A! Library ავტორიზაცია · რეგისტრაცია
natvris xe - giorgi leoniZe

დედას



დედის ჩაწვეთებულ ცრემლზე ია ამოდისო!.. - ასე იტყოდნენ ჩემს ყრმობაში.

ჩემი სოფლის ტყისპირებში ყოველ გაზაფხულზე ია ბღუჯეულად ამოდიოდა, არემარე სულ ლურჯად გადაიბურებოდა ხოლმე.



მეგონა, მთელი ქვეყნის დედებს აქ ეტირნათ, იმდენი ია ამოსულიყო ჩემი სოფლის მშვენიერ მიდამოებში.



ძალზე მიკვირდა და თან სათუთად ვკრეფდი იებს, მე ხომ თვითეული ია დედის ცრემლი მეგონა!

- უჰ რამდენი უტირნია დედაჩემს! - ქვრივი დედა მყავდა, შავკაბიანი.



იის სიყვარული დედამ შთამაგონა, იასავით სპეტაკი ადამიანი იყო.



თვითონაც ხომ პირველი იების მოსვლის დღეებში გაგვშორდა...



ეს პატარა წიგნი გამთბარია იმ პირველ იების სურნელით და ცხოვრების იმ შეგნებით, რომ ია მხოლოდ დედის ცრემლის ნაწვეთალზე ამოდის.



ამ წიგნს ვუძღვნი ძვირფას დედას, რომელმაც მასწავლა იების სისპეტაკისა და მშობლიური მიწის სიყვარული.



 



მშობლიურ ხეთა ჩრდილებში



ეს პატარა წიგნი,-ჩემი ყრმობის მოგონებანია. მაშინდელი განცდილი, დანახული ქართულ სოფელში.



მინდა მკითხველს გავუწოდო, როგორც სახილე ტაბაკი თუ ხახალი და მით ჩემი ბავშვობის მოგონებათა ხილი მივუწილადო.



კი არ უნდა ვწერდე, ყვავილებით უნდა ვწნავდე,ჩემი სოფლის ყვავილებით უნდა ვქსოვდე ამ წიგნს კაბადონებს.შიგ ჩემი ცისა და მიწის ღიმილია ჩართული, შიგ ჩემი ყრმობის სუნთქვაა!

რა ტკბილი იყო შუქელვარა დილა პატარძეულში!ოქროვანი ხმით მოწკრიალე გაზაფხულის დღეები, როცა ჩვენც ნუშებივით ვყვაოდით, როცა ფეხქვეშ მიწა გრიალებდა, გული გვედგა ოქროს ბურთისა და თავს ოქროს წვიმა გვაწვიმდა.



ეს ჩემი სიტყვაც იმ გაზაფხულის დილიდან არის გამონაწური, იმ წყაროებიდან გამონაჟონი, რომელთა თავზე მდგარ ნიგვზნართა ხეივანში გულყვითელა ,,ბიჭო გოგიას― მომძახოდა, როგორც თანამოსახელესა და მეგობარს...



ეს სიტყვები იმ ლურჯთვალა იებში მიპოვნია, ჩვენს მიდამოებში რომ ვკრეფდი, იმ ყაყაჩოგარეულ ჯეჯილებში, მზით ამოვსებულ თავთავებში, შეთქვირებულ ყანებში რომ დგანან სხივმოსილი სიტკბოებითა და იდუმალებით.



ვერცხლულა იორი მიმღერდა ამ სიტყვას, ვენახებიანი, ხილნარიანი, ბარდნარ-ჭალებიანი, ჯალჯიან-შამბნარიანი.



ივრის თვალსამოთხე ნაპირები - ალაგ ქვიშრობში გამონაჟური ფშებით, სველი ღვინჭრობებით, ხასხასა მდელოთი, იყო ჩემი ყრმობის ემბაზი, ჩემი პირველი პოეტური საასპარეზო.



იქ ივრის წნორებს ვუკითხავდი ჩემს პირველ ლექსებს. იქ რიყიანი და ხმიანი იორი მასწავლიდა ქართულ ლექსის მუსიკას!



დღესაც იქით არის ჩემი მუდმივი მისახედავი,იქიდან ველოდები ჩემი სიმღერის ხმებს.

ისევ იქა დგას ჩემი მშობელი დედა ვაზებით გარმოდგმული,ქართულკაბიანი, იქიდან მეღიმილება!



დილის სხივთა სიმღერაში ფუტკრის ზუზუნი მიყვარდა!



რა კარგი იყო ჩვენი წყნარი საფუტკრე!-აპრილის დილით რომ შევიდოდი,ატმის ქვეშ ვარდისფერი თოვლი რომ იდო!ნიავს თუ გაევლო წუხელ ჩვენს საფუტკრეში!ნეტავ კიდევ გამარბენინა ჩვენი იასამნის ქვეშ!



...ჩვენი დაბადაგებული ცაცხვები,ზედ შესეული ფუტკარი...ჩემი შრომის მაგალითი ჯერ ფუტკარი იყო, მერე დედაჩემი და სოფლის ხალხი!



ამ წუთშიც ისევ მომესმის ჩვენი კალოს სევდიანი ოროველა,საწნახლის სამაჭრე ღარის შხრიალი,ჩვენი ბოსტნის მწვანილეულის ფშვინვარება.



ისევ მეზმანებიან ჩემი ალ-ავარდნილი ვარდები,სამასწლოვანი ფშატი,რთვილივით რომ ჩამოჰყრიდა ყვითელ ყვავილს...ყრმობისას დაკმეული მისი სურნელი დღესაც გულზე ტკბილად მომებოლება.ჩვენი რქაგალაღებული ვაზები,თავთავდაწმენდილი,აყრილი ყანები!

ეს სიტყვები იქა მაქვს აკრეფილი, იქ მაქვს ნაპოვნი-იმ მოოქროვილ დღეთა ყვავილსურნელება ახლაც ისევ მესალბუნება!



და ისევ... დაყანებული, ყვავილოვანი მინდვრები...ტყეების ბურვილი თავგუმბათი... ნუშის, ატმის და ვაშლის, ტყემლის გამოფეთქილი ნამქერი,-ბუნების მადლიანი,შეუზომელი სილამაზე!

...ისევ იორის ლაჟვარდული ჩაღიმილება, მისი სადაფური აელვარება, ქვიშასა და კენჭებზე გადამავალი ტბორი ფაშაწყაროსი, უწმინდესი კამკამა ჭავლებით.



ჩემი მეორე მშობელი – იორია!



როგორ მიყვარდა ივრის ბროლნამსხვრევი, დაიისფერებული ზვირთები, მუდამ

მჩქროლავი,მთრთოლავი ტოროლას ფრთებივით, მხიარული, მოსიყვარულე!

ახლაც ისე ვერ შევხედავ იორს, რომ გული არ ამიჩქროლდეს!



ისევ ჩემი სამწყურვალოა იორი!



მთელი ჩემი ბავშვობა მის ერთ ციმციმა ზვირთზე იყო აკიდებული და იმ ზვირთმა დიდი ხანია ჩაიქროლა, ჩაიგრიალა!



რა კარგი იყო ივრის მურწა, ნაფოტა, ჭანარი! მიყვარდა ჩანგლის ჩაყრა დილით, ბადის მოსმა, ხოლიხი, ივრის ტოტის დაწურვა, დაწყვეტა, მერე ქვებში ხელაობა.



ხან მორევში ჩახერგილ კამეჩის გახრეშილ ქედზე ყინჩად ჯდომა. ხან მორევის ძირში ყურყუმელაობა. დავრბოდით,დავკუნტრუშობდით ბასრი ეკლით მოკირწყლული ტერფებით ჭყანტობ-ჭაობნარში. ეჰ, ვინ იცის რამდენჯერ შემჭრია ფეხისგული ფესვის ამონახეთქზე? ვინ ჰგრძნობდა ტკივილს?



ლურჯად ციმციმებდა იორის თვალი. საამო იყო ცვართა გადაშხეფება, ნიავზე ჩალების სისინი, თევზის ვერცხლური შეციმციმება ზვირთის ქეჩოზე!



აქ, ივრის ჭალებში, ფშანებსა და ლერწებში ვიდექ სმენად ყურდაპყრობილი, რომ ოქროს ჩიტის ხმა გამეგონა, ბავშვობიდან რომ ამდევნებია.



ზამთრობით, როცა ვაშლის გორა დაეყრებოდა ჩვენს ძირა ოთახებში, ჩემთვის იმაზე საყვარელი არა იყო რა!ვაშლის საამო სურნელით გაჟღენთილი იყო ჩვენი სახლი!



ვაშლის ნაფცქვენს არ გადავყრიდი. დედამ მასწავლა: ვაშლის ქერქი უთუოდ ცეცხლში უნდა ჩაყაროო, ერთი ჩიტი მაგისი სურნელით ცხოვრობსო!ეს სწორედ ის ჩიტია, დღემდის რომ არ მაძლევს მოსვენებას, მივდევ და ვერ დამიჭერია!



მიყვარდა მაისში ვარდმოფენის დღე! დილიდანვე დავიწყებდით სახლის მორთვას ვარდით, სოსანით, ფშატის აყვავებული ტოტებით, მინდვრის ფერადფერადი ყვავილებით. მთელი ურემი ყვავილი მოგვქონდა მინდვრიდან.განსაკუთრებით ირთვებოდა სახლის წინამოაივანი, სარკმელები, სვეტები:თვითეულ სვეტს შემოვაწნავდით ვარდს, სოსანს, ღიღილოს, გვირილას,შალგას...



იატაკსაც მოვფენდით ფოთლებით და ყვავილებით.



ეს დღე მიყვარდა ბუნების დიდი სიყვარულით. ვარდმოფენობას ჩვენი კერა არასოდეს მოსცდებოდა დედაჩემის პოეტური ბუნების წყალობითა.



ის ფერადი ყვავილები გამოჰყვა ჩემს სულს, ჩემს სიტყვას! დღესაც ყველაზე მეტად მინდვრის ყვავილი მიყვარს!



დედაჩემი ყოველ გაზაფხულზე წაგვიყვანდა ხოლმე ყანის დასახედად:



ვიდექით, ვუმზერდით მოღაღანე ყანას და თვალს ვერ ვაშორებდით.

მომხიბლავი იყო თავანკარა,დათავთავებული ,მზითამოვსებულიმაძღარი ყანა ,ცხრაფრად რომ ლივლივებს ნიავის შექროლებაზე. მზეეკაბანი ჰქვიან ყანაზე მზიან ნიავის გაადაცურებას- გადალივლივებას, მზის ათასფერი კაბა ფრიალებდა საავსე მინდორზე!



მოწიწებით ვიდექით ჩუმად გარინდებულები, ადამიანისა და ბუნების შრომისა და შემოქმეედების ამ საოცნებო ზღვის წინაშე, შევყურებდით, ვხაარობდით, ამაგს ვგრძნობდით და გულში კაცობის ნათელი დგებოდა.



მახსოვს, საახალწლო თონეში ჩემთვისა და ჩემი ძმებისთვის ნაზუქთან ერთად ცხვებოდა:ბასილა,პურის გუთანი,ბარები,წალდები,ცულები,ჭიგოები!_მაგრამ ყველაზე მეტად კი პურის ხმლები!გოგოებიც არა რჩებოდნენ უპატიოდ:მათთვისაც აცხობდნენ:პურის ჯარას,თითისტარს,ფურის ძუძუს,კათმის კლანჭს.



ყოველივე ეს ბავშვობიდანვე შთაგვაგონებდა შრომის სიყვარულს.

თუმც ჩემთვის დედას კალამი არ გამოუცხვია, მაგრამ ასე მგონია, პურის კალამი მიჭირავს ხელთ და იმ ქართული პურის მადლითა და სიმართლით ქაღალდზე გადამაქვს ის, რაც დამავალა დედამ და ჩემმა მშობელმა ხალხმა!



ისევ პატარძეულში აივანზე ვდგავარ...



ჩვენს შარაზე მიდი - მოდიან წარსულის აჩრდილები, ჩითისკაბიანები, თავშალიანები,

ფარაჯიანები, ტყაპუჭებიანი, ქალამნებიანი.



გადავძახი:

- გამარჯვებათ, მეგობრებო, მეზობლებო, გამარჯვებათ! ვეღარ მიცანით? მე ხომ

ის პატარა ბიჭი ვარ იისთვალება, ყვითელქოჩორა, ლოყებ-ატკრეცილი თქვენს შორის რომ დავრბოდი! მე ისა ვარ, თქვენს კევრზე რომ ვიჯექი, თქვენი გუთნის საყევარის უღელზე, თქვენს ურემზე რომ დაგდევდით მინდორსა თუ ვენახში!



მე ის ვარ, წიგნებს რომ გიკითხავდი; თქვენგან რომ ვიწერდი შაირებს, გამოცანებს, სიმღერებს! -აღარ გახსოვართ?

-ამოდით, ამოდით ჩემსას, აივანზე, ნუ გერიდებათ!



ამოდით აჩრდილებო, თამამად და თქვენი მძლავრი სიტყვით მომიყევით ყველაფერი!

მე ხომ თქვენ უბირ ცხოვრებასა ვწერ და ამ წიგნში გამოუცდელი პროზაიკოსის ხელით; მე ხომ მხოლოდ თქვენ გიგონებთ...



ამოდით, ამოდით. მეზობლებო, მეგობრებო! ვიცი, აღარ ხართ, მაგრამ როდი წარეცხილხართ ჩემი გულიდან, ისევ მეცნაურებით!

ყველანი მახსოვხართ!



მე ხომ თქვენით გავეცანი ცხოვრების სიტკობასა თუ სიმწარეს! თქვენ იყავით ჩემი პირველი მასწავლებელნი!



ოჰ, თქვენც აქა ხართ, ნინუცი, გაიანე, მაგდა, მართავ, - ჩემო მეზღაპრეებო! რა უცნაურად გაიპარენით: რა უნანებლად დასტოვეთ აკვანი და ჯარა, ბოსტანი და თონე, ვენახი და მინდორი! დამიწებულებო, უღმერთო ჯაფით და დაწრეტილებო, როგორც მკერდს ჩაიკრავდით თქვენს ბალღებს, ახლა ისე მიჰკრიხართ მშობელ მიწას! თქვენც ხომ მისი ნაწილი ხართ!



თქვენ აღარა ხართ ,მაგრამ ისევ იცინის დილა პატარძეულში:



ისევ იპენტებიან ნუშის, ატმის, ვაშლის, მსხლისა და ტყემლის ყვავილები!



თქვენს ეზოებში ახლა სხვა დიასახლისები ფუსფუსებენ თქვენს ნაცვლად და არც კი იციან რომ ოდესღაც აქ შრომობდით, ჩემო საყვარელო ადამიანებო!



- ამოდით, ამოდით, ჩემთან აივანზე, მეგობრებო, მომაგონეთ, შთამაგონეთ!



 



***



 



ხელჩქარათ მომიხდა ამ წიგნის წერა, სულ რამდენიმე თვეში!



ღოლოს უთქვამს: ნეტავი ჩემს პატრონს ათი წლის უნახავი ძმა მოუვიდეს, რომ ცოტა ხანს კიდე ვიხარშოო!



მე ვინატრებდი: ნეტავ ჩემს გამომცემელს ქაღალდის მოსვლამ შეუგვიანოს ზღვითა თუ ხმელით, რომ ნება-ნება, მყუდროებითა და სიტკბოებით ვწერო, რათა ჩემი სიტყვა გავფურჩქნო, გავჩახრო, გავაკამკამო და ისე წარვდგე მკითხველის წინაშე, გულითა წრფელითა და სიტყვითა ნათელითა!

ო,როგორ მიყვარს მუხლადი, ბედაური, მაძღარი სიტყვა!



მშვენიერი ხარ ხოხობო, ბოლო რომ გამოგიჩნდებაო, - ამბობს ხალხი.



ვნახოთ, რა ბოლო გამოაჩნდება ამ ჩემს პატარა წიგნს ვაზფურცელას.



19 ივნისი 1961წ, სოფ.პატარძეული



 





ნატვრის ხე



ხეა ხეა ხერავანდი, ზედ ასხია შარავანდი. ხალხური დიაკვანი ელეფთერი საღამო ხანს სოფლის მოედანზე იდგა და გლეხებში საუბარს გულს აყოლებდა.



ეს სწორედ ის ელეფთერია, რომელსაც გასულ თვეს სცემეს კეტებით დღეობაში მოსულმა ჭირვეულმა სტუმრებმა -ელეფთერი რათა გქვიანო! ამ ელეფთერზე იტყოდა სოფლის მღვდელი: ორი ელეფთერი რომ მყავდეს, ერთს უსათუოდ ჩამოვახრჩობდიო!



ელეფთერი ღვინის კაცი უფრო იყო, ვიდრე სულისა, თავქეიფა, ლხინიკო, ღვინის ხაპია! წირვა- ლოცვაზე საღვთო წერილს სულ უღიმღამოდ, ლუღლუღით ჩაიკითხავდა, მაგრამ ფსალმუნის იმ ადგილს, სადაც წერია: ―ღვინო ახარებს გულსა კაცისასაო―, დიდი სიყვარულით, დიდის რიხითა და ხმის ამაღლებით წარმოთქვამდა.



შებინდებამდე მინდვრიდან ნახირი დაბრუნდა, ყველამ თავის საქონელს მიაშურა, სოფლის მოედანი დაცარიელდა. უსაქმურ ელეფთერს უღარიბესი გლეხი ელიოზიღა შერჩა ხელთ.

- მაშ, ეს კი არ იცი, შენ, ძმაო, დაღონებულო, -მიმართა ელიოზს,-რომ ვეშა-წყარო უკვდავების წყალია?!



დიაკვანმა გამვლელ გოგოს, აბდიას, სველი ლიტრა გამოგლიჯა ხელიდან და მიიყუდა, ჯერ პირში წყალი დაიგემოვნა, მერე დაახრიალა, ახლა ზედიზედ იწაფა და კმაყოფილმა, ბედნიერებით მიბნედილმა, წყნარად თქვა: ვაი, ჩემი თავი მოგიკვდეს და აღარა გყავდეს, თუ არ იცი, რა არის ვეშა-წყარო!

- სად არის ეგ წყარო?

- თეთრობიანის მთებში.

- რის წამალია? -მორცხვად იკითხა ელიოზმა.

- წამალი კი არა უკვდავებაა!

- უკვდავება რა არის?

- სულ ცოცხალი იქნები!

ელიოზა შეკრთა, უკან დაიხია.

- არა არ მინ და! რათ მინდა, ამ ტანჯვასა და სიღარიბეში?

- მერედა ვინ გაძლევს შე საცოდავო! განა შენისთანებს მიესვლებათ ვეშა-წყაროსთან?! -და თვალები გადაუბრიალა.



დიაკვანი განაწყენებული შესცქეროდა ელიოზს, დიდად გაკვირვებული, რომ ასეთი ბნული და უხეში კაცი ნახა, რომელიც უარს ამბობდა მის მიერ აღმოჩენილ უკვდავების წამალზე.



ტყუილად წყრებოდა დიაკვანი. წვრილშვილი ელიოზი უსაშველოდ ღატაკი იყო-ასეთია, ასეთი, რომ მშიერი ძაღლი პურს არ გამოართმევსო!-იტყოდნენ ხოლმე მეზობლები და მართლაც უმამულო, უსარჩოო ელიოზის ჩამონგრეული მიწურის წინ მუდამ გუბე იდგა, მწვანე ბუზებით სავსე... ძონძები... ჩვრები... ჭუჭყი... შიმშილი... საზიზღარი სიღარიბის უკვდავება რად უნდოდა საწყალ ელიოზს?



ნაზი გულის ადამიანი იყო ელიოზი და თან ცხარე მეოცნებე. ცხოვრების სისასტიკეს მის სულში ვერ ჩაქრო ოცნების ნაპერწკალი და თავისივე შეთხზული უცნაური ოცნებებით იფარავდა თავს მხეცივით შემოტეული სინამდვილიდაგან.



ჯერ ოქროკვერცხას, ოქროს მდებელ ქათამს, ეძებდა ბუჩქნარებში, მერე დაეჟინა ნათელთევ- ზას დაჭერა და მთელი დღეები დაკარწახებული იდგა იორში: მოჩხრიკა, ამოხაპა იორი,

დაღალა ბადე, ჩანგალი; წყლის ტოტებიც დაწურა, ხელაობასაც გადააკვდა, მაგრამ არ იქნა, ნათელთევზა ვერ იგდო ხელთ და ვერა!



ახლა გულში ჩაედო ხერევანდის ხისა, ანუ ნატვრის ხის ნახვა და მისი ნაყოფის ჭამა; ამ სურვილის

ასრულება და მისი ნაყოფის ჭამა; ამ სურვილის ასრულება და მისი გამდიდრება ხომ ერთი იქნებოდა! ელიოზს სწამდა: იანვრის სასტიკ ყინვიან ღამეში თუ შუაღამისას მოხვდი ტყეში და თუ ცის გახსნას შეესწარ, მაშინ დაინახავ ტურფად აყვავილებულ ჯადოსნურ ხეს.



არა მშვენიერება მას არ სჯობია! ის ხე თურმე ერთ საათში კიდეც აყვავდება, კიდეც ნაყოფს მოისხამს. თუ მისი ნაყოფი ხელთ იგდე, ერთი გაკვნეტა და მორჩა! სიღარიბე იმ წამსვე ჩამოგეცლება სამუდამოდ! ვინ უთხრა ვინ ჩააგონა, დღესაც არ ვიცი, ეს კია, რომ იანვრის ღამეებში, როცა ყინვით ცა გასკდომაზეა, ხშირად დახეტიალობდა დაკონკილი ელიოზი ტყეში, მარტოდმარტო ცის გახსნისა და იმ ნატვრის ხის ნახვის მოლოდინში.





- ან დათვისა არ გეშინია, ან მგლისა, ან აფთრისა, რომ შიშველი ხელებით დადიხარ უღრან ტყეში?



მაგრამ ელიოზის თვალწინ მხოლოდ წითელ-ყვითლად აბრიალებული, აყვავებული ხე იდგა და სხვას ვეღარას ხედავდა-ვერც საშიშს, ვერც სახიფათოს და მისი კონკებში გამოხვეული სხეულიც ოცნებით გახურებული, ეტყობა, ვერ გრძნობდა მოუთმენელ სიცივეს.



ცოლ-შვილი ვედრებით უშლიდა ელიოზს ტყეში სიარულს, მაგრამ მან თავისი არ დასთმო. ბოლოს შეეჩვივნენ კიდეც და თავი მიანებეს, ტყიდან დაბრუნებული შეშის გუდურას ჩამოაყალიბებდა ხოლმე ხელს და ოჯახში კიდეც უხაროდათ.



- რა ჰქენი, ელიოზ, იპოვე შენი ნატვრის ხე? -შევეკითხებოდი ღიმილით

- ვერა, მაგრამ ვნახავ!

- ტყეში რომ ცივა, რომ ბაბანებ და თრთი ამ ფიცხელ სიცივეში?

- მაშ როგორ გინდა, შე ოჯახაშენებულო?



და აი, ერთ ზამთრის დილას, როცა სიცივეს ჭახჭახი გაუდიოდა, ტყიდან მარხილით ჩამოასვენეს

ელიოზი. ნატვრის ხის ძიებაში, მის ყარაულობასა და ლოდინში, ყინვით აყვავებულ ხის ქვეშ გაყინულიყო.



--- მართლაც, ისეთი ლამაზი ხე ამოერჩია საწყალს, რომ იმის დანახვას არაფერი სჯობდა. ყინვას მოერთო ათასნაირი ყვავილებით, არშიებით, რუშებით, ჯინჯილებით, სულ დასურათებული იყო,--- ამბობდა ტყის მცველი ბოდაველი, რომელიც შემთხვევით ზედ წასდგომოდა გაყინულ ელიოზს ბნელ ტყეში.

ასე კი იყო...



ელიოზს კუბო თავის ფარღალალა საბძლის ფიცრებიდან შეუკრეს.



დიაკვანი ელეფთერი ერთხელ კიდევ გამოთვრა ელიოზის ქელეხში და მით მორიგი ოცნება გაინაღდა. მეორე დღეს მხოლოდ დარდის ამშლელ ნაღვინეობას უჩიოდა.



საწყალი ელიოზი მაინც ვერ გაექცა შემზარავ სინამდვილეს და ოცნების ხეს შეეწირა. პოეტები მხოლოდ ქაღალდზე რითმებით მოლაპარაკენი როდი არიან. პოეტური თვალით,

პოეტური გულით და დიდი ოცნებით გასხივოსნებული სხვაც ბევრი დადის დედამიწაზე!





ჩვენი ჭერამი



იორზე, ვენახში, დიდი ჭერამი გვედგა,___შებუთქვილი, დახუნძლული.



თუ თავდაპირველად იგი ჩემი საყვარელი ხე იყო, მერე იგი მხოლოდ სევდას იწვევდა ჩემში, თან რაღაც ზიზღსაც კი.მერე ისე გაიარა ჩემმა ბავშვობამ, ზედ ერთხელაც აღარ ავსულვარ, აღარც მისი ტოტი დამირხევია. თითქოს უმძრახად ვიყავ ამ ხესთან, გვერდით გავუვლიდი, ზედაც არ შევხედავდი. მერე დაბერდა, გახმა, წაიქცა, არცა მწყენია, თითქოს კიდევაც გამეხარდა.

გულში მფიფქავდა ერთი მოგონება, თორემ უმიზეზოდ რად შევიძულებდი ნაადრევი ხილით გამხარებელ ხეს?



მაშინ კახეთის რკინიგზა გაჰყავდათ. გზა ჩვენს ივრის ვენახებზე გადიოდა. მალე დაიწყო ჯოჯოხეთური მუშაობა. მექანიზმები მაშინ არ ჰქონდათ და ხელით ებრძოდნენ სალიანდაგო სათხრელ მიწას. დიდძალი მუშა ტრიალებდა__ქართველები, სომხები, რუსობაც ბევრი იყო.



ადგილი დახაშმული, ჰაერი__ბოტორო. ივრის მწვანე ჭაობნარი, ჭყანტობები, ჭანჭრობები, ლიები საწყალ მუშებს უხვად ასაჩუქრებდნენ ციებ-ცხელებით, სიცხე სუნთქვას აგუბებდა, სახეს სწვავდა თონის ალმურივით. მუშას სასმელი წყალიც კი არ ჰქონდა, მღვრიე ივრის გარდა. ავად ხდებოდნენ, იქვე მიწაზე ჭერეხებივით ეყარნენ. პატრონი ვინ იყო? ზედამდეგები, შინამდეგები უყვიროდნენ, აგინებდნენ, ხოლო ქედწახრილი მუშები უსიტყვოდ ასრულებდნენ მათ ბრძანებას.



საღამოობით, სამუშაოს აშვებისას, ახალგაზრდა მუშები ცდილობდნენ ვითომცდა გამხიარულებას, მაგრამ წელმოწყვეტილი, დათუთქული ადამიანის ლხინი ვის გაუგონია? ერთხელ, ორჯერ მოსწევდნენ გარმონს, მაგრამ გულს ხალისი არა ჰქონდა, ხოლო

მარჯვენას__ღონე და გარმონი იქვე მიყუჩდებოდა, თითქოს შორიდან ვიღაცამ დაიკვნესაო! სიცხისაგან გათანგულ მუშებს საუბარიც კი ეზარებოდათ.



მათი ერთადერთი იმედი, გახარება და გასართობი ივრის ვენახების ხილი იყო. ჩვენი ვენახიც ხომ ზედ ივრის პირას იდგა!



ვენახები ულეველი ხილით იყო სავსე: ბალი, თუთა, ჭერამი, თაფლა მსხალი, გულაბი, პანტა, ატამი, ვაშლი, კომში, ფშატი... ყურძენი ხომ იყო და იყო! შიგ და შიგ თავკარავიანი კაკლები იდგა, რომლის ტოტებზე ბალერინასავით დახტოდა ყვითელი მოლაღური და ,,ბიჭო გოგიას― დაგვძახოდა.



უთვალავი ხეხილი ზედ გზის პირას იდგა ლალ-ზურმუხტისფრად, მაგრამ არც ერთ მუშას არასოდეს უკადრია ხილის მოპარვა. მხოლოდ ფულის შემოძლევა კი იცოდნენ. გლეხებს ეხათრებოდათ ფულის აღება და ისე შესთავაზებდნენ ხოლმე, მაგრამ მუდამ ხომ არ შეიძლებოდა თავაზა? და აი, თითქოს მიწიდან ამოცვივდნენ ჩარჩები, ვაჭრუკანები, დაერივნენ ჩვენს ვენახებს და თვითეული ხე, ძალითა თუ ნებით, შეისყიდეს, რათა მერე ერთი ათად გაეყიდათ მუშებზე.



ერთი ხეც კი აღარ დარჩა სადმე ბავშვების პირის ჩასატკბარუნებლად. როგორც მახსოვს, თითო ხეში ექვს შაურს, ათ შაურს, სამ აბაზს და ასე მანეთამდე იძლეოდნენ, თვითონ კი თუმნობით იგებდნენ.



ხეხილის მსხმოიარობით გახარებული საწყალი ბავშვი მიადგებოდა უხვად დასხმულ ხეს, მაგრამ უეცრივ მოაგონდებოდა სასტიკი სიტყვა ,,გაყიდულია― და გველნაკბენივით უკან გამობრუნდებოდა. ასე დაემართათ ჩემს ფეხშიშველა ამხანაგებს__ფიფონას, ბათულას, აგლიას, არსენას. ვინ წაართო ეს თაფლივით ჭერამი?! იმ ვერცხლის ათშაურიანმა, რომელიც მათმა მამებმა ჩაიგდეს დახეული ახალუხის ჯიბეში.



აი, ქურდულად მიიხედ-მოიხედავს ბავშვი,__მერე რა მსხალია?! მსხლებს რომ პირი ჰქონდეთ, ერთმანეთს დასჭამდნენ! მაგრამ დიდედას მუხლქვეშ გაზრდილებს ქურდობისა ეშინოდათ, თან ყურში ჩასძახოდათ ის სიტყვები, ჩარჩმა რომ დაავედრა მათ მამებს ათშაურიანის მიცემისას.



-აბა, გაბრო, ამ დასხმულ ხეს გაბარებ. ასევე უნდა დამახვედრო, ბავშვებმა არ მომიკრიფონ.

გაბროც მამის სულს დაიფიცავდა, შეჰპირდებოდა პატიოსნებას, მაგრამ რატომ თავისი ქერა ბიჭი ფიფონა არ ეცოდებოდა? ბარემ... მაგრამ ჩარჩის ათი შაური სიღარიბის რომელიღაც ჭუჭრუტანას ამოუვსებდა ბეჩავ გაბროს.



შეიკრა, გაიფიცა ბავშვების წინაშე ივრის ხეხილი. ვის გაეგონა წინათ ხილის აკრძალვა? მთელი ივრის ხილი ხომ ჩვენი იყო. ჩიტებივით დავნავარდობდით ტოტებზე ბალღები, ახლა კი, მთელი ივრის ბაღნარები ჩვენთვის შეკრული, მოკვეთილი აღმოჩნდა; ამ მოულოდნელმა რისხვამ დაგვამუნჯა. მეტად მოულოდნელი და შემზარავი იყო. გულზე ჯანღად დაგვედო.



ივრის ბაღნარი კი ისევ ისე შრიალებდა. ჭრელ-ჭრელი ხილი ისევ თვალს გვტაცებდა, ჩვენ კი თითქოს ერთ დღეში დავბერდით; თითქოს ბავშობა აგვიკრძალეს იმ ხილის აკვეთით და ხილთან ერთად ხომ თვითონ იორიც იკრძალებოიდა. რაღა საქმეგვქონდა იორზე, რაღად უნდა ჩავქანებულიყავით სოფლიდან ივრის ჭალებში?



იორი კი ჩვენი ემბაზი და ასპარეზი იყო-საბანაო, სათევზაო. ივრის მორევში ჩაწოლილი კამეჩის გახეშილ კისერზე ჯდომა-დიდი ნეტარება იყო. ერთი სიტყვით, მთელი დღე იორზე ვეყარენით... და აი, ახლა ისე დამუნჯდა იორი, თითქოს შაჰ-აბაზი მეორედ შემოგვესია და ბავშვები მთლად გაუჟუჟიაო, თუ კევრით გაულეწიაო.



მგონი , ჩიტებიც კი აღარ ჭიკჭიკებდნენ ბავშვების ცოდვით. მე ერთი ვიყავი იმედიანად,მე ხომ მქონდა იორზე საკუთარი ხელუხლეველი ჭერამი? ჰოდა, ჩემს ფეხშიშველა მეგობრებს ჩავიყვანდი ჩვენს ვენახში და ვეტყოდი:

- ადი ბიჭო, დაარხიე, დაკრიფე, გაიხარე!



და აი, ერთ კვირა დილას, ჩავცვივდით იორზე - მთელი უბნის ბალღობა მყავდა დაპატიჟებული. ახლა რას გვიზამს ჩარჩის აკრძალვა? ჩემი ხეა და ჩემად შევინახე, ფულზე არ გამიცვლია! მაგრამ, იცით, რა მოხდა?! შორიდანვე დავინახე, ჩვენ ჭერამთან იდგა ჩარჩი მელქო, გოდრებით აკიდებული ცხენი იქვე ეყენა და გულმოდგინედ კრეფდა ჩემს ჭერამს.



თურმე დედაჩემს ჩვენი ჭერამიც გაეყიდა: ცოდონი არიან მეზობლის ბავშვები, რომ მარტო შენ გქონდეს ხილიო! არა უშავს რა, შენც მათთან ერთად იმარხულეო და გადმომცა სამი ვერცხლის აბაზიანი.



- შენი საყვარელი წიგნები იყიდეო!



მე მართლაც ვიყიდე ორიოდე წიგნი, მაგრამ მალე შემძულდნენ ის წიგნებიც და მათი დამწერნიც.

აი, რა მიზეზი იყო, რომ ჩვენი ჭერამი მხოლოდ სევდას და სიძულვილს იწვევდა ჩემში. იგი სასტიკად მოექცა ჩემს უდარდელ ბავშვობას. მისმა მსხმოიარე ტოტებმა დაჩხვლიტეს,

დაკბინეს ჩვენი ბავშვური უზრუნველობა.



 



თაღრია



-სინათლე გაგვდის ფერდებიდან, შიმშილით ნაწლავები გვეწურება! _ შემომჩიოდნენ გლეხები. ბევრი, უიმედო ცხოვრებას დამორჩილებული, წამოიკვნესებდა: ნეტავ როდის ამოსულა

მთვარის ადგილის მზეო?



ცხოვრებაზე ხელჩაქნეული იყო ჩემი მეზობელი გლეხი. თაღრიაც, ახოვანი, მტკიცე აგებულებისა, ყალიონის ბოლისაგან შექარვებული თეთრი წვე_ულვაშით შეხირხული, წვრილშვილი, შვიდი გამურული გოგოს პატრონი_სიღარიბისაგან გაწყალებული, ჯანით მრეთა_მრე, სიღარიბის ვერ მომრევი.



ახლაც თვალწინ მიდგა თაღრია, ძალმიშვებული, დუნე, მთვლენარე, უსურვილო, სიღარიბით თითქმის გონებადაჩლუნგებული.



ამაყი კი იყო.



„გვიბოძესი― არა მინდა რაო! _ ჯიქური სიამაყით ითმენდა სიღარიბეს. _ დედაკაცო!



- რა გინდა შე ნაცარ დასაყრელო, ავთვალო! _ ასეთი ალერსით უპასუხებდა თაღრიას მეუღლე თოთოლა, რომელიც ცისკრიდან ბინდამდის ფეხჩაუხრელად ფუსფუსებდა, ფარფატებდა. ძილს არ იძინებდა. როგორც სურა არ დაწვება,ისე იდგა ფეხზე. ქიშმიშივით დამჭკნარსა და სარივით გამხმარს, ან რაში ედგა სული.



თავისი სიღარიბის საიდუმლო იცოდა თაღრიამ და კიდევაც უტყვად დამორჩილებოდა.

ღმერთო დიდი მექუდეა!განა თარღიას არ დაჰყვა ქუდბედი დაბადებისას?მაგრამ მშობიარობის ორომტრიალში ბებია ქალებმა თურმე ქუდბედი დაუკარგეს, ვეღარც იპოვეს და...დარჩა თარღია უქუდბედოდ. ამიტომაც არ აქვს ხვავი და ბარაქა მის შრომას. შვიდი გოგოს მამად ყოფნაც სწორედ ქუდბედის დაკარგვის ბრალია! ეს იცის და აგარც მუშაობს მონდომებით, იცის, რომ სულ ერთია, ცხოვრებაში არაფერი გამოუვა.



არც თოთოლას დაჰყოლია ბედი! მასაც აქვს თავისი წილი სასაყვედურო.



- ბედნიერი ბედი გინდა ძვირფასო?ამაღლება დღეს, დილაადრიან, მინდორში ოთხყურა უნდა მოწყვიტო ოქროს ბეჭდით და ბედნიერებას მოგიტანს!



- მე კი სწორედ იმ დილას ვნახე მსუქნად გადაშლილი ოთხყურა ჩვენი ვენახის თავში! ბევრი ვუტრიალე, ჩემს გარდა არავინ იყო სიახლოვეს, მაგრამ ოქროს ბეჭედი ვინ მომაშავა? მამამ არ მიყიდა,ძმამ და ნათლიამ! ამიტომ დავკარგე ბედი და და ახლა თარღიას ცოლობაში უნდა ვცვითო ჩემი ღონე და ჯანი! შემაყელთა სიღარიბემ!



ეჰ, რა ვიცოდი, თურმე მძინარე მდინარეს მიეპარე, თუ უხელთე, რასაც ჩააგდებ შიგ, ოქროდ გადაიქცევა. მეც არ მენაღვლებოდა, უბრალო თითბრის ბეჭედი ჩამეგდო მდინარეში, გაოქროვდებოდა, ამოვიღებდი და მით ოჰგგ ოთხყურას მოვწყვეტდი. მაგრამ რა ვიცოდი.

ახ, ჩემი ოთხყურა ვინ მოწყვიტა იმ უღმერთომ, ვინა?- მწარედ ჩიოდა თოთოლა და თან პატარა გოგოს გულმოდგინედ თავს უხილავდა.



სიღარიბისაგან გაოგნებული თაღრია ხან დღიურ მუშადაც წავიდოდა ხოლმე. სხვისას უკეთ მუშაობდა, ვიდრე თავის ოჯახში, რადგან იქ რიგიანი კვება ჰქონდა,



შინ კი სად იყო ჯეროვანი შეპატიება! ამიტომ ეზარებოდა შინ მუშაობა და ცოლს მიანება ყველაფერი.



თაღრია სიღარიბით იყო დაქანცული. მისი მხიარულება არც მინახავს, არც გამიგონია. მხოლოდ ერთხელ, მახსოვს, სიმღერით შევიდა თავის ეზოში, ქუდი მოიხადა, დაახეთქა მიწაზე და შესძახა: ―მართალ ძუძუს გაუმარჯოსო!― და იქვე ფშატის ქვეშ მიწვა, მიიძინა. კარგა ხნის შემდეგ ვენახიდან დაბრუნდა თოთოლა, ნაგლეჯი ბალახით ხელში. მიწაზე გაწოლილი მთვრალი ქმარი რომ დაინახა, შეძრწუნდა, მაშინვე სველი მჩვარი დაა შუბლზე. რომ არა გამოვიდა რა, ვერ ჩააგდო, მერე ლიტრით წყაროს ცივი წყალი შეასხა პირზე, ეგების გამოფხიზლდესო.

დაფეთებული წამოხტა თაღრია და კინაღამ გაბდღვნა.



- შე უღმერთოვ, რად გამაღვიძე? მე უკანასკნელი გროში დავხარჯე, რომ დავმთვრალიყავ, შენკი მაფხიზლებ, ღმერთი არა გაქვს? _გულმტკივნეულად ჩიოდა ძილიდან გამოსული და ახლა ისევ შეუბრალებელ სინამდვილეს შემაცქერალი საწყალი თაღრია.



...მთელი დღეები გარინდებული იჯდა დერეფანში და განუყრელ ჩიბუხს აბოლებდა, მაგრამ ჩიბუხზე მეტად თაღრიას ძილი უყვარდა; ცოლიც ამიტომ ეძახდა „სამძილას―,რაზედაც თაღრიათავს იმართლებდა: _სულ ერთია, ქვეყანას ვერ გავასწრებ და ძილსაც მოვცდებიო.



- მეორედ მოსვლის საყვირიც ვერ გააღვიძებს მაგ სამძილასაო! _დაცინვით იტყოდა სოფლის მღვდელიც. და... ეძინა გულიანად, შეუმღვრელად... მისი გაღვიძება ერთი ამბავი იყო ოჯახისათვის.



მახსოვს, ცისკარი რომ აციალდებოდა ცაზე, ხმაური ატყდებოდა თაღრიას დერეფანში. მე მახლობლად, ჩვენს აივანზე, ვიწექი. დილის ჰაერი ხომ მკაფიოდ გადმოსცემს ხმას და თითქოს ახლაც ჩამესმის ყურში ცოლ-ქმრის შეჯავახება:

- ადე, კაცო, ადე! გეყოფა, ძილუავ, არ გამოსცხვი ძილითა?

- თავი დამანებე დედაკაცო, შე ჩემისა! რას იღერღები ძაღლივითა! _და უფრო კუჭავდა საბანს. წევს თაღრია და თან ფიქრობს თვალდახუჭული:

- ავდგე, თორემ ვაზით დაგრაგნილი ზვარი არ მელოდეს. ხარის ენის ტოლა ვენახი მიგდია რაღაც; იმას შენც ეყოფი, რა უნდა ვიმუშავო გამოღალულ, გამოფიტულ მიწაზე!

- ავდგე, თორემ გამართული გუთანი არ მიცდიდეს. ურემი ცხვრის ფარა, ნახირი შორაქანზე არა მყავდეს გასარეკი და ცხენის ჯოგი, ღორის კოლტი მოსავლელად!

- ავდგე, თორემ მამა-პაპის ზედაშე არ მელოდეს და ხიზილალას შეჭამამდის არ დამიდგან წინ ამ ჭილობის ძველაზე მეტი რა მაბადია? ამისათვის ავდგე?

- ადე, თავხმელო, ცისკარი გადავიდა!

- ადე მთელი ქვეყანა ადე, მთელი ქვეყანა საჩოთი აივსო,-არა ცხრებოდა ცოლი, თუმცა მხოლოდ

ჯერ ცისკრის ციალა კრთოდა ცაზე.

- შე ძუძუნაწყვეტო, რა მისძარ-მოსძარ ხმელეთი? დედამიწა შეიზნიქა შენი ჭყვირილით!

- ადექი, შე დევერნახა, მარტო ამ ჩვენი დერეფნის მერცხლიას მრცხვენია, რას იტყვის ჩვენს სიღარიბეზე.

- ადე, საცაა მზე ამოვიდა!

მაშინ კი იფეთქებდა ,თაღრია, თითქოს კლდემ გახუვლაო.



- დედაკაცო, მე ვინა ვგდივარ, მზეს ავუსწრო! ჯერ მზე უნდა ამობრძანდეს, მერე მე ავეთრიო!

ეტყობა ამ ყოვლადშემძლე დასაბუთებას ვეღარ უძლებდა თოთოლა და ისიც თავს მიანებებდა ქმარს, რომელიც ახლა საამო ნეტარყუჩობაში წავიდოდა.



და მცირე ხანში ისევ თავიდან იწყებოდა: -ადე, შე გასაციებელი!



-ადე, მამა, მამილო, მამაგულა,- ალერსით დაეხვეოდნენ ბალღები, თან მხარში უდგებოდნენ, ზოგი წინდას აწოდებდა, ზოგი ქალამანს, ქამარს, ზოგი ჩვრებს, რომელთაც ახალუხი და შარვალი ერქვა. ერთი წლის გოგო იამზე ცაცებით ქუდს მიაწოდებდა.



მაშინ დიდი ამბით დაიწყებდა ადგომას თაღრია; დაიჭერდა ცალ წინდას ხელში მკსა

და ჩაცმის მოლიდინში გარინდდებოდა, თითქოს ფიქრობდა: ღირს ადგო მა თუ არაო? ახლა

იმაზე გაიხეთქავდა გულს თოთოლა: -ახა ვაითას, ახა ვაგლახთას შენს ხელში!



-ნეტავ რა დროს მუშაობაა, ვერა ხედავ როგორ იკბინება მზის თვალი?-მორცხვად შეუბედავდა ცოლს თაღრია,მაგრამ კალო უკვე ჩაშლილი იყო თოთოლასა და ბაშვების მიერ ცხენშებმული კევრი უცდიდა ოჯახის უფროს.გოგო-ბიჭები კარგა ხანია რაც კევრზე ისხდნენ და ზარმაც მამას ჩუმად ახელბდნენ.



მალე თაღრია კევრზე იჯდა და თან ოროველას აზუზუნებდა.





მეტად მძიმე იყო კალოზე მუშაობა: უმზეურად კალოს ჩაშლა, მერე მთელი დღე სიცხიგულზე, საფიცხარში კევრზე ჯდომა.



-რა ვქნათ თუ გაზაფხულის სიცხეში ტვინი არ ავიდუღეთ, ისე ზამთარში ქვაბი ვერ აგვიდუღდებაო!- დასძენდნენ გლეხები.



ჩვენ ბალღებს მეტად გვიხაროდა კალო: კევრზე სრიალი, კალოს მსხალი, არნადით კალოს შეხვეტა და განიავება, საღამოთი კი ახლად მორწყულ კალოზე წითელი ხვავი და მის გარშემო ლხინი, ტაშგოგონა, სიცილი, თქართქარი, ვარსკვლავების თვლა, ვერცხლურ მდინარის გამონაჟონი-ირმის ნახტომი და მთვარე, მოქათქათე, ღიმილიანი მთვარე.



