A! Library ავტორიზაცია · რეგისტრაცია
ucxo - alber kamiu

 დღეს დედა გარდაიცვალა, ან იქნებ - გუშინ. რა ვიცი: მოხუცთა თავშესაფრიდან დეპეშა მივიღე: - ,,დედა გარდაიცვალა, დაკრძალვა ხვალ, ვიზიარებთ თქვენს მწუხარებას”. რას გაიგებ, იქნებ გუშინ მოკვდა. მოხუცთა თავშესაფარი მარენგოშია, ალჟირიდან ოთხმოცი კილომეტრის დაშორებით. ორი საათის ავტობუსს გავყვები და დღისსინათლით ჩავალ. ღამესაც გავუთევ დედას და ხვალ საღამოს უკან დავბრუნდები. უფროსს ორი დღით დავეთხოვე: უარი ვერ მითხრა, ან კი როგორ მეტყოდა. თუმცა ზედვე ეტყობოდა, ვერაფრად ესიამოვნა, ვუთხარი კიდეც, რა ჩემი ბრალიამეთქი. აღარაფერი უპასუხნია. მერე ვინანე, ასე არ უნდა მეთქვა. ბოლოს და ბოლოს, მე რა მქონდა საბოდიშო: პირიქით, მას უნდა ეთქვა სამძიმარი. ალბათ, ზეგ მეტყვის, შავებში რომ მნახავს. დღეს რაში მეტყობა, დედა მომკვდომოდეს. დაკრძალვის შემდეგ ყვალაფერი შეიცვლება, ოფიციალური იერი მიეცემა. ორი საათის ავტობუსს გავყევი, ძალიან ცხელოდა. როგორც ყოველთვის, სელესტის რესტორანში ვისაუზმე. ყველას შევებრალე. სელესტმა მითხრა: ,,დედა ერთი ჰყავს ადამიანს”, წამოსვლისას კარებამდე გამომყვნენ. გვიანღა გამახსენდა, რომ ემანუილთან უნდა ავსულიყავი და შავი ყელსახვევი და სამკლავე გამომერთმია. სამი თვის წინ მანაც დამარხა ბიძა. ძლივს მივუსწარი ავტობუსს. სირბილით წავედი. მთელი დღის დაძაბულობამ, ცისა და გზის თვალისმმომჭრელმა სითეთრემ და ბოლოს, ბენზინის სუნმა, თავისი ქნეს - მაშინვე ჩამეძინა. თითქმის მთელი გზა მეძინა. როცა გამეღვიძა, მაშინღა შევნიშნე, რომ ვიღაც ჯარისკაცს მივწოლოდი. გამიღიმა შორიდან მოდიხარო, მკითხა. ჰო-მეთქი, მოკლედ მოვუჭერი. ლაპარაკის თავი არ მქონდა. მოხუცთა თავშესაფარი ქალაქს ორი კილომეტრით არის დაშორებული. ფეხით გავყევი გზას. მაშინვე მინდოდა მენახა დედა, მაგრამ კარისკაცმა ჯერ დირექტორი სნახვა მირჩია. დირექტორს არ ეცალა. ლოდინი მომიხდა სანამ გამოჩნდა, კაბინეტში მიმიღო. ჩია ტანის მოხუცი იყო, მკერდზე საპატიო ლეგიონის ორდენი ეკეთა. ნათელი თვალებით შემომხედა და იმდენ ხანს ეჭირა ჩემი ხელი, რომ აღარ ვიცოდი, როგორ გამომეგლიჯა. ქაღალდებში ჩაიხედა და მითხრა: - ქალბატონი მერსო სამი წლის წინათ მოვიდა ჩვენთან. თქვენ მისი ერთადერთი მარჩენალი იყავით. - საბოდიშო არაფერი გაქვთ, ჩემო ძვირფასო. აგერ, დედათქვენის ქაღალდები გადავათვალიერე. მისი შენახვა სად შეგეძლოთ, დედას მომვლელი ესაჭიროებოდა. პატარა ხელფასი გქონიათ. მისთვის აქა სჯობდა, აქ უფრო ბედნიერად გრძნობდა თავს. - დიახ, ბატონო დირექტორო, - ვუპასუხე მე. შემდეგ დასძინა: - რაც არ უნდა იყოს, აქ მეგობრები ეხვია, თავისივე ხნის ხალხი, ერთნაირი ინტერესები ჰქონდათ. თქვენ ახალგაზრდა ხართ, თქვენთან მოიწყენდა. მართლაც ასე იყო. შინ დედა ერთთავად მოწყენილი იჯდა და ჩუმად მიმზერდა. პირველ ხანებში, მანამ აქაურობას შეეჩვეოდა, აქაც ტიროდა ხოლმე. მერე გაშინაურდა და რამდენიმე თვეში ვინმეს რომ ეთქვა, აქედან უნდა წაგიყვანოო, ახლა ამაზე მორთავდა ტირილს. ამიტომაც იყო, რომ ბოლო ხანებში მასთან აღარ ჩავდიოდი. თუმცა სხვა მიზეზებიც მქონდა: მთელი კვირა-დღის დაკარგვას ეხუმრებით! ახლა ავტობუსის სადგურამდე ფეხით ჩანჩალი, ბილეთის აღება და მერე ორი საათი



ნჯღრევა!.. დირექტორი ლაპარაკს განაგრძობდა; მაგრამ ყურს აღარ ვუგდებდი. მერე მითხრა: - ალბათ, დახედავთ დედას. უსიტყვოდ წამოვდექი და ისიც კარისკენ გამიძღვა. კიბეზე ჩასვლისას ამიხსნა: - პატარა საცხედრე გვაქვს და იქ დავასვენეთ. სხვების შეწუხებას მოვერიდეთ. საშინლად აფორაქდებიან ხოლმე, როცა ვინმე მოგვიკვდება, მთელი ორი-სამი დღით მოსვენებას კარგავენ, ძნელი მოსავლელები ხდებიან. ეზო გადავჭერით. მოხუცები ჯგუფ-ფგუფად იდგნენ და ლაპარაკობდნენ. როცა გავუპირდაპირდით, გაჩუმდებოდნენ ხოლმე, რომ ჩავუვლიდით, ისევ აქაქანდებოდნენ, ისეთი ბგერები გამოდიოდა, თუთიყუშების დახშული ჭარტალი გეგონებოდათ. პატარა შენობის კართან დირექტორმა შემაჩერა: - ახლა დაგტოვებთ, ბატონო მერსო. თუ რამე დაგჭირდეთ, კაბინეტში ვიქნები. დაკრძალვა დილის ათი საათისთვის არის დანიშნული. წინასწარ გავითვალისწინეთ, ღამის გათევას თუ მოისურვებდით განსვენებულისათვის. კიდევ რა უნდა გითხრათ: როგორც ამბობენ, დედათქვენს რამდენჯერმე უთქვამს მეგობრებისთვის, როცა მოვკვდები, მღვდელმა წესი ამიგოსო. მე უკვე დავიჭირე ამისი თადარიგი, მაგრამ მინდა თქვენც იცოდეთ. მადლობა გადავუხადე დირექტორს. ათეისტი არ ყოფილა დედაჩემი, მარამ არც მორწმუნე იყო. შევედი. ოთახი ნათელი იყო. ზემოდან - მინის სახურავი, ახლად შეთეთრებული კედლები. შიგ X -ის ფორმის ჯოჯგინები და სკამები იდგა. შუაგულ ოთახში, ორ ჯოჯგინაზე, თავდახურული კუბო ესვენა. სახურავი ჯერ კიდევ არ იყო დაჭედებული, ჭანჭიკები ბზინავდა. კუბოსთან თეთრხალათიანი მომვლელი არაბი ქალი იდგა. თავი ქათქათა თავსაფრით ჰქონდა წაკრული. კარისკაციც შემომყვა. ეტყობოდა, ერბინა, სულს ძლივს იბრუნებდა. - ალბათ, გინდათ დახედოთ დედას. ახლავე ავხდი, - და კუბოს მიუახლოვდა, მაგრამ შევაჩერე. - გსურთ? - არა, ვუპასუხე მე. შეცბა. შევწუხდი. ვგრძნობდი, რომ ასე არ უნდა მეთქვა. ცოტა ხნის შემდეგ ისევ მკითხა: - რატომ? - კი არ მკიცხავდა, ისე, ცნობისმოყვარეობით მკითხა. არ ვიცი-მეთქი, ვუპასუხე, - კარისკაცმა თეთრი ულვაში გადაიგრიხა და ჩემთვის არც შემოუხედავს, ისე განაცხადა: - მესმის. ლამაზი, ცისფერი თვალაბი და წითური სახე ჰქონდა. მომვლელი ქალი ადგა და გასასვლელისკენ გაემართა. - ამ ქალს წყლული აქვს, - მითხრა კარისკაცმა. ვერ მივუხვდი და თვალი გავაყოლე ქალს. სახე დოლბანდით ჰქონდა ახვეული, თვალებიღა მოუჩანდა. ცხვირთან უფრო ჩაბრტყელებული ჩანდა დოლბანდი. როცა იგი გავიდა, კარისკაცმა მითხრა: - მარტო დაგტოვებთ. აღარ მახსოვს, ისეთი რა ვანიშნე, რომ აღარ წასულა. მოხუცი ისევ ჩემს უკან იდგა და ეს ცოტა არ იყოს, მაწუხებდა. ოთახი სავსე იყო შუადთის ნათელი შუქით. ორი კრაზანა ბზუილით ეხეთქებოდა შუშის სახურავს. ძილი მომერია. არ მივბრუნებულვარ, ისე ვკითხე კარისკაცს: - დიდი ხანია აქ მუშაობთ? - ხუთი წელია. - ხელადვე მომაგება, თითქოს სულ ამ შეკითხვას ელოდაო, და ენად გაიკრიფა. ადრე, ალბათ, ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ისიც აქ, მოხუცთა თავშესაფარში დაასრულებდა სიცოცხლეს: მოხუცი სამოცდაოთხი წლისა იყო, პარიზელი, მე შევაწყვეტინე:- როგორ, აქაური არა ხართ?



მერეღა გამახსენდა: მანამ დირექტორი მიმიღებდა, ის დედაზე მელაპარაკა: რაც შეიძლება ჩქარა უნდა დავმარხოთ, ალჟირში ვართ, ხომ ხედავ, რა სიცხეაო. უ ც ხ ოსწორედ მაშინ მითხრა, პარიზის მკვიდრი ვარ და ჩემი ქალაქი ვერაფრით ვერ დავივიწყეო. - პარიზში მკვდარს სამი-ოთხი დღით ტოვებენ, აქ ეს შეუძლებელია გონს მოსვლას ვერც კი მოასწრებ, რომ უნდა დაასაფლავო. ცოლმა შეაჩერა: ამეების ლაპარაკი რა საჭიროა. მოხუცი გაწითლდა და ბოდიში მოიხადა. მაშინვე ჩავერიე: ,,რას ბრძანებთ, როგორ გეკადრებათ”. - მოხუცის ნათქვამი მართალი იყო და საინტერესო. საცხედრეში მოხუცმა მიამბო, რომ ისიც სხვებივით გაჭირვებამ მოიყვანა ამ თავშესაფარში. მაგრამ, რაკი დავრდომილი არ იყო, კარისკაცად დაიწყო მუშაობა. მაშ, თქვენც პანსიონერი ყოფილხართ-მეთქი, ვუთხარი. არაო, უარის ნიშნად თავი გააქნია. ადრეც ყურში მომხვდა და გამიკვირდა: პანსიონერებზე როცა ლაპარაკობდა, თითქოს გარეშეებს ახსენებსო, ისე იტყოდა ხოლმე - ,,ესენიო”, ამათ რომ ჰკითხოო”, ზოგჯერ ამასაც გამოურევდა - ეს მოხუცებიო”, თუმცა ბევრი მასზე ხნიერი არც კი იყო. ან კი რა გასაკვირია, ბოლოს და ბოლოს, მეკარე იყო, თანამდებობის კაცი და ამათ ზემოდან დასცქეროდა. ამ დროს მომვლელი ქალიც შემოვიდა. ერთბაშად მოსაღამოვდა. მინის სახურავზე ღამე ჩამოწვა. კარისკაცმა შუქი აანთო. უეცარმა სინათლემ თვალი მომჭრა. წასვლის წინ კარისკაცმა სასადილოში მიმიწვია. არა მშიოდა. მაშინ რძიანი ყავა შემომთავაზა. რძიანი ყავა ძალიან მიყვარს და უარი ვერ ვუთხარი. ცოტა ხნის შემდეგ მართლაც მომიტანა. დავლიე. პაპიროსსაც სიამოვნებით მოვწევდი, მაგრამ შევყოყმანდი, ვერ გადამეწყვიტა, შეიძლებოდა თუ არა დედის ცხედართან მოწევა. მერე გავიფიქრე: რა მოხდა, რა მნიშვნელობა აქვს- მეთქი და კარისკაცსაც შევთავაზე სიგარეტი, გავაბოლეთ. ცოტა ხნის შენდეგ მითხრა: - იცით, დედათქვენის ამხანაგებიც მოვლენ, ღამეს გაუთევენ. ასეთი ჩვეულება აქვთ. წავალ, სკამებს მოვიტან და შავ ყავასაც მოვაყოლებ. მოხუცს ვთხოვე, რომ ერთი ნათურა ჩაექრო, რადგან ქათქათა კედლებიდან არეკლილი შუქი მღლიდა. შიუძლებელიაო, მითხრა, ერთს თუ ჩავაქრობ, სხვებიც ჩაქრებიან, განათება ასე გვაქვს მოწყობილიო. მერე კარისკაცისთვის ყურადღება აღარ მიმიქცევია. გავიდა. მალე სკამები შომოიტანა, ერთ-ერთ სკამზე საყავე დადგა და გარშემო ჯინჯნები შემოუწყო. ჩემს პირდაპირ ჩამოჯდა. კუბოს იქითა მხარეს, ოთახის სიღრმეში მომვლელი ქალი ზურგშექცევით იჯდა. ვერა ვხედავდი რას აკეთებდა, მაგრამ ხელების მოძრაობაზე ვგრძნობდი, რომ ქსოვდა. სიმშვიდეს დაესადგურებინა ირგვლივ. ყავამ გამათბო. ღია კარიდან ღამისა და ყვავილების სურნელება შემოდიოდა. მგონი, ჩავთვლიმე კიდეც. უეცარმა შერხევამ გამომაღვიძა. თვალი რომ გავახილე, ოთახი უფრო გაჩახჩახებული მეჩვენა. შიგ მდგარი საგნები ჩრდილის ნატამალსაც არ ტოვებდნენ, ყოველ კუთხეს, ყოველ რკალს ისე ნათლად და ზუსტად აღვიქვამდი, რომ თვალები მეწოდა. დედაჩემის მეგობრები შემოვიდნენ. ათამდე იქნებოდნენ. ამ დამაბმავებელ სინათლეში ისე ფეხაკრეფით მოდიოდნენ და ისე ჩუმად ჩამოსხდნენ, რომ ერთი სკამიც არ გაჭრაჭუნებულა. ასე გარკვევით არასოდეს მინახავს ადამიანი. არ გამომპარვია მათი სახის არც ერთი ნაკვთი, ტანსაცმლის არც ერთი ნაოჭი. მათი ხმა კი არ მესმოდა. ჩუმად და გაუნძრევლად ისხდნენ - ვერც კი იტყოდი, ცოცხლები არიანო. ქალებს, თითქმის ყველას, წინსაფრები ეკეთათ და წელზე შემორტყმული თასმები კიდევ უფრო მეტად აჩენდა მათ გამობერილ მუცლებს. მოხუც ქალებს თუ ამხელა მუცლები ექნებოდათ, ვერ წარმომედგინა. მამაკაცები გაწლიკულები იყვნენ, ხელში ჯოხი ეჭირათ. ყველაზე უფრო საკვირველი ის იყო, რომ თვალები არც



კი უჩანდათ, ისე უციმციმებდათ რაღაც ნაოჭთა ბუდეში. დასხდნენ, შემომხედეს და უხერხულად დახარეს თავი. უკბილობისგან ყბები ჩავარდნილი ჰქონდათ. ვეღარ გავიგე - მე მესალმებოდნენ თუ სიბერისაგან უყანყალებდათ თავი, მგონი მესალმებოდნენ. ახლაღა შევნიშნე - ჩემს პირდაპირ ჩაწკაპულიყვნენ ყველანი, კარისკაცს აქეთ-იქით მისხდომოდნენ და თავს აკანტურებდნენ. უცებ გამკრა თავში - ნამდვილად ჩემი განსჯა გადაუწყვეტიათ-მეთქი. ცოტა ხნის შემდებ ერთმა ქალმა ტირილი დაიწყო. მეორე რიგში იჯდა, მეგობრის ზურგს უკან და კარგად ვერ ვხედავდი. გულსწამღებად მოთქვამდა, ასე მეგონა, აღარასოდეს გაჩუმდებოდა. სხვებს თითქოს არ ესმოდათ, ჩუმად და ნაღვლიანად ისხდნენ, გარშემო ვერაფერს ამჩნევდნენ; ხან კუბოს შეხედავდნენ, ხან თავიანთ ჯოხებს, ეს იყო და ეს. ქალი კი ტიროდა და ტიროდა. საოცარი იყო - ამ უცნობ ქალს რა ატირებდა. გული გამიწვრილდა, მაგრამ ხომ ვერ ვიტყოდი. კარისკაცი ქალისკენ დაიხარა, რაღაც წაულაპარაკა, მაგრამ ქალმა თავი გაიქნია, რაღაცა წაიბუტბუტა და კვლავ ამ ხმაზე განაგრძო ტირილი. მაშინ კარისკაცმა კუბოს შემოუარა და გვერდზე მომიჯდა, არ შემოუხედავს ისე ამიხსნა: - ძალიან მიჩვეული იყო დედათქვენს; ამბობს, ჩემი ერთადერთი მეგობარი იყო და ამქვეყნად აღარავინ დამრჩაო. დიდხანს ვისხედით ასე. ქალის ოხვრა და ქვითინი თანდათან მიწყდა. ბევრი იხვნეშა, ბოლოს, როგორც იქნა, ჩაჩუმდა. უკვე აღარ მეძინებოდა, მაგრამ გადავიღალე და წელიც ამტკივდა. ახლა კი ეს სიჩუმე მტანჯავდა, მამძიმებდა. დროდადრო რაღაც ხმა მესმოდა. ვერ გავიგე, რა იყო; თურმე მოხუცები უკბილო ყბებს აწკლაბუნებდნენ. ამას თავისდა უნებურად აკეთებდნენ, ისე წასულიყვნენ საკუთარ ფიქრებში. ერთი პირობა ვიფიქრე - ეს ცხედარი სულაც არ ადარდებთ, ისე შეკრებილან-მეთქი. მაგრამ არა, ახლა რომ ვუფიქრდები, ასე არ იყო. კარისკაცმა ყავა შიმომთავაზა. შემდეგ აღარაფერი მახსოვს. ღამე გავიდა. როცა თვალები გავახილე, მოხუცებისკენ გავიხედე: ერთად მიყუჟულიყვნენ და თვლემდნენ. ერთს არ ეძინა. ნიკაპით ჯოხს დაჰყრდნობოდა და თვამოუშორებლივ მიმზერდა, თითქოს ჩემს გაღვიძებას ელოდებოდა. მერე ისევ ჩამეძინა. წელის ტკივილმა გამომაღვიძა. მინის სახურავში დღე შემოიპარა. რომელიღაც მოხუცს გაეღვიძა და ხველა აუტყდა, მერე დიდხანს აფურთხებდა კუბოკრულ ცხვირსახოცში. რამდენს ამოახველებდა, ასე მეგონა გული ამოგლიჯესო. ხველებამ სხვებიც გამოაღვიძა. კარისკაცმა ანიშნა, რომ გასულიყვნენ. წამოდგნენ. სახე სულ გასცრეცოდათ უძილობით. გასვლისას, ჩემდა გასაკვირად, ყველამ სათითაოდ ჩამომართვა ხელი, თუმცა ღამე ისე გავატარეთ, კრინტიც კი არ დაგვიძრავს. ღამისთევამ თუ დაგვაახლოვა. მოვიქანცე. კარისკაცი თავის ოთახში შემიძღვა, ცოტათი სული მოვითქვი. რძიანი ყავა დავლიე. მესიამოვნა. როცა გამოვედი, კარგა გათენებულიყო. ბორცვების მიღმა, რომლებიც მარენგოს ზღვისაგან ჰყოფენ, ცა შეწითლებულიყო. ზღვიდან მონაბერ ქარს მარილის სუნი მოჰქონდა. უ ც ხ ომშვენიერი დღე უნდა დამდგარიყო; დიდი ხანია სოფლად არ ვყოფილვარ და, ალბათ, დიდ სიამოვნებას ვიგრძნობდი, დედაჩემის დაკრძალვაზე რომ არ ვყოფილიყავი ჩამოსული. ეზოში ვიდექი, ჭადრის ქვეშ. მიწის გრილმა სურნელებამ გამომაფხიზლა. ჩემი კოლეგები გამახსენდა; ახლა ისინი დგებიან და სამსახურში წასასვლელად ემზადებიან. ჩემთვის ეს ყველაზე მძიმე საათები იყო. კიდევ დიდხანს ვიფიქრებდი ამაზე, მაგრამ შენობაში ზარი აწკრიალდა და გამომაფხიზლა. ფანჯრების იქით ჩოჩქოლი ატყდა, ცოტა ხნის შემდეგ ყველაფერი მიწყნარდა. მზე უკვე მაღლა ასულიყო; ფეხები გამითბა, კარისკაცი მოვიდა და მითხრა დირექტორი გიბარებსო. კაბინეტში შევედი; დირექტორმა რამდენიმე დოკუმენტზე ხელი მომაწერინა. შევნიშნე, რომ შავი პიჯაკი და ზოლებიანი შარვალი ეცვა, ყურმილი აიღო და მითხრა: - უკვე მოვიდნენ ყველანი. ახლა კუბოს თავს დავახურინებ. ხომ არ გსურთ უკანასკნელად დახედოთ დედათქვენს? არა-მეთქი, ვუთხარი. მან ყურმილში ხმადაბლა ბრძანა:



 - ფიჟაკ, შეუძლიათ დაიწყონ. შემდეგ მე მითხრა, დაკრძალვას დავესწრებიო. მადლობა გადავუხადე. დირექტორი მაგიდას მიუჯდა, ფეხი ფეხზე გადაიდო. კოტიტა ფეხები ჰქონდა. გამაფრთხილა, რომ დაკრძალვაზე მორიგე ექიმიც მოვიდოდა. მარტო ჩვენ ვიქნებოთო, მითხრა. მოხუცებს არ ისწრებდნენ დაკრძალვაზე. მათ მხოლოდ ღამის გათევის უფლებას აძლევდნენ: - კაცთმოყვარეობას ვერ დავივიწყებთ! - დასძინა მან. გამონაკლისი თომას პერეზი იყო, დედაჩემის მეგობარი. მას ნება დართეს პროცესიას გამოჰყოლოდა. დირექტორმა გაიღიმა: - იცით ეს, ცოტა არ იყოს, სასაცილოა, მაგრამ დედათქვენი და ბატონი პერეზი სულ ერთად იყვნენ. თავშესაფარში ეხუმრებოდნენ ხოლმე: ,,პერეზ, ქალბატონი მერსო თქვენი საცოლეა”. პერეზი იცინოდა. ორივეს სიამოვნებდა ეს. მართლაც ძალიან იმოქმედა ქალბატონ მერსოს სიკვდილმა ბერიკაცზე. უარი ვეღარ ვუთხარი და ნება დავრთე, გასვენებაზე წამოსულიყო. გუშინ კი ავუკრძალე ღამისთევა. ექიმმა მირჩია. - ერთხანს ასე ვისხედით. მერე დირექტორი წამოდგა და ფანჯარაში გაიხედა. თვალი მოავლო იქაურობას. - აგერ მარენგოს მღვდელიც. ადრე მოსულა. გამაფრთხილა, სოფლის ეკლესიამდე ორმოცდახუთი წუთის სავალიაო. ჩამოვედით შენობის წინ მღვდელი და ორი მგალობელი იდგა. ერთ-ერთს ხელში საცეცხლური ეჭირა. მღვდელი დროდადრო იხრებოდა და ვერცხლის ჯაჭვს ასწორებდა. იგი მოგვეგება, შვილო ჩემოო, მითხრა და კიდევ რაღაც დააყოლა. შემდეგ საცხედრეში შევიდა, მეც მივყევი. მაშინვე შევნიშნე, რომ კუბოს სახურავი დაეჭედათ. ოთხი შაოსანი მამაკაცი იდგა ოთახში. დირექტორმა გადმომილაპარაკა, კატაფალკი ქუჩაში გველოდებაო. მღვდელი ლოცვას მოჰყვა. ამის შემდეგ ყველაფერი ერთმანეთს მიეწყო. შაოსნები კუბოს მიუახლოვდნენ, ფარდაგი გადააფარეს. წინ მღვდელი გაუძღვათ, კუბო გაიტანეს და ჩვენც უკან მივყევით. კარებში ერთი ქალბატონი იდგა, რომელსაც მე არ ვიცნობდი. - ბატონი მერსო , - გააცნო ჩემი თავი დერექტორმა. ამ ქალბატონის გვარი ვერ გავიგე, მაგრამ მივხვდი, რომ რწმუნებული იყო, ქუშად დამიკრა თავი. გრძელი, ჩამომხმარი სახე ჰქონდა. გვერდზე მივდექით, რომ ცხედარი გაეტანათ. თავშესაფრიდან გამოვედით და მივყევით. კარის წინ კატაფალკი იდგა: გაპრიალებული, მოგრძო და მბრწყინავი - საკალმეს წააგავდა. კატაფალკის გვერდით გამრიგებელი იდგა - ჩია ტანის პატარა კაცი და კიდევ ერთი მოხუცი, რომელსაც უხერხული მიხვრა-მოხვრა ჰქონდა. მივხვდი, რომ ბატონი პერეზი იქნებოდა. მრგვალი და ფართოფარფლებიანი თექის ქუდი ეხურა (როდესაც კუბო კარებში გამოატარეს, ქუდი მოიხადა), განიერი შარვალი ეცვა და პატარა შავი ბანტი ეკეთა, რომელიც კიდევ უფრო პატარა მოჩანდა დიდსაყელოიანი თეთრი პერანგის ფონზე. ფერისმჭამელებით აჭრელებული ცხვირის ქვეშ ტუჩები უთრთოდა. შეთხელებული თეთრი თმა ცნობისმოყვარე პანტურა ყურებზე გადმოჰფენოდა; ფერმკრთალ სახესთან შედარებით, ყურების წითელი ფერი განსაკუთრებით მომხვდა თვალში. გამრიგებელმა ყველას მოგვიჩინა ადგილი. წინ მღვდელი მიდიოდა, მერე - კატაფალკი. კატაფალკს გარშემო ოთხი მამაკაცი ედგა. უკან - მე და დირექტორი, ბოლოს - რწმუნებული და ბატონი პერეზი. ცა მზით იყო სავსე. მიწა გახურდა და სიცხემაც იმატა. ნეტავ, რას ველოდებოდით ამდენ ხანს. ძალიან მცხელოდა თალხ ტანსაცმელში. პერეზმა ქუდი მოიხადა. დერექტორმა მასზე დამიწყო ლაპარაკი. მე ოდნავ მივაბრუნე თავი და დავაკვირდი. დირექტორმა მიამბო: დედაჩემი და ბატონი პერეზი საღამოობით ხშირად გამოისეირნებდნენ თურმე სოფლისკენ, ექთანის თანხლებით, რაღა თქმა უნდა. მივიხედ-მოვიხედე, სოფელს გადავავლე თვალი. კვიპაროსები ჩარიგებულიყვნენ ბორცვების კალთებზე, მათ შორის ალაგ წითელი, ალაგ მწვანე მიწა მოჩანდა, იშვიათი სახლების კონტურები მკვეთრად იხატებოდნენ - და მე გავუგე დედაჩემს. საღამოები ამ მხარეში



 მელანქოლიურად მშვიდი უნდა იყოს. ახლა კი, როცა დიდებული მზე ბრწყინავს და ცხელი ალმური არხევს პეიზაჟს - ულმობელსა და გულქვას ხდის მიდამოს. დავიძარით. შევამჩნიე, რომ ბატონი პერეზი უკან რჩებოდა. კატაფალკი კი თანდათან უმატებდა სიჩქარეს. მოხუცი სულ აღარ ჩანდა. ერთ-ერთი შაოსანიც ჩამორჩა კატაფალკს, მე გამიპირდაპირდა. საოცარია, რა სისწრაფით მიიწევდა მზე ცაზე. გვიან შევნიშნე, როგორ ბზუოდნენ მწერები, როგორ გაჰქონდა ბალახს ტკაცატკუცი. ოფლი წურწურით ჩამომდიოდა ლოყებზე, ქუდი არ მქონდა და ცხვირსახოცით ვინიავებდი სახეს. ჩემს გვერდით მომავალმა შაოსანმა რაღაც მითხრა, ვერ გავიგე. მარცხენა ხელში ცხვირსახოცი ეჭირა და კეფას იწმენდდა, მარჯვენა ხელით კი ქუდს დროგამოშვებით იხდიდა. რა მითხარით-მეთქი, ჩავეკითხე. ცას ახედა და გაიმეორა: - მაგრად აცხუნებს. დავეთანხმე. ცოტა ხნის შემდეგ კიდევ მკითხა: - დედაა თქვენი? - დიახ. - მოხუცი იყო? - არც ისე. - ასე იმიტომ ვუპასუხე, რომ ზუსტად არ ვიცოდი დედაჩემის წლოვანება. მერე გაჩუმდა. უკან მოვიხედე და ბატონი პერეზი დავინახე, - ორმოცდაათამდე მეტრით ჩამორჩენილიყო. განიერი ქუდის ქნევით და ქოშინით მოდიოდა. დერექტორსაც შევხედე; იგი ამაყად და ღირსეულად მოაბიჯებდა. ოფლის წვეთები შუბლზე უბრწყინავდა, მაგრამ არ იწმენდდა. მომეჩვენა, რომ პროცესიამ სვლას უმატა. განათებულ, მზით გათანგულ მინდორს ბოლო არ უჩანდა. ცის მცხუნვარება აუტანელი ხდებოდა. ახლად დაგებულ გზაზე გავედით. გუდრონი თვალისმომჭერელად პრიალებდა, ფეხები გვეფლობოდა და კვალს ვტოვებდით. მეეტლის ტყავის ქუდი, რომელიც ეტლზე იდო, რატომღაც კუპრში ამოსვრილს ჰგავდა. უ ც ხ ომოთეთრო ცამ და მისმა მონოტონურმა ფერებმა, გუდრონის წებოვანმა სიშავემ, კატაფალკის პრიალა სიშავემ, მზემ, ტყავის და ცხენის ჩონჩორიკის სუნმა, უძილო ღამემ გონება დამიბინდა, აზრები ამირია. კიდევ ერთხელ გავიხედე უკან. პერეზი კარგა ჩამორჩენილიყო და სიცხის ალმურში ძლივსღა მოჩანდა. ცოტაც და, სულ დამეკარგა თვალიდან. მერე შევნიშნე, რომ გზიდან გადასულიყო და მინდორს მიჰყვებოდა. ჩემ წინ გზა უხვევდა. მივხვდი, პერეზი კარგად იცნობდა აქაურობას, მოკლეზე სჭრიდა, რომ დაგვწეოდა. მოსახვევში დაგვეწია. შემდეგ ისევ დაგვეკარგა. კვლავ მინდვრით წავიდა და ასე - მრავალჯერ. ვიგრძენი, როგორ მომაწვა სისხლი საფეთქლებში. ყველაფერი ისე სწრაფად და ბუნებრივად მოხდა, რომ აღარაფერი მახსოვს, ერთის გარდა: სოფლის შესახვევთან მომვლელი ქალი გამომელაპარაკა, უჩვეულო ხმა ჰქონდა - მელოდიური და მთრთოლვარე, რაც მის გარეგნობას არ შეეფერებოდა. - ჩქარა თუ ვიარეთ, გავოფლიანდებით და ეკლესიაში შეიძლება გავცივდეთ, არადა, ნელა რომ ვიაროთ, დავისიცხებით. მომვლელი ქალი მართალი იყო, გამოსავალი არ ჩანდა. კიდევ რამდენიმე სურათი დამამახსოვრდა. მაგალითად პერეზის სახის გამომეტყველება, როდესაც იგი უკანასკნელად დაგვეწია; ნერვიულობისაგან ცრემლები ღაპაღუპით ჩამოსდიოდა, მაგრამ დანაოჭებული სახე გზას არ აძლევდა. კიდევ მახსოვს ეკლესია და ხალხი ტროტუარზე, საფლავზე წითელი ნემსიწვერა, გულწასული პერეზი (იტყოდით, ხის მოშლილი ჯამბაზიაო), სისხლისფერი მიწა, რომელიც დედაჩემის კუბოს ეყრებოდა და შიგ არეული გაშიშვლებული ფესვები, ისევ სახეები, ხმები, სოფელი, კაფეს წინ



 ლოდინი, ძრავის განუწყვეტელი გუგუნი, სიხარული, როდესაც ავტობუსი სინათლეებით გაჩახჩახებულ ალჟირში შევიდა და სიამოვნების გრძნობა, როდესაც წარმოვიდგინე, რომ ლოგინზე დავეგდებოდი და თორმეტ საათამდე მკვდარივით ვიძინებდი. თავი მეორე დილით რომ გავიღვიძე, მივხვდი, რატომ ჰქონდა ჩემს უფროსს უკმაყოფილო სახე, როცა ორი დღით დავეთხოვე: დღეს ხომ შაბათია. ეს რატომღაც, გამომრჩა მხედველობიდან, ამ დილით კი უეცრად მივხვდი ყველაფერს; ალბათ, უფროსმა იფიქრა, რომ კვირა დღის ჩათვლით ოთხი დღე გამომდიოდა დასვენება. ეს კი, რა თქმა უნდა, ხელს არ აძლევდა. რა ჩემი ბრალია, რომ დედა შაბათის ნაცვლად პარასკევს დაასაფლავეს?! ესეც არ იყოს, შაბათი და კვირა მაინც მე მეკუთვნოდა. თუმცა, ჩემი უფროსიც თავისებურად მართალია. გუშინ ისე მოვიქანცე, რომ ძლივს ავდექი. პირს რომ ვიპარსავდი, ვიფიქრე, რა გავაკეთო-მეთქი და საბანაოდ წასვლა გადავწყვიტე. პორტში მოწყობილი საცურაომდე ტრამვაით მივედი. იქ გადავხტი წყალში და გავცურე. სულ ახალგაზრდობა იყო. წყალში მარი კარდონა შევნიშნე: ჩვენი ბიუროს მემანქანე. ერთ დროს კარგა მაგრად მაღელვებდა. მგონი, მასაც მოვწონდი. ჩვენგან მალე წავიდა და ერთმანეთი აღარ გვინახავს. მარი ტივტივაზე შემოვსვი. უცებ მკერდზე მომიხვდა ხელი. მე წყალში ვცურავდი, ის კი ტივტივაზე პირქვე ავიწიე და გვედზე მივუჯექი. მშვენივრად მოვეწყვეთ. ხუმრობით უკან გადავიწიე და თავი მუცელზე დავადე. მარის არაფერი უთქვამს და ასე დავრჩი. ცა თვალებში მომექცა; ცისფერი იყო და მოოქროვილი. ჩემი კეფის ქვეშ მარის მუცელი ნაზად ფეთქავდა. დიდხანს ვიყავით ასე, ნახევრად ჩაძინებულები. მზემ მაგრად დააცხუნა. მარიმ ჩაყვინთა, მეც მივყევი. დავიჭირე, წელზე ხელი შემოვხვიე და ერთად გავცურეთ. იგი სულ იცინოდა. როცა ვშრებოდით, მითხრა, მე თქვენზე შავი ვყოფილვარო. საღამოსთვის კინოში წასვლა შევთავაზე. მარიმ სიცილით მიპასუხა, რომ სიამოვნებით ნახავდა ფილმს ფერნანდელის მონაწილეობით. ჩავიცვით, შავი ყელსახვევი გავიკეთე. შავი ყელსახვევი რომ დამინახა, მკითხა, მგლოვიარედ ხომ არა ხარო. ვუთხარი, დედა გარდამეცვალა-მეთქი. ისევ შემეკითხა, როდისო, და მეც ვუპასუხე - ,,გუშინ დავასაფლავე”. მარი შეცბა, თუმცა, აღარაფერი უკითხავს. მინდოდა მეთქვა, ჩემი ბრალი არ არის-მეთქი, მაგრამ გადავიფიქრე: იმიტომ რომ, გამეორება გამომივიდოდა. უფროსთანაც ხომ გავიმართლე თავი. თუმცა, რა მნიშვნელობა აქვს ამას, ასეა თუ ისე, ყოველთვის რაღაცაში დამნაშავე გამოდიხარ. საღამოს მარის ყველაფერი გადაავიწყდა. ფილმი სასაცილო და სულელური იყო. მარის ფეხი ჩემს ფეხს ედებოდა, მე მკერდზე ვეალერსებოდი. სურათის დამთავრებისას ვაკოცე, მაგრამ უხერხულად. იმ ღამეს მარი ჩემთან წამოვიდა. დილით, როცა გამომეღვიძა, მარი უკვე წასულიყო. ვიცოდი, დეიდა ელოდებოდა. გამახსენდა, რომ კვირა იყო და მეწყინა. არ მიყვარს კვირა დღე. მერე გადავბრუნდი, ბალიშზე ზღვის სუნი შევისუნთქე, მარის თმას რომ დაეტოვებინა. ისევ ჩამეძინა. ათ საათზე გამომეღვიძა. თორმეტ საათამდე ვიწექი და სიგარეტს ვაბოლებდი. კვირაობით სელესტთან ვსაუზმობ ხოლმე. დღეს კი გადავიფიქრე, რადგან შეკითხვებით თავს მომაბეზრებდნენ. კვერცხები მოვხარშე და ლანგრიდან უპუროდ შევჭამე. დამეზარა პურზე წასვლა. ნასაუზმევს უსაქმობისგან ოთახებში დავიწყე წრიალი. როცა მე და დედა ერთად ვცხოვრობდით, ბინა მოხერხებული მეჩვენებოდა, ახლა კი ჩემთვის ძალიან დიდი იყო. კარგი იქნებოდა, სასადილო მაგიდა ჩემს ოთახში გადამეტანა. მთელ დროს მაინც აქ ვატარებ: ჩალის ჩაზნექილ სკამებზე და ნიკელის საწოლზე, ჩაყვითლებულ სარკიან კარადასა და ტუალეტის მაგიდას შორის. დანარჩენი ყველაფერი მიგდებული მაქვს. მომწყინდა. დროის მოსაკლავად ძველი გაზეთი ავიღე და წავიკითხე. მარილის რეკლამა ამოვჭერი და ძველ რვეულში ჩავაკარი. თუკი რამ მომეწონება გაზეთში, ამ



 რვეულში ვაწებებ ხოლმე. ხელები დავიბანე და აივანზე გავედი. ჩემი ოთახი გარეუბნის მთავარ ქუჩაზე გამოდის. კარგი ამინდი იდგა. ქვაფენილი ჭუჭყიანი იყო; რამდენიმე კაცი ჩქარა მიდიოდა. მათ შორის სასეირნოდ გამოსული ოჯახი შევნიშნე: წინ - მეზღვაურის ფორმაში გამოწყობილი ორი ბიჭუნა მიდიოდა; ხამ ტანსაცმელში ბავშვები თავისუფლად ვერ გრძნობდნენ თავს. პატარა გოგონას თავზე უზარმაზარი ვარდისფერი ბაფთა ეკეთა და ლაქის ფეხსაცმელები ეცვა. უკან მათ აბრეშუმისტანსაცმლიანი ზორბა ქალი და ჩია ტანის მამაკაცი მოსდევდნენ. ეს უკანასკნელი სახით მეცნობოდა. მას ხოფი, პეპლების საჭერი ბადე და ანკესი მიჰქონდა. როცა იგი ცოლთან ერთად დავინახე, მივხვდი, უბანში რჩეულ კაცად რატომ თვლიდნენ. მოგვიანებით ჩვენი უბნის ახალგაზრდებმაც ჩაიარეს. პრიალა თმები ჰქონდათ. ამოქარგულჯიბეებიანი გაწკეპილი პიჯაკები და ცხვირგადაჭრილი ფეხსაცმელები ეცვათ. ალბათ, კინოში მიდიოდნენ ქალაქის ცენტრში. ამიტომაც გამოსულიყვნენ ასე ადრე და სიცილ-ხარხარით ტრამვაის გაჩერებისკენ მიიჩქაროდნენ. სკამზე ისე დავჯექი, როგორც თუთუნის გამყიდველი: ასე უფრო მოხერხებული მომეჩვენა. კიდევ გავაბოლე, ოთახში შევედი შოკოლადისთვის და ფანჯარასთან მივდექი. ნელ-ნელა მოიღრუბლა. წვიმა დაუშვებს-მეთქი, ვიფიქრე, მაგრამ ისევ მალე გადიყარა და მოიწმინდა. აქა-იქ დარჩენილი ღრუბლები ქუჩას წვიმით ემუქრებოდნენ და აბნელებდნენ. ცას თვალი ვერ მოვწყვიტე. ხუთ საათზე ტრამვაის ვაგონები დაიძრა. გარეუბნის სტადიონიდან მომავალი ხალხი საფეხურებზე ყურძნის მტევნებივით ეკიდა. შემდეგ ვაგონებს, ალბათ, ფეხბურთელები მოჰყავდა; ჭაბუკებს პატარა სპორტული ჩემოდნები ეკავათ. სპორტსმენები ღრიანცელით მღეროდნენ კლუბის ქება-დიდებას. ზოგი რაღაცას მანიშნებდა, ერთმა დამიყვირა კიდევაც: - ხომ ვუჩვენეთ სეირი. - ჰო. - თავის ქნევით ვანიშნე მე. შემდეგ ქუჩა მანქანებით გაივსო. დღე ილეოდა. სახურავების ზემოთ ცა შევარდისფრდა. საღამო იბადებოდა, ქუჩები გამოცოცხლდა. წასულები უკან ბრუნდებოდნენ. მათ შორის ის ,,გამორჩეული” ბატონიც ვიცანი: ბავშვებს ტირილით მიათრევდა. ცოტა ხანიც და, უბნის კინოთეატრებიდან მაყურებლები ნაკადებად გამოვიდნენ ქუჩებში. ახალგაზრდებს სითამამე შევნიშნე. ვიფიქრე, უთუოდ სათავგადასავლო ფილმი ნახეს-მეთქი. კინოს საყურებლად ქალაქის ცენტრში წასული ხალხი მოგვიანებით და სხვა განწყობით ბრუნდებოდა. იცინოდნენ, მაგრამ უფრო დაფიქრებულები და დაღლილები ჩანდნენ. შინ არ მიდიოდნენ - ტროტუარზე აღმა-დაღმა სეირნობდნენ. უბნის ქალიშვილებმა ხელკავით დაიწყეს სეირნობა. ვაჟები მათ გზას უჭრიდნენ, ეხუმრებოდნენ, გოგონები კი თვალს აყოლებდნენ და იცინოდნენ. ნაცნობი ქალიშვილები ღიმილით მესალმებოდნენ. ანთებულმა ლამპიონებმა გააფერმკრთალეს პირველი ვარსკვლავები. სინათლითა და ხალხით დატვირთულმა ქუჩამ ტრამვაის შუქი პრიალა თმებს, ღიმილსა და ვერცხლის სამაჯურებს აელვარებდა. ტრამვაი გაიშვიათდა. ღამე ჩამოწვა ლამპიონების და ხეების მიღმა. უბანიც შეუმჩნებლად დაცარიელდა. პირველმა კატამ ზანტად გადაჭრა უკაცრიელი ქუჩა. მომშივდა. კისერი მეტკინა, ალბათ იმიტომ, რომ დიდხანს ვიყავი სკამის ზურგზე დაყრდნობილი. პურისა და მარმელადის საყიდლად ჩავედი. სამხარი გავიმზადე და ზეზეულად შევჭამე. მინდოდა ფანჯარასთან გამებოლებინა, მაგრამ უცბად აგრილდა და სიცივე ვიგრძენი. ფანჯარა მივხურე და როდესაც შემოვტრიალდი, სარკეში შევნიშნე მაგიდის კუთხე, რომელზედაც სპირტის ლამპა იდგა და პურის ნაჭრები ეყარა. და აი, ეს კვირაც გავიდა. მომაგონდა, რომ დედა გუშინ დავასაფლავეთ. მე ისევ დავუბრუნდები ჩემს სამუშაოს. თითქოს არაფერი შეცვლილა. თავი მესამე დღეს ბევრი ვიმუშავე. უფროსი თავაზიანად მექცეოდა, ძალიან ხომ არ დაიღალეო, მკითხა და თან დედაჩემის ასაკით დაინტერესდა. რომ არ შემშლოდა, ვუპასუხე:



- ასე, სამოცამდის იქნებოდა. არ ვიცი რატომ, როცა დედაჩემის წლოვანება გაიგო, დამშვიდდა, ალბათ, ეს გასაუბრება საკმარისად ჩათვალა. ჩემს მაგიდაზე კონოსამენტების გროვა იყო და უნდა გადამექექა. სანამ სასადილოდ წავიდოდი, ხელები დავიბანე. შუადღისას ხელებს სიამოვნებით ვიბან, საღამოს კი მეზარება, რადგან მთელი დღის ნახმარი საერთო ხელსახოცი მთლად სველია. ეს ერთხელ უფროსთანაც აღვნიშნე. უფროსმა მიპასუხა, რომ მასაც არ სიამოვნებდა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ეს მისთვის უმნიშვნელო დეტალი იყო. ემანუილთან ერთად ბიუროდან ცოტა მოგვიანებით გამოვედი - პირველის ნახევარზე. ემანუილი საექსპედიციო განყოფილებაში მუშაობს. ჩვენი ოთახი ზღვისკენ გამოდის. მზით ალმოდებულ პორტში სატვირთო გემები იდგა. გემების მზერაში გავერთეთ და შეგვაგვიანდა. ამ დროს, სატვირთო მანქანა მოვიდა ჯაჭვების რახარუხითა და ზათქით. ემანუილმა მითხრა, გავყვეთო და გავიქეცით. სატვირთო მანქანამ გაგვისწრო. ჩვენ უკან გამოვუდექით. მანქანის გუგუნმა გამაყრუა. მტვერმა დამახრჩო. ვერაფერს ვხედავდი, ვერაფერს ვგრძნობდი, გარდა ამ უმიზნო სწრაფვისა. ჩემს გასწვრივ გარბოდნენ ამწეები და სატვირთო მანქანები, ანძები და გემები, რომლებიც ჰორიზონტზე ტივტივებდნენ. მანქანას დავეწიე და შევახტი, მერე ემანუილს დავეხმარე ამოსვლაში, ძლივსღა ვსუნთქავდით. სატვირთო მანქანა უსწორმასწორო ქვაფენილზე ინჯღრეოდა მზესა და მტვერში. ემანუილი სულის შეხუთვამდე ხარხარებდა. სელესტთან რომ მივედით, ოფლში ვცურავდით. როგორც ყოველთვის, წინსაფრით მოგვეგება. სელესტი თეთრულვაშა და ღიპიანია. - ისე ხომ კარგად ხარ? - მკითხა. - კარგად, - ვუპასუხე და დავძინე: - ძალიან მშია. სწრაფად შევჭამე და ყავა დავაყოლე. მერე სახლში წავედი. ნასვამი ვიყავი და ცოტა წავიძინე. როცა გამეღვიძა, მოწევა მომინდა. მაგვიანდებოდა და ტრამვაისთვის რომ მიმესწრო, გავიქეცი. გვიანობამდე ვიმუშავე. სამსახურში ისე ცხელოდა, რომ საღამოს სახლში სანაპიროთი დავბრუნდი. ცა მწვანე იყო. თავს მსუბუქად ვგრძნობდი. მიუხედავად ამისა, პირდაპირ შინ წავედი: კარტოფილი მინდოდა მომეხარშა. კიბეზე ასვლისას, სიბნელეში ჩემს კარის მეზობელს, მოხუც სალამანოს შევეჩეხე. მას თან ახლდა ესპანური ჯიშის მეძებარი. უკვე რვა წელია, რაც ერთად დადიან. ძაღლს კანის ავადმყოფობა აქვს, მგონი ქეცი. ამიტომ ბეწვი მთლად გასცვივდა და კანი ქერცლითა და ყავისფერი ქერქით აქვს დაფარული. რადგან ორივენი ერთ პატარა ოთახში ცხოვრობენ, მოხუცი სალამანი, ბოლოს და ბოლოს, მას დაემგვანა. სახე მასაც წითლად აქვს აქერცლილი, წვერი კი - გაქუცული და გაყვითლებული. ძაღლი ყურებჩამოყრილი დადის, ცხვირი წინ აქვს წაწეული და კისერგაშეშებულია, ისე, როგორც მოხუცი სალამანო. ისინი ერთი ჯიშისანი არიან. მიუხედავად ამისა, ერთმანეთი სძულთ. დღეში ორჯერ, თერთმეტზე და ექვს საათზე, მოხუცი ძაღლს დაასეირნებს. რვა წელია, რაც ერთი გზით დადიან: ლიონის ქუჩაზე. ძაღლი წინ მიიწევს ხოლმე, მოხუცი კი უკან ექაჩება. ბოლოს, იმით თავდება, რომ მოხუცი სცემს და აგინებს. ძაღლი შიშისაგან იბუზება და ნებდება. მოხუცს თრევა-თრევით მოჰყავს. ცხოველი მალე ივიწყებს ცემას და ისევ ჯიუტობს. მოხუცი ხელახლა სცემს და აგინებს. ბოლო კი ასეთია: ძაღლი შიშით მისჩერებია კაცს, კაცი ძაღლს ზიზღით უყურებს და ასე მეორდება ყოველდღე. ძაღლს როცა მოშარდვა უნდა, მოხუცი არ აცლის. ისიც მიჰყვება და ტროტუარზე შარდის წვეთებს აბნებს. თუ ოთახში შეემთხვა, მოხუცი ისევ სცემს. ეს ამბავი რვა



 წელია გრძელდება. ,,რა უბედურებაა”, იტყვის ხოლმე სელესტი. მაგრამ ვინ რა იცის... სალამანი, როცა კიბეზე შემხვდა, ისევ ძაღლს აგინებდა: - გათახსირებულო, მძორო... უ ც ხ ო- ძაღლი წკმუტუნებდა. - საღამო მშვიდობისა, - ვუთხარი. მოხუცი კვლავ იგინებოდა. ვკითხე, ძაღლმა რა დააშავა-მეთქი. არ მიპასუხა, ისევ გაიძახოდა ,,გათახსირებული, მძორი”. მივუხვდი, რაშიც იყო საქმე. ძაღლისკენ დახრილიყო და საყელურს უსწორებდა. ხმას ავუწიე. თითქოს ყელში მოაწვაო სიბრაზე, უკან მოუხედავად მიპასუხა: - ყოველთვის ეს აჭირვებს საქმეს. ბოლოს, მოხუცმა მოქაჩა ძაღლს და წავიდა. ისიც წკმუტუნით მიჰყვა. სწორედ ამ დროს, ჩემი კარის მეორე მეზობელიც მოვიდა. უბანში ამბობენ, რომ ეს საყვარლების ხარჯზე ცხოვრობს. რომ ჰკითხოთ რას აკეთებს, საწყობის გამგე ვარო, გეტყვით. საერთოდ, იგი არავის არ უყვარს. ჩემთან ხშირად შემოდის და მელაპარაკება, ალბათ იმიტომ, რომ ვუსმენ. საინტერესო ამბებს ჰყვება. ბოლოს და ბოლოს, ისეთი რა მიზეზი მაქვს, რომ ხმა არ გავცე. რაიმონდ სენტეზი ჰქვია. იგი საკმაოდ დაბალია. განიერი მხრები და მოკრივის ცხვირი აქვს. ყოველთვის პეწით აცვია. სალამანოზე მასაც უთქვამს ჩემთვის, რა ოხერი კაციაო! - არ გეზიზღებათ ყველაფერი ეს? - მკითხა მან. არა- მეთქი, მივუგე. კიბეზე ერთად ავედით და ის იყო, უნდა დავცილებოდი, რომ მითხრა;__ - სახლში ღვინო და ძეხვი მაქვს, ხომ არ დამეწვევით... გავიფიქრე, რომ ეს თავიდან ამაცილებდა საუზმის მომზადებას და დავეთანხმე. მასაც ერთი ოთახი აქვს და უფანჯრო სამზარეულო. საწოლთან მოთეთრო-მოვარდისფრო ხელოვნური მარმარილოს ანგელოზი, ფალავნების ფოტოები და ორი თუ სამი შიშველი ქალის სურათი უკიდია. ოთახი ჭუჭყიანი იყო, ლოგინი ანგრეული. ჯერ ნავთის ლამპა აანთო, მერე ჯიბიდან რაღაც ჭინჭი ამოიღო და მარჯვენა ხელი შეიხვია. ვკითხე, რა დაგემართა-მეთქი. ერთ ახირებულ ტიპს ვეჩხუბეო, მითხრა. - იცით, ბატონო მერსო, ბოროტი არა, მაგრამ ფიცხი ვარ. ტიპი ჩამაცივდა: ,,თუ კაცი ხარ, ჩამოდი ტრამვაიდან”. ჭკვიანად იყავი-მეთქი, მივუგე. მაშინ მითხრა, შენ კაცი არა ხარო. ჩამოვედი და ვუთხარი: ,,გეყოფა, თორემ დაგჟეჟავ”. მაინც როგორო, ჩამაცივდა. მაშინ ერთი ვუთავაზე. დავარდა. წამოყენება მინდოდა, მაგრამ წიხლები დამიშინა. მაშინ მუხლი გავარტყი და ორჯერ ხის სოლიც ვუთავაზე. სახე სისხლით მოესვარა. ვკითხე: ,,გამისწორე ანგარიში?” კიო, მითხრა. - მთელი ამ ხნის განმავლობაში სენტეზი ჭრილობას იხვევდა. მე ლოგინზე ვიჯექი. - ხედავ, ჩემი ბრალი არ არის, თვითონ მაიძულა. - მართალი იყო და დავეთანხმე. მერე გამომიცხადა, რომ ჩემთან ამ საკითხზე უნდოდა ლაპარაკი, რომ მე კაცი ვარ და ცხოვრების ავ-კარგი გამეგება, რომ შემიძლია დავეხმარო და მეგობრობა გავუწიო. არაფერი ვუპასუხე. მან ხელახლა მკითხა, თანახმა ვიყავი თუ არა მეგობრობაზე. ვუთხარი, ჩემთვის სულ ერთია-მეთქი. სახეზე კმაყოფილება შევნიშნე. გამოიღო ძეხვი, ტაფაზე შეწვა, სუფრაზე ჭიქები, თეფშები და ორი ბოთლი ღვინო დადგა. ამას ჩუმად აკეთებდა. სუფრას შემოვუსხედით. ჭამის დროს თავისი ამბავი მომიყვა. პირველად ყოყმანობდა, მერე დაიწყო: - ერთი ნაცნობი ქალი მყავდა... უფრო სწორად საყვარელი. - კაცი, რომელსაც იგი ეჩხუბა, ამ ქალის ძმა იყო. ისიც მითხრა, ამ ქალს ვარჩენო. მე არ შევპასუხებივარ, მაგრამ მაინც დასძინა, ვიცი, რა ხმებიც დადის ჩემზე უბანში, მაგრამ სინდისი სუფთა მაქვს და საწყობის გამგე ვარო. - ისევ ჩემს ამბავს ვუბრუნდები, აქ რაღაც ორგულობას აქვს ადგილი. - რაიმონდი იმდენს აძლევდა ამ ქალს, რომ მას ცხოვრება შეეძლო. უხდიდა ბინის ქირას და საჭმელად ყოველდღე ოც



ფრანკს აძლევდა. - სამასი ფრანკი ბინის ქირაში, ექვსასი საჭმელად, ხანდახან ერთი წყვილი წინდა, სულ ათასი ფრანკი გამოდიოდა. მე კი რამდენჯერ მითქვამს, - რა მოხდებოდა ნახევარი დღე გემუშავნა-მეთქი, წვრილმანში მაინც გეყოფოდა შენი ხელფასი. ამ თვეში კოსტუმი გიყიდე, ყოველდღე ოც ფრანკს გაძლევ, ბინის ქირა გადაგიხადე. შენ კი შუადღისას ყავას მიირთმევ მეგობრებთან ერთად. მათ ყავას და შაქარს აძლევ. ფულს კი მე მახარჯინებ. მე კარგად გექცევი, შენ ცუდით მიხდი, მაგრამ ის მაინც არ მუშაობდა. თავს იმართლებდა, ვერ ვშოულობო. ბოლოს მივხვდი, რომ მატყუებდა. - რაიმონდმა ისიც მითხრა, რომ ქალის ჩანთაში ლატარიის ბილეთი უნახავს. ქალმა ვერ აუხსნა, რა ფულით იყიდა ეს ბილეთი. ცოტა ხნის შემდეგ ქვითარი უპოვნა. ქალს ლომბარდში ორი სამაჯური დაეგირავებინა. აქამდე რაიმონდმა არ იცოდა, რომ მას სამაჯურები ჰქონდა. - ბოლოს და ბოლოს, დავრწმუნდი რომ მატყუებდა. ავდექი და მივატოვე. მაგრამ სანამ მივატოვებდი, ვცემე. თან პირში ვუთხარი ყველაფერი, რასაც მასზე ვფიქრობდი; შენთვის სულ ერთია, ვისთან დაწვები-მეთქი. ხომ წარმოგიდგენიათ როგორ ვეტყოდი ამას, ბატონო მერსო: ,,ხომ ხედავ, რომ ხალხს შურს ის სიკეთე, რასაც შენს მიმართ ვიჩენ, დრო მოვა ინანებ”. - ისე სცემა, რომ სისხლი ადინა. წინათ, თურმე, არ სცემდა. - ვცემდი, მაგრამ ისე, ხუმრობით, ცოტას კიოდა ხოლმე. მაშინ დარაბებს ვხურავდი და ყველაფერი ჩვეულებრივად თავდებოდა. ამჯერად კი მაგრად მივბეგვე, მაგრამ, ჩემი აზრით, საკმაოდ მაინც არ დამისჯია. ბოლოს, გამომიტყდა, რომ სწორედ ახლა სჭირდება ჩემი რჩევა. ცოტა ხნით შეჩერდა და აბოლებულ ლამპას დაუწია. სმენად ვიყავი ქცეული. ერთ ლიტრამდე დავლიე და საფეთქლები მიხურდა. სიგარეტი გამითავდა, რაიმონდისას ვეწეოდი. უკანასკნელმა ტრამვაიმ ჩაიარა და ხმაური გაიყოლა. რაიმონდმა განაგრძო: ყველაზე ძალიან ის აწუხებდა, რომ, რაღაც გრძნობა კიდევ დარჩა ამ ,,კახპისადმი”. მიუხედავად ამისა, მაინც უნდოდა მისი დასჯა. რაიმონდს გადაწყვეტილი ჰქონდა, ეს ქალი პუნქტში მიეყვანა, სკანდალი მოეწყო და მისი ქალობა გამოეაშკარავებინა. თავისი წრის ამხანაგებსაც მიმართა; მათ ვერ დაადანაშაულეს ეს ქალი. რაიმონდის აზრით, არ ღირდა ასეთი მეგობრების ყოლა. ერთხელ კიდევ მიმართა ამხანაგებს; მათ ურჩიეს, ისეთი რამე გაუკეთე ქალს, რომ სამუდამოდ დაამახსოვრდესო. არც ეს უნდოდა რაიმონდს. ბევრი იფიქრა. ვიცოდი, რომ რაღაც უნდოდა ეთხოვნა ჩემთვის და სანამ მთხოვდა, ჩემი აზრი აინტერესებდა. ვუპასუხე: ამბავი საინტერესოა, მაგრამ პირადად მე არაფერს ვფიქრობ-მეთქი. მერე მკითხა, ვგრძნობდი თუ არა ამ ქალის ქცევაში თაღლითობას. დიახაც, ვგრძნობდი. საჭირო იყო თუ არა ქალის დასჯა და როგორ მოვიქცეოდი მის ადგილზე. ვუთხარი, ვერაფრით ვერ წარმომიდგენია, რომ რაიმონდი მას დასჯიდა. ცოტა კიდევ დავლიე; რაიმონდმა სიგარეტს მოუკიდა და თავისი გულისნადები გამიზიარა: უნდოდა ქალისთვის ,,მუქარის წერილი მიეწერა და ისეთი რამეები ეთქვა, რომ ენანებინა”. და თუ ქალი რაიმონდს დაუბრუნდება, სწორედ ,,ბოლო მომენტში” სახეში მიაფურთხებს და გარეთ გააგდებს. ამგვარად იგი მართლაც დაისჯებოდა. უ ც ხ ომაგრამ რაიმონდს არ შეეძლო ასეთი წერილის დაწერა, მას გადაწყვეტილი ჰქონდა, ჩემთვის ეთხოვა მისი შედგენა. რადგანაც ვდუმდი, მკითხა, ახლავე ხომ არ შევუდგებოდი საქმეს. კარგი-მეთქი, დავეთანდხმე. მაშინ ჭიქიდან ღვინო მოსვა და წამოდგა. თეფშები და დარჩენილი ძეხვის ნაჭრები მისწია, მერე გულმოდგინედ გადაწმინდა მუშამბა, ტუმბოს უჯრიდან უჯრედებიანი ქაღალდი, ყვითელი კონვერტი, წითელი ხის პატარა კალმისტარი და იისფერი მელნით სავსე ოთკუთხა სამელნე ამოიღო. როცა ქალის გვარი მითხრა, მივხვდი, რომ მავრი იყო. წერილი დავწერე. ჩემთვის მოულოდნელი იყო ასეთი წერილის დაწერა, მაგრამ ვეცადე, რომ რაიმონდი დამეკმაყოფილებინა. ანდა, რატომაც არ



 უნდა ყოფილიყო კმაყოფილი. მერე წერილი ხმამაღლა წავიკითხე. ის მისმენდა, აბოლებდა და თავს მიქნევდა, მთხოვდა, ხელახლა გადამეკითხა. რაიმონდი სავსებით კმაყოფილი დარჩა. მერე მითხრა: - ვიცი, რომ ცხოვრების ავ-კარგი გაგეგება. - აქამდე არც კი შემიმჩნევია, რომ შენობით მელაპარაკებოდა. მხოლოდ მაშინ მივაქციე ყურადღება, როცა მომმართა: - ეხლა კი შენ ჩემი ნამდვილი ამხანაგი ხარ. ამან გამაოცა. მან გაიმეორა ეს ფრაზა და მე დავეთანხმე. ჩემთვის სულერთი იყო, ვიქნებოდი თუ არა მისი ამხანაგი. მას კი ეს სიამოვნებდა. დახურა კონვერტი და ღვინოც გავათავეთ. ერთ ხანს ასე ვისხედით და უსიტყვოდ ვაბოლებდით. გარეთ სიმშვიდე იყო. გავიგონეთ, როგორ ჩაისრიალა მანქანამ. ვთქვი, უკვე გვიან არის-მეთქი. რაიმონდიც ამას ფიქრობდა. მან შენიშნა, რომ დრო ჩქარა გადიოდა და ერთის მხრივ, ეს მართალიც იყო. ძილი მომერია, მაგრამ ადგომა მეზარებოდა. შეიძლება იმიტომ, რომ გადაღლილი სახე მქონდა, რაიმონდმა მითხრა, ცხოვრებას არ უნდა დანებდეო. პირველად ვერ გავიგე, რისი თქმა სურდა. მერე ამიხსნა, თურმე დედაჩემის სიკვდილი გაეგო. მისი აზრით ეს ბუნების კანონი იყო, დღეს თუ ხვალ, მაინც მოხდებოდა. მეც ასე ვფიქრობდი. წამოვდექი. რაიმონდმა ხელი მაგრად ჩამომართვა და მითხრა, კაცები ყოველთვის უგებენ ერთმანეთსო. გამოსვლისას კარი მივიხურე და ცოტა ხნით კიბის ბაქანზე შევჩერდი. სახლში სიმშვიდე იდგა. ბადიანი კიბის სიღრმიდან ბნელი და ნოტიო სუნთქვა ამოდიოდა. ყურებში საკუთარი სისხლის ფეთქვა მესმოდა მხოლოდ. უმოძრაოდ ვიდექი. მოხუცი სალამანოს ოთახში ძაღლმა დაიყმუვლა. თავი მეოთხე მთელი კვირის მუშაობამ გადამღალა. რაიმონდი მოვიდა და მითხრა, წერილი უკვე გავგზავნეო. ემანუილთან ერთად ორჯერ ვიყავი კინოში. მას ძალიან ხშირად არ ესმის, რა ხდება ეკრანზე და უნდა ავუხსნა ხოლმე. გუშინ შაბათი იყო. როგორც შეთანხმებული ვიყავი, მარი მოვიდა. დავინახე თუ არა, ვნება წამეკიდა. წითელი და თეთრზოლებიანი ლამაზი კაბა ეცვა, ფეხზე - ქოშები. კაბაში მკვრივი მკერდი ეტყობოდა. მზემოკიდებული სახე ყვავილს მიუგავდა. ავტობუსში ჩავსხედით და წავედით ალჟირიდან რამდენიმე კილომეტრით დაშორებულ პლიაჟზე, რომელიც ლელიანსა და კლდეებს შორის ჩაჭედილიყო. ოთხი საათის მზე არც თუ ისე აცხუნებდა, გრძელი და თბილი ტალღები ზარმაცად მოგორავდნენ. მარიმ ერთი უცნაური თამაში მასწავლა. ცურვისას, ტალღების თხემიდან პირში ქაფი უნდა დამეგუბებინა, მერე ზურგზე დავწოლილიყავი ცისკენ შადრევანი ამეშვა. ასროლილი წყლის ჭავლი მოგაგონებდათ ჰაეროვან მაქმანს, რომელიც მერე ქრებოდა ან წვიმის თბილი წვეთებივით სახეს ეცემოდა. მალე მარილის სიმლაშემ პირი ამიწვა. წყალში მარი მომიახლოვდა და მომეკრა. ტუჩები ჩემს ტუჩებს შეახო, მისი ენა ბაგეს მიგრილებდა და ასე, დიდხანს ვგორავდით ტალღებში. როდესაც ნაპირზე გამოვედით, მარი ანთებული თვალებით შემომცქეროდა. ვაკოცე. ამის შემდეგ აღარაფერი გვითქვამს. მაგრად მივიკარი და ასე, მოუთმენლად ველოდით ავტობუსს. გვეჩქარებოდა სახლში დაბრუნება, მოთმინება აღარ გვყოფნიდა, როდის დავეშვებოდით საწოლზე, ფანჯარა ღია დავტოვე. რა კარგი იყო ზაფხულის რამე, რომელიც ჩვენს გარუჯულ სხეულს სითბოს ავლებდა. ამ დილით მარი არ წასულა. ვთხოვე, ერთად გვესაუზმა. ხორცის საყიდლად გამოვედი. ასვლისას რაიმონდის ოთახიდან ქალის ხმა მომესმა. მოგვიანებით მოხუცმა სალამანომ ძაღლს დაუწყო ჩხუბი. ხის კიბეზე ძაღლის ბრჭყალების ფხაჭუნი და თათების ფაჩუნი გავიგონეთ, მერე კი - ,,შე გათახსირებულო, მძორო”, და მალე ქუჩაში გავიდნენ. მარის მოხუცის ამბავი მოვუყევი და ბევრიც ვაცინე. მას ჩემი პიჟამო ეცვა და მკლავები ჰქონდა ადაპიწებული. ისე გემრიელად იცინოდა, კვლავ მომერია ვნება. ცოტა ხნის შემდეგ მკითხა, თუ გიყვარვარო. ამას რა მნიშვნელობა აქვს, მაგრამ მგონი არა-მეთქი, ვუპასუხე. ცოტა არ იყოს, ეწყინა. საუზმეს რომ ამზადებდა მარის უმიზეზოდ აუტყდა სიცილი. ვერ მოვითმინე და კიდევ ვაკოცე. სწორედ ამ დროს რაიმონდის ოთახში ჩხუბმა



 იფეთქა. ჯერ ქალის ცივი კივილი მოისმა, შემდეგ კი რაიმონდი აყვირდა: - მომატყუე არა? მომატყუე? მე შენ გიჩვენებ, როგორ უნდა მოტყუება. რაღაც ყრუ ხმაური და, ქალმა დაიღმუვლა, მაგრამ ისე საზარლად, რომ კიბის ბაქანი წამსვე ხალხით გაივსო. მე და მარიც გამოვედით. ქალი გაჰკიოდა, რაიმონდი კი ურტყამდა. მარიმ თქვა, საშინელებააო და მეც არაფერი ვუპასუხე. მთხოვა გამომეძახა პოლიციის აგენტი. ვუთხარი, რომ პოლიციელები საერთოდ არ მეპიტნავებიან. მეორე სართულზე მობინადრე სანტექნიკოსმა მაინც მოიყვანა აგენტი. მან კარზე დააკაკუნა. ოთახში კრინტი არავის დაუძრავს. უფრო მაგრად დააკაკუნა. ცოტა ხნის მერე ქალი ატირდა. რაიმონდმა კარი გააღო: დამშვიებულიყო, პირში სიგარეტი ჰქონდა გაჩრილი. ქალი გამოვიდა და აგენტს განუცხადა, რაიმონდმა მცემაო. - რა გვარი ხარ? ჰკითხა აგენტმა. რაიმონდმა უპასუხა. - როცა მე გელაპარაკები, პირიდან სიგარეტი გამოიღე. - უთხრა აგენტმა. რაიმონდი შეყოყმანდა, მე შემომხედა და მაგრად მოქაჩა. მაშინ აგენტმა გამოუქანა და სილა გააწნა. სიგარეტი რამდენიმე მეტრზე გადავარდა. რაიმონდს სახე დაეღრიჯა. უცებ ვერაფერი თქვა. შემდეგ კი მორჩილი ხმით იკითხა, ნამწვის აღება თუ შეიძლებაო. პოლიციელმა ნება დართო და დაუმატა: - შემდეგში გეცოდინება, რომ პოლიციის აგენტი ვიღაც ტაკიმასხარა არ არის. ქალი ამ ხნის განმავლობაში განუწყვეტლივ ტიროდა და იმეორებდა: - მცემა, ოხერმა. - ბატონო აგენტო, რომელ კანონში წერია, რომ ოხერი უწოდო ადამიანს, - თქვა რაიმონდმა. - მოკეტე, - უბრძანა პოლიციელმა. მაშინ რაიმონდი ქალს მიუბრუნდა: - დაიცა, ჩემო პატარავ, კიდევ შევხვდებით ერთმანეთს. აგენტმა ხმა ჩააწყვეტინა: - ქალი შინ წავა, შენ კი სანამ კომისარიატში არ გამოგიძახებენ, აქედან ფეხსაც ვერ მოიცვლი. უ ც ხ ო- მერე დაუმატა, სირცხვილია, სიმთვრალისაგან კანკალებდეო. რაიმონდამა უთხრა: - მე მთვრალი არა ვარ, ბაონო აგენტო, საქმე ისაა, რომ თქვენს წინაშე ჩემდა უნებურად მაკანკალებს. შემდეგ კარი მიიხურა და ხალხი წავიდ-წამოვიდა. მე და მარიმ საუზმე მოვამზადეთ. მას არ შიოდა. მე კი თითქმის ყველაფერი შევჭამე. პირველ საათზე მარი წავიდა. მე ცოტა წავიძინე. სამი საათი იქნებოდა, როცა ჩემს კარებზე დააკაკუნეს და რაიმონდი შემოვიდა. ვიწექი, არ ავმდგარვარ. ის საწოლის კიდეზე ჩამოჯდა. ცოტა ხანს არაფერი უთქვამს. ვკითხე, რა მოხდა- მეთქი. მითხრა, რომ წადილი აისრულა. ქალმა გაარტყა, მან ვეღარ მოითმინა და სცემა. დანარჩენი ვიცოდი. ვუთხარი, ალბათ, კმაყოფილი ხარ, რადგან ქალი ნამდვილად დაისაჯა-მეთქი. ისიც ასე ფიქრობდა. თანაც შენიშნა, რომ რაც არ უნდა გაეკეთებინა პოლიციელს, მაინც ვერ შეამცირებდა იმ მუშტების რაოდენობას, რაც ქალმა მიიღო. თქვა, რომ კარგად იცნობს პოლიცილებს და იცის, როგორ აუღოს ალღო. რაიმონდმა მკითხა: - გეგონა, რომ სამაგიეროს გადავუხდიდი აგენტს? ვუპასუხე, რომ არც არაფერს ველოდი და საერთოდ, არ მიყვარს აგენტები. რაიმონდს კმაყოფილი სახე ჰქონდა. მთხოვა ერთად გაგვევლო. წამოვდექი და თმის ვარცხნა დავიწყე. რაიმონდმა სურვილი გამოთქვა მისი მოწმე ვყოფილიყავი. ჩემთვის სულერთი იყო, ოღონდ არ ვიცოდი, რა უნდა



 მეთქვა. რაიმონდისთვის რომ გეკითხა, იმის თქმაც საკმარისი იყო, რომ ქალი ატყუებდა. დავპირდი, მოწმედ გამოგყვები-მეთქი. რაცა გამოვედით, რაიმონდმა ფინი შემომთავაზა. შემდეგ ბილიარდის თამაში ისურვა და მე წავაგე. ბოლოს, საროსკიპოში მოუნდა წასვლა. მე უარი ვუთხარი, იმიტომ, რომ არ მიყვარს ასეთი რამეები. ნელ-ნელა წამოვედით. რაიმონდი მიყვებოდა, თუ რაოდენ კმაყოფილი იყო საყვარლის დასჯით. ჩემდამი კარგად იყო განწყობილი და გავიფიქრე, დრო კარგად გავატარეთ-მეთქი. შორიდან, კარის ზღურბლზე მოხუცი სალამანო შევნიშნე. აფორიაქებული იყო. როცა მივუახლოვდი, ძაღლი არ ჩანდა. მოხუცი ერთ ადგილზე ტრიალება, გარშემო იხედებოდა, ბნელ დერეფანს ზვერავდა, უაზროდ ბუტბუტებდა და ჩაწითლებულ პატარა თვალებს აცეცებდა. როცა რაიმონდმა ჰკითხა, რა დაგემართაო, მოხუცმა პასუხი დააყოვნა, რაღაცას ჩურჩულებდა, ძლივს გავარჩიე: ,,გათახსირებული მძორი” და კვლავ აფორიაქდა. ვკითხე, სად არის-მეთქი ძაღლი. მომახალა, წავიდაო. მერე უცბათ მიაყარა: - მანევრების მინდორზე მყავდა, როგორც ყოველთვის. საბაზრო დუქნების წინ ზღვა ხალხი ირეოდა. ცოტა ხანს მეც შევჩერდი, და როცა უკან დაბრუნება დავაპირე, ძაღლი გამქრალიყო. რა თქმა უნდა, უკვე დიდი ხანია მინდოდა მისთვის უფრო პატარა საყელურის ყიდვა, მაგრამ რას წარმოვიდგენდი, რომ ეს მძორი ასე გამეპარებოდა. - რაიმონდმა დაამშვიდა, ალბათ, ძაღლს გზა აებნა და აუცილებლად დაბრუნდებაო. ბევრი მაგალითი მოვუყვანე, როცა ძაღლები ათობით კილომეტრს გადიან პატრონის საპოვნელად. მიუხედავად ამისა, მოხუცი უფრო შეწუხდა. - წამართმევენ ძაღლს, გესმით. ვინმემ რომ უპატრონოს, კიდევ ჰო, თუმცა ეს შეუძლებელია, ის ყველას გულს ურევს თავისი შესახედაობით. უეჭველია, აგენტები დაიჭერენ. - მაშინ ვურჩიე, პუნქტში წასულიყო, სადაც უპატრონო ძაღლებს აგროვებდნენ. უმნიშვნელო ბაჟს გადაიხდიდა და ძაღლს დაუბრუნებდნენ. დაინტერესდა, დიდი იყო თუ არა გადასხადი. მე არ ვიცოდი. გაბრაზდა: - კიდევ ფული გადავიხადო ამ მძორში, სულაც გაუფშეკია ფეხი! - და ლანძღვა დაუწყო. რაიმონდმა ჩაიცინა და სახლში შევიდა. მეც მივყევი; ერთმანეთს ბაქანზე დავშორდით. ცოტა ხნის მერე მოხუცის ნაბიჯების ხმა მომესმა, მერე კარზე დამიკაკუნა. გავუღე. ზღურბლზე შეჩერდა და მითხრა: - მაპატიეთ, მაპატიეთ. შემოვიპატიჟე, მაგრამ არ შემოვიდა. თავის ფეხსაცმელებს დასჩერებოდა და აქერცლილი ხელები უკანკალებდა. არც კი შემოუხედავს, ისე მკითხა: - ხომ არ წამართმევენ, მითხარი, ბ-ნო მერსო, ხომ დამიბრუნებენ. რა მეშველება. ვუთხარი, რომ პუნქტში ძაღლებს სამი დღით ინახავენ, მერე კი, როგორც უნდათ, ისე იქცევიან. ჩუმად შემომხედა, მერე მითხრა: - საღამო მშვიდობისა. კარი მიიხურა. მესმოდა, როგორ დაბორიალობდა ოთახში. საწოლმა დაიჭრაჭუნა და საზარელ დახშულ ხმაზე, რომელიც კედელში გამოდიოდა, მივხვდი, რომ ტიროდა, არ ვიცი რატომ, დედა გამახსენდა. დილით ადრე უნდა ავმდგარიყავი, არა მშიოდა და უვახშმოდ დავწექი. თავი მეხუთე რაიმონდმა სამსახურში დამირეკა. მითხრა, რომ ერთი მისი მეგობარი (რომლისთვისაც ჩემზე უამბნია) მთავაზობდა, კვირა დღე მის ქოხში გამეტარებინა, ალჟირის მახლობლად. ვუპასუხე, სიამოვნებით წამოვალ, მაგრამ პაემანი მაქვს-მეთქი ჩემს მეგობარ ქალთან. რაიმონდმა მაშინვე მომაგება, ქალიც წამოიყვანეო და დაუმატა, მეგობრის ცოლს კიდევაც ესიამოვნება, რადგან მარტო არ იგრძნობს თავს მამაკაცთა წრეშიო. ჩემს უფროსს არ უყვარს, როცა ქალაქიდან გვირეკავენ და მაშინვე მინდოდა ყურმილი დამედო,



მაგრამ რაიმონდმა შემაჩერა და მითხრა: ეს მოპატიჟება საღამოსაც შემეძლო გადმომეცა, ახლა კი სხვა რამე მინდოდა მეთქვაო. მას მთელი დღე არაბთა ჯგუფი დასდევდა, მათ შორის იყო მისი ყოფილი საყარლის ძმა. - საღამოს ისინი ჩვენ სახლთან თუ შეამჩნიო, გამაფრთხილე. კარგი? ცოტა ხნის მერე უფროსმა გამომიძახა. მეგონა მეტყოდა, ცოტა ილაპარაკე და ბევრი იმუშავეო. არ მესიამოვნა, მაგარამ შევცდი: - ერთი ჩანაფიქრი მაქვს და თქვენი აზრი მინდა ვიცოდეო. უნდოდა პარიზში ბიურო გაეხსნა, რომელსაც უშუალოდ მსხვილ კომპანიებთან ექნებოდა კავშირი და საკითხებს ადგილზევე გადაწყვეტდა. ჩემგან კი იმის გაგება აინტერესებდა, წავიდოდი თუ არა სამუშაოდ. ეს საშუალობას მომცემდა პარიზში მეცხოვრა და მთელი წელი მემოგზაურა. ახალგაზრდა ხართ და ვფიქრობ, ასეთი ცხოვრება უნდა მოგწონდეთო. დავეთანხმე, მაგრამ ისიც ვუთხარი, ჩემთის სულ ერთია-მეთქი. მკითხა, მსურდა თუ არა ცხოვრების შეცვლა. ვუპასუხე, რომ ცხოვრების შეცვლა შეუძლებელია, ყველაფერს ერთი ფასი აქვს და ჩემი აქაური ყოფა ძალიანაც მომწონს-მეთქი. ასეთი პასუხი არ ესიამოვნა, მითხრა, რომ შეკითხვას გვერდს ვუხვევ, პატივმოტვარე არა ვარ და რომ ეს დამღუპველია საქმისათვის. ისევ სამუშაოს დავუბრუნდი. უფროსის წყენინება არ მინდოდა, არც იმის მიზეზი მქონდა, რომ ცხოვრება გამომეცვალა. ჩემს ცხოვრებას რომ ჩავუფიქრდი, თავი უბედური სულაც არ მეჩვენა. სტუდენტობისას რაღაც რწმენა მქონდა, როცა სწავლა მივატოვე, ძალიან ჩქარა მივხვდი, რომ ყოველივე ამას არავითარი რეალური მნიშვნელობა არ აქვს. საღამოს მარი მოვიდა და მკითხა, მინდოდა თუ არა მისი ცოლად შერთვა. უ ც ხ ოთუ შენ გინდა, შეგირთავ, ისე კი, ჩემთვის სულ ერთია-მეთქი. მერე ეს მკითხა, გიყვარვარ თუ არაო. ადრე ნათქვამი მქონდა, რომ ნამდვილად არ მიყვარდა, ახლაც ასე ვუპასუხე და დავძინე, ეს არაფერს ნიშნავს-მეთქი. - მაშინ არ უნდა შემირთო, - თქვა მარიმ. ავუხსენი, რომ სიყვარულს არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, და თუ ძალიან უნდა ჩემი ცოლობა შეგვიძლია ხელი მოვაწეროთ. მეტი რა უნდა მეთქვა, მარი მთხოვდა - მე კი ვეთანხმებოდი. მაშინ თქვა, რომ ცოლქმრობა სერიოზული რამ არის. - არა, - ვუპასუხე მე. ჩუმად შემომხედა. მერე ალაპარაკდა: აინტერესებდა, სხვა ქალთან რომ ასეთივე ურთიერთობა მქონოდა და ხელის მოწერა შემოეთავაზებინა, რას ვიზამდი. ვუპასუხე: - რა თქმა უნდა, მასაც დავეთანხმებოდი. ახლა მარიმ თავის თავს ჰკითხა, ვუყვარდი თუ არა, შეუძლებელი იყო ამის შესახებ რამე მცოდნოდა. ცოტა ხნის სიჩუმის შემდეგ წაიბუტბუტა, საძაგელი ადამიანი ხარ და სწორედ ამიტომ მიყვარხარო. მერე დასძინა, ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება სწორედ ამის გამო შემძულდეო. სათქმელი არაფერი მქონდა და ვდუმდი. მან ღიმილით მკლავზე ხელი წამავლო და გამომიცხადა, ცოლად მინდა გამოგყვეო. ვუპასუხე, რომ როგორც კი მოისურვებდა, ხელს მოვაწერდით. მარის მოვუყევი უფროსთან საუბრის შესახებ. მან თქვა, სიამოვნებით ვნახავდი პარიზსო. ვუთხარი, ერთ დროს პარიზში ვცხოვრობდი-მეთქი. აინტერესებდა, როგორი ქალაქი იყო. - ჭუჭყიანი, ბევრი მტრედებია და ჩაბნელებული ეზოები. ხალხს თეთრი კანი აქვს. მერე სახლიდან გავედით და ქალაქის მთავარ ქუჩებში ვიხეტიალეთ. ბევრი ლამაზი ქალი შეგვხვდა. მაინტერესებდა, მარიც ამჩნევდა თუ არა. მიხვდა, რასაც ვეკითხებოდი და დამეთანხმა. ცოტა ხანს ჩუმად მივდიოდით. მინდოდა, ერთად ვყოფილიყავით და შევთავაზე სელესტთან გვესადილა. მასაც სურდა, მაგრამ საქმე ჰქონდა. ჩემს სახლთან ვიყავით და დავემშვიდობე. შემომხედა: - არ გაინტერესებს, რა საქმე მაქვს? ძალიანაც მაინტერესებდა, მაგრამ არ მიფიქრია, მეკითხა. შევატყვე, თითქოს, მადანაშაულებდა. ჩემი დაბნეულობა რომ შეამჩნია, გაიცინა, მთელი სხეულით შემოტრიალდა და ტუჩები საკოცნელად გამომიშვირა.



 სელესტთან ვისადილე. ის იყო ჭამა დავიწყე, რომ პატარა, საზარელი გარეგნობის ქალი შემოვიდა და მკითხა, შეიძლებოდა თუ არა ჩემს მაგიდასთან დამჯდარიყო. რა თქმა უნდა, შეიძლებოდა. ქალს ტლანქი მიხვრა-მოხვრა გაიხადა, დაჯდა და გამალებით დაიწყო მენიუს თვალიერება. სელესტს დაუძახა და შემოსვლისთანავე სხაპასხუპით შეუკვეთა საუზმე. სანამ მოუტანდნენ, ჩანთა გახსნა, ფანქარი და პატარა ოთხკუთხა ქაღალდი ამოიღო, წინასწარ გამოთვალა სადილის საფასური და ზედმეტი, რაც უნდა ეჩუქებინა. მერე ფული უბიდან ამოიღო და წინ დაიდო. ამასობაში საუზმეც მოუტანეს, რომელიც არაჩვეულებრივი სისწრაფით გადასანსლა. შემდეგი კერძის მოლოდინში ჩანთიდან ცისფერი ფანქარი და ილუსტრირებული ჟურნალი ამოიღო, რომელშიც ამ კვირის რადიოგადაცემათა პროგრამა ეწერა. თითქმის სათითაოდ აღნიშნა ყველა გადაცემა. ვინაიდან ჟურნალი თორმეტგვერდიანი იყო, მთელი საუზმე მოანდომა ამ სამუშაოს მუყაითად შესრულებას. მე უკვე ვისადილე, იგი კი იმავე გულმოდგინებით ინიშნავდა. შემდეგ წამოდგა, ჟაკეტი ანგარიშმიუცემლად ჩაიცვა და წავიდა. საქმე არ მქონდა, გამოვედი და უკან მივყევი. ჩქარა და უშიშრად მიდიოდა ტროტუარის ნაპირზე. გზას პირდაპირ მიჰყვებოდა, არსაით გადაუხვევია და არც უკან შემობრუნებულა. ბოლოს, თვალიდან დავკარგე და უკან დავბრუნდი. საზარელი ქალი იყო, მაგრამ მალე დამავიწყდა. ჩემი კარის ზღურბლთან მოხუცი სალამანო დამხვდა; შევიპატიჟე. მითხრა, რომ ძაღლი ნამდვილად დაიკარგა, რადგან უპატრონო ძაღლების პუნქტში ვერ ენახა. თანამშრომლებს ეთქვათ, შეიძლება ძაღლი მანქანამ გაიტანაო. მერე უკითხავს, იქნებ პოლიციის უბანში სცოდნოდათ რამე ამის შესახებ. იქ ეთქვათ, ასეთი ამბავი ყოველდღე ხდება, და ყურადღებას არ ვაქცევთო. ვურჩიე სხვა ძაღლი ეშოვა. არაო, თქვა, ძალიან ვიყავი მიჩვეული ამ ძაღლსო. მერეღა ვინანე. მე ლოგინზე ვიყავი მოკალათებული. სალამანო კი ჩემს წინ, სკამზე იჯდა და ხელები მუხლებზე დაეწყო. თექის ქუდი ეხურა. ლაპარაკის დროს სიტყვებს ყლაპავდა და ჩაყვითლებულ ულვაშებში დუდღუნებდა. ცოტა მომაბეზრა თავი, მაგრამ საქმე არ მქონდა და არც მეძინებოდა. რამე რომ მეთქვა ისევ ძაღლზე ავლაპარაკლდი. მითხრა, ძაღლი ცოლის სიკვდილის შემდეგ შევიძინეო. გვიან დაოჯახდა. ახალხგაზრდობაში მსახიობობა უნდოდა: როცა ჯარში იყო, სამხედრო ვოდევილებში თამაშობდა. მერე რკინიგზაში დაიწყო მუშაობა და, რადგან პატარა პენსია დაუნიშნეს, არც უნანია. ცოლთან ბედნიერი არ ყოფილა, მაგრამ ბოლოს მიეჩვია. მისი სიკვდილის შემდეგ მარტოდ იგრძნო თავი. სახელოსნოში ერთ ამხანაგს ძაღლი სთხოვა და ლეკვი მოუყვანეს, ისეთი პატარა, რომ საწოვარათი აჭმევდა. ძაღლი ხომ უფრო ნაკლებს ცოცხლობს, ვიდრე ადამიანი, და ერთად დაბერდნენ. - ძალიან მძიმე ხასიათი ჰქონდა, - მითხრა სალამანომ, - ხანდახან ვკინკლაობდით, მაგრამ მაინც კარგი ძაღლი იყო. - მშვენიერი ჯიშისა იყო, - ვუთხარი მე და სალამანოს სახე კმაყოფილებით აევსო. - ავადმყოფობამდე უნდა გენახათ რა ლამაზი ბეწვი ჰქონდა. - იმის შემდეგ, რაც ძაღლს კანის ავადმყოფობა შეეყარა, სალამანო ყოველ დილა-საღამოს მალამოს უსვამდა. მოხუცის აზრით ძაღლის ავადმყოფობა სიბერე იყო და სიბერე განუკურნავია. ამ დროს დავამთქნარე და მოხუცმა წასვლა დააპირა. ვთხოვე დარჩენილიყო, თან დავძინე, ძალიან მაწუხებს თქვენი ძაღლის დაკარგვა-მეთქი. სალამანომ თანაგრძნობისთვის მადლობა გადამიხადა. მითხრა, რომ დედას ძალიან ყვარებია მისი ძაღლი. დედას ასე ახსენებდა: ,,საცოდავი დედათქვენი ”. მოხუცის აზრით, ძალიან უბედური უნდა ვყოფილიყავი დედაჩემის სიკვდილის შემდეგ. არაფერი ვუპასუხე. შემდეგ უხერხულად და აჩქარებით თქვა, აუგად გახსენებენ მთელს უბანში, რადგან დედა თავშესაფარში მიაბარეო, მაგრამ იგი მიცნობდა და იცოდა, როგორ მიყვარდა დედა.



 - არ ვიცოდი, თუ ასე ცუდად მიყურებდნენ უბანში დედის მოხუცთა თავშესაფარში მიბარების გამო, - არ ვიცი რატომ, ასე ვუპასუხე, - მაგრამ მე ეს ძალიან ჩვეულებრივად მიმაჩნია, რადგანაც არ მქონდა საკმაო ფული, რომ დედა შემენახა. - მერე დავძინე: თანაც დიდი ხანია საერთო აღარაფერი გვქონდა. სიმარტოვე კი ძალიან სწყინდებოდა-მეთქი. - დიახ, - მიპასუხა, - თავშესაფარში, ასე თუ ისე, ეყოლებოდა ამხანაგები. შემდეგ მოიბოდიშა. ეძინებოდა. მისი ცხოვრება ისე შეიცვალა, რომ არ იცოდა რა ექნა. უ ც ხ ოპირველად იმ ხნის განმავლობაში, რაც მას ვიცნობდი, გაუბედავად გამომიწოდა ხელი და ვიგრძენი მისი ქიცვიანი კანი. გაიღიმა და სანამ გავიდოდა, მითხრა: - იმედია, ამაღამ ძაღლები არ იყეფებენ, თორემ მეჩვენება, რომ ჩემი ძაღლი ყეფს. თავი მეექვსე კვირას ძლივს გამოვიღვიძე. მარი მეძახდა და მანჯღრევდა. არ გვიჭამია, რადგან ადრიანად გვინდოდა საბანაოდ წასვლა. სიცარიელეს ვგრძნობდი და ცოტა თავიც მტკიოდა. სიგარეტს მომწარო გემო ჰქონდა. მარი დამცინოდა კაბა ეცვა და თმები გაეშალა. მშვენიერი ხარ-მეთქი, ვუთხარი. სიამოვნებისაგან ჩაიცინა. ჩამოსვლისას, რაიმონდის კარებზე დავაკაკუნეთ. მოვდივარო, - გამოგვეხმაურა. იმის გამო, რომ დაღლილი ვიყავი და ოთახში დარაბები დახურული იყო, ქუჩაში გამოსვლისას გაჩახჩახებული დღე სახეში სილასავით მომხვდა. მარი სიხარულისაგან ხტოდა და იმეორებდა, რა მშვენიერი ამინდიაო. თავი უკეთ ვიგრძენი და მომშივდა. მარისაც ვუთხარი, მშია-მეთქი, მან კი მუშამბის ჩანთა მაჩვენა, რომელშიც ჩვენი საცურაო კოსტუმები და პირსახოცი ჩაეწყო. მზად ვიყავით და რაიმონდს ველოდებოდით. მერე გავიგონეთ, როგორ ხურავდა კარს. მას ცისფერი შარვალი და მოკლესახელოებიანი თეთრი ხალათი ეცვა, ჩალის ქუდი ეხურა და თეთრი, გაბანჯგვლული ხელები ჰქონდა. მარის სიცილი აუტყდა. მე შემეზიზღა. რაიმონდი სტვენით ჩამოდიოდა და სახეზე ძალიან კმაყოფილი გამომეტყველაბა ჰქონდა. მითხრა: - სალამი ძველო, - მარის კი ასე მიმართა: - მადმუაზელ. წინა დღით პოლიციის უბანში ვიყავით. მე დავუმოწმე რაიმონდს, რომ ქალი ,,ატყუებდა”. ამჯერად მხოლოდ გააფრთხილეს. ჩემი ჩვენება არ შეუმოწმებიათ. სანამ გამოვიდოდით, მე და რაიმონდმა ეს გავიხსენეთ და მერე ავტობუსით წასვლა გადავწყვიტეთ. პლიაჟი შორს არ იყო, მაგრამ ასე უფრო ჩქარა მივიდოდით. რაიმონდი ფიქრობდა, რომ მისი მეგობარი ჩვენი ადრე მისვლით კმაყოფილი დარჩებოდა. ის იყო, უნდა წავსულიყავით, რომ რაიმონდმა მანიშნა, წინ გაიხედეო. არაბთა ჯგუფი დავინახე. ისინი თამბაქოს კანტორის ვიტრინას მიყრდნობოდნენ. ჩუმად იდგნენ და ისე გვიმზერდნენ, თითქოს ქვები ან გამხმარი ხეები ვიყავით. რაიმონდმა მითხრა, რომ მარცხნიდან მეორე ,,ის ტიპი” იყო. შეფიქრიანებული სახე ჰქონდა, მაგრამ იხტიბარს მაინც არ იტეხდა და ამბობდა, ეს გათავებული საქმეაო. მარი გვეკითხებოდა, ვერ გაეგო რა ხდებოდა. ავუხსენი, არაბები არიან და რაიმონდს დასდევენ-მეთქი. მარიმ მაშინვე მოინდომა წასვლა. რაიმონდი ამაყად გაიჭიმა და სიცილით თქვა, სჯობს ავჩქარდეთო. გავემართეთ ავტობუსის გაჩერებისაკენ, რომელიც ცოტა მოშორებით იყო. რაიმონდმა მითხრა, რომ არაბები აღარ მოგვყვებოდნენ. მოვიხედე, ისინი ისევ იქ იდგნენ და იმავე გულცივობით მისჩერებოდნენ ადგილს, რომელიც ჩვენ დავტოვეთ. ავტობუსში ჩავსხედით. რაიმონდი თითქმის სრულიად დაწყნარდა და შეუჩერებლივ ოხუნჯობდა, რომ მარისთვის ესიამოვნებინა. მაგრამ მარი მას ყურადღებას არ აქცევდა, მხოლოდ დროდადრო შეხედავდა და გაიცინებდა. ალჟირის გარეუბანში ჩამოვედით. პლიაჟი ავტობუსის გაჩერებიდან შორს არ არის. პატარა ბორცვზე უნდა გადავსულიყავით, რომელიც ზღვას ესაზღვრებოდა და პლიაჟისკენ ეშვებოდა. ტყვიისფერი ცის ქვეშ ბორცვი მოყვითალო ქვებითა და თეთრი ასპოდელებით დაფარულიყო. მარი



 ერთობოდა: ბუჩქებს მუშამბის ჩანთას ურტყამდა და ყვავილის ფურცლებს ფანტავდა. ჩვენ პატარა აგარაკების გასწვრივ მივდიოდით, რომელთაც მწვანე და ყვითელი ღობე ერტყა. ზოგიერთების აივნები იალღუნის ტოტებში ჩაფლულიყო, ზოგიერთებისა კი გაშიშვლებულიყო. ბორცვიდან მოჩანდა უძრავი ზღვა, მოშორებით კი, გამჭვირვალე წყალში, მასიური და მთვლემარე კონცხი. გარშემო ისეთი სიმშვიდე იყო, რომ ძრავის ყრუ გუგუნმა ჩვენამდე მოაღწია. ძალიან შორს, პატარა თევზსაჭერი გემი დავინახეთ, იგი გასხივოსნებულ ზღვაზე შეუმნევლად მიიწევდა. მარიმ რამდენიმე კლდის ზამბახი მოწყვიტა. დაღმართი ზღვისკენ ეშვებოდა. მობანავენი უკვე გამოსულიყვნენ. რაიმონდის მეგობარი ხის პატარა ქოხში ცხოვრობდა, რომელიც პლიაჟის ბოლოს აეგოთ. სახლი კლდეზე იყო მიდგმული და წინა ბოძებით წყალში, იდგა. რაიმონდმა ერთმანეთი გაგვაცნო. მის მეგობარს მასონი ერქვა; იგი კარგად მოსული, მხარბეჭიანი კაცი იყო. ცოლი კი ჩამრგვალებული და სასიამოვნო ქალი გახლდათ. სიტყვებს პარიზული აქცენტით გამოთქვამდა. ქალბატონმა მასონმა მაშინვე გვითხრა, თავისუფლად იყავითო და თან ამ დილით დაჭერილი შემწვარი თევზი შემოგვთავაზა. რა მშვენიერი სახლი გქონიათ-მეთქი, ვუთხარი. მასონმა მომიგო - შვებულების დღეებს, შაბათს და კვირას აგარაკზე ვატარებთო. ,,ჩემს ცოლს ადვილად ეთვისებიან”, - დაუმატა მან. მართლაც, მისი მეუღლე და მარი ერთად იცინოდნენ. პირველად ჩემს სიცოცხლეში გავიფიქრე, ნამდვილად შემერთო ცოლი. მასონს ბანაობა უნდოდა, რაიმონდსა და ქალბატონ მასონს კი არა. ჩვენ სამნი წავედით. მარი მაშინვე წყალში გადაეშვა. მე დ მასონმა ცოტა შევიცადეთ. იგი ნელა ლაპარაკობდა და შევამჩნიე, რომ ჩვეულებად ჰქონდა დაემატებინა: ,,და მე მეტსაც ვიტყოდი”, მაშინაც კი, როდესაც ეს დამატება წინადადებას აზრს სულაც არ უცვლიდა. მარის შესახებ მითხრა: - შესანიშნავი ქალია, და, მეტსაც ვიტყოდი, მომხიბვლელი. შემდეგ ყურადღებას აღარ ვაქცევდი მის ამგვარ ჩვეულებას. მზეს ვეფიცხებოდი და ეს მსიამოვნებდა. ქვიშა თანდათან თბებოდა. წყალი მიზიდავდა, მაგრამ ჩემდა უნებურად ადგილზე ვრჩებოდი. ბოლოს, მაინც ვუთხარი მასონს: - გავცუროთ. მე ჩავყვინთე. ის კი წყნარად შევიდა წყალში და მაშინ გადახტა, როცა ფეხქვეშ მიწა გამოეცალა. მასონი მხარულით ცურავდა და ისე ცუდად, რომ მივატოვე და მარისკენ წავედი. წყალი ცივი იყო და ცურვა მსიამოვნებდა. მე და მარი შორს გავედით. ერთი სტილით მივცურავდით და ერთნაირად განვიცდიდით სიამოვნებას. წყალში ღრმად შევცურეთ და ზურგზე დავწექით, პირით მზისაკენ. დაცვარულ სახეს მზე მიშრობდა, დარჩენილი წვეთები კი პირში მიჰორდებოდა. მოგვიანებით მასონი დავინახეთ, წყლიდან ამოდიოდა, რომ მზე მიფიცხებოდა. შორიდან იგი უზარმაზარი ჩანდა. მარის უნდოდა ერთად გვეცურავა. მე უკან დავიწიე, წელზე მოვხვიე ხელები. მარი მხარულით მიცურავდა, მე კი ფეხებით ვეხმარებოდი. ბევრი ვიცურეთ, წყლის დგაფუნმა დაგვღალა. მარი მივატოვე და აუჩქარებლად გამოვცურე ნაპირისკენ. ღრმად ვსუნთქავდი. პლიაჟზე, მასონის გვერდით პირქვე დავწექი და სახე ქვიშაში ჩავრგე.- კარგი იყო, - ვუთხარი მასონს, ისიც დამეთანხმა. ცოტა ხნის შემდეგ მარიც გამოვიდა. უ ც ხ ომოვტრიალდი, რომ დამენახა როგორ მოდიოდა. მარილიანი წყლისაგან მთლად გალიპულიყო, თმები უკან ჰქონდა გადაწეული. ჩემს გვერდით გაწვა, მისი სხეულისა და მზის სითბომ გამაბრუა. მარიმ შემანჯღრია და მითხრა, მასონი უკვე სახლში ავიდაო. საუზმის დრო მოსულიყო. ძალიან მშიოდა და მაშინვე წამოვდექი, მაგრამ მარიმ მისაყვედურა: დილიდან ერთხელაც არ მეკოცნა მისთვის. მართალი იყო, ეს სურვილი დილიდანვე მაწუხებდა.



 - წამო, წყალში, - მითხრა მან. გავიქეცით, რომ პირველ შემხვედრ ტალღებში ჩავწოლილიყავით. ცოტა გავცურეთ და მომეკრა. ვიგრძენი, როგორ შემომეხვია ფეხებით და ვნება წამეკიდა. როცა გამოვდიოდით, მასონი გვეძახდა. ძალიან მშია-მეთქი, მივაძახე. მერსო ძალიან მომწონსო, ასე მოახსენა მასონმა ცოლს. პური გემრიელი იყო. ჩემი ულუფა თევზი გადავსანსლე. შემდეგ ხორცი და ზეთში შემწვარი კარტოფილი მოიტანეს. ყველაფერი ისე შევჭამეთ, ხმა არ ამოგვიღია. მასონი სულ ღვინოს სვამს და მეც მისხამდა. ყავის სმისას თავი დამიმძიმდა, ბევრს ვეწეოდი. მე, მასონმა და რაიმონდმა გადავწყვიტეთ, აგვისტო საერთო ხარჯებით აქ გაგვეტარებინა. უცებ მარიმ იკითხა: - იცით, რომელი საათია? თორმეტის ნახევარი. - ყველას გაგვიკვირდა, რომ ასე ადრე ვისაუზმეთ. - საუზმის დრო სწორედ მაშინაა, როცა ადამიანს შია, - თქვა მასონმა. არ ვიცი რატომ, ამაზე მარის გაეცინა. მე მგონი ზედმეტი დალია. მე მგონი ზედმეტი დალია. მასონმა მკითხა, პლიაჟზე ჩემთან ერთად ხომ არ გამოისეირნებთო. მერე ამიხსნა: - ჩემი მეუღლე საუზმის შემდეგ ყოველთცის ისვენებს. მე კი არ შემიძლია, ამ დროს სიარული მიყვარს. ჩემს ცოლს სულ იმას ვეუბნები, რომ ეს ცუდია ჯანმრთელობისათვის. ბოლოს და ბოლოს, რაც უნდა, ისა ჰქნას. მარი შინ რჩებოდა, ჭურჭლის რეცხვაში რომ დახმარებოდა ქალბატონ მასონს. პარიზელმა ქალბატონმა განაცხადა, კაცები გავრეკოთო. სამივენი ჩამოვედით. მზე ზენიტში ასულიყო. ქვიშა ვარვარებდა. მზის ელვარება აუტანელი ხდებოდა, კაციშვილი არ იყო პლიაჟზე. ქოხებიდან, რომლებიც ბორცვის გასწვრივ მწკრივად იდგნენ და ზღვას გადაჰყურებდნენ, ჭურჭლისა დანა-ჩანგლის ხმაური ისმოდა. გახურებულ ქვებს ბუღი ასდიოდა და სულს გვიხეთქავდა. რაიმონდმა და მასონმა ისეთ ხალხზე დაიწყეს ლაპარაკი, რომელთაც მე არ ვიცნობდი. მივხვდი, რომ უკვე დიდი ხანია, რაც ერთმანეთს იცნობდნენ და მგონი ერთადაც ეცხოვრათ. ზღვისკენ გავემართეთ და ნაპირს გავყევით. ხანდახან დიდი ტალღა ტილოს ფეხსაცმელებს გვისველებდა. მე აღარაფერზე ვფიქრობდი, რადგანაც მზე ისე მაცხუნებდა შიშველ თავზე, რომ ძილი მომერია. ამ დროს, რაიმონდმა მასონს რაღაც უთხრა. მე ვერ გავარჩიე. ჩვენგან შორს, პლიაჟის ბოლოს, ლურჯ ტანსაცმელში გამოწყობილი ორი არაბი შევნიშნე. ისინი ჩვენკენ მოდიოდნენ. რაიმონდს შევხედე. - ის არის, - მითხრა მან. ჩვენ გზა გავაგრძელეთ. მასონს გაუკვირდა, აქამდე როგორ მოგვყვნენო. როცა ავტობუსში ვჯდებოდით, მაშინ თუ შეგვნიშნეს-მეთქი, გავიფიქრე მაგრამ არაფერი მითქვამს. არაბები ნელ-ნელა მოიწევდნენ და კარგა მოგვიახლოვდნენ. ფეხი არ აგვიჩქარებია. რაიმონდმა გაგვაფრთხილა: - თუ ჩხუბი იქნება, მასონ, შენ მეორეს მოუვლი. ჩემს ტიპს ჩემს თავზე ვიღებ. თუ კიდევ ვინმე გამოჩნდება, იმას შენ გაუსწორდები, მერსო. - კარგი, - ვუთხარი მე. მასონმა ხელები ჯიბეებში ჩაიწყო. გადახურებული სილა ახლა წითლად მეჩვენებოდა. ზომიერი ნაბიჯით მივიწევდით არაბებისკენ. მანძილი ჩვენს შორის თანდათან მცირდებოდა. როცა ერთმანეთისგან უკვე რამდენიმე ნაბიჯით ვიყავით დაშორებულნი, არაბები შეჩერდნენ. მე და მასონმა ფეხი შევანელეთ. რაიმონდი თავის ,,ტიპისკენ” მიიწევდა. რა უთხრა რაიმონდმა არაბს, ვერ გავიგე. მან თითქოს თავი დაუკრა. პირველად რაიმონდმა უთაქა და მასონს დაუძახა. მასონი იმ არაბისკენ გაემართა, რომელიც მისთვის იყო განკუთვნილი და, რაც ძალი და ღონე ჰქონდა, ორჯერ სთხლიშა. არაბი პირქვე ჩაემხო წყალში. მისი თავის გარშემო წყალში ბუშტები ამოდიოდნენ და ქრებოდნენ. ამასობაში რაიმონდმაც სცემა თავის მოწინააღმდეგეს და სახე დაუსისხლიანა. შემდეგ ჩემკენ მოტრიალდა და მითხრა:



 - ნახავ, რაც მოუვა. მე დავუყვირე: - ფრთხილად, დანა აქვს! - მაგრამ რაიმონდი უკვე მკლავში იყო დაჭრილი, სახეც დასერილი ჰქონდა. მასონი წინ გადახტა. ამ დროს, მეორე არაბი წყლიდან წამოდგა და, რომელსაც დანა ეჭირა, იმის ზურგს ამოეფარა. ადგილზე გავიყინეთ. არაბი დანას გვიღერებდა, თან უკან იხევდნენ ნელ-ნელა, ისე, რომ თვალი არ მოუშორებიათ ჩვენთვის. როცა დარწმუნდნენ, რომ ჩვენს შორის საკმაო მანძილი იყო. შეტრიალდნენ და რაც ძალი და ღონი ჰქონდათ მოუსვეს. მოლურსმნულებივით ვიდექით მზის ქვეშ. რაიმონდს დაჭრილი მკლავი სისხლისგან ეცლებოდა. მასონმა გვითხრა, ერთ ექიმს ვიცნობ, რომელიც კვირა დღეებს აგარაკზე ატარებსო. რაიმონდს უნდოდა მაშინვე წასულიყო. როგორც კი რამეს იტყოდა, ჭრილობიდან წამოსული სისხლით პირი ევსებოდა და ებერებოდა. მივეშველეთ და სასწრაფოდ დავბრუნდით ქოხში. როცა მივედით, რაიმონდმა თქვა, ჭრილობა უმნიშვნელოა და მე თვითონ წავალო ექიმთან. მასონი გაჰყვა, მე კი დავრჩი, ქალებისთვის რომ მეამბნა, რაც შეგვემთხვა. ქალბატონი მასონი ტიროდა, მარი კი ძალიან ფერმკრთალი იყო. დამეზარა ქალებისთვის ამეხსნა ეს ამბავი. ბოლოს გავჩუმდი, ვეწეოდი და ზღვას გავცქეროდი. ორის ნახევარზე რაიმონდი მასონთან ერთად დაბრუნდა. მას მკლავი ჰქონდა შეხვეული, ტუჩის კუთხეში პლასტირი ეკრა. ექიმს კი ეთქვა, საშიში არაფერიაო, მაგრამ რაიმონდი ვერ აალაპარაკეს. პლიაჟზე წავალო, თქვა ბოლოს. ვკითხე, სად მიდიოდა. მე და მასონმა გადავწყვიტეთ, თან გავყოლოდით. ის კი გაბრაზდა და შეგვაგინა. მასონმა განაცხადა, რომ სჯობდა არ გაგვეწია წინააღმდეგობა. მე მაინც გავყევი. პლიაჟზე დიდხანს ვიარეთ. მცხუნვარე მზემ მოგვთენთა. ის ნატეხებად იმსხვრეოდა და სილასა და ზღვას ეფინებოდა. მეგონა, რაიმონდმა იცოდა, სადაც მიდიოდა, მაგრამ შევცდი. როგორც იქნა, მივაკვლიეთ პატარა ნაკადულს, რომელიც პლიაჟის ბოლოში, კლდის უკან, ქვიშაში მოწანწკარებდა. აქ არაბებს წავაწყდით. ტანზე გაქონილი ცისფერი სამოსი ეცვათ; წამოწოლილიყვნენ. მათი გამომეტყველება მშვიდი და კმაყოფილი იყო. ჩვენმა მისვლამ არაფერი შეცვალა. არაბი, რომელმაც რაიმონდი დაჭრა, უსიტყვოდ შეჰყურებდა მას. მეორე სალამურს უკრავდა, ცერად გვიყურებდა და განუწყვეტლივ იმეორებდა სამ ბგერას, რომელსაც მისი ინსტრუმენტი გამოსცემდა. მხოლოდ მზე და სიჩუმე იყო. ნაკადულის ჩუმი ხმა და სამი ბგერა ისმოდა. უ ც ხ ორაიმონდმა იმ ჯიბისკენ წაიღო ხელი, სადაც რევოლვერი ედო. არაბი არ განძრეულა და ასე შეჰყურებდნენ ერთმანეთს. შევამჩნიე, რომ მეორე არაბს, რომელიც სალამურს უკრავდა, ფეხის თითები გაფარჩხული ჰქონდა. რაიმონდს თვალი არ მოუშორებია მოწინააღმდეგისათვის, ისე მკითხა: - ვესროლო? გავიფიქრე, უარი რომ ვუთხრა, გაშმაგდება და ესვრის-მეთქი. - ჯერ ხომ არ გამოუწვევიხარ, სისულელე იქნება ისე გასროლა, - ესღა ვუთხარი. ამ სიჩუმესა და სიცხეში სალამური კვლავ უკრავდა, კვლავ ისმოდა წყლის ჩუმი ხმაური. რამიმონდმა თქვა: - გამოვიწვევ და როცა მიპასუხებს ვესვრი. - მართალი ხარ, მაგრამ სანამ დანას არ დააძრობს, ვერ ესვრი. რაიმონდი უფრო და უფრო ფიცხდებოდა, მეორე არაბი განუწყვეტლივ უკრავდა და ორივენი თვალმოუშორებლივ უმზერდნენ რაიმონდს. - შენი რევოლვერი მომეცი მე ვესვრი. - ვუთხარი ბოლოს. რაიმონდმა რევოლვერი გადმომცა. იარაღმა მზეზე იელვა. გაუნძრევლად ვიდექით, თითქოს ირგვლივ ყველაფერი დაიხშო. თვალს არ ვაშორებდით ერთმანეთს. თითქოს ყველაფერი გაიყინა: ზღვა, სილა და მზეც. სალამური დუმდა. წყლის ხმაურიც აღარ ისმოდა. ამ დროს გავიფიქრე, მესროლა. არაბებმა უკან დაიწიეს და კლდეებში უცბათ გაუჩინარდნენ. ჩვენ გამოვბრუნდით.



 რაიმონდი თავს უკეთ გრძნობდა და ავტობუსით შინ წასვლა დააპირა. ქოხამდე მივყევი. სანამ ხის კიბეზე ადიოდა, პირველ საფეხურზე შევჩერდი; მზისგან თავი მიხურდა. ის აზრი, რომ თავისთვის ძალა უნდა დამემატებინა კიბეზე ასასვლელად და ქალებთან სასაუბროდ, მაწუხებდა. მზის დამაბრმავებელ ღვარქაფში და ამ აუტანელ ხვატში გაჩერებაც მიჭირდა. წასვლაც და დარჩენაც ერთი და იგივე იყო. მერე პლიაჟისკენ შევტრიალდი და წავედი. ისევ ის წითელი ელვარება დამხვდა. ზღვა აჩქარებით სუნთქავდა და პატარა ტალღებს მოაგროვებდა. ნელა მივდიოდი კლდეებისკენ და ვგრძნობდი, მზისგან როგორ მებერებოდა საფეთქლები. მთელი ამ ხვატის სიმძიმე ზურგით მიმქონდა და სვლას მიძნელებდა. როცა მზის ცხელი სუნთქვა სახეში მხვდებოდა, კბილებს ერთმანეთს ვაჭერდი, შარვლის ჯიბეებში მუშტებს ვკუმშავდი და თავს ძალას ვატანდი, რომ გამემარჯვნა მზეზე და ამ გამაბრუებელ სიმთვრალეზე, არაქათს რომ მაცლიდა. ქვიშიდან, გადათეთრებული ნიჟარებიდან და მინის ნამსხვრევებიდან არეკლილი მზის სხივები ისარივით მესობოდა. კბილები მიღრჭიალებდა. დიდხანს ვიარე. შორიდან ლაქასავით მოჩანდა კლდე, რომელსაც ზღვისა და მზის დამაბრმავებელი ნათელი რკალად შემორტყმოდა. კლდის უკან მოჩუხჩუხე გრილი ნაკადული გამახსენდა. მინდოდა მისი ჩურჩული მეპოვნა, მეპოვნა ჩრდილი და მოსვენება; მზეს გავურბოდი, დაძაბულობას და ქალების ტირილს. როცა ახლოს მივედი, რაიმონდის ,,ტიპი” დავინახე. მარტო იყო. ზურგზე იწვა, ხელები თავქვეშ ამოედო, შუბლი კლდის ჩრდილში შეეფარებინა, ტანით კი მზეს ეფიცხებოდა. მის ცისფერ სამოსს ალმური ასდიოდა. შევცბი. ჩემთვის ეს გათავებული საქმე იყო და აქ ისე მოვდიოდი, რომ არაბებზე არ მიფიქრია. როგორც კი დამინახა, წამოიწია და ხელი ჯიბეში ჩაიყო. რაიმონდის რევოლვერს, პიჯაკის ჯიბეში რომ მედო, რა თქმა უნდა, ხელი მოვუჭირე. არაბმა უკან დაიხია, ისე, რომ ჯიბიდან ხელი არ ამოუღია. მისგან ასე, ათიოდე მეტრის მოშორებით ვიდექი. ნახევრად დახურული ქუთუთოებიდან მიმზერდა. გავარვარებულ ჰაერში მისი სახე თვალწინ მითამაშებდა. შუადღის მერე ზღვა თითქოს ჩაჩუმდა, ტალღების ხმაურიც შეწყდა. არაფერი შეცვლილა. იგივე მზე და იგივე სინათლე ქვიშაზე გართხმულიყო. თითქოს დღე ორი საათით შეჩერდა, დღე რომელმაც ღუზა ჩაუშვა მდუღარე ლითონის ოკეანეში. ჰორიზონტზე თბომავალმა ჩაიარა. რადგან არაბისთვის თვალი არ მომიწყვეტია, გემი პატარა შავ ლაქასავით მომხვდა თვალის კუთხეში. მეგონა, ნახევრად რომ შევტრიალებულიყავი, ყველაფერი დამთავრდებოდა. ალმურმოდებული სივრცე ზურგში მაწვებოდა. წყაროსკენ რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი. არაბი ადგილიდან არ დაძრულა, საკმაოდ შორს იდგა. ალბათ იმიტომ, რომ ჩრდილი ეცემოდა სახეზე, მომეჩვენა, თითქოს იცინოდა. მე დაველოდე. მზემ ლოყები ამიწვა და წარბებში ოფლმა დამასხა. როცა დედაჩემს ვასაფლავედი, მაშინაც ასეთი მზე იყო. მაშინაც განსაკუთრებით მტკიოდა შუბლი, ვენები კანის ქვეშ ერთდროულად მიცემდა. აუტანელმა სიცხემ ერთი ნაბიჯი წინ გადამადგმევინა. სისულელე იყო, ერთი ნაბიჯი მზისგან ვერ გამანთავისუფლებდა. ერთი ნაბიჯი, მხოლოდ ერთი ნაბიჯი გადავდგი. ამ დროს არაბმა დანა დააძრო და მზეზე ააელვარა. ფოლადის დანის ანარეკლი შუბლში ისარივით მომხვდა. წარბებში დაგროვებული ოფლის წვეთები ქუთუთოებზე ჩომომიგორდა და ზედ გადამეფარა, როგორც თბილი და სქელი პირამდე. მზემ და თბილმა ოფლმა თვალები დამიბრმავა. ჩემს შუბლზე მზე ფეთქავდა და თვალწინ დანის ელვარება განუწყვეტლივ იფრქვეოდა. ეს ელვარება წარბებს მიღრღნიდა და მტკივან თვალებს მიჩიჩქნიდა. სწორედ მაშინ ამერია ყველაფერი. ზღვამ წაიღო მწვავე და სქელი სუნთქვა. თითქოს ცა გადიხსნა, რომ ცეცხლის ღვართქაფი წამოსულიყო. დავიძაბე და ხელი რევოლვერს მოვუჭირე. სასხლეტი დამნებდა. კონდახის პრიალა მუცელს შევეხე და სწორედ ამ დროს მშრალსა და გამაყრუებელ ხმაურში დაიწყო ყველაფერი. ოფლი შემიშრა. მზე შეტორტმანდა. მივხვდი, რომ დღის სიმშვიდე დავამსხვრიე. პლიაჟის ის არაჩვეულებრივი მყუდროება, სადაც ცოტა ხნის წინათ ბედნიერი ვიყავი. კიდევ ოთხჯერ ვესროლე. მის უსიცოცხლო



 სხეულში ტყვიები იკარგებოდა. ეს ის ოთხი მოკლე გასროლა იყო, რომლითაც მე უბედურების კარზე ვაკაკუნებდი. ნაწილი მეორე თავი პირველი დაპატიმრების შემდეგ მრავალჯერ დამკითხეს. უმთავრესად ჩემს ვინაობას იკვლევდნენ და დაკითხვა დიდხანს არ გრძელდებოდა. პირველად კომისარიატში ჩემი საქმე თითქოს არავის აინტერესებდა. ერთი კვირის შემდეგ, პირიქით, გამომძიებელმა ცნობისმოყვარეობა გამოამჟღავნა. ჯერ გვარი და მისამართი მკითხა, მერე პროფესია, დაბადების წელი და ადგილი. შემდეგ დაინტერესდა, დამცველი თუ აიყვანეთო. - არა, - ვუპასუხე და ვკითხე, - განა ეს აუცილებელია? ჩემი საქმე უბრალო მგონია. - ვითომ? - ღმილით მითხრა, - ეს თქვენი აზრია. კანონს კი გვერდს ვერ ავუხვევთ. თუ თვითონ არ აიყვანთ, მაშინ ჩვენ დაგინიშნავთ დამცველს. გავიფიქრე, ძალიან ხელსაყრელია, რომ მართლმსაჯულებამ თავის თავზე აიღო ეს უმნიშვნელო საქმე და ვუთხარი კიდეც. მან კვერი დამიკრა და დასძინა, კანონი კარგად არისო დაწერილი. თავდაპირველად სერიოზულად არც კი მიმიღია ეს კაცი. უ ც ხ ოგამომძიებელმა ფარდებიან ოთახში შემიყვანა. სავარძელში ჩამსვა. საწერ მაგიდაზე მხოლოდ ერთი ნათურა იდგა და მანათებდა. თვითონ გამომძიებელი სიბნელეში იჯდა. ამგვარი რამ წიგნებში მქონდა წაკითხული და ყოველივე ეს თამაშობად მეჩვენა. საუბრის შემდეგ კი, როცა მას შევხედე, ეს შთაბეჭდილება გამიქრა. გამომძიებელს თხელი ნაკვთები, ღრმა, დიდი ცისფერი თვალები, გრძელი ჭაღარა ულვაში და ხშირი, თითქმის თეთრი თმა ჰქონდა. ძალიან ჭკვიანი მომეჩვენა, ბოლოს, სიმპათიურიც, მიუხედავად იმისა, რომ დროდადრო ნერვიულად უთრთოდა ტუჩი. გამოსვლისას ხელის ჩამორთმევა მინდოდა, მაგრამ დროზე გამახსენდა, რომ კაცი მყავდა მოკლული. მეორე დღეს ჩემთან, საპატიმროში, დამცველი მოვიდა. საკმაოდ ახალგაზრდა იყო, პატარა და ჩამრგვალებული, თმები ზედმიწევნით ჰქონდა გადაგლესილი. მიუხედავად სიცხისა (მე პერანგის ამარა ვიყავი), მას მუქი კოსტუმი ეცვა, დაჭმუჭნულ საყელოზე უშნო, თეთრზოლიანი შავი ჰალსტუხი ეკეთა. პორტფელი, რომელიც იღლიაში ჰქონდა ამოჩრილი, ჩემს საწოლზე დადო. თავი გამაცნო და მითხრა: - თქვენი საქმე უკვე გადავათვალიერე. ჩემი აზრით, საქმე საჩოთიროა, მაგრამ თუ ჩემი რწმენა გექნებათ, ეჭვი არ მეპარება წარმატებაში. - მადლობა გადავუხადე. მან განაგრძო: - ახლა პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ. ლოგინზე ჩამოჯდა და თქვა, რომ ჩემს პირად ცხოვრებაზე ცნობები უკვე შეეგროვებინათ. შეეტყოთ, რომ დიდი ხანი არაა, რაც დედა თავშესაფარში გარდამეცვალა. მარენგოში თუ გაიკითხე ამის შესახებ. გამომძიებლებს გაეგოთ, რომ ,,გულცივობა გამოვიჩინე” დედაჩემის დასაფლავების დღეს. - იცით, - მითხრა დამცველმა, - ცოტა მეუხერხულება ამაზე ლაპარაკი, მაგრამ ეს მნიშვნელოვანი საკითხია. თუ ამის გასამართლებელი საბუთი ვერ ვპოვე, ეს შეიძლება ბრალდების მნიშვნელოვანი მიზეზიც გახდეს. ჩემი დახმარება სჭირდებოდა. მკითხა, როგორ განვიცადე ეს დღე. ამ კითხვამ ძალიან გამაოცა და გავიფიქრე, რომ მე ვერავის დავუსვამდი ასეთ შეკითხვას, ჩემთვის ეს უხერხული იქნებოდა. ვუპასუხე, შეკითხვებს გადავეჩვიე და პასუხის გაცემა მეძნელება-მეთქი. რა თქმა უნდა, დედა ძალიან მიყვარდა, მაგრამ ეს არაფერს არ ნიშნავდა. ყველა საღ ადამიანს, ასე თუ ისე თავის მახლობელთა სიკვდილი უნატრია. ამ დროს დამცველმა შემაწყვეტინა, აღელდა და პირობა



 დამადებინა, რომ ამას არ ვიტყოდი არც სასამართლოზე, არც მსაჯულებთან. ავუხსენი, ისეთი ბუნება მაქვს, რომ ფიზიკური შეჭირვება გრძნობას მირევს და ხშირად აზროვნებაში ხელს მიშლის-მეთქი. იმ დღეს, როდესაც დედა დავასაფლავე, ძალიან დავიღალე და მეძინებოდა. იმდენად დავიღალე, რომ ანგარიშს ვერ ვუწევდი რაც ხდებოდა ირგვლივ. ერთ რამეში კი ვიყავი დარწმუნებული: მეჩვენა, რომ დედა არ მომკვდარიყო. ჩემი დამცველი უკმაყოფილო დარჩა: ეს არ არისო საკმარისი. - არა, - მივუგე, - იმიტომ რომ ეს არ არის მართალი. უცნაურად შემომხედა, თითქოს შევეზიზღე და მითხრა: - ყოველ შემთხვევაში, დირექტორი და თავშესაფრის პერსონალი სასამართლოზე მოწმედ წარსდგებიან და მათ შეუძლიათ საქმე გაგიფუჭონ. მე ყურადღება გავამახვილებინე იმაზე, რომ ამას არავითარი კავშირი არ ჰქონდა ჩემს საქმესთან, მან კი მიპასუხა, გეტყობათ, რომ მართლმსაჯულებასთან არასოდეს გქონიათ საქმეო. დამცველი უკმაყოფილო წავიდა. მსურდა შემეჩერებინა. მინდოდა, ჩემდამი სიმპათია ჰქონოდა, იმიტომ კი არა, რომ უკეთ დავეცავი, უბრალოდ, გულისხმიერად რომ მომპყრობოდა. ყოველთვის ცუდ გუნებაზე ვაყენებდი. ჩემი არ ესმოდა და ამიტომაც მიბრაზდებოდა. მსურდა გამეგებინებინა მისთვის, რომ მე სხვებისგან არაფრით განვსხვავდებოდი და ისეთი ვიყავი, როგორიც ყველა. ბოლოს და ბოლოს, ეს არცთუ ისე მნიშვნელოვანი იყო და ჩემი დაუდევრობის გამო ამის მტკიცებას თავი დავანებე. ცოტა ხნის შემდეგ გამომძიებლის წინ ხელახლა წარმადგინეს. დღის ორი საათი იყო. მზის სინათლე ფარდებში გაჭირვებით ატანდა. ძალიან ცხელოდა. ჩემს დამცველს, ,,რაღაც დაბრკოლების გამო” არ შეუძლია მოსვლა. ისიც მითხრა, რომ უფლება მქონდა არ მეპასუხნა მის კითხვებზე, სანამ ჩემი დამცველი არ მოვიდოდა, მაგრამ დავთანხმდი. ღილაკს თითი დააჭირა. ახალგაზრდა მდივანი შემოვიდა და ჩემს ზურგს უკან დაჯდა. ორივენი სავარძელში გამოვიჭიმეთ. დაკითხვა დაიწყო. ჩემზე ეთქვათ, გულჩათხრობილი და ჩუმიაო, და ჩემი აზრიც აინტერესებდა ამაზე. - საქმე ისაა, რომ ბევრი არაფერი მაქვს სათქმელი, ამიტომაც ვდუმვარ. მან ისევ გაიცინა. თქვა, ეს კარგი გასამართლებელი საბუთიაო და დასძინა: - თუმცა, ამას არა აქვს არსებითი მნიშვნელობა, - გაჩუმდა, შემომხედა, მოულოდნელად მხრებში გაიშალა და ჩქარა მითხრა: - ჩემთვის მთავარი თქვენა ხართ. - კარგად ვერ გავიგე, რისი თქმა უნდოდა და არაფერი ვუპასუხე. მან კი დასძინა: - ბევრი რამ თქვენს მოქმედებაში გაუგებარია ჩემთვის. იმედია, დამეხმარებით და გამარკვევთ. მივუგე, რომ ყველაფერი უბრალოდ მოხდა. დაწვრილებით ამაწერინა ის დღე, თავიდან მოვყევი ის, რაც უკვე ნაამბობი მქონდა: გავიხსენე რაიმონდი, პლიაჟი, ცურაობა, ჩხუბი, ისევ პლიაჟი, პატარა ნაკადული, მზე და ხუთი გასროლა. ყველა ფრაზაზე ამბობდა: ,,დიახ, დიახ”. როცა ცხედარი გავიხსენე, შემაწყვეტინა და კარგიო, მითხრა. მომბეზრდა ერთი და იგივე ამბის გამეორება. მომეჩვენა, რომ ჩემს სიცოცხლეში ამდენი არასოდეს მილაპარაკია. ცოტა ხანს დუმდა, შემდეგ წამოდგა, მითხრა, ძალიან მინდა დაგეხმაროთ, თქვენით დაინტერესებული ვარ და ღვთით რაიმეს მოგიხერხებთო. მანამ კი უნდოდა რამდენიმე შეკითხვა მოეცა ჩემთვის. უეცრად მკითხა, მიყვარდა თუ არა დედა, ვუთხარი: - დიახ, როგორც ყველას. მდივანი აქამდე შეუჩერებლივ ბეჭდავდა, ახლა კი ალბათ, შეეშალა, რადგან შეფერხდა და იძულებული იყო თავიდან დაეწყო. შემდეგ გამომძიებელმა ყოველგვარი ლოგიკის გარეშე



 მკითხა, ხუთჯერვე ზედიზედ ვისროლე თუ არა. ცოტა ხანს დავფიქრდი და ვუპასუხე, რომ ჯერ ერთხელ გავისროლე და რამდენიმე წამის შემდეგ - ოთხჯერ. - რატომ დააყოვნეთ პირველსა და მეორე გასროლას შორის? კიდევ ერთხელ წარმომიდგა გავარვარებული პლიაჟი და ესევ ვიგრძენი შუბლზე მზის სიმწვავე, მაგრამ ამჯერად არაფერი მიპასუხნია. მთელი ამ ხნის განმავლობაში გამომძიებელი ჩუმად მისმენდა, მერე თითქოს აღელდა. დაჯდა, თავი მოიქექა, ნიდაყვებით მაგიდას დაეყრდნო, ჩემკენ გადმოიხარა და რაღაც უცნაური გამომეტყველებით ჩამეკითხა: - რატომ, რატომ ესროლეთ მკვდარს? აქაც ვერ შევძელი პასუხის გაცემა. გამომძიებელმა თითებით შუბლი მოისრისა და ოდნავ ათრთოლებული ხმით გაიმეორა: - რატომ? უნდა მითხრათ, რატომ? მე კვლავ ვდუმდი. უეცრად წამოდგა და ფართო ნაბიჯებით კაბინეტის ბოლოსკენ გაემართა კარადის უჯრა გამოსწია და ვერცხლის ჯვარი ამოიღო. უ ც ხ ოჯვრის ქნევით ჩემკენ წამოვიდა და შეცვლილი, თითქმის მთრთოლვარე ხმით წამოიყვირა: - იცით, ეს რა არის? - დიახ, რა თქმა უნდა, - ვუპასუხე მე. აჩქარებით და გზნებით მითხრა, რომ ღმერთი სწამდა და დარწმუნებული იყო იმაში, რომ ქვეყნად არ არის დამნაშავე, რომელსაც ღმერთი არ აპატიებს. ოღონდ კაცმა უნდა მოინანიოს და მისი ბავშვივით სუფთა სული მზად იქნება ყველაფრის მისაღებად. გამომძიებელი მთელი სხეულით გადმოწვა მაგიდაზე. ჯვარს თითქმის ჩემს თავზე ათამაშებდა. სიმართლე რომ ვთქვა, მაინცდამაინც კარგად ვერ მივყევი მის მსჯელობას, ჯერ ერთი იმიტომ, რომ მცხელოდა, მეორეც ის, რომ მის კაბინეტში დიდი ბუზები დაფრინავდნენ და სახეზე მაჯდებოდნენ, და კიდევ იმიტომ, რომ ცოტა შემაშინა კიდეც. სასაცილო იყო ყველაფერი ეს. ბოლოს და ბოლოს, მე დამნაშავე ვიყავი. ეს კი განაგრძობდა. მე თითქმის მივუხვდი: მისი აზრით, ჩემს აღსარებაში ერთი ბუნდოვანი მხარე რჩებოდა: რატომ დავაყოვნე პირველსა და მეორე გასროლას შორის. დანარჩენი ყველაფერი ნათელი იყო. ამაში კი ვერა და ვერ გაერკვა. მინდოდა მეთქვა, რომ ეს უკანასკნელი საკითხი არცთუ ისე მნიშვნელოვანია. მაგრამ შემაწყვეტინა, მთელი ტანით წამოიმართა, უკანასკნელად მომიწოდა და მკითხა: მწამდა თუ არა ღმერთი. არა-მეთქი, მივუგე. აღშფოთებული ჩამოჯდა. - ეს შეუძლებელია, - წარმოთქვა მან, - ყველა ადამიანს სწამს ღმერთი, მათაც, ვინც ღმერთს ზურგი შეაქცია. - ასეთი იყო მისი რწმენა. უმისოდ მის ცხოვრებას აზრი აღარ ექნებოდა. - გინდა, რომ ჩემს ყოფნას აზრი არ ჰქონდეს? ეს ჩემი საქმე არ იყო და ასეც ვუთხარი. გამომძიებელმა ქრისტე მაგიდაზე გადმოატარა, თვალებთან მომიტანა და არაადამიანური ხმით იყვირა: - მე ქრისტიანი ვარ და აი, ამას ვთხოვ შეგინდოს ცოდვები. როგორ შეგიძლია არ გწამდეს ის, ვინც შენთვის ჯვარს ეცვა?! შევნიშნე, რომ შენობით მელაპარაკებოდა, თავი მომაბეზრა. სიცხე სულ უფრო და უფრო მატულობდა. ყოველთვის, როცა ლაპარაკით თავს მაბეზრებენ და ძლივს ვუსმენ, ისეთი გამომეტყველება მაქვს, თითქოს კვერს ვუკრავ. ჩემდა გასაკვირად, გამომძიებელი ზეიმობდა: - ხომ გწამს, ხომ მიენდობი უფალს? - ამბობდა იგი. მე, რა თქმა უნდა, ისევ უარი ვუთხარი. გამომძიებელი სავარძელში ჩაეშვა. ძალიან დაღლილი სახე ჰქონდა. სიჩუმე ჩამოვარდა. საბეჭდი მანქანა, რომელიც ჩვენს დიალოგს განუწყვეტლივ მიჰყვებოდა, უკანასკნელ ფრაზებს იწერდა. ბოლოს, გამომძიებელმა ოდნავ



 ნაღვლიანად და ყურადღებით შემომხედა. წაიჩურჩულა: - არასოდეს მინახავს ისეთი გაქვავებული სული, როგორიც თქვენ გაქვთ. დამნაშავეთ, რომელთაც ჩემს ხელში გაუვლიათ, ყოველთვის უტირიათ ამ მწუხარე გამოსახულების წინაშე.მინდოდა მეთქვა, რომ სწორედაც შვრებოდნენ, რადგანაც ისისნ მართლა დამნაშავენი იყვნენ, მაგრამ გამახსენდა, რომ არც მე ვყოფილვარ უდანაშაულო. ამ აზრს ვერ შევჩვეოდი. გამომძიებელი წამოდგა, ამით თითქოს მანიშნებდა, დაკითხვა დამთავრდაო. მერე კვლავ ისეთივე დაღლილი გამომეტყველებით მკითხა, თუ ვნანობდი ჩემს საქციელს. დავფიქრდი და ვუპასუხე. ჭეშმარიტი სინანულის მაგიერ, რაღაც უსიამოვნებას ვგრძნობ-მეთქი. მომეჩვენა, რომ ვერ გამიგო. ამ დღეს საქმე წინ არ წასულა. ამის შემდეგ გამომძიებელს ხშირად ვნახულობდი, ოღონდ ყოველთვის ჩემი დამცველი მახლდა. ამჯერად ნაამბობიდან ზოგიერთ ფაქტებს მაზუსტებინებდნენ, ხან კი გამომძიებელი ჩემს დამცველს ბრალდებებზე ეკამათებოდა. სიმართლე რომ ვთქვათ, ამ დროს მაინცდამაინც დიდ ყურადღებას არ მაქცევდნენ. ყოველ შემთხვევაში, დაკითხვის ტონი შეიცვალა. მეჩვენებოდა, რომ გამომძიებელი ჩემით აღარ იყო დაინტერესებული და რამდენადმე შეწყვიტა ჩემი საქმის ძიება. ღმერთი აღარ უხსენებია და აღარც მინახავს ისეთი აღგზნებული, როგორც პირველ დღეს. საქმე იქამდე მივიდა, რომ ჩვენი საუბარი გულითადი გახდა. კიდევ რამდენიმე შეკითხვა, მოკლე საუბარი დამცველთან და დაკითხვაც ამით მთავრდებოდა. ჩემი საქმე წინ იწევდა: ამას გამომძიებლის სახის გამომეტყველების მიხედვითაც ვგრძნობდი. როდესაც საუბარი ჩვეულებრივ ამბებს ეხებოდა, რამდენჯერმე მეც ჩავერიე. მაშინ თავისუფლად ამოვისუნთქავდი ხოლმე. ამ საათებში არავინ არ იყო ჩემდამი ბოროტად განწყობილი. ყველაფერი ისე ბუნებრივი იყო, კარგად ორგანიზებული, ზომიერად ნათამაშები, რომ მე უცნაური გრძნობა მიპყრობდა, თითქოსდა მეც მათი ,,ოჯახის წევრი ” ვიყავი. საკვირველია, ამ თერთმეტი თვის განმავლობაში, სანამ გამოძიება გრძელდებოდა, შემიძლია ვთქვა, რომ ყველაზე სასიხარულო ჩემთვის ის იშვიათი წამები იყო, როდესაც გამომძიებელი კარებამდე მიმაცილებდა, მხარზე ხელს დამარტყამდა და გულითადი ხმით მეტყოდა: ,,დღეისთვის კმარა, ბატონო ანტიქრისტე”. ამის მერე ჟანდარმებს გადამცემდნენ ხოლმე. თავი მეორე არის ბევრი რამ, რაზედაც არასოდეს მყვარებია ლაპარაკი. ციხეში მალე მივხვდი, რომ ჩემი ცხოვრების ამ პერიოდის გახსენებაც არ მეყვარებოდა. უფრო მოგვიანებით ამას უკვე აღარავითარ მნიშვნელობას არ ვაძლევდი. პირველ დღეებში თავი ციხეში არ მეგონა. გაურკვევლად ველოდებოდი რაღაც სიახლეს. ყველაფერი სწორედ მარის პირველი და ერთადერთი ვიზიტის შემდეგ დაიწყო. იმ დღეს მარი მწერდა, რომ ჩემი ნახვის უფლებას არ აძლევდნენ რადგან ჩემი ცოლი არ იყო. ამ დღიდან საკანი სახლი გახდა ჩემი და ჩემი ცხოვრებაც აქ მთავრდებოდა. დაპატიმრების დღეს იმ საკანში მომათავსეს, სადაც მრავალი პატიმარი იყო, უმრავლესობა - არაბები. ჩემს დანახვაზე გაეცინათ. შემდეგ მკითხეს, რა ჩაიდინეო. ვუთხარი, რომ არაბი მოვკალი. მათ ხმა არ ამოუღიათ. მალე მოსაღამოვდა. ამიხსნეს, როგორ უნდა მომეწყო საწოლი: მუთაქის გასაკეთებლად ლეიბის ბოლო დაახვიეო. მთელი ღამის განმავლობაში ბაღლინჯოები მაღოღდებოდნენ სახეზე. რამდენიმე დღეს შემდეგ ცალკე საკანში გადამიყვანეს, სადაც ფიცარზე ვიწექი. მქონდა ხის კასრი და რკინის ჯამი. ციხე ქალაქში ყველაზე მაღლა იდგა და პატარა ფანჯრიდან ზღვის დანახვა შემეძლო. სწორედ იმ დროს, როდესაც ცხაურზე ვიყავი ჩაბღაუჭებული და სახე შუქისკენ მქონდა მიშვერილი, ზედამხედველი შემოვიდა და მითხრა, შენს სანახავად მოვიდნენო. ვიფიქრე, ალბათ, მარი მოვიდა-მეთქი. მართლაც მარი იყო. მისაღებ ოთახში გასასვლელად გრძელი დერეფანი გავიარეთ, შემდეგ კიბე და ბოლოს, ისევ



 დერეფანი. დიდ დარბაზში შევედი; სინათლე ფართო ფანჯრიდან შემოდიოდა და ოთახი განათებული იყო. დარბაზს ორი რკინის ბადე სამ ნაწილად ჰყოფდა და მნახველებს პატიმრებისაგან რვა-ათი მეტრით აშორებდა. უ ც ხ ოჩემს პირდაპირ მარი შევნიშნე, მზემოკიდებული სახე ჰქონდა და ზოლებიანი კაბა ეცვა. ჩემთან ერთად ათამდე პატიმარი იქნებოდა, უმრავლესობა არაბები. მარი მავრებით იყო გარშემორტყმული. ორ მნახველს შორის იდგა: პატარა, ტუჩებმოკუმული, შავებში ჩაცმულ მოხუცსა და უზარმაზარ, თავშიშველ ქალს შორის. ქალი ხმამაღლა და ხელების ქნევით ლაპარაკობდა. იმის გამო, რომ ბადეები ერთიმეორისაგან შორს იყო, მნახველები და პატიმრები ძალიან ხმამაღლა ლაპარაკობდნენ. დარბაზის მაღალი და შიშველი კედლები ხმაურს უფრო აძლიერებდა, ციდან გადმოფრქვეული თვალისმმომჭრელი შუქი ფანჯრის მინებს ეცემოდა და დარბაზში ირეკლებოდა. ყოველივე ამან გამაბრუა. ჩემი საკანი უფრო ბნელი და უფრო მშვილი იყო. რამდენიმე წამი დამჭირდა, რომ შუქს შევჩვეოდი. ცოტა ხნის მერე შუქზე მკაფიოდ ვარჩევდი სახეებს. დერეფნის ბოლოში ზედამხედველი შევნიშნე, რომელიც ორ ბადეს შორის იდგა. არაბი პატიმრების უმრავლესობა და მათი ოჯახის წევრები ერთიმეორის პირისპირ ჩაცუცქულიყვნენ. ისინი არ ყვიროდნენ. მიუხედავად ალიაქოთისა, დაბალი ხმით ლაპარაკობდნენ და ახერხებდნენ გაეგებინებინათ ერთიმეორისათვის. არაბების დახშული ჩურჩული, რომელიც ქვემოდან მოისმოდა, გაბმულ ბანს აძლევდა მათი თავების ზემოთ გამართულ საუბარს. ყოველივე ეს მაშინ შევნიშნე, როცა მარისკენ მივიწევდი. მარი ბადეს მიჰკვროდა და მთელი ძალით მიღიმოდა. ძალიან ლამაზი მომეჩვენა, მაგრამ ამის თქმა ვერ მოვახერხე. - როგორაა საქმე? - მითხრა ხმამაღლა. - როგორც ხედავ. - კარგად ხარ? ყველაფერი გაქვს რაც გინდა? - ჰო, ყველაფერი. მერე ჩავჩუმდით. მარი ისევ იღიმებოდა. უზარმაზარი ქალი ჩემს გვერდით მდგომ პატიმარს ღრიალით ელაპარაკებოდა, მისი ქმარი იყო ალბათ. მაღალი, ქერა მამაკაცი გულწრფელად იღიმებოდა. ეს დაწყებული საუბრის გაგრძელება იყო: - ჟანას არ სურს მისი წაყვანა, - მთელი ხმით ყვიროდა ქალი. - გასაგებია, - ამბობდა კაცი. - ვუთხარი, ციხიდან რომ გამოვა, უკანვე წაიყვანს-მეთქი, მაგრამ მაინც უარზეა. მარიმ მითხრა, რაიმონდი მოკითხვას გითვლისო. მადლობა გადავუხადე, მაგრამ ჩემი ხმა დაფარა მეზობელმა, რომელიც ქალს ეკითხებოდა: კარგად თუ გრძნობსო თავს. ცოლმა გაიცინა და თქვა, ასე კარგად არასოდეს ყოფილაო. ჩემს მარცხნივ ჩუმად იდგა ახალგაზრდა კაცი, რომელსაც წვრილი ხელები ჰქონდა. შევნიშნე, რომ მის წინ პატარა მოხუცი ქალი იდგა: ერთმანეთს დაძაბულად მისჩერებოდნენ. მათი თვალიერება შევწყვიტე, რადგან ამ დროს მარიმ დამიყვირა, იმედიანად იყავიო. ,,კარგი” - ვუპასუხე. შევხედე და მომინდა მის მხრებს მოვხვეოდი. მსურდა შევხებოდი იმ თხელ ქსოვილს, რომელიც ტანზე შემოჰკვროდა. მართლაცდა, მეტი რისი იმედი უნდა მქონოდა. მარი უთუოდ კარგ რამეს მეუბნებოდა, რადგან სულ იღიმებოდა. მისი კბილების ელვარებისა და თვალებთან პატარა ნაოჭებს გარდა, ვერაფერს ვხედავდი. ისევ დამიყვირა: - როცა გამოხვალ, ხელს მოვაწერთ! - გჯერა? - ასე იმიტომ ვუპასუხე, რაიმე რომ მეთქვა. ჩქარა და ხმამაღლა მითხრა, აუცილებლად გაგამართლებენ და მალე ისევ ერთად ვიცურავებთო. ამ დროს მის გვერდზე მდგარი ქალი გაჰკიოდა, კალათა სასამართლოს სამდივნოში დავტოვეო. ისიც ჩამოთვალა, შიგ რა ეწყო. ასე იმიტომ იქცეოდა, რომ პროდუქტები ძვირი ღირდა.



 ჩემს გვერდზე მდგომი მამაკაცი და მისი დედა კვლავ ერთმანეთს მისჩერებოდნენ. არაბთა ჩურჩული კვლავ გაისმოდა ჩვენს ქვემოთ. გარედან შუქი ფანჯრის მინებს სულ უფრო მეტად აწვებოდა. თავი ცუდად ვიგრძენი და წასვლა მომინდა. ხმაურმა იმოქმედა, მაგრამ თან მარის ცქერით მინდოდა გაძღომა. არ ვიცი, რა დრო გავიდა. მარი თავის სამსახურზე მიყვებოდა და სულ იღიმებოდა. ჩურჩული, ყვირილი, საუბარი ერთმანეთში გადაიხლართა. ჩემს გვერდით სიჩუმის პატარა კუნძული იყო; ახალგაზრდა კაცი და მოხუცი ქალი ერთმანეთს მისჩერებოდნენ. თანდათან არაბები გაიყვანეს. როგორც კი პირველი გავიდა, ყველა ჩაჩუმდა. მოხუცი ქალი ბადეს მოუახლოვდა და სწორედ იმ დროს ზედამხედველმა მის შვილს ანიშნა გასულიყო. - ნახვამდის დედა, - თქვა კაცმა და ქალმა ხელი ბადეში გამოჰყო, რომ დამშვიდობებოდა. ცდილობდა ეს წუთები გაეგრძელებინა. მოხუცი ქალის გასვლა და კაცის შემოსვლა ერთი იყო. მან ქალის ადგილი დაიკავა. ხელში ქუდი ეჭირა. პატიმარიც შემოიყვანეს; ისინი აღელვებით და ჩუმად ლაპარაკობდნენ, რადგანაც ოთახში ხმაური იყო. ჩემს მარცხნივ მდგომსაც მოაკითხეს. ცოლმა ხმამაღლა გასძახა: - თავს გაუფრთხილდი, - თითქოს არც შეუმჩნევია, რომ ყვირილი აღარ იყო საჭირო. შემდეგ ჩემი რიგიც მოვიდა. დამშვიდობებისას, მარიმ კოცნა გამომიგზავნა. სანამ გავიდოდი, შემოვტრიალდი. მარი უძრავად იდგა, სახე რკინის ბადეზე ჰქონდა მიჭეჭყილი და ძალით იღიმებოდა. ცოტა მოგვიანებით მარიმ წერილი მომწერა. სწორედ ამ დროიდან დაიწყო ის, რაზედაც ლაპარაკი არასოდეს მყვარებია. ჩემი აზრით, ადამიანი არ უნდა ჩავარდეს სასოწარკვეთილებაში. ეს გაცილებით ადვილი იყო ჩემთვის ვიდრე სხვებისთვის. პატიმრობის პირველ დღეებში ჩემთვის ყველაზე ძნელი ასატანი ის იყო, რომ მე ჯერ კიდევ თავისუფალი ადამიანის ფიქრები მქონდა: მენატრებოდა პლიაჟზე ყოფნა, ზღვაში ბანაობა. მაგონდებოდა ფეხებთან მოცურებული ტალღების ხმაური, მაგონდებოდა შვება, რომელსაც წყალში შესვლა მგვრიდა და მხოლოდ მაშინ ვგრძნობდი ციხის კედლების სინამდვილეს. ეს ფიქრები მხოლოდ რამდენიმე თვე მაწუხებდა. ამის შემდეგ ნამდვილ პატიმარს დავემსგავსე: ყოველდღე ეზოში სეირნობას ან დამცველის მოსვლას ველოდი ხოლმე. დანარჩენ დროს მშვენივრად ვიყენებდი. მაშინ ხშირად მიფიქრია: ხის ტანში რომ ჩავეკირე ვინმეს, ისე, რომ მხოლოდ ცის ყვავილისთვის მეცქირა, ალბათ ამასაც თანდათან შევეჩვეოდი: დაველოდებოდი ჩიტების გადაფრენას, ან ღრუბლების შეხვედრას, ისე, როგორც ჩემი დამცველის უცნაურ ჰალსტუხებს მოველი, ისევე, როცა დაპატიმრებამდე შაბათობით მოუთმენლად ველოდებოდი მარის, რათა გულში ჩამეკრა მისი სხეული. არადა, მართლა ხის ტანში ხომ არ ვიყავი ჩაკირული, ჩემზე უბედურებიც იყვნენ. სხვათა შორის, დედაჩემიც ასე ფიქრობდა და ხშირად უთქვამს, ბოლოს და ბოლოს, ადამიანი ყველაფერს ეჩვევაო. საერთოდ, სინამდვილეს არ გავურბოდი. პირველი თვეები მძიმე იყო. თავს ძალას ვატანდი და ეს უეჭველად მეხმარებოდა დროის მოკვლაში. ძალიან მინდოდა ქალი. ეს ბუნებრივიც იყო, მე ხომ ახალგაზრდა ვიყავი. მაინცდამაინც მარიზე არასოდეს მიფიქრია. ვფიქრობდი ქალზე, ქალებზე, ყველაზე, ვისაც ოდესმე ვიცნობდი, იმ ადგილებზე, სადაც მათ დავუფლებივარ. უ ც ხ ოჩემი საკანი ამ სახეებით ივსებოდა და ამით სურვილი უფრო ძლიერდებოდა. ქალებზე ფიქრი წონასწორობას მაკარგვინებდა, მაგრამ ამით დროს ვკლავდი. ცოტა ხანში უფროსი ზედამხედველის სიმპათია დავიმსახურე. ის თან დაჰყვებოდა ხოლმე მზარეულ ბიჭს, რომელსაც საჭმელი მოჰქონდა. ქალებზე პირველად მან დამიწყო ლაპარაკი. სხვებსაც ყველაზე მეტად ეს აწუხებთო. ვუთხარი, მეც არაფრით განვსხვავდები დანარჩენებისგან და ასეთი შეზღუდვა უსამართლობაა-მეთქი. მიპასუხა: - სწორედ ამიტომ გსვამენ ციხეში. - როგორ? - შევეკითხე.



 - სწორედ ეს არის დასჯა, თავისუფლების წართმევა. ამაზე არასოდეს მიფიქრია. - თუმცა, მართალი ხართ, სხვანაირად რა დასჯა იქნებოდა. - დიახ, თქვენ ყველაფერი გესმით. სხვებს არა, მაგრამ გამოსავალს ჰპოულობენ... – ამის შემდეგ ზედამხედველი წავიდა. რომ არ ვეწეოდი, ესეც მაწუხებდა. როცა ციხეში მოვედი, ყველაფერი წამართვეს: ქამარი, ფეხსაცმელის თასმები, ჰალსტუხი, სიგარეტებიც კი არ დამიტოვეს. ერთხელ მოვითხოვე დაებრუნებინათ ჩემი სიგარეტები. უარი მითხრეს, აკრძალულიაო. პირველად ძალიან გამიჭირდა, ალბათ, ამან მომტეხა ყველაზე მეტად. საწოლის ფიცარს ხის ნაჭრებს ვატეხდი და ვწუწნიდი. მთელი დღე გული მერეოდა. ეს ხომ არავის უშლიდა ხელს. მოგვიანებით მივხვდი, რომ ესეც ერთგვარი დასჯა იყო. ბოლოს პაპიროსის წევას გადავეჩვიე და ეს ჩემთვის სასჯელს აღარ წარმოადგენდა. მიუხედავად ამისა, თავს უბედურად არ ვთვლიდი. საქმე ისევ და ისევ დროის მოკვლა იყო. როცა წარსულის მოგონება ვისწავლე, დრო შეუმჩნევლად გადიოდა. ხშირად წარმოვიდგენდი ხოლმე თავს ჩემს ოთახში. ოთახის დათვალიერებას ერთ-ერთი კუთხიდან ვიწყებდი და ისევ იმ კუთხით ვათავებდი. ყველა ნივთს ვიგონებდი, რაც გზაში მხვდებოდა. პირველ ხანებში ამას ნაკლებ დროს ვანდომებდი, რაც გზაში მხვდებოდა. პირველ ხანებში ამას ნაკლებ დროს ვანდომებდი, მერე კი რამდენჯერაც თავიდან დავიწყე, უფრო დიდხანს მოვუნდი, მაგონდებოდა ავეჯი, სხვადასხვა ნივთები. ყველა წვრილმანი, ბზარები, დაზიანებული კიდეები. მახსენდებოდა მათი ფერი, ბოლოს, უმნიშვნელო დეტალებიც კი. ვცდილობდი არაფერი გამომრჩენოდა, გამეკეთებინა სრული აღწერა. ამ საქმეში ისე დავხელოვნდი, რომ რამდენიმე კვირის შემდეგ შემეძლო საათობით მეთვალიერებინა ჩემი ოთახი. და რაც უფრო მეტს ვფიქრობდი, მეხსიერებაში ამოტივტივდებოდა დავიწყებული საგნები, რომლებსაც ადრე ყურადღებასაც არ ვაქცევდი. მაშინ მივხვდი, რომ ადამიანს ერთი დღის მოგონებებით შეუძლია ციხეში ასი წელი გაატაროს. თურმე საკმარისი ყოფილა ერთი დღის მოგონება, რომ არ მოგეწყინოს. ეს მაინც იყო გამოსავალი. დროის მოკვლაში ძილიც მეხმარებოდა. პირველ ხანებში ღამე ცუდად მეძინა, დღისით კი საერთოდ ვერ ვახერხებდი დაძინებას. მაგრამ უძილობამ გამიარა და დღისითაც ვიძინებდი ხოლმე. შეიძლება ითქვას, რომ ბოლო თვეებში დღე-ღამეში თექვსმეტი-თვრამეტი საათი მეძინა. მრჩებოდა ექვსი საათი, რომელიც უნდა მომეკლა ჭამაში, ბუნებრივ მოთხოვნილებებში, მოგონებებში და იმ ამბის კითხვაში, რომელიც ჩეხოსლოვაკიაში მოხდა: ჩემს ლეიბსა და საწოლის ფიცარს შორის ვიპოვე ძველი გაზეთის გაცრეცილი და გაყვითლებული ნაგლეჯი; გაზეთი ლეიბზე იყო მიკრული. შიგ ერთი ამბავი ეწერა, რომელსაც დასაწყისი აკლდა. ვფიქრობ, ეს ჩეხოსლოვაკიაში უნდა მომხდარიყო. ერთი კაცი ჩეხური სოფლიდან გასამდიდრებლად წასულიყო. ოცდახუთი წლის შემდეგ, ცოლ-შვილთან ერთად გამდიდრებული დაბრუნდა. ამ კაცის დედას და დას სოფელში სასტუმრო ჰქონდათ. დედა რომ მოულოდნელად გაეხარებინა, ცოლ-შვილი სხვაგან დატოვა, თვითონ კი სასტუმროში მივიდა. დედამ ვეღარ იცნო. შვილმა ხუმრობით ნომერი აიღო, თან ფულიც დაანახა. დედამ და დამ მისი გაქურდვა განიზრახეს და ჩაქუჩით მოკლეს, ცხედარი კი მდინარეში გადააგდეს. დილით ცოლი მოვიდა, მან არაფერი იცოდა მომხრარი ამბის შესახებ და მგზავრის ვინაობა გაამჟღავნა. დედამ თავი ჩამოიხრჩო, და ჭაში ჩავარდა. ეს ამბავი ათასჯერ მაქვს წაკითხული. თითქოს დაუჯერებელიც იყო და თნ ბუნებრივიც. ჩემი აზრით, მგზავრმა ეს დაიმსახურა. ადამიანმა არასდროს არ უნდა ითამაშოს. და ასე, ძილმა, მოგონებებმა, ჩეხოსლოვაკიაში მომხდარი ამბის კითხვამ, დღისა და ღამის ცვალებადობამ დრო გაიყვანა. წაკითხული მქონდა, რომ ციხეში ადამიანს დროის ცნება ეკარგება. ჩემთვის ეს არაფერს ნიშნავდა. დღეების ხანგრძლივობას მე ვერ ვგრძნობდი, ისინი ჩემთვის არც



 იწყებოდნენ და არც მთავრდებოდნენ, ასე დაუსრულებდლად გადადიოდნენ ერთმანთში და სახელებს კარგავდნენ. აზრი ჩემთვის ორად ორ სიტყვას შერჩა: გუშინ და ხვალ. როცა დარაჯმა მითხრა, რომ უკვე ხუთი თვე გასულიყო, რაც ციხეში ვიყავი, ვერ დავიჯერე. ჩემთვის ეს ერთი უსასრულო დღე იყო, რომელიც ჩემი საკნის კედლებს ეხეთქებოდა. ეს იყო გაუთავებელი საქმე, რომელსაც სულ თან დავდევდი. როცა დარაჯი გავიდა, რკინის ჯამში ჩავიხედე. ჩემს თავს გავუღიმე, სახე არ შემცვლია. ჯამი გავაქნიე. ისევ გავიღიმე, სახემ იგივე მკაცრი და ნაღვლიანი იერი შეინარჩუნა. დღე თავდებოდა და დგებოდა ჟამი, რომელზედაც მე არ მსურს ვილაპარაკო. ეს ის უსახელო საათი იყო, როდესაც ციხის ყველა სართულიდან გამოსული ხმაური ზევით ამოდიოდა და ერთფეროვან მდუმარებას არღვევდა. ბინდში სარკმელს მივუახლოვდი. კიდევ ერთხელ დავაკვირდი ჩემს სახეს. ის სერიოზულობა არ შეცვლილიყო. თუმცა არც არის გასაკვირი, ეს ხომ მე ვიყავი. ხუთი თვის განმავლობაში პირველად გავიგონე ჩემი ხმა. ეს ხმა ვიცანი, იგი ჩემს ყურებში კარგა ხანია ჟღერდა და მივხვდი, რომ ამ ხნის განმავლობაში თურმე მარტო ვლაპარაკობდი. მაშინ გამახსენდა ის, რაც მომვლელმა ქალმა დედაჩემის დასაფლავებაზე თქვა. არა, გამოსავალი არ იყო და ვერავინ წარმოიდგენს, რა არის ციხეში გატარებული საღამოები. თავი მესამე შემიძლია ვთქვა, რომ დრო ელვის სისწრაფით გავიდა და ზაფხულმა სწრაფად შეცვალა წარსული ზაფხული. სიცხეების დადგომასთან ერთად რაღაც ახალს ველოდი. ჩემი საქმე უნდა განეხილა სასამართლოს უკანასკნელ სხდომას, რომელიც ივნისის თვეში თავდებოდა. პროცესი მზის ამოსვლისას უნდა დაწყებულიყო. დამცველმა დამარწმუნა, კამათი ორ-სამ დღეზე მეტს არ გასტანსო. - თუმცა, - დასძინა მან, - სასამართლო თქვენს საქმეს სწრაფად გაარჩევს, რადგან რთული არ არის. თქვენს შემდეგ დაიწყება მამის მკვლელის გასამართლება. დილით, რვის ნახევარზე მომაკითხეს საპატიმროს მანქანით და სასამართლოში წამიყვანეს. ორმა ჟანდარმმა შემიყვანა ოთახში, სადაც ნესტის სუნი იდგა. უ ც ხ ოკარებთან დავსხედით და ვიცდიდით. ოთახში შემოდიოდა ხმები, შეძახილები, სკამების რახარუხი, ჩოჩქოლი, რამაც გამახსენა უბნის დღესასწაულები, როცა სკამებს მისწი-მოსწევდნენ, რათა საცეკვაოდ გაენთავისუფლებინათ ადგილი. ჟანდარმებმა მითხრეს, სასამართლოს დაწყებამდე ლოდინი მოგვიხდებაო. ერთ-ერთმა მათგანმა სიგარეტი შემომთავაზა. უარი ვუთხარი, მერე მკითხა: - გეშინია? - არა, - ვუპასუხე, - პროცესის ნახვა კიდევაც მაინტერესებს, ჩემს სიცოცხლეში არასოდეს ვყოფილვარ სასამართლოზე. - საეთოდ, დამღლელია ხოლმე, - თქვა მეორე ჟანდარმმა. ცოტა ხნის შემდეგ ოთახში ზარმა დაიწკრიალა. მაშინ ხელზე ბორკილები შემხსნეს. კარი გაიღო და დამნაშავის სკამზე დამსვეს. დარბაზი ისე იყო გაჭედილი, რომ ნემსიც არ ჩავარდებოდა. ჰაერი უკვე დახუთულიყო. მიუხედავად იმისა, რომ ფანჯრებზე ფარდები იყო ჩამოფარებული, მზე დარბაზში მაინც ატანდა. ფანჯრები დახურული იყო. მე დავჯექი, ირგვლივ ჟანდარმები განლაგდნენ. ჩემს წინ რამდენიმე სახე დავინახე. ყველანი მე მიმზერდნენ. მივხვდი, ნაფიცი მსაჯულები უნდა ყოფილიყვნენ. ისინი ერთმანეთისგან არაფრით განსხვავდებოდნენ. ისეთი შთაბეჭდილება მქონდა, თითქოს ტრამვაიში მსხდარი მგზავრები ახალშემოსულს გაფაციცებით ზვერავდნენ, უნდოდათ რაიმე სასაცილო ეპოვნათ მასში. კარგად მესმოდა, რომ ჩემი აზრი სულელური იყო, ამჟამად ისინი სასაცილოს კი არა, დანაშაულს დაეძებდნენ. ამ ორ ცნებას შორის დიდი სხვაობა არ უნდა იყოს, ყოველ შემთხვევაში, მე ასე გავიფიქრე. დახუთულ დარბაზში ამდენი ხალხის მზერამ გამაბრუა. ახლა მოსამართლეებს შევხედე, სახეები ვერ გავარჩიე. ამდენ ხანს არც კი მიმიქცევია ყურადღება იმისთვის, რომ თურმე ყველა ჩემს დანახვას ცდილობდა. საერთოდ, ჩემი



 პიროვნებით არასოდეს არავინ დაინტერესებულა და ძლივს დავიჯერე, რომ მთელი ამ გამოცოცხლების მიზეზი მე ვიყავი. - რამდენი ხალხია! - ვუთხარი ჟანდარმს. მან მითხრა, რომ ეს ალიაქოთი ჟურნალისტებმა გამოიწვიეს და მიმითითა მოსამართლეთა ქვემოთ, მაგიდასთან მჯდარ ჯგუფზე: - აი ისინი. - ვინ ისინი? - ვკითხე. - ჟურნალისტები, - გაიმეორა მან. ამ დროს ნაცნობი ჟურნალისტი შენიშნა, რომელიც ჩვენკენ წამოვიდა. იგი ხანში შესული იყო, სიმპათიური, მეტყველი სახე ჰქონდა. ჟურნალისტმა ხელი მაგრად ჩამოართვა ჟანდარმს. მხოლოდ მაშინ შევნიშნე, რომ ხალხი ერთმანეთს ხვდებოდა, ესალმებოდა და საუბრობდა. ასე ხდება ხოლმე, როცა ერთი წრის ნაცნობები ერთმანეთს ხვდებიან და თავს ბედნიერად გრძნობენ. ვიგრძენი, რომ ზედმეტი ვიყავი, უცხო. თუმცა ჟურნალისტმა ღიმილით მომმართა და იმედი გამოთქვა, საქმე თქვენს სასარგებლოდ წარიმართებაო. მადლობა გადავუხადე. - იცით, ჩვენ ცოტა გავბუქეთ თქვენი საქმე. ზაფხული ჩავარდნილი სეზონია გაზეთებისთვის, მხოლოდ თქვენი ამბავი და კიდევ მამის მკვლელობაა, რომელზედაც, ასე თუ ისე, ღირს ლაპარაკი. - შემდეგ ჟურნალისტების ჯგუფში დამანახა პატარა ტანის მამაკაცი, რომელიც მსუქან სინდიოფალას ჰგავდა: უზარმაზარი, შავრკალიანი სათვალე ეკეთა. ეს კაცი პარიზის ერთ-ერთი გაზეთის სპეციალური კორესპონდენტიაო, მითხრა. - სხვათა შორის, თქვენი გულისათვის არ ჩამოსულა, მამის მკვლელის პროცესი უნდა აღწეროს, თან ტელეფონით თქვენს საქმესაც გადასცემს. აქაც კინაღამ მადლობა გადავუხადე, მაგრამ გადავიფიქრე, სასაცილო იქნებოდა. მერე ხელი დამიქნია, თითქოს თანაგრძნობა უნდოდა გამოეხატა და დაგვტოვა. რამდენიმე წუთს ლოდინი მოგვიხდა. ცოტა ხნის შემდეგ ჩემი დამცველი გამოცხადდა წამოსასხამით. იგი კოლეგებით იყო გარშემორტყმული. ჟურნალისტებისკენ გაემართა და ყველას ხელი ჩამოართვა. სანამ ზარი აწკრიალდებოდა, ისინი ხუმრობდნენ, იცინოდნენ, თავს მშვენივრად გრძნობდნენ. ყველამ თავისი ადგილი დაიკავა. დამცველი მომიახლოვდა, ხელი ჩამომართვა, მირჩია, შეკითხვებზე მოკლედ მეპასუხა, ინიციატივა არ ამეღო და დანარჩენში მისი იმედი მქონოდა. ჩემს მარცხნივ სკამი გაჭრაჭუნდა, მივიხედე და დავინახე მაღალი, ხმელ-ხმელი მონოკლიანი კაცი, რომელსაც იკეცავდა. ეს პროკურორი იყო. სასამართლოს აღმასრულებელმა მოსამართლეების შემოსვლა გამოაცხადა. იმავე წუთს ორი უზარმაზარი ვენტილატორი აგუგუნდა. სამი მოსამართლე, რომელთაგან ორი შავებში იყო ჩაცმული, ერთი კი - წითელში, საქმეებით ხელში ტრიბუნისკენ გაემართნენ. ტრიბუნა მოსამართლეებს დარბაზისგან ჰყოფდა. წითელმოსასხამიანი შუა სავარძელში ჩაჯდა, ქუდი წინ დაიდო, მელოტი თავი ცხვირსახოცით მოიმშრალა და სასამართლოს სხდომა გახსნილად გამოაცხადა. ჟურნალისტებს კალმები უკვე მოემარჯვებინათ. ყველას გულგრილი, ოდნავ დამცინავი სახე ჰქონდა. ერთ-ერთ მათგანს, ყველაზე ახალგაზრდას, რომელსაც ნაცრისფერი ფლანელის კოსტუმი ეცვა და თეთრი ჰალსტუხი ეკეთა, კალამი წინ დაედო და მე მომჩერებოდა. ჟურნალისტის დამცინავ სახეზე მხოლოდ ორ ნათელ წერტილს ვხედავდი, რომლებიც თითქოს ყურადღებით და მუშტრის თვალით მიცქერდნენ, მაგრამ გარკვეულს არაფერს გამოხატავდნენ. საზარელი გრძნობა დამეუფლა - თითქოს ჩემს თავს მე თვითონ ვუცქერდი. რადგანაც არ ვიცნობდი სასამართლოს კანონებს, კარგად ვერ გავიგე, რა მოხდა. ყველაფერი ერთიმეორეს წაეწყო: მოსამართლეთა კენჭისყრა, თავმჯდობარის შეკითხვები დამცველისადმი, პროკურორისადმი და მსაჯულებისადმი (ამ დროს ნაფიც მსაჯულთა თავები სასამართლოსკენ ერთდროულად მიტრიალდებოდნენ ხოლმე), ბრალდების ოქმის სწრაფი კითხვა, როცა ჩამესმოდა ნაცნობი ადგილებისა და ადამიანების სახელები და ისევ



 კითხვები ჩემი დამცველისადმი. თავმჯდომარემ მოწმეთა დაკითხვა დაიწყო. სასამართლოს აღმასრულებელმა ამოიკითხა გვარები, რომლებმაც ჩემი ყურადღება მიიქცია. აქამდე ჩემთვის უცნობი ხალხიდან ერთიმეორის მიყოლებით წამოდგნენ დირექტორი, თავშესაფრის კარისკაცი, ტომას პერეზი, რაიმონდი, მასონი, სალამანო, მარი და გვერდითი კარიდან გაუჩინარდნენ. მარიმ აღელვებით რაღაც მანიშნა. მიკვირდა, რომ ისინი აქამდე ვერ შევნიშნე. უკანასკნელი გვარის ამოკითხვისას სელესტი წამოდგა. მის გვერდით პატარა ტანის ქალი შევამჩნიე, რესტორანში რომ ვნახე. იმავე ჟაკეტში, იგივე მტკიცე და ქუში გამომეტყველებით. ქალი დაძაბულად მიცქერდა. თავმჯდომარემ სიტყვა აიღო და ფიქრი შემაწყვეტინა. მან თქვა, ახლა მხარეთა კამათი დაიწყება და ვფიქრობ, ზედმეტი იქნება, წესრიგისკენ მოგიწოდოთო. მისი აზრით, ისე უნდა წარემართა პროცესი, რომ ადგილი არ ჰქონოდა მიკერძოებასა და საქმე ობიექტურად განეხილათ. უ ც ხ ოგანაჩენი უნდა გამოეტანათ სამართლიანობის სულისკვეთებით. ბოლოს ისიც თქვა, თუ ვინმე ხმაურს ატეხს, დარბაზს დავატოვებინებთო. დარბაზში სიცხემ იმატა და ხალხმა გაზეთები ააშრიალა. ეს დაჭმუჭნული ქაღალდის გადაბმულ ხმაურს მოგაგონებდათ. თავმჯდომარემ ანიშნა და სასამართლოს აღმასრულებელმა დაწნული ჩალის სამი მარაო შემოიტანა, რომლებიც სამივე მოსამართლემ მაშინვე გამოიყენა. მალე ჩემი დაკითხვა დაიწყო. თავმჯდომარე აუჩქარებლად მაძლევდა კითხვებს, თითქოს გულთბილიც კი იყო ჩემდამი. კიდევ ერთხელ მათქმევინეს ჩემი ვინაობა და მიუხედავად იმისა, რომ ეს მაღიზიანებდა, გავიფიქრე, ეს ბუნებრივია, რადგან სერიოზული შეცდომა იქნებოდა გაესამართლებინათ ერთი ადამიანი მეორის მაგივრად. შემდეგ თავმჯდომარე თავიდან მოყვა რაც ჩავიდინე თან მეკითხებოდა: - ასეა არა? მე კი ვუპასუხებდი: - დიახ, ბატონო თავმჯომარევ, - ისე, როგორც ჩემმა დამცველმა მასწავლა. ეს დიდხანს გაგრძელდა, რადგან თავმჯდომარე ბევრ წვრილმანს შეეხო. მთელი ამ ხნის მანძილზე ჟურნალისტები წერდნენ. ვგრძნობდი ყველაზე ახალგაზრდა ჟურნალისტისა და ,,პატარა ქალი-ავტომატის” მზერას. ,,ტრამვაის მგზავრები” თავმჯდომარეს მისჩერებოდნენ. თავმჯდომარემ ჩაახველა, საქმე გადაფურცლა და მარაოს ქნევით ჩემკენ შემოტრიალდა. შემდეგ მითხრა, რომ დამისვამდა კითხვებს, რომლებიც ერთი შეხედვით ჩემს საქმეს არ ეხებოდა, მაგრამ ახლო კავშირში იყო მასთან. მივხვდი, ისევ დედაზე ალაპარაკდებოდნენ; ვიგრძენი, როგორ მომბეზრდა ყოველივე ეს. მკითხა, რატომ მივაბარე დედა თავშესაფარში, მივუგე, რომ არ მქონდა საკმაო ფული დედის შესანახად და მოსავლელად. მკითხა, ძვირი თუ მიჯდებოდა დედის შენახვა. ასე ვუპასუხე: - მე და დედაჩემი ერთმანეთისაგან არაფერს ველოდით, და არც არავისგან. ორივენი მივეჩვიეთ ამ ახალ ცხოვრებას. - ამგვარი პასუხის მერე თავმჯდომარეს აღარ სურდა ამ საკითხზე შეჩერება და ჰკითხა პროკურორს, ჰქონდა თუ არა შეკითხვები. ამ უკანასკნელმა ნახევრად ზურგი შემაქცია. არც კი შემოუხედავს, ისე განაცხადა, რომ თუ თავმჯდომარე ნებას დართავდა, უნდოდა გაეგო, არაბის მოკვლის მიზნით ხომ არ დავბრუნდი წყაროსთან. - არა, ვუპასუხე მე. - მაშ, რატომ იყო ბრალდებული შეიარაღებული და მაინცდამაინც იქით რატომ წავიდა? ვუპასუხე, რომ ეს შემთხვევით მოხდა. პროკურორმა ზიზღით გამოსცრა კბილებში:



 ,,ჯერ-ჯერობით, ეს საკმარისია”. ყველაფერი აირია, რა თქმა უნდა, ჩემთვის. ცოტა ხნის საიდუმლო თათბირის შემდეგ თავმჯდომარემ სასამართლოს სხდომა დახურულად გამოაცხადა და მოწმეთა დაკითხვა დღის მეორე ნახევრისთვის გადადო. გონს მოსვლა ვერ მოვასწარი, საპატიმროს მანქანაში ჩამსვეს და ციხეში წამიყვანეს. იქ ვჭამე. ცოტა ხნის შემდეგ, სწორედ მაშინ, როდესაც დაღლილობა ვიგრძენი, ჩემს წასაყვანად მოვიდნენ და ყველაფერი თავიდან დაიწყო. იმავე დარბაზში აღმოვჩნდი, იმავე სახეების წინ. მხოლოდ უფრო ჩამოცხა და ყველა მოსამართლეს, პროკურორს, ჩემს დამცველს და რამდენიმე ჟურნალისტს ჩალის მარაოები ჰქონდათ. ახალგაზრდა ჟურნალისტი და პატარა ტანის ქალი ისევ აქ იყვნენ. ისინი არ ინიავებდნენ და უსიტყვოდ შემომცქეროდნენ. ოფლი მოვიწმინდე და როცა თავშესაფლის დირექტორის ლაპარაკი შემომესმა, მაშინ მოვეგე გონს, მივხვდი, სად ვიყავი და აღვიქვი ჩემი თავი. დირექტორს ჰკითხეს დედა უკმაყოფილებას თუ გამოთქვამდა შვილზეო. კიო, დაუდასტურა და დასძინა: ყველა პანსიონერს ჩვეულებად აქვს ახლობლებზე წუწუნიო. თავმჯდომარემ ისიც ჰკითხა, მკიცხავდა თუ არა დედა იმის გამო, რომ იგი თავშესაფარში მივაბარე. - დიახ, - უპასუხა დირექტორმა. მაგრამ ამჯერად არაფერი დაუმატებია. შემდეგ კითხვაზე უპასუხა, რომ დასაფლავების დღეს განცვიფრებული იყო ჩემი სიმშვიდით. ჰკითხეს, რას გულისხმობთ სიმშვიდეშიო. დერექტორმა ფეხსაცმელზე დაიხედა და თქვა, რომ არ მოვისურვე დედის ნახვა, ერთხელაც არ ვიტირე, დასაფლავების შემდეგ მაშინვე წავედი, ისე, რომ უკანაც არ მომიხედია. დერექტორი კიდევ ერთი რამით იყო გაკვირვებული: ერთ მესაფლავეს ეთქვა, რომ მე არ ვიცოდი დედის წლოვანება. ცოტა ხნით სიჩუმე ჩამოვარდა. თავმჯდომარემ ჰკითხა დირექტორს, ეს ნამდვილად მე მეხებოდა თუ არა. რადგანაც დირექტორმა ვერ გაუგო კითხვა, თავმჯდომარემ აუხსნა: კანონი დაზუსტებას მოითხოვსო. შემდეგ თავმჯდომარემ ჰკითხა პროკურორს, სურდა თუ არა მოწმის დაკითხვა. პროკურორმა წამოიყვირა: - ო, არა, ეს საკმარისია, - ისეთი გზნებითა და გამარჯვებული იერით თქვა ეს, რომ პირველად არანორმალურად მომინდა ტირილი, რადგანაც ვიგრძენი, როგორ ვეზიზღებოდი ყველას. ვინაიდან მსაჯულებს და დამცველს ჩემდამი შეკითხვები არ ჰქონდათ, თავმჯდომარემ მოუსმინა კარისკაცს. როგორც ყველამ, კარისკაცმაც გაიარა სასამართლოს ცერემონიალი. როცა მომიახლოვდა, თვალი ამარიდა. შემდეგ კითხვებზე უპასუხა. თქვა, რომ არ მოვისურვე დედის ნახვა, სიგარეტი მოვწიე, მეძინა და რძიანი ყავა დავლიე. სწორედ მაშინ ვიგრძენი, რომ რაღაც აღელვებდა დარბაზს და პირველად მივხვდი, რომ ბოროტმოქმედი ვიყავი. კარისკაცს კიდევ ერთხელ გაამეორებინეს სიგარეტისა და რძიანი ყავის ამბავი. სასამართლოს ბრალმდებელმა ირონიულად შემომხედა. ამ დროს ჩემმა დამცველმა ჰკითხა, მოსწია თუ არა კარისკაცმა ჩემთან ერთად სიგარეტი. მაგრამ პროკურორი გამძაფრებით აღუდგა ამ კითხვას: - ბოლოს და ბოლოს, ვინ არის აქ დამნაშავე? და რა მეთოდია ეს დაცვისა, როცა მოწმეს ბრალს სდებთ, ჩირქსა სცხებთ!.. მაგრამ ამით მაინც ვერ შეუმსუბუქებთ ბრალდებულს დანაშაულს. მიუხედავად ასეთი გამოსვლისა, თავმჯდომარემ მაინც სთხოვა კარისკაცს პასუხი გაეცა ამ კითხვაზე. მოხუცმა დარცხვენით თქვა. - მესმის, ცუდად მოვიქეცი, მაგრამ ბატონს უარი ვერ ვუთხარი შემოთავაზებულ სიგარეტზე. ბოლოს მე მკითხეს, თუ დაუმატებ რამესო. - არაფერს, - ვუპასუხე, - გარდა, იმისა, რომ მოწმე სიმართლეს ამბობს, მე მას მართლაც შევთავაზე სიგარეტი. მეკარემ გაოცებით და მადლობით შემომხედა. ცოტა ყოყმანის შემდეგ დაუმატა, რომ რძიანი ყავა მან შემომთავაზა. ჩემმა დამცველმა გამარჯვებული იერით გამოაცხადა: ვიმედოვნებ, მოსამართლეები ამას მხედველობაში მიიღებენო, მაგრამ ჩვენს თავს ზემოთ პროკურორმა დასჭექა: - დიახ, ბატონი მოსამართლეები გაითვალისწინებენ ამას. უცხოს შეეძლო ყავის შეთავაზება, მაგრამ შვილს უარი უნდა ეთქვა იმ ადამიანის ცხედრის წინაშე, რომელმაც მას სიცოცხლე აჩუქა.



 კარისკაცი თავის ადგილზე დაჯდა. ტომას პერეზის ჯერი მოვიდა. უ ც ხ ოსასამართლოს მდივანმა იგი მოაჯირამდე მიაცილა. პერეზმა თქვა, რომ მარტო დედაჩემს იცნობდა და მე მხოლოდ ერთხელ მნახა დასაფლავების დღეს. ჰკითხეს, როგორ იქცეოდა იმ დღესო და მანაც მიუგო: - იცით, მე თვითონ ძალიან განვიცდიდი. არაფერი შემიმჩნევია, მწუხარება მიშლიდა ხელს; ჩემთვის ეს დიდი დანაკლისი იყო, გულიც შემიწუხდა. ამიტომ ბატონისთვის ყურადღება არ მიმიქცევია. პროკურორმა ჰკითხა, თუ იტირა მაინც დასაფლავებისასო. - არა, - უპასუხა პერეზმა. მაშინ პროკურორმა თქვა: - ბატონებო, სასამართლო ამას მხედველობაში მიიღებს. - ჩემი დამცველი გაბრაზდა. მომეჩვენა, რომ ხაზგასმით ჰკითხა პერეზს: - თქვენ დაინახეთ, რომ ბატონი არ ტიროდა? - არ დამინახავს, - უპასუხა პერეზმა. ხალხმა გაიცინა, ჩემმა დამცველმა სახელო აიწია და კატეგორიული ტონით წარმოთქვა: - აი, ამ პროცესის სახე, ყველაფერი მართალია და არაფერი არ არის მართალი. პროკურორი მოღუშული სახით იჯდა და კალმით საქაღალდეზე რაღაცას ჯღაბნიდა. ხუთწუთიანი შესვენებისას დამცველმა მითხრა, საქმე კარგად მიდისო. ამის შემდეგ სელესტის გვარი გამოაცხატეს; იგი ჩემი მოწმე იყო. სელესტი ჭილის ქუდს ატრიალებდა და დროდადრო ჩემკენ იხედებოდა. ის ახალ კოსტუმში იყო გამოწყობილი; ამ კოსტუმს მაშინ იცვამდა, როდესაც კვირაობით დოღზე მივდიოდით ხოლმე. რადგან საყელო ვერ გაეკეთებინა, პერანგი რკინის ღილით შეეკრა. ჰკითხეს, მისი კლიენტი ვიყავი თუ არა. - დიახ, ჩემი კლიენტი იყო და მეგობარიც. - რა აზრისა ხართ მასზე? კაცური კაციო, თქვა და დასძინა: ყველასთვის გასაგები უნდა იყოს, რისი თქმაც მსურსო. კითხვაზე, მე გულჩათხრობილი ვიყავი თუ არა, აღიარა, - ,,არ ლაპარაკობდა, როცა სათქმელი არაფერი ჰქონდა”. პროკურორმა ჰკითხა, სისტემატურად ვიხდიდი თუ არა ფულს. სელესტმა გაიცინა და განაცხადა: - ეს წვრილმანები ჩვენს შორის იყოს. ისიც ჰკითხეს, თუ რა აზრისა იყო ჩემს დანაშაულზე. სელესტმა ხელები მოაჯირზე დააწყო, ეტყობოდა, რაღაც მოემზადებინა სათქმელად: - ჩემი აზრით, ეს უბედური შემთხვევაა. ყველამ იცის, რა არის უბედური შემთხვევა. ეს ჩვენ გვაბნევს, ძალას გვაკარგვინებს. დიახ, მე ვფიქრობ, ეს უბედური შემთხვევაა. - უნდოდა კიდევ რაღაც ეთქვა, მაგრამ თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა და შეაწყვეტინა. სელესტი ისე მობრუნდა ჩემკენ, თითქოს მიზანს მიაღწია და განახორციელა კეთილშობილური სურვილი. მომეჩვენა, რომ თვალები უბრწყინავდა და ტუჩები უცახცახებდა, თითქოს მეკითხებოდა, კიდევ რისი გაკეთება შემიძლიაო. მე არაფერი მითქვამს, არაფერი გამომიხატავს, მაგრამ პირველად ჩემს სიცოცხლეში მომინდა კაცს გადავხვეოდი. თავმჯდომარემ ადგილზე დაბრუნება უბრძანა. სელესტი დარბაზში დაბრუნდა. სხდომის განმავლობაში სელესტი ნიდაყვებით იყო მუხლებზე დაყრდნობილი, ხელში ჭილის ქუდი ეჭირა და უსმენდა ყოველივეს, რაც იქ ითქმებოდა. მარი შემოვიდა. მას ქუდი ეხურა და უფრო ლამაზი ჩანდა. მაგრამ მე ის უქუდოდ, გაშლილი თმებით უფრო მომწონდა. შორიდან ვგრძნობდი მისი მკერდის სიმსუბუქეს და ვუყურებდი ქვედა ტუჩს, რომელიც ყოველთვის ოდნავ გამობერილი ჰქონდა. ეტყობოდა, რომ ნერვიულობდა. ჰკითხეს, რამდენი ხანია რაც იცნობო. მან ის დრო დაასახელა, როდესაც ერთად ვმუშაობდით. თავმჯდომარემ



 იკითხა, როგორი იყო ჩვენი ურთიერთობა. მარიმ თქვა მეგობრები ვიყავითო. შემდეგ კითხვაზე უპასუხა, რომ მართლა სურდა ჩემი ცოლობა. პროკურორმა ჰკითხა როდიდან დაიწყო ჩვენი ინტიმური ურთიერთობა და თან ჩემს საქმეს ფურცლავდა. მარიმ უპასუხა. პროკურორმა გულცივად შენიშნა, თუ არ ვცდები, ეს დედის დასაფლავების მეორე დღეაო. შემდეგ ირონიულად აღნიშნა, რომ მარის უხერხულ მდგომარეობაში არ ჩააყენებდა და არ აუხირდებოდა ამ დელიკატურ სიტუაციას (აქ მისი ტონი მკაცრი გახდა), მაგრამ მოვალეობა უფლებას არ აძლევდა ზრდილობაზე ეფიქრა. ამის შემდეგ სთხოვა მარის, ჩვენი პირველი დღე აეწერა. მარის არ სურდა ლაპარაკი, მაგრამ პროკურორმა აიძულა მოეთხრო ბანაობაზე, კინოში წასვლაზე და ჩემთან ყოფნაზე. მარის წინასწარი ჩვენების შემდეგ პროკურორს გადაეთვალიერებინა იმ დღის პროგრამები, ახლა კი მარის თვითონ ათქმევინა, რომელი სურათი ვნახეთ. მარიმ ჩაწყვეტილი ხმით თქვა, რომ ეს იყო ფილმი ფერნანდელის მონაწილეობით. როდესაც დაამთავრა, დარბაზში სრული სიჩუმე ჩამოვარდა. პროკურორი აღელვებული წამოდგა, ჩემკენ თითი გამოიშვირა და ნელა დაიწყო: - ბატონო მსაჯულნო, დედის დასაფლავების მეორე დღეს ეს კაცი საბანაოდ მიდის, იჩენს საყვარელს და კომიკურ ფილმს ესწრება. მეტი აღარაფერი მაქვს სათქმელი. პროკურორი დაჯდა. დარბაზი დუმდა. უეცრად მარი აქვითინდა. თქვა, რომ ვერ გაუგეს მას, დააძალეს ეთქვა იმის საწინააღმდეგო, რასაც ფიქრობდა, რომ კარგად მიცნობს და არაფერი არ დამიშავებია. თავმჯდომარის ნიშანზე სასამართლოს აღმასრულებელმა მარი გაიყვანა. სხდომა გრძელდებოდა. ამის შემდეგ ძლივს მოუსმინეს მასონს. მან განაცხადა, რომ მე პატიოსანი კაცი ვიყავი და ,,მეტსაც იტყოდა”, მამაცი ადამიანიც. სალამანოსაც გაჭირვებით მოუსმინეს. მოხუცმა თქვა, რომ მის ძაღლს კარგად ვექცეოდი. შემდეგ კითხვაზე უპასუხა, რომ მე და დედაჩემი საერთოს ვეღარ ვპოულობდით და ამიტომ მივაბარე თავშესაფარში. ,,უნდა გაუგოთ” - ამბობდა სალამანო, - ,,უნდა გაუგოთ”, მაგრამ არავის არ უნდოდა გაგება. სალამანო გაიყვანეს. რაიმონდის ჯერიც მოვიდა. ის უკანასკნელი მოწმე იყო. რაიმონდმა რაღაც მანიშნა და თქვა, რომ მე არ ვიყავი დამნაშავე. თავმჯდომარემ აუხსნა, რომ მისი აზრი კი არ აინტერესებდათ, არამედ ფაქტები, და იმიტომ გამოიძახეს, რომ კითხვებზე ეპასუხნა. დააზუსტეს, როგორი ურთიერთობა ჰქონდა მას მსხვერპლთან. რაიმონდმა შემთხვევით ისარგებლა და განმარტა: არაბმა მას შემდეგ ამითვალწუნა, რაც მისი და გავლახეო. თავმჯდომარემ ჰკითხა, არაბს თუ ჰქონდა რაიმე მიზეზი ჩემს შესაძულებლად. რაიმონდმა თქვა, რომ მე შემთხვევით მოვხვდი პლიაჟზე. - მაშ, წერილი, რომელმაც გამოიწვია ეს დრამა, რატომ იყო მერსოს დაწერილი, იკითხა პროკურორმა. - ესეც შემთხვევის ამბავია, - უპასუხა რაიმონდმა. პროკურორმა ამით ისარგებლა და აღნიშნა, ამ საქმეში ძალიან ბევრ რამეს აბრალებთ შემთხვევითობასაო. იქნება ისიც შემთხვევით იყო, რომ არ ჩავერიე, როცა რაიმონდი საყვარელს სცემდა, შემთხვევით დავუდექი მოწმედ კომისარიატში და შემთხვევით მივეცი ჩვენება, რომელიც მხოლოდ ჩემი ზრდილობით იყო ნაკარნახევი? რაიმონდს ჰკითხეს, რა იყო მისი არსებობის წყარო. საწყობის გამგედ ვმუშაობო, - უპასუხა. უ ც ხ ოპროკურორმა განაცხადა, რომ ოფიციალური ცნობების მიხედვით, რაიმონდის ხელობა სუტენიორობა იყო. მე კი მისი თანამონაწილე და მეგობარი ვიყავი. პროკურორის აზრით, ჩემი საქმე ყველაზე დაბალი სახეობის ბილწი და გარყვნილი დრამა იყო. ამას ისიც ემატებოდა, რომ მე მორალური ურჩხული ვიყავი. რაიმონდს თავის გამართლება სურდა და ჩემმა დამცველმა პროტესტი განაცხადა. მაგრამ შეაწყვეტინეს რათა პროკურორს სიტყვა დაემთავრებინა. - კიდევ ერთი შეკითხვა მაქვს. - თქვა პროკურორმა. - დამნაშავე თქვენი მეგობარია? - დიახ, - უპასუხა რაიმონდმა, - მერსო ჩემი მეგობარი იყო. პროკურორმა მეც იგივე შეკითხვა დამისვა. რაიმონდს შევხედე. მას თვალი არ



 მოუშორებია. დიახ-მეთქი, მივუგე. დამცველი მოსამართლეებისკენ შეტრიალდა: - აი, კაცი, რომელიც დედის სიკვდილის მეორე დღეს ყველაზე სამარცხვინო გარყვნილობას არ თაკილობს, კლავს ადამიანს სულელური, უმნიშვნელო მიზეზების გამო, რათა ხელი შეუწყოს ბინძური ურთიერთობის გაგრძელებას. პროკურორი დაჯდა. ჩემს დამცველს მოთმინების ფიალა აევსო. წამოდგა, ხელები მაღლა ასწია, გახამებული პერანგის ნაკეცები გამოაჩინა და წამოიყვირა: - ბოლოს და ბოლოს, რაზე ასამართლებთ ამ კაცს. მკვლელობისთვის, თუ იმის გამო, რომ დედა დაასაფლავა? ხალხმა გაიცინა. პროკურორი ისევ წამოდგა, მანტიაში გაეხვია და განაცხადა: - პატივცემული დამცველი არ უნდა იყოს ისე გულუბრყვილო, რომ არ იგრძნოს თუ რაოდენ ღრმა, მნიშვნელოვანი და მჭიდრო კავშირია ამ ორ ფაქტს შორის. დიახ, - წამოიყვირა გზნებით, - მე ვადანაშაულებ ამ კაცს, რომ დედა დამნაშავის გაყინული გულით დაასაფლავა. ამ განცხადებამ ეფექტი მოახდინა ხალხზე. ჩემმა დამცველმა მხრები აიჩეჩა და შუბლზე ოფლი მოიწმინდა. ნირწამხდარი იყო და მივხვდი, რომ საქმე ცუდად მიდიოდა. სხდომა დაიხურა. როდესაც სასამართლოს შენობიდან გამოვედი მანქანაში ჩასაჯდობად, წამით ვიგრძენი ზაფხულის საღამოს სურნელება, მისი ფერი. დავიღალე, საპატიმროს მანქანის სიბნელეში საიდანღაც ამოტივტივდა ქალაქის ყველა ნაცნობი ხმაური, ოდესღაც რომ მიყვარდა, იმ გარდასულ დღეთა გნიასი, როცა მე კმაყოფილი ვიყავი. შემომესმა გაზეთების დამტარებლების შეძახილები დამძიმებულ ჰაერში, სკვერში ჩიტების ჭიკჭიკი, სენდვიჩის გამყიდველების ყვირილი, ტრამვაის მწუხარე კივილი ქალაქის მოსახვევებში და ცის შორეული გუგუნი პორტს რომ მოიცავს ბინდის ჩამოწოლისას ამ ხმათა მიხედვით თვალდახუჩული გავიგნებდი გზას, რომელსაც კარგად ვიცნობდი ციხეში ჩაჯდომამდე. დიდი ხნის წინათ, სწორედ ამ დროს, მე თავს კმაყოფილად ვგრძნობდი. ჩემი მაშინდელი ძილი მსუბუქი და უსიზმრო იყო. და მაინც შეიცვალა რაღაც: მეორე დღის მოლოდინში მე კვლავ ჩემი საკანი ვპოვე. თითქოს ზაფხულის ცაზე დახაზული ნაცნობი გზებით ზოგი ციხეში მიდის, ზოგი კი უმანკო ძილში. თავი მეოთხე ადამიანს ყოველთვის აინტერესებს, რას ამბობენ მასზე, გინდაც ბრალდებულის სკამზე იჯდეს. პროკურორი და დამცველი, როცა საქმეს არჩევდნენ, ჩემზე ბევრს ლაპარაკობდნენ, შიეძლება ითქვას, რომ უფრო ჩემზე ლაპარაკობდნენ, ვიდრე დანაშაულზე. იყო კი მათი გამოსვლები ერთმანეთისაგან დიდად განსხვავებული? დამცველი ხელებს ზევით აღაპყრობდა და დამნაშავეს იცავდა, შენდობას ითხოვდა. პროკურორი კი ხელს დამნაშავისკენ იშვერდა და დანაშაულს გულქვაობით ააშკარავებდა. რაღაც მაწუხებდა. მიუხედავად ჩემი წინასწარი შეგონებისა, ჩარევას ვცდილობდი. ,,ჩუმად იყავით, ასე უკეთესი იქნება თქვენი საქმისთვის”, - მაჩერებდა ხოლმე დამცველი. საქმე თითქოს ჩემს დაუსწრებლად ირჩეოდა. ყველაფერი ისე მიდიოდა, რომ არ ჩავრეულვარ. არაფერს მეკითხებოდნენ, ისე წყვეტდნენ ჩემს ბედს: ხანდახან სურვილი მებადებოდა, ყველა შემეჩერებინა და მეთქვა: - ,,ბოლოს და ბოლოს, ვინ არის დამნაშავე, დამნაშავის სკამზე მე ვზივარ და მეც მათქმევინეთ რამე”. მაგრამ როცა დავფიქრდებოდი, არაფერი მქონდა სათქმელი. მინდა აღვნიშნო, რომ ადამიანის ყურადღების მიპყრობა ადვილია, მაგრამ ეს ინტერესი დიდხანს არ გრძელდება. მაგალითად, პროკურორის გამოსვლამ ძალიან ჩქარა დამღალა. მისი სიტყვიდან მხოლოდ ფრაგმენტებმა, ჟესტებმა და ზოგიერთმა ტირადამ თუ მიიქცია ჩემი ყურადღება. მისი ბრალდების საფუძველი ის იყო, რომ მე განზრახვით ჩავიდინე დანაშაული. ყოველ შემთხვევაში, პროკურორი ეცადა, ასე გამოეყვანა: - მე ამას დაგიმტკიცებთ, ბატონებო, ორგზის დაგიმტკიცებთ. ჯერ ფაქტების დამაბრმავებელ შუქზე, მერე კი დამნაშავის სულის ფსიქოლოგიის ბნელ სინათლეზე. მან მოკლედ აღნიშნა ფაქტები, რაც დედაჩემის გარდაცვალების შემდეგ მოხდა. ისევ ჩემს



 უგრძნობლობაზე ილაპარაკა, იმაზე, რომ არ ვიცოდი დედაჩემის წლოვანება, ქალთან ერთად ბანაობაზე, დასაფლავების მეორე დღეს კინოში წასვლაზე, ფერნანდელზე, და ბოლოს იმაზე, რომ მე და მარი ერთად დავბრუნდით სახლში. ,,მისი საყვარელი”, ასე ახსენებდა პროკურორი მარის, მე ერთბაშად ვერც კი მივხვდი ვისზე ლაპარაკობდა, რადგანაც ის ჩემთვის მხოლოდ მარი იყო. შემდეგ ის რაიმონდის ამბავს შეეხო. ჩემის აზრით, მას თავისებურად კარგად ესმოდა ფაქტები, დამაჯერებლადაც ლაპარაკობდა: რაიმონდთან შეთანხმებით დავწერე წერილი მისი საყვარლის მოსატყუებლად, იმ მიზნით, რომ იგი ,,საეჭვო მორალის” მქონე კაცის ხელში ჩამეგდო. პლიაჟზე რაიმონდის მოწინააღმდეგენი გამოვიწვიე. რაიმონდი დაიჭრა. მას რევოლვერი გამოვართვი და უკან მარტო დავბრუნდი მკვლელობის ჩასადენად და როგორც განზრახული მქონდა, მოვკალი არაბი. შევიცადე იმისათვის, რომ დავრწმუნებულიყავი ,,სამუშაო როგორ იყო შესრულებული”, დინჯად, გაფიქრებულად და აუცდენლად კიდევ ოთხი ტყვია დავახალე. - აი ბატონებო, - განაცხადა პროკურორმა, - თქვენს წინაშე თავი მოვუყარე და მთლიანობაში წარმოვადგინე ფაქტები, რომლებმაც ეს კაცი მკვლელობამდე მიიყვანა. მან იცოდა, რაზედაც მიდიოდა. მე ამას ხაზს ვუსვამ; აქ არ არის ლაპარაკი ჩვეულებრივ მკვლელობაზე, გაუფიქრებელ საქციელზე, რომელიც მდგომარეობის მიხედვით შეიძლებოდა შემსუბუქებულიყო. ბატონებო, ეს ადამიანი ჭკვიანი კაცია, ხომ მოუსმინეთ, მას შეუძლია პასუხის გაცემა, იცის სიტყვების ფასი და არ შეიძლება ვთქვათ, თითქოს თავის საქციელისათვის ანგარიშის გაწევა არ შეეძლოს. ვუსმენდი და ვგრძნობდი, რომ ჭკვიანად მთვლიდნენ, მაგრამ არ მესმოდა, თუ როგორ უნდა ქცეულიყო ჩვეულებრივი ადამიანის თვისებები დამნაშავის გამანადგურებელ ბრალდებად. ეს მაოცებდა. ყური აღარ დამიგდია პროკურორისათვის, მაგრამ მაინც მომხვდა ყურში მისი ნათქვამი: - ერთხელ მაინც თუ გამოთქვა ამ კაცმა სინანული?არასოდეს ბატონებო. უ ც ხ ოწინასწარი გამოძიების დროს ერთხელაც არ აღელვებულა ასეთი საზიზღარი, საძაგელი დანაშაულის გამო. პროკურორი შემობრუნდა, თითი ჩემკენ გამოიშვირა და ასე განაგრძობდა კიცხვას, თუმცა კარგად ვერ ვხვდებოდი, რატომ. რა თქმა უნდა, მას სიმართლეს ვერ წავართმევდი. მართლაც არ ვნანობდი. მაგრამ მისი ასეთი გაბოროტება მაკვირვებდა, რომ შემძლებოდა, სიამოვნებით ავუხსნიდი, რომ, საერთოდ, არასოდეს არაფერი დამნანებია. მე ცხოვრებას მივყავდი, დღევანდელი და ხვალინდელი დღით ვცხოვრობდი მხოლოდ, მაგრამ ჩემს მდგომარეობაში მყოფს უფლება არ მქონდა ამ ტონით მელაპარაკა. არ მქონდა უფლება გულკეთილი ვყოფილიყავი, მქონოდა კარგი სურვილები და ისევ ყური მივუგდე. რადგან პროკურორი ჩემს სულს შეეხო. მას ჩაუხედავს ჩემს სულში და ვერაფერი დაუნახავს, ბატონო მოსამართლეებო. ამბობდა, რომ საერთოდ არ გამაჩნდა სული და არც არაფერი ადამიანური ჩემთვის არ იყო მისაწვდომი, არ გამაჩნდა არავითარი მორალური პრინციპი, რომელიც იფარავს ადამიანობას. - ვიცი, რომ ამაში ვერ დავადანაშაულებთ. ვერ გავკიცხავთ იმისათვის რაც არა აქვს. მაგრამ როცა საქმე სასამართლოს ეხება, სიბრალულის გრძნობამ, რომელიც სრულიად საწინააღმდეგოა შემწყნარებლობისა, ადგილი უნდა დაუთმოს სამართლიანობასა და ჭეშმარიტებას, რომელიც უფრო ძნელი გამოსახატავია და მაღლაც დგას. მით უფრო, როცა გულის სიცარიელე, რომელიც ამ კაცში აღმოაჩინეს, იქცევა უფსკრულად, სადაც მთელი საზოგადოება შეიძლება დაიღუპოს. - ეს აზრი მაშინ გამოთქვა, როდესაც დედისადმი ჩემს დამოკიდებულებაზე ილაპარაკა. ახლაც იგივე გაიმეორა, რაც ადრე ითქვა, მაგრამ უფრო ხანგრძლივად, ვიდრე მაშინ, როდესაც ჩემს დანაშაულს არჩევდნენ. იმდენი ილაპარაკა, რომ გამოვეთიშე და სიცხის მეტს ვერაფერს ვგრძნობდი. ცოტა ხნის შემდეგ სიჩუმე ჩამოვარდა. პროკურორმმა კვლავ დაიწყო ხმადაბლა, გულში ჩამწვდომი ხმით: - იგივე სასამართლო, ბატონებო, ხვალ გაასამართლებს ყველაზე დიდ დამნაშავეს: მამის მკვლელს. - მისი აზრით, წარმოუდგენელი იყო ასეთი შემზარავი საქციელი. იმედი ჰქონდა, რომ მართლმსაჯულება ყოველგვარი შენდობის გარეშე გამოიტანდა განაჩენს. არ ეშინოდა იმ აზრის გამოთქმისაც კი, რომ



 ეს საზარელი მკვლელობა და ჩემი გულცივობა თითქმის ერთნაირი იყო. - კაცი, რომელიც მორალურად კლავს დედას, ისევე იკვეთება საზოგადოებიდან, როგორც კაცი, რომელიც ხელს აღმართავს მამაზე. როგორც არ უნდა მიუდგეთ ამ ორ დანაშაულს, პირველმა ნიადაგი მოუმზადა მეორეს, თითქოს მოსალოდნელიც გახადა და გაამართლა. დარწმუნებული ვარ იმაში, ბატონებო, - დასძინა მან, და ხმას აუწია, - თავხედობაში არ ჩამომართმევთ თუ ვიტყვი, რომ კაცს, რომელიც ახლა დამნაშავის სკამზე ზის, დანაშაული მიუძღვის იმ მკვლელობაშიც, რომელიც სასამართლომ ხვალ უნდა გაარჩიოს. ამიტომ ისე უნდა დაისაჯოს, როგორც დაიმსახურა. - პროკურორმა ოფლით აპრიალებული სახე მოიწმინდა. ბოლოს აღნიშნა, რომ მძიმე მოვალეობა ჰქონდა დაკისრებული, მაგრამ ვალს მტკიცედ მოიხდიდა. განაცხადა, რომ მე საზოგადოების ძირითად წესებს არ ვიცნობდი, და არც უნდა მეცხოვრა ამ საზოგადოებაში; ვერც ლმობიერებას მოვთხოვდი ვინმეს, რადგან მე თვითონ გულცივი ვიყავი. - მე ამ კაცის სიკვდილით დასჯას მოვითხოვ და ამას ყოველგვარი სინანულის გარეშე ვამბობ. ჩემი ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში თუ ოდესმე მქონია შემთხვევა დაჟინებით მომეთხოვა სასჯელის უმაღლესი ზომა ისე, როგორც დღეს, არასდროს მიგრძვნია, რომ ჩემი ძნელი მოვალეობა კეთილსინდისიერად შევასრულე, მისგან განვთავისუფლდი და ჩემი სინდისი განიწმინდა აუცილებელი მოვალეობისაგან. ამ კაცში ურჩხულის მეტს ვერაფერს ვხედავ. როცა პროკურორი დაჯდა, სიჩუმე ჩამოვარდა. მე განცვიფრებული ვიყავი, სიცხით გაბრუებული. თავმჯდომარემ ჩაახველა და ჩუმად მკითხა, რამეს ხომ არ დაამატებთო. ლაპარაკი მსურდა, წამოვდექი და ანგარიშმიუცემლად ვთქვი, რომ არაბის მოკვლა არ მქონდა განზრახული. - ეს მტკიცებაა, - თქვა თავმჯდომარემ, - ამდენ ხანს ვერ გავერკვიე თქვენს თავდაცვის სისტემაში და სანამ დამცველს მოვუსმენდე, მსურდა დამეზუსტებინა ის მოტივები, რომლებმაც შთაგაგონათ ეს საქციელი. აჩქარებით წარმოვთქვი, ეს მზის გამო მოხდა-მეთქი. სიტყვები მერეოდა და ვგრძნობდი, რომ სასაცილო ვიყავი. დარბაზში აქა-იქ გაეცინათ. ჩემმა დამცველმა მხრები აიჩეჩა. მაშინვე მისცეს სიტყვა. მოითხოვა სხდომა შუადღისათვის გადაედოთ, რადგან რამდენიმე საათის სალაპარაკო ჰქონდა და ვერ მოასწრებდა. სასამართლო დაეთანხმა. შუადღისას დიდი ვენტილატორები ისევ ანიავებდნენ დარბაზის დახუთულ ჰაერს. მოსამართლეთა ნაირფეროვანი მარაოები ისევ ირხეოდა. ასე მეგონა, ჩემი დამცველის სიტყვა არასდროს გათავდებოდა. რაღაც მონაკვეთში ყური დავუგდე, რადგანაც ასე მომესმა: ,,მართალია, მე მოვკალი”, შემდეგ იგივე ტონით განაგრძო. როცა ჩემზე ლაპარაკობკა, ,,მეო”, ამბობდა ხოლმე. ძალიან გამიკვირდა, ჟანდარმისაკენ გადავიწიე და ვკითხე, რატომ ამბობდა ასე. მითხრა, გაჩუმდიო, ცოტა ხნის მერე დასძინა: - ყველა დამცველმა ასე იცის. ალბათ, ასე იმიტომ აკეთებდა, რომ მთლიანად ჩამოვეცილებინე საქმეს, სურდა, ჩემი მაგივრობა გაეწია, მე კი არარაობად ვექციე. ესეც მალე გადამავიწყდა და ისევ გამოვეთიშე სასამართლო დარბაზს. ჩემი დამცველი სასაცილო მომეჩვენა. მან თქვა, რომ წამაქეზეს და სწრაფად გადავიდა ჩემს სულზე. მომეჩვენა, რომ პროკურორზე უნიჭო იყო: - მეც ჩავიხედე ამ სულში, და სახალხო სასამართლოს წარჩინებული წარმომადგენლის საწინააღმდეგოდ, შემიძლია ვთქვა, რომ ის გადაშლილი წიგნივით წავიკითხე და ბევრი რამ ვპოვე მასში. - ამოუკითხავს, რამ პატიოსანი კაცი ვიყავი, კეთილსინდისიერი მუშაკი, დაუღალავი მშრომელი, ერთგული დაწესებულებისა, სადაც ვმუშაობდი, ყველასთვის საყვარელი და სხვისი გაჭირვების თანამგრძნობი. მისი აზრით, სამაგალითო ვაჟიშვილი ვიყავი, და ვუვლიდი დედას, სანამ შემეძლო. ბოლოს, დავრწმუნდი, რომ თავშესაფარი დედაჩემს იმ კომფორტს მისცემდა, რომელიც



 ჩემთან აკლდა. - მიკვირს, ბატონებო, - განაგრძო მან, - რომ ასეთი ხმაური ატეხეთ ამ თავსესაფრის გარშემო. იმისათვის, რომ ნათელი იყოს ამგვარი დაწესებულებების მნიშვნელობა, საკმაო იქნება ითქვას, რომ მათ სახელმწიფო უმართავს ხელს. დამცველს დასაფლავება არ უხსენებია და ვიგრძენი, რომ მის დასაცავ სიტყვას ეს აკლდა. ამ გრძელი ფრაზების, ამ დღეებისა და ამ გაუთავებელი საათის გამო, როცა ჩემს სულზე ლაპარაკობდნენ, მომეჩვენა, რომ ყველაფერი მღვრიე წყალმა წალეკა და თავბრუ დამეხვა. უ ც ხ ო სანამ ჩემი დამცველი ლაპარაკობდა, ნაყინის გამყიდველის საყვირის ხმამ დარბაზის და ტრიბუნალის სივრცე გაარღვია და ჩემამდე მოაღწია. წამიღო იმ ცხოვრების მოგონებამ, რომელიც მე აღარ მეკუთვნოდა, სადაც უფერული და საცოდავი ბედნიერება დამრჩა. გამახსენდა ზაფხულის სურნელება, საყვარელი უბანი, ღამეული ცა, მარის სიცილი და კაბები. გამახსენდა უქმად გატარებული დრო, და სიბრაზე ყელში მომაწვა. მინდოდა ჩქარა მოთავებულიყო ყველაფერი, რათა ჩემს საკანს დავბრუნებოდი და დამეძინა. ბოლოს, ყური მოვკარი, როგორ გაჰკიოდა ჩემი დამცველი, რომ სასამართლო სასიკვდილოდ არ გაიმეტებს პატიოსან მომუშავეს, რომელსაც წუთიერმა ცდომამ გზა-კვალი აუბნია და ითხოვდა დანაშაულის შემსუბუქებას. მე უკვე სამუდამოდ მქენჯნიდა სინდისი და ეს ყველაზე უეჭველი სასჯელი იყო. სასამართლო დაიხურა. დამცველი მოქანცული დაჯდა, მასთან ხელის ჩამოსართმევად კოლეგები მოვიდნენ: - თქვენი გამოსვლა ბრწყინვალე იყო, ძვირფასო: ერთ-ერთმა მათგანმა მეც კი დამიმოწმა: - არა? დავეთანხმე, მაგრამ, ჩემი მილოცვა არ იყო გულწრფელ. მე ძალიან დავიღალე. გარეთ დრო გადიოდა, სიცხეც ნელდებოდა. ქუჩის ხმაური მესმოდა და საღამოს სიმშვიდეს ვგრძნობდი. ყველანი რაღაცას ველოდებოდი და ის, რასაც ერთად ველოდებოდით, მხოლოდ მე მეხებოდა. დარბაზს გადავხედე, თითქმის არაფერი შეცვლილიყო; ნაცრისფერ ქურთუკიანი ჟურნალისტისა და ქალი-ავტომატის მზერას შევხვდი. ამ დროს გამახსენდა, რომ მთელი პროცესის განმავლობაში მარი არც ერთხელ არ მომიძებნია. მართალია, არ დამვიწყებია, მაგრამ ძალიან ვიყავი დაკავებული. მარი სელესტსა და რაიმონდს შორის იჯდა. მან რაღაც მანიშნა, თითქოს, როგორც იქნაო, მეუბნებოდა. სახეზე მწუხარება აღბეჭდვოდა და მაინც იღიმებოდა. გული დახურული მქონდა. ვერც კი შევძელი მეპასუხა ამ ღიმილზე. სასამართლო შემოვიდა. ნაფიც მსაჯულებს მრავალი შეკითხვა მისცეს. ყური მოვკარი: ,,მკვლელი, დამნაშავე”... ,,წინასწარგანზრახვა”... ,,შემამსუბუქებელი გარემოებანი”. მოსამართლენი ისევ გავიდნენ. მე კი იმ პატარა ოთახში გამიყვანეს, სადაც ერთხელ უკვე მალოდინეს. ჩემთან დამცველი შემოვიდა. ის სიტყვაუხვი იყო და ისეთი ნდობით და გულისხმიერებით მელაპარაკებოდა, როგორც არასოდეს. იმედოვნებდა, ყველაფერი კარგად გათავდება და რამდენიმე წლის პატიმრობით ან კატორღით გადარჩებაო. ვკითხე, არასასურველი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში მქონდა თუ არა კასაციის უფლება. არაო, მიპასუხა, არ უნდოდა მსაჯულები გაეგულისებინა. განაჩენის გასაჩივრება ასე უმიზეზოდ არ შეიძლებაო. ეს სარწმუნოდ მეჩვენა და მის ნათქვამს დავუჯერე. საქმისათვის რომ საღად შეგეხედათ, ყველაფერი ბუნებრივი იყო. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბევრი ქაღალდი დაიხარჯებოდა უმიზნოდ. - უკიდურეს შემთხვევაში, - მითხრა დამცველმა, - შეგიძლია პატიება ითხოვო, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ეს არ დაგვჭირდეა. დიდხანს მოგვიხდა ლოდინი. ასე, ორმოცდახუთი წუთი. ბოლოს ზარის ხმაც გაისმა. დამცველმა დამტოვა და გამაფრთხილა: - ნაფიც მსაჯულთა თავმჯდომარე პასუხს წაიკითხავს. თქვენ მხოლოდ მაშინ



შემოგიყვანენ, როცა სასამართლო განაჩენს გამოაცხადებს. კარებმა გაიჯახუნა, მესმოდა, როგორ არბოდა ხალხი კიბეზე. ვერ გავარჩიე, ახლოს იყვნენ თუ შორს. შემდეგ დარბაზიდან დახშული ხმა მომესმა. რაღაცას კითხულობდნენ. კიდევ ერთხელ გაისმა ზარის წკრიალი. ისევ დარბაზში შემიყვანეს და ჩემკენ სიჩუმე წამოვიდა, სიჩუმე და რაღაც უცნაური გრძნობა, რომელიც მაშინ დამეუფლა, როცა ახალგაზრდა ჟურნალისტმა თვალი ამარიდა. მარისკენ არ გამიხედავს, ამის დრო არ მქონდა. თავმჯდომარემ საზარელი ხმით გამოაცხადა, რომ ფრანგი ხალხის სახელით საჯარო მოედანზე თავს მომკვეთდნენ. თითქოს ვიგრძენი იქ მყოფთა სახეებზე გამოხატული გრძნობა. ეს თანაგრძნობა უნდა ყოფილიყო. ჟანდარმები ლმობიერად მექცეოდნენ. დამცველმა ხელი ხელზე დამადო. აღარაფერზე აღარ ვფიქრობდი. თავმჯდომარემ მკითხა, რამეს ხომ არ იტყვითო. დავფიქრდი. - არა, - ვუპასუხე. ამის შემდეგ გამომიყვანეს. თავი მეხუთე მღვდლის მიღებაზე უკვე მესამედ ვთქვი უარი. სათქმელი არაფერი მაქვს და არც ლაპარაკის სურვილი. მღვდელს ისედაც მალე ვნახავ. ყველაზე მთავარი ჩემთვის ახლა ის არის, რომ გარდუვალობას გავექცე, გავიგო, თუ შეიძლება გამოსავალის პოვნა. სხვა საკანში გადამიყვანეს. აქ, როცა გულაღმა ვწევარ, ცას ვხედავ, მხოლოდ ცას. მთელ დროს იმაში ვატარებ, რომ ვუმზერ ცის ფერისცვალებას. იმას, როგორ იცვლება დღე ღამით. ხელები თავქვეშ მაქვს ამოდებული და ასე ვიცდი. არ ვიცი, რამდენჯერ შევეკითხე ჩემს თავს, ყოფილა თუ არა შემთხვევა, როცა სიკვდილმისჯილებს თავი დაეღწიათ ულმობელი მექანიზმისათვის, გაუჩინარებულან განაჩენის სისრულეში მოყვანამდე, გაურღვევიათ აგენტების რკალი. თავს ვკიცხავდი, რომ აქამდე საკმაო ყურადღებას არ ვაქცევდი სიკვდილით დასჯის შემთხვევებს. ადამიანს ყოველთვის უნდა აინტერესებდეს ეს საკითხი. არავინ იცის, ვის რა მოელის. როგორც ყველა, მეც ვკითხულობდი მოკლე ცნობებს გაზეთებში. რა თქვა უნდა, არსებობდა სპეციალური ნაშრომები, რომლებშიც ჩახედვა არასოდეს მომსვლია აზრად. იქნებ ამომეკითხა გაქცევის შემთხვევები, გავიგებდი, რომ ერთხელ მაინც გაჩერდა ბორბალი, რომ მოვლენათა მსვლელობაში შემთხვევამ და ბედმა ერთხელ მაინც შეცვალეს რაღაც. ერთხელ! ჩემთვის ესეც საკმარისი იქნებოდა. ამის შემდეგ ჩემი გული ყველაფერს აიტანდა. გაზეთებში ხშირად ლაპარაკობდნენ, რომ საზოგადოების წინაშე ყველას გარკვეული ვალი აქვს. საჭირო იყო ამ ვალის მოხდა. ამაზე სულაც არ ვფიქროდი. მთავარი იყო, გაქცევის შესაძლებლობა მომცემოდა. ერთი ნახტომი ამ ულმობელი რიტუალიდან, ლტოლვა სიგიჟისაკენ, რომელიც ფრთებს შეასხამდა იმედს. და, მაინც რა იყო ეს იმედი? დამადევნებდნენ მდევარს და გზაზე წამოწეული ტყვია სადღაც ქუჩის კუთხეში ბოლოს მომიღებდა. მაგრამ, რომ დავფიქრდი, ესეც მიუწვდომელი ფუფუნება იყო ჩემთვის. ჩემი მდგომარეობა ამას მიკრძალავდა. მე ისევ მექანიზმის ხელში ვიყავი. მიუხედავად დიდი სურვილისა, ვერ შევეგუე ამ ულმობელ გარდუვალობას: მის განუხრელ, მშვიდ განვითარებასა და იმ განაჩენს შორის, რომელმაც იგი დააფუძნა, სასაცილო დისპროპორცია არსებობდა. ის ფაქტი, რომ განაჩენი ოც საათზე წაიკითხეს და არა ჩვიდმეტზე, ის რომ შეიძლებოდა განაჩენი სხვანაირი ყოფილიყო, და რომ განაჩენი გამოიტანეს იმათ, ვინც საცვალს იცვლის, თანაც ფრანგი (თუნდაც გერმანელი ან ჩინელი) ხალხის სახელით, რაც ბოლოს და ბოლოს, ერთობ აბსტრაქტული მცნებაა, ჩემი აზრით, ცოტა არ იყოს, სერიოზულობას აკარგვინებდა ამგვარ გადაწყვეტილებას. უ ც ხ ომიუხედავად ამისა, უნდა მეღიარებინა, რომ, როგორც კი გამოიტანეს ეს განაჩენი, მისი ძალა გახდა ისეთივე რეალური და უეჭველი, როგორც იმ კედლის არსებობა რომელსაც მთელი სხეულით ვეკვროდი. ამ დროს ერთი ამბავი გამახსენდა. დედა მამაზე მიყვებოდა ხოლმე. მამა არ მახსოვს. ყველაფერი,



 რაც ამ კაცზე ვიცოდი, დედაჩემის მონაყოლი იყო. ერთხელ მამაჩემი მკვლელის დასჯის სანახავად წასულა. მარტო ის აზრი, რომ იქ უნდა წასულიყო, ცუდად ხდიდა თურმე. მაინც წავიდა, შემდეგ მთელი დილა გული ერეოდა. ეს რომ გავიგე, მამაჩემი ცოტა შემეზიზღა. ახლა მივხვდი, ეს ბუნებრივი იყო. თუ ოდესმე მეღირსებოდა ციხიდან გამოსვლა, ყოველთვის წავიდოდი სიკვდილით დასჯის სანახავად. სისულელე იყო მეფიქრა, რომ ასეთი შესაძლებლობა მომეცემოდა. მოწამლული სიხარულის ტალღა გულზე მაწვებოდა იმის გაფიქრებაზე, რომ ერთ მშვენიერ დილას თავისუფალი ვიქნებოდი, გავხდებოდი დასჯის სანახავად მოსული მაყურებელი, რომელსაც მერე შეიძლება აღებინოს. სულელური აზრი იყო. უფლება არ მქონდა მეფიქრა ამ ჰიპოთეზაზე, ამის გაფიქრება და შემაძრწუნებელი სიცივის გრძნობა ერთი იყო და ისევ საბნის ქვეშ ვიკუნტებოდი. კბილს კბილზე მაცემინებდა და თავს ვერ ვიკავებდი. ბუნებრივია, ადამიანი ყოველთვის გონიერი ვერ იქნება. ზოგჯერ კანონების პროექტს ვადგენდი, სასჯელს ვაუქმებდი. აღმოვაჩინე, რომ მსჯავრდებულისათვის მთავარი რაღაც შანსის მიცემა იყო. ათასში ერთი შესაშლებლობაც საკმარისი იქნებოდა რაიმეს მოსახერხებლად. მეჩვენებოდა, რომ შეიძლებოდა ქიმიური შემადგენლობის პოვნა, რომლის მიღება ათში ცხრა პაციენტს მოჰკლავდა - (პაციენტს-მეთქი, სწორედ ასე ვფიქრობდი). თან ეს უნდა სცოდნოდა დამნაშავეს. როდესაც კარგად ჩავუფიქრდი, აღმოვაჩინე, რომ გილიოტინის ნაკლი ის არის, რომ გადარჩენის არავითარი შესაძლებლობა არ არსებობს, აბსოლუტურად არავითარი. ერთხელ და სამუდამოდ პაციენტის სიკვდილი გადაწყვეტილია. ეს გათავებული საქმეა, კარგად გაფიქრებული კომბინაცია, დადგენილი ხელშეკრულება, რომელსაც არასოდეს უბრუნდებიან. თუ რაღაც სასწაულად გილიოტინის დანა აგცდა, ყველაფერი თავიდან იწყება. საშინელებაა იმის გააზრება, რომ სურვილი გებადება მანქანამ ზუსტად იმუშაოს. ჩემი აზრით, ეს ამგვარი დასჯის უარყოფითი მხარეა. ერთის მხრივ, ასეცაა, მეორეს მხრივ კი, უნდა ვაღიარო, რომ კარგი ორგანიზაციის მთელი საიდუმლოებაც ამაშია. მსჯავრდებული მორალურად მონაწილეობს და თვითონაც მოწადინებულია, რომ ყველაფერი შეუფერხებლად წარიმართოს. იძულებული ვიყავი მეღიარებინა, რომ ამ საკითხზე აქამდე არასწორად ვფიქრობდი. არ ვიცი რატომ, დიდხანს მჯეროდა, რომ გილიოტინამდე მოსასვლელად ეშაფოთზე საფეხურებით უნდა ავსულიყავი, ალბათ იმიტომ, რომ ასე ხდებოდა 1789 წლის რევოლუციის დროს. ასე მასწავლეს, ასე დამანახეს. მაგრამ, ერთ დილას, გაზეთებში გამოქვეყნებული ფოტოსურათი გამახსენდა. ფოტოსურათზე სიკვდილით დასჯა იყო აღბეჭდილი, რომელმაც დიდი ხმაური გამოიწვია. მანქანა პირდაპირ მიწაზე იდგა. ამაზე უბრალო არაფერი მინახავს. ბევრად ვიწრო იყო, ვიდრე წარმოვიდგენდი. ახლა მეცინება, რომ ამით ადრე არ დავინტერესებულვარ. სურათზე გამოხატულმა მანქანამ გამაოცა, იგი ზუსტ ხელსაწყოს ჰგავდა, სრულყოფილი იყო და ელვარე. ადამიანს, რაც არ უნახავს, იმაზე გაზვიადებული წარმოდგენა აქვს. ამის შემდეგ მივხვდი, რომ ყველაფერი ძალიან უბრალო იყო: მანქანა კაცის სიმაღლეზე დგას და ადამიანი მისკენ მიემართება ისე, თითქოს ვინმეს ეგებება. არც ეს არის სასიამოვნო. უფრო ადვილი წარმოსადგენია ეშაფოტზე სიკვდილი, როცა კიბეებით მაღლა, ცისკენ იწევ. აქ კი მექანიზმი ყველაფერს ანადგურებს. გკლავენ შეუმჩნევლად, მაგრამ დიდი სიზუსტით. კიდევ ორ რამეზე ვფიქრობდი განუწყვეტლივ: გარიჟრაჟზე და შენდობაზე. თავს ვიმშვიდებდი, გავწვებოდი, ცას შევცქეროდი და ვცდილობდი, აღარაფერზე მეფიქრა. ცა მწვანდებოდა. საღამო დგებოდა. თავს ისევ ძალას ვატანდი და ფიქრებს გავურბოდი. ჩემს გულისცემას ვუსმენდი. არ შემეძლო წარმოდგენა, რომ როდესმე შეჩერდებოდა გულისცემა, რომელიც მუდამ თან მდევდა. არ შემეძლო ჩემი სიკვდილის წარმოსახვა. წარმოუდგენელი იყო ერთი წამიც კი გულისცემის გარეშე. ამაოდ ვფიქრობდი. გარიჟრაჟი და შენდობა ისევ თავში მიტრიალებდა. ბოლოს გადავწყვიტე, აღარ მეტანჯა, თავისთვის ძალა აღარ დამეტანებინა. ვიცოდი, რომ გარიჟრაჟზე იციან მოსვლა. ბოლოს, იქამდე მივედი, რომ ღამეებს გარიჟრაჟის



 ლოდინში ვათენებდი. არ მინდოდა მოულოდნელად წამსწრებოდნენ. როდესაც რამე უნდა შემემთხვეს, მირჩევნია, მზად ვიყო. ამიტომაც დღის განმავლობაში ცოტას წავთვლემდი ხოლმე და მთელი ღამე მოთმინებით ველოდებოდი სინათლის დაბადებას. მე ის დროც ვიცოდი, როდესაც დამნაშავის წასაყვანად მოდიოდნენ, და მაშინ ძალიან მიჭირდა ხოლმე. ნაშუადღევს ვიცდიდი და ვდარაჯობდი. ჩემს სიცოცხლეში არასოდეს არ მომისმენია ამდენნაირი ხმაური, მკვეთრი და ერთმანეთსაგან განსხვავებული. ბედი მწყალობდა. ამ ხნის განმავლობაში ერთხელაც არ გამიგია ნაბიჯის ხმა. დედაჩემი ხშირად იტყოდა ხოლმე: ადამიანი მთლად უბედური არასოდეს არისო. როდესაც ინათებდა და დღე ჩემს საკანში შემოცურდებოდა, მეც ვრწმუნდებოდი ამაში. ნაბიჯების ხმა რომ გამეგო, გული გამისკდებოდა. უმნიშვნელო გაფაჩუნებაც კარისკენ მიმარბენინებდა. კარებს ავეკვრებოდი, თავდავიწყებით ვუგდებდი ყურს და ველოდი, სანამ საკუთარ სუნთქვას არ გავიგონებდი. ახლა ამ ხრინწიანი სუნთქვის მეშინოდა, რომელიც ძაღლის ხიხინს მაგონებდა. გული მაინც არ მისკდებოდა. წინ კიდევ ოცდაოთხი საათის სიცოცხლე მრჩებოდა. მთელი დღე შენდობაზე ვფიქრობდი, ეს ფიქრი კეთილისმყოფელი იყო. ანალიზს ვუკეთებდი ჩემს მოქმედებას და საუკეთესო დასკვნა გამომქონდა. ყველაზე უარესს ვვარაუდობდი; ვთქვათ, არ მაპატიეს; მაშინ მოვკვდები, სხვებზე ადრე, რაღა თქმა უნდა, მაგრამ ყველასთვის ნათელია, ცხოვრება არ ღირს იმად, რომ იწვალო. სიკვდილი სიკვდილია, ოცდაათი წლის ასაკშიც და ხანდაზმულობის დროსაც. სიცოცხლე მაინც დარჩება სხვების სახით, და ასე იქნება მუდამ. თითქოს ყველაფერი ნათელი იყო. უკვდავი ხომ არ ვიყავი, ახლა, თუ ოცი წლის მერე, მაინც მოვკვდებოდი. ყველაზე მეტად ეს საზარელი ნახტომი მაწუხებდა, მაწუხებდა ოცი წლის დაკარგული სიცოცხლე. ისღა დამრჩენოდა, ჩამეხშო ამგვარი ფიქრები, ისღა დამრჩენოდა, მეფიქრა, რომ ოცი წლის შემდეგაც ამ დასკვნამდე მივიდოდი. მაშასადამე, როცა კვდება ადამიანი, როდის და როგორ, ამას მნიშვნელობა არა აქვს. უ ც ხ ომინდოდა, არ დამკარგვოდა ეს ,,მაშასადამე”. მაშასადამე, პატიებაზე შეიძლება უარიც ეთქვათ. ამ დროს, მხოლოდ ამ დროს ვაძლევდი ჩემს თავს უფლებას გადავსულიყავი მეორე ვარაუდზე: ვთქვათ მართლაც მაპატიეს; აუცილებელი იყო დამეოკებინა სისხლისა და სხეულის მისწრაფება თავისუფლებისადმი, გიჟური სიხარული, რომელიც თვალებს მიწვავდა. საჭირო იყო დამეხშო ყვირილი და ყოველივე გონების თვალით განმეჭვრიტა. ბუნებრივი ვყოფილიყავი მაშინაც, თუ მეორე ვარაუდი გამართლდებოდა, რათა უფრო ნათლად წარმომედგინა, როგორ დავნებდი პირველს. და ასე, მე ერთი საათის სიმშვიდე მოვიგე, ესეც მხედველობაში იყო მისაღები. ამგვარი ფიქრის დროს ერთხელ უარი განვაცხადე მღვდლის მიღებაზე. ვიწექი და ვგრძნობდი ცის უცნაურ სითეთრეს, ზაფხულის საღამოს მოახლოვებას. ის იყო, უარვყავი ჩემი პატიება და ვგრძნობდი სისხლის მონოტორულ მოძრაობას. არ მჭირდებოდა მღვდლის ნახვა. პირველად ამდენი ხნის განმავლობაში მარი გამახსენდა. ბევრი გრძელი დღე გავიდა მას შემდეგ, რაც მარის აღარ მოუწერია. იქნებ, დაიღალა იმით, რომ სიკვდილმისჯილის საყვარელია. ისიც გავიფიქრე, შეიძლება, ავად არის, ან მოკვდა-მეთქი. ეს ჩვეულებრივი მოვლენა იყო. ვეღარაფერს გავიგებდი. ჩვენი სხეულები ახლა უკვე ერთმანეთისგან შორს იყო, არაფერი არ გვაკავშირებდა და აღარაფერი არ გვახსენებდა ერთიმეორეს. ამ მომენტიდან მარის გახსენებას ჩემთვის მნიშვნელობა არ უნდა ჰქონოდა. მკვდარი აღარ მაინტერესებდა. ამას ბუნებრივად ვთვლიდი, რადგან სიკვდილის შემდეგ მეც ყველა დამივიწყებს. მათ ჩემთან უკვე აღარაფერი ექნებათ საერთო. ამაზე ფიქრი ძნელი არ იყო. სწორედ ამ დროს მღვდელი შემოვიდა. მის დანახვაზე გამაჟრჟოლა. შემნიშნა და მითხრა, ნუ გეშინიაო. ვიცი, ჩვეულებრივ აღსარებისთვის მოდიხათ-მეთქი. მიპასუხა, ისე მოვედი, როგორც მეგობარი და არც კი ვიცი, რომ პატიება ითხოვეთო. ხის ტახტზე ჩამოჯდა და მთხოვა გვერდზე



 მივჯდომოდი. უარი ვუთხარი. არ გაბრაზებულა. ერთხანს ასე იჯდა, თავი დაეხარა, ხელები მუხლებზე დაეწყო და ზედ დასცქეროდა. თხელი და ძარღვიანი ხელები ჰქონდა, რომლებიც ორ ცქვიტ ცხოველს მაგონებდა. ხელს ხელზე ისვამდა და იფშვნეტდა. ისე დიდხანს იჯდა თავდახრილი, რომ დამავიწყდა კიდეც. უცებ თავი ასწია და პირდაპირ სახეში შემომხედა: - რატომ ამბობთ უარს ჩემს მიღებაზე? ვუპასუხე, რომ ღმერთი არა მწამდა. - დარწმუნებული ხართ? - მკითხა. კითხვაც ზედმეტია, ისე ვარ დარწმუნებული-მეთქი, ვუპასუხე. მისი კითხვები უმნიშვნელო მეჩვენებოდა. ის უკან გადაიხარა, მხრებით კედელს მიეყრდნო და ხელები მუხლებზე დაიწყო. ისე, თითქოს მე არც მელაპარაკებოდა, თქვა, ზოგჯერ გგონია, დარწმუნებული ხარ რამეში, მაგრამ სინამდვილეში შეიძლება სულაც არ იყოს ასე. ვდუმდი. შემხედა და მკითხა: - რას ფიქრობთ ამაზე? შეიძლება, იმაში არ ვიყო დარწმუნებული, რაც მაინტერესებს, მაგრამ რაც არ მაინტერესებს, ის კი ნამდვილად ვიცი-მეთქი, მივუგე. თვალი ამარიდა და ისევ იმ პოზაში დარჩა. მკითხა, იქნებ ასე იმიტომ ლაპარაკობთ, რომ სასოწარკვეთილებაში ხართო ჩავარდნილი. ავუხსენი, სასოწარკვეთილებას არ მივცემივარ, მაგრამ, მეშინია-მეთქი. ეს ბუნებრივი იყო. - ღმერთი გიშველით, - შენიშნა მან, - როგორც ვიცი, ყველა სიკვდილმისჯილი ბოლოს მისკენ იბრუნებს ხოლმე პირს. - ეს მათი საქმეა, - მივუგე მე, - ალბათ, მათ საამისო დრო ჰქონდათ. მე კი, არ მსურდა დახმარება და დროც არ მრჩებოდა დავინტერესებულიყავი იმით, რაც არ მაინტერესებდა. ხელები გაასავსავა, მერე წამოიმართა და ანაფორის ნაკეცები გაისწორა. სათქმელი დაამთავრა და მომმართა: ,,ჩემო მებობარო”. ასე იმიტომ კი არ მელაპარაკებოდა, რომ სიკვდილმისჯილი ვიყავი; მისი აზრით, ჩვენ ყველანი სიკვდილის შვილები ვიყავით. შევაჩერე და ვუთხარი, რომ ეს არ არის ერთი და იგივე და არც დასამშვიდებლად გამოდგება. - დღეს თუ არა, როდესმე ხომ მაინც მოკვდებით, მაშინაც იგივე განმეორდება; როგორ მიუდგებით ამ საშინელ გამოცდას? ისევე, როგორც დღეს-მეთქი, ვუპასუხე. წამოდგა და პირდაპირ თვალებში შემხედა. ამ თამაშს კარგად ვიცნობდი. ასე ხშირად ვერთობოდი ემანუილთან და სელესტთან. ისინი ვერასოდეს ვერ უძლებდნენ ჩემს მზერას. მღვდემაც კარგად იცოდა ეს თამაში, მაშინვე გავუგე. უტეხად მიცქერდა, ხმაც არ უკანკალებდა: - მაშ, არავითარი იმედი არა გაქვთ, იმ აზრით ცხოვრობთ, რომ მოკვდებით და სამუდამო სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებთ? - დიახ, - ვუპარუხე მე. მან თავი დახარა და დაჯდა. მღვდელს ვეცოდებოდი. მისი აზრით, ეს აუტანელი იყო. ვიგრძენი, რომ თავი მომაბეზრა, ზურგი შევაქციე და სარკმლისკენ გავემართე. მხრით კედელს მივეყრდენი, აღარ ვუსმენდი, მაგრამ მივხვდი, რომ დაკითხვას განაგრძობდა. შეწუხებული და აჩქარებული ხმით ლაპარაკობდა. აღელვებული იყო და ყური დავუგდე. მარწმუნებდა, სიცოცხლეს გაჩუქებენ, მაგრამ ჯობია განთავისუფლდეთ ამ ცოდვის სიმძიმისაგან, რომელსაც ახლა ატარებთო. მისი აზრით, კაცთა სამართალი, ღმერთის სამართალთან შედარებით არაფერი იყო. შევნიშნე, რომ მე სწორედ პირველმა სამართალმა დამსაჯა. მიპასუხა, ცოდვებისაგან მაინც არ ხართო განბანილი. ვუთხარი: - მე არ ვიცი რა არის ცოდვა: მითხრეს, რომ დამნაშავე ვარ და სასჯელსაც ვიხდი.



 ამაზე მეტს ვეღარაფერს მომთხოვენ. ხელახლა წამოდგა და გავიფიქრე, რომ ასეთ ვიწრო საკანში განძრევის საშუალება არ მიეცემოდა, უნდა მჯდარიყო ან მდგარიყო. იატაკს დავაშტერდი. ერთი ნაბიჯი ჩემკენ გადმოდგა და შეჩერდა, თითქოს ვერ ბედავდა მოახლოებას. რკინის ბადის მიღმა ცას მიაშტერდა. - თქვენ ცდებით, შვილო ჩემო, - მითხრა მან, - თქვენთვის შეიძლებოდა მეტიც მოეთხოვათ. იქნებ მოგთხოვონ კიდეც. - რა? - დანახვა. - დანახვა რისა? მღვდელმა მიიხედ-მოიხედა, შემდეგ დაღლილი ხმით მიპასუხა: - ვიცი, ყველა ამ ქვას ტკივილისაგან ქანცი აქვს გაწყვეტილი. აუღელვებლად არ შემიძლია მათი მზერა. გულის სიღრმიდან ვგრძნობ, ვიცი, რომ ყველაზე უბადრუკსაც თქვენს შორის, მასზე ღვთაებრივი სახე დაუნახავს. სწორედ ამ სახის დანახვას მოითხოვენ თქვენთან. ცოტა გამოვცოცხლდი. მრავალი თვეა, რაც ამ კედლებს შევცქერი. არაფერი ვიცი ამ ქვებზე უკეთესად. დიდი ხანია მას შემდეგ, რაც სახეს ვეძებდი. მაგრამ ამ სახეს მზის ფერი ჰქონდა და სურვილის ალში იწვოდა: ეს მარის სახე იყო. მე ის ამაოდ ვეძებე. ახლა ყველაფერი გათავებულია. ყოველ შემთხვევაში, ამ ცრემლიან ქვებზე არაფერი გამოჩენილა ისეთი, რომ დამენახა. მღვდელმა სევდიანად შემომხედა. უ ც ხ ოზურგით მივეყრდენი კედელს, სინათლე პირდაპირ სახეში მცემდა. რამდენიმე სიტყვა წარმოთქვა და აჩქარებით მთხოვა, უფლება მიმეცა ამბორისა. - არა, - ვუპასუხე. იგი შეტრიალდა, კედლის გასწვრივ წავიდა, ხელი გააყოლა და ჩაიჩურჩულა: - მაშ, ასე გიყვართ ეს მიწა? არაფერი ვუპასუხე. კარგა ხანს ზურგშექცევით იდგა. მისი აქ ყოფნა მაღიზიანებდა და მაბრაზებდა. ის იყო, უნდა მეთქვა, დამტოვეთ-მეთქი, რომ უეცრად მოტრიალდა და გაშმაგებით წამოიძახა: - არა, მე არ შემიძლია დაგიჯეროთ, თქვენ ოდესმე ალბათ, გინატრიათ სხვანაირი ცხოვრება. - რა თქმა უნდა, - ვუპასუხე მას, მაგრამ ჩემთვის ამას უკვე მნიშვნელობა აღარ ჰქონდა. აღარ ჰქონდა მნიშვნელობა სიმდიდრე მენატრა, მცოდნოდა სწრაფი ცურვა, მქონოდა ლამაზი ბაგე. ეს უკვე ერთი და იგივე იყო. შემაჩერა, სურდა გაეგო, როგორ მესმოდა ამქვეყნიური ცხოვრება. მაშინ დავუყვირე: - სადაც ეს ცხოვრება მემახსოვრება. ვუთხარი, რომ აღარ შემეძლო ლაპარაკი. მას უნდოდა ელაპარაკნა ღმერთზე, მაგრამ მისკენ წავედი და ვცადე უკანასკნელად გამეგებინებინა, რომ დრო აღარ მრჩებოდა. მე არ მინდოდა ღმერთის გულისთვის ეს დრო დამეკარგა. იგი ეცადა შეეცვალა საუბრის თემა. მკითხა, რატომ ვეძახდი მას ,,ბატონოს” და არა ,,მამაოს”. გავცხარდი და ვუპასუხე, რომ ის მამაჩემი არ იყო, რომ ის სხვებისთვის იყო მამა. - არა, შვილო ჩემო, - და მხარზე ხელი დამადო, - მე თქვენთან ვარ, მაგრამ თქვენ ამას ვერ ხვდებით, რადგან თქვენი სული ბრმაა. მე ვილოცებ თქვენთვის. არ ვიცი რატომ, რაღაც ჩამწყდა. მთელი ხმით დავიღრიალე, გავლანძღე და ვუთხარი, არ ელოცა. სიბრაზისაგან ანაფორის საყელოში ვწვდი. გადმოვანთხიე ჩემი სათქმელი: გულში დაგროვებული ბრაზმორეული სიხარული. რა დარწმუნებული იყო თავის თავში, არა? და მიუხედავად ამისა, მისი არც ერთი რწმენა ქალის თმის ერთ ღერადაც არ ღირდა. ტყუილად სჯეროდა, რომ ცოცხლობდა. ის ისე ცხოვრობდა, როგორც მკვდარი. მე კი თითქოს ხელში არაფერი მეჭირა, მაგრამ დარწმუნებული



ვიყავი ჩემში, ყველაფერში, და უფრო კარგად, ვიდრე იგი. მქონდა სიკვდილის რწმენა, სიკვდილისა, რომელიც საცაა სიმართლე, რამდენადაც მის ხელში ვიყავი. მართალი ვიყავი და ყოველთვის მართალი დავრჩები. ამგვარად ვიცხოვრე და კიდევ შევძლებ ამგვარ ცხოვრებას. ასე მომწონდა და ასე ვაკეთებდი. ეს თუ გამომრჩა, ის გავაკეთე. და ბოლოს? - ისე მოხდა, თითქოს სულ იმ წუთს ველოდებოდი, იმ გარიჟრაჟს, როდესაც განაჩენს სისრულეში მოიყვანდნენ. არაფერს, არ ჰქონდა მნიშვნელობა და ვიცოდი კიდეც რატომ. ეს იმასაც კარგად ესმოდა. ამ აწეწილი ცხოვრებით და იმ წლების ბნელი სუნთქვით ვსუნთქავდი, რომლებიც უნდა გამევლო, რომლებიც ჯერ არ დამდგარიყვნენ. ჩემი სული ყველაფერს ათანაბრებდა თავის გზაზე, ჩემი ცხოვრების წარსულ წლებს, მის არარეალობას, იმას, რასაც მაშინ მთავაზობდნენ. რა მნიშვნელობა ჰქოდა მაშინ ჩემთვის სხვის სიკვდილს, დედის სიყვარულს, რაში მეკითხებოდა მისი ღმერთი, ხალხის ცხოვრება, რაში მეკითხებოდა ის ბედ-იღბალი, რომელსაც ირჩევდნენ, როცა ერთადერთ ბედს თვითონ უნდა ავერჩიე და ჩემთან ერთად - მილიარდობით პრივილეგირებული ადამიანი, რომლებიც ამ მღვდელივით ძმობას მეფიცებოდნენ. ესმოდა კი, რომ ჩემს გარდა ყველა პრივილეგირებული იყო? ერთ მშვენიერ დღეს სხვებსაც მიუსჯიდნენ სიკვდილს. მაშ, რა მნიშვნელობა ჰქონდა ჩემს საქმეში მკვლელობას, თუ სიკვდილს იმიტომ მომისჯიდნენ, რომ დასაფლავების დღეს დედა არ ვიტირე. სალამანოს ძაღლს იგივე ფასი ჰქონდა, როგორც მის ცოლს. პატარა ავტომატი ქალიც ისევე დამნაშავე იყო, როგორც პარიზელი, რომელიც მასონმა მოიყვანა ცოლად, ან კიდევ მარი, რომელსაც ჩემი ცოლობა სურდა. რა მნიშვნელობა ჰქონდა იმას, რომ რაიმონდი ჩემი მეგობარი იყო, როგორც სელესტი, რომელიც მას სჯობდა. რა მნიშვნელობა ექნებოდა ახლა იმას, რომ მარი თავის ბაგეს ახალ მერსოს მიუპყრობდა. თუ ესმოდა ეს ამ განწირულს და ჩემი მომავლის სიღრმიდან... ვყვიროდი ამას და ყვირილი მახჩობდა, მაგრამ დარაჯები მემუქრებოდნენ და ხელიდან მგლეჯდნენ მღვდელს. მან დარაჯები დააწყნარა და ჩუმად შემომხედა. თვალები ცრემლით ჰქონდა სავსე. გატრიალდა და გაუჩინარდა. წავიდა თუ არა, დავმშვიდდი. არაქათამოცლილი ვიყავი და ტახტზე დავეგდე. მგონი, ჩამეძინა, რადგანაც გაღვიძებისას ვარსკვლავები შევამჩნიე. ჩემამდე სოფლის ხმაური აღწევდა. ღამის, მიწისა და მარილის სუნი საფეთქლებს მიგრილებდა. ზაფხულის ღამის მიძენებული სიმშვიდე ზღვის მოქცევასავით შემოიჭრა ჩემში. დღის და ღამის მიძინებული სიმშვიდე ზღვის მოქცევასავით შემოიჭრა ჩემში. დღის და ღამის მიჯნაზე საყვირებმა დაიღმუვლეს. ისინი სხვა ქვეყნად წასვლას იტყობინებოდნენ, რომელსაც ჩემთვის ახლა არავითარი მნიშვნელობა არა აქვს. პირველად ამ ხნის განმავლობაში დედა გამახსენდა. თითქოს გავუგე, რატომ გაიჩინა სიცოცხლის დასასრულს ,,საქმრო”, რატომ გაითამაშა ცხოვრების დაწყება. იქ, იმ თავშესაფრის გარშემო, სადაც სიცოცხლე ქრებოდა, საღამო მელანქოლიურ ამოსუნთქვას ჰგავდა. სიკვდილთან მიახლოვებისას დედა თავს ალბათ, თავისუფლად გრძნობდა, შეეძლო ყველაფრის თავიდან განცდა. არავის, არ ჰქონდა მისი დატირების უფლება. მეც ვგრძნობდი, რომ შემეძლო ყველაფრის თავიდან დაწყება. დიდმა მწუხარებამ განმწმინდა, იმედი დამიკარგა. პირველად ამ ღამეს, რომელიც სავსე იყო ვარსკვლავებით, ამ ქვეყნის ტკბილ გულგრილობას ვეძლეოდი. იგი მე მგავდა, ჩემთვის მახლობლად იყო და ვიგრძენი, რომ ბედნიერი ვიყავი, რომ ბედნიერი ვარ. მინდოდა, არაფერი გამომრჩენოდა. თავი მარტო რომ არ მეგრძნო, ისღა დამრჩენოდა, ჩემი თავის მოკვეთის დღეს მაყურებელი მენატრა, რომ განაჩენის სისრულეში მოყვანა ზიზღის ყვირილით მიეღოთ.




ფავორიტებში დამატება
1
190 ნახვა
0 მოწონება & 0 არმოწონება
კომენტარი არ არის დაწერილი