფლები, მაგრამ ხედავს მოსე, რომ ხიდრი

ყოველ ნაბიჯზე ავკაცობას სჩადის. ხან პატარა ბიჭი გამოასალმა სიცოცხლეს, ხან ნავი

ჩაძირა...



გამწარდა მოსე, სათქმელი გულში ვეღარ დაიტია და ჰკითხა:

– რატომ ჩაიდინე ეს საშინელი საქმეები?

– სადაა შენი დაპირება? – კითხვა შეუბრუნა ხიდრმა, – ხომ გითხარი, შეკითხვებს

ერიდე-მეთქი!



მოსემ მოუბოდიშა, კვლავ აღუთქვა, არაფერს გკითხავო, მაგრამ ამ პირობას მაინც

წარამარა არღვევდა. ბოლოს ხიდრმა თითოეული თავისი ნაბიჯის მიზეზი განუმარტა

როგორც იქნა, ჩასწვდა მოსე ხიდრის ქმედებების არსს. ბევრი მათგანი ბოროტი და

უბედურების მომტანი ჩანდა, მაგრამ ამართლებდა ანდაზას „ზოგი ჭირი მარგებელიაო“.

ხოლო ის, რაც შეიძლებოდა ერთი შეხედვით სიკეთედ მოგჩვენებოდათ, სამომავლოდ

მხოლოდ ზიანის მომტანი იყო. ისე არაფერს აუხელია მოსესთვის თვალი, როგორც

ხიდრთან ამ ხანმოკლე მეგობრობამ აუხილა.



ეს იგავი ისეთი სახის მეგობრობაზე მიგვანიშნებს, რომელსაც ჩვეულებრივი მოკვდავის

ჭკუა ძნელად თუ ჩასწვდება. ის სულ სხვა სიღრმეებში გვახედებს, სულ სხვა

სიბრძნისაკენ მივყავართ...



ჩვენში მსგავსი თვალთახედვისაგან შორს არიან. მეც ამიტომ ვერ ვისვენებ.

საუბედუროდ, არც შამსი ეძებს იოლ გზებს ხალხის გულის მოსაგებად. მტარვალის

სახით ჩამოჯდება ხოლმე სასწავლებლის ზღურბლზე, მამაჩემთან გასაუბრების

მსურველებს გზას უღობავს და ასეთ შეკითხვებს უსვამს:



– რისთვის გინდა დიდი მევლანას ნახვა? რას მიართმევ ძღვნად?

ხალხი იბნევა, სათქმელს თავს ვერ უყრის, ბორძიკობს და ბოდიშობს, შამსი კი უკან

ისტუმრებს მათ. გადის რამდენიმე დღე და ეს ადამიანები საჩუქრებით დატვირთულები

ბრუნდებიან. ზოგს ჩირი მოაქვს, ზოგს ვერცხლის დირჰემები, ზოგს აბრეშუმის

ხალიჩები, ზოგს კიდევ ძუძუთა ბატკნები. შამსი მთლად ცოფდება, თვალებს

აბრიალებს და კუდით ქვას ასროლინებს ხოლმე მათ.



ერთხელ ვიღაც კაცი ძალიან გაუნაწყენდა და შეუტია:

– რა უფლება გაქვს, მევლანას ზღურბლთან რომ დამჯდარხარ და კარს ცხვირწინ

გვიხურავ? ყველას რომ ეკითხები, რა მოგაქვთო, აბა, ერთი გვიბრძანე, შენ თვითონ რა

მიუტანე?

– ჩემი თავი მივუტანე, – უპასუხა შამსმა ყველას გასაგონად, – მე მას ჩემი თავი

მსხვერპლად შევწირე.



კაცი მაშინვე გაეცალა იქაურობას. გზადაგზა რაღაცას ძლივს გასაგონად ბუტბუტებდა,

მაგრამ ამჯერად დაბნეულს უფრო ჰგავდა, ვიდრე გაბრაზებულს. იმ დღეს შამსს ვკითხე:

– ნუთუ არ გაწუხებს, შენი რომ არაფერი ესმით, შენი ფასი რომ არ იციან?

იმ დღეებში ავი წინათგრძნობა არ მასვენებდა. ამიტომ ვუსაყვედურე, ამ ბოლო დროს

ძალიან ბევრი მტერი გაიჩინე-მეთქი. ისე მომაშტერდა, თითქოს ჩემი ნათქვამის აზრი

ვერ გაიგო. მერე მხრები აიჩეჩა და მომიგო:



– მე მტრები არ მყავს. ღვთის მოყვარულს შეიძლება ჰყავდეს მგმობელი, მეტოქეც კი,

მაგრამ არამც და არამც მტერი.

– რა ვიცი, ამ ხალხს კი ეჩხუბები და... – შევეპასუხე მე.



– მე ადამიანებს კი არა, მათ ნაფსს ვეჩხუბები. ეს სულ სხვაა! – გაცეცხლდა შამსი. მერე

კი უფრო რბილად დასძინა:

– ორმოცი წესიდან ერთერთი გვამცნობს: „ეს სამყარო თოვლიან მთას ჰგავს, სადაც შენი

ხმა ექოს სახით გიბრუნდება. რაც უნდა ამოვიდეს შენი პირიდან ავი თუ კარგი – ამა თუ

იმ სახით უთუოდ უკანვე მოგივა. ამიტომ ლანძღვით ნუ უპასუხებ იმას, ვინც შენ

წინააღმდეგ უკეთურ ზრახვას ატარებს გულში. ამით ვერაფერს მიაღწევ და ბოროტი

ენერგიის მანკიერ წრეში იტრიალებ დაუსრულებლად. გიჯობს, ორმოცი დღის

განმავლობაში მხოლოდ კარგი ილაპარაკო და იფიქრო ამ ადამიანზე. თავად ნახავ,

ორმოცი დღის შემდეგ ყველაფერი სხვანაირად იქნება, რადგან დროის ამ მონაკვეთში

თვითონ შენც იცვლი ფერს“.



– ხალხი ათას რამეს ამბობს შენზე. იმასაც კი ამბობენ... ორ მამაკაცს შორის ასეთი

სიყვარული რაღაცაზე მეტყველებს, რაც არ ითქმისო, – ამოვთქვი ბოლოს და

მღელვარებისაგან ხმა ჩამიწყდა.



შამსმა მკლავზე ხელი მომკიდა, თავისი არაჩვეულებრივი, სიმშვიდის მომგვრელი

ღიმილი შემომანათა და აი, რა მიამბო:



– ორი კაცი ერთი ქალაქიდან მეორეში მიდიოდა. მიადგნენ ერთ ნაკადულს, რომელიც

კოკისპირული წვიმების შემდეგ ადიდებულიყო. ნაპირთან ლამაზი ქალი იდგა, ფონი

ვერ ეპოვა და შველა სჭირდებოდა. ერთ-ერთი მგზავრი წამსვე მასთან გაჩნდა, ხელში

აიტაცა და გაღმა გადაიყვანა. შემდეგ ჩამოსვა, ხელი დაუქნია და ამხანაგთან ერთად გზა

განაგრძო. დარჩენილი გზა ისე გაიარეს, მეორე მგზავრს ხმა არ ამოუღია და შუბლი არ

გაუხსნია. მეგობრის შეკითხვებს ჯიუტად არ პასუხობდა. კარგა ხანს იყო ასე გაბუტული.

ბოლოს ვეღარ გაძლო და უსაყვედურა:



– რატომ შეეხე იმ ქალს? მას ხომ შენი ცდუნება შეეძლო! მამაკაცისა და ქალის ასეთი

სიახლოვე დაუშვებელია!



თანამგზავრმა მშვიდად უპასუხა:



– ჩემო მეგობარო, მე ის ქალი ხელით სულ ერთი წუთი ვატარე, წყალზე გადავიყვანე და

დავეხსენი. შენ კი ვერა და ვერ იშორებ თავიდან და ახლაც თან დაატარებ...

– სწორედ იმ კაცსა ჰგავს ზოგიერთი ადამიანი, – თქვა შამსმა, – ისინი თავიანთ შიშსა და

უკეთურ მიდრეკილებებს მხრებით დაათრევენ და ამ ტვირთის ქვეშ ისრისებიან. ჰოდა,

თუ კიდევ გაიგე მსგავსი რამ, იმ ხალხს უთხარი, პირველ რიგში ტვინი გამოირეცხონ!



                                                                                              ელა



2008 წლის 15 ივნისი, ნორთჰემპტონი



„საყვარელო ელა!

შენ სულ მეკითხები, სუფი როგორ გახდიო. ეს ერთი ხელის მოსმით არ მომხდარა. ჩემი

ნამდვილი სახელია კრეგ რიჩი. დავიბადე შოტლანდიის ჩრდილოეთში, ზღვისპირა

სოფელ კინლოხბერვიში.



როცა წარსულზე ვფიქრობ, სიყვარულით ვიხსენებ მეთევზეთა ნავებს, თევზით სავსე

ბადეებს, ზედ გველებივით დაკიდებულ წყალმცენარეებს, ნაპირზე მოხტუნავე,

ჭიაღუების კენკვით გართულ მექვიშიებს, აქაიქ, სრულიად მოულოდნელ ადგილებში

ამოზრდილ თავყვითელებს და ზღვის მკვეთრ, მლაშე სურნელს, რომელიც ამ

ყველაფერს ახლდა. ეს სუნი, მთებისა და ტბების სუნსა და ომის შემდგომი ევროპის

მშვიდი ცხოვრების წესთან ერთად ჩემი ბავშვობის თანამდევი იყო.



ცოტა ხანში სამოციანი წლებიც დაგვატყდა თავს და მსოფლიო სტუდენტური

დემონსტრაციების, თავდასხმების, გატაცებებისა და რევოლუციების სარბიელად

გადაიქცა. მე კი, ამ ყველაფერს სრულიად მოწყვეტილი, ჩემს მწვანე, იდილიურ სავანეში

ვიყავი შეყუჟული.



მამაჩემი ბუკინისტური მაღაზიის მეპატრონე იყო, დედაჩემი კი ჯიშიანი ცხვრის

მოშენებით იყო დაკავებული. ბავშვობაში ორივეს ზეგავლენას განვიცდიდი, მწყემსის

მარტოსულობაც იყო ჩემში და წიგნით მოვაჭრის ფიქრიანი ხასიათიც დამყოლოდა.

ავიდოდი ხოლმე ერთ ბებერ ხეზე და იქიდან ვათვალიერებდი არემარეს.



დარწმუნებული ვიყავი, რომ მთელ ცხოვრებას აქ გავატარებდი. ხანდახან გული

თავგადასავლებისაკენ მიწევდა, მაგრამ იქაურობაც ძალიან მიყვარდა და ასეთი

დაგეგმილი ცხოვრებით სავსებით კმაყოფილი ვიყავი. რა ვიცოდი მაშინ, რომ ღმერთს

ჩემთან დაკავშირებით სხვა გეგმები ჰქონდა...



ოცისა რომ შევსრულდი, ორი ფაქტის პირისპირ აღმოვჩნდი, რომლებმაც ჩემი ცხოვრება

სამუდამოდ შეცვალა. პირველი იყო პროფესიული ფოტოაპარატი. ფოტოგრაფიის

კურსებზე დავიწყე სიარული. მაშინ ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ საქმე უბრალო

ჰობისთან არ მქონდა, რომ ის მომავალში ნამდვილ ვნებად მექცეოდა. მეორე კი იყო

სიყვარული. ჰოლანდიელი ქალი გავიცანი, რომელიც მეგობრებთან ერთად ევროპაში

მოგზაურობდა. მას მარგო ერქვა.



ეს ლამაზი, თავნება ქალი რვა წლით იყო ჩემზე უფროსი. თავი ბოჰემური ცხოვრების

მიმდევრად, იდეალისტად, რადიკალად, ბისექსუალად, მემარცხენედ,

ინდივიდუალისტად, ანარქისტად, მულტიკულტურისა და კონტრკულტურების დიდ

ქომაგად, ადამიანის უფლებათა დამცველად და ეკოფემინისტად მიაჩნდა. იმ დროს

ვინმეს რომ ეკითხა, ამ ტერმინების მნიშვნელობაც კი არ ვიცოდი...



მე კიდევ ერთ „წოდებას“ ვუბოძებდი მას: ქალიქანქარა, რომელიც დროის უმოკლეს

მონაკვეთში ხან ერთ ემოციას მიაწყდებოდა, ხან კი მეორეს, სრულიად საპირისპიროს.

დიდი სიხარული რამდენიმე წუთში უსაშველო დეპრესიით ეცვლებოდა. ეს იყო

მოულოდნელობის განსახიერება. ერჩოდა ყველაფერს, რაც „ბურჟუაზიული ცხოვრების

წესად“ მიაჩნდა, ყოველ წვრილმანს კრიტიკული თვალით უყურებდა და საზოგადოებას

ნამდვილ ომს უცხადებდა.



დღემდე საიდუმლოა ჩემთვის, რატომ არ გავექეცი. პირიქით, ბოლომდე ჩამიყოლია ამ

დინამიკური, დაუდგრომელი პიროვნების ხიბლმა.



საერთოდ, ეს იყო თვისებებისა და მისწრაფებების წარმოუდგენელი კომბინაცია: ერთი

მხრივ რევოლუციური იდეები, მოუთოკავი გამბედაობა და ორიგინალურობა, მეორე

მხრივ კი ბროლისდარი სიმყიფე და დაუცველობა... ჩემს თავს პირობა მივეცი,

გვერდიდან არ მოვცილებოდი და დამეცვა არა მხოლოდ გარე სამყაროს, არამედ

საკუთარი თავისაგანაც.



მკითხავ, ალბათ, მას თუ ვყვარებივარ ოდესმე ისე, როგორც მე მიყვარდა? არა მგონია.

თუმცა, ალბათ, ჰქონდა გულში რაღაც თავისებური, ეგოისტური სიყვარული როგორც

თვითგანადგურების კიდევ ერთი გამოხატულება.



აი, ასე ამოვყავი თავი ოცი წლის ჭაბუკმა ქალაქ ამსტერდამში. ჩვენ იქ დავქორწინდით.

მარგომ ევროპაში პოლიტიკური თუ ჰუმანიტარული მიზეზებით ჩამოსული

დევნილების დახმარებას მიჰყო ხელი და ამ საქმიანობას მთლიანად მიუძღვნა თავი.

მისი ორგანიზაცია ცხელი წერტილებიდან ჩამოსული და ჰოლანდიაში ფეხმოკიდებული

ემიგრანტების პრობლემებითა და დაზარალებულთა დახმარებით იყო დაკავებული.

მარგო ამ ადამიანების მფარველი ანგელოზი იყო. ინდონეზიიდან, სომალიდან,

არგენტინიდან, პალესტინიდან ჩამოსულ ოჯახებში ახალშობილ ქალიშვილებს მის

სახელს არქმევდნენ. რაც შემეხება მე, ასეთი დიადი მიზნები ნაკლებად მაინტერესებდა.



ბიზნესსკოლის დამთავრების შემდეგ საერთაშორისო კომპანიაში დავიწყე მუშაობა და

ძირითადად კარიერით ვიყავი დაკავებული. მარგოს ჩემი თანამდებობა და ხელფასი არ

აინტერესებდა, რაც კიდევ უფრო მეტად აღმიძრავდა კარიერისტულ მადას.



ძალაუფლების წყურვილით ვიყავი შეპყრობილი. მსურდა, მნიშვნელოვან საქმეებს

შევჭიდებოდი. დაგეგმილ ცხოვრებაზე ვოცნებობდი. ორ წელიწადში შვილებიც უნდა

გაგვეჩინა. ჩემს წარმოდგენას იდეალურ ოჯახზე ორი პატარა გოგო აგვირგვინებდა.

მწამდა, რომ მშვენიერი მომავალი გველოდა. ბოლოს და ბოლოს, მსოფლიოს ყველაზე

დაცულ ადგილას ვცხოვრობდით და არა რომელიმე არეულ ქვეყანაში, რომლებიც

მოშლილი ონკანივით რწყავენ ევროპის კონტინენტს ემიგრანტთა უწყვეტი ნაკადით.

ახალგაზრდები და ჯანმრთელები ვიყავით, ერთმანეთი გვიყვარდა. არაფერი

გვემუქრებოდა თითქოს... არც კი მჯერა, რომ ახლა ორმოცდათოთხმეტი წლის ვარ,

მარგო კი ცოცხალი აღარ არის.



ეს ქალი იყო ფიზიკური სიჯანსაღის განსახიერება, თავგადადებული ვეგეტარიანელი

(თანაც იმ დროს, როცა ესტერმინი არც კი არსებობდა!). მხოლოდ სასარგებლო საკვებს

ეტანებოდა, ყოველდღიურად ვარჯიშობდა და წამლებს თავს არიდებდა. მისი

ანგელოზური სახეც სიჯანსაღეს ასხივებდა. ტანად სიფრიფანა იყო, ხმელხმელი,

მოძრავი და მოქნილი. თავს ისე უვლიდა, რომ მიუხედავად ასაკობრივი განსხვავებისა,

მე უფროსად გამოვიყურებოდი.



სრულიად მოულოდნელი, პროზაული სიკვდილი ხვდა წილად. ერთხელ შინ გვ