რა ვიცოდით, თუ რა აწუხებდათ ჩვენს უფროსებს. რა ვიცოდით, თუ მათ უმთავრო, უმთენარო ცხოვრება ჰქონდათ?!



 



ფუფალა



მკათათვე... გზის პირას მდუმარედ ამრეშებული ყანები. თავდაზნექილი თავთავები ფხიან ნამგალს უცდიდნენ. ნიავი სადღაც გახიზნულიყო. გზა დახეთქილი, მტვრიანი... ირგვლივ მხოლოდ სევდა და თვლემა...



შარაზე გამოჩნდა მარტოდმარტო ბერიქალა, არსაფერისად ეცვა, სხვადასხვა მხია¬რული, ჭყეტელა ნაჭრებისაგან შეკერილი კაბა. ცალი ხელით მოძველო ქოლგა ეჭირა, მეორეთი ჭრელი ბოხჩა. ძველებური შავი თათმანი ეცვა ხელთ და ადამის ხნის დაგლეჯილი, მაღალქუსლიანი, ჩაღილული, ყელიანი ფეხსაცმელი და მომტვრეული, შუაზე გადაჩეხილი ქუსლი ძალზე აწვალებდა. მოქანცული, შეოფლიანებული გმინავდა, შეწუხებული ცალკე სიცხით, ცალკე უხერხული ფეხსაცმლით, ცალკე თავისი მწარე ბედით!



– როდემდის, როდემდის, ამდენი წანწალი! – კვნესოდა და თან მკერდზე თათმანით ოფლს იმშრალებდა, – მალე სიარულსაც ვეღარ შევძლებ და სადღაც, ღობის ძირას, ამომხდება სული!

ერთხელ, სარკეში ჩაიხედა და სარკე მიწაზე დაანარცხა. სარკემ უთხრა, რომ პირის მთვარიანობა დიდი ხანია რაც ჩაჰქრობოდა, ბროლის ნათელი, ლალის ბრდღვიალი გაჰხუნებოდა, შუქდამდგარ საღამოს მიჰგავდა. მისი ყვავილიანი სამზეო დალეულიყო. წყალმა წაიღო სილამაზეც და თაყვანისცემაც!



ოდესღაც კი სილამაზისთვის „ფუფალა― უწოდეს!

– აგერ, ჩემი სოფელიც... ამდენ ცანს დასანატრელი... ჩემი კერა, სადაც აღარც სახლი მაქვს, აღარც კარი! ვინ გამომეგებება? ვინღა მეტყვის დედასავით ტკბილად, – შვილო, მშვიდობით მომიხველო? ჭირი მოგპარეო, – ვინღა მეტყვის? – არავინ! ვინა მყავს მათი ნაცვალგვარდა? მოხრეკილი საწუთრო, უდაბნო-უგულო!



– რა კარგი იყო ჩვენი მთვარიანი აივანი, ჩვენი ხეივანი!

– საწყალი მამაჩემი, ყარსის ციხის ამღები! ხელმწიფემ მისი სურათი რომ მოითხოვა, მამამ დიდი, რუსული ცხენის ნალი მოღუნა ხელში, ეს ნალი გაუგზავნეთ სურათის მაგიერო! და მისი შვილი, აზნაურის ქალი, ახლა ასე დავწანწალებ!



ფუფალამ მთაზე შეხედა ნგრეულ ნაშტს და პირჯვარი გადაიწერა.



რა კარგი იყო მისი დღეობა! განა აქ არ იყო, რომ თავზე ხელაღებული დოლენჯი, ფუფალას გულისთვის შვიდ ნაბადზე გადახტა შეკაზმული ცხენით! ზაზუნა კი, დარდიმანდი ზაზუნა, ეკითხებოდა, მზეღმერთი ხარო თუ ვინაო?



– აჩრდილივით, სულ თან დამდევდა არდაშელი: შენს იქით გზა არა მაქვსო, შემრისხე და შემიწყალეო! მაგრამ ქვა-ქალი ვიყავ, ვიღას ველოდებოდი უწამებელი, ურწმუნო?!



– ეს რა ხორშაკი ქარი ამომივარდა, რომ სულ ყველა ერთიანად შემომძარცვა?

გამოჩნდა ჩალური და წითელკრამიტიანი სახლები... ორღობეში აყოჩებულ სიმინდს თავი

გადმოეყო, რეჰანის და კამის სურნელი მოდიოდა დარწყულ ბოსტნებიდან.

თავისი აოხრებული ნასახლარის დანახვაზე ფუფალას მოაგონდა წუხანდელი ნასიზმარი:

ლოგინში მწოლარეს დედა ნაზად დაჰღიღინებდა:



ელი ელამდა,

ზღვა ბიბინებდა;

ზღვისა პირსა კარავი იდგა, შიგ ქალი იწვა,

ფარჩა ეხურა,

ფარჩა ავხადე, სამი ვაკოცე, სამმა კოცნამა ფერი უცვალა, ფერმა ნაცვალმა წიგნი დაწერა, ვის გაუგზავნა?..



– ვის გაუგზავნი? – ღიმილით ეკითხებოდა დედილო, – სულხანს თუ არჩილს? რამაზს? აბა, მაშ ვის, გენაცვალე! – ფუფალას ვერ გაერკვია ვისთვის გაეგზავნა უსტარი და ჭოჭმანობდა. დედა კი ეხვეწებოდა ლოგინზე წამომჯდარს, – რად ეგრე? წარბი გახსენი, ჩემო სიცოცხლეო!

გაქრა თბილი სიზმარი... მყუდრო ლოგინი... ფუფალას ნათლიდედას შემოესმა მასპინძელი გლეხის გამწყრალი ხმა, ცოლს ურისხდებოდა:

– თავიდან მომაშორე, თორემ შემოგვეჩვევა, ჩვენთან ბინას დაიდებსო!

– როგორ დავითხოვო, რომ მწამლობსო! ამას წინათაც თავის ტკივილებისაგან მომარჩინაო!

– ერბოხალი მიართვი, მამაუცხონდაო!

ბერიქალა ვითომ კიდეც ექიმბაშობდა ლუკმა-პურის გულისთვის.

– ყვავი მოხარშე ისე, რომ ორთქლი არ გამოუვიდეს, იმისი წვენი დალიე!

– მორიელის სისხლი გაახმე და მიიღე!



– მუხის ხის წყალი, მიმინოს ქონი აურიე ირმის ქონში, მტრედის გული ვარდის წყალში ჩააგდე!

მკურნალ ფუფალას აფთიაქს შეადგენდა: ბალახი ვირისგვერდა, ღელაღუნტის ძირი, ტირიფის





არაყი, აქლემის ძვალი, ჯოჯოხეთის ქვა, ეშმაკის კიტრანა, კრაზანა-ბალახი...

ფუფალას წამალი არავის ეჭირვებოდა. არც თვითონ ატანდა ძალას. მაინც სოფლის იმედი იყო... ისევ მკურნალის სახელით ცხოვრობდა, ოდესღაც სხვათა გულის დამჭრელი... ღვთისნიერი ნაცნობები შებრალებით აძლევდნენ თავშესაფარს.



ბერიქალა შედიოდა სოფელში, როგორ ქარიშხლისაგან დაგვემილი ნავი მიეჩქარება თავის ნავსაყუდარში.



– იქნებ უკანასკნელადაც მოვდივარ ჩემს სოფელში? – გაიფიქრა სევდიანად.

ზედ გზაზე, ღობესთან, დიდ ფშატის ძირას, სოფლის არეოპაგზე, იჯდა ქალთა სინედრიონი.

თვალყბედი ჭორელები ქაქანებდნენ.



რამდენი ენაც კი არსებობს ქვეყანაზე, სულ აქ იყო ნაჯგუფარი: ენამძლე, ენაკვესია, ენაგესლი, ენაქარცი, ენამორბედი, უკლიტო ენა, ენამუხლმალი, ენა გაბნეულ-გამობნეული, სახრიკო ენა, ენამრე, ენაწყალინაყია, ენაქუხილი, ენამახვილი, ორენა...



კიდევ დავუმატოთ? ორკაპა ენა, ენატლეკია, ენაჭრიჭინა. კიდევ ვინ იცის, რას არ იტყვის დაუყენებელი ყბა!



ჭორელებმა წამოანთხიეს გულის ღარღლი, დაღერღეს ყველა, დაასახიჩრეს, დააჩინჩხვარეს, მტვერი აადინეს!



განზე იდგა ნაჯაფარი ბებია გაიანე, ხუთი შვილიშვილით, ვენახიდან გამოსული თითისტარს აძგრიალებდა, თან ალმაცერად გადახედავდა მეჭორეებს.



სალაყბოზე, სხვათა განწილვა-განქიქებაში, ყველაზე მეტად ბასრობდა ენით მქლეშელი ქარცეცხლა – დალაქის ცოლი. ქარცეცხლასათვის მთელი ქვეყანა მოუწონარი იყო, არა მის ნებაზე გაჩენილი. სამყაროს მიმართ ამბოხებულს, ყველა ათვალული ჰყავდა კბილგასაკრავად. მას ბანს აძლევდა მიმტკნარი ბაბალე, რომელიც წინასწარ ნაზი გაფრთხილებითა და გაზვიადებით მოგანდობდა დიდ საიდუმლოს:

– გეთაყვა, ეგ სიტყვა კი ანგელოზმა შეინახოსო. – მაგრამ თვით მისგანვე უკვე მთელმა სოფელმა იცოდა.

– თქვენს წინ კი ია და ვარდი ჰფენია! – და საოცარ თავზარდასაცემ ჭორს ჩამოჰყაჭავდა. ახლაც დაიწყო... რა დაიწყო!..



ბაბალეს გადმოცემით, სოფლის მზეთუნახავ ნარგიზას ხალი მარცხენა ძუძუს ქვეშ რომ ჰქონდა, ბარემ ათ ბიჭს სცოდნია სოფელში!

– კარგადაც უქნია! – წარმოთქვა ნინუცამ, რომელსაც აღარც ერთი კბილი არ შერჩენოდა ყბაში და მხოლოდ ენას ალაღლაღებდა.



– მეტი რა უნდა წაიღოს ამქვეყნიდან. აბა, ჩემი პატიოსნებით რა გავიტანე? დიახამც, ვნანობ, რომ ჩემი სილამაზე სარეცხსა, ქათმებსა და საქონლის მოვლას გადავალიე!

– რა ყოფილა ჩვენი სიცოცხლე! მართლაც, წამიეთია, წუთის ქვეყანა, დამთქნარებას ვერც კი





მოასწრობ, რომ ხელში გაგიცურდება... ეს ოხერი, როგორ ხუნდება! – ჩიოდა ისევ ნინუცა.

მზე ჩასავალზე იყო. ის იყო ჭორელებმა ყველაფერი გააბათილეს, გადააბრუნეს და თითქმის აკლდებოდათ ჭორმარაგი, აკი ღმერთმა უშველათ! სოფლის შარაზე ჩვენი მგზავრი ბერიქალაც გამოჩნდა.



– აგერ, ფუფალაც მოდის! – დაიძახეს ერთხმად და შარას მიაჩერდნენ. – რამდენი ხანია არ გამოჩენილა! სად რას არის გადაქინძული? აჰა, გინდ ეგეც, განთქმული მზეთუნახავი, ახლა საფრთხობელას დაემსგავსა. მართლაც, რა ფუჭია წუთისოფელი!



– როგორ იქნებოდა მზეთუნახავი? სახე თონეში შემწვარ ვაშლს მიუგავს! – გაკვირვებით იკითხა ლურჯთვალა გოგომ.



ფუფალა ბოხჩითა და ქოლგით მიუახლოვდა ქალთა კრებას. სახე ატკრეცილი ჰქონდა, ოფლს ზოლდაზოლ უმარილი ჩამოერეცხა.



ქალებს მიესალმა.

– კარგია, რომ დაგვხედე! სად გადაიკარგე?

– თვალი ჩამოგავლეთ! ისე შეგეწიოთ მზე, დედასთან მიმავალი, როგორც მე თქვენ მიყვარხართ! რაზე ზღაპრობდით? – იკითხა ფუფალამ, როცა სული მოითქვა და დახეული ქოლგა დაკეცა დიდი სიფრთხილით.



– ტიალ წუთისოფელზე, ოხერი რა მალე ცვდება! აი, გინდ შენ! მე რომ მახსოვხარ, ღმერთო, რა იყავი! აღარ ვიცოდი, შენ იდექი ჩემ წინ, ვარდი თუ ბროწეული? დადიოდი, ანათებდი! – უთხრა ნინუცამ.



ფუფალამ შეიფერა... თავი ამაყად გადასწია:

– ჩემო დაო, შენ რომ პატარძლად მოგიყვანეს, მე სულ ცხრამეტი წლისა ვიყავი. მაშინ ყველა ლამაზია! საქმე არი, დღეს იყო ლამაზი, თორემ წარსული სილამაზე ჩავლილი წყალივით არის, ვისღა ახსოვს? – და თან დაუმატა ნინუცას საამებლად:

– შენც კარგი იყავ, ნინუცი! – მაგრამ არავითარი შედარება არ გაიმეტა ფუფალამ ნინუცას წარსული მშვენიერების გამოსახატავად.



– მთვარეს ჰგავდი, ცისკრიანად! – მლიქვნელურად შეაქო ნინუცა ბაბალემ.

ფუფალამ იწყინა მეტოქის ხოტბა, ისიც არა გულწრფელი, უმარილო გადამეტფასება და ქორივით გადახედა ბაბალეს, რომელიც მის თვალთახედვის ქვეშ მწყერივით გაინაბა. უხერხულობა იგრძნო თვითონ ნინუცამ, რომ მიაგეს მიუგებელი, მაგრამ ქათინაური არ იუარა და ფუფალას დასაშოშმინებლად სიტყვა ქალის სხვა ღირსებაზე გადაიტანა.

– საქმე სილამაზე კი არ არის, პატიოსნები ვიყავით! ოჯახის ერთგულები! აი, ეს არის თავი და თავი!..

– მართლაც ლამაზი ვიყავი! – ამოიოხრა ფუფალამ, – სწორედ ვარდს ვგავდი! ალქალას, ოქროქალას, თვალჟუჟუნას მეძახდნენ.



– ახლა კი ბუს გეძახიან! – წამოიძახა კიტრიპარია ბიჭმა და თავქვე მოჰკურცხლა.

– რას გარბიხარ, სასიკვდილევ! მე არ მეშინია, ახლა რაც გინდა დამიძახონ! ხომ მიმჭკნარი ვარდი ვარ, მაინც ვარდი მქვიან! ნიორი და ხახვი ხომ არა ვარ დედაშენივით! ეჰ, რა ლამაზი ვიყავი! – განაგრძობდა ფუფალა, – თვალადი, ტანადი, მაგრამ შიოლას შევსწირე ყმაწვილქალობა!

– ახლაც ვარდს იფენ, – ნახვერად დაცინვით თქვა ქარცეცხლამ, როგორც შესაკმევი სიტყვა, ისე გაიგო.

სამოც წელს გადაცილებული ფუფალა მაინც ყველას დაწუნებაში იყო.

– ვინ არი?

ეტყოდნენ, ესა და ეს ვაჟკაციო!

– ჩია თუ ქია? გინდაც ფთია იყოს! ერთი გოშია კაცი, უნდო ვიღაც, ჟაჟილა თუ ყაყლაჩა! – და ზედ ქვასა და ქაცვს მიაყრიდა.

– თვალში მეფუქსავატება! მაგას მაინც არ გავყვები, სულ რომ მარტო დავრჩე, მინდვრის თაგვივით!

სიძულვილით სძულდა ახლანდელი კაცები. – ესე ვივლი, ცალი-რქა ირემივით! – და მოიღერებდა ყელს: – ციხის ამღების შვილი ვარ!

– რამდენს ვუყვარდი... რამდენი სისხლი მოიღვარა ჩემთვის! დამფრთხალ ჭივჭავივითღა ვარ! ეჰე, შიოლა... შიოლა... სადა ხარ? – ერთხელ, წყაროზე შემხვდა შიოლა, მიიხედ-მოიხედა; რომ არავინ იყო, ჩუმად მითხრა: მე რომ შენი საქმრო ვიყო, გეფიცები, ყეინს არ მივცემდი სალამსაო! სწორედ ასე მითხრა, ჩემი ნაგონარი არ გეგონოთ!

იქვე მჯდარმა მეველე რეხვიამ ჩაიფრუტუნა. ცეცხლი ჰყარა ფუფალამ:

– აბა, სარკეში ჩაიხედე, ვითომც შენც კაცი ხარ, კაცი კი არა, საჩურჩხლე ქვაბი ხარ!

სიცილი ვერც ბირხლიმ შეიმაგრა. ფუფალამ შეუტია:

– რას იცინი, ნივრიგლეჯიავ, დოღრიალავ, მუხის ფუტუროსავით თავი რომ გაბია და ზედ ქინძი ამოგდის! – და თვალები სიბოროტით მიუელვარა.

– აბა, რა კაცი ხარ, კუჭია კაცუნა! შეუვსებელი ჯამი! – და იქვე მოკეცილ დედაკაცებს მოუბრუნდა, თითისტარს რომ აძგრიალებდნენ: – ერთი მითხარით, გეთაყვათ, ეს კაცია თუ ფლასის ნაძველა?

ბირხლა იცინოდა...

– შიოლასავით არავინ გამოსულა, – განაგრძობდა ფუფალა, – მასავით ქამანდარი სროლაში, მასავით ხმატკბილი მღერაში... რა თვალადი, რა ტანადი, ბოჭორმის წმინდა გიორგი გეგონებოდა!

– ხატობაში დავენახე სულ პირველად, ჩემი ატლასურ-ნარინჯული კაბის შემხედვარე გაგიჟებულიყო! უნდა გენახათ ომის კარს, ომის კარს უნდა გენახათ, დუქნის კარს კი არა, ახლა რომ ჰყრიხართ მთელი დღე! – მიუბრუნდა ბირხლას.



ბირხლამ ვეღარ გაუძლო და გაიქცა...



ფუფალას თანამოსაუბრეთა ერთი ჯგუფი ჩამოეცლებოდა. ახლა სხვა დედაკაცები დასხდებოდნენ, შინიდან საჭორაოდ, დასამთქნარებლად გამოპარულები, ან ბავშვის საძებრად, ან დუქნიდან ნავთის მოსატანად გამოსულები. გამოჩნდებოდა ფუფალას ახალი გამამწარებელიც და იწყებოდა ფუფალას ახალი წამება.



– ეჰეი, მერცხლის თვალებავ, ისევ ცალადი ხარ? რატომ არ თხოვდები, ხომ არ გადაკრუხებულხარ? – შეესიტყვებოდა ძმობილი მურწა, კვიმატი კაცი, – თუმცა, სად არის შენი ფანდი? – არც მურწამ დაინდო ნადობილარი!

– ეჰ, წავიდა. გული წაიღო შიოლამ! – და თითქოს შიოლად ესაუბრებოდა: – ერთი ვიყავი, რათ მოვკვდიო.

– ეჰ, ვუყვარდი, ორმოცი წლის წინათ ვუყვარდი!

– რათ გინდა ორმოცი წლის დამიწებულის სიყვარული, რა ბედენაა!

– სიყვარული არ კვდება! – ნაზად უპასუხა ფუფალამ და თვალები ააციმციმა. – გმირი იყო, მდიდარიც, ლამაზიც, მაგრამ არ მიყვარდა და არ გავყე! აი, სად იყო, ძველად ქალის პატიოსნება! მდიდარი იყო, მდიდარი, სიმდიდრე-შეუზომელი, შეუწონელი, მაგრამ არ გავყე; არც პირობა მიმიცია, ჩქამიც არ დამიძრავს!

– ეგ შიოლა ვინღა იყო, როდის ცხოვრობდა, წარღვნის აქეთ, თუ წარღვნის იქით? – იკითხა ლურჯთვალებამ.

– ღვრნა შენ და წარღვნა! – გაალმასდებოდა ფუფალა.

– დიამც, გაგიჟებით ვუყვარდი შიოლას! დაჩოქილი მეხვეწებოდა, – ერთი დღე შენთან მამყოფა

და უკვდავება დამალევინაო. არ გავყე ცოლად, მაგრამ მიწაში ვენაცვალე!

ფუფალას სიტყვით, შიოლა ორმოცი წლის წინათ მომკვდარიყო. სოფელში კი აღარავინ იყო

შიოლას მახსოვარი.

– დიახამც, საქვეყნო კაცი იყო შიოლა და მაინც არ გავყევი!

– არ გაჰყევ და ახლა საუძლურეში ამოჰყოფ თავს! – დანესტრა დედაკაცებში ისევ შემოპარულმა კიტრიპარიამ; მაგრამ ისეთი დაუბრიალა ფუფალამ, რომ კიტრიპარია ბიჭი თავქვე გარბოდა.

– მგლის პირი შენ და ქორის კლანჭი! – გაადევნა ფუფალამ. გზაზე ცხვრები ჩამოატარეს.

– ჩვენი სოფლის მთა-ბარი მთლად შიოლას ცხვრით იყო შეხურხლული. ამ სოფლის სასაძოვრე თუ სათიბი შიოლას საქონელს ეჭირა!

– ამბობენ, სხვათა მოჯამაგირობაში მოკვდაო! თუ ზღვასავით მდიდარი იყო, სხვას რად ედგა მოჯამაგირედ? – გესლიანად შეეკითხა ლურჯთვალა.

– არა, ის სხვა შიოლა იყო, სხვა გვარისა! – და ფუფალა უფრო გაზვიადებით განაგრძობდა:

– პირის მარგალიტი ეყიდნა ჩემთვის შიოლას, ოქროს ჯაჭვიც, ლალის საყურე, ბეჭედი, ყიდვით კი ეყიდნა, მაგრამ შიშით ვეღარ გამოეგზავნა ჩემთვის! სულ ერთია, არ მიიღებსო, არ მიკადრებსო!

არავინ იცოდა, მართლა თუ იყო ამქვეყნად ფუფალას მიჯნური შიოლა; მართლა ოქროს ჯაჭვს უგზავნიდა თუ არა?

– აბა, რა კაცი ყოფილა შენი შიოლა, – მეცხვარე კაცი, წვერჩამობანდული, ქაცვისაგან ჩამოგლეჯილი, წვიმა-ავდრისაგან ჩამოსველებული, ჩამოღარული! წავიდა შიოლა, მაისის წყალი დალია! რას მისტირი, რას გამოელოდები? – არა ცხრებოდა მურწა.

– მეცხვარე კი არა, ცხვრის პატრონი იყო! – შეუსწორა ფუფალამ.

– ჩინჩალა ყოფილა, თურმე, ბეჩავი, უამური! – წამოედავა პირსიცილით ყელმძივიანი ქერა

პირბალიშა.

– მიწამ კი დაგიკეტოს კარი, შე ულხინებელო! ფრინველს მიჰქონდეს შენი თმები თავისი ბუდისათვის! – წამოიკლაკნა ფუფალა და ხელთ ქვა აიღო. გოგო გაიქცა, ფუფალას ქვა შერჩა ხელში.



შერყეული, გულზე ეკალდასხმული იდგა ფუფალა და ფიქრობდა: ეჰ, რამდენი ბოროტი ადამიანია ქვეყანაზე?! ამოსწყდეს მათი ფესვი და ნაშენიო!

– აი, შე ეშმაკის დანარჩენო, – და წამოვიდა ამტუტებული, შებეზრებული ფუფალას მეხმფრქვეველი სიტყვები.



ფუფალამ დამშვიდებაც უმალ იცოდა. გაშფოთებული მალე დაწყნარდებოდა:

– დახეთ, დახეთ, სად გადამიბნელა დღე! სად გამიტეხა ნათელ-მირონი. ამ ბაბაჭუა ფეიქარმა! და როდესაც ზემოდან ისევ ჩამოიარა მურწამ, წყრომის ნისლყრილმა ფუფალამ ასე მიმართა:

– ბოლოს და ბოლოს, მიწა ვართ, დავითრგუნებით! მაგრამ, ძმაო, გენაცვალოს შენი დის თვალები, ჩემო ჩამოქნილო სანთელო, რათ უნდა მაწყენინო? არა გრცხვენიან, რომ ამ მიწაზე დადიხარ?



მურწამ ფეხი გადადგა წასასვლელად.

– არა, არა, ჯერ ვერ წახვალ, ჯერ გული გამიმთელე ეჭვიდან, თუ არა და სიკვდილზე წილი

ვიყაროთ: ღმერთმა გაგვასწოროს ის იყოს ნების მყოფელი!

– ხმალი ხარ, ამოღებული, მძინარე ლომს გააღვიძებ! – ჩაიჩურჩულა მურწამ.

– ნამტკივნი გული ლაპარაკობს, განა მე! – ლმობიერებით ეუბნებოდა ფუფალა, – სალბუნი მომეცი, სალბუნი, რომ დავშმვიდდე... სულ ვარდს მოგაშლი, ოღონდ სალბუნი მომეცი!

– გულის ძმა ხარ! ერთად ვართ შეზრდილები. ვერაფერი გამიგია, ტვინის ძაფი დამექსაქსა. რათ უნდა მაწყენინო, შე უღმერთოვ! თუ ჩემგან რამე გეწყინა, გული გავიწმინდოთ, ვთქვათ ყველაფერი თავწაყრით, ბოლომდე ვთქვათ და გავათავოდ!

– სალბუნი მომეცი, სალბუნი! – ემუდარებოდა თავდახრილი, მიწას ჩამცქერი ფუფალა მურწას. მაგრამ მურწა უკვე გაპარულიყო. ისე გართულიყო ფუფალა თავის მჭვრმეტყველებაში, თავი როცა აიღო, მურწას მაგიერ-მოღიმარე ახალგაზრდა ქორია იდგა მის წინაშე.

– ეს ვიღაა, საიდამ მოთრეულა?

– წიწმატის ტოტზე ვიჯექი, წიწმატის ტოტი მომიტყდა! – წამოიძახა ქორიამ.

– რაო?

– შენი კუბოს ფიცრის სათლელად ვიყავი, ახლა მოველი, რომ კუბოს ზომა აგიღო, ხომ გაიგე? – თავხედად ჩაუმარგალიტა ქორიამ. ფუფალა გაფოთდა, მაგრამ ყური მოიყრუა.

– ჰო, ეს შენა ხარ, მუცელავ, ქორო, ბორიაქარო, სოფელი რომ გააციე! – შეუცეცხლა ფუფალამ. ქორია ხომ განთქმული ქურდი იყო, მტაცებელი! და თანაც ფუფალას უტიფარი მწვალებელი! – ისევ თავიდან დაიწყო ფუფალას წამება.

მზე ჩადიოდა... ასაღამურდა... ბინდი დაეცა სოფლის შარას.

– უფალო, შენ დამეხე, დაწვი, დანაცრე ჩემი მტერ! უძილო მატლი სჭამდეს ჯოჯოხეთში! –

იძახოდა დაღლილი წამებული.

შარაზე ნახირი გამოჩნდა. დედაკაცობა წამოიშალა.

ფუფალაც წამოდგა, ჩააცქერდა ნინუცას და უცბად ორივე ხელით შემოეხვია. ზოგნი იქვე დარჩნენ ცნობისმოყვარეობით.

– ნინუცი, ერთი უმფარველი გოგო ვარ, ხომ გამიკითხავ, როცა მოვკვდები? ნინუცა შეკრთა, რას ამბობო, და მიესიყვარლა.

– არა, ხომ დამიტირებ შენი ლამაზი თვალებით? ნამდვილი ცრემლით, გულის ატირებით, ხომ ლოყას ჩამოიხოკავ, ჩამოიკაწრავ?

– რას ამბობ, უწინამც შენ დამაყრი მიწასა! – ამბობდა სახტად დარჩენილი ნინუცა. დედაკაცობა შეხორხლდა...

– აბა, სიტყვა მომეცი, რომ ჩემზე თმას გაიშლი, ჩემზე შავს ჩაიცვამ, ჩემს კუბოზე დაახლი თავს! – და ფუფალა აზუზუნდა, ატირდა, აქვითინდა ადუღებული გულით, ცრემლდასხმული თვალებით. ნინუცა ტიროდა, დედაკაცებმაც ცრემლი გაშალეს. გასათხოვარი გოგოები იკბინებოდნენ.

– ოჰო, ძუძუთა ნუკრს დამიხედეთ!

– ჩემო მიწის დამყრელო, ჩემო დამსუდვრელო, ჩემო მოკეთევ, სულ ლექსით დამიტირე, შენ გენაცვალე, ცრემლში გატარებული სიტყვებით! – იხვეწებოდა თავმორეული, ყველასაგან გარიყული, უშტოვო ხესავით მარტო, ყინვა-სიცხეში ჩამომწვარი ფუფალა.

– სულ ცაში ადიოდეს შენი ტირილი. ხომ იცი, უპატრონო ვარ, ლიტაო. არავინა მყავს გულშემატკივარი! – კანკალებდა აძაგრული, საყელოცრემლიანი, ლოყაზე კურცხლმიწებებული, მინაცრებული ფუფალა.

– ცრემლის ღვარჩქერს დაგიყენებთ, თუ გინდა დანჩქერსაც! – ფრუტუნებდა ლურჯთვალასთან ერთად მზევარდამომავალი პირბალიშა.



თავდადრეკილი, გადასვენებული, ღონემიხდილი ფუფალა კუნძზე იჯდა გულგადალეული და ლიტრის წყლით აბრუნებდნენ.



ბოლოს, როგორც იყო, დაშოშმინდა ფუფალა. ნინუცა არ მოშორებია. შინ უნდოდა წაეყვანა, მაგრამ ხეპრე ქმრისა ეშინოდა, ორივეს კარში გამოგვყრისო, გაიჯეჯილებსო, სად მაქვს მაგის შესანახი ლუკმაო!



ბოლოს კიტრიპარია ბიჭმა ხმამაღლა დაიძახა დაშლის ნიშანი: ჩიტმა თავის ბუდე იცისო!

კიდევ ერთხელ მიესაყვარლა ნინუცა ბოდიშით და შინისკენ გაეჩქარა.

მეპურმარილე არავინ გამოჩნდა.



ბინდი გამუქდა... ფუფალამ გაშალა ქოლგა და ლასლასით გაუდგა გზას. საით? თვითონაც არ იცოდა!



ბინდში გაშლილი ქოლგა რომ დაინახა, – მზე არ მოგეკიდოსო, – გესლიანად მიაცეცხლა ქარცეცხლამ.

– ხედავთ, ციცინათელა თავის შუქს მისდევს! – დასცინა ლურჯთვალამ. – ჭრელო პეპელა, გაფრინდი ნელა! – მისძახოდა პირბალიშა.

– იცით, რა საიდუმლოს გეტყვით? – ბოროტიანმა ქარცეცხლამ დიდმნიშვნელოვნად პირზე ხელი მიიდო და გარინდდა.

– გვითხარ, შენი ჭირიმე, გვითხარ, თავს შემოგევლე! – შემოეხვივნენ დარჩენილები, მაგრამ ქარცეცხლა ასე იოლად როდი გაიმეტებდა საიდუმლოს.

– იცით რა?! – იძახდა ხმაშეკიდებით.

– ჩქარა, გვითხარი, თორემ შინ სახრეს ვერ გადავურჩებით!

ბოლოს ქარცეცხლამ, როგორც იყო გაამჟღავნა დიდი საიდუმლო:

– ისე არა ყოფილა შიოლა ამქვეყნად, როგორც მე არა ვარ ეხლა დედოფალი! – წარმოთქვა ჩამარცვლით.

– როგორ, შენი ჭირიმე, ეს როგორ? ელდანაკრავივით ეკითხებოდნენ ქარცეცხლას, – წმინდა გიორგი, შენ გვიშველე!

– ისე! სულ ფუფალას მოგონილია! შიოლა არცა ყოფილა ამქვეყანაზე, არც არავის უნახავს... ისევე, როგორც მისი წამლები!



– იმ ჭრელ ბოხჩაში მართლა წამლები კი არ უწყვია! არა, საყვარლებო, ჩემო სიცოცხლეებო, – აგზნებით ქაქანებდა ქარცეცხლა, – ფერუმარილი ულაგია, გუნდა, ლახუსტაკი, ზირა, ქარვახუთო, ზეთები, სახეს რომ ითითხნის ყოველდღე, სილამაზის ნაკვალევი მაინც შევინარჩუნოო! რომ ჩაიკეტება ხოლმე, განა მართლა წამლებს ამზადებს. ჯერ ნებივრად გამოიძინებს, მერე ჯიბის სარკეს დაიდგამს წინ და თავს ილამაზებს...



– უყურეთ, მაგ პეწენიკს, თვალთმაქცს, როგორ გვატყუილებდა! ერთი უყურეთ! – ვიშვიშებდნენ დედაკაცები. ლურჯთვალა და პირბალიშა ზეიმობდნენ, ყველაზე მეტად კიტრიპარია ხტოდა გახარებული.



ფუფალა მიჰფარდა იქვე ორღობეს მოსახვევში თავის ქოლგით, ბოხჩითა და თექვსმეტნაჭრიანი კაბით. მიდიოდა პურუჭმელი, დაბეგვილი, მოთუთქული, დაქოლვილი, ნაწამები, და არ იცოდა, რომ უკვე გაცემული იყო ყველა მისი დიდი საიდუმლოება, რომ ხვალიდან უკვე მზადდებოდა მისთვის გოლგოთა, ახალი ჯვარცმით...



 



მეეტლე იაგორა



ამ წვიმიან დღეს რატომღაც ჩვენებური მოხუცი მეეტლე იაგორა შემახსენდა.

ორმოც წელიწადზე მეტი იყო სოფლიდან თბილისში მეტლედ გაქცეული იაგორა და ერთხელაც

არგახსენების სოფელი.

ჯუხი ჯანმრთელი მეეტლე თბილისში შრომისა და ცხოვრების ამაოებაში იყო გართული. ქალაქში პატარა ქოხიც ეყიდა და უკვე მოქალაქე გამხდარი, სოფელს აღარ კადრულობდა. ბოლოს კი მოხუცობაში მიწამ მოიკითხა. თავათ უშვილო იყო, ცოლიც მოუკვდა, თანანა. ცხენებიც დაეხოცა. ქოხში წვიმამ ჩამოატანა, მსოფლიო ომიც დაიწყო. გაღარიბდა, დაავადმყოფდა ჩვენი იაგორა და სოფელს მიშურა. ეს იყო მსოფლიო ომის,მეორე წელს.

კარგად მახსოვს მისი ქალაქიდან დაბრუნების დღე, ჩვენს უბანში იყო ეს ახალი ამავი, თუგინ, მთელი მოვლენაც. სწორედ იმ დღეს წმინდა გიორგის ხატში ვიყავით, სოფლის განთქმულ სალოცავში. სპრილის გასულები იყო. სთქვირებული ბალახი მუხლზე გვცემდა, ზეიმობდა პირველი სიმწვანე გაზაფზულისა. სანატრელი

მეზობლები იაგორას პატივით ხვდებოდნენ და მიიპატიჟეს ხატობაში, რომელიც, აგერ ორმოცი წელიწადია, რაც არ ელოცა.

იაგორა ხარობდა, იცინოდა, გამოიცვალა, თითქოს სბერის ქურქი გადასძვრაო, თითქოს ფენიქსივით განახლდაო, აღტაცებული მწვანე ბალახში ეხვეოდა:

__ უჰ, თქვენი ჭირიმეთ და!...__თან მუხლი ეჭირებოდა.

როცა ხატობის სუფრაზე დავჯექით და იაგორას სავსე კერძი მიაწოდეს, მან მოულოდნელად წამოიძახა:





__მთელ სიცოცხლეს ვნატრობდი: ღმერთო, აუწონავი ხორცით გამაძღე-მეთქი! ჰოი,

თქვენს დედის რძეს ვენაცვალე!

თამადა__ მოხუცი რკინიგზელი მუშა თვითეულ სადღეგრძელოს ასე იწყებდა: ,,შაგნებულო და მომზადებულო ამხანაგებო!― იაგორა კი არ აცლიდა თამადას მჭევრმეტყველებას და გაიძახოდა:

__აუწონავი ხორცი, აუწონავი! უჰ,თქვენი ჭირიმეთ! ორმოც წელიწადს ქალაქის სასწორის შემყურე იაგორასათვის, ამ ომიანობის დამშეულ დროს, როცა შავი პური საძებარი გახდა, მართლაცდა სანატრელი უნდა ყოფილიყო აუწონავი, მუქთა ხორცი...

აქ კი __კმასაყოფელი პურ__მარილი, ღვინო...

ზვარას ხარ_ტყავი და დასისხლული თავი ეგდო ძირს, ბალახში ჭიაფრად შეღებილ მიწაზე.

გრძელი მწვადები შიშხინებდა, სიმსუქნის ქონი მიწას ეწვეთებოდა.

მიამიტ სოფლელებს უკვირდათ იაგორას აღტაცება. ერცხვინებოდათ ჭამაზე ლაპარაკი ქალაქელი კაცისა განსაკუთრებით კრძალულ მანდილოსნებს. კაცები კი , ხორცთან ერთად, ღვინოსაც აძალებდნენ:

__ჩაიგემე, ჩაიგემე, ჩვენებური მირონიაო!

შემთვრალ იაგორას კი თითქოს ქვეყნის კიდური შემოევლოს, ისე მოჰქონდა თავი! ვის არ იცნობდა თურმე თბილისში, ვინ არ უტარებია თავისი ეტლით__თავადი, ბობოლა,მოხელე თუ დიდი ვაჭარი?

__გულბაათ ჭავჭავაძე გაგიგონია? ,,გალიცინი―გაგიგონია? ,,შერემეტოვი ̈ იცი, მელიქ-აღა გინახავს?-როგორც გასახელებულ კაცს შეეფერება, ერთი „საწუთროს ჯამში― არ ჩაუხედია, თორემ სხვა ყოველივე იცოდა და ნანახი ჰქონდა, თუმცა კი სუფრაზე, ბოზბაშისა თუ არტალის ჯამში უფრო ხარბად იყურებოდა იმ დღეს,

―მიწასთან დაბრუნებული ― უძღები შვილი.

-უჰ,თქვენი ჭირიმეთ! -დიდხმაობდა, კუნტრუშობდა იაგორა, სოფლელები კი ტკბილად მუსაიფობდნენ, უხაროდათ ერთმანეთობა, გულახსნილობა. მალე კიდევაც მაგრად დაღვინიანდნენ. ღვინომოკიდებული იაგორა ქალაქურ ყაიდაზე ჭიკჭიკებდა:

_ სულ ოთხი ფუთი ვართ! ექვსი მისხალი ენა გვაქვს! არ გავაფუჭოთ!

_მე რომ დილით შინიდან გამოვდივარ, ენას შაქარში ვავლებ, რომ ტკბილად ვილაპარაკო.

_ ენავ, ტკბილად გაისარჯე! ხალხში რომ მივიდეთ, გავატკბილოთ, ვინც ჩვენთვის ტკბილ ენას ამუშავებს, ცოცხალი იყოს.





-ეჰ, სულ ხორცით ვართ გაფუჭებული! კაცი ვიყოთ, ამ პატარა ენით ვიყვნეთ! -ეჰ, რა დრო იყო, დაი დად გვეკუთვნოდა, დათ მიგვიღია! დედე ყოფილა, დედა

დაგვიძახნია,ნათელ-მირონი რომ შუბლზე წაუსვიათ,იმათ ძვლებს ვენაცვალე!

იაგორა ჩარჩა სოფელში, დაბრუნების აღტაცებამ ნელ-ნელა გაიარა. სოფლის სინამდვილემ მალე გააცნო თავი,ვეღარ გაისაძლისა მძიმე გლეხური ცხოვრება სიცხესა თუ ტალახში, ვერ აიტანა. დაიწყო ქალაქზე დარდიანობა. საღამოთი გადადგებოდა თბილისის მხრივ სოფლის ბექობზე, ვითომ ქალაქიდან მისი შუქი შორიდან უნდა დაენახა, თვალი მოეკრა.

-აგარ,აგარ,მთაწმინდაზე შუქი აინთო, აჰა,სიონის ზარის ხმა მომესმის, -იძახოდა ღიმილით, თითქოს შორეულ, ტკბილ მოჩვენებას ესაუბრებაო. სულ ქალაქზე ფიქრობდა, სადაც ეგულებოდნენ ძმაკაცები, მუშტრები. იგონებდა ვერისა და ორთაჭალის სალხინო სახლებს და გულზე მუშტს იბაგუნებდა. მაგრამ აღარც ჯანი მოსდევდა, აღარც წელი, აღარც ჯიბე, ვეღარც გლეხურ ცხოვრებას მიუდგა. დარჩა უმწეო, გარიყული, მარტოდმარტო.

-ახ, ვერა ვძლებ უქალაქოდ, იქაურ სინათლეს ვენაცვალე! კაციც ის არის, ვინც ქვაფენილი გამოიგონა! ვერა, ვერ ვიტან აქურ ტალახს, აქაურ სიბნელეს ! ქათმებთან ერთად როგორ დავიძინო? მარტო ვარ... მოწყდა ... შინ რა მინდა... თუ არა და ციხეში წავალ, იქ ხალხში მაინც ვილაპარაკებ...

როგორ გიკითხო, იაგორ?

ვხმები, ვხმები ღაღუას ტირიფივით! - ქალაქურად ოხუნჯობდა სევდიანი იაგორა და აკი კიდეც გადაჰყვა ამ ტირიფს... წინასწარ ერთი ბოთლი ჭაჭის არაყი დაელია და თავი ჩამოეხრჩო სახლის წინ, სწორედ იმ ტირიფზე, რომელიც ძალზე უყვარდა მწვანიანობის გამო.

ხვედია

ბორგი, უსმინარი, აღმართი-კაცი იყო ხვედია. ვის არ ახსოვს ჩვენს სოფელში უკეთური, გულღორღიანი, ღვარძლა, ჭინჭყლიანი, ენიდან შხამის მდენელი!

შესახედავად ძნელი იყო: დამშხალული, შეკვამლული, ჩაღრუბლული, კუზიანი, თანაც წყალდასხმულ-ნაცრისფერი.

მოთმინებიდან გამოსული ძმა ეტყოდა: __ კაცი ხარ, ქვა-კაცი თუ ხერტკინა, შე გულდაფშვნეტილო?1

__ რაო, დაგებეჯა ენის ხორცი განა? __ მრისხანედ შეუძახებდა ხვედია ცოლს, თუ ორ სიტყვას გადააცდენდა საწყალი დედაკაცი.

__ ღვიძლი ჩამილპო ამ კაცის გულგამომხრავმა სიტყვებმა! თოკივით წამიჭერს ხოლმე ყელში! როგორც კალთაზე ნაკვერჩალი დაგეცეს და მაშინვე არ გადააგდე, თორემ დაიწვები, ისე ჩემი ქმრის სიტყვებია, __ ჩიოდა უბანში ნინორე.

არავინ უყვარდა ხვედიას, მით უმეტეს, ჩიტები.სძულდა ნიბლია-ბეღურები. არც მათთვის იშურებდა გულის დამბოლავ სიტყვებს.





__ რა ამბავი გაქვთ, სხვაგან ალაგი ვერ მონახეთ? __ დილაობით შესძახებდა თავის ვენახში მოჟღივილე ჩიტებს და გაბეზრებული, გაშმაგებული მოჰგლეჯდა სარს, შესტყორცნიდა ჩიტებით დახუნძლულ ხეს და გარეკავდა ისე, რომ წამში ის არემარე უდაბნოსავით დამუნჯდებოდა.

ჩიტებზე მეტად ბავშვები სძულდა. როცა დეადჩემს რძე გაუშრა და მე უძუძურად დავრჩი ცოტა ხანს, მაშინ ხვედიას ცოლი ნინორე მაწოვებდა ძუძუს, ხვედიას შიშით, ფარულად.

როცა ხვედია შინ იყო ხოლმე, უწოვნელად მისტუმრებდნენ,

ერთხელ, ცივი ზამთარის საღამოს, შალში თბილად გახვეული მიმიყვანეს ხვედიას ცოლთან

ძუძუს საწოვრად.

ხვედია თურმე ახტა-დახტა: რა დროს მაგის ხეტიალია ამ შუაღამისასო, ამ დროს აქ რა უნდაო?! დაეყვირა ჩემი მიმყვანისთვის, თითქოს საქეიფრად მივსულიყავ და არა წვეთი რძისათვის! ერთი სიტყვით, იმ ღამეს ურძეოდ დამარჩინა თურმე ბოროტმა ხვედიამ.

უმცროს ძმას ჩიტალას, საცოლედ შეღერებულს, რომელიც კარგ მომღერლად ითვლებოდა, ჩონგურის დაკვრასა და სიმღერას უშლიდა:

__ რას ჩაუშტერდი ჩონგურს, ცოლი გინდა განა? ჯერ სარჩოს მოეკიდე, რა დროს ჩონგური და სიყვარულია? თუ არადა ქალი ხომ არა ხარ, რომ მღერი?!

ხვედია ღამურა კაცი იყო; როცა ღამე გაიწონებოდა, მაშინ ადგებოდა, შემოივლიდა თავის პატარა კარ-მიდამოს, ეზო-ბოსტანს, კალოს, ვენახს, სადაც იგი თვითმპყრობელადა გრძნობდა თავს.

__ ეს ჩემია! __ თან დაარტყამდა ფეხს მიწას, ჩაჰბღუოდა: __ ჩემი მამულია! ჩემი საკუთარია! __ და მკერდით ზედ გადაეფარებოდა.

ხან უსაფრდებოდა უხილავ მტერსა თუ ქურდს, რომელიც, მისი წარმოდგენით, უთუოდ იქვე ბუჩქებთან თუ ღობესთან იყო მიმალული, მისი საკუთრების წასართმევად.

ხვედია მზად იყო გამვლელ მგზავრისთვისაც კი ჩხუბი აეტეხა, იმდენად ეჭვიანი მესაკუთრე იყო! სწყინდა, ბრაზობდა თუ სხვა ვინმე გაივლიდა მის მიწაზე. მოსვენება არ იყო მისი გაუთავებელი ჩხუბისა და კივილისაგან.

__ ერთი ხელის დიდება მიჯნა გადაგიწევია, შე ქრისტეს ფეხის მომჭმელო! __ შეუყვირებდა უდანაშაულო მეზობელს და დატრილდებოდა კეტი, კომბალი, მარგილი, ცელი თუ ცული! მისი ბოროტებისა ყაყანისაგან მოსვენება არ იყო.

__ რატომ არ დაწყნარდები შე საბრალოდ აშენებულო, შე შავმუჭა მიწავ, შავო მტვერო! __ შესძახებდა მოთმინებიდან გამოსული ღვთისნიერი ნინორე, ოდესღაც ფერწითური, შოლტივით ქალი, ლაღი ,მხიარული, ახლა კი, ხვედიას ხელში ელდით ჩამომდნარი, მოხრილი, ჩამუმლული. ცოლი სულ იმის შიშში იყო, ან ახლა გამომაბამს ქმარი ცხენის ძუას, ან ახლაო!

ხარბმა ხვედიამ სიკვდილიც კი ადრე მიისაკუთრა. საკვირველი იყო, ცოლი დასტიროდა ქმარს და თან გულშიშვებას გრძნობდა! რა დასამალია, ც ოლმაც ამოისუნთქა, უბანმაც და მთელმა





სოფელმა, __ მოვისვენეთო!

ნინორე დასტიროდა: __ აჰა , ეგეც შენი მიწა __ სამი ადლი მიწა! სულ მაგას ნატრულობდი, რათ

გინდოდა, შე უბედურო, რომ ყარყაში არ მოგწყინდა მაგ შავი მიწისთვის!

ხვედია კი იწვა გულზე ხელდაკრეფილი, თითქოს დიდად კმაყოფილი, რომ ახლა საკუთარი მიწა დაეყრებოდა გულ-მკერდზე... თითქოს ბედნიერებისათვის მიეგნო და მზად იყო ორივე ხელით ჩაებღუჯა ის სამი ადლი მიწა, რომელიც ახლა საკუთრებად ერგო და მის სამუდამო მფლობელობაში გადადიოდა. მაგრამ სახის შენაცრულ ფერზე მაინც ეტყობოდა, რომ ჯერ კიდევ ეშინოდა და ფრთხილობდა ვინმე უხილავი არ შემეცილოსო! ალბათ ჯერ კიდევ არ ჰქონდა გუნება დამყუდროებული.

ჩიტები კი მღეროდნენ, ჟღიოდნენ... ცა იყო ლურჯი... ულურჯესი.

ორი შემოხედვა

თუ კახეთის გზაზე გაგივლიათ, გეცოდინებათ, თბილისის სიახლოვეს ლოჭინის ხევი!

ახალ ხიდქვეშ ლოჭინის ხევისწყალი მოწანწკარებს თავმდაბლად, ქვიშაზე ტკბილად გადამავალი. ზაფხულის პაპანაქებაში ოდნავღა მოჩანს, დაჭრილი მტრედის ფრთის ბარტყუნივით ძლივსღა მიიგნებს გზას.

ამ წყალსაც ახსოვს ჩემი ბავშვობა!

ზემოთ, პატარა სოფელში, რომელსაც კლდის წყარო ჰქვიან, მამიდაჩემის განიერ მამულში ჩამოჩხრიალებდა, ჩამოციმციმებდა უნაღვლოდ.მე კარგად მიცნობს ეს პატარა წყალი! ჰკითხეთ, მოგიყვებათ, თუ ჩემს ყრმობაში როგორ ვესტუმრებოდი ხოლმე მამიდაანთ! რა მოამაგე ბიძა მყავდა ნიკოლოზი, რა კარგი ტოლები მყავდნენ იმ სოფელში: საბედა, აგლია, არსენა, ზიზილა, ქეთე, მაისა, ჩიტიფეხა, ნიტრია, შოშია, ცეზურა, ლექსურა და ვინ მოსთვლის... ნიკოლოზის ძმას, გარსევანს__ ისიც ხომ ნათესავად მომხვდებოდა,__ ჩარხიანი წისქვილი ჰქონდა ზვარში. მბრუნავ ჩარხზე წყალი იმსხვრეოდა ალმასჩქერებად. ჩამოვჯდებოდი ხოლმე წისქვილის გვერდით, დიდ გადაჩრდილულ კაკლის გრილოში და ვტკბებოდი წყლის ჩქერალის ფრქვევით, თითქოს, თითქოს ჩარხზე ათასი ცისარტყელა ყოფილიყო დახვეული.

ერთ დღეს წისქვილი მოულოდნელად დაკეტილი დამხვდა. სიბერით დახვეწილი მეწისქვილე ჩალხია უეცრივ გარდაცვლილიყო, თითქოს მისძინებოდა ფქვილის ტომრებსა და საცალოებ შუა მიწოლილს.

ღრმა მოხუცს ბალღების თავი არა ჰქონდა, არ გვიკარებდა. გარსევანს მეტად შეენანა ამაგდარი ჩალხია და საქელეხო პურ-ღვინო შეაწია. კეთილი იყო გარსევანი, თუმცა, ხელმაგარი, ჯიქი. მე ძალზე ვუყვარდი და ხშირად გაზეთებს მაკითხებდა; ესიამოვნებოდა, რომ ისე პატარა თავისუფლად ვკითხულობდი წიგნსა თუ გაზეთს.

სწორედ ამაზე ადრე, სანამ კლდის წყაროში გადავიდოდი, დედაჩემმა ჩემი საყვარელი გნოლა ხარი გაყიდა. მოჯამაგირე უჩიოდა_უღელს ეურჩება, უარშიობსო! მე კი ძალზე მიყვარდა. ლამაზი იყო ჩვენი ხარი, გნოლისფერი, ლამაზთვალება, მეც ვუყვარდი გნოლას. კისერზე ვეკიდებოდი, ბალახს ვთავაზოდი. არც ერთ სხვა ხარში არ გავცვლიდი გნოლას, მაგრამ რა





მექნა! მოვიდა მყიდველი, გახარებულმა აპეური გამოაბა, დასჭიდა ხელი წასაყვანად... და უცებ ჭიშკართან, გნოლა ხარმა შემომხედა ისეთი თვალებით, რომ კინაღამ იქვე არ გავიყინე. დღესაც კი მახსოვს გნოლას სამდურავიანი თვალები, გნოლას თვალის ღრუბელი...

იმ დღეებში სევდიანი ვიყავ, გნოლას გაშორებით აფორიქებული... ერთხელ წისქვილს მივაშურე. წისქვილის კარები ღია დამხვდა. ჩარხი ისევ ტრიალებდა. ჩალხიას ნაცვლად ვინმე ახლად გადმობინადრებული მეწისქვილე დამხვდა. მე შევკრთი და უკანვე უნდა გამოვბრუნებულიყავი, მაგრამ მან თვითონ დამინახა, დამიყვავა... გამეცნო...

წყნარი და სათნო მეჩვენა რაჟდენა, იმ წისქვილივით, იმ პატარა წყალივით, წისქვილს რომ ატრიალებდა; მაშინვე გული გადამიშალა... მეც ჩემი შევჩივლე, გნოლა ხარის ამბავი, გულმოდგინედ მომისმინა; თვითონაც ცრემლი გადმოსცვივდა... გამიკვირდა... გავიდა ხანი, დავმეგობრდით.

რაჟდენაზე დაცინვით ამბობდნენ ___ ცის მეცნიერიაო, ვარსკვლავებს ანგარიშობსო, და მართლაც, არა ერთხელ მინახავს, როგორი გატაცებით შეჰყურებდა ხოლმე ვარსკვლავებით მოჭედილ ცას...

__ აი, ის ჟუჟუნა სამხიარულო ვარსკვლავი მიყვარს, ბღუჯა-ბღუჯა სხივებს რომ ჰყრის, ის მაცოცხლებს, __ და ხელს გაიშვერდა გვირგვინიან ვარსკვლავისაკენ. __ ის კი, მეორე, ჩემსავით მიბჟუტული, გულმიმქრალი, არ მიყვარს , არა! __ ღიმილით იტყოდა. წისქვილის გვერდით, მწვანეზე წამოლილი ფლამარიონივით მისჩერებოდა ცას: იტაცებდა ვარსკვლავთა დაკამკამება.

__ ვინ იცის, იქაც არის ქალი და კაცი! იქაც არის ქალაქები; ვინ იცის, იქაც არის გადარეული სიმდიდრე თუ იქნებ სიღარიბით იქაც ქვას ლოკავს ადამიანი. იქნებ, იქ სიკვდილი არც არის, ვინ იცის! __ დასძენდა დიდი სიჩუმის მერე.

__ ხან მინდა სურვილი, გავგზავნო; შევისხა ფრთები და გავფრინდე მზის დედასთან საჩივლელად!

__ ვის უჩივლებ?

__ ცხოვრებას, ბოროტ ადამიანებს, ბედს! ეჰ, ვერ ვიპოვე ჩემი ვარსკვლავი!

საჩივარი კი მართლაც ბევრი ჰქონდა... სიტკბოიანი რაჟდენა ბედისაგან დაჩაგრული იყო; ჯერ ცოლი მოკვდომოდა: მერე ომსა თუ ხეტიალში უპატრონოს თურმე ჭლექი შეჰპარვოდა. გაეგო, რომ სადღაც არსებობდა აბასთუმანი, რომლის სამკურნალო ჰაერი მოარჩენდა, მაგრამ აბასთუმანი მისთვის მიუწვდომელ ოცნებად რჩებოდა.

ერთ ხანს სცადა კიდეც თავის მოვლა. რძესა და კვერცხებს შეეწყო, მაგრამ სოფელ-ში დაცინვა დაუწყეს, __ იძულებული გახდა კვერცხი ფარულად ეყლაპა, სადმე ბუჩქნარში, ვენახის მიფარებულ ყურეში ან თავის დაკეტილ ქოხში. მაგრამ სოფლის დამცინარ თვალს რა დაემალებოდა? მალე სულაც აკვეთა რძე და კვერცხი, დაცინვამ გააგულისა.

__ მაინც არაფერი მარგოო...

... წისქვილის დახავსებული ჩარხის თვალი კი ცხოვრებასავით ტრიალებდა; ზედ ემსხვრეოდა





ათი ათასი მარგალიტი... ნაღამურზე ცა ქათქათებდა ირმის ნახტომის ალმასური მტვერით და ვარსკვლავთა უმანკოებით... რძედაღვრილ ღამეში მთვლემარე კაკლის ხეები და ვერხვები მოშამბნარულ ჩრდილებით ბინდს აძლიერებდნენ.

მთვარეო, მთვარის ნალეო, გორის პირს მოდი მალეო, ბნელ-გული გამიხარეო...

ღიღინებდა თავისთვის რაჟდენა... ჩვენ, პატარა გოგო-ბიჭები ვუსმენდით.

თუ მზე ხარ დაბლა ჩამოდი. მაღლა მთას რას ეფარები?

მეწისქვილე ათას რამეს გვაიმბობდა. უწიგნო კაცი იყო, მაგრამ წიგნებს მაკითხებდა, თითონ ღიმილით მისმენდა. ზოგიერთ წიგნზე იტყოდა:

__ არა, არა, მაგ წიგნში ის არა სწერია, რაც ჩემს გულს უნდაო! რაჟდენა ბევრის მნახველი იყო.

__ ერთი, წისქვილის ყელში არ გამომივლია, თორემ დანარჩენი ყველაფერი მინახავს ცხოვრებაში!

და მართლაც რა არ ენახა? მარტო იაპონიის ომში ყოფნა რად უღირდა? ორჯერ იყო დაჭრილი ლიაოანთან და პორტ-არტურთან.

__ რა ყოფილა ომი, ნუღარ მკითხავთ. მე რომ იქ გაჟუჟული ხალხი ვნახე, გახრული მკლავები... თავის კენჩხო ქვიშაზე მეტი ეყარა, ნეტავ რა სამართალმა უნდა უშველოს ჩვენს ხელმწიფეს, __ ჩუმად იტყოდა, თან სიფრთხილით აქეთ-იქით მიიხედავდა... __ რას სჩადიან ეს ხელმწიფეები... რომ ნახო მათი ნამხეცავი, ნაქნარი, ნადირიც კი არ იკადრებს! ზოგი სალდათი შავად, ქონივით დამდნარიყო მიწაზე. ძნელია საამბობლად.. ...ომიდან შინ მობრუნებულ რაჟდენას, სახლის მაგიერ პარტახი დახვედრია. დედა გარდაცვლია: მამა არც ომში წასვლამდე ჰყოლია, ერთადერთი დაც სხვა სოფელში გათხოვილიყო. გამოჯარული,ნატიალევი სახლიღა დარჩენილიყო. ნაეზოვარში, ღობეზე ატოტებული თხა სჭამდა მონაგარ ხეხილს. მეზობლებმა სამახსოვროდ აჭრილი და მისთვის საგანგებოდ შენახული დედის ჭაღარა დაახვედრეს.

მეორე დღეს, ნასალდათარს უნდა ეფიქრნა ცხოვრებაზე და მეზობლების თათბი- რით იგი ჩალხიას მონაცვლე გახდა.





... დიდხანს უგდებდა ყურს რაჟდენა ლელქაშის მუსიკას და ვერხნალას შრიალს:

__ ვერხვისთანა შრიალი არა ხეს არ გამოუვა! __ იტყოდა დარწმუნებით. ბუნების ამბები უხვად იცოდა. მეტად უყვარდა მზის მშვენებით მოფენილი, უღრუბლო იალნოს მთის აივანი მარტყოფის თავზე, ცივ- გომბორის სერები...

უხაროდა ბროლოსანი ლაჟვარდი, ვარდნარი, თავაყრილი ყანა... მტევან-ოქროვანი ვაზი... ატმის ბრიალა კალთა...

მინდვრის თვითეული ყვავილისა და მცენარის სახელი იცოდა; ყველას ესაყვარლებოდა:

__აი, კოკროჭინა, ვარდკაჭკაჭა, ოქროშვინდა, წალიკა, ხაჭიჭორა, ფურფუშელა, ღრინჭოლა!

__ აი, ფამფარა, ყვავისკუდა, ჯორისძუა, ძირტკბილა, ხვართქლა, შალგა, სოსანი, ღვია,სვია...

__ ნეტა, რომელია მათში უკვდავების წამალი?

__ ეს გორველა ვარო; ეს ავშანი ვარო; ეს აბზინდა ვარო! თვალსაზრიანი იყო: პურის ცილა მასავით არავინ იცოდა.

__ აგერ, ღობეზე წიფლისჩიტა, კიდევ პატარა ჯიხოლა, მისხლა, შიშიმქრალა! მასზე საწყალი არავინაა, ბუდე არ აუნგრიო!

უყვარდა კალიის მჭამელი ტარბი, __ ადამიანს ეხმარებაო, წაბლია ხარი გლეხის ძმააო! ჭიანჭველის გორალას დააცქერდებოდა: ერთ დღეს ცოცხლობს ჭიანჭველა და ექსი თვის ცხოვრებისთვის ცდილობსო!

გულუბრყვილო შემოცქერა იცოდა __გამომცინარი თვალებით.

აჭრილი ვაზის აკიდოს ჰკოცნიდა; თურაშაული ვაშლი შუქით გულს უნათებდა, ჭირნახულს აღმერთებდა. __ ჭირნახული წნინდააო, მართლაც ჭირნახულიაო! ნივწვრილზე პირსიცილი მოსდიოდა: __ ეგრე შემოიქროლე ნიავო, არ დაიღალო. ცოდვაა ადამიანი. ჩვენ რომ ახლა ამ ჩრდილში ვისვენებთ, რამდენი მუშაობს მზის გულზე! ძნა მოდის ჯარა-ჯარა, ზედ ოფლის წვიმა მოსწვიმს, რომ იცოდე!

ხმის ნაკოდი ეცოდებოდა...

__ ყური მოიმახვილე, ყველა სულიერია! მაშ, მიწა რათ სტირის? არ გინახია მიწის ტირილი დილა ადრიან? ბალახი რომ ნამს გაუშვებს, ის მიწის ტირილია! რა ატირებს __ ჩვენი ცოდვა? თუ მზის ამოსვლა უხარია? შენ იცი, რომ ხემ და ქვამაც იცის დარდი?! სიცილიც იცის დედამიწამ, __ თეთრად რომ იცინის ხეხილი გაზაფხულზე, ყვავილივით იცინის დედამიწა, ცა ვარსკვლავებით იცინის.

გულაღმა მიაჩერდებოდა ცაზე ირმის ნახტომს და მისი სანახაობით დამტკბარი, აღფრთოვანებული, იტყოდა: __ ეს ირმის ნახტომი რომ არ იყოს, ცხოვრება ჩალად არ ეღირებოდაო!

... ოქროს საბადოს არ ეძედა სხვასავით, ოქრომძივებით გაბრწყინებული კორდი, მდელო, ხევნარი თუ ელვარე ხილნარი მისი ოქროს საბადური იყო, მას ესაუბრებოდა ყოველდღიურად; მისი სიუხვე და უმანკოება იტაცებდა; წყლის ჩქრო უყვარდა, წყალცოტაობას ვერ იტანდა...





ცხოვრობდა ბუნების მფარველობით, სხვისი უმფარველო. გაკვირვებული იყო ყვავილიანი სამზეოს სიმდიდრითა და ადამიანის სიღარიბით! საიდან გაჩნდა ამ ელვარე მზეში ჭუჭყი ან სიღარიბე, როცა ჩემი სული ყვავილებშია გახვეულიო?

ძალზე უყვარდა ხევში მოსული ,,ქრისტეს ბალახა‖. ქრისტეს სიყვარულის გამო თაყვანს სცემდა. გრძელი და ბრტყელი ფოთლები ჰქონდა ამ ბალახს. ფოთლებზე თურმე ქრისტეს ტირილი ეწერა და რაჟდენაზე ამბობდნენ, იმ ფოთლებზე ქრისტეს ტირილს წიგნივით კითხულობსო!

მალე თითონ რაჟდენს სატირლად გაუხდა საქმე: გაუფრთხილებლობით მარცხი მოუვიდა, უნებურად, წისქვილის ჩარხში ხელი მოაყოლა. ჩარხმა ხელი ჩაითრია. დიდხანს იავადმყოფა, სოფლის დედაკაცებმა სიკვდილს გადაარჩინესსამკერნალო ბალახებითა და მალამოებით, გადარჩა, მაგრამ ხელი კი სამუდამოდ დაკარგა, გაუხმა...

ცოტა რომ მოიმგლოვა, მოკრძალებით გარსევანს მოციქული მოუგზავნა, ზარალი შემიმსუბუქე, ლუკმის მათხოვრად ნუ გადამაქცევო ! გარსევანმა გაიკმარა, __ ჩემი რა ბრალია , თუ რაჟდენა ცას შეჰყურებდა, ვარსკვლავებს ითვლიდა და ხელი ჩარხში მოაყოლაო, და მეორეც, __ მე თვითონ ვაპირებდი დავხმარებოდი, თხოვნა რად დამასწროვო, განა ასეთი გულქვა ვარო?

მაშინ, სხვათა რჩევით, რაჟდენამ უჩივლა. ახლა გარსევანმა იმწვიტინა, როგორ თუ ჩივილი მაკადრაო. ჯიბრზე დადგა.

გარსევანის სავსე სახლი ნაქონობით, მართლაც, ხეობის თვალი იყო: ავსებული ყანწი, დასხმული ჯამი! სახლს დოვლათის ნათელი ადგა; გარსევანი არ იყო ღვთის უბეში გაზრდილი, არც ოქროს არტახებში დაბადებული, მაგრამ თვის დროზე მეცადინე, საქმის გამრიგე, ახლა შეძენაზე გაჩე4რებული იყო; მეტი ხვეჭის ზრუნვაში აღარ იყო, როგორც უშვილძირო. რაც ქონება ჰქონდა, ისიც სხვას უნდა დარჩენოდა. ამიტომ მისი ცხივრება უმეტესად ხელგაშლილ მასპინძლობაში მიდიოდა.

__ ჭკვიანმა კაცმა სოფელი ააგოო! __ ასეთი სახელი ჰქონდა დავრდნილი გარსევანს. მაგრამ თვითონ თავმომწონებით დასძენდა: ,, ჭკვიანის სიტყვას რეგვენის ყურში სძინავსო!‖

__ ხევრე და ხევრე! __ ტვინგაფიცხებით იტყოდა __ შესაწევარი უნდოდათ?! __ იმუშაონ და ექნებათ! მე რათ მევალება, ყველა ვარჩინოო, რა ჩემზე იპოვეს ტაროსიო!

ორივეს მხრივ სამდურავი, გულკლება გამოჩნდა. სოფელი ორ ბანაკად გაიყო: რიგი მემამულეს ეხმარებოდა, რიგი __ რაჟდენას. შეიქნა სამართალში რბენა, მოწმეების შოვნა...

ორი წლის შემდეგ რაჟდენამ წააგო საქმე! იმ დილას სამჯერ გახურდა გარსევანის თონე, ცხვართან ერთად ნასუქარი დეკეულიც წამოაქციეს, ქათმები გაწყვიტეს, ქვევრს ახადეს... ჭამეს, სვეს, ილაღობეს, იბობოქრეს... მესამე დღეს ჭენებით, ცხენფრენით წავიდნენ სტუმრები... ერთ კვირას მოუნდნენ გარსევანიანი სახლის დალაგებასა და პირვანდელ წესრიგში მოყვანას.

რაჟდენა აღარ მეშაობდა წისქვილში, მაგრამ წისქვილს ხშირად დახედავდა ხოლმე. დაჯდებოდა მწვანეზე და შორიდან ისე ესაყვარლებოდა. წისქვილში ახლა სხვა მუშაობდა.

ერთხელ მე და გარსევანი ვაშლის ქვეშ ვიჯექით. მე ახალ გაზეთს ვუკითხავდი, რადგან სათვალე დაჰკარგოდა. ზვარში ამოიარა რაჟდენამ და გარსევანმა თვალი შეჰკრა დაბეჩავებულს.





შეეცოდა, გამარჯვებული კაცის გულკეთილობით მთხოვა: დაეწიე, დაუძახე ტკბილ სიტყვას ვეტყვიო! __ აკი გითხარით, კეთილი კაცი იყო გარსევანი. მეც გამიხარდა, დავეწიე, გეძახის- მეთქი! აჩქარებული რაჟდენა წამით მობრუნდა, შედგა და ერთი ისეთი შემომხედა, იმ გნოლა ხარივით, გული კინაღამ გადამიქანდა. მას მერე აღარ მინახავს...

მაგრამ დავინახავ თუ არა ლოჭინის წყალს, მაშინვე საწყალი რაჟდენა მომაგონდება ხოლმე! თითქოს ლოჭინის წყლის წყნარი ზვირთებიდან რაჟდენას სევდიანი ხმა მეძახისო. ამ ზვირთებიდან ხომ ჩემი ყრმობა მეციმციმება...

ვერა, ვერასოდეს ვერ დავივიწყებ რაჟდენას შემოხედვას, ისევე, როგორც დღემდე არ მასვენებს გნოლა ხარის თვალის ღრუბელი!...

სამთო საბალახო

ეხ,შვილიერება ჩემი დასრულდა! სამემკვიდრეოდ ვაჟი არ მეყოლა! ცასა და ქვეყანაზე მარტო დავრჩი! დიდ გვარს, დიდებულს ღმერთმა შვილი არ მიბოძა. რა ვქნა, რომ ჩემს უკან არავინ რჩება ჩვენი დიდი გვარიდან! გვარია, განა მატყლია! ჭირს, განსაცდელს, შეწუხებას, ჭირდებულებას რამდენს შევებრძოლე, ისევ ღმერთს უნდა შევწირო მადლობა! __ამბობდა ნამგალივით მოხრილი, თვალზე ნისლ-წაკრული ნათავადარი ყადორი რევოლუციის პირველ დღეებში და თან პირჯვარს იწერდა._დიდება შენდა უფალო დაუსაწყისო! მაგრამ ვინ შესცვლის ზენასუფევას?

_მითხარ , ყმაწვილო, რომელი ერთი ვიჩივლო? გვარის ამოწყვეტა, მხცოვანება თუ მამულიდან ცარიელათ დარჩომა? _ჩიოდა კომისრის კანცელარიის ზღურბლზე გვარის უკანასკნელი შთამომავალი, გვარის დამბოლოვებელი ყადორი, რომელიც ახლა უკანასკნელად თხოვნით მისულიყო კომისართან, რათა ნაკუთვნილარი საბალახე მთა უკან დაებრუნებინათ საზრდოდ, სარჩომად... ცხენი იქვე, მარგილზე გამოება. ყვავები და ყორნები სდარაჯობდნენ მოლოდინში თავადის რაშს....

ცხენიც მშიერი იყო, ბატონიც! მსახური ბიჭი ―შავბეწვა―ღორისწველაშვილი გასცქეროდა.შინ აგარავინ ჰყავდა , გაციებული ოთახი ელოდა, იმასაც ართმევდნენ. ვერა და ვერ ჩამომშორდა იმ დღეს დამკრთალი, შეშინებული, ნათავადარი ყადორი, რომელიც უარით გამოისტუმრეს კანცელარიიდან, კიდეც უთხრეს, რომ მეორერდ აღარ მისულიყო ამ სათხოვარზე.

სადილობის დრო იყო, დაბის დუქანში შევედით, შევიპატიჟე.დუქნური სუფრა გაიშალა ხორაგისა და ღვინის დანახვაზე ყადრი ცოტა მომხნევდა , მაგრამ თავის დონეზე აღარ იყო : რაღა ვარ ეხლა , ცარიელი მათრახიღა დამრჩა მთისა , ბარისა და ტყის ნაცვლად!

__არ დატკბა ჩემი წუთისოფელი, რა ვქნა? არ საქნელი არ იქნების! __ და უცბად

შეჭოჭმანდა,_იქნებ ეს ქვეყანა კიდევ დამტკიცდეს?მაგრამ, ისეთია დღეს ქვეყნის გადასხვავება,გადავითარება,რომ ეს ქვეყანა მალე არ დამტკიცდება და მე შიმშილით უნდა მოვკვდე! -ამბობდა ყადორი,- ასე მგონია,თითქოს მკვდარი ვარ,თითქოს ადამიანადაც





გაუქმებული ვარ! - და უეცრივ იკითხა: მაინც ვერ გამიგია, რატომ არავინ მაძლევს საბალახეს? -რევოლუცია მოხდა!-ვეტყოდი გულუბრყვილოდ.

-მერე ჩემმა მთამ, ჩემმა ბალახმა რა დააშავა? -ვერა და ვერ გაეგო ბატონ ყადორს.

-მერე იცი, რა ბალახია?

-პაპის პაპაჩემი – შერმაზანი დარბაზბატონი მთელი კახეთის პატრონი ყოფილა და მე ერთი მთა აღარ მეკუთვნოდეს? და მისი ბალახი?

-პაპაჩემ ჯანზურაბს მეჯიბინე ცალკე ჰყოლია, მეაბჯრე და პირის მეღვინე ცალკე და მე ამ ფამფარა ბალახის მეტს ხომ არა ვთხოულობ?

-მამაჩემის, ამილღაბარის, სუფრაზე ყოველდღე თითო ძროხა იკვლებოდა და მე სამთო საბალახოზე მეტს არა გთხოვთ?

-აბა, მაშინ კაი ბიჭები ვიყავით, როცა დიდ ომებში, ჩვენი გვარის მედგარი ძახილი გაისმოდა: „დაჰკარ, დაჰკარი!― სულ ჯორებით უზიდიათ ომიდან მოკვეთილი თათრის თავები!

-და მე ვისთვის რა დამიშავებია, ყველასთვის ძმა ვიყავ და მეგობარი, ნათელ-მირონი, მეზობელი და გულის მოკეთე, ეს რა დროება მოდის! სინდისი დაიმარხა, ზრდილობა და პატივისცემა გაჰქრა, მაშ საქართველოც ხომ დაიღუპა,მითხარ , ყმაწვილო, შენ გენაცვალე!_დაჟინებულად მიცქეროდა ყადორი და ჩემგან ელოდა თავისი სიტყვის დადასტურებას.

-პირახსნითა და გულახსნით მინდა გელაპარაკო: მე ბედს ვემორჩილები, არ ვიტყვი: კბილი კბილის წილ!-დამდაბლებული ღიმილით მეუბნებოდა ყადორი_ან რას მეტყვის კარგს ადუღებული გუნება? მაგრამ გული მტკივა! მეც ხომ ძეხორციელი ვარ, მეც ხომ მინდა არსებობა?

გულს ახარებდა ნაწვიმარზე გულის მაცოცხლებელი გაზაფხულის

წვეთები და აბრიალებული ცისარტყელა, ახლად აყვავებული ნუშისა და

მსხლის ყვავილთა ფერფლით მომფრინავი ნიავი და ყადორის ნაღვლიანი სიტყვები

ამ დროს ჩემს გულს არ ეგუებოდა.

ყადორი კი თავისას განაგრძობდა: ქვეყანას ოთხი რამ აკლია, ცას-კიბე, ზღვას-ხიდი, ჯორს-შვილი და კაცს-სამართალი! წაიღეს ჩემი მამული! სამართალია? რომ მაგონდება ჩემი დიდი კაკლის ჭალა, შიგ მზის წვერიც რომ ვერ გაატანდა!ჩემი ურთხნალი! ან ჩემი კორიდეთის ტყე- რამდენ ირმის ჯოგს გადავყოლილვარ იქ, ან ჩემი მინდვრები,- რამ-

დენ ჯეირნის ნახტომს გაუცდენივარ? ვაი მას, ვისაც ბუხრის წინ არაფერი აქვს მოსაგონებელი!ახლა,ბუხარიც წამერთო, რა უღვთოებაა, ყმაწვილო კაცო, ამიხსენი,





გამაგებინე!- ვის რა დავუშავე, რა წავუხდინე? გეფიცები ყოველდღე ვიგონებ ჩემს ცოდვებს, რომ შევინანო და ვერ მომიგონია და ახლა რა გადამხდა? ვისი გულისთვის? ორიათასი წელიწადია, ჩემი გვარი თავადობდა! რამდენი იყო ჩემი გვარისა – კაცი, ქალი! იქეიფეს, დრო გაატარეს, ყმები ჰყავდათ, მთა-ბარი ჰქონდათ, შეირგეს წუთისოფელი ზომაზე მეტად და ახლა ამისთანა საწყალ მოხუცის წელზე უნდა გადატყდეს ჯოხი? მათი ცოდვები მე რათ უნდა ვზიდო, მე მარტოდ მარტომ? ცოდვა არა ვარ? სამართალია?

მერე რა ცოდვები მე მიმიძღვის, რა სისხლის მსმელი და მიწის დამრბეველი მე მნახეს? მხოლოდ ერთი ცოდვა არ მასვენებს, მოდი, ახლოს მოჯექი ―ტკბილი გითხრა მწარისათვინ―.

__ ერთხელ, დიდმარხვას ძალიან ავად გავხდი, სულთ ვებრძოდი. საკვირველია, თან ამ ქვეყნად არ ვიყავ,თან სრული გონება მქონდა.

__ მაზიარეთ! ესღა წამოვიზმუვლე და ჩემ ი ცო ლის ტირილი შემომესმა. გათანგულს ისევ ჩამეძინა. ვხედავ საიქიოა! ჯოჯოხეთის ნახეთქები. კუპრის ტბა. სამი კაცი დადგა ჩემს წინ. მოკლე ქართული კაბები ეცვათ, ხელში დავთრები ეჭირათ ,ერთმა თქვა:

__ მოიგონე, რა ცოდვა ჩაგიდენიაო! __ მე ჭირის ოფლმა დამასხა, ძლივს მოვახსენე: __არაფერი შენი ჭირიმე...

__კარგად იფიქრე, ცოდვის შვილი ხარ თუ არა?

__დედის მუცლიდან, შენი ჭირიმე...

__არა, სწორედ უნდა გვითხრა, რა ცოდვა ჩაგიდენია. __არაფერი შენი ჭირიმე...

__მაშ კარგი!აქეთ წამოდექი,__ანიშნა ერთმა მათგანმა ვიღაცას და უეცრად ჩვენი მეზობელი კი წამოდგა__სოსიკა თეთრ-სუდარაგადაცმული. სამი წლის მკვდარი იყო, მაინც გამეხარდა, მეზობელი რომ დავინახე.

__იცნობ ამას?__დამიძახა პირველმა.

__როგორ არ ვიცნობ?

თავჩაღუნული იდგა სოსიკა, ორივე ხელი გულზე დაეკრიფა.

__ახლა მოიგონე რაც დაგიშავებია.__მითხრა სამოთხის კაცმა, მაშინ წამომაგონდა...

ჰო, ერთხელ ზამთარში ტყე მქონდა შეკრული. ამბავი მომივიდა ტყესა გპარავენო.ავიღე და ტყიურ წაველ. მივატანე თუ არა, ვხედავ სოსიკა-მასზე ღარიბი გლეხი არ იყო სოფელში -მოდის და ზურგით ჩემი ხეები მოაქვს.

გავცეცხლდი.

-არა გრცხვენია , სოსიკავ. შენგან ეგ მეკოთვნის? მომეცი წალდი!__დავჭყივლე და წალდუნა წავართვი. ეგ იყო და ეგ...





როდის ჩამიდენია სხვა ცოდვა? ან რაღა ვქენი,არ ვიცი! აი,ეს ცოდვა მომაგონეს სამოთხის კაცებმა.

სოსიკას რომ წალდი წავართვი, წამოვიღე და საბძელზე შევდე, მერე, კარგა ხნის მერე საბძელს რომ ჩალა გამოვუცვალე, წალდიც ლელში ჩაიკარგა.ამასობაში სოსიკაც მოკვდა.შემოდგომის ერთ ქარიან დღეს,ქარმა საბძელს ლელი აჰხადა და წალდი ისევ ვიპოვე,სხვენზე შევდე.

-მიეცი წალდი სოსიკას და თავისუფალი ხარ!__ერთხმად წამოიძახეს სულთამხუთავებმა. გამომეღვიძა თუ არა, დავიძახე:

-წალდი!

ცოლმა ტირილი დაიწყო, ეგონა ყელი უნდა გამომეჭრა!

-რათ გინდა წალდი?-ჩამომიჯდა მეზობელი.

-ასე იყო,ასე...-ლუღლუღით ვუამბე დასუსტებულმა.ზედ დატანებაზე სოსიკას ბიჭიც

შემოვიდა.

-რა ამბავია, ნათლი, რათ გაგიგრძელდა ეგრე სატკივარი?

ვუამბე სიზმარი ,წალდი ჩავაბარე. ..აი, ეს ცოდვა მომაგონეს სამოთხის კაცებმა! იქნებ, ამისთვის დავისაჯე დღეს?

ერთხელ კიდევ ყურძენი მოვიპარე ბავშვობისას... სხვა რა ჩამიდენია?ჯიხვით, ჯამით მისვამს,მეზობელი მიყვარდა, ნუთუ ჩამეთვლება?.- მოსთქვამდა ყადორი და თან წითელ ღვინოს ბრკეს აცლიდა...და უცბად შეშინებულმა თითქოს სხვისი ხმით წამოიძახა :

მაშ, ორი ათასი წლის ცოდვა მარტო ჩემს წელზე რად უნდა გადატყდეს? ცოდო

არა ვარ , განა? _გაკვირვებული მიყურებდა, ისე შემკრთალი,თითქოს საცაა მდუღარე წყალში

უძახონო.

და სწორედ ამ დროს მედუქნემ სასწრაფოდ მიხურა კარი, ჩაკეტა კარი და ფანჯარა.უეცრივ ცამ იელვა,მერე იდგრიალა, კიდევ იდანდგარა და მცირე ტორტმანის შემდეგ შავ-ლურჯმა ღრუბლებმა უწითლესი წინწკლების ბურჯღლები გაჰყარა. და

ანაზდეულ, ჩქეფით წამოვიდა ნიაღვარი, დელგმა. მწუხრის მოშავფენებამ იმატა, სივრცე გაკუპრდა, ცისქცევა, უცნაური კრჩხიალი, ბაგუნი და ზრიალი აყრუებდა ყოველივეს.

და უცებ გაიზარდა შემზარავი, სიკვდილის ხმიანი წეწა, ლეწვა, - სეტყვა წამოვიდა,

ახმაურდა ჭერი – კრამიტი თუ თუნუქი, ჯერ ხორხოშამ დაიწყო ხტუნაობა, მერე ნამდვილი ქვები აგორდა თითქოს... ბუნება ბობოქრობდა. ჩვენ ჭიანჭველებად ვიგრძენით თავი, ისე მცირედ გვეჩვენა ჩვენი ღონე ბუნების ძლიერებასთან.

ირეგვებოდა ყოველივე, იმსხვრეოდა, ღამე, ქარი, ნიაღვარი, შეერთებულნი იერიშით გადმოდიოდნენ და მოსპობით გვემუქრებოდნენ, რა უნდა გვექნა? რა ჰქნას კანთხელმა





კანსიმაგრის მეტი?!

ყადორი კი ჭიქა ღვინოზე ისევ ჩიოდა ბედის უსამართლობას, თუ რატომ უნდა გადაეტანა მხოლოდ მას, მარტოდ მარტოს – ორი ათასი წლის ცოდვა თავისი გვარისა და პასუხი ვერ მიიღო.

ირგვლივ ყველაფერი ილეწებოდა, ვის ეცალა ყადორის ცოდვებისათვის?

მოხუცი გუთნისდედის სიკვდილი

და წავდგე ჩემს მეუფესთან ხელთანთებული ცვილითა ვაჟა-ფშაველა

არავისზე ნაწყენი, არავის ნამტერალი არა ყოფილა გუთნისდედა ნიმია. თუ ვინმე შემთხვევით აწყენინებდა, იტყოდა:

_რამდენი ადამის შვილი ჩამოდის ამ ქვეყანაზე, ათასი ფერი და ფერადი! ვის რას გაუგებ? არასოდეს უნატრია სიმდიდრე, მხოლოდ თავისი პურის ხვავით იყო მადლიერი.

-ყველა რომ მდიდარი იყოს დედამიწაზე, ღარიბი ვიღამ მოიგონოს?_ და ათქვირებულ ყანას რომ შეხედავდა, სასოებით წაიჩურჩულებდა:

_შენი მადლის ჭირიმე!

ოთხმოც წელს მიაღწია და არაფერი ასტკივებია. მეოთხმოცდაერთეში სისუსტე იგრძნო, მაგრამ სიკვდილისა არ ეშინოდა. თვითონ სიკვდილი არად მიაჩნდა. უფრო ეზარებოდა, ვიდრე ეშინოდა. ეზარებოდა, როგორც ნათბილარს ლოგონის მერე გარეთ გასვლა ბნელ, ქარიშხლიან ღამეში.

_გამოთეთრებით რომ გითხრა, რა მოსაგონი იყო სიკვდილი?!_იტყოდა წყენით ნინია, როცა გულმძიმობას იგრძნობდა.

ბოლოს, აღმეებიდან შემონაქროლმა სიკვდილმა ნინიას სალამი მისცა, ჯერ გვერდით მოუჯდა, ცივად შეაჟრჟოლა, მერე ჩონჩხარა მკლავები შემოჰხვია და აღარ უშვებდა.

_ მოიცა, მოიცა, სიკვდილო, შენი წვერ-ულვაშის გამოსვლასა!

ჯერ სიცილით ეხუმრებოდა ნინია სიკვდილს, ერთი ორჯერ კიდევაც მაგრა შეუჭახუნა გულმოსულმა, - რა დროს ეგ არი, მომშორდიო! განგებ ღვინოც გადაჰკრა ლოგინში,- სავსე ჯამი,





რომ მტერს ავად არ ვეგონო, ხოლო სიკვდილს სათავისოო!

კარის მეზობელმა, მეხრეებმა, მისი გუთნისდედობით გაწვრთნილებმა, ინახულეს,

გადასაყოლებელი ამბებიც უამბეს, მაგრამ ჯანი უსუსტდებოდა, სული კი არ ტყდებოდა.

-ალალ-მართალი, გულგაწმენდილი მივდივარ წუთისოფლიდან, არავის არას ვემართლებოდი, არავის საყვედური არ მიმდევს... პურის მომყვანი ვიყავი ამქვეყნად, აი, ეს გაფხრეწილი პერანგი მიმყვება მხოლოდ! ბევრი მინდორი გადამიშავებია. და ახლა... სად უნდა წავდე, სად გავნიავდე? - წამოიწია და მუდარით ითხოვნა:

-მინდორს გადამახედეთ!

ორივე შვილი მხარში შეუდგა და მოწიწებით აივანზე გაიყვანეს.

ქვემოთ ვენახებში გადაფანტული სოფელი მოჩანდა, შორს-ლურჯ-ლილისფრად დაბურული მთები, ზედ შავად შელანძული ციხის ნაშალი, კლდიდან ქვაკიბე რომ ჩამოჰყვებოდა და ძირს დაშლილი სავსე მინდორი, ქსნისა და არაგვს

შუა გადაჭიმული... აფერებულ ყანებზე დაუდგრომელი ნიავი აფენებდა და აქანებდა მზეკაბას . თავთავი ჩუმად შრიალებდა .

აგერ წილკანი ... ჯვართმუხა ... იდგა ღვთაებრივი სიჩუმე... ბუნება შეერთხმებულია ... მზე ჩადიოდა ... ბროლის ნიავი

შეეთამაშა მომაკვდავ გუთნისდედას, შუბლზე მიელამუნა, შეეგრილა , თითქოს მის სპეტაკ თმის კულულს მოეხვია და აკოცაო!

ნინიამ ზეგარდიდან დახედა სავსე მინდორს, ხარბად თვალი შემოატარა. გულცქერით შეისაყვარლა ამრეშებული ყანები, ამოხეთქილი ბურღალი ბალახი...

ტკბილმა მოგონებამ გული-გულში გაუარა და გაეღიმა... ოცი წლისამ აიღო გუთანი ხელში, მაშ, სამოცი წელი სჭერია! უნახავს, ხალხი დაუპურებია...

-ახლა ნაცარმტვერი უნდა გავხდე?! საიდანღაც, თითქოს შემოესმა სევდიანი ოროველას ზუზუნი და თვალზე ცრემლი მოეგუბა. მზე ბუდისაკენ მიდიოდა... შეიმცნაურა... მიხვდა ყოველივეს...

შვილებმა მხრებში უეცარი სიმძიმე იგრძნეს. მამას შეხედეს. ბუნებაში გადამდნარიყო უკვე ნინია, სული დაელია....

მზე ჩავიდა დიდებულებით, მიებარა ღამის მღვიმეს. ამჭვირვალდა მშობლიური კამკამა ცა, ლურჯად მინაქრული, ღამის იით აყვავებული...

გამოჩნდა რკალი ახალი მთვარრისა... ვერცხლის ლუმბა...

ჩირიკი და ჩიკოტელა





განა არ იყვნენ ჩვენს დაბაში განთქმული ადამიანები? გინდაც, შაბაშელა _სოფლის დიაკვანი , პატრონი ულამაზესი, ახალგაზრდა ცოლის ზიზილასი. როცა ზიზილა სადღესასწაულოდ ქართულ კაბაში მოირთვებოდა, დიაკვანი ორივე ხელს გაშლიდა ცოლის სილამაზით გაკვირვებული და აღტაცებით შეჰღაღადებდა: „დაფარნა ცანი მშვენიერებამან შენმან და ქებითა შენითა აღავსო ქვეყანა! შე კურთხეულის შვილო, რამ გაგაჩინა ეგრე ლამაზი? ―

კიდევ? მოხუცი სამხედრო, გადაყრუებული, გადაშტერებული, „გიტარა_მაიორი―. ოდესღაც სიმღერა ჰყვარებოდა, ახლა კი, ხეზედ ამოსულ სოკოს აბედივით გამომშრალს ყურში ჩაძახილიც ძლივს ესმოდა.

_ბევრი მათრია, მაგრამ მეც ძაღლის კუდივით ვითრიე წუთისოფელიო!_ნუღნუღით კვეხულობდა და ხველებ_ხველებით ხითხითებდა.

შემდეგ: ჭამპურა ჭამაპურიძე, რომელმაც ჭამა იცოდა სანაძლეოზე და უყვარდა ყანწიანობა.

ჭამპურას საათობით შეეძლო ემსჯელა, თუ რა სჯობია-ორაგული, მურა კალმახი, თუ მურწა ვაზის ფოთოლზე? რა უგემრიელესია? _ზუთხი, თართი, თუ ლოქო ძმრიან ქინძში? ქათმის ჩიხირთმა და ბატკნის ბოზართმა. ხონჩით პური და მარილი, ხახალზე მწვანილეული, კიტრი, ყველი, ცხვრისთავი, ლურჯი კაპუეტები, მწვადი... ახ! მოყუდებული ჩარექა!...

__მაშ, ამ წითელ ღვინოში მზის მადლი არ ინახება? მაშ, რათ არის ნაკურთხი ზედაშე?! სულ მუდამ ღვინის კაპი სწყუროდა. შეჟუნჟრუკდებოდა, მერე დუქნიდან ფრატა_ფრუტით

მოდიოდა.

_გემრიელი კერძი და ძლიერი ღვინო. მადით სჭამე, გულით დალიე, მხიარულად იცინე! __

ასეთი იყო ჭამპურა ჭამაპურიძის თუ ძვალიყლაპიაშვილის აღთქმა.

თევზეულობის დიდ თაყვანისმცემელს, სალაპარაკოდ უფრო სალიანის თევზეულობა ჰქონდა __ კარგად გამოსული შამაია, ახალი ქვირითი და წითელი ხიზილალა! ეს იყო მისი ფიქრი და საგონებარი!

კიდევ ვინ იყვნენ? __ თოთოშა, ხატს რომ შეწირულ ფულებს ჰპარავდა ნიშიდან!

მედუქნე „ჩარირამა―, __ მის დუქანში ხშირად შეგხვდებოდა თამადა, ხელში ყანწით, __ პეტრე

ერქვა, რატომღაც პავლეს ეძახდნენ: მოლაყბის ყბა ჰქონდა.

„ჰერიგიდი―, რომელზედაც იტყოდნენ: ეშმაკმა რომ სიარული დაიწყო, ფეხის ადგმა მაგან

ასწავლაო!

კონდრო __ თვალვიწრო და წუწკი, ძუნწი. ღამ-ღამ, საათის „მიატნიკს― ჩამოხსნიდა, არ გაცვდესო! განჯინა მუდამ დაკეტილი ჰქონდა, თუმცა, შიგ ერთი თეფში იდო, ისიც შუაზე გადამტვრეული და მავთულით შეკრული.

პროვიზორი ანთა, რომელმაც მეხუთე დღეს ამოაგდო თავისი ფეხსაცმლიდან შიგ ჩამძვრალი მოგუდული თაგვი, მანამდე სულაც ვერ გაეგო და ეს ამბავი საკვეხურად ჰქონდა, როგორც რამ საგმირო! პროვიზორს დიდი ფეხები ჰქონდა და კალოშებს ვარშავიდან იწერდა, რადგან მისი ფეხის ზომის შოვნა ჩვენში არ შეიძლებოდა.





და კიდევ ვინ? როგორ თუ ვინ? __ ჩემი ორი კარის მეზობელი __ ჩირიკი და ჩიკოტელა! იცით კი, რა არის ჩირიკი? ხომ გაგიგონიათ, __ ყველა მიწვება,მოწვება,ჩირიკი ხეზე გაწვება!

ჩირიკი და ჩიკოტელა სიღარიბის გამო სხვის მამაპაპურ კოშკში შეხიზნულიყვნენ. როცა ერთი ოჯახის ქოთანში ლობიო ჩუხჩუხებდა, მისი სანელი ქინძის სურნელი მეორეს მისდიოდა სუფრაზე. ჩიკოტელა ჩირიკის მაღლა ცხოვრობდა კოშკში, ჩირიკი __ ქვემოში.

ჩირიკი ყველაზე მოხერხებულია. ჩვენი ჩირიკიც, მართლა, ბედაური კაცი იყო!

ჩირიკის ერთადერთ ვაჟს კიკრიკიკო ერქვა. გადმოვდგებოდით ბალღები სოფლის ბექობზე, დავჭიმავდით ყელის ძაფებს და დავიძახებდით „კიკრიკიკოოოო!― მკვირცხლი ბიჭი იყო, ხელგამომავალი, მოხათრებული.

თავგზიანი ჩირიკი ძალზე მშრომელი იყო, უმეტესობის მუშაკი, სათხოვარზე უარს არ იტყოდა. ცისკრიდან ბინდამდის მუშაობდა და იძახოდა: ღმერთო, შენი ამაგი იყოსო.

ჩირიკზე იტყოდნენ: ისეთია, სადაც ნემსს შესდებს, სახნისს გამოიღებსო! ჩოხის კონკში გახვეული შრომობდა... ხელდაკორძილი, ჯაფის კაცი, მაინც უღარიბესი იყო. შემატება- გადიდებაზე სულაც არა ზრუნავდა, მდღევარ ლუკმისთვის იბრძოდა. თავდაბალი იყო, მაგრამ არავის დაეჩაგვრინებოდა:__ უსამართლობას ნუ მიზამ, შენი ჭირიმე, შესაწევარს კი არა გთხოვო, სანამდე გავიხარებდეთ, სანამ ერთმანეთს ვხედავდეთო!

ერთი ბუდრუგანა ვენახი ჰქონდა, ორიოდე ვაზი ედგა. ერთთავად ვაზებში ტრიალებდა, ვაზებს მტლედ შემოდებული: ხან სარს უდგამდა, ხან ჰფურჩნიდა, ხან ჰყელავდა, ხან ვაზის ძირს ბალახს აცლიდა, ასუფთავებდა, აფხვიერებდა, შაბიამანს ასხამდა, გოგირდს აყრიდა, ხან რწყავდა, ხან ყარაულობდა. ვაზი კი არა, ვაზის კაპწალებიც კი უყვარდა, __ ვაზის ძაფები... ვაზს ეხვეოდა, ჰკოცნიდა. თუ ვენახში ესტუმრებოდი, ხახალით მოგეგებებოდა __ მებაღის ნობათით. ახალ-ახალი თარფეული, დილის ცვარმომცვრეული ხილი თვალს იტაცებდა. ვაზებში ხილის ხეები ჰქონდა ჩარიგებული, როგორც ძველად იცოდნენ.

საღამოობით, ვენახიდან რომ შინისკენ გასწევდა, ჩვენი სახლის წინ, შარაზე უნდა ჩაევლო. მკლავზე , ვენახში გამოთიბული, გამომარგლილი რძიანა ღიჭა ბალახი ეწყო მუდამ.

ვენახიდან დაბრუნებული ჩირიკი ცოლს მხიარულად შესძახებდა:

__ გაიხარე, ვაზმა რქა ცისაკენ ასწია! რა მსხვილ მტევანს უჩანს პირი! ყორნებივით

ჩამოსხდებიან ვაზებზე შავი საფერავის მტევნები!

ჩირიკის საამაყო მისი ჩავაშლებული ცხენი იყო. სხვა საქონელი არა ჰყოლია. ღარიბი იყო, მაგრამ მხიარული, ხუმარა, პირსიცილიანი, დიდად სალმიანი.

__ ირემმა ირემს ბალახი მიუშვირაო, განა თუ გაკლიაო! შეიძლება, ღარიბები ვიყვნეთო ბალახზე, მაგრამ მდიდრები უნდა ვიყვნეთ სალამზე! ქართველი კაცის ყველაზე დიდი სიმდიდრე სალამიაო! __ და შეხვედრისას დაგასწრებდა: სალამი, მამიშენის მზეს, სალამი! მადლი და მშვიდობა!

__რა ვუყოთ, რომ ძროხა არ მყავს? მეწველი ირმები სულ მე არ გავუშვი ტყეში? ერთი რო





დავუძახო, მაშინვე ჩემს კარებზე მოქუჩდებიან! __ იტყოდა ყბაშეთეთრებული ჩირიკი.

შებინდებისას, სასოფლო ნახირს დახვდებოდა შარაგზაზე, მითომ შინ თავისი ხარ-ძროხა უნდა წაესხა ისე, როგორც სხვა გლეხებს მიყავდათ საღამოობით. სოფლის ორღობეში ცარიელ ხელებს იქნევდა, ნახირზე თვალმიმავალი:

__ აქეთ გამოდით, ჯვარელა, მირეშა, ბუღია, შავთვალავ! ფრთხილად გამოიარეთ, მარცვალა, ღვინია, ორბია, შინდავ, ლაღავ, ჩემო ნახირო, გამოდი! ეზოში ვაზი კი არ დამილეწო, ნამყენი არ გამიფუჭო, სიმინდი არ დამიზიანო!

__ გამოდი, დი-დო, დემფილავ, ჭურჭელი არ დამიმტვრიო! __ თან ჰაერში ხელებს ატრიალებდა, თითქოს აღარ იცოდა, რომელ ერთისთვის მოევლო.

__ გამოდით, მოიწველენით, ტაგანა მზად არის! __ და არც ეცინებოდა. თავისი სიტყვისა თვითონვე სჯეროდა.

ეზოში შესული დაიძახებდა: __ დედაკაცო, საწველელი გამოიტანე, ძროხა მოწველე! __ ცოლი თუ გუნებაზე იყო, გაიღიმებდა, თუ არა და, აკვნესებული იტყოდა: ნეტავი შენ, მაგისი გული გაქვს და ბავშვები არ გეცოდება, ასე ადრიან ჩაწვნენ უჭმელებიო! ჩირიკს ცოლი ძალიან უყვარდა, შვილებზე მზე ამოსდიოდა: __ კიდევაც დავიცემ დანას, თუ ჩემს შვილებს მოჰშივათო! მაგრამ... პური მუდამ გაზაფხულზე უთავდებოდათ, ოდოჟღერს სჭამდნენ, ანუ ნედლ თავთავს, ხუხავდნენ ცეცხლზე და ისე გადიოდნენ იოლას.

__ დედი, პური, პური! __ ხშირად შესძახებდნენ ბალღები დედას.

__ განა მე პური მქვიან, თქვენ გასაწყვეტლებო?! __ შერისხავდა დამშეული დედა.

თუ ჩირიკი სრული, სავსე კაცი იყო, შავი მომხმო ულვაშებით, მუხლადი, ჩიკოტელა ქოსა იყო და თანაც გრძელი, ყინულის ანჩხარივით გამხმარი, გამხდარი, გაყინული, ჯოყარივით ცრიატი, წეროს მიჰგავდა. წოპწოპა ქუდი ეხურა.

ჩიკოტელა უსალმო, ყომრალი, ცადაღრუბლული კაცი იყო, გულკაცი, მზვაობარი, თითქოს, ქვეყნის ტვირთი მისთვის აუკიდნიათო. ავდრიან დღეს უგავდა თავ-პირი. სევდიანი იყო ციხის ნაშალივით. მუდამ უკმაყოფილო, __ ხან წვიმას უჩიოდა, ხან უწვიმრობას, ხან ცოლს, ხან ცოლის ნათესავებს და უფრორე მეზობლებს და ყველაზე მეტს კი ჩირიკს. უთმობელი იყო. ჩანაბასრი სიტყვა იცოდა, არ ესმოდა, რომ ავი სიტყვა __ ზამთარია, ტკბილი სიტყვა __ ზაფხული. ხელმოჭერილიც იყო: ფეტვი არ გაჰვარდება ხელიდანო. ერთი სიტყვით, ნათლიადაც არავინ წაიყვანა.

საკვირველია, მის ეზოში, ხეხილი ხეხილს ეხვეოდა, ტოტი ტოტს, ყვავილი__ ყვავილს, ჩიკოტელას კი მეზობლები სძულდა, სძულდა უფრო კი ჩირიკი, __ მოსისხლე მტრად მიაჩნდა, ამბობდნენ __ შურითო, სხვისი ნაშრომი ჰშურდა, თვითონ კი უქნარა იყო, დღეობებისა და უქმედღეების მოტრფიალე. უსაქნარო, თავაყრილი კაცი იყო ჩიკოტელა. სოფელში სათვალსეიროდ გავლა უყვარდა, ზამთრობით კი, კიწაწი შეშა არა ჰქონდა.

დიდი ზარმაცი იყო და დიდი მორწმუნეც. არც ერთ საუფლო დღეს არ გამოსტოვებდა. უქმე დღეები კი მაშინ ბევრი იყო. ან რა გასამტყუნარი იყო მორწმუნე ჩიკოტელა, მაგალითად მაისში? ოთხ მაისს, __ „ჩიტის უქმე ― იყო, მერე „შვიდმაისობა― __ საგაზაფხულო გუთნების გატანა მინდორში და საღვთოები, იმავე დღეებში „ზღუდრობა― იცოდა, პარასკევს, ცალკე





დღეობა იყო „კოხიაობა― სეტყვის ასაცილებლად. მერე საძმო სუფრა „ არიფანა― და ამნაირად, მაისი სულ დროსტარებაში გადიოდა.

ახლაც არ ვიცი, რით იყო გამოწვეული მაისში ხშირი დღესასწაული და ნადიმობა. მაგრამ ბუნებაც ხელს უწყობდა. ჩვენს ეზოში ვერ გაივლიდი, ისე იყო მიმობნეული ვარდისა, ზამბახისა და იასამნის სურნელი. დაბადაგებული ცაცხვები, გადათაფლული აკაციები... ზედ ფშატის ყვავილის დამათრობელი სურნელი რომ დაერთვოდა! მოდი ამ დროს და ქედი წახარე სამუშაოდ. განა მართალი არ იყო უმადლო ჩიკოტელა?

მხიარულ ჩირიკს კი არც ერთი დღე ნადიმისთვის არ ეცალა, ქედწახრილი მუშაობდა. შრომაში დამტკბარი, კეთილი იყო.

ჩიკოტელას ერთადერთი მურიანი გოგო ჰყავდა თეთრუა. შეიძლება ისიც იყო ჩიკოტელას სიზარმაცის მიზეზი , რომ ოჯახში ბევრი შესანახი არა ჰყავდა.

ერთხელ სიზმრად ენახა, რომ თავისი სახლის კარაპანში მარილის ქვის ყორეები ელაგა, ერბო, ყველი, ხიზილალა გუდებით და გამოფხიზლებული თურმე ხელის ფათურით ეძებდა, სიზმრად ნანახ სარჩოს. თითთქოს და ვიღაცამ აალაგა, გაიტანა მოჰპარა. დიდხანს თვალებზე ხელს იფარავდა, ვითომც სიზმარი განეგრძო.

წარსულზე ოცნებითაც სცხოვრობდა ჩიკოტელა.

სოფლის სალაყბოზე აზღაპრებდა წარსულს თავისი ოჯახისას, რომელიც, ოდესღაც ისე შეძლებული ყოფილა, რომ ყმებიც კი ჰყოლია. შეიძლება, ბევრმა არც იცოდეს, რომ ძველად, ჩვენში, ყმიანი გლეხებიც ყოფილან!

__ გაგიგონიათ, რა შეძლებული ყოფილა ჩემი მამა-პაპა გლეხობის კვალობაზე? მკვიდროვანი ოჯახი, კლდეზე მტკიცე, ქონებით აღმომდინარე, ნაშრომი, ნაწაღმართევი. ძველადი მოსავალი, ხორაგი, საზრდო, პური, სათესლეთ ცალკე გადარჩეული. ბეღელი, ჭურ-მარანი __ სავსე! პაპისპაპა „ფეხდიდას― სამოცი მარტო ნიკორა ზაქი დაუდიოდა, საკუთარი გუთნიდედა, საკუთარი მეზვრე და მწყემსი!

ეგრე კი ნუ მიყურებთ, ბიჭებო! ყოველივე სახლში გვქონია: ხამი ტილო, მერდინი, ფარდაგი და ჯეჯიმი ხომ სულ სახლში იქსოვებოდა. საპონსაც კი შინ ვხარშავდით. ზეთსაც შინ ვხდიდით. არ გინახავს, ჩვენს ეზოში გელაზები? აღზევანშიც დავდენილვართ მარილზე. სალიანშიც თევზეულობაზე. ეგრე კი ნუ მიყურებთ, ბიჭებო! ჩვენს დერეფანში მარილის ქვის ყორეები კოშკებად მდგარა. მარნის ბაქანზე ხიზილალისა, ყველ-ერბოს სავსე გუდები ელაგა.

__ გინდ დიდედა თავთუხას ჰკითხეთ! ეგ რომ პატარძალი მოეყვანათ, პაპაჩემს მაგის მაყრებისათვის სულ ხიზილალა უჭმევია თავმობმული ჯამებით. ეგრე კი ნუ მიყურებთ, ბიჭებო, ჩვენი ცხოვრება სულ დუღდა და გადმოდიოდა... ჩვენ, ჩვენი წილი სიმდიდრე გამოვიარეთ, დავხარჯეთ, არ გაუფრთხილდით და მიტომ ახლა არა გვაქვს არაფერი! მერე რა უყოთ... ეგრე კი ნუ მიყურებთ... და!

მართალი იყო ჩიკოტელა თუ არა, არავინ იცოდა, დახავსებული ყრუ დედაბერი თავთუხა ასწლისაზე მეტის იყო. დრო დააბერა ბებომ. მოწმედ ვერ გამოდგებოდა, სხვა კი არავინ ლაპარაკობდა ჩიკოტელას ოჯახის ძველ სიმდიდრეზე, სხვას რა ედარდებოდა, ჩიკოტელას მდიდარი წარსული? ნათქვამია: სხვას სხვისი მკვდარი მძინარე ეგონაო!





__ სიზმართა შუაა! __ ეღიმებოდათ მეზობლებს. თანაც სჯეროდათ ჩიკოტელას ნაუბარი. მაინც ჩიკოტელას მთავარი სასაუბრო __ საგანი ჩირიკი იყო და მასთან დავა. ჩირიკი ჩემი მამულის მოჩემარიაო!

__ გულზე ისეთი ცეცხლი მიკიდია, როგორც ჩიბუხს! გამამწარა ჩირიკის ვენახმა, საზღვრების გადმოწევამ, მამულის სარჩელმა! ვერ დავჩუმდები, უნდა ვებრძოლო, ჭირი არ წავა უჭიროდ, თუ ჭირის დედა მთელია. ცეცხლს წყალი დროზე უნდა მიუღვარო!

სად ეცალა საწყალ ჩირიკას ჩხუბისათვის, ან რას ემართლებოდნენ? მაგრამ შური უძლეველია. ღვარძლსა და შურს დაეპყრო ჩიკოტელას გული.

უწინ როგორც ამბობენ, ღვარძლი არ ყოფილა. ერთხელ ერთ კაცს მეზობლის კალოზე გადაუვლია, შეუხედია გორად დამდგარ პურის ხვავისთვის, მოსწონებია, ერთი მუჭა ხორბალი კიდეც აუღია და გულში ღვარძლიანი ფიქრი გაუვლია, ხორბალი ისევ დაუყრია ხვავზე, მაგარამ ღვარძლად ქცეულა, მას აქეთ ღვარძლი გამრავლდა პურში და ადამიანის გულშიცო!

ჩიკოტელას დავა ჩირიკთან ვენახის მიჯნა-საზღვარი იყო, ნაპირყურეს ედავებოდა: __ ჩვენი მამულები ტოლი და ბარდიბარია, მაგრამ თვალდათვალ მტაცებს, სამეტოში წილს იდებს, შემაზავთა, დანის ყელზე მიმიყვანა! გველის ფხაში გავძვრები და არ შევარჩენო! __ ყვიროდა მეხთამტეხი სიტყვებით.

ჩირიკი სულ უდანაშულო იყო და, რასაც ჩიკოტელა აბრალებდა, სიზმრადაც არ მოლანდებია! ჩხუბის დროს ჩიკოტელა გამოიტანდა შინდის ჯოხზე დახვეულ, გაყვითლებულ გრაგნილსიგელს, ანუ, როგორც თვითონ ეძახდნენ, „წიგნსა და დამტკიცებას―, ჰაერში ატრიალებდა და რისხვეული გაჰკიოდა: __ აქა სწერია, ჩემი ნამდვილი მიჯნა და საზღვარი!

ნასყიდობის სიგელში მართლაც ეწერა მამულის საზღვრები: „ზეით, რუისპირზე ორი ვერხვია, __ სამძღვარი ის არის, ქვეით __ პატარა მუხაა. ქვემოთ კიდევ __ დიდი ნიგვზები. იმას ქვევით, სამი ტოტი თუთის ძირია. სამძღვრები ეს არის. ამის ჩამოსწორ, წყლის პირას, კიდევ ორი ვერხვია ტყუბათო―.

მოდი ახლა და იპოვე ორასი წლის მერე ის მაშინდელი ორი ვერხვი, ის პატარა მუხა, ის დიდი ნიგვზები, ის თუთის ძირები და ის ტყუპი ვერხვი! ეჰ მათი მტვერთა

მტვერიც კი აღარ იყო ამქვეყნად, სიგელი ხომ ერეკლე მეფის დროს იყო დაწერილი! სიგელის გულუბრყვილო დამწერლებმა თავისდაუნებურად, ეს ორი მეზობელი ორასი წლის შემდეგ წაჰკიდეს ერთმანეთს და თუმცა, მათივე სიტყვებით, იგი სიგელი იყო „უმანკო, უმიზეზო―, „უცვლელი, უსარჩლელი, უქცეველი, მოუშლელი, სამემკვიდრო, საბოლოვო―, მაგრამ სწორედ ეს ბრიყვი სიგელი გახდა მათი შფოთის დედა. ხომ ამ სიგელმა შესაზღვრა მათი ვენახები?..

სულ ამ ვენახის მიჯნისათვის ეჭინჭრებოდა ჩირიკს გულნამცეცი ჩიკოტელა. ბოროტ გზასაც არ ერიდებოდა. იმდენი ქნა, დიდი კაკლის ხე, რომლის ჩრდილი ჩიკოტელას მამულში გადადიოდა, ჩხუბისა და ყარყაშისგან გაბეზრებულ ჩირიკს მთლადაც მოაჭრევინა.

ერთხელ, მის ვენახში შემთხვევით გადასული დადედლებული ვარია ტაბაკით მოუკლა. ერთხელაც, მიჯნას აქეთ წამოწვდილი ჩირიკის ბუდეშურის ხუთი ვაზი წალდით გადაკაფა, როგორ თუ სხვისი ვაზის რტო შეეხო მის წილკერძს!

ბევრჯერ კიდევაც გადასწყვიტა ჭირდებულმა ჩირიკმა ვენახის გაყიდვა ან სხვაგან





გადასახლება, მაგრამ როცა ვენახის მუშტარი მოუვიდოდა, თვალზე ცრემლი მოადგებოდა და საკუთარი ოფლით ნაპოხი მამული არ ეთმობოდა.

__ რა ვქნა, რა გადამეშარა. რა მაქვს სხვისი დასაჩემი? ღმერთო, რა გასაჩენი იყო ეს ჩემი საქმის დამცარავი __ ეს მეჩახმახე, ონავარი?

ჩირიკის ძირიანად ამოვარდნის ნატრული იყო ჩიკოტელა

__ ზმმ! __ შეზმუვლებდა ზოგჯერ მტრის სიცოცხლით შეძრწუნებული.

__ ზმმ! _ თითქოს შიგნიდან იყო დაჭრილი, დაკემსილი; ბევრჯერ წინასწარ დაულევია ჩირიკის შესანდობარი ფიალა, მაშინ, მისი გული მჭედლის ქურაზე ცხელი ხდებოდა. მომუჭავდა ხელს მინაცრებული, გაძაგრული და წაიზმუვლებდა __ უუუ! და მტრის დასაძლევად ნატრობდა თავის გავლილ ძალას. თუმცა სულაც არ ჰქონდა სამამაცო გუნება.

__ შენ რას უზამ ჩირიკს? ვერ მოერევი! შესახედავად, დახედულობით სუსტი ხარ, ვერ შეედრები. მძლავრი მტერი გყავს, ტანით ძლიერი!

__ აბა, დაჰხედე ამ პატარა წყალს!-

და თან ხელს მიიშვერდა სოფლის ლიკლიკა ნაკადულზე, __ რამდენი კაკალი მოუგლეჯია ადიდებულზე, რამდენი ცაცხვი; ალვის ხე? ხომ გახსოვს, მაშ, რაღად მეუბნები?! ახ, თუ ერთი ავიწყვიტე?!

__ არა, ნუ აუჩქარდები ჩირიკს, ნუ!

__ მართებული სიტყვაა! __ ჩაერეოდნენ სხვებიც.

__ უუუ! უამებელო სიცოცხლევ! __ ჩაიკვნესებდა გულში გულნაკლული ჩიკოტელა.

__ ზოგ კაცს პირზე თავისი ბედის ნათელი აფენია, ჩემს ბედს კი სძინავს შუა გზაზე, მტვერში უსირცხვილოდ გაშოტილს, უზრუნველს!

გადიოდა წლები, ამასობაში კი ჩირიკი არ კვდებოდა, პირიქით, გამრავლდა, კიდეც ტყუპი გოგო ეყოლა.

__ ძველი დავაგდოთ სათქმელად, არც არა საუბნარია! __ ურჩევდნენ ჩიკოტელას.

__ ვერ გამტეხავთ, ლაშქარნო! __ შემაღლებული ხმით ეტყოდა გულზე შემჯდარი ჩიკოტელა

შუაკაცებს, მთლად შეჯავშნული ჩირიკის სიძულვილით.

__ ზმმ! მომეწყურა ჩირიკის სისხლი! __ ისევე დაიზმუვლებდა თავისი კოშკიდან და კოშკზე

აფრენილ მამალს თავდაყირა დაუშვებდა.

__ რა მოგივიდა, რას გეჩხუბება, რა გაწყენინა? რაზე დაობთ? __ შეეკითხებოდნენ. კეთილი

ჩირიკი მხრებს აიჩეჩავდა , წყნარად იტყოდა: ბულბულმა სთქვა გამიკვირდა,

შაშვი რასმე წამეკიდა,





უკადრისი სიტყვა მკადრა, ვაი, ავად მამეკიდა!

ერთხელ პირშიც უთხრა დამთმო ჩირიკმა ჩიკოტელას: რას მეფურტკნები, მარგალიტის საყელო ხომ არ აგაჭერო? საპასუხოდ ჩიკოტელა ხელში ააფრიალებდა სიგელს, რომელიც თავისთავად იხვეოდა შინდის ჯოხზე __ ამან იცის, აქა სწერია ჩემი სიმართლე!

__ თქვენ არ იცით, __ მიჰმართავდა მეზობლებს, __ რა ხარბია, როგორ ადიდებს ღამ-ღამობით თავისი ვენახის სამზღვრებს. ეგ ჩემს მტრობას არ მოიშლის მეორედ მოსვლამდი!

ზოგი ბოროტი მეზობელი აქეზებდა:

__ მტერი არ მოჰშლის მტრობასაო!

__ ხმალს ნუ შეაჭმევ ჟანგს, ცოდოაო!

__ ამ სიგელმა იცის სწორე საზღვარი, მაგრამ ვინ იჯერებს? __ კვნესიანი ხმით დასძენდა ჩიკოტელა __ რას არ იტყოდა ნაეკლარი გული, აბორგებული სულის სიმწარე?

__ უნდა გათავდეს! ამ შემოდგომაზე ვეღარ დაიჭიროს ჩირიკმა ხელთ მაჭრის ჯამი! __ და სევდით სავსე თვალებს აქეთ-იქით ატრიალებდა.

ჩირიკი?.. აინუნშიც არ იყო! შეთვალულ ყურძენს შეჰხაროდა! __ წრეულს, კიდევ უნდა ვუმატო ვენახს რქაწითელი, __ ფიქრობდა და ხალხიც კვერს უკრავდა: უდაბნოს დაასხმევინებს სწორედო!

__ ღმერთო და პირიმზევ, შენ გწყალობდე! __ ეს იყო ჩირიკის სალოცავი. სად ეცალა ჩხუბისა და ყარყაშისათვის, თუმცა ჩიკოტელა დაუღალავი მეშფოთე იყო.

__ აგერ, მოილახვრება პირქვე დასამარხავი! __ იტყოდა ჩირიკის დანახვაზე გაშავრკინებული ჩიკოტელა.

კეთილ ჩირიკს პირსიცილი მოსდიოდა. __ რაზე იკლავს თავსა ეგ უბედური! კაცი მიწამტვერიაო, დღე არა აქვს ბევრიაო!

ჩიკოტელა კი გაიძახოდა: ჰაიდა... მანახა მაგისი შენგრეული გულის ფიცარიო, სისხლი შეესხას ქვისთვისო!

__ სული დაგიმძიმდა განა, შე უბედურო, __ შეუწყრებოდა ღვთისნიერი ცოლი თაშნეურა.

__ მაშ, რათა ვარ ბედ-გაკვანძილი, სად არი ღვთის ნამატები, გამარჯვებულება? მითხარი, __ ტირილის ხმით შესძახოდა ცოლს, საქმეზე თავდაუდებელი. __ მაშ, რათა ვართ ღარიბები! განა ჩირიკის ბრალი არ არის ჩვენი სიღარიბე? დატრამალდა გული!

თაშნეურა, მუდამ თაფლოვანი სიტყვის პატრონი, ამართლებდა კეთილ ჩირიკს, მაგრამ შეშფოთებული ჩიკოტელა სეტყვის ქარივით ეცემოდა:

__ მაშ, ჩემი მიჯნა აქეთ არ გადმოსწია? მაშ ის ხუთი ვაზი არ იყო, მიჯნის გაყოლება?





__ რა გაგიხდა ეგ ხუთი ვაზი? განა ხუთი ვაზით აცხოვრებ ოჯახს? __ უპასუხებდა სათნო ცოლი.

__ რატომ არ მიჰყავს სიკვდილს ჩემი მტერი? ეგ უნდა წავიდეს ჩემზე ადრე, საიქიოში ჩირიკმა უნდა შემიღოს შავეთის კარები! __ არა ცხრებოდა ჩიკოტელა.

__ კარგი, გეყოფა, ხორშაკეულო, ცულაფთარო! __ ეტყოდა თაშნეურა. მატყლის მჩეჩელი საწყალი ქალი გავიდოდა და ეზოს ვარდთან ჩამოჯდებოდა, იქ უყვარდა ყოფნა, პირჯვარს დაიწერდა __ წმინდა გიორგი, შენ გვიშველე!

ჩიკოტელა გახშირებით ოხრავდა... მერე მეზობლისას გადავიდოდა, შესჩივლებდა, ჭირის თქმა ხომ დამწვარ გულს ანელებს!

__ ჭირს ნუ დაუწვები, უფრო დაგაწვება! სთქვი გულის საწნეხი! __ აღიზიანებდა თვალთმაქცი მეზობელი. ჩიკოტელა ასჯერ მეტისას ამბობდა, ის კი არ იცოდა, კოჭობი რომ ადუღდება, გადმოვა და კოჭობივე დაიფუფქება!

საკუთნოს მუდმივ დავაში მიდიოდა ჩიკოტელას ბალღამიანი დღეები! იყო შემთხვევა, როცა ბეწვზე ეკიდა ჩირიკისა და ჩიკოტელას სიცოცხლე!

ივრის ლერწმოვან-ჩალიანებში, მდინარის ტოტზე გადაწოლილი, გადაბარჯღული, გრძელი, გამხმარი ვერხვი იდო, ის იყო ჩვენი ხიდი! აი, სწორედ ამ ხიდურაზე შეხვდა ერთ დილას ეს ორი უმძრახი, ნაწყენი მეზობელი. ვინ იცის, რა უბედურება უნდა დატრიალებულიყო იმ ხმელ ვერხვზე, მაგრამ ამპარტავანმა ჩიკოტელამ გზააუქცევ-თავდაუხრელად სცადა გავლა და შიგ წყალში კი გაადინა ტყაპანი!

ჩირიკმა ღიმილით გაიარა თავისუფალი ხიდი და შეერია ვენახს. მეორე დღეს, შეშფოთებული ჩიკოტელა ძიობდა სოფელში:

__ ვინ გაიგო, ვინა სთქვა, ვის გაეხარდა-ო?!

ერთ ზამთარ, თოვლში რომ მოემწყვდა სოფელი, უსაქმურობით შეყელთებულმა მეზობლებმა ითავეს და შერიგების შუაკაცებად ორი დარბაისელი მიუგზავნესს, __ ივანე გოჭიყლაპა და ბეცია ბატიყვლეფა.

__ გეყოთ დავა, შფოთი ჩაარონინეთო! __ მაგრამ არაფერი გამოვიდა. უთმობელი ჩიკოტელა ისე გაიბერა, თითქოს ქვეყანას დასჭირდა მისი თავიო!

მშვიდი, გულქართული, თვალებიდან გამოცინარი ჩირიკი აწყნარებდა მეზობლებს, დაანებეთ თავი, მაგ სიტყვაპრტყელს! გულძვირობას არ მოიშლისო!

და ერთ დღეს მოხდა სასწაული! გამოვიდა მთხრობელი მათი შერიგებისა, თუმცა კი არავის სჯეროდა.

საქმე ასე ყოფილიყო:

იორგაღმა, აზამბურის მინდორში, ყანის მკის დროს, ჩიკოტელა გაცივებულიყო. იორი გამოეტოპა, როგორც იყო სოფლისკენ დაემართა გზა, მაგრამ მუხლმოჭრილი, სიცხისაგან





მოკვეთილი, გზისპირად, მთვრალი კაცივით მიგდებულიყო. იქნებ, სამადლოდ, ვინმემ შინ წამიყვანოსო! მგზავრი არ გამოჩენილიყო, არც ურმებს გამოევლოთ! ეგდო საბრალო ჩიკოტელა კაჭკაჭ-ყორანთა საწიწკნათ, მგელთა საგლეჯად! გმინავდა და ღმერთს ეხვეწებოდა ძე- ხორციელის გამოჩენას. მზე კიდეც ჩადიოდა... სოფელი არც ისე ახლო იყო... უნუგეშისცემო ჩიკოტელა სიცხისაგან გათანგული გმინავდა...

სწორედ ამ დროს, როცა მზემ უკანასკნელი სხივები ჩაწურა ჩასავლეთში, გამოჩნდა ივრიდან მომავალი, იცით ვინ? თითონ მიხვდებით! ჩიკოტელა შეკრთა, შეიკუმშა, ფარაჯაში შეძვრა, როგორც კუ სქელ ბაკანში, ნეტამც არ დამინახოსო!

ჩირიკი მიუახლოვდა მწოლიარეს, ისიც შეკრთა, და... თითქოს ვერ დაინახა ისევ გზა განაგრძო... სიცხიან ჩიკოტელას ერთი პირობა კიდეც გაეხარდა... მაგრამ ჩირიკი უკანასკნელი სასოებაღა იყო მისი და თუ ჩირიკი არა, შეიძლება, მართლაც, სამგლედ გამხდარიყო. მცირე ყოყმანის მერე, ჩირიკმა ცხენი მოაბრუნა, ჩამოხდა, ჩიკოტელას მიუახლოვდა:

__ ეგ რა მოგსვლია, ბეჩავო? __ გაუბედავად შეეკითხა. __ არაფერი! __ მორცხვად ამოთქვა ჩიკოტელამ.

არც აცია, არც აცხელა ჩირიკმა და პირშეწბილებული, ღვარძლიანი მტერი ცხენის გავაზე შემოისვა და სოფელში წამოიყვანა. მოჰყავდა და თან არიგებდა: სიცხიანი ხარ, წელზე ხელი მაგრად ჩამჭიდე, ცხენიდან არ გადმოვარდეო!

ჩიკოტელა გაბუყული იჯდა და მოხათრებით ხელს უჭერდა წელზე ნამტერალს. სოფელში ერთი ღრიანცელი ატყდა. არავის სჯეროდა, თუმცა საკუთარი თვალით ენახათ. ისიც ეგონათ, ალბათ, ჩირიკმა აჯობა ჩხუბში, შეკრა და ახლა მამასახლისთან წარმოადგინაო! __ ხმამაღლა გაიძახოდნენ: ჩირიკმა ტყვე მოიყვანაო! ბევრიც იცინეს!

ერთი თვე ეს ამბავი ჰქონდა სოფელს თავშესაქცევრად.

დაყარა ფარ-ხმალი ჩიკოტელამ. დაჩუმდა, რაღას იზამდა? გაკვირვებული იყო ჩირიკის

საქციელით.

ამას მალე სხვა უარესი ამბავი ზედ დაერთო: ჩიკოტელას ერთი მურიანი გოგო ჰყავდა-მეთქი, გახსოვთ? მაგრამ ვიდრე მოთხრობის ბოლომდე გავიდოდი, ამასობაში, ის მურიანი გოგო უკვე წამოჩიტდა, წამოიზრდა, ძუძუ დაეტყო, გაიბადრა. __ მართლაც, ქოჩორა მტრედი, ჩამარგალიტებული გოგო დადგა თეთრუა!.. ლურჯთვალა, შავწამწამშაბურული, დანუკრებული...

და რას არ იტყვის ჩხიკვის ენა! __ ერთხელ, შუადღისას, ვენახი რომ შეზვერა, ჩიკოტელას ვაზის ბურვილში შემოესმა ნაზი სიტყვები: „ შენი ქოჩრის მონაგლეჯი დამწვარ გულზე დამაყარე―!-ო.

__ ამიყვანე, წამიყვანე! __ ისევ ისმოდა ნაზი ხმა.

ნასმენალის მერე ჩიკოტელამ ფრთხილად გადასწია ვაზის ფოთლები და რა სახილავი ნახა! ზედ მიჯნაზე მისი თეთრუა ისე ჩაჰკვროდა ჩირიკის ვაჟს კიკრიკიკოს, რომ ხმალიც ვერ გააცილებდა ერთმანეთს!

ჯერ კი შეიუცხოვა __ აი, შე სვეტიცხოველის დამქცევოო! ესღა შეჰყვირა გაოცებულმა





ჩიკოტელამ; ბიჭი და გოგო ქვეით გარბოდნენ ჭიგოების ლაწალუწით. რამდენი ვაზი წაიქცა! ჩიკოტელა გაშეშებული იდგა, სიტყვა ვეღარ ამოეღო. ახლა მიხვდა რად ელამუნებოდა თეთრუა მეზობლის ბიჭს. მიხვდა მისახვდომარს: ვაი, თავდებო, ახლა ქალიც მტრისკენ მიდიოდა, მიცურავდა ვენხიც! მიჯნა მთლად უქმდებოდა! ჩიკოტელას ხომ ერთადერთი ქალის მეტი არ ჰყავდა?! ერჩივნა ქვესკნელის ფსკერში ჩამძვრალიყო, მაგრამ რა ექნა? თაშნეურას ძალზე გაეხარდა თეთრუას ამბავი, კიკრიკიკო ხომ ყველას უყვარდა.

ერთი კვირის მერე, ჩირიკმა დატალახებულ ქვევრს მოხადა... ახლა ჩირიკი და ჩიკოტელა ერთად უნდა მსხდარაყვნენ საქორწილო სუფრაზე. ერთმანეთისთვისაც უნდა ეკოცნათ ღვინის ჯამებით ხელში, ძმად შეყრილიყვნენ, ასეც მოხდა.

რამდენიმე წლის შემდეგ, მე დავინახე, ორივე პაპას ხელი ჩაეჭიდნათ შვილიშვილისათვის და ფეხის ადგმას ასწავლიდნენ აყვავებულ ნუშის ქვეშ.

ასე აჯობა მტრობას სიყვარულმა! უმსგავსი საქმე ყოველი, მოკლეა, მით ოხერია!

ამ პატარა, გვრიტულა ბიჭუნამ, რომელიც ახლა ორივეპაპას ტაატით დაჰყავდათ, თავისი

ფუნჩულა თათებით საბოლოოდ სამარე გაუთხარა ორი ადამიანის მტრობას. გავიდნენ დრონი. ბევრჯერ წითლად გადაუარა მზემ ჩვენს სოფელს, ბევრი

ვარსკვლავიდაცვივდა... ბუნებამ დალია ჩირიკისა და ჩიკოტელას ჯანიც...

ძალზე დაუსუსურდა შრომით დაძალული ჩირიკი. ოჯახს კიკრიკიკო გაუძღვა, მაგრამ მოხუცი თავის საყვარელ ვენახს თავს არ ანებებდა. თუმცა ვენახი მას აღარ ეკუთვნოდა, სოფლის საერთო მამულათ იქცა. მაგრამ ჩირიკმა ვერ გაიგო, რამდენიც არ აუხსნეს, ვერ მიხვდა. მის გონებაში კერძო საკუთრების გრძნობა ვერაფერმა ვერ შესცვალა. ახლა, პირიქით, მთლად ვენახში დაიდო ბინა... აღარ გამოდიოდა. ვერა და ვერ მოაშლევინეს ვერც შვილმა, ვერც შვილიშვილმა, ვერც სოფელმა... ისევ თავს დასტრიალებდა ვაზებს თავისი მოქანცული მარჯვენით.

__ ეგეც ერთი ჟინი ყოფილაო. დაე ჟინი მოიკლასო!..

და ერთ აღდგომა დღეს, ჩირიკის სახლიდან გლოვის ხმა გამოისმა, __ ჩირიკი აღარ არისო!

თურმე არც აღდგომა ღამეს მოშორებია ჩირიკი საყვარელ ვაზებს. ვაზის ძირში სააღდგომო სანთლები დაენთო. სუფრა გაეშალა, ლიტანია შემოევლო ვენახისათვის, მერე მიმჯდარიყო ვაზის ძირში, გულზე ხელები დაეკრიბადა მიცვლილიყო...

შვილიშვილს აღდგომის წითელი კვერცხები ჩაეტანა ვენახში და ეგრე კი ენახა!

რა დაემართა ჩიკოტელას? წოპწოპა ქუდი პირზე მიეფარა და ტიროდა __ ვაი ძმაზე ძმებულოო!

თვითონაც სიკვდილი ეხედვებოდა... მეორე კვირას, ჩიკოტელა ჩირიკს გვერდით მიუწვინეს. ერთი ავი მეზობელი, ვითომდა გულშემატკვარი, დანანებით ამბობდა: ბარემ ერთ დღეს

დახოცილიყვნენ, ორი ქელეხის ხარჯით ოჯახი არ დამძიმდბოდაო!

მე ხომ კარის მეზობელი ვიყავ, შემატყობინეს ქალაქში, მთხოვეს დავსწრებოდი მათ დამარხვას, მაგრამ ვერ შევძელი, პატივი ვერ ვეცი, ხინჯად კი დამრჩა გულში, ბევრი დრო გამიტარებია მათთან პატარაობისას, ბევრჯერაც გარჯილან ჩვენი ოჯახისათვის!





ახლა ამ მოთხრობაში, ასე მგონია, ვალი მოვიხადე მათი აჩრდილების წინაშე, ავწერე რა ჩირიკისა და ჩიკოტელას მტრობისა და სიყვარულის ამბავი, გასაღიმებელი და გულის გადასაყოლებელი...

”სახელის მილოცვა”

„ ... ქართველნი... სალაშქროთა შინა ახოვანნი, საჭურველმოყვარენი, ამაყნი, ლაღნი, სახელის მაძიებელნი ესრეთ, რამეთუთვისთა სახელთათვის არა რიდებენ ქვეყანასა და მეფესა თვისსა―

ვახუშტი

„ სახელიანებ საფლავებს გულდიდად გადმოვცქერიო―.

ხალხური

„ მკვდარს ულოცავენ სახელსა ჩვენ კი გვიწყენენ ჭირსაო―.

ხალხური

I

ჩემი სოფლის თავში თეთრი ციხე-კოშკი დგას, თავჩამორღვეული, ნანგრევი, ხავსდასხმული ლოდებით, სახელოვანი სიმაგრე, ძველად დიდად ნაბრძოლი ახლაც ატყვია, ალყაში ჩამდგარ, მოიერიშე მტერს ხმლები რომ ზედ ულესია ციხის ძირითა ლოდებზე.





ერთხელ, ბრძოლა რომ გათავებულა და მტერი გაქცეულა, ჩვენებს თურმე ნიჩბით მოუხვეტიათ ტყვია ციხის გარშემო, იმდენი უსროლია მტერს!

ჩემს ბალღობაში მსმენია, თურმე, დანიშნულ ღამით, ცისკრის ამოსვლის უწინარეს, თმაჭაღარა მანდილოსანი გაფოთებული ჩამორბის ციხიდან თავქვე, მთვარის კიბეზე, ვიღაცას შორიდან აუქნევს ხელს და ამრიზებული მკაცრად შესძახებს:

__ არ გაბედო მოსვლა, სირცხვილიანო, არ მომეკარო!

ტანაბჯრიანი, დაჩოქილი შვილი თავში ხელს წაიშენს,შეჰღმუვლებს სიმწრით, ისევე უკან

გამორბის ხმალამოღებული, უცბად შეჩერდება და დედას შორიდან შეუთქვამს: __ ან შევაკვდები, ან მოგივალ იმედიანი!

დედა ისევ კოშკში შევარდება, კარებს მიაჯიქურებს, მძიმე ურდულს აუგდებს და კოშკიდან ისევ გამოისმის გამწყრალი ხმა:

__ არ დამენახო, გაბრუნდი, სახელის შემრცხვენო, ავსახელიანო! ... და უცბად, წყვდიადში აქეთ-იქიდან ატყდება უჩინარი ძახილი: __ თითისტარი მიეცი!

__ თავს ჩიქილა დაახურე!

__ თმა ჩამოიწნას ქალისა!

და სხვა წყევა, შეჩვენება...

თმაჭაღარა მანდილოსნის აჩრდილი მკერდში მჯიღს ჩაიკრავს:

__ ვაი, რა ვქნა, რა უყო, წავალ და გავნიავდები!

და მართლაც, ღამის ნიავს დაეხსომება სიტყვები შუაღამისა, მსუბუქიფრთით წაიღებს, სოფლად ჩაიტანს, თვითეულ ქოხს გააგონებს, ზედ კერაზე დაჰყრის ამბაცს და ცისკრის საზღვარზე ისევ გაისმის ჰაერში შემონახული მწველი სიტყვები და მუქარა განრისხებული დედისა...

ღამე გაიცრიცება, მამალი შეჰყივლებს და ყოველივე მიყუჩდება...

იტყვიან, ეს თმაჭაღარა მანდილოსანი ლასურიძიანთ სხვარამზეა, ჩვენი სოფლელი, ერეკლე

მეფის დროს უცხოვრია თურმე.

გმირების დედა ყოფილა. შვილები მტერს შეჰხოციან, ერთი ვაჟი გამოსვლია მხდალი და დღესაც იმასა სწუხსო! მტერი არა გამიგია რა ხვარამზეზე. მაგრამ ჩემი ყრმობის დროიდან მახსოვს ლასურიძიანთ ოჯახიდან __ დეიდა ჩახტაურა __ მომჩინარი მანდილოსანი, მძლავრი და მკაცრი დედაკაცი, ყველასაგან პატივდებული, სოფლის ქალთათვი.

ჩვენ, ბალღებს ძალიან გვიყვარდა...





ახალგაზრდობაში, თურმე, ცხენოსნობას უქებდნენ. ახლა, ქვრივობაში, ოჯახის ბურჯი გამხდარიყო. მეურნეობა უყვარდა; მეზობლებს რჩევა-დარიგებით აფხიზლებდა, სოფლის ქალებს ყაითნის საქმეს, საკერავს ასწავლიდა.

ერთი სიტყვით, ხელწმინდა ქალი იყო.

სხვა საქმის გარდა, ჩახტაური განთქმული შემლოცავიც იყო. ახლაც მახსოვს მისი შელოცვიდან, მგონი, ორსულ ქალზე: „ ბანი იძრა, ტყე იძრა, ვენახი იძრა... ირმის მუცელში შველი იძრა, შვლის მუცელში ნუკრი იძრა―... და სხვა. ეს პოეტური შელოცვა ძალიან მომწონდა.

ამინდის გამოცნობასაც უქებდნენ ჩახტაურას. ესეც ხომ მისგან ჩავიწერე მოწაფეობის დროს: „ დილა წითდა, __ ღამე წვიმდა,

ღამე წვიმდა,__ დილა მზითა―.

... პირველი მსოფლიო ომის დროა. დეიდა ჩახტაურა ზის მარტოდმარტო შემპალ, ძველებურ აივანზე, კერას არ აციებს... ზის და წინდას ქსოვს. სამი ვაჟიდან ვითომდა შემორჩენილ ერთადერთი ვაჟიშვილ შალიასათვის, რომელიც სულ ამას წინათ ომში დაეღუპა, მაგრამ ჩახტაურა მაინც წინდას უქსოვს. ორჯერაც მოუტანეს შავი უწყება, მაგრამ ჩახტაურას არ სჯერა, ღრმად სწამს შვილის უკვდავება და ფოსტალიონს მკაცრი კილოთი ეტყვის:

__ ენამც მოგტყდება, ენამცდარო! უკანვე წაიღე! ეს ქაღალდი იმასვე მიუტანე, ვინც გამოგატანა! შალია როდი მყავს მკვდარი! აღარ გაბედო ამის თქმა! __ და ისევ განაგრძობს წინდის ქსოვას კიბის თავზე... წუთის შემდეგ, ჩახტაურა ისევ მრისხანე ხმას დააწევს შარაზე მიმავალ განცვიფრებულ გუგუნას:

__ აღარ გაბედო მაგნაირ შავი ქაღალდით აქ მოსვლა, თორემ ძაღლებს დაგაგლეჯინებ! სამახარობლოდ მოდი, სამახარობლოდ!..

II

გორგასალ გმირს დავაშკაცებას ისე არ ელოდნენ, აბათ, მისი დაჩაგრული დადრეკილი დედა და ბაღათერასაგან გატაცებული დაი, როგორც ჩვენი მეზობლის შალიას დავაშკაცებას მოელოდნენ დედამისი ჩახტურა და გასათხოვარი დაი ფერენა.

ეს, ის ნანატრი დღე იქნებოდა, როცა ჭაბუკი აზნაური შალია ახალხმალშებმული თავისი ხელით შეჰკაზმავდა ხალებიან ,,ქარაფეხა ―ცხენს და გააჭენებდა.

__რა დღეს შეკაზმავ, შენი ჭირიმე, მითხარი, გამაგებინე, რომ მოვასწრო და დაგინახო თორე დიდი დღე კი არ მიწერია!

__რა მაქვს აგრე საჩქარობელი?_ღიმილით ეტყოდა შალია.

__მაშ, არ გინდა, მალე ცხრა ცას დავეწიო სიხარულით? ჩითის მხიარული კაბა ჩავიცვა, ამ

დღით ახალი ბაღდადი დავიხურო, დაბასმული, ლეჩაქი, ვარაყიანი?

შალია ამოწყვეტილი, ძველი აზნაურიშვილის ოჯახიდან იყო. მამამისს შეჰმადინს ლხინით მოეჭამა წუთისოფელი. შალიას ძმები და ბიძები ზოგი ომში ჩაეხოცათ, ზოგი ჩხუბში თუ





მამულის დავაში და ახლა, შალიას მეტი, აღარავინ ბოგინობდა ლასურიძიანთ გვარში. საქალეთზე იყო მიმდგარი სახელოვანი გვარი!

ამიტომაც, ასე დიდის ამბით ელოდნენ შალიას მიერ ცხენის შეკაზმას, ხმლის შებმას, ანუ დავაჟკაცებას. მგონი, სამარიდანაც მოუთმენლად შემოჰყურებდნენ დაჭრილ-დაკუწული წინაპრები და ბიძა-ძმები!

დედა თოქალთოს უქსოვდა, ფერანა ჩახსაკრავს, ძალუა გარიელა კი მათრახს უწნავდა.

თვალცეცხლი იყო შალია, თავგული, სხარტი, ლაღი, გულზავი, გიჟმაჟი, გაშლილი გუნებისა, ამაყი, სამხედროსაკენ მიმდრეკი, ტოლ-ამხანაგთაშორის სახელის მაძიებელი. სახელისათვის დაუზოგავი იყო. არც ცეკვა-თამაშში, __ კარგა ქართული იცოდა, __ არც ჭიდაობაში სახელს არავის დაუთმობდა.

__ სახელდებული ბიჭი მყავს! __ თავმომწონეობდა დეიდა ჩახტაურა.

ახლაც თვალწინ მიდგა __ ზანგელა, დაგიშრულქოჩრიანი, ჯიღათვალება, დაგეშილ მიმინოსავით ტანსწრაფი, ხელუკრთობელი, ერთი სიტყვით, სანდომობით საყვარელი, ჩემზე ხუთი-ექვსი წლით უფროსი იქნებოდა.

დედა, დაი საოცარი სიყვარულით შესცქეროდნენ შალიას.

__ ვინ იქნება შენფერი, ცათა და დედამიწის შუა? __ ელამუნებოდა ფიქრებში დედა ნებიერ

შვილს, __ მაგრამ კენტი ხარ, საბრალო!

მუდამაძაგრული იყო ჭაბუკი, თუ ჭაბუკობას მიტანებული შალია: ონავარი, ფიცხელი, კისკასი, თავისწვერა; არ უყვარდა რბილობა. „ომის თამაშის― მიზიდულობა ჰქონდა, დაუზოგავი იყო, ქოჩრაობდა, სულ ბრეს გვადენდა! აუცდომარი სროლა იცოდა ისრისა. ცხენი უყვარდა. უბელოს დააჭენებდა ქაჯივით, მონადირეც იყო. სულ ფეხით ჰქონდა მოვლილი მგრგვლივ კლდე-ღრე, ფლატე, ღრანტეები, ტყეები ჩვენი სოფლისა. ხან ნადირობდა, ხან ისე დაეხეტებოდა, ხან სალამურის მასალას ეძებდა ტყისპირებში.

საოცარი მესალამურე იყო შალია, სალამურის გამომჭრელი, გამოსჭრიდა დუდგულას და დაგვირიგებდა.

ჩახტაურა ალმაცერად გადაჰხედავდა სასტვენელას, სალამურებს, თან კედლიდან მოწიწებით ჩამოჰხსნიდა მამაპაპეულ ხმალს, გადააწვდიდა შალიას და ეტყოდა: რა ბედენაა სულ სალამური? აი, მამაპაპეული ხმალი! ენდე ღმერთს. მალე უნდა შემოირტყა! შენს ძმებს არ ერგოთ ბედად მაგ ხმლის ტარება, ადრე დამიხოცეს, შენ წაემჯობინები! უგვარკილო კი არა ხარ! კიდევ ცოცხლობენ ლასურიძეები! კიდევ გვჭირდება სახელი! უსახელო გვარი რისი მაქნისია? __ შალია მახვილი თვალით სინჯავდა ხმალს.

__ იცი რა ხმალია? __ ეტყოდა დედა, __ ყეენის ანაგლეჯია! შენს პაპის- პაპას ჯარდანს ყეენისთვის აუგლეჯნია ომში! მთელი ლაშქარი გაკვირვებულა! შიგ შუბლში უკოცნია ერეკლეს! თვითონ ერეკლეს ხმალი კი არ ერტყა, ომში თითონ შემოერტყებოდა ხოლმე!

ღარიბი აზნაურები იყვნენ დღეს ლასურიძეები, მაგრამ მუდამ სანაქებო, ჯიშიანი ცხენი ება მათ ბაგაზე, __ თუმცა არც ხარი ჰყავდათ, არც კამეჩი! თითონაც შალია ერთგულად უვლიდა თავის გამოკვერცხილ „ქარფეხას―.





ის დღეც მოახლოვდა, ცხენი გალობითა და სიმღერით უნდა შეეკაზმათ, მერე ხმალშებმულ შალიას უნდა გაეყვანა ცხენი, გაენავარდებინა დიდ მინდორზე. ეს იქნებოდა მისი დავაჟკაცების დღეც... უბნის ლამაზი ქალებიც მოგროვდებოდნენ მხედრის საზეიმო დღის საცქერად. ჩახტაურაც სიხარულის სუფრას გაშლიდა... და თავის ვალსაც გაასწორებდა შვილთან.

III

მაგრამ, სწორედ ერთი კვირის წინ ცხენის შეკაზმამდე, როცა შალია სასალამურო დუდგულებით იღლიაში ამოჩრილი ტყიდან ბრუნდებოდა, ჩაფარმა „სალდათის ბილეთი― გადასცა. შალიას კიდეც გაუხარდა, თითქოს დიდ ზეიმზე იპატიჟებენო, ისე მიიღო. ჯარში წაიყვანეს. მამულის წვენის დალევა ვერც კი მოასწრო, ისე წავიდა... მამაპაპეული ხმალიც თან წაიღო... ცხენოსან ლაშქარში გაწერეს. ჯერ იმედიან წერილებს იწერებოდა, ზედ ნატვრას ურთავდა: ივრის ჩქრო მომესმისო. ნეტავ ერთი კიდევ მაჩვენა მთებით შემოღობილი ჩემი სოფელიო, ცხენს კარგად მოუარეთო! ხან წერილებში ჩიოდა, __ სისხლის ავდარი მოდისო, დედამიწა შიშით ზანზარებსო! ბოლოს მოიწერა, __ სიზმარში ხმალი გამიტყდაო, ჩემი მოლოდინი ნუღარ გექნებათო, ვეღარ მოგივალთო, მაგრამ სახელი ხომ დარჩებაო! ბოლოს წერილები სულ მისწყდა და კიდეც გავიგეთ, რომ ივრის გაზრდილი ვარშავის ახლო მიესრისათ სასტიკ ბრძოლაში.

მეჩონგურის ლექსი გადმოგვცემდა: შალია სიკვდილს ხმლით ეომაო, ცხრა დაკაფა ცხენდაცხენ, მეათემ კი ხიშტი ბეჭებში ჩასცაო, სისხლში გასვრილი ხმლის ნატეხი კიდევ ეჭირა შალიას ხელშიო! ერთიც არ დაუგმინიაო!

მეჩონგურის ლექსი მთავრდებოდა:

„სახელისათვის მომკვდარო,

ბევრ ცოცხალს სჯობხარ მკვდარიო!―

ჯერჯერობით, დედას უმალავდნენ შალიას სიკვდილს, თუმცა შემკვდარებულ ფერანას ტირილი ცაში ადიოდა __ ვითომც, სიზმარი ვნახე ცუდიო და იმაზე ვტირიო! დედა ანუგეშებდა, ავსიზმარს რად უჯერებო! ჩვენთან რა უნდო?!

ზამთარი დგებოდა, „ქარფეხა― ცხენი გაყიდეს, შენახვა გაუჭირდათ და ვერც ცოდვით უყურეს, კვიცი დაიტოვეს. „ქარფეხა― ღიპგადმოგდებულმა ვაჭარმა კოტოშამ იყდა. ისე არ ჩამოივლიდა შალიას ცხენზე შემჯდარი გულქვა კოტოშა, რომ ფერანას არ შეეკივლნა, არ შეეტირნა ხმამაღლა და ვაჭარი არ დაეწყევლა:

__ უღმერთოვ, რად გვიკლავ გულს, სხვა გზით ვეღარ გაივლი?

__ კიდევ ჩამოიარა უწყალომ? __ ყოველდღე კითხულობდა ჩახტაურა.





„ვაჰ, სიშორეო გზისაო...

წასვლაო, აღარ მოსვლაო

ლაშქარს წასული ძმისაო―.

__ ვინ იცის, ორბის კლანჭმა სად გადააგდო შალიას ძვალის კანტალი! რომელ ხის კენწეროზე დარჩა, __ წაიდუდუნებდნენ მეზობლები.

ბოლოს, როგორც იყო, დაიბარეს, დააჯერეს ჩახტაურა შვილის შინმოუსვლელობაში.

ხმაც არ ამოუღია... ჩუმად ბრუნდებოდა შინ, გულის ძარღვებ-ჩაწყვეტილი, ფერგადატეტკილი.

__ მზე გაშავდა! ჩვენი ბედი დაიწვა! მეხმა შესწყვიტა ჩვენი კარი! ჩვენი სიმაგრე დაიქცა! გათავდა, დაიმხო ჩვენი გვარი, ჩვენი სახელი! ვაი, სახლო, უკაცურო! __ მხოლოდ ამას დუდუნებდა კარიბჭესთან გარეტებული დამეწყრილი, ცნობამიხდილი ჩახტაურა...

__ აჰა, ღმერთო, ეს გახუნებული ლეჩაქიც მომხადე, მეტი რა შემარჩინე! წაიღე, გამჩენო, ესეც შენ! __ მოწყლული გულით შესძახებდა ხელებგაწვდილი მწუხარე დედა, ლეჩაქს იხევდა, დროდადრო კარიბჭეს ბოძს თავს ახლიდა.

__ სად გამოვუდგე სიკვდილს, სად დავეწიო უწყალოს?! მარტო ხელისა ვარ! ვაჰ, ქარო, ქარისა მავალო!

მთელი დღეები მუნჯივით იჯდა: ამ ქვეყნისა აღარა ეყურებოდა რა... შალია სულში ჩაისვენა... მხოლოდ ეს უკვირდა, როგორ მოერია სიკვდილი მის შვილს, ანუ როგორ ვერ დაემალა შალია სიკვდილს.

__ არა, ვერ იკადრებდა დამალვას! __ მიუგებდა თავის თავს... სიკვდილსაც კი არ ნატრულობდა ჩახტაურა...

მხოლოდ ხანდახან, შუაღამისას, გაშავებულ ხატს შეეკვნესებოდა, __ ღვთისმშობელო, სიმართლის მზეო! ეგ არი შენი სიმართლე?!

IV

დიდი ხანია აღარ მენახა შალიას მწიაღებელი ჩახტაურა, თვალს ვარიდებდი, ძალზე მეცოდებოდა... თანაც, მე ხომ ქალაქში ვსწავლობდი. მხოლოდ ერთხელ, სააღდგომოდ არდადეგებზე რომ ჩავედი სოფელში, კიდევ მოვკარი თვალი ჩახტაურას ,, სახელის მილოცვის― დღეს, მერე აღარ მინახავს, მომკვდარიყო დაბრმავებული, თვალებში დარდისაგან შავწყალჩამდგარი...

** *

ძველად, ჩემ სოფელში, ერთი საოცარი დღე იყო, ,,სახელის მილოცვის― დღე.





გაზაფლულზე, აღდგომა კვირას, სოფელი საფლავებზე გავიდოდა,-პურით, ღვინით, საკლავით, ხორაგით, ცრემლიანი ღაღადებითა და სამქებრო სიტყვებით, სახელს ულოცავდნენ გარდასულთ-ყველას კი არა-ვინც რამე სახელი დასტოვა! თან ცოცხალ გმირებსაც ადღეგრძელებდნენ...

მამულის დამცველი ბევრი გაუზრდია ჩვენს სოფელში ძველად თუ ახლად. ზოგს ,,თათარში― უსახელებია თავი, ზოგს იაპონიის ომში, ზოგს-პირველ მსოფლიო ომში, ზოგს,-ჩვენებურ მწყემსს, თრიალეთზე-ყაჩაღებთან... იყვნენ... აღარ არიან...

წასულან გმირები, გარდამავალი წვიმებივით, როგორც ქარიშხლების უბობოქრიათ, უგრგვინვიათ, ბოლოს, დაყუდებულან მუდრო საყუდარში. ხალხს ჰგონია, ისევ გამოვლენ სამარიდან, თოფსა და ხმალს კიდევ იხმარებენ, თუკი სამშობლომ შესთხოვა... უკვდავება შეესაკუთრათ... მათ საფლავებზე, ზოგან ია მოსულა, ზოგან ავშანი, ბარამბო, ჭინჭრისდედა, ღიღილო, ზოგან აბზინდა, ზოგან სვინტრივით ბალახი ამოხეთქილა... უამრავი მწვანეა გაზაფხულზე, თითქოს მათმა სისხლმა აღმოაცენა სხივნარა ყვავილები; თითქოს საფლავში უხარიათ, რომ მათმა მკლავებმა ასეთი ლამაზი მიწა დაუტოვა შთამომავლობას, რომ უფლება მისცა ამ სილამაზის ყურებისა! მართლაც, ჩვენ რომ ლაჩარი წინაპრები გვყოლოდა და სილაჩრით ჩვენი მამული დაეთმოთ, მტერს გაჰქცეოდნენ, ვინ იცის, ახლა სად ვისხდებოდით ქართველები?

აი, სოფლის ძველი სასაფლაო ველტყიანზე, ძეგლებად კლდე-ტინების ნახეთქები ძევს, განა ძეგლწერილები?.. თუმცა, აქა-იქ, იშვიათად მიწაში ჩასმული, გადაცვეთილი ბრტყელი ქვებიც მოჩანს, გადაკორიკებული წარწერებით. ზოგან, ძეგლად ქვაში გამოკვეთილი, შეკაზმული ცხენი დგას,ზოგან __ რქაჩაგრეხილი ვერძები, ზოგან__ ქვაზე გამოსახული ხელადები, ყანწები, ჯამები, ჭიანურები, ჩანგურები, გუთნის ნაწილები!

ხავსი და მობიბინე ბალახი ჰფარავს გმირთა საფლავებს... ირგვლივ ფრთაგაშლილი გაზაფხული ფრიალებს...

__ სახელი მომილოცნია, შვილო! __ ყუჩად დასტიროდა შაოსანი დედაბერი ჯაფარული საფლავს და დედაკაცებიც ზედ ზუზუნს აყოლებდნენ:

__ განა შინ მოკვდი, ომის კარს მოკვდი! ხელთ ხმალი გეჭირა! ხალხი მოვიდა, ღვთისოს ჩოქვით სახელი მიულოცა.

__ ჰაი, შე უდროვოდ გათავებულო, შე გამარჯვებულო, მადლობელი ვარ შენი სახელისა! __ ჩასძახოდა პაპა ედიშერი მწყემს გაგნიას, __ სვეტი ნათლისა დაგადგეს!

__ ერთი მოიმწყვდიეს ოცთა და ოცდაათთა, მაინც არ გატყდა, არ შეეპოვა! თამარ მეფის მიჯნაზე მოჰკლეს, მაინც შინ მოვიდა! __ ღაღადებდნენ დედაკაცები. მწყემსი შორს, ჯიქიანი მთის საძოვრებზე, მოეკლათ და ამხანაგებს ხურჯინებით ჩამოეტანათ აკუწული

__ სულ კვერცხი ვაგროვე, იმით ვიყიდე თოხლი და წირვა კი გადავუხადეთ, __ დასძენდა დედა.

__ სახელის მოყვარული იყავ, იორამ. სახელს გილოცავთ! კიდევ დაზრდოს შენისთანები ჩვენმა მიწამა! __ და ასი წლის მოხუცებულმა სეხნიამ წითელი ღვინით სავსე ჯამი ასწია.





ჩამორიგებით მიულოცეს სახელი გმირ იორამს.

მალე ყველა საფლავზე გაიშალა სუფრა და სევ სიცოცხლემ აჯობა სიკვდილს!

სამშობლოსათვის სისხლდათხეულებს ცრემლითა და ღვინით იგონებდნენ. ვაჟკაცთა სულთქმა, საქები სიტყვა, დედაკაცების ცრემლიანი ზრინვა გაზაფხულის დილის ნიავს მიჰქონდა მწვანე, ხასხასა-თავანკარა ჯეჯილებსა და კვირტგამოსულ ვენახებში, თითქოს ამ სევდის ბოლში იხსნებოდნენ ვაზისა თუ ხეხილის კვირტები. ცა იყო ნაზი და წმინდა, სიყვარულივით...

გაჰკრა ჩონგურმა და აალაპარაკა საფლავში მწოლარენი __ ხმლითა და ხანჯლით აჩეხილები, მახვილით გადასერილ-გადმოსერილნი, „ტყვიით მთვრალები―, ამშრალნი წვეთნი მამულის სისხლისანი, ისმოდა ზარის დამცემი, გულის შემძვრელი, ცრემლში დასველებული, მაინც კაჟიანი, გავარვარებული სიტყვები.

აი, სახელიან მათიას სახელი მიულოცეს, სანგარზე მკვდარს, იერიშის დროს. მისი საფლავი უპატრონო იყო. გმირის საგვარეულო მთლიანად ამოწყვეტილიყო, მაგრამ უჭირისუფლო გმირთა საფლავებბს სოფლეურად ტიროდნენ. ყველასი იყო მისი დატირება,სამარეზე მდუღარების გადმობნევა სოფლის უწმინდესი მოვალეობა იყო.

__ დღესაც შენი დათესილი გამოვდივართ, ცხონდეს შენი სახელი!__ ერთხმად ჩასძახა ხალხმა გუთნისდედა ნინიას საფლავში, __ შავფხა და თავთუხი შენსავით ვის მოჰყავდა? წახველ და ბარაქაც თან წაიყოლე! მარჯვენას გილოცავთ, დაგელოცოთ მარჯვენა!

სულხანა გმირი არ იყო, მაგრამ ჭირნახულის ამადგარიც გმირად ითვლებოდა.

__ რატომ სიმღერა აღარ არის ქვეყანაზე? __ იმიტომ რომ შენ აღარა მღერი! __ მიუტირეს სოფლის პირველ მომღერალ მარჯანას საფლავს. მარჯანა სიჭაბუკეშივე მომკვდარიყო, „ სიმღერისგან დაიწვაო―, მარწმუნებდნენ.

ერთი დახავსებული საფლავი მოჩანდა ბებერი რცხილის ქვეშ, მეომარი ლაგაზი უომრად მომკვდარიყო!

__ ღამე ამოდის ლაგაზის აჩრდილი და ჩივისო, __ ვაი, რა ძნელი ყოფილა ულაშქროდ სიკვდილიო! __ იმასაც შეუნდო ხალხმა უხმლოდ სიკვდილი! შეუნდო იმიტომ, რომ ჩვენი სოფელი საზღვარზე იყო, მტერი ბევრი ესხმოდა თავს, მეომარი სოფელი იყო. ამიტომაც თავისით სიკვდილი თითქმის სიმხდალედ ითვლებოდა, ჩვენებური კაცების უმეტესობა ძველად ომსა და ბრძოლაში იყო ნაჩეხი! ცოცხლებშიც ბევრი შეგხვდებოდა თურმე კოჭლი, უფეხო, უხელო, ცალმკლავა, სახეჩამოსერილი, ჩამოღარული ხეიბარი.

... უეცარი კივილი გაისმა:

__ სიკვდილს ნუ მისდევ, შეგვიბრალე, დაი აღარ გეცოდება? მაშ, ძმის იმედი აღარ უნდა მქონდეს?! __ ბღაოდა გიშერ წარბიანი ფერანა, შალიას და. ჩახტაურა ჩუმად იჯდა, ვეება, გაბარჯღული მუხის ქვეშ... __ სად მოუსავლეთში, სად მხვივანმა ქარმა წაიღო შალიას მტვერი, სად რას იწვა შალია, დედა და დაი კი აქ დასტიროდნენ ჭაბუკ ლომს , ვითომც აქ ეძინა ამ წყნარი მუხის ქვეშ. „ნიშანი― გაეშალათ __ შალიას ქუდი, ჩოხა-ახალუხი და ხანჯალი. ქარფეხას კვიციც აქვე დაებათ, ვითომც საფლევზე აბიაო! უგუნური კვიცი ხტებოდა, ტორებს სცემდა მიწას, თითქოს შალიას ეძახდა და გიშერთვალებს შემკრთალი ავლებდა სამგლოვიარო





სანახაობას.

ადე, შვილო, თაფლით შედედებულო, ადე, თვალებში გაკოცო, სახელი მოგილოცო!

-ჩაცქერით მიწას ელაპარაკებოდა ჩახტაურა, დედაკაცები მდუღარე ცრემლით სტიროდნენ, ისე, როგორც ქრისტეს გარდამოხსნაზე.

-ვაჰმე, სად დაჭკნა სივაჟის ყვავილი? რომ გაანედლოს დამწვარი საჯიშე კვირტი გვარისა, ჩემი უბის სითბოთი გამოზრდილი.

მწუხარების ანძალზე აცმული დედა უღრუბლოდ იმდუღარებოდა. ნაწლავი ეწვოდა... ძუძუ სტკიოდა... მოწყლული გული ოდნავღა უცემდა...

ცრემლით დაებანა შალიას ახალუხი...

-ვაი, ოქროსძარღვო, სახელდებულო! მიწაში ჩადებულო! - გმინავდა ჩახტაურა.

-ვაჰ, ბრალი ვეფხვის დედისა! -გვერდით წამოიოხრა ბერმა სეხნიამ. ბედისწერით ანუგეშებდა ზოგი: განა უღვთოდ ხეს ფოთოლი ან შესხმია ან გასცვივნიაო? ადამიანის სიცოცხლეც ასეაო! არ დაგცალდა საწყალო, საქორწილო პურის ცხობაო,დანანებით ეუბნებოდნენ ჩახტაურას.

აქ მეჩონგურემ ცეცხლს ცეცხლი შეურთო, როდესაც დაამღერა: შალიას სიკვდილისთვინა

მაღლა ღმერთს მოსწყდა წელია!

მთვარემ ჩაიცვა შავები,

ვარსკვლავთ არ ედო ფერია!

...და თითქოს უცბად გამოფხიზლდა ჩახტაურა; წამოდგა მინაცრებული, ძველი ლეჩაქი

შემოიგლიჯა, ჭაღარა თმა გაიწეწა, ორივე ლოყა ჩამოიხოკა და შეიფეთა:

-ნეტავ თქვენ, ქვანო და კლდენო, რომ მოსვენებითა ხართ და ჩემი ცეცხლით არ იწვებით!

ნეტავი თქვენ!

ქვასაც კი ენანებოდა დეიდა ჩახტაურა... ცრემლით ამობზარულ თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა, ხალხს კი არ უყურებდა. შემოეჯარა ხალხი. შალიას სახელი მიულოცა. ღვინო დაულიეს, გარდაულიეს. უეცრივ ჩახტაურა დაშოშმინდა, გაყუჩდა... სახელს ულოცავდნენ მეზობლები, _წინ ცხრანი გაიმძღვარაო! ამაყად წარმოსთქვამდნენ;განა გლოვობდნენ შალიას, დარჩენილ სახელს ეალერსებოდნენ და თითქოს შორს მდებარე შალიას საფლავში კიდევაც ჩაეცქირათ, დაენახათ, უჭკნობ ყვავილებში გახვეულიო...

ჩახტაურა მადლს იხდიდა...

შუადღის მზე გადაიწვერა... ხალხი დაიშალა... გულისღვარეული ცრემლი დაწურა და იკმარა... თავდაღმა დაეშვა სოფლისაკენ.





მკაცრი სახეები გამოსჩანდა... თითქოს თვითეულის გამომეტყველება ამბობდა: სალის კლდეებით არის დამაგრებული საქართველო! შემოგვხედეთ, ჩვენც გული ბასრი ქვისა გვაქვსო, მუდამ ხმლით ვიდექით, ვინ მოედავება ჩვენს მიწასო.

მალე ცის ნაჟინჟღლი დაგვეცა თავზე. ცაში წამით გრგვინვაც გაისმა. დედაკაცებმა თქვეს: როსტომი ზურაბსა სტირისო! ქარცივი აქროლდა. ცაში შემოწალიკდნენ წერონი, თითქოს გმირთა სულები დედამიწიდან ცაში მიემგზავრებოდნენ. ახლა დალასტული ცისარტყელა გამოჩნდა, __ დედამიწამ გადაიგლოვაო!

ხელში ცარიელი დოქითა და კალათით შინისაკენ ლასლასით ბრუნდებოდა ჩახტაურა. ფერანას კვიცი მოჰყავდა, ჩვენ, ბიჭების ჯგუფს რა მოგვიახლოვდა, ჩახტაურამ წყნარი, მწუხარება- ნარევი ღიმილით გადმოგვხედა და კმაყოფილებით წარმოსთქვა:

__ რა სახელიანი შვილი მყავდა! დახე, სოფელმა სახელი მიულოცა! თქვენც კარგები დაიზარდენით, ტყემლის ბოყვებო!

ირგვლივ გაზაფხული გიჟმაჟობდა შალიასავით დაუდეგარი...

...ჩვენ, ბალღები, ამ უცნაურ სანახაობის მოწმენი, შემკრთალები ვიყავთ. ვგრძნობდით, რომ ამ

დღის ცრემლითა და კაჟით ჩვენი გული იწრთობოდა... ძვალი გვიმაგრდებოდა... დავფიქრდებოდით წამიერ: რისთვისაა საჭირო სახელი? რა არის საჭირო სახელის

მოსაპოვებლად?

სახელი... სახელი... კლდე ჩამოიშლება, ქვამყარი დაირღვევა, არ მოიშლება სახელი! __ ასე

გვასწავლიდა ეს დღე...

და სევდიანი ფიქრი გულს გვისერავდა __ განა ჩვენც მოგვილოცავენ სახელს, დიდები რომ

გავხდებით?

მაგრამ გაზაფხულის მწვანე ფრთის ქრიალი და მშობლიური ცის ლაჟვარდულობა ნებას არ

გვაძლევდნენ ფიქრებში დაღრმავებისას.

... და ისევ ფრიალოზე ჩამოკიდებული, ჩამოხავსებული ციხე და ზედ მომშვენებული მთვარე მაისის ღამეს, ძირს ხეობაში ვარდის ჭალა, აყვავებული რქამაღალი ვენახები... რაღაც ვნებიანი სურნელი გარშემო, ციცინათელას ფანცქალი, ცაცხვის დაცვენილი ფანტელი და პატარა მდინარის მორცხვი როკვა თუ რაკრაკი...

შალიას მერე ხვარამზეს აჩრდილი აღარ გამოდისო. ჩახტაურას ცრემლმა დააწყნარაო ._ასე ირწმუნებოდა ასი წლის დედაბერი ხვაშაქი, ციხის უბანში რომ ცხოვრობდა.

დეიდა მაიკო

აყვავებული ვაშლის ხის ქვეშ ახალგაზრდა ქვრივი დედა ეალერსებოდა ყრმას, რომელსაც აბრეშუმივით ხვეულ კუკულებში ნიავისაგან მონაბერი ვაშლის ყვავილის თეთრი ფერფლი ჩაჰფენოდა.





__ რა გითხრა ვარდის დედამა, დილილა დედილასა! __ ძუძუმწოვარს ჩაესიტყვებოდა აკვანში. ყრმა იცინოდა...

დედა ეტიტინებოდა,--- გაიცინე, გენაცვალე, გაიცინე! შენს სიცილზე ღრუბლები იფანტებიან, შუბლს თუ შეიკრავ --- შავად იკუმშებიან! გაიცინე, გენაცვალე, გაიცინე, ღრუბლები გადიკარგებიან.

ჩემი დეიდა მაიკო იყო.

დეიდას დედის სუნი ასდისო! მართალი ყოფილა. არასდროს დამავიწყდება დეიდა მაიკოს

ალერსიანი შემოცქერა.

შინგაზრდილი იყო, მაგრამ გონებაგახსნილი, დიდად მეტყველი, მიყვარდა მისი ნაუბრის მოსმენა ზამთრის გრძელ ღამეებში, თითისტარი ბზრიალში, ბევრი რამ ,,საღვთო― ჩამრჩა ხსოვნაში იმ ღამეებიდან, ბევრიც ცხოვრებაში სახელმძღვანელოდ...

ახლაც გულზე მაქვს დაჭდეული დეიდა მაიკოს სიტყვები:

--- თუ შენს გუნებას დილიდანვე მზის სხივი არ შეჰყვა, ძნელი იქნება ცხოვრება! იმ პირველმა სხივმა უნდა მოგივარაყოს გუნება! უნდა თან აგყვეს და შენც მას უნდა აჰყვე! მაშინ ჰნახავ,--- არასდროს არ დაღამდები!

უეცრივ იცოდა გაყუჩება: თითქოს აქაურობას მოსწყდებოდა, სხვა ქვეყანაში გადავიდოდა. შევეკითხებოდით: სად იყავ?

--- ნივქარს მივდევდი , ნიავწანწალას!

--- რადა?

--- სათქმელი მქონდა!

--- დაეწიე?

---ბოლოს, როგორც იყო!... --- სიტყვა გადაეცი?

--- მოვასწარი!

ანდა:

--- ჰოი, შენ კი გენაცვალე!

--- ვის ეალერსები, დეიდა?

---ჰხედავ, ეზოში ცაცხვი როგორ მწვანედ ხასხასებს!

--- მშვენიერო, სასურველო ტკბილო და საყვარელო! აი, შე კამკამა სხივით გაზრდილო! ---





იტყოდა და მოეხვეოდა ფანჯარასთან მდგომ წითელ ვარდს და წყალს დააპკურებდა.

---ხატულავ ჩემო ხატულავ! --- მიეფერებოდა ხბოს და აკოცებდა მშვენიერ თვალებში.

--- აქ სად შემოსულხარ, მოუსვენარო! --- დასწვდებოდა ფანჯრის შიგნით დაბორიალებულ ფუტკარს, გააღებდა სარკმელს და გარეთ გააფრენდა. --- აგერ, შენი სარბიელი, გაინავარდე!

ჩიტების ენა იცოდა: --- ჰხედავ, ის კუდრაჭა ღობეზე რას ეხუმრება ღაბუას? მოლაღურს შესძახებდა: --- ჯერ არ მოსულა ჩემი ბიჭი გოგია სკოლიდან! დეიდა მაიკოს ხმის სიტკბო დღესაც ჩამესმის... საოცარი ალერსები იცოდა:

--- ჩემი სიცოცხლის ცისკარო! --- თავს შემოგევლე!

--- ჩემო გშლილო იაო!

--- შენი გულის ჭირიმე!

--- საყვარელო, სასახელო!

--- წამლად დაგაყენე, წამლად დაგედე!

--- ჩემო სიყმის მზევ, შენ კი გენაცვალე!

--- ჭირი მოგჭამე!

--- ჩემო სულო და სიცოცხევ! ჩემო სულისდგმავ! --- შენი მუხლების ჭირიმე!

--- ჩემო ცხოვრების ნიავო!

--- სანდომელავ, ჩემო ბალის კუნწულავ!

--- ჩემო ათასნაირო!

--- დედის ოქროს შანდალო!

--- ჩემო დამტირებელო, მშვემიერო თვალებო!

--- შენამც დამაყრი მიწასა!

--- უშენოდ ნუმცა ვარ ცოცხალი!

--- იმ ადგილის ჭირიმე, სადაც შენ მომაგონდები!





და ვინ მოსთვლის, ან სადღა მახსოვს? რა იქმნენ, სად წავიდნენ ეს ალერსიანი სიტყვები, ძველად ათასმა მაიკომ რომ იცოდა საქართველოში?

რატომ აღარ ვალერსობთ დღეს ამ სიტყვებით, რატომ ჩვენც აღარავინ გვეუბნება, რად გავიძარცვენით, ხომ გვცივა უამსიტყვებოდ!

რატომ აღარ ესმით ეს ტკბილქართული ჩვენს ბავშვებს, --- შვილებსა და შვილიშვილებს?

რატომ დაჰკარგეს ჩვენმა ქალებმა ქართული საალერსო სიტყვები? ნუთუ დაყრუვდნენ, მოკვდნენ, გადაშენდენ ეს სიტყვები? ნუთუ ისე გახევდა ჩვენი გული , რომ ეს თბილი, მდედრული სიტყვები აღარ არიან ჩვენთვის საჭირო, რად დაივიწყეს ისინი დღევანდელმა ქართველმა დედებმა? --- მე სწორედ მათ საგულისხმოდ ვწერ ამას!

სულ ახალი ქვრივი დარჩა დეიდა მაიკო, სამი უმამო ვაჟიშვილით. მთელი დღე ფუსფუსებდა, ფეხჩაუდგმელი შრომობდა მეთაფლე ფუტკარივით, ათას საოჯახო საქმეში გართული თან ღიღინებდა, იღიმებოდა, ალერსობდა.

--- ღმერთო მაღალო, ვინ გააჩინა ამდენი სილამაზენი? --- ეს სხვანაირი დილა, იისფერი ცის ღიმილი, დილის ოქროს ქრიალი, მზეკაბანის ღელვა ყანებზე, ქვეყნის მამშვენებელი ვარდები, ყოველთა მხედი ალვისხეები, აყნოსებული ცაცხვები... ცივწყარო.ბროლოა ნიავი...

--გწყალობდეს ამომავალი მზის შუქი!___მომილოცავდა მზის ამოსვლას, თან დასძენდეა__მზე რომ ვარდივით ამოდის, ხომ გიხარიან? დილის სუნს რომ ჩავისუნთქავთ, ამოსუნთქვა აღარ მინდაო!

თუ გუნებას დილიდანვე სხივი არ შეჰყვა, წააგებ... იმ ერთ სხივზე უნდა ააგო მთელი დღის სიცოცხლე! სვალსა და გულში ოქროს დიელო შეიყენე და გაიხარე! იმ სხივის ენდე. ის სხივი წაიყვანს მთელი დღის შენ საქმიანობას!

ასე მარიგებდა დეიდა მაიკო და თან სარეცხსა ჰფენდა თოკზე, მთელი დღე მოფუსფუსე, სახემწვარი, ნაჯაფარი, გადაქანცული, შუბლზე ოფლმოსხმული, ამაგადარი, მაგრამ მაინც ლამაზი, ნამთევი ვარდივით და მხიარული მერცხლივით.

--ჩიტის ხმა გამოდის, შვილო დაანებე წიგნს თავი! კოკორგახსნილი ყვავილი გეძახის! არ დაჰკარგო ოქროთი მოჭედილი დღე! მზენიავში გაცურდი , ცას აჰხედე, მიწას დაჰხედე! აგერ ჯეჯილი აღაღანდა, ყაყაჩო წამოწითლდა, ატამი სთოვს, ვარდი კვირტში იღვიძებს! გეყოფა ამდენი კითხვა! გადი გარეთ, მზის მადლმა! წიგნს რა სჯობია, მაგრამ ყველას თავისი დრო აქვს! დაინახე ბუნების შეუზომელი სილამაზე ! მადლიანობა

! განა სულ საქმეს უნდა შეასკდე?__ ასე მტუქსავდა, მარიგებდა დეიდა მაიკო, რადგან მე დილით_საღამომდისინ წიგნებში ვიყავი ჩაფლული.

--დილის სხივს აჰყევ , ბიჭო! თორემ ცხოვრება გაგიძნელდება! მზის ჭიატი გწამდეს ყველაზე მეტად და ბედნიერი იქნები!_მიმეორებდა, მინერგავდა თავის რწმენას.

ასეთი იყო დეიდა მაიკო_ ნიავისა და ყვავილების მეგობარი,მათი თანამზრახველი.

_აბა, შეხედე, მართლა და სასწაული არ არის ეს აყვავებული, აბრიალებული ხეები? თამარის ოქროს დალალი და ეს გადაფეთქილი ატამი განა ერთი არ არის?





მაგრამ დაგლეჯილი პატარა მწყემსი რომ გამოივლიდა, მაშინ მაიკოს აღარ ეცალა ბუნების მშვენიერებისთვის.

_ მოიცა, პატარავ, მოიცა, აქ მოდი!_ დაუძახებდა და პატარა ხანს უკან შინიდან გამოუტანდა მთელ პურს, ზედ თაფლს წასცხებდა, ისე უთავაზებდა.... და ისევ განაგრძობდა:

მზე რას ლაპარაკობს, ვარდივით რომ ამოდის ცათაბროლში, არ იცი? მე ვიცი! მე იმ სხივის სურნელიც კი მომდის!სიყვარულით იტყოდა დეიდა მაიკო.

_ჩიტის თვალით უყურე ქვეყნიერებას , მზეს ელაპარაკე, სანამ ბუდისკენ წავა, ჩანჩქერის შხეფის წინწკლას ესაუბრე ,კამკამა ჭავლს, ხასხასა ყანებს,ბროლის ნიავს!

_ნაბლიას ჰკითხე რჩევა, ფერისულას, ენძელას, ატმის ყვავილს და იქნები მდიდარი! დედილა დილილასა, დედილა დილილასა!_ თვალებში სიყვარულჩამდგარი ელერსებოდა

აივნის სვეტზე ახვეულ გვირილას...

მახსოვს, ერთხელ მეტად ციოდა. თებერვლის ქარი უბერავდა. დეიდა მაიკო აივანზე

გამოსულიყო, მარტოდ დაეგულებინა თავი,ეგონა,არავინ ხედავდა.

მაიკომ გახედა ჯერ ისევ თოვლაუღებელ სერბსა და ღელეებს გაღმა, შუბლზე ხელი მიიდო და

გასძახა:

_მალე მომიდი, გაზაფხულო, მალე მომიდი, მოგვეწყინა ზამთარი, ხალხს პური გამოელია კიდობანში, მალე მოვიდი!_ და ისე შინაურულად ეძახოდა, ემუდარებოდა გაზაფხულს, როგორც თავის ახლობელსა, თვისტომსა და მეგობარს.

და უცებ, მე რომ დამინახა, დაიბნა: დამნაშავესავით მეუბნებოდა:

_რა ვქნა , ბიჭო გოგიავ, უმზეოდ ყოფნა არ შემიძლიან, მომბეზრდა ზამთარი! ახ ნეტავ სულ

ყვავოდეს, სულ მზე იდგეს!

_თუ ეს კრიალა ცა, ეს აყვავებული ატმის ხე საჩუქრად და ღვთის წყალობად არ ჩათვალე, არ

დატკბი, არ გაიხარე, რაღა ფასი აქვს შენს სიცოცხლეს, დედილასა! _რათ გინდა დარდი, გადააგდე, თუ ჩემი ხათრი გაქვს!

დარდი აბერებს! სიცილით იმუშავე, ვერ გაიგებ, დღე ისე გავა! ცხოვრება ტანჯვისკენ კი არ გვეძახის, _ სიხარულისკენ! უნდა იმღერო, სიმღერა ნათელს ერთვის!

_ღმერთო მაღალო, ვინ გააჩინა ამდენი სილამაზე! მაგრამ ვინ იცლის მის საყურებლად? აგერ, გზად მგზავრები მოდიან და აბა, შეამჩნიონ ღობეზე გადასული თეთრი ყვავილი ან იგრძნონ მისი სურნელება? ბედშავები!

მგზავრებს თეთრი ყვავილისთვის არ ეცალათ, თბილისიდან მოდიოდნენ დეიდა

მაიკოს ნათესავები, თან ომის ამბავი მოჰქონდათ, იმ დღეს ომი გამოცხადებულიყო! პირველი

მსოფლიო ომი!

_უი, დამიდგა თვალი, ვაი ჩვენს დღეს! მილიონი ადამიანის სიცოცხლე გაჰქრება ერთ წამში,





ჩალასავით დაიწვება; ხანძრების ენით აღიგვება დედამიწიდან ადამიანის ამადარი შრომა! _ მწუხარებით ამბობდა დეიდა მაიკო და მისი სული უკვე ნისლსა და

თოფის კვამლში გახვეულიყო...

გაირინდა მაიკო. მისი თვალი აღარას ხედავდა, მის ყურს აღარ ესმოდა ბუნების ტკბილი ხმა,

გულს _ სიხარული. ახლა... თავისი ეზოც აღარ ესურვილებოდა. სტუმრებ-

თანაც თავი შეიკრძალა, თითქოს ნათესავები კი არა, სულ უცხონი ესტუმრნენო, თუ წინათ

ძალუა ჯერანას ალერსით მიესაყვარლებოდა ხოლმე:

_ ყელზე დაგეხვევი, მუხლებში გემთხვევი, ძუძუებში შეგივარდებიო!_ ახლა კი წასვლისას

მშრალად გადაჰკოცნა, ისიც მასპინძლის მოვალეობით.

_ეჰ, რამდენი ახალგაზრდა დაიღუპება!_ მუხლებში ხელებს იშენდა მაიკო.

მოხუცი ბიძა ლაშხია ანუგეშებდა :- რა ვუყოთ, ახალგაზრდობა ომში გამოიჯეკება, გამაგრდება, გაიწურთნება! უომრადაც არ ვარგა სიცოცხლეო!

-- არა უშავს რაო! ქვიშანაჭამი ქათამი, -- ქვიშანაჭამი ვაჟკაციო! უბირი, დაბდური ლაშხია ერეკლეს დროინდელი კაცის თვალით უყურებდა ომს, როცა ლომდარი ვაჟკაცების ხმლით შეხლა სწყვეტდა ბედს.

მაგრამ მაიკოს არა ეყურებოდა რა... თითქოს მის ეზოში უკვე შემოსულიყო ვიღაც სასტიკი, დამძალავი და მისი ვარდით აყვავებული ეზოც უკვე მოსჩანდა ნატიალევი, ნაოხარი, წალეკილი...

დაღონებული სტუმრები მალე წავიდნენ, თავის სოფელში მიეჩქარებოდათ. ომი იწყებოდა, ყველა თავის ბუდეს ეშურებოდა. ალაყაფის კარებამდის მივაცილეთ.

-- სიცოცხლე ძაფზე უგია ქვეყნიერებას! -- შეტირებული ხმით წარმოსთქვა მაიკომ, მერე ხელი ჩაგვჭიდა პატარებს და შინისკენ გაექანა ფეხაჩქარებით, თითქოს წვიმას უნდა შეასწროსო:

-- სიკვდილის ყეფა ისმის, ავდგეთ, წავიდეთ, სიკვდილს დავემალნეთ! -- რას ამბობ ჩემო რძალო, -- ეუბნებოდა დედაბერი ნანუა.

-- ცოცხალი კაცი ვერც მზეს დაემალება, ვერც სიკვდილს! რაც ქვეყანას, ის – ჩვენ! -- გულცივად დასძინა ნანუამ.

-- მშვიდობით, ყვავილებო, ჩიტებო, სისხლით მოისვრება მიწის პირი, კვნესით აივსება ცის სიმაღლე! გაჰქრება მზისობა. მწვანოსნობა, გაშავდება სახედველი!

-- რად გინდა ცუდგუნებიანი სიტყვა? -- დასძინა პაპა ლაშხიამ.

გამტკნარებული დეიდა მაიკო სდუმდა... თითქოს მისი სამყარო უცბად ვიღაცამ დააბნელა,

დაანგრია!

მოღამდა. აიძაგრა ღამის ბალანი. ადრე დავწექით, ჩვენ, ბალღები, შიშისგან მივეყუჟნეთ ერთმანეთს. ტანაძაგრულები. შეშინებულები...





** *

დაიწყო 1914 წლის ომი. ადგა ღორი გაუმაძღრობისა...

-- ცას სირცხვილი იჭერს, თორემ თავზე დაგვექცეოდა – ამბობდნენ დროული კაცები.

სალდათი აკრიფეს...

ყველგან საფლავის კარები გაიღო.

ღამე ვარსკვლავები ცვიოდა...

-- მორჩა, ხმელეთი გადაბრუნდა! დროება შეინძრა!-- ზუზუნებდნენ დედაბრები.

დიდი თადარიგი გვმართებს, პატარა ხალხი ვართ, საქართველოს მიწა შუბითა და ხმლით არი დახეული! ღმერთო, შეგვიწყალე! -- ქუდი მოიხადა მოხუცმა ციციკორემ.

-- წმინდაო გიორგი, მტრის ძალთა დამცემელო, შენ უშველე საქართველოს! ღვთიშობელო დედაო, ერთის შემხედვარის გულს ნუ ატკენ! ხორცით – ძვლამდე მოგ-

ვათმენინე ტკივილი როგორც შენს შვილს დაუთმენია! -- სასოებით შესცქეროდა ხატებს დაჩოქილი დედაჩემი.

ლეშით გამომტყვრალი ყორნები გვეზმანებოდნენ...

პატარა ბიჭები მუსრს ავლებდნენ ყვავებს, ყორნებს, ყიჭალებს, ყვანჩალებს, -- მაგათ

ამოკორტნონ მამაჩემის თვალებიო?

მახსოვს, შარაზე მოღანცალე მთვრალი ჩიტურია, ომში მიმავალი, ეტანებოდა გოგოებს.

-- ერთი მაკოცნინეთ, გოგოებო, იქნებ, ვეღარ დავბრუნდე უკან; იქნებ, ყორნებმა გამინაწილონ! ვინ იცის, სად ჩავყარო ძვლები! გოგოებო მადლი ჰქენით, ერთი მაკოცნინეთო!

დამფრთხალი გოგოები აქეთ-იქით გარბოდნენ თუმცა კი ხვდებოდნენ ჩიტურას სიტყვების სიმართლეს.

სევდიანი დღეები დაგა სოფელში, კვნესა, ზუზუნი... ზედაც გვალვა მიემატა.

უბნები მიყუჟდა... მთვარიან ღამეში არ ისმოდა გოგო-ბიჭების სიცილი. გოგოები მოწყენით

ქსოვდნენ ფარდაგებს და ზედ წითელ-ყვითელ ასოებით ამოჰყავდათ დანი- შნულთა სახელები:

„გვიტიას მოსვლას გაუმარჯოს!―

„ლევანას მტერი დაუმარცხე― და სხვა.





მალე გაზეთებში დაიგრიხა ვილჰელმ მეორის ულვაშები,ამაზე ადრე გამოჩნდა გასანთლებული სახე ―ჩვენი ხემწიფისა― გაისმა აქამდე არ გაგონილი სიტყვები: „შრაპნელი―, „ცეპელინი―, „მაკენზნენი―, „ჰინდერბურგი―, „კარპატი―, „სარაყამიში―. გაზეთებიდან სისხლი მოჟონავდა. ცაშიც თვითეულ ვარსკვლავს თითქოს ნაღმი ჰქონდა მიცემული და უცბად უნდა აფეთქებულიყო, დალეწილიყო ყოველივე.

-- ტყვიის კურატად გავუშვი ჩემი ბიჭი!--ორღობეში გმინავდა ბებია მარიამი. მეორე თუ მესამე წყებაში მაიკოს ვაჟი ვახტანგიც წაიყვანეს ომში.

მალე ჩვენი სოფლის ეზოებსა და ორღობეებში გახშირდა წივილი-კივილი, ლეჩაქების შემოგლეჯა, შეტირება,მდუღარების გადმობნევა, შავების ჩაცმა, ატირებული ბალღები, გულჩაკლული მშობლები...

წიქარა თუ შინდა ხარებს ყელზე ჩამობმულ ზანზალაკებსა და ეჟვნებს აჭრიდნენ, რომ არ ეწკრიალნათ და მით მგლოვიარეთა, ჭირისუფალთა გული არ დაეჭრათ მათი შემბმელის დაკარგვის მოგონებით.

მე დილიდან საღამომდის ვერ ავდიოდი წერილების კითხვას პატრონებისათვის და იქვე, საპასუხო წერილების წერას, რადგან წერა-კითხვა ბევრმა არ იცოდა. ბრძოლის ველიდან მოსულ წერილებში კი ასეთი სიტყვები ეწერა:

-- არ დაიდარდოთ...

-- ჩემს სახელზე ჩემს ზურიკოს უყურეთ!

-- ყანების დარდი გამოგყვა!

-- ვაზი არ გამიტიალოთ!

-- ჩემს ცხენს მოუარეთ!

თან აიმედებდნენ ცოლ-შვილს: ნუ გეშინიათო: კიდევაც მოგივალთო და კიდევაც გაგახარებთო, ოღონდ ჩვენს მოსვლამდის გასძელითო.

დაღუპპულთა პესახებ ჩონგურზე ლექსებს გამოსთქვამდნენ; კვნესით აგედნენ სიტყვებს, ყველას გული დარდისაგან ჰქონდა გაცხელებული. ცრემლი ყველში ებჯინებოდათ.

იქ კი-კარპატებში, გალიციის ველებზე, ვარშავასა თუ არზმურში, ერზინჯანში, ბელორუსიის ჭაობებში ჩაღუპულჩა სიკვდილი გულს ჭიინჭრით ადუშებდა; ძმას მხარს მოსტეხავდა, მოკეთის გულს დასჩაგრავდა, მამას წელს მოსწყვეტდა, დედას-შავად ჩამოაბერდა... თვალთაგან ჩამონადენი კურცხალი ჩონგურის სიმებს ალბობდა... ბევრის კუნწულა ცოლ-შვილი ობლად, ოხრად რჩებოდა... სოფლის ხატებს საშვთოებსა და სამპირ კელაპტრებს აღუთქმიდნენ შინდარჩენილები, წარულთა მშვიდობით მოსაყვანად.

,,შორ და მშვიდობით წასულნი― კი წერილებში ჩიოდნენ თავის სატანჯველს: ამხანაგების დაღუპვას, უწყალო სიკვდილს, სანგრებში ჭუჭყს, წყლის გუბეს, აგურივით ,,არჟანოი― პურს...

-ვინ დაგვიტირებს, ვინ დაგვიჯდება გვერდით, ვინ დაგვაყრის ცრემლებს? ყვავები თავს





დაგვტრიალებენ! ხის ჯვერი და ამოსული შამბია ჩვენი ბოლოო!-იწერებოდა ზოგი, უფრო უცოლშვილო, უპატრონო: ღვინით მითხარი, ძმაო, შენდობაო, სიზმრად ვნახე, რომ ვარსკვლავი მოსწყდა მაღლიდან, დაბლა დაენარცო, ვეღარ მოგივალთო, და უმერესად ვეღარ მოდიოდნენ ,,სისხლის არყით მთვრალები―.

მაიკო დეიდა იყო მგლოვიარეთა ნუგეშისმცემელი, თან მოიჭიეისუფლე, მათთან ერთად გულდამდნარი. თვითონაც შიშითა და გულის ხეთქებით ელოდა შვილის წერილს. ბრძოლის ველიდან იმედიანი წერილები მოდიოდა, მაგრამ ქვეყნის ცრემლი უგმირევდა გულს. რამდენი ღამე თეთრად დასთენბია!

და ერთ დღეს,-ხარება და გახარება მიადგა მაიკოს სახლ-კარს ომღი დაჭრილი და განკურნებელი ვახტანგი მცირე ხნით ღინ გამოუღვეს ბრძოლის ველიდან.

მთელი უბანი დღესასწაულობდა. მაშინვე პურობა გაიმართა, კიცნისაგან ლოყები გაუცვითეს ნაომარს.

მაიკოს გულს ღამე გაუთენდა, დანართვილარი გული მოუთბა. პირს შუქი ამოეფინა, მისი წილი მზე განათდა.

-კიდევ შედხედაო, კიდევ მიყურე, თვალი დამიტკბე!-არა ცხრებოდა დეიდა მაიკო და შვილს თავს ევლებოდა. ხან ტიტოდა, ცან ეღიმებოდა.

ვახტანგი გარდასხვავებული მეჩვენა; ღიმილი სულ დაჰკარგოდა, სახეს მკაცრი იერი მისცემოდა. თითქოს ამ წუთს სხვაგან არიო. აბნეულად ლაპარაკობდა:

-ხარბაზნის ალზე ვერასა ცხედავდიო. მშობიარე დედაკაცივით მოჰკიოდა ყუმბარაო, ყუმბარის ხმაზე არაფერი მესმოდაო!

განა იმას მოვიფიქრებდი, რომ პურ-მარილი კიდევ შემრჩებოდა? განა მართლა კიდევ ვზივარ სუფრაზე?

-ქაშს რო ვჭამდით, ვიტყოდით,-ის კაცი ქართველი არ არის, შინ რომ დავრუნდეს და ომში დაღუპულის სადღეგრძელო არ დაილიოსო!-ვიძახოდით, გვეღირსება განა, ჩვენ, ქარველებს, ჩვენს ქვეყანაში მისვლა და ღვინის დალევაო?-მე ვიტყოდი: კიდევ მივალ და კიდევაც დავლევ მეთქი! აპა,, თუ არა!

ვახტანგმა ხელთ აიღო 1ვარტლიანი კათხა და სულ პირველად არდაბრუნებულები ადშეგრძელა,-იმათ გაუმარჯოთ, ჩვენ რომ პატარა პურ-მარილი დაგვინარჩუნესო.

შენაჯგუფარი დედაკაცები ტიროდნენ... ეკითხებოდნენ: -როგორ გადარძიო?

-სიკვდილს გამოვექეცი! წმიდა გიორგიმ ცხენებზე შემისვა და გამომაქროლა! მეტი აღარ მახსოვს რაო!-გულმატთლად ამბობდა ვახტანდი.

დეიდა მაიკო პირჯვარს იწერს, წმინდა გიორგის და პირიღვთისას ახსენებს თან ღალის ძველას ვიწრო მხრებზე იხურავდა, იწურავდა...

-კიდევ გვიამბე, კიდევ,-ეხვეწებოდნენ ვახტანგს, ისიც სიზმარნანახივით ჰყვებოდა წყნარად:





-ბრზოლის ველი? ნეტავ თქვენ, რომ არ გინდახიათ! თუმცა მზეა, მაგრამ სულ ვნელაში ვართ,- ყუმბარისა და ზარბაზნის ვოლში! ზღვის შესაწონი სისხლი ივრება. რა ცოდვას სჩადიან ეს ხელმწიფეები, დაიქცეს ამათი რჯული!

დედაკაცებს შეაჟრჟოლათ ამ უცნაურ და თამამ სიტყვებზე.

-მაშ, სანდალი ყუმბარამ დაგლიჯა, უცრემლოდ ჩავიდა საფლავში?

-დიდი საძმო საფლავი ამოსჭრეს მინდრზე და ყველა შიგ ჩაყარეს, იმ ადგილას მეომარი! სანდალას ნაგლეჯებიც იქ ჩააყოლეს!

დედაკაცები გლოვობდნენ ჭაბუკი მეზობლის დაღუპვას, ზმუოდნენ, ზუზუნებდნენ, ძუძუებს ოხოკავდნენ, თავში იშენდნენ.

-ასეთი ცეცხლი ჯერ ქვეყნიერებას არ უნახავს!-განაგრძობდნენ დედაკაცები. -ეს ოხერი წუთისოფელი სულ არაფერი ყოფილა!- წამოიკვნესა ვიღაცამ. -როდის უნდა დაბრუნდე ომში?-შეეკითხნენ ვახტანგს, როცა ლაპარაკით გული მოიჯერეს .

-არა არა! ჩემის ცოცხალის თავით არ წავალ!- წამოიძახა შემკრთალმა ვახტანგმა.-ტყეში გავარდები, გინდ აქ გავუგლეჯივარ ნადირს, გინდ ომში ყუმბარას! ჩემი მიწა მაინც დამეყრება გულზე!

-არ გაგიშვებ, გინდ თვითონ ხელმწიფე მოვიდეს შენ წასაყვანად!-გადაეფარა მაიკო, რომლის სახეზე ერთად ისახებოდა დედობრივი სინაზე, სევდა და თრთოლა.

-არ წავა, არ გავგზავნი!-გადაწყვეტით თქვა დეიდამ და ხელი მოწყვეტით ჩამოუვარდა მწუხარებით შეძრწუნებულს:

-ეჰ, რამდენია ჩემი შვილისთანა, იქ ტყვიის წინ?! განა ჩემი შვილები არ არიან?

ეს არის დასაკვნესარი! -დასძინა ბოლოს, -რომ არ წავიდეს ვახტანგი, ქვეყანას ამით არ

ეშველება?!

მეზობლები და თვითონ ვახტანგიც თითქოს პირშეწბილებულნი მისჩერებოდნენ დეიდა მაიკოს, რომელსაც თავს შავი ფიქრები დასწოლოდა და თავნამქრიანი ღამე, შავკუპრი ამინდი... და არსად იყო მოსაფონარი.

ვადა გავიდა, ნაიძულები ვახტანგი ისევ ომში წაიყვანეს. დედა-შვილი ბედს დამორჩილდა. რაღა დარჩენოდა დედას გარდა მოლოდინისა და მღელვარებისა? იგი მხოლოდ სიკვდილსა და

სიცოცხლეს შუა ცხოვრობდა მუდმივ ურკვეულობაში.

კიდევ ზღვის შენადენის ოდენი სისხლი დაიღვარა, მრავალი დაიღუპა, ტყვემყოფელი ვახტანგი აღარ დაბრუნებულა; სადღაც გადაითესა, ჩაიკარგა უნგრეთსა თუ პოლონეთში.





დეიდა მაიკო კი ისევ ისე შრომობდა, ფუსფუსებდა საფუტკრეში, ბოსტანში, უძღვებოდა ოჯახს, ისევ გადაქცეული, ნაცვეთი ხელებით, მკერდშეოფლილი, სახეამწვარი, მოჭირნახულე, შრომობდა და ... უჩინრად დნებოდა. მზეშუქი აღარ უხაროდა, ყვავილებს აღარ თესავდა სულ შეიკეტა თავის გულში, რაღაც ბასმაში გავლებულ ყვავილიან ლეჩაქს ატარებდა ქვეყნისა და ბუნების დამგლოვიარებისა გამო!

ხომ ბუნების მეცნიერი იყო, ბუნებისა ყოველივე ესმოდა და ახლაც, როდესაც ცა წამოცრემლავდა, მაიკო დანანებით იტყოდა,- განა არ გესმით, როგორ სტირიან მამები დახოცილ შვილებს?!

ხოლო მთებიდან ჩამოსული ჯანღები რომ დაედებოდა მიწას, დეიდა მაიკო ამოიოხრებდა: -ეგ ნისლი დედებისა და ქვრივ-ობლების ცრემლებმა დააყენესო!

კიდევ გაასურნელა მაისმა ქვეყანა, მაგრამ მაიკოსათვის ეს ქვეყანა მხოლოდ ჭვარტლითა და ბურით იკვამლებოდა. აღარ ჰქონდა ხალისი, მხოლოდ ჩიტთა ფაფობას ნაფოტებზე წასმულ ფაფას უდგამდა ჩიტებს, ესღა იყო მისი ჩიტებთან საუბარი!

ფირუზთვალა ცა ბრწყინავს. ხე შუქით იბურება, ბალახი ბიბინებს, სიო ცეკვავს ლერწმის წვერზე, ვერხვი ვერცხლურად შრიალებს, ცაცხვი სურნელობს, ჩქეფს

დავინული ტოტი მდინარისა, ბროლტანა ჩანჩქერი გრიალებს ალმასური მტვერით. ამდგარა ძალი სიცოცხლის სულისა, სიცოცხლე მღერის! დეიდა მაიკო კი ჩაკეტილა თავის გუნებაში, თითქოს მისთვის უხილავი იყოს სხივნარა სამზეო, ლურჯი ცის ხასხასა მდელო, მოლი, ხევნარი,ხილნარი! თითქოს აღარას ეუბნებოდეს მას სავსე მინდორი,ბურვილი ტყე_გუმბათი,ვაზისყვავილი, გულისმოსალხენი მწვანოსნობა,ფერობა,ფურცლიანობა,დილის ცვარდაცვარული მინდორი,_ხმატკბილობა,ფრთოსანთ ჟრიამული, ბუნების საწადელი ხმა!

რა უყვეს, სად მიმალეს მისი გუნება? დაქვრივებისას ამდენი არ უგლოვია! ომის ყოველი ამბავი, მეზობლის დაღუპვის ცნობა მის ნაზ გულს სდაღავდა, სჭრიდა, ჰკეპავდა!

დიდხანს ელოდა დიდი მოლოდინით დეიდა მაიკო თავის შვილს, ელოდა და ბოლოს დარდით დანაღვლებული, შავსახადშეყრილი, ვახტანგს თან გადაჰყვა.....

მაიკო დეიდა აღარ არი ამ ქვეყანაზე, მაგრამ დღესაც ისევ ჰყვავიან მისი ეზოს ხეები, მისი ღობეზე ოსევ გადმოკიდულა ის თეთრი ყვავილი, და მეგონა, დეიდა მაიკოს ღიმილი ამ ყვავილებშია გადასული და იმ სურნელოვანი სპეტაკი ფურცლებიდან მესაუბრება სიცოცხლის სიყვარულზე.

დეიდა მაიკოს სახლიდან, შარაზე რომ გავივლი, ფეხს აუჩქარებ ხოლმე, იქნებ, დეიდა გამოვიდეს ეზოს კარებიდან; მის ეზოში ნიავი რომ გამომიქროლებს, ასე მგონია,დეიდა მაიკო მეგეგება ჩვეული ალერსით.

ახლა სხვა ცხიოვრობს მაიკოს ეზოში, მაგრამ მაიკოსეული ბოსტნის ისევ სიცოცხლით ხარობენ და საამოდ ფშვინვარებენ. სიცოცხლე ერთი წამით არ შეწყვეტილა, არ დამარცხებყლა, ცხოვრება ისვე მიდის თავისი გაწამაწიით.

ისევ ბრწყინავალებს მწყაზრი, ვარდმოფენილი, სინაზისანი, ციაგნი, გამომცინარი დილა; ისევ ხასხასებს დაწმენდილი ფოთოლი. ისევ ელვარებს გაშალაშინებული ტბა, დაცვარული მინდორი_ როგორც ბავშვის ტუჩები, დედის რძეშეფრქვეული.





სიცოცხლე უკვდავია, დაუმარცხებელი! განა ტყუილად ამბობდა დეიდა მაიკო: _არა, სიცოცხლე სიკვდილის ყმა არ იქნება, არასოდეს! დილილა დედილას!

სოფლის შარაზე

შუადღის სიცხე ანთია სოფელში. სიჩუმეს მხოლოდ ორღობეში ჭრიჭინობელას დამღლელი ჭრიჭინი არღვევს... გზას სძინავს...

ყოფილი სემინარიელი, ანარქისტი იორამ, სოფლის შარაზე მოაბოტებს.

იორამს ლურჯი სატინის ხალათი აცვია, აბრეშუმის ფუნჯაღვედით შემოჭერილი.

ზამთრობით პალტოს საყელო მუდამ აწეული, თავზე აუცილებლად შავი „შლაპა―.

ლაპარაკისას ქუდს იხდის და შავ ფაფარს უკან გადაიყრის.

ხშირად შევსწრებივარ:

მოპირდაპირე მხრიდან ზანტად მოაბიჯებს შუახნის მღვდელი ზირაქი, „სანთლიკუდა― დიაკვანთან ერთად.

მღვდელი ცერად იყურება და სოფელში „ცეროს― უძახიან ზედსახელად.

იორამი წინ გადაუდგება მღვდელს და თავისი ბოხი ხმით, ისე რომ ქვემოუბანში ესმით,

დაიწყებს:

– აბა, მღვდელო, მითხარი, რამ შეჰქმნა ქვეყანა?

– ღმერთმა, უფალმა, – ფიცხად მიუგებს მღვდელი და განაგრძობს: – მაშ, ვინ შემოსა ცა ღრუბლით, ზღვა ვინ შემოადგინა მიწას, ქვეყნის სივრცე, სიღრმე ზღვისა მაშ ვინ გაზომა, თუ არა ღმერთმა?!

– კარგი და პატიოსანი! მაგრამ ესეც მიბრძანე, მღვდელო, ვინღა შექმნა ძონძი, ჭუჭყი, ჭლექი, ტალახი, ხომ შენმავე ღმერთმა, არა?

– ღმერთს სცოდავ, ჯოჯოხეთის ნახეთქო! გეყო ცეცხლთან თამაში, შე ხანძრის მთესველო! – აენთებოდა მღვდელი.

– ნახვამდის, მამაო, მალე შენი თმიანი თავი გილიოტინის ცულქვეშ მენახოს! – და ქუდის მოხდით, გესლიანი ღიმილით დაემშვიდობებოდა იორამი. შენაწყენებული მღვდელი ბოროტ სიტყვას დაადევნებდა:

– ღმერთმა შეგასწროს შენს აღთქმულ სამეფოს – რძითა და ერბოთი მჩქეფარეს! ანარქისტი ქვემოდან შემოსძახებდა:





– ღმერთმა მალე შეგასწროს გილიოტინას! ფრთხილად იყავი! ხალხის გამარჯვება მზადდება, მეფეები საფლავში ეშვებიან!

– მთავრობისა მაინც გეშინოდეს, შე ანტიქრისტე, თუ სინდისისა არა! – მიჰყვირის მღვდელი. – მზად ვარ, პირველმა მივიღო ბრძოლა კაცობრიობის თავისუფლებისათვის! კლდეზე

გადავჩეხ თვითმპყრობელობას! – მიეწევა უკან დაბრუნებული ანარქისტი მღვდელს. – რის იმედით, რის იმედით, იუდავ ისკარიოტელო?

– მძლავრ კაცს გული აწონილი აქვს, ბნელეთის ნალექო! რწმენით მთის დადნობა შემიძლიან! – და ისევ გამოსცილდება იორამი, ზევითკენ წამოვა.

– სულმოკლე მანიაკო! – შესძახებს მღვდელი მით უფრო თამამ სიტყვებს, რამდენადაც მანძილით შორდება ქვემოთ მიმავალი ანარქისტი.

ხშირად გზის ყურეში იორამი დაიჭერდა ბავშვებს და თავისი კარნახით ამეორებინებდა:

– „ძირს მეფე, ბატონი, მღვდელი, პოლიციელი!―

მღვდელს არ ესმოდა, მაგრამ ტანით გრძნობდა და გულში ბურდღუნებდა:

– მოიცა, შენც ნელი-ნელ შეგწოვს ტვინის გამლაყებელი სოფლის ცხოვრება, ცოტა დაიცა, ჯერ ახალი ხილი ხარ!

მომხვეჭი მღვდლის ხელში მუდამ დაჩაგრულმა დიაკვანმა, ახლა კი გულში იორამის მიერ მღვდლის დამცირებით დიდად ნასიამოვნებმა, მლიქვნელობით შეუკმია:

– ეჰ, მამაო, სადღა არის განკრძალვა ქვეყანაზე! რა უკადრისი სიტყვები გაკადრათ!

– მერე, რას შემეცილება? – ამბობს დიაკვანთან დარცხვენილი და ცეცხლმოკიდებული

მღვდელი.

– რასა ბრძანებთ, – მლიქვნელის გემოთი იტკბარუნებს პირს დიაკვანი: – რასა ბრძანებთ, თქვენი სახელი ცამდის არი ამდინარი! ჯერ მე რა ვარ, რომ პირში გიჭვრეტთ და ის ურწმუნო რა ღირსია თქვენთან ტოლის დადებისა? – აღარ ათავებს გუნდრუკის კმევას კალთაჩახეული დიაკვანი.

– საშიში კაცია, დიაკვანო, ფარულად ყუმბარებს ამზადებს, ქვეყნის აფეთქებას აპირობს, ხომ იცი, ცოლ-შვილის პატრონი ვარ!

ანარქისტი მართლაც საშიში იყო... მეტაც ფიცხი, ფეთიანი ხასიათისა.

სემინარიის რექტორისათვის სილა გაერტყა და მისთვის გამოაგდეს „მგლის ბილეთით― მეხუთე კლასიდან.

– უჰ, თავისუფლების სურვილმა შემომიტია! – დაიძახებდა ზოგჯერ იორამი და თვალებს ააელვარებდა.





ერთხელ, მახსოვს აივანზე წიგნს ვკითხულობდი. გავარვარებული შუადღე იყო. ვხედავ, აივანზე ამოვარდა აგზნებული, თვალებგაფართოებული იორამი და შემომყვირა:

– კაცო, არ გესმის?

– რა?

– მიწის ქვეშიდან ხმა ისმის! აბა, ჩამოდი ყური დაადე მიწას! – და ძალით ჩამათრია კიბეზე.

– აბა, დაადე ყური როგორ გუგუნებს! ხომ იცი, რასაც ნიშნავს?

– რას?

– იმას, რომ მოდის... მოდის!

– ვინა, ვინ მოდის?

– მოდის გუგუნით, ჭექით, ძლიერებით მოდის რევოლუცია!

მე გაოგნებული შევყურებდი...

– განა არ გესმის? – გაცოფებული მღელვარება, დელგმა. ნიაღვრის როხი, ჰაერშიც თოფის წამლის სუნი ტრიალებს.

შუადღის სიცხე ანთია სოფელში და სიჩუმეს მხოლოდ ჭრიჭინობელას დამღლელი ჭრიჭინი არღვევს...

ბორგნეულ და მრისხანე ანარქისტს ყველა ერიდებოდა. მისი „ყუმბარებისა― ეშინოდათ. ამბობდნენ, საბძელში ფარულად აკეთებსო და როცა მოინდომებს, მთელ სოფელს ააფეთქებსო! დედაკაცები ისე არ ჩაუვლიდნენ შარაზე მიმავალ ანარქისტს, რომ მალულად პირჯვარი არ გადაეწერათ:

– ღმერთო მაღალო, ღმერთო ძლიერო, შენ დაგვიფარე უბედურებისაგანაო!

მართლაც, საშიში და უცნაური იყო იორამი! მე მინახავს იორამი ადიდებულ იორთან მდგარი

და სწორედ მაშინ შემიცვნია მისი აბორგებული და დაუდეგარი ბუნება!

მოდის, მოჰკივის ვეფხვის კრჩხიალით აღვარებული, გაზაფხულის პირზე განრისხებული, გაგიჟებული, ღვართქაფიანი იორი, თან მიათრევს ძირფესვიანად მოგლეჯილ ხეებს, ხერგებს, წისქვილის დოლაბებს, ორღობის ნამტვრევებს და მოლოკილ მიწას! მოჰყივის ველური ყივილით, განგაშით ჩაშავებული, შესაზარი!

იორამი კი ნაპირზე იდგა ივრის ცქერაში ჩამტკბარი. მთლად გალურსული. მის ნიაღვართან სულს მეტად ეთვისებოდა აღვართქაფებული იორი, არწივისა და მერნის ფრთებით რომ მოჰქროდა აბორგებული და ნაზავთარი.

იორში ჩამჩქეფარე გაცოფებული ხევები აძლიერებდნენ ზარსა და ზრიალს, მდინარეს ესართებიან, ქაფშეტყორცნით ეკვესებიან და აღელვებენ მკერდს უჩოჩქოლებენ...





როგორ უხაროდა იორამს ივრის ადიდება! ეს იყო მისი ნამდვილი სტიქიონი!

– ფრთა გაუშლია იორს, დახე, რა ლამაზია! როგორ აფეთებს თვალებს, როგორ იყრის ფაფარს! – და უხაროდა ივრის ღვარცოფი, მდინარის დაუტევრობა, მისი განიერი ფრთები. დელგმა და ზათქი!

მართალი გითხრათ, გავოცდი, როცა ივრის პირად მარტოდმარტო მდგარი იორამი დავინახე ადიდებულ მდინარესთან მოლაპარაკე.

– ეგრე, ეგრე, შეაზვინე ზვირთი! მძულს მდორე და გუბე! შეულეწე მტერს გული! ყბები ჩაუმტვრიე! გაწმინდე შმორი, გაასუფთავე ჰაერი! ვიშ, სიცოცხლის სუნი ტრიალებს!

– რა გენაღვლება, რომ წაიღო ჩვენი ბოსტნები, სიმინდები, ვენახები, სათიბები, ნერგი აღარ შეგვარჩინა და ვაზი! გაგვძარცვა, გაგვლოკა, გაგვატიალა! – შეცჩიოდა მეზობელი გლეხი აღტაცებულ იორამს.

იორამს კი თვალი ვერ მოეშორებინა აზვირთებული მდინარისათვის.

– ეგრე, ვეფხვო, ეგრე იბობოქრე, სიცოცხლე მაგრძნობინე! უჰ, შენი ჭირიმე!

ხოლო როცა იორი ჩამოიკლებდა, დაწყდებოდა, დაწკნდებოდა, დაპატარავდებოდა, პოეზიის მოძულე იორამი ასე ტკბილად პოეტურად მიუალერსებდა:

– კიდევ გამოდი ძოვნად, ირემო. კიდევ მიჩვენე ფრთები, ქოჩორა მტრედო! იორამს ის აწუხებდა, რომ მრევლი არა ჰყავდა.

თუ სოფლის სახარაზოსა და დუქნის წინ დაიჭერდა სათავისოდ ორ-სამ კაცს, უფრო შიშით თუ ხათრით ყურისმგდებლებს, აგზნებით ჩაჰკირკიტებდა:

– ანარქიზმის მეტი არა გვიშველის რა! საერთმანეთო, სამთელქვეყნო, დიდი აზრი, დიდი ცეცხლი, უნდა გავაღვიოთ! კასპიის ზღვა შავ ზღვას ვჰკრათ: ძველი ქვეყანა უნდა ავაფეთქოთ დაუყოვნებლივ, რაღას ვუცდით!

შიშით ვერავინ უბედავდა შეკამათებას, რადგან ყველას სჯეროდა, რომ ანარქისტს ორივე ჯიბე „ბომბებით― ჰქონდა გამოტენილი.

– გეყოფა, ძმობას, რა დროს აფეთქებაზეა ლაპარაკი, შე დალოცვილო! – შებედავდა ერთადერთი უფროსი ძმა ძუნძგლი, ხანში შესული, დამკრთალი, შესეტყვილი კაცი, დადუნებული ხელებით, თოვლივით გაწყალებული გუნებით.

ძმებს ხშირად ჰქონდათ შეხლა-შემოხლა და კამათი.

ორივენი უცოლშვილონი იყვნენ შეძლებული მამის დანატოვარ სამკვიდროზე.

იორამი სემინარიიდან დაითხოვეს, ძუნძგლიმ ოცდაათი წლის წინათ დაასრულა სემინარია და მას მერე სოფლიდან ფეხი არ მოუცვლია. ერთთავად წიგნებში იყო ჩაფლული, ანარქისტი კი ყუმბარებს ამზადებდა სამყაროს ასაფეთქებლად.

ყველაზე უმეტეს ძუნძგლის მყუდრო, უშფოთველი ძილი უყვარდა, თითქმის ქათმებთან





ერთად იძინებდა, ქათქათა ლოგინი უყვარდა, ლოგინს გაასწორებდა, ჩაჰკუჭავდა საბნის ნაპირებს, ჩაიგებდა საბნის ყუას და სიტკბომიცემული, უკვე მწოლარე, ძმას ღიმილით გადმოსძახებდა:

– არ მიყვარს ხეტიალი და აჯანყება! ამას რა ჯობს, რა ტკბილია შენი სახლი – შენი საყუდარი! მივეყუდრები მოგონებებში და ვარ ჩემთვის, მზის მადლმა!

ერთხელ მეც ვკითხულობდი გერცენს, სპენსერს, კრაპოტკინს, მაგრამ... რა გამოვიდა? ეჰ, ესე ჯობია. ოცდახუთი წელიწადია, ამ ტახტზე ვწევარ, მე და ჩემმა ღმერთმა! ყველას თავისი ღმერთი გვყავს. მე ჩემი ღმერთი მწამს.

ახალგაზრდობაში მხოლოდ თავისუფლების ოცნებას ვსდევდი, ქარიშხალთან მინდოდა მეცხოვრა! ახლა... ღუღუნა ბუხარი! ცა გასკდა, დედამიწა ჩაინგრა, ბუხარი კი დარჩა, ბუხარი და ორი კაცი! მეტი არა, მესამე მყუდროებას დაგვირღვევს!

მართლაც, მხოლოდ საათის წიკწიკი არღვევდა მის სიმყუდროვეს. ბუხარი მტრედივით ღუღუნებდა, კედელზე გაკრულიყო ცეცხლის ნათელი აჩრდილები...

ძმა გამოსძახებდა მეორე ოთახიდან:

– სიწყნარე მხოლოდ იალბუზზეა! მერე, განა შენ არა ბრდღვინავდი წინათ, ფაფარაყრილი? შენ

არ იყავი, გიტარაზე რომ დამღეროდი: მოვკვდეთ ხალხის გულისთვისა,

ფურცელი ვართ მაღლის ხისა!

– რა ვუყოთ მერე, მე ახლა ჩამოცვენილი ფურცელი ვარ! ვინ დაემდურება დაცვენილ ფოთოლს, რატომ არ შრიალებ მთვარიან ღამეშიო! მე, ჩემო ძმაო, რაღა მესაქმება რევოლუციასთან? ნეტავი, შენც დროს არ ჰკარგავდე ტყუილად და მყუდროდ იცხოვრო! მშვიდობა და მყუდროება მიყვარს, ჩემს სახლში, ჩემს კერაზე; ჩემი ეზო და ნამყენი, ჩემი ქოცო! მიყვარს ბოსტნიდან რეჰანის სურნელს რომ შემომიქროლებს ნიავი, მიყვარს, როცა კოჭობში ჩუხჩუხებს წითელი ლობიო, ქინძითა და შინდის ჩურჩით შეზავებული. ზედ ცოტა ნივრის წნილიც... რა სჯობია?

რად მინდა ბრძოლა, ხმაური, განგაში, აურზაური, ყიჟინა, რბევა, კაცის სისხლი? ხომ სულ წყალს უნდა მისცეს კაცის შრომა, ოფლი და ამაგი? განა მიწისთვისაც ადვილია? მიწასაც უმძიმს...

– მაშ, ბრძოლა ხალხის თავისუფლებისათვის არაფერი ყოფილა? – რისხვეულად შეეტაკებოდა იორამი.

– დიახაც! მთა და ბარი არასოდეს გასწორდება!

იორამი ჩაიქნევდა ხელს.

– მაგრამ, კანტი, მილლი, სპენსერი, პლეხანოვი, კრაპოტკინი...

– თუ გინდა კიდევაც მიუმატე ისო ზირაქი, სოლომონის ეკლეზიასტე, მაინც ყოველივე „ამაოება-ამაოებათა―, ჩემო ძმაო.

იორამი კი ბობოქრობდა, მზად იყო თავი შეეკლა თავისი რწმენის გულისათვის! არც თავის





უფროსსა და პატივცემულ ძმას ერიდებოდა. ძმობა და სახლიკაცობის სიყვარული ითრგუნებოდა.

ძმას ტკბილად, ნეტარყუჩობით მიეძინებოდა. ძილში ცხვებოდა... ცა ქათქათებდა, იასამნის ბუჩქი მთვრალ სურნელებას გამოსცემდა... იორამი კი მარტოდმარტო აივანზე ბოლთასა სცემდა. ირგვლივ მდორე ცხოვრება იშმუშნებოდა...

გულჩათხრობილ იორამს ჩუმი და ნაზი სიყვარულით შეჰყვარებოდა მამასახლისის ქალი, ძუძუUმკერდა მერცია.

მერცია ლაღი, ხორციელი, საღერღელაშლილი ქალი იყო, კალმახივით დახტოდა, უყვარდა სიმღერა, ჩალეკურება.

იორამი უმნინდესი სინაზით და „აღსურვებით― ეტრფოდა.

„ვნებათა ქვემდებარე კაცი – ვერ განმხედველი გონებისაო― – ძველი ნათქვამია!

მახსოვს, მკათათვე მთვარიან ღამეს, ჩვენი სოფლის ახალგაზრდობას ორღობეში წინ მიგვიძღოდა იორამი და გვამღერებდა:

„აღსდეგ, მშიერო მუშათა კლასო!―

კალოებზე იღვიძებდნენ მთელი დღის ნამაშვრალები, ძილგატეხილები, მაინც სიამოვნებით

ყურს უგდებდნენ ჩვენს სიმღერას.

ახლა მოვაყოლებდით „თამარის დროშა გაშალეს!― ეს სიMღერა იორამისაგან აკრძალული გვქონდა, მეფეზე არ შეიძლებაო! მაგრამ ჩვენს რიგებში ჩამდგარი მერცია რომ ხმას დააწკრიალებდა, იორამი სულ იბნეოდა, ლამის თავის „ყუმბარები― გასცვივნოდა ჯიბეებიდან.

იორამის ერთადერთი თავშესაფარი გარსიას სახარაზო იყო, მისი ერთგული დასამხრისი. სახარაზო – იორამის კლუბი იყო, მისი ფორუმი. აქ ქადაგებდა, აქ მძვინვარებდა. თბილისის გაფიცვებში გემოაღებული გარსია, იორამის ერთადერთი და უკანასკნელი მოწაფე, აღტაცებით უსმენდა მასწავლებელს.

გარსიას ცალი ფეხი იაპონიის ომში დაეკარგა. მერე ხარაზობა შეესწავლა, ადელხანოვთან ემუშავნა თბილისში; იქ 1905 წლის გაფიცვებისათვის გაეციმბირებინათ და ციმბირიდან გამოქცეულს ჩვენი სოფლისათვის შეეფარებინა თავი.

პირბადრი კაცი იყო გარსია, ზრდილი. სოფელში უქებდნენ უანგარობასა და სიმართლეს. ხუმრობა უყვარდა. შეკითხვაზე, როდის იქნება მზად ჩემი ფეხსაცმელიოლ მიუგებდა:

– გოჭის ხუთშაბათსაო!

სწორედ გარსიას სახარაზოში ვუკითხავდი ხოლმე გლეხებს ჩემს ბალღობაში ილიას, აკაკის,

ვაჟას, ყაზბეგისა და ეგნატე ნინოშვილის ნაწერებს.

– აი, გასძეხ კარგი მზითა! – მეტყოდნენ ხოლმე წაკითხვისას ისეთი მადლიერებით, თითქოს

თავად დამეწეროს ეს წიგნები!

მაგრამ, ერთხელ, „ელგუჯას― კითხვა რომ ჩავათავე, მოწონებით სიჩუმის შემდეგ, გარსიამ თავი





მაღლა აიღო, აექთ-იქით მიიხედ-მოიხედა, აგვათვალიერ-ჩაგვათვალიერა, მერე თითბრის ყვითელი მუშტა საძირე ტყავს დაჰკრა და მითხრა:

– ვის ათბობს მზე და მთვარე, რატომ იმაზე არ გვეტყვი! აბა, თუ ბიჭი ხარ, „გილიოტინას― წიგნი წაგვიკითხეო!

მე განვცვიფრდი. თუმცა სიტყვა „გილიოტინა― გაგებული მქონდა! სწორედ იმ ხანებში წავიკითხე ფელიქს გროს „მარსელელნი―, მოთხრობა საფრანგეთის რევოლუციის დროიდან, მაგრამ, მაინც ვერ მივხვდი, რომელი იყო „გილიოტინას― წიგნი...

ამის შემდეგ „მარსელელებთან― ერთად, ზოგი რამ სხვაც საფრანგეთის რევოლუციიდან წავუკითხე და აღფრთოვანებული გარსია მოწონებით იმეორებდა რევოლუციის დროინდელ ზოგ გამონათქვამს:

– როცა მეფე ცოცხლობს, ჩვენ ვიხრჩვებით!

– თავისუფლების ხე ტირანის სისხლით ირწყვება, სხვაგვარ ვერ გაიდგამს ფესვებს, ვერც

აყვავდება!

გაუგონარი სიძულვილით სძულდა გარსია ხარაზს ნიკოლოზ მეორე, ერთი პატარა ლაქუცა

ძაღლი ჰყავდა, „ნიკალაის― ეძახდა.

მერცია გათხოვდა ჩაფარზე...

იორამი გამწარდა, მთლად მოდუნდა. ღონე და მოთმენა გამოელია.

ქვეყანა მისთვის ჯოჯოხეთად იქცა.

„ფათერაკი ვანუა― ახლა ორგვარად ზვერავდა იორამს, – როგორც „ბუნტისთავს― და როგორც მეტოქეს.

მთლად გულაცრუებული შეიქმნა იორამი ცხოვრებაზე. წინათ გაზეთებით მაინც ერთობოდა სოფელში, ახლა ისიც აკვეთა.

მახსოვს, ერთხელ, გაზეთი გვერდზე გადასდო, გადაისროლა, როცა შიგ ერთი ჩვენი გამოჩენილი პოეტის ლექსს შეჰკრა თვალი:

– აპოლონის ლილიპუტები! ვის რათ უნდა მათი ფეხმოკლე აზრები?

– აბა, ნახე, – სიმწრით შემომჩივლა, – რა სიტყვა აქვს, რა ენათქმა, რა აზრი, აზრი კი არა –

ლაფიანი წუნწლებია.

დაითავისეს ნიცშე, შოპენჰაუერი და თვალდაფქულ მკითხველს სჯერა ყოველივე!

ან რა ქვეყანა ვართ? – სამგლეთი, ფილისტერების ქვეყანა, მშიერმუცელა! ოხ, აქ ყოფნა აღარ შემიძლიან!

...შემოდგომის წვიმა სცრის ერთფეროვანი დაჟინებით... აივანზე ზინტლიანი ძაღლის წუნწლები. ერთ ნაბიჯზედაც არაფერი ჩანს, ყველაფერი დაფარა შემოდგომის ბურუსმა! დედამიწაში ჩამჯდარი მიწურები... ღარიბული ოთახი, ჭუჭყიანი, ჩამოღვარცლული კედლები.





უბადრუკი, უნიჭო სინამდვილე. წინ – არაფრის სიხარული, არავითარი სიახლის მოლოდინი... ირგვლივ – გუბე და მდორე ცხოვრება, ჩამპალი ჭაობი, დაგუბებული ჰაერი! რა გააღვიძებს, თუ არა ყუმბარა, ამ უჩქეფო-უხალისო, უსიცოცხლო ყოფას?

წვიმა კი სცრის... სცრის... და სცრის...

იორამი მზად არი გარეთ გავარდეს და თმაში ხელებშეტაცებულმა იყვიროს: – მიშველეთ, მიშველეთ!

მოთმენაგამოლეული, ქანცგაწყვეტილი ჩაქანდება თავქვე, ქვემო ვენახებში, დაერევა ვაზებს შლეგივით! ამტვრევს, ლეწავს ჭიგოებს! თითქოს ვიღაცას ებუღრავება! თვითონაც არ იცის, რას სჩადის, გულს კი იოხებს!

გარშემომდგარი ნისლი კი, შემოდგომის ზლაზნია ნისლი, გველეშაპივით მიიპარება ვენახში. მცირე ხნის შემდეგ აღარც იორამი ჩანს და აღარც ვენახი! ყოველივე ნაცარა ნისლითაა გარმოხვეული!

და... აქეთ! – იორამი, იქით – ნისლივით უმოძრაო და უქმი ცხოვრება! არც ერთი თანამგრძნობელი! ერთადერთი ღვიძლი ძმა, ისიც მისი აზრების მოწინააღმდეგე!

განა ყუმბარა ცოტა არ არის ასეთი დაგუბებული ცხოვრებისათვის?

– ო, რა საზიზღარია სიღარიბე... ჭაობი... მიბრეცილი ქოხები... მობრეცილი ტვინი... რამ გააჩინა ასეთი ცხოვრება? ვინ გამოიგონა? – კითხულობდა გულისწყრომით იორამი და პასუხი არსაიდან იყო.

...აღარც მიწის გუგუნი ისმოდა... იორიც ძალზე ჩამოკლებულიყო. რა ექნა?

ხანდახან მოხდებოდა, რომ ანარქისტი და მღდველი ასეთ ჟინჟღლიან ამინდში გუნების ჟინჟლიანობისა გამო მცირე ხნით „დაზავდებოდნენ―, მაშინ მიჰყვებოდნენ „ერთმანეთში სმას―. „დილის არყით― დაიწყებდნენ. სვამდნენ მონდომებით და წადილით.

„ყუმბარის― შიშით ჯერ მღვდელი უთმენდა, მაგრამ არყის მეოთხე ჭიქის შემდეგ გამხნევებული შეკამათებას შეუბედავდა.

მოთმინებიდან გამოსული იორამი ჯერ თვალებს შეუბრიალებდა, მაგრამ გაითვალისწინებდა რა მღვდელთან ბრძოლის უნაყოფობას და უმიზნობას, უღონოდ მიესვენებოდა დუქნის შელაქავებულ კედელს, მზად იყო თმაში ხელი ეტაცნა და ეყვირა:

– მიშველეთ! – მიშველეთ!

გარეთ ისევ ჟინჟლავდა, ჟინჟლავდა, უიმედოდ, გულისგამაწვრილებლად, გასაწყალებლად, – ლამის წვიმასა და ღრუბელს ქვეყანა გადაებნელებინა...





ციციკორე

სოფლის უფროსად მინდოდი, ამტანად ძნელ ამბებისა.

ხალხური

სოფელს ატირდეს დედანი,_ სოფლის უფროსი კვდებაო, ნუ მოჰკლავ, დამბადებელო, სოფლობა წაგვიხდებაო!

ხალხური

ჩვენი სოფლის შარაზე დარბაისრული, მხნე ნაბიჯით მოაბიჯებდა გრძელ, ჩერქეზულ ჩოხაში გამოწყობილი ახოვანი, ბრგე, სახიერი, თეთრულვაშა ციციკორე -სოფლის დარბაისელი თავისი განუყრელი ურძნის ლიტაო ჯოხით.

ეს ჯოხი -ციციკორეს საერისმთავრო კვერთხი იყო.გაჯავრების დროს მაღლა შემართავდა, აზრის დასამტკიცებლად მიწას დაარტყამდა დაჟინებით.

მოდიოდა ჩუმად და რომ არ გცნობოდათ, მაინც მაშინვე შეატყობდით თვალსაჩინოებას. დიდი ხნის უნახავს გაეხარდებოდა ხოლმე ჩემი დანახვა: არდადეგებზე სოფელში რომ

დავბრუნდებოდი, თუ სადმე მომკრავდა თვალს, გაღიმებული მეტყოდა:

-შენის ნახვით სამი წელიწადი ერთი კვირა მომემატაო!ისწავლე, კარგა ისწავლე, ეგებ

ნასწავლებმა ჩაუყენოთ საქართველოს თვალიო! ერთხელაც მხარზე ხელი დამკრა და რიხიანად მითხრა: შენი ბიჭობის სახელი

სვეტიცხოველზე სწერიაო!

რატომ ეწერებოდა სვეტიცხოველზე ჩემი სახელი, ვერ გავიგე, ვერც კითხვა გავუბედე, ისე კი ეს ვაჟკაცური ქათინაური ძლიერ მომწონადა.





უშვილძირო იყო ძია ციციკორე.

-რათ მინდა შვილი, განა ცოტა მყავს მოსავლელი, მთელი სოფელი კისერზე მაწევსო!

მართალიც იყო! სოფელი ვინ?-ერთი კაცი! მთელი დღე ტრიალებდა სოფლის საქმეებზე, ღამეც კი მის განკარგებაზე ფიქრობდა. განა ტყუილად უყვარდა გარჯა, წვართულობა სოფლის მერჯულეს, გამგებელსა და მეუფროსეს! ყველას ჭკუას არიგებდა და ყველა გმინავდა მისი არამკითხაობის კირთებ ქვეშ. ციციკორე იყო სოფლის მზრუნველი, მომვლელი, მოჭირნახულე, თუმცა ხშირად ღიმილით შენიშნავდნენ, რომ სოფელი მისთვის არავის ჩაუბარებია:-არც ღმერთს, არც ხალხს და არც თვით ხელმწიფე-იმპერატორს! შეიძლება ეს იმის ბრალიც იყოს, რომ ციციკორეს დიდი პაპა იოთამი სოფლის ნაცვალი იყო ერეკლეს დროს და ციციკორეს მემკვიდრეობით მოსდგამდა სოფლის უფროსობა!

ციციკორე თავისას არ იშლიდა:

გულდიდობას, გულზვიადობასაც აბრალებდნენ, თავგაზიდულიაო; გულრბილი, დამთმო კაცი არ იყო, მაინც კაცური კაცი იყო, ლმობიერი, სწორი მხედაობა ჰქონდა.,, მოყვარისათვის, რომ იტყვიან, სწორედ გულთაგული!

ყველამ იცოდა, რომ ციციკორე გულიდან იყო მხედველი, რომ პირუტყუარი შემოცქერაც ისეთი იცოდა, თვალით განმცდელობა, რკინა დადნებოდა მისი მზერის ქვეშ. აბა, ტყუილს როგორ იკადრებდა!

დიდი ნდობაც ჰქონდა მოხვეჭილი სოფელში. სახლოსნობა და სისხლიანი საქონელი ციციკორეს მიერ გაიყოფებოდა ხოლმე, როგორც სანდო, დარბაისელ გამრიგესა და თავკაცის მიერ.

გაზაფხულის პირას აფუცუნდებოდა თუ არა დედამიწა, ამოჟოჟინდებოდა

თუ არა ბალახი, სოფლის არამკითხე მოამაგე და ჭირისუფალი ჩამოუვლიდა სოფელს კომლ -და

-კომლ, თან აფრთხილებდა.

_ცხენი არ აძოვო ყორიანის მინდორზე, ხომ იცი, იქაური ბალახი ცხენსა ჰკლავს, არც იქაური

თივა აჭამო, ისიცა ჰკლავს, ეს იცოდე! _რა მიზეზია ნეტავი?

_რა მიზეზია და, ჩემის ანგარიშით, მანდ ხომ დიდი ომები მომხდარა და ბევრი მტერიც არის ჩახოცილი! და მტრის სისხლი იკბინება დღესაც, ახლაც არა ცხრება და მუშაობს ჩვენ სამტროდ! ამშრალა, მაგრამ ჰხედავ, არც ამშრალა, ისევ მიწაში დუღს შხამიანი და გვსუსხავს, ახლა იქიდან გვებრძვის, დახე, ცხენებსაც გვიხოცავს! ჩვენ რომ ბალახსა ვჭამდეთ, ჩვენც ამოგვწყვეტდა!

ასეთი დაკვირვება კი ჰქონდა ციციკორეს. სოფელი მართლაც ერიდებოდა ყორიანის მინდორს! _რას ბრაცუნებ ამ შუაღამით? _ ეტყოდა შემთხვევით შარაგზაზე შეხვედრილი დროული კაცი,

მასთან შეხუმრებული, სხვა ვინ გაუბედავდა?

_სოფელს ირგვლივ შემოვლა უნდა, მტერი მოძალე, თვალნაცემი არ შემოგვეპაროს! ათი თვალი და ათი ყური მაქვს გამობმული! ხუმრობა კი არ არი სოფლის პატრონობა ,_იტყოდა ციციკორე.





ციციკორე ბაქრაძე სოფლის მამობასა და მეურვეობას ჩემულობდა. იმის შინაგანი დაჯერება ჰქონდა,რომ გაჩენილი იყო რაღაც დიდი საქმის შესასრულებლად, ყველა ამბავში ერეოდა, რადგან თავისი პირდაპირი მოვალეობა ეგონა. დიდი ზეგავლენაც ქონდა ხალხზე. ამიტომ, არავის გაჰკვირვებია, როცა ერთხელ მეზობელ სოფლიდან ავადმყოფი ბავშვი გადმოუყვანეს საექიმოდ.

-გვიშველეო, სულ ავადმყოფობსო, თანაც დაგოლვილია, არ იზრდებაო! ექიმებში ბევრი ვატარეთ, ვერა არგეს რაო!

-ჩემთან რა ხელი გაქვთ, ქალაქს წაიყვანეთო. იქ ბაგრატიონის გვარის კაცმა სამი სილა უნდა გაარტყასო, ანდეზე დადგება, ავადმყოფობა გაუვლისო!

-შენ გაულაწუნე, შენი ჭირიმე, ოღონდ მორჩეს... -შეევედრა ბავშვის მამა. -როგორ იქნება, ერეკლე მეფის შთამომავალი უნდა იყოს, მე ვინა ვარ?

-არც შენა ჰგევხარ ნაკლები გვარისასო! -ასიამოვნა ბავშვის მამამ. ციციკორემ შეიფერა, მაგრამ ბავშვისათვის სილის გაწნა მაინც ვერ გაბედა...

მკათათვეში, კალოობას, უთენებელზე, სოფლის დერეფნებში ჩხუბი გაიშლებოდა ხოლმე. დედამთილები მუჯლუგუნით, ქიმუნჯით აღვიძებდნენ მძინარ პატარძლებს:ადექითო, ძროხებს მოწველა უნდაო, ნახირში გარეკვა, ქათმებს დაპურება, ძნას ჩაშლაო. ხომ გახსოვთ სოფელში გაგონილი:―მოჯამაგირის დღე გაჰქრეს, პატარძალის დილის ძილი, ადრიანად წამოაგდებენ, ხომ დაუსივდება ცხვირი!..―

აი, ამ დროს გამოჩნდებოდა ციციკორე,___ რძალ_დედამთილის დამზავებელი. ჯერ პატარძალს ეტყოდა: სიცილით მოსულო, რა გატირებსო? დაჩუმდი, დაჩუმდი, ცხრა mაჭანკალით მოყვანილოო! ახლა დედამთილს მიუბრუნდებოდა: შე მადლიანო, შენი შვილის გვირგვინის ცოლია! ნამდომი! პატივდებაში იყოლიე! მერე ცოტა ხმას აუმაღლებდა_სულ ხომ შენს თვალქვეშ არ იქნება? ცოტა მოეშვი, მაგანაც გაიხაროს ამ ქვეყანაზე! ჰხედავ, სანაშენოთ რა კარგი ქალია, ოჯახი გაანაშენა, სამ წალიწადზე სამი ბიჭი დაგიგორა! ქართველები ცოტანი ვართ უნდა მოვმრავლდეთ! ვენაცვალე მაგის ბარაქას!

მერე ორივეს ერთად მიმართავდა:

_ ერთმანეთს ია-ვარდად უნდა ეშლებოდეთ! ნებით, წადილითა და სიყვარულით იცხოვრეთო! _ ასე დააწყნარებდა, თვითონაც გულს დაიმშვიდებდა სოფლის არამკითხე მესვეური და თავის გზაზე გასწევდა განუყრელი ყავარჯნით.

თუ თვალს მოჰკრავადა ლაღად მიმავალ სოფლის თამამ გოგოებს, ხმას შეუმაღლებდა: _ერთი უყურე, აბა ,ქალს ეგ უხდება? თავი უნდა დახარო მორჩილად და ნიავივით ჩუმად

გაიარო, განა თვალები უნდა შემომაბდღვრიალოო?

უშიშარ ციციკორეს მხოლოდ ერთი შიში ჰქონდა,_ შიში უწესობისა, ამიტომაც იყო, რომ ყველას მწყემსავდა, ჰმოძღვრიდა. გარჯულვა უყვარდა, უფრო დედაკაცებისა. __ დედაკაცს და ცხენს ნება რომ მისცე, სტამბოლს გადაცვივიანო! __ თავდაღუნულ, უშთაგონებო ადამიანს რომ





დაინახავდა, დაუტატანებდა: __ რას ჩასტირი მიწას, შე დალოცვილო? მიწაში ჩადებასაც მოესწრები! ცას შeჰხედე, მზეს შეჰხედე, ღვთის მოცემულს, გაიხარე, ღვთისნიერო!

_ ერეკლე მეფის ძვლებს მცხეთაში მირონი ჩამოსდის, შენ კი ცოცხალი ჰყარხარ, უსაქმურო! ორი გაწოვა დედამ, განა ერთი! _ გაფიცხებით არიგებდა ციციკორე წელიწყვეტიას, დაბდურას, დონდლოჩინას.

თვითონ მშრომელი ვერ იტანდა ზარმაცს, მცონარს, უსაქმურს, ცეცხლმოკიდებული ეძგერებოდა ჩრდილში მონებივრე გლეხს:

-შე ჟანგიანო, სამძილა ზარმაცო, მიმკვდარებულო, ლოხო! განა არ იცი, რომ ქვეყანა საგარჯილოა?

ზოგჯერ ერთგული ცოლი ქმარს დაიფარავდა ხოლმე ციციკორეს წყრომისგან: -ხომ იცი, მაზლო, ჩემი კაცი უცოდველი, პატიოსანია!

-დიაღამც, უცოდველია, უცოდველი, როგორც ყაჭიდამ გამოსული ჭია!_დაცინვით მიაგებებდა ციციკორე,_იქ მკვდრებს აკლია, აქ ცოცხლებს აწუხებს!

-რა ქნას, ავადმყოფობამ დარია ხელი,-შეეჯავახებოდა ქინძურას ცოლი.

-ავადმყოფობამ? მაგას თეთრი ფურის რძის თეთრი ფაფა მიართვი, რომ კბილები შრომით არ დაეღალოს!-ასე გააბახა ციციკორემ ზარმაცი ქინძურა, რომელიც შუა მუშაობაში ცოლის საალერსოდ ვენახიდან გამოპარულიყო.

ემართლებოდა კიდევაც!

სამართლიან და პატიოსან ციციკორეს არ უყვარდა არც ღლეტურა და, განსაკუთრებით, ქლარცი ენის პატრონი, ეჯავრებოდა ყბამოქნილის, ენამოლესილის, დაუყენებელი ყბის იკლიკანტური ბრტყელსიტყვაობა. თვითონაც როდი იყო სიტყვამიუგებელი კაცი!

-საქმე სიტყვის წინამავალი უნდა იყოს! აი, ვაჟკაცობა ამას ჰქვიანო! -რა ბედენაა, მოშაქრული, მოშაბათებული სიტყვები!

მოკლე სადღეგრძელოები იცოდა: მშვიდობა, მზეგრძელობა, კარგად ყოფნა, შვილიანობა, ვაჟით ვაჟიანობა, პურიანობა, ღვინიანობა, საქონლის გამრავლება, ხეხილის მსხმოიარობა!-ეს იყო და ეს!

სოფლის მეუფროსეს სიმძიმე ჰფერდრობა,-მძიმე იყავ, წონაში მეტი მოხვალო!

მაგრამ ციციკორემ გამონაკლისებიც იცოდა, ყველა ზარმაცს როდი ემტერებოდა@ აი, გინდაც, გრძელულვაშა ფადლაურა. რა მოსალხენარი კაცი იყო, რა მომღერალი, ვერც კი ეტეოდა გრძელ კახურ მრავალჟამიერში! მისი სიმღერის გაგონებაზე დაუდასტურებდი ბრძნის ნათქვამს: ,,ხან კაცი ღმერთსაც ემსგავსისო!―

დედაც მომღერალი ჰყოლია! მოდი და ნუ დაუჯერებ ციციკორეს თქმულს: დედის ხსენსა რაც ჩაჰყვება, სულს ის ამოჰყვბაო!





ამასთანავე ფადლაურა უსაშველო ზარმაცი იყო. სუფრის გარეშე არ არსებობდა,. იჯდა საჩრდილობელ ხის ქვეშ და როცა ჰკითხავდი:

-როგორა ხარო?-გიპასუხებდა:

-ძველებურად: არცა ვგრძელდები, არც ვმოკლდებიო!

ასე იყო: ქორწილიდან-ქორწილამდე, ნათლობიდან-ნათლობამდე... დაუკლისად სვამდა , მღეროდა და სვამდა.

სხვა რომ ყოფილიყო ფადლაურსთანა, ციციკორე ნაცარტუტას აადენდა, მაგრამ ზარმაც ფადლაურას სიმღერისათვის დიდ პატივსა სცემდა და ერთხელ, როცა სოფლის სადალაქოში ყბედმა დალაქმა ლოჭომ ფადლაური გაკენწლა, ყბაზე შეფიფქილმა ციციკორემ ლოჭოს მშვიდად უპასუხა.

-ფადლაურას ხმა ღვთიდან არი, პატივისცემა გვმართებს, თვისი ხმით ემსახურება ქვეყანას, რას ერჩიო!

მხნედ შემოაბიჯებდა ციციკორე სახლში, ბჭეშივე ქუდს შეიქნევდა და ძალუმი ხმით შესძახებდა: სახლო, ღმერთმა აგაშენოსო!

ახლაც, თითქმის ნახევარი საუკუნის შემდეგ თვალწინ მიდგას ყავარჯენზე ნიკაპდაყრდნობილი ციციკორე-პორსუფთა, ახოვანი, ტანოვანი, მჭეხარი ხმის პატრონი.

თუ ვინმე ყურს არ მიუგდებდა ან აწყენინებდა, ციციკორე ერთს ღრმად ამოიოხრებდა და დაატანდა:

-ვაი, თემო და სოფელო!

ერთხელ, მეზობელმა თათრებმა ჩვენი საქონელი წაასხეს .სოფელი მდევარზე გამოვიდა. ვინც

მდევარში წასვლა ვერ მოასწრო, მათ ციციკორემ სულ ცეცხლი გადააყარა თავზე.

-ჰაი ,თქვე ქალისპირებო! განა თქვენ გაამაგრებთ საქართველოსო?

თვითონ კი მართლაც მთელი ჩვენი სოფლის გამამაგრებელი და გამამხნებებელი იყო მუდამ.

განა დამავიწყდება ოდესმე, ერთ საშინელ ღამეს, თუ როგორ მოეპატრონა ჩვენს ოჯახს და გაგვამხნევა?

საშინელი, შავი ავდარი მოვიდა, ხორხოშასეტყვიანი.

სულ ჩამორეგვა ყველაფერი! ეზოები წყალმა აატივტივა. სოფელმა წარღვნა იფიქრა: ოდნავ რომ გადაიღო ღვართქაფმა, ორღობეში გამოჩნდა თავზე ტომარაწამოსხმული ციციკორე და სახლებში ჩაკეტილებს მოგვძახოდა:

-ნუ გეშინიათ, გამაგრდით! გადაივლის ავდარი! ამისთანები უნახავს ჩვენს ხალხსა! ნუ შეშინდებით, გამაგრდითო!-აი, მაშინ კი ვიწამე ციციკორეს ბელადობა, მაშინ, ნამდვილ ბიბლიური წიასწარმეტყველს ჰგავდა აგზნებული თვალებით.

ახლა მეორე მეკომურთან შევიდა განსაკუთრებით ქვრივ-ობოლთა უკაცობა ოჯახები დაიარა,





არ შეშინდნენო!

აი, რა გული, რა მხნეობა ჰქონდა ციციკორეს!

ახირებული ციციკორე ზოგჯერ სხვისი აზრების მასპინძლობას ვერ იჩენდა.

ერთხელ, შუა კამათში, ციციკორე მოკამათეს უეცრად შეეკითხა:

-მოულაღური იცი?

-ვიცი!

-მტრედი იცი?

-ვიცი!

-ყანჩა იცი?

-ვიცი!

-იშხვარი იცი!

-არა!

-მაშ, იშხვარი არ იცი და მელაპარაკები? ჯერ წადი, გაიგე იშხვარი რა არი, მერე მოდი და მელაპარაკე!-ასე დაამარცხა მოკამათე.

რა იყო ეს ,,იშხვარი― და რატომ აძლევდა ასე დიდ მნიშვნელობას ციციკორე, ახლაც არ ვიცი; მგონი , ,,იშხვარი― სულაც არ უნდა არსებობდეს ბუნებაში. ფრინველი ,,შხერო― თუ ჰყავდა მხედველობაში! მაგრამ შხერო რომელი არწივია, რომ მისი ცნობითა თუ ცოდნით თავი გამოიდო?

უცხო კაცი გაბედვით იტყოდა ხოლმე ციციკორეზე: კერპი კაცია, ხერკინააო,სიტყვით მტეხელიო, მაგასთან ლაპარაკს კლდის გლეჯა სჯობიაო! ნეტავ როგორ უძლებთო, მაგ შეუპოვარსაო!

მართლაც, თავის ნათქნამა იყო ციციკორე.

ჩვენში თითქმის აღარავის ედგა მიწური სახლი,ციციკორე კი ისევ ძველებურ,ბნელ დარბაზში

ცხოვრობდა.

ეს დარბაზი თითქმის ერთადერთიღა შემორჩენილიყო მთელ სოფელში!

მეამაყება, რომ მოვესწარი ძველებურ ქართულ დარბაზს და დარბაზის გვირგვინში მერცხლის ბედეს!

მეამაყება, რომ საკუთარი თვალით მინახავს მოხარატებული დედაბოძი მზე-მთვარისა და რტომრავალი ხის გამოსახულებით, ზედ უსათუოდ გატყაპნული აღდგომის ჩანაჭუჭებული წითელი კვერცხი, დედაბოძზე მიკრული შინდის ჩხა, ზედ რომ ციციკორეს სუფთა წინდები და პაჭიჭები ეკიდა. საქარეში ზაფხულობით ნიავი სისინებდა, ზამთრობით-ქარი ღმუოდა, მაგრამ





ვერას აკლებდა, დიდი შეშის სათარი კერაზე იდო. საკიდელზე ჩამოკიდებული დიდი, შავი ქვაბი შიშინებდა...

განებივრებული ვყავდი ციციკორეს ცოლს-კონიას. ახლაც მახსოვს გემო და სურნელი მისი შემზადებული საჭმელებისა და როგორ არ მოვიგონო მისი ხელით გაკეთებული: შინდისა და ღოლოს შეჭამანდი, ხარხიტო, ჭინჭარი, სატაცური და ქარქვეტის წნილი, ყველიერში-მახოხი!

ციციკორეს დარბაზში ძალზე ბნელოდა. ხელის ცეცებით უნდა შესულიყავი და დიდხანს ვერც გაერკვეოდი სიბნელეში.

-რას იკლავ თავს ამ ბნელაში, შე კაი კაცო, გამოდი მზე, ერთი მზიანი ოთახი დაიდგი, რა გაგჭირვებია ისეთი, უშვილო კაცი ხარ და უხარჯო!-ეტყოდნენ ხოლმე მეზობლები.

-აქ, ამ ბნელაში სიცოცხლე მირჩებნია თქვენს მზიურობას!-იყო ციციკორეს მუდმივი პასუხი და ცოლიც მაშინვე კვერს დაუკრავდა:

-გენაცვალეთ, აქ გვატარეთ მთელი სიცოცხლე და ახლა რომ აქედან სადმე გადავიდეთ, სირცხვილია, ხალხი რას იტყვის?

ციციკორეს მართლაც შეეძლო ქვიტკირის სახლის აგება, მაგრამ ვერ ელეოდა მამაპაპურ დარბაზს.

-რა ვქნაო, უდარბაზოდ ვერ გავძებ, სხვებმა შეიძლონო!

ძალზე უყვარდა თავისი მიწური და როცა სტუმარი მოუვიდოდა, თავისი ქოხის

სადღეგრძელოს უსათუოდ დაალევინებდა და თვითონაც შეუმღერებდა ჯამით ხელში: -ეს სასახლე ვინ ააგო,

ვინ დახურა მუხის გული?

ამშენებლის მამა ცხონდა,

დამხურავის დედის სული!

სისუფთავე კი საოცარი ჰსუფევდა ძველ დარბაზში. თაროზე მიჯრით ეწყო დაკრიალებული, ძველებური ჯამ-ჭურჭელი-ჩინური თუ ქაშანური, კუთხეშიც მზითვის დიდი დაჭრელებული სკივრი იდგა, კონიასი.

უცნაური ზნე სჭირდა ციციკორეს. რაც უნდა ავად გამხდარიყო, ლოგინში არ ჩაწვებოდა.

_ქალი ხომ არა ვარ, ქვეშაგებში ჩავწვე და მტერი გავახარო?! _ ავადმყოფობა მის თვალში დიდი სირცხვილი იყო. სიცხიანი, თვალებზე ცხვრის ქუდჩამოფხატული ზამთარ-ზაფხულ სოფელს ჩამოივლიდა ხოლმე, რათა მტერს დანახვებოდა და არ გაეხარებინა, _ კარგადა ვარ, ჯამრთელად და ნებიერადო. ,,ვეფხვი ვინა თქვა მტირალი?― _ შეუძახებდა თავის თავს და მართლაც ვეფხვობდა.

იქნებ იფიქროთ, უშვილო ციციკორე უსაქმო ყოფილა, პირადი საქმე არ არ ჰქონია და მხოლოდ სხვის ჭკუის დარიგებას იყო გადაგებულიო. _არა, ციციკორე შრომაში იყო დამტკბარი! მისი საყვარელი საშრომელი _ ,,კარზე ვენახი― ან კარის ბოსტანი იყო, სადაც საამოდ სურნელობდა





ნაირ_ნაირი მწვანილეულობა; სადაც ლაღობდა შეფოთლილი ვაზი, მსხმოიარე მტევანი,ათქვირებული კიტრი და ლობიო. ხშირად მინახავს პერანგა ციციკორე ოფლში გახვითქული, შრომით შეჯერებული და გახარებულიც.

მისი ცოლი კონია, ქალური საზრიანობით განთქმული, ალერსით გულზე დაგეხვეოდა. მშიერ_შიშველი ეცოდებოდა, გულჩვილი იყო!

_ დაეწვას საწერ- კალამი ახლანდელ სამართალსო, _ იტყოდა ხალხის ჩაგვრით ყოველდღიური მოწმე ბერ-დედა.

ახალგაზრდობაში, ლამაზი ქალი ყოფილიყო, ახლაც ემჩნევოდა გადავლილი სილამაზის იერი. მეტად სუფთა დედაკაცი იყო. სიბერის სილამაზე_სიფაქიზეაო,ხშირად იტყოდა.

ეზოში, სულ ვარდი ედგა.

სოფლის მეურნობაშიც ფხიზლობდა ციციკორეს თვალი. ჯერ კიდევ ადრეულ გაზაფხუზე ჩამოივლიდა სოფლის მოლივლივე ჯეჯილებს, თვალს გადაავლებდა, შეისაყვარლებდა, შეაფასებდა და მათ პატრონებს ამბავს მიუტანდა.

მკაშიც დაჰხედავდა. ზოგი მომკელი ხელეურსაც მიაგებებდა.

ციციკორე თავთავს ფხაში გაჰხედავდა და გამოიცნობდა, როგორი ხვავი იქნებოდა წლეულს. ტყუილს არ იტყოდა ვისიმე დასამშვიდებლად. სწორე უყვარდა. უხაროდა, როცა კარგი მოსავლის მთხრობელი იყო და მახარობელი.

ღვთაებრივად სწამდა შრომის გამართლება:

-პატიოსანი ოფლის თითო წვეთი თუ მარგალიტად არ იქცეს, მოდით და მარჯვენა მომჭერით!-

იტყოდა ხოლმე.

სოფლის ეტიკი, უნაგარო და მამობრივი მზრუნველობით აღსავსე, ვითარცა გველეშაპს წმიდა

გიორგი, ასე ებრძოდა ვაჭრებს, ჩარჩებს, სოფლის ყლაპიებს, -გლეხის სისხლის წურბელებს. ვაჭარ პინჩუხას არშინის გაცურება უყვარდა. ვერ იქნა და ვერ მოაშლევინეს. საკმარისი იყო

ციციკორეს მკაცრად შენაგონარი სიტყვა, რომ პინჩუხას სამუდამოდ ამოეკვეთა ეს ურიგობა. ციციკორე ცრუმორწმუნეობასაც ებრძოდა შეძლებისდაგვარად:

ბოხვერა მებადურს ჩვენი უბნის გოგო ნინუცა შეჰყვარებოდა! ღამღამობით იორის ზვირთებში ელანდებოდა. ბადეს რომ მოსწურავდა, თურმე იქიდან კისკისით ამომხტარი ნინუცა ბადეს დაუხევდა ხოლმე. უბირ ბოხვერას გულწრფელად სჯეროდა, რომ სწორედ ნინუცა იყო ის ბადიხევია ლამაზი ქალი, იორზე რომ ეჩვენებოდა, სჯეროდა მტკიცედ, ურყევად. და მეორე დღით, როცა ნუნუცა სოფლის ღობესთან შეჰხვდებოდა, სიცილიT ეტყოდა:-შენ, ეი, ნინუცი, გეუბნევი, მომცილდი!

ნინუცა გაიღიმებდა...

_რა გინდა, გოგო, ჩემგან? რას მესაყვარლები იორში? ნინუცა ხითხითებდა...





ბოხვერას გული მოსდიოდა... თან უხაროდა.

როცა ციციკორეს შემთხვევით გაეგო ბოხვერას ამბავი, დაებარებინა:

_ბიჭო და... არა გრცხვენიან, შე ოტროველავ! მართლა გგონია, ბნელო კაცო, რომ შენს ბადეში ნინუცა ებმევა? თვითონა ხარ გაბმული იმის ბადეში! სირცხვილი არ არის, ტვინი აამოძრავე, რათ ეჩაგვრინები სისულელეს!

განა ციციკორეს გამარჯვება არ იყო,რომ მას აქეთ ბოხვერას ნინუცა ალივით აღარ მოსჩვენებია, მხოლოდ ღვინობისთვეს, გვერდში ამოუდგა საქორწილო გვირგვინქვეშ?

დიდი გავლენა ჰქონდა ციციკორეს და მეშურნეთა მტრობაც დიდი ეხვია გარს. თავისუფლების ტრფიალ ხალხს სძულდა სხვისი ჯოხისა თუ სიტყვის ქვეშ ცხოვრება,სხვის მიერ ნაჩვენებ კალაპოტის მიყოლა ეურჩებოდა, ხშირად გამოჰკრავდა ხოლმე წყრომის ნაპერწკლებს, მაგრამ დაფანტული ცეცხლის ძალა იქვე ჰქრებოდა.

სოფელში,ზოგი ჩუმად უჩიოდა ციციკორეს იმ სუსხისათვის, რაც სოფელში დააყენა:- ვინ არი, რომ თავზე წამომაჯდაო! მაგრამ პირში ვინ გეუბნება ორიოდეს გარდა?

და აი, მხოლოდ ერთხელ...

სოფელში ცხოვრობდა მდიდარი გლეხი სავატელი, რომლის სილაღეს ვერ იტანდა ციციკორე.

- რას მედიდები, ჯიბეგაქსუებულო, ოქროსქამრიანო, სოფლისყლაპიავ! -შესძახა მჭახედ სოფლის შარაზე შეხვედრილ სავატელს, რომელიც საპირდაპიროდ თავაწეული მოდიოდა. სავატელმა აღარ დაახანა თავისი წყრომა და სცადა კიდეც ერთხელ ციციკორესთვის ჩამოეხია შარავანდედი.

-გასიბრძნებულო! რათა ხარ სხვისი ჩხრეკია, სხვისი ცხვირის მზომელა, ყველას გამკილავი, გამკენწლავი? ნეტავ როდის ჩაგაბარეთ თავი, ან ვინ დაგადგია ჩვენს მწყემსად, რომ გიყვარს ხალხის გარჯულვა? შენის შიშით კაცი ქალს ვერ დალაპარაკებია, ქალი - კაცს, ვაჟკაცს ღვინო ვერ დაულევია, ქალს ვერ გაუცინია, ბავშვს ვერ უცელქნია! ფულიღა გვაკლია შენს სახელზე მოჭრილი!

- დამნესტრე განა, სათოკე კაცო. - უპასუხა ციციკორემ და გულგაგრილებით განაგრძო გზა. -შენ ვინ ჩაგაბარა სოფელიო? ჩემმა სინდისმა და პატიოსნებამ! იესო ქრისტემ ლერწმის წბილით ამიწონა ეს სოფელი და ისე ჩამაბარა, ახლა ხომ გაიგე! - ეკამათებოდა გულში ციციკორე სავატელს.

განა მარტო სავატელი?

აკი ყველაზე საცოდავმა და ბეჩავმა ბერიკაცმა სიღარიბით გაწყალებულმა ჯაუნარმაც

გაუბედა! ეტყობა, მის გათელილ გულში კიდევ ეგზნებოდა თავისუფლების სიყვარული!

-- რომ გიყვარს „გაგვიძეხ ბერო მინდიაო―, მერე? ვინა ხარ, რომ ერს გაუძღვე? თვითონ ქვეყანა არ არის მადლიანად მომართული, ღმერთმა ვერ დააწყო და შენ გინდა დააწესრიგო? ეჰ, ეჰ, ბეჩავ-ბიჭო! შენ უნდა მისცე მცნება ცასა და დედამიწას? თავს დაგვდგომიხარ ხევისბერივით და გვექადაგები! -- ასე ამხელდა ქელეხში ღვინით აბორგებული ბერიკაცი





ჯაუნარი.

-- იცი თუ არა, ყველა კაცი რომ არ არი ღირსი კაცობის სახელის ტარებისა! იცი, რომ ზოგი

ფრინველია – სჭამენ, ფრინველია, რომ ხორცს აჭმევენ! „ კაცი არ

ყველა სწორია, დიდი ძევს კაცით კაცამდისო―, იცი შე ბეჩავო, შე, ცარიელო ჯამო!

ჯაუნარი ლასლასით გაიყვანეს კარში და იქიდან მაინც შემოიძახა: ვინ მისცა მაგას უფროსობაო? ციციკორე იცინოდა.

ხალხს ესიამოვნა წამიერად შეუხებლის შეხება. ამ შემთხვევაში ციციკორეს მცირედი მაინც გაკენწვლა, განქიქება!

ერთხელ, დედაბერი მარადიაც შეება: სულ რომ ბობოქრობ, დამტკბარი გუნება როდისღა გაქვს? ადამიანს სიტკბო და სიწყნარე აცოცხლებს, სულ რომ სჭექ და გრგვინავ, იქნებ შენა ხარ მარტო ხმელეთზეით ხორციელი?―

ეჰ, ვის შესწევდა ძალა, გაეგო ციციკორეს ზრახვები და მიზნები. ვის, ვის უნდა გაეზომნა მისი დღიური საზრუნავი, საყოველთაო ფიქრები სოფელზე, მისი ფიქრის სიღრმეები თუ მწვერვალები? -- არავის! ვერცვის!

მაგრამ ციციკორე სოფლის გულთამხილავიც გახლდათ.

მაგალთად მან იცოდა ის დღე, რა დღესაც დაბადებული ბედნიერი ადამიანი იქნებოდა, ის

დღეც იცოდა, როდესაც დარგული ხე თუ ხეხილი იხარებდა

იცოდა შელოცვებით ნადირის კბილის დაკეტვაც, ამაში ტოლი არ ჰყავდა. თუ ღამეობით საქონელი გარეთ დარჩებოდა, ციციკორეს შეალოცვინებდნენ და სოფლის რწმენით საქონელს არც მგლისა, არც აფთრისა და არც ქურდისაგან ზიანი არ მოელოდა. ერთი სიტყვით, მისი საიდუმლო სიტყვა მგელს პირს შეუკრავდა, ქურდს_ ხელ-ფეხს.

ცხენის საიდუმლოც იცოდა: როგორ უნდა გამოიყვანო ცხენი ბოსლიდან ხანძრის დროს ისე, რომ არ დაფრთხეს, არ აიგლიჯოს, არ გაგიჟდეს. მარტო მიცვალებულის ზარი უნდა იმღეროს იმ დროს პატრონმაო და იმ ზარსა და გლოვის ხმაში დამორჩილებულ ცხენს გამოიყვან, თუ არადა, შიგ ჩაიბუგება ცეცხლშიო!

ერეკლე მეფე უყვარდა, იმპერატორი ნიკოლოზი კი მის თვალში არა იყო რა, ჩალა-მეფეაო! ცხრაას ხუთი წლის წინ მოძრაობას შეერყია მისდამი რწმენა!

-- ღმერთი არ არიო?!

-- ეგ როგორ თქვი, შე შავდღიანო, მწარე გონების კაცო. შე უნანელო? მაშ რაღა ქართველი

ვარ, თუ ღმერთი არ არის?!

-- ღმერთი არ არიო? მაშ როგორღა ანათებს მზე? ხომ წაიქცა მთვარე და გადმოვარდა ციდან?

ხშირად, მზის მყუდროში, ღობის ძირას მიმჯდარი ციციკორე, იქვე მოთამაშე ბავშვების სიახლოვეს წყნარად დანით ჩხირსა სთლიდა და ვითომდა თავისთვის ღიღინებდა:

-- ვინცა კაცია, არანანო,





ჩოხა- ჯაჭვია, თარანანო, ქუდი ნაბდისა, არანანო,-- -- ჩაბალახია!

დაიღინებდა თავისთვის, მაგრამ ამ ჩუმ ღიღინსაც კი აღმზრდელობითი მნიშვნელობა ჰქონდა, გვესმოდა ბავშვებს და ძალაუნებრივ გონებაში გვებეჭდებოდა ციციკორეს სავაჟკაცო სიტყვები, თუმცა მოხუცი სრულიადაც არ გვაგრძნობინებდა, რომ ჩვენს საგულისხმოდ ამბობდა.

წვრილფეხობის დამწყემსვაც უყვარდა.

-- გაიგონე, რა გითხრა, საქართველოს ცხრა კარი აბია! ეს დაიხსომე კარგად! თვითეული

კარის ყარაულად უნდა გამოდგე!

ციციკორე სარდლობაშიც იჩენდა ნიჭს: ბალღების ომში ჩაერეოდა, ასე გვწვრთნიდა:

-- რაზმი ეგრე დააწყეთ: ჯერ წინმავალი უნდა წავიდეს, მერე უკან ამყოლი უნდა აჰყვესო: აქეთ-იქიდან მოკინკლავენი მოუდგებიან, რომ მტერი არ მოასვენონ და მერე მეუკანოენი მიჰყვებიანო. ზედ უნდა მიხვიდე, ზედ მისვლა უნდა იცოდე! დავლური ომიც უნდა ისწავლოთ, განა მარტო მოგერიებაო! წინდაწინ შენ დაჰკარი, გული საგულეს დადგება! შენ შენი ეცადე, გამარჯვება კიდე ღმერთზეა! ერთი არ დაივიწყო: ომში სიმღერით უნდა შეხვიდე! ნატყვიარი არ ინაღვლო!

ციციკორეს, როგორც ყოველ ქართველ კაცს, სახელი ყველაფერს ერჩივნა!

-- სახელი! არ დააგდოთ მიწაზე! -- გვეტყოდა ზრუნვით ახალგაზრდებს.-- სირცხვილი

დიდი ქვა არის! სახელი არ გაასრესინოთ ამ ქვას!

ერთხელ, კუნძზე ჩამომჯდარ მეფანდურეს შეუტია: -- რას გადასცემ და რას გადმოსცემ? კაი

ბიჭები შეაქე, რომ ლაჩრებიც გაკარგდნენ!

-- აწანწკარებ მაგ ფანდურს და ისიც კი არ იცი, რომ ჭკუა და გონება მოეთხოვება შაირის გამომთქმელს! შაირია განა სიტყვის საგრძელებელია, შე ცუნდრუკო და უმეცარო! განა ცოტა ჰყავს სადიდებელი და სასახელო, რომ გოგოებს უმღერი? გულის სიტყვები ამოთქვი, სავაჟკაცო რამ თქვი, რომ ხელი თვითონ დაებას ხმლის ვადას და რაში თავისით გაფრინდეს, მათრახმოუწნავად!

-- ვაჟკაცი კარგად უნდა შეაქო! ზომაზე მეტადაც შეაქე, ღირსია. სოფელი ასახელა! ლაჩრებიც შაეცდებიან! შენ კი ენის სისველე გაწუხებს! გულის ღარღლი კი არ არის, სიტყვაა, ღმერთს რომ მოუცია ჩვენთვის! სიტყვა ტყუილად არ უნდა დაიხარჯოს! სიტყვას ძალა აქვს! -- და მკაცრად შეუტია მეჩონგურეს:

--„ ლექსი მელექსემ უნდა თქვას, ვაჟმა, ვინც იზამს სახელსაო!― -- და არა შენსავით ჩანჩურამ, ჭიასავით რომ დასცოცავ! ვის რად უნდა შენი ლექსი, შე ბუხუნძელავ, და ისიც სააშიკო! გადააგდე ახლავე ჩონგური და მეორედ აღარ დამენახვო!

მეფანდურემ ჩონგური დააგდო და მოცხრილა...





აი, რა ძალა და გავლენა ჰქონდა ციციკორეს...

ერთხელ, ყველიერზე, ციციკორემ უშნო ლეთეთას ჩონგური გამოსტაცა ხელიდან და

შეზარხოშებულმა უცნაურის ხმით წაიმღერა: გიორგის ებრძვის სიკვდილი,

ელვა გამოდის ხმლისა,

შამაუქნია სიკვდილმა,

მარჯვენას მოაჭრისა, შამაუქნია გიორგიმ,-- სიკვდილს შუაზე სჭრისა!

მახსოვს, ლექსში განსაკუთრებით გამახარა ადამიანის გამარჯვებამ სიკვდილზე. ასეთი რამ მანამდე არსად გამეგო და ციციკორემაც ჩემს თვალში კიდევ უფრო აიწია, თუმცა არც მანამდე მემცირებოდა!

ჩვენი ციციკორე სიჭაბუკეში ცხენის გამხედნელი და განთქმული მონადირე ყოფილა. -- რამდენი ირემი მოგიკლავს, ციციკორე? -- შეეკითხებოდნენ მეგობრები.

-- ეჰ ვინ იცის, რამდენი ჩავთოფე! -- გააზვიადებდა ციციკორე, -- სად რამდენი ჩაიჩეხა კლდეში, ზოგი კლდეს რქით დაეკიდა, ზოგი ისეთ ღრანტეში ჩავარდა, მზის შუქიც ვერ ჩასწვდებოდა... ვინ იცის?.. ჩემი სიბერით ახლა ირმები ტკბილად იძინებენ!

დარბაისელი ციციკორე ბაქრაძენადირობის მაკვეხარი იყო.

წოწრეს ეთქვა: ციციკორეს ირემი თვალითაც არ უნახავსო!

ეს რომ გაიგო, იუცხოვა: წარბშეკრულმა ჯერ წყნარად იკითხა:

-- ეგ ვინა სთქვა? ვის მოუარაკებიაო? -- მერე მჭახე ხმა აუთრთოლდა: -- როგორ? მე მოუვლი მაგას, როცა ამოვგლეჯ სახრიკო ენას!

ამის მეტი სიტყვა არ უთქვამს-რა. ეს იყო და ეს, მაგრამ ამბობდნენ, წოწრეს მთელი ღამეები არ ეძინა! გაუჩნდა საჭოჭმანები.

-- ბოკოწინის დაუბოლოებელ ტყეში, -- გვიამბობდა ციციკორე, დიდი ვერხვის ქვეშ (ივრის წისქვილთან), -- ირმის ხრო თოფი ხმას რომ არ გაეფანტა, მშვილდ-ისრით ვნადირობდით. ჩემს ვაჟკაცობაში, უნდა მოგახსენოთ, ბევრს ირემს უზიდნია კისრით ჩემი ისარი! ჩემი ანასხლეტი, ანაცდენი ისარი, ტყვია არ გაგონილა! თუ ტყუილს ვამბობ, მაშ რად არი ჩემზე გამოთქმული ლექსი:





ირემმა ირემს ახარა, ბაქრაძე ავად გამხდარა! თოფის ხმა აღარსად ისმის, იქნება კიდეც მამკვდარა

გამოსტყვრა თოფი ამ დროსა, ირემმა ტლინკი აყარა:

-- თუკი ბაქრაძე მამკვდარა, მაშ თოფი ვიღამ მახალა?!

თუმცა ჩვენც კარგად ვიცოდით და თვითონ ციციკორემაც,რომ ეს ლექსი სხვა ბაქრაძეზე იყო გამოთქმული, განთქმულ მონადირეზე, მაგრამ თავისად შეიფერა, რადგან გვარად ბაქრაძე იყო და ჩვენც აღარ ვაცივდებოდით; ვიცოდით სახელი უყვარდა!

მონადირეს, მეთევზეს, მეწისქვილეს, პოეტებს ხანდახან უნდა აპატიოთ ოცნების გადადუღება!

რაც არ უნდა დიდი და სახელ-ნაქნარი კაცი ყოფილიყო, ციციკორე ერთს აჰხედავდა და დარიგების კილოთი ეტყოდა:

-- ერეკლე მეფე ხომ გაგიგონია, ეგ ლომი საქართველოსი? -- იმაზე დიდი ხომ ვერ იქნები! მაინც უნდა გითხრა ჩემი: განა მარტო ხმლიანი გმირი იყო ჯავრის ამომყრელი? არა, რატომ აღარ გაგონდებიან გმირთა აღმზრდელი ძუძუები? არც ესენი უნდა დავივიწყოთ! მარტო ხმლის ქნევა რა ბედენაა! მერე ისიც ამ დროში მაინც, როცა ლეკი და თათარი აღარ გვაწუხებს? -- ეს უთხრა ხმლითა და სახელით გადიდებულ, გაამაყებულ თავბერას, სამი ყაჩაღი რომ მოეკლა თრიალეთზე, როცა მის ცხვარს მტაცებელთა ბრბო დაესხა თავს! -- ნუ გასდიდდებიო!

ქარივით დაეცემოდა, წამoფრენილ ვეშაპივით დაეტაკებოდა ვინმე ლაღ ვაჟკაცს, რომელიც შეუპოვრად მიაბიჯებდა გზაზე და სალამის თუ ქუდის მოხდით ციციკორეს შესაფერ პატივს არ მიაგებდა. გაკვირვებული გლეხი, თავის გზაზე მიამიტად მიმავალი, უკან დაიხევდა და ციციკორეს წყრომას მოერიდებოდა:

_ დაძვირდა ვაჟკაცი! _ ამოიოხრებდა ციციკორე, _კაცს ვერ გამოიცნობ ისე, როგორც გარედან ლებანს კირკიტ კაკალში!

დიდი სიტკბოთი უყვარდა სამშობლო ციციკორეს, დიდი, გამოუთქმელი ალერსით.





ერთხელ წავუკითხე და ძალიანაც მოეწონა გრიგოლ ორბელიანის წერილიდან ერთი სტრიქონი:,, ქვეყანაზე მხოლოდ ერთი საქართველოა და ისიც ჩვენიაო!―

_ მალადეც! _ რუსულად გამოთქვა ორბელიანის ქება და თავისი აღტაცება ციციკორემ. _ რა ჭკვიანად არი ნათქვამი, აი, ბრძენი კაცი! მაგის მთქმელს გაუმარჯოსო! _ხშირად

ახსენებდა გრიგოლს.

ციციკორე ვერ იტანდა გაყრას, დაცალკევებას. ნუ იტყვით, ეს ჩემი წილიაო! გაუყრელი

ოჯახი ყველაზე მტკიცეაო! ერთნი უნდა იყვნეთ, მაშინ იქნებით მაგრებიო!

ეს უბირი, უსწავლელი კაცი საქართველოს ერთიანობის დიდი ერთგული იყო:

_ არა, განთვისება ნუ გვინდა! გეთაყვა, ნუ იტყვი, მე იმერელი ვარო, მე კახელი ვარო, მე მეგრელი ვარო! ერთი ძუძუს შვილები ვართ! ერთმაგე უნდა იყოს ერი, რათ ვარგა გათვითებული, განცალკევებულიო!

ხომ მჭახე კაცი იყო, მკაცრი და ზავთიანი, მაგრამ დიდად კეთილი და მშრომელიც.

თუ დაინახავდა უგერგილოდ, უნდილად მომუშავეს, ხელიდან ბარსა თუ თოხს წაჰგლეჯდა, თვითონ წაიმუშავებდა; თვითონ დაბარავდა სხვის მაგივრად, ან მომკიდა, მოსცელავდა და გუთანს მოეკიდებოდა, თუ გუთნის დედას გუთანი მარჯვედ არ მიჰყავდა.

_ ვიმუშაოთ, სოფელში დოვლათი დავატრიალოთო!

ისიც მინახია ჩემს ბალღობაში, ციციკორე რომ სხვის თავდანებებულ საქონელს აძოვებდა სოფლის პირში, რათა საქონელი ყანებსა და ვენახებში არ გადასულიყო და მოსავალი არ წაეხდინა.

განსაკუთრებით ღირსსახსოვარი იყო ციციკორეს საქციელი მსოფლიო ომის დროს:

ერთხელ, შუადღისას, სოფლის შარაზე გამოჩნდა დედაბერი თუბალაური, რომლის პატრონი შვილი ომში იყო წასული და ყანა მოუმკელი რჩებოდა. გაჰკიოდა დედაბერი და ტირილით ხელში ნამგალს ატრიალებდა :

__ ბიჭო, ნამგალი დაგიჟანგდა, მამხმარე არავინ არი, შენი ყანა დაიწო! რა ვქნა, ომია, მომკელი არავინ არი!__ თან ჰკიოდა უბედური და თან ცრემლით ზუზუნებდა . ცალკე შვილი აგონდებოდა , ცალკე მოუმკელი ყანა!

__ფეხზე დაგრჩა ყანა, არ გეცოდება, რომ ომში წახველი? ცოლ-შვილი დაგრჩა, მე დაგრჩი მოხუცებული დედა! ნეტავ ვის ეომები, რა გაქვს საომარი!-გულსაკლავად ზუზუნებდა თუბალაური შარაგზაზე და მისი სიტყვები გულს უკლავდა უკაცო სეფელს.

უცბად, შარაზე გამოჩნდა თავისი განუყრელი კვერთხით ციციკორე.

-ვაი, თემო და სოფელო! მერე, თუ კაცი გამოილია ჩვენს სოფელში? მაშ, მე ვაჟცი აღარა

ვყოფილვარ!

მეორე დილით, ადრე, ციციკორე თუბალაურის ყანაში ჩავიდა, თან წვრილფეხობა წაიყოლა! თვითონ მკიდა, ბალღობა ხელეურებს უკრეფდა, ულოს უგრეხდა. ხუთ-ექვს დღეზე მოუმკა





ბერმა ციციკორემ თუბალაურს ყანა და მართლა გააკვირვა სოფელი! განა თქმაღა იქნება, როგორ ემადლებოდა თუბალაური?!.

ისიც მოსაგონარია, რომ თუბალაურს მამითადში ყანა სულ ბაგაბუგითა და ყიჟინით უმკია, როგორც ძველად იცოდნენ.

მახსოვს, პირველ მსოფლიო ომში წასულები საღვინით ხელში როგორ დალოცა ციციკორემ. გამაგრდით ბიჭებო, სიკვდილისა ნუ გეშინიათო, ვინც მოკვდება დავმარხოთო, სხვა კიდევ გამოჩნდებაო! ხმა და სახელი შორს გაგივარდებათ, მტერიც დაშინდებაო. თუ ტყვიამ გაკოცათ, თამარ დედოფლისაგან ულუფა მოგივათო.

ასეთი სიტყვით გაისტუმრა თავისი სულიერი შვილები-მერე იწაფა საღვინე და ახლა წამსვლელებს გადასცა-გზა გქონდეთ მშვიდობისა, დაბრუნებისაო!-ასე ომახიანად უთხრა მაშინ, როცა სხვები იცრემლებოდნენ და დედაკაცების წივილ-კივილისაგან ყურთასმენა აღარ იყო.

ციციკორეს თვალზე ცრემლი არავის უნახავს, მხოლოდ ერთხელ, როცა პატარა მწყემსი ბათულა მგელს დაეგლიჯა და მომკვდარიყო,-ამბობდნენ, იმ დღეს ენახათ ციციკორე ტყეში, თვალებზე ქუდი მოეფარა და ისე ფარულად ტიროდაო.

ბათულას სიკვდილმა ისე იმოქმედა, რომ თავის უკანასკნელ ცხვარზე აიღო ხელი.

ზვარა ჰყავდა შეყენებული წმინდა გიორგისათვის. მაგრამ ბათულას ღარიბ ოჯახს რომ არ ჰქონოდა რა საქელეხოდ, ციციკორეს აეხსნა თავისი ზვარა და მიეყვანა,-ეს დაკალითო! ბათულას სულს მიუვიდეს, უფრო მადლიაო!-და მართალიც იყო!..

მაგრამ ყოველივე ამას თავი დავანებოთ! უფრო ის მაგონდება მკაფიოდ, რომ ციციკორეს არავითარი სიახლე არა სწამდა ცხოვრებაში. არა და არა!

აი, გზის პირად მომავალი ციციკორე დაინახავდა ვენახში გულმოდგინედ მომუშავე გლეხს. გახვითქული გლეხი როსტია შაბიამნის წამალს ასხამს ვაზის ფოთოლს. ციციკორე შედგება ღობესთან და პატრონის გასაგონად ჩაილაპარაკებდა:

-მაგ ვენახიდან არა გამოვა რა!

-რათა, ძია ციციკორე?

-რათა და ,დაღუპე ვენახი! აბა, ეგ რაღა ვენახია?

_ როგორ? დღედაღამ შიგ ვტრიალებ , არას ვაკალებ, ახლაც ჰხედავ, რა ერთგულად ვწამლავ!

_ სწორედ ეგ არი! განა შაბიამანი შეიძლება? არ იცი, რომ ზიარებას წამალი არ მიეკარება! ნაწამლი ღვინო და ზიარება, რაღა ღვინოა?_ იტყოდა წარბშეჭმუხვნით სოფლის მესჯულე და თან დასძენდა:

_ ვინც მორჩილია და გამგონი, ვინც უფროსის შეუკითხავად არას იქმს, ვისაც სახლისა, სოფლისა და მამულის უფოსი სწამს, იმის ვენახი ტურფად დაისხამს! უწამლოდაც საწნახელს აავსებს და ვისაც უფროსობა არ ესმის, იმას არც ვაზი უგდებს ყურს, არც თავთავი!





ციციკორეს არა საწამდა შაბიამნისა და, საერთოდ, ახლი წესების სარგებლობა. ისიც უნდა ითქვას, რომ როსტიასაც არაფრად მიაჩნდა ციციკორეს ეტიკობა. აი, ეს გაუტარა სიტყვაში და აგრძნობინა სოფლის უფროსმა.

იმ ხანებში კახეთის რკინიგზა გაჰყავდა და მოლოდინშიც სულ ამ რკინიგზაზე იყო ლაპარაკი. მთლად უნდა შეცვლილიყო კახეთის ცხოვრება. აყვავებას მოელოდნენ. ყველა ღიმით შეჰყურებდა იმ დღეს, როცა მატარებელი გამოჩნდებოდა კახეთის მიწაზე. მხოლოდ ციციკორე არ იზიარებდა საერთო სიხარულს:

-ხბოსავით კი ნუ კუნტრუშობთ! ჯერ დაფიქრდით, გაზომეთ და მერე ისე სთქვით, მართლა ეგრე-რიგად სჭირდება ხალხს რკინიგზა თუ არა!

-აგიჟინიათ მატარებელი, მატარებელიო! აქებთ რკინიგზას და იმას კი არა ფიქრობთ, რა უნდა ჰქნას ხარ-კამეჩმა, ცხენმა? მაშ, ურემი უნდა გადავყაროთ? მერედა უურმოთ ქართველი კაცი გაგონილა? ან ღვინის ქირაზე რით წავიდეთ, ან ცხენს რა ვუყოთ? ამას რატომ არ უფიქრდებით?-იტყოდა ნაღვლიანად და ალერსით გადაუსვამდა ხელს წაბლა ხარს გახრეშილ ქედზე:

-თუ ეს აღარ იქნება, ნურც მე ვყოფილვარ!

უფრო ხნიერი გლეხები ეთანხმებოდნენ ციციკორეს. ციციკორე დაჟინებით გაიძახოდა:

-ხალხო დაფიქრდით, იქნებ არც არი საჭირო ეგ რაღაც რკინის ,,მაშინა!― ჰაერი გაფუჭდება, პური და მტევანი მოიწამლება, ხალხი იავადმყოფებს, უნამუსობა თამოვარდება! განა გოგოები ეგრე თავისუფლადღა გაივლიან?-და ხელი მიაშვირა პატარა გოგონებს, სკოლიდან რომ შინ მოცანცალებდნენ.

-ხალხო, ფრთხილად, ეშმაკს არ წამოვავლოთ ხელი! რკინის გუთანზეც ასე არ იყო? გადაგვაყრევინეს ხის გუთნები, შემოვიღეთ რკინისა და გაქრა ბარაქაც! ხის გუთანი ღრმად ხნავს! ბარაქაც დიდი აქვს.რკინის გუთანი სუსტია, ერთი პატარა ქვა დააბრკოლებს, სადა აქვს მადლი! რათ გვინდოდა, მაგრამ ეშმაკმა შემოგვახვია თავზე! ახლაც ისე მოგვივა !

-კარგად ჩაფიქრდით, ავწონ-დავწონოთო.

ახალ თაობას კი სიცილადაც არ ყოფნიდა ციციკორეს მოსაზრებანი.

-უხატოდ გაგიჟებულა ჩვენი ციციკორე!

ციციკორემ კიდევაც შეუჭეხა მასწავლებელს,-რომელი ,,ალექსა― მაკედონელი შენა მყევხარო, რათ ურევ ქვეყანასო!

მერე ქუდი მოიხადა, პირჯვარი გადაიწერა და განაგრძო:

-ღმერთო, შენ დაგვიფარე იმ ჯადოქრებისაგან! ხომ გაგეგონებათ: ნუ დააგდებ ძველსა გზასა, ნურცა ძველი მეგობარსაო! მამა-პაპას უთქვამს და კარგადაც. რა სჯობია გატკეპნილ გზას, ნაცადს, ნავალს! რათ გინდა ახალი გზა კლდე-ღრეში გაყვანილი, წამისწამ სახიფათო?!

-უწინ, ჩვენს დალოცვილ დროში, ექიმი რას ერქვა-ვინ იცოდა! ახლა კი სულ ავადა ხართ!





რათა, ვისი მანქანებით? ეს ეშმაკიდან მოდის, ქალაქიდან! აბა, დააკვირდით, ხალხნო, თუ მართალი არ ვიყო!

ქვეყანა უპატრონო ნუ გგონიათ, ქვეყანას ვიღაცა პატრონობს! ვიღაცა უჩინარი და იმისი გეშინოდეთ, ნუ გააჯავრებთ!

ამ დროს, ხალხიდან გამოერჩია ქალაქიდან ჩამოსული ქარხნის ახალგაზრდა მუშა, თბილისის გაფიცვების მონაწილე გარსია და ციციკორეს სიტყვა შეუბრუნა:

-ძია კაცო, შენ ვინა გკითხავს სოფლის საქმეს, რა პირისა და პასუხის გამცემი შენა ხარ? ქვეყანა წინ წავიდა, შენ კი ადამის ჟამის ამბებს გველაპარაკები! ვისაც უნდა იცხოვროს ძველ ჭკუაზე, წავიდეს სასაფლაოზე, იქ უქადაგოს მკვდრებს, ჩვენ კი ჩამოგვეცალოს თავიდან!

ასე, ერთი ხელის დაკვრით მოსპი გარსიამ ციციკორეს მპყრობელობა. მერე ვინ? ციციკორეს ნარცხადაც რომ არ გამოდგება. ქალაქში ნათრევი, ფეხშიშველა და თავშიშველა მუშა! ციციკორემ ახლა იგრძნო, რომ ძველი ცხოვრება წასულა დაუბრუნებლად, ახალი ცხოვრების სიო დაეტაკა ზედ მკერდზე.

იდგა დათუთქული ციციკორე და ხმას ვერ იღებდა გაოცებული, გაოგნებული,-როგორ გამიბედაო! ასე დაფასდა განა მისი ღვაწლი და მისწრაფება! ორთითზე დაბჯენილი გლეხები უსმენდნენ და ჰკვირობდნენ ციციკორეს მოთმენას.შიგადაშიგ ზოგი ფრუტუნებედა კიდეც ციციკორეს დამარცხებით გახარებული .ციციკორეს მეტად ემწვავა, ემწვიტინა. განა სავატელსა და ჯაუნარს არ შეუბრუნებიათ ხმა მის წინააღმდეგ, მაგრამ ახლა...

მილასლასებდა თავისი ერთგული ჯოხით ციციკორე და თან გულში იფუფქებოდა. სამდუღრე ცრემლი დუღდა მის გულში, მაგრამ შიგვე შრებოდა. როგორი უკაცრაული მკადრა? -ჩემთვის, ასეთი უკაცრაული და სიკვდილი ხომ ერთიაო! ხალხში ჩემი სახელის ასე მთლად გამოთრევა ვინ გამიბედაო?!

ახლა ციციკორე გამომტვრეული ნაპრალიღა იყო, ჩვენი სოფლის მეუფროსეს არავინ აღარ დაუჯერა არც რჩევა, არც ჭკუა! დაუჯერა გული სიბოროტის მტვერით აივსო! მაშ, რაღა ვყოფილვარ? განა მარტო სტომაქის ქვაბისათვის ვარ დაბადებული? გულს სევდის ლურსმანი დამსჭვალოდა და ვეღარ ამოეძრო! თითქოს ფრთასა და ბოლოს ახეთქებს დაჭრილი არწივიო,_ეს რა ცოდვა დაედო თავსა, რა დააშავა? დაჩუმდა მისი შემჭახებული ხმა. გულზე მოკიდებული ალმური სწვავდა.

_დიდება ძალთა ღვთისათა! __ერთი ამოიოხრა ციციკორემ სიკვდილმისჯლივით, მიდიოდა თითქოს სიცხისაგან ალაკრული, თითქოს ცხელი სილაგარტყმული!

შინ შევიდა ვითომდა მშვიდი და დაწყნარებული, თითქოს პირზე რკინა ეკერა, გული კი ზღვასავით ბობოქრობდა.

_ვინღა იქნება სოფელზე თვალმიგდებით? _რაც უნდა ჰქნან უჩემოდ!

_მერე ვის ამწყრალებ სოფელს, სოფელმა რა ჰქნას? ბრალი სოფლისა, რომ თავისი სიმაგრის ტოტი თვითონვე მოიჭრა!





ციციკორე ლოგინში ჩაწვა.

_როგორ ბრძანდები, როგორ გაისაძლისებ? _შეეკითხებოდნენ სანახავად მოსული მოკეთეები, მეზობლები. ციციკორე დინჯად, ჩამარცვლით მიუგებდა დიდი ჭირდებულივით:

როსტემ თქვა: დღეიმც კრულია დაბადებისა ჩემისა,_

სიყრმე სიბერედ ვაქციე,

დღე ვერა ვნახე ლხინისა,

ვერ გავიხარე კისერი,

უღელი მედგა რკინისა!

და ამას ამბობდა კაცი, რომელსაც უყვარდა წინათ ამ სიტყვების გამეორება:

ჯავრო, არ მოგცემ ნებასა, გულო, არ დაგაშავებო,

მტერო, არ შეგეპუები, ხმალო, შენ გაგაფხავებო!

ერთი სიტყვით, ციციკორეს სულს შავები ემოსა! გულზე თოვლი ედო, ტვინს ნისლი ეხვია, უარსებოს დაემგვანა! გეგონებოდა სიტყვის საცეხვი გამოელიაო, კბილი დაკეტა. ნამდვილად თქვენს წინ კაცი კი აღარ იდგა, არამედ დაკემსილი, გაცრეცილი ღამე!

ამის შემდეგ დარცხვენილი ციციკორე სოფელში ვეღარ გამოდიოდა, გზაბაწარა, საცალფეხო ბილიკებითღა იარებოდა, სოფლის ირგვლივღა ტრიალებდა. მეთხე ბიჭებსღა ესაუბრებოდა. იმ საცალფეხო ბილიკებზეც სოფელზე ზრუნავდა, თუმცა მუხისა და თელის ანგელოზი დაიფიცა, სოფლის საქმეებს აღარ გავეკარებიო...

ახი კი იყო ციციკორეზე, ყველას რომ თავის ნებასა და სურვილს აძალებდა, ეგებ ზოგს საკუნთო სკამზე უნდოდა ჯდომა? ეგებ სხვასაც ჰქონდა ზეშთაგონების ძლიერება. სხვაც იყო გულთამხილავიც, უდრეკი და გულადიც!

ოი, საოცრება! ერთი კვირის მერე, მახარე დორეულმა სახლის შენება დაიწყო და საძირკვლის გასკვნაზე რომ ცხვარი დაკლა, ციციკორეს არ დაუძახა!

მეორე კვირას კოდალამ რძიანი ძროხა დაკლა, მგელს დაეგლიჯნა, არც იქ დაპატიჟეს! _ რას სჩადიან უგუნურები! _ გუნაბაში იტყოდა მოხუცი.

ციციკორეს წარმოდგენაში ქვეყანა იქცეოდა! სოფლის გულაგრილებამ დაასულმოკლა ციციკორე. პირახსნით, გულახსნით აღარავინ ელაპარაკებოდა, თუ ასე ეჩვენებოდა!





ციციკორეს გულში ცხრა თონე იწვოდა, მაგრამ ვინ იყო გამნელებელი?- იმედს ვინ დამიდებს, გულს ვინ დამიამებსო?

აღარ ისმოდა ციციკორეს მჭექარე ხმა, არწივული ყაშყაში! ალმასის გამყრელი სიტყვა ახლა გარსიამ ჩააწყვეტინა.

სადღა იყო მპყრობელობა და განგება! სადღა იყო სოფლის მდეგი, ღვაწლის მძლე, ახლა სულიერი გვემით განცდილი, შეძრწუნებული, შემუსრილი?

უქნელი საქმე ქნა გარსიამ. გარსიამ თუ... ახალმა ადამიანმა, ახალმა ცხოვრებამ, ახალმა ძალამ. მის წინ ციციკორე უმწეო გამოდგა.

ციციკორეს ეგონა, ხალხი გამოიშლებოდა განრისხებული, აზავთებული, მკლავს მკლავზე გადააბამდა, დაიხსნიდა თავის წინამძღვარს და მისთვის მიყენებულ შეურაცხყოფას ასე ადვილად არ შეარჩენდა ვიღაც ,,მოთრეულ― გარსიას!

მაგრამ ჩქამიც რომ არავის დაუძრავს! ოი, სირცხვილო!

იდგა გულშეწეული, გულდამსხვრეული, განა კაციღა იყო? არა, -დამპალი ქვა ფშანტალა,

ოდესღაც ღონიერი და გამძრავი, გულმაგარი, ახლა დამკრთალი, თოთქოს კიდეც დალეულიყო! სხვისი მფარველი თვითონ დარჩა უმფარველო, თვალმტკინვეულადაც არავინ შეხედა.

გაგონილა?!

სიკვდილსღა ნატრობდა ციციკორე და მართლაც ნახა, როგორ არა, ნახა სიკვდილი! ტანთ შავი

ნაბადი ეხვია, თეთრად ცელს აელვარებდა.

ციციკორე არ იყო გარეთ ნავალი კაცი და ამას დიდ ნაკლად უთვლიდნენ. მიჭედილ-

მილურსმული იყო თავის კერასა და სოფელს.

-ჩემი ჭიპი თურმე კერას არი დაფლული, რომ სულ ჩემს კერაზე ვიდგე და არ გავგარეულდეო!

თბილისი ჯერ არ ენახა, არც ელექტრო, არც მატარებელი და ეს ჰქონდა მარად საკვეხრად.

-რა არი ეგ თქვენი ქალაქი! ათას საკვირველებას ამბობდნენ, მაგრამ მე არც მიკვირს, არც მეშინია და არცა ვნახავ! იქ რა მესაქმება!

თუმცა ხმაში შეატყობდი, რომ სოფლის უმანკო წიაღში აღზრდილს მისტიური შიში ჰქონდა ქალაქის ცივილიზაციისა, მაგრამ ამაყი არ ტყდებოდა.

სიბერე ლომსაც მორევიაო! მოერია ციციკორესაც.ნაბიჯი გაუძნელდა, შემდეგ გაცივდა, მაგრამ სიამაყით ავადმყოფობას არ დაუწვა და გადაჰყვა კიდეც თან...

... და 1915 წელს , კახეთის პირველმა მატერებელმა ივრის სადგურიდან რომ შეჰკივლა პატარძეულის მიდამოებს, სწორედ იმხანად მარხავდნენ ციციკორეს!

მატარებლის ხმის გაგონებაზე მეზობლები გაკვირვებით ამბობდნენ: -აკი ეშინოდა, დახე, რა დროზე გაეცალაო!





ციციკორეს სიკვდილის ღამით, თურმე, არც ვარსკვლავები ჩამოცვენილა, არც წყლები შხიოდნენ, არც ქარი გრიალებდა, როგორც სცოდნია, ხალხის სიტყვით, დიდი კაცის სიკვდილის დროს, არც ძაღლებს უღმუვლიათ მთელი ღამე! არაფერიც არ მომხდარა ამის მსგავსი!

ღამე იყო წყნარი და გრილი, ადრეული შემოდგომის ღამე!

დილაადრიან, ნახირის გარეკვისას, მეზობელი ქალები, ჩვეულებისამებრ, სოფლის

გზაჯვარედინზე ერთმანეთს შამოხვეოდნენ: -ვაი და ვაი!

-რა იყო, რა მოხდა?

-მაშ, არ იცი?

-რაი?

-მაშ, არ შეიტყე ჩვენი დასაკლისი?

-არა და არა!

-ჩვენი სოფლის ბურჯი წაიქცა წუხელის! ციციკორემ სული ჩააბარა გამჩენელს!

-ვაი და ვუი! - შეიცხადა მეორემ.

-ნეტამც არ გეთქვა! ახლა რაღა გვეშველება?

ბევრი მართლაც გულით შეწუხდა. ხნიან ქალებს ცრემლიც კი გადმოუგორდათ დანაოჭებულ თვალებზე.

სასაფლაოდან კაცები თავდადრეკილები მოდიოდნენ, რაღაც დაბნეულები.

__რა იქნება დაღმით -ჩაღმართით? ავაი, ჩვენს უპატრონობას! რა დამწონი კაცი დაგვაკლდა! ოჯახებში ციციკორეს შესანდობარს სვამდნენ:

__ღმერთს ჩაბარდა ჩვენი ციციკორე, ახლა ცივი მიწის ტყვეა! წავიდა! სალამი მივცეთ, ბიჭებო, ღვინო დავუშვათ ჯამზე,_ იტყოდა რომელიმე ტუხა, ბახა, ყოტა, ბირხოლა თუ ბოხვერა და ჯამზე ღვინოს დაუშვებდნენ მოსაგონებლად.

__ვაი რომ ვეღარ გავიგებთ ციციკორეს დარიგებას, გულშემატკივრობას!

სავატელმაც თავი მოიხარა, მივიდა, კუბოს ხელი დაარტყა და გულისტკივილით დასძახა: _განა კიდევ გააჩენს ჩვენი სოფელი ამისთანა კაცსაო?

თუმცა მაღალი არ მოდრკა, დაბალი ვერ შესწვდა. აკი ამბობდნენ: ორი ყოჩის თავი ერთ ქვაბში ვერ მოიხარშებაო!





ციციკორეს დამარხვის დღეს, ერთი მღიმარი კაცი არა ჩანდა მთელ სოფელში, მხოლოდ ჰაერში მაძღარი ქელეხის სული ტრიალებდა.

__ეჰ, ვეღარ ჩამოივლის ჩვენი ციციკორე სოფლის შარაზე ყავარჯნის ბჯენით! __ვეღარ შეგვსუსხავს!

__სიმართლე სუსხია? ისე ღმერთმა მე მიშველა, რამდენჯერ ყავარჯენიც აყვავებულა სიმართლით! ციციკორეს ამაგი მერე დაფასდება ოქროს წონად!

__დახე, რა გვიყო ტიალმა სიკვდილმა, კიდურზე მიგვიყვანა!

დამარხვის დღეს, დედაბრები იცრემლებოდნენ: დასტურ, რაღაა ჩვენი სოფელი, ციციკორეს

მერე ნასოფლარიღააო! დიახ, ნასოფლარი! მაშ, რაღაა მას მერე, რაც მიწაში ჩაწვა ციციკორე!

ახალგაზრდებს ეღიმებოდათ...

ბებრები ტირილით აცილებდნენ ცხედარს.

ყოველთვის ასე ყოფილა. გულმდუღარებით მხოლოდ თავის თაობას დასტირიან წმიდა, გულწრფელი ცრემლით თანამედროვენი!

მარიტა

ვის არ უყვარს მზე?

მზეს ესწრაფვის დიდი არწივი, პატარა ტოროლაც, ―ცას წავალო― რომწკრიალებს ყოველ

დილით, აექანება ცისკენ მთროლარი ფრთებით.

პირველ რიგში ბროწეულს უყვარს მზე!

როგორ მწვავს ბროწეულყვავილის ნაელვები გამოსხივებანი!

მიყვარს ცეცხლური ყვავილი, მზიანეთის სხივმფენარა ალნაკადი ოქრომდინარი, სეფესანთელივით რომ ბრდღვიალებს; მიყვარს მისი გულის ავსებულობა! თითქოს მზე სავსებით შეუწოვიაო.

არა, არა მჯერა, რომ იგი სხვა ყვავილივით დასჭკნეს როდესმე ჩამოსცვივდეს, განქარდეს, ამტვერდეს! არა, არა მჯერა!

მზის ნაბადებია; მის კოკორში დაგუბებული სხივთანაგალობარი; შიგ ჩაწერილია ანკარა სხივთა რაკრაკი; მზისობა უჩანს თითოეულს ნაკვთში.

ყვავილი კი არა, მზის ნაკადულის კამკამია! - ასე იტყვის გულისხმისმყოფელი!

ბუნების ასეთივე საჩუქარი იყო, ჩემს ოცნებას რომ შემოჰხვევია ბროწეულყვავილივით, - მარიტა! ნათლით სავსე, ღიმცრისკროვანი ყვავილი ჩემი ყრმობისა!





მარიტა!

მარიტა - თითქოს მზე ჩამოვარდნოდა!

ქალი კი არა, - მთვარის გამოახლება იყო!

მარიტა – ჩემი ყრმობის მეგობარი! ქალებში – დედოფალი.

- შენ „მზევარ― უნდა გერქვას, „მზევინარა―, ბევრს უთქვამს მარიტასათვის.

მარიტას მერე , მე აღარ გამკვირვებია არც ყინწვისის ღვთაევრივი ფრესკა, არც არმაზელი ტურფა სერაფიტა.

- ვისაც ღმერთი არ გინახიათ, მოდით და ნახეთ მუხათწყაროში! გადამეტი არ გეგონოთ და მარიტას მშვენების სამზერად საგანგებოდ მოდიოდნენ მეზობელ სოფლებიდან. მოდიოდნენ და უყურებდნენ.

- რამ წარმოქმნაო? - ჰკვირობდნენ.

მართლაც, ხეობის თვალი იყო მარტა.

ახლაც ჩემს თვალწინ დგას ალმასური სახე, მწყაზარი. მოციმციმე ტრედონა, წყნარი, როგორც მაისის თეთრი წვიმა, ქალი – მტრედივით შემკობილი, ჩაკდემით მოსიარულე; ნაზი, როგორც ნიავი, ვერხვში შეხიზნული.

მართლაც , პირმეტყველი სამოთხე იყო მარიტა!

გიოცნებია ნუკრის თვალებზე? გყვარებია მერცხლიანი თვალები? ძვირფასი სახის დამარმარება? მარიტას სახე – მართლაც სინათლე იყო! ბროწეულის ყვავილივით ჰყვაოდა მისი სილამაზე!

მარიტა ცისარტყელასავით დადიოდა სოფლის ორღობეში, თუმცა ორშაურიანი ჩითის კაბა ეცვა! რა უცნაურია ბუნება! როგორ იცის ზოგჯერ უხვად დასაჩუქრება!

მარიტას სულის მშვენიერაბა აღემატებოდა მის გარეგან სილამაზეს. გულში ია ამოსდიოდა !

თვითონვე გრძობდა მარიტა ბუნების მიერ მომადლებულ ნიჭს, გულში მადლიერობდა, რომ მშვენიერების ღირსი გახადა ბუნებამ და ამ ნაჩუქარ დიდებულ განძს, თავისი ზნეობითაც უვლიდა, ნაზად და სათუთად უვლიდა...იცოდა რომ უხვად იყო დასაჩუქრებული! იცოდა, აფასებდა, უფთხილდებოდა!

რამდენ ვაჟს უნატრია: ნეტამც შვილად გავჩენოდი შენს დედამთილსო! -ახ, ვინ ბედნიერი გაისაკუთრებს?ვინ იქნება მისი მისი მკუთვნელიო? _გლეხის ქალი და ეგრე ლამაზი?

_განა ეთერიც გლეხის ქალი არ იყო, უღარიბესი მეწისქვილის ასული, მეფისწული აბესალომი რომ ეტრფიალა?





ჩემი სახლის გასწვრივ მოჩანდა ჩაჩიკას ქოხი, ვეება ლეღვის ხეს გამობმული! ამ ქოხი შვილი იყო მარიტა! _ჩვენი ნათლული და ჩემი მეგობარი; დედით ობოლი, დიდედა ლელაურის მუხლქვეშ გაზრდილი.

მაშინ ის პატარა გოგო იყო, მეც მისი ტოლი ბიჭი ვიყავი!

ენკენისთვის მიწურულები იყო, როცა ყურძნები დაკრეფილია, ქვევრები ნიგვზის ფოთლებითა და აყალოთი ახლად არის წახურული, ეზოებში კი მოდებულია ბრელო ახლადმოჭრილი სიმინდისა. ამ დროს მოყვითლული დღეები კელაპტარივით იწვიან. ჰაერი გამჭირვალეა, ცა ლურჯად ჩამდნარი, უციაგესი...

უჩუმრად იდგნენ ცივ_გომბორის მთები, ჩემი მშობელი მთები. ქვევით იორი ლაპლაპებდა ომში ამოღებული ხმალივით. ივრის ხასხასა ჭალები ნოყივრად შრიალებდნენ. უბნის გოგო - ბიჭები ჰაერში გაბმულ ―ირმის დორბლებს― ვიჭერდით, დავკუნტრუშობდით, ვღეროდით.

უეცრივ, ჩვენს ეზოში შემოვიდა შუახნის, შეჭაღარავებული ცხენოსანი, უნაგირზე პატარა გოგო შემოესვა - მარიტა.

ყვითელი აბრეშუმივით თმა_კულული... ლურჯი თვალები....ისე ვიგრძენი, თითქოს ჩვენს ეზოში ია შემოვიდა შემოვიდა და შემოეფინა... მე შევდექი და გაკვირვებულმა ცქერა დავიწყე მერე მოწიწებით მივუახლოვდი, ხმის გაცემა გავბედე და... მალე ერთად ვთამაშობდით მე და მარიტა!

ახლად დაქვრივებული ჩაჩიკა ჩვენსას სტუმრად მოსულიყო თავისი დაობლებული პატარა გოგოთი. მალე მარიტას ნადედობიც გამოჩნდა-დიდედა ლელაური!

დედაჩემს ძალზე გაეხარდა ნათლულის ნახვა. კარგადაც დახვდა. მთელი დღე ჩვენთან დაიმყოფეს მარიტაანთ. მეორე დღეს, ჩაჩიკა სიდედრის ქოხში

ჩასახლდა.

იმ დღიდანვე მუშაობას შეუდგა შრომამოუწყენელი ჩაჩიკა თავისი სიდედრის, მამულში, თვითონ არაგვიდან იყო, ცოლი რომ მოუკვდა, იქ ვეღარ დადგა, ცოლის სიყვარულით მის სოფელს შემოეხიზნა.

მშვენიერი ვენახიც გააშენა! სულ ერთთავად შიგ მუშაობდა! მეზობლები დიდ პატივსა სცემდნენ შრომისათვის:

-სირცხვილია, ჩაჩიკას ღვინო საქეიფოდ დაილიოს, წამლად უნდა მიიღო და წვეთეულად იხმაროო!

ღარიბი იყო ჩაჩიკას ოჯახი, თუმცა ჩაჩიკას გარდა დიდედა ლელაურიც მხნეობდა. წერა-კითხვაში გაწაფული მარიტა ახლა სხვას ასწავლიდა ანაბანას დიდის

გულმოდგინებით. რომ წამოიზარდა, საოცარი ხალიჩის მქსოველი დადგა! გაზაფხულის ყველა ფერით ხალიჩას ჰქსოვდა, გამოცდილ ოსტატივით!

მეც იმ დროებში დავიწყე ლექსების წერა. ორივემ ვიგრძენით, რომ ხელოვანნი ვიყავით და ალბათ ამიტომ სულის თვისტომები გავხდით... შეიძლება ესეც იყო ცჩვენი ასე დამეგობრებისა;





მაგრამ, მაშინ რომ ჩემთვის გეკითხათ, გეტყოდით, რომ მიზეზი,- მარიტას უნაზესი ხმა იყო და კდემამოსილი სახე, თანაც უჩვეულო, ქალწულებრივი სიმშვიდე.

რატომღაც ზედმეტად სჯეროდა ჩემი პოეტობისა:

-მომეცი შენი ლექსი, ამ ფარდაგზე ამოვქსელო! - მეხვეწებოდა, - აქეთ-იქიდან კი, ვარდებს

ამოუქარგამო.

მაგრამ სად მქონდა ისეთი ლექსი, რომ ღირსი ყოფილიყო მარიტას გულისყურისა თუ მისი

თითების შრომისა?

ახლაც კი ვერ დავარწმუნებდი მარიტას,რომ მის მიერ ხალიჩაზე ამოქსოვის ღირსი ლექსი

ჯერაც არ დამიწერია!

ერთხელ, ჩემი მასწავლებელი, კომპოზიტორი ნიკო სულხანიშვილი, ჩამაცივდა:

_ჩქარა ―საქართველოს ჰიმნისათვის― ლექსი დამიწერეო! მალე გავთავისუფლდებით და ჰიმნი დაგვჭირდებაო!

ეტყობა, სულხანიშვილს მარიტასათვის სჯეროდა ჩემი ნიჭისა!

ცხადია, თავი ხიფათში არ ჩავიგდე და კისრად ვერ ვიდე მუსიკოსის დავალება, ისევე როგორც

მარიტას თხოვნა.

ეს იყო 1916 წელს,რევოლუციის წინა წელიწადს!

საოცარია,როგორც მარიტა და ნიკო სულხანიშვილი მთხოვდნენ დაჟინებით ლექსს, ისე ჩემთვის აღარავის არ უთხოვია ლექსი, არც ერთ რედაქტორს, არც ერთ თაყვანისმცემელს!

საოცარი მშრომელი იყო ჭირდებული დიდედა ლელაური, მარიტაც მას მიემგვანა, მასაც სწყუროდა ცხოვრების წმინდა წყაროს წყალი!

მარიტა შრომაშიც ფაქიზი იყო, მუდამ ფურფუშებით და ფანცი_ფუნცებით მორთული წინსაფარი ჰქონდა აკრული__მარწყვის ყვავილით მოჩითული.

საშინლად მეცოდებოდნენ ―მეთავთავე ქალები―თუ ბალღები. მკათათვის სასტიკ სიცხეში ტვინი უნდა აედუღებინათ ცხარე მზის გულზე! წაღუნულებს, სისხლდაწკრეტილებს, ნამგლისაგან გაბნეული, დანარჩენი თავთავი უნდა მოეკრიფათ. წინსაფრით შინ ეზიდებოდნენ.

ეს მათი წლიური სარჩო იყო, ხოლო თუ ქალს ქმარიცა ჰყავდა, ეს მონაკრეფი თავთავი მაინც მისი პირადი ქონება იყო, ქმარი ვერ შეეხებოდა, ამას მიუმატებდნენ კალოს გალეწილ ჯელჯს და ბოლოს საკუთრად ლეწავდნენ. ამ პაპანაქებაში, სიცხეში, საშინელი ჯაფით შეგროვილი გროშებით ქალს შეეძლო მეწვრილმანისაგან ქმრის დაუკითხავად ეყიდა თავიჩითი საკაბე თუ ბამბაზია, საკუთრივ ან თავის შეუმოსავ ბავშვებისათვის.

მკათათვის დილიდანვე სამკალში გაშლილ დედაკაცებში ჩადგებოდა მარიტა და გულმოდგინედ ჰკრეფდა დაბნეულ თავთავს. მე ვერ ვიტანდი მარიტას სიცხიგულზე შრომას და ვეშველებოდი. ბევრჯერ დედაჩემი გამჯავრებია, მზე არ ჩაგვარდესო, მაგრამ თავთავებზე წახრილ მარიტას არ წავხმარებოდი, არ შემეძლო.





-წადი, გენაცვალე, არ დაისიცხო! - წყნარად მეტყოდა მარიტა და მისი უნაზესი ხმა უფრო მაბამდა იმ ადგილს, სადაც მარიტა ჰკრეფდა თავთავებს, ვიდრე მზის შუქი ჩაიკრიფებოდა.

იწვოდა დუბიანი, მზისაგან დამწვარი წითლობი; შორს ჰმშვენოდნენ გრილი ბაღნარები; მაგრამ საგრილობელი, ჯავრიანი ხეები მარიტასთვის არ შრიალებდნენ.

საღამოთი, სახემტკბარი მარიტა გამობრწყინდებოდა თავის დერეფანში, სულაც არ ეტყობოდა მთელი დღის დაღლილობა. პირმოოქროვილი დეიდა ლელაური წადიერებით ეალერსებოდა საყვარელ შვილიშვილს.

-ჩემო სპეტაკო შროშანავ, ჩემო ბამბიქულავ! რად გინდა მზითევი? შენი მზითევი-შენი აბრეშუმივით გადავარცხნილი თმებია!-ეტყოდა დიდედა.

-შენი მზითევი- შენი იისფერი თვალებია!

-მთვარისპირავ, შენი გულ-მკერდის ნათელი -შენი მზითევია!-და ეგრე უნდა ჩაჰყოლოდა

ანაგებად, თავიდან ფეხის ფრჩხითებამდე დიდის ალერსით დამტკბარი ლელაური. კრძალული მარიტაც ჩუმად ნებივრობდა.

-შენთვის გაქარწყლდეს დიდედაშენი, ჩემო ობოლო, მარგალიტზე უთეთრესო!-განაგრძობდა დიდედა და თან ნაწნავს უწნავდა. წამოწოლილი მარიტა შველივით განაბულიყო.

-ვარდის ჩიტო, პატარა მტრედო გვიძინა! - არა ცხრებოდა დიდედა ლელაური. მზის ცისკარო!

ჩვენს დროს ბავშვთა ერთი ბედნიერი დღე ― არიფანა ― იყო-საძმო სუფრა,- ყვავილთა დღესასწაული, ყრმათა პურ-მარილის შეერთება. არიფანას ყოველწლიურად, ვარდობისთვეში, ვმართავდით უბნის ბავშვები.

შინიდან წავიღებდით წინასწარ დამზადებულ სანოვაგეს, ტკბილეულს, ტკბილ სასმელს, შერჩეულ ადგილზე გავშლიდით სუფრას, თავზე დავიდგამდით გვირილის გვირგვინებს, სუფრა კი ვარდ-ყვავილებით, ზიზილებით გვქონდა აყვავებული.

ვმღეროდით, ვლექსობდით, ვცეკვავდით, ვთამაშობდით.

კარგად მახსოვს, უკანასკნელი არიფანა ჩვენი ვენახის თავში გავმართეთ, დიდი სამასწლოვანი

კაკლის ჩრდილის ქვეშ.

მე, ძველი არიფანების მონაწილეს, მიფიქრია, რატომ ისევ არ შემოვიღებთ

ჩვენი ბავშვებისათვის არიფანას,-ამ მშვენიერ ძველქართულ ჩვეულებას,-ბუნების დღესასწაულობას ყმების მიერ?

უკანასკნელ არიფანაზე განსაკუთრებით დამახსოვდა მარიტა, არიფანას დიასახლისი! უკანასკნელის, ვამბობ, რადგან მაშინ უკვე საარიფანო ჰასაკს გადავაღწიეთ, მოზარდობაში გადავდგით ფეხი, ერთი ჩვენი ტოლი გოგო იმ წელს

კიდევაც გაათხოვეს.





და აი, უკვე სხვა თვალით მეჩვენა მარიტა, - გარდასხვავებული! შედედებული, მკერდამოვსებული ქალწული იდგა თეთრმოვარდისფერო კაბაში!

არიფანას სუფრაზე მარიტა ტკბილი მზრუნველობით დიასახლისობდა, რიგს

გვაძლევდა, დაგვზრუნავდა, გვეალერსებოდა. ოდნავი სევდა უკრთოდა თვალებში, ალბათ იმიტომ,რომ ჩვენსავით ისიც სამუდამოდ ეთხოვებოდა ბავშვობას, უკვე მოზარდობის ჰასაკში გადასული.

ისიც შევნიშნე, რომ ჩვენი მეზობელი, ჭაბუკი მეძროხე გედია ნათელიძე, თვრამეტ-ცხრამეტი წლის ბიჭი, სუფრის თადარიგში ეხმარებოდა; თან მოკრძალებითა და ღიმილით მისჩერებოდა; თითქოს რაღაცას ემუდარება, შესთხოვსო, ხან თითქოს კიდევაც ებუზღუნებოდა. ერთი სიტყვით, ისე მეჩვენა, რომ გედია ვერავის ამჩნევდა მარიტას გარდა. ის მშვენიერი ყვავილთა გვირგვინი, დიდის ეშხით რომ დაწნა გედიამ, სწორედ მარიტას დაადგა თავზე, ლეკურიც მასთან იცეკვა!

მარიტასაც ეტყობოდა უჩვეულობა-უეცრად მოსწყდებოდა იქაურობას, გაირინდებოდა, თითქოს სხვა სამყაროში გადასულაო, და მის მშვენიერ, კამკამა სახისთვის თითქოს ნაღველს თავისი ფრთა გაეკრა...

შესემჩნევი ბიჭი იყო მეძროხე გედიაც-რჩეულებში ამორჩეული! მაგრამ მარიტასთვის ღარიბი, უქონელი, უყოლელი, უმამულო!

მალე ხმა დაირხა მარიტა და გედია შეყვარებულები არიანო! გედია აღარ მალავდა. ერთხელ ჩემთანაც წაიღიღინა, ტყეში რომ ვიყავით შინდზე:

„ მენატრები,მარიტავ, სული ამდის ყელშია!―

გედია ზაფრადაცემულივით ტორტმანებდა, იკლაკნებოდა სიყვარულით, მოუსვენრობდა, საქმეს თავს ვერ უდებდა, სიყვარული შეჰსეოდამის თითოეულ უჯრედსა და ძარღვს.

„წყეულო სიყვარულო,

ვაი, ჩაგავლებ ხელსა,

სულ ლუკმა-ლუკმა დაგკუწავ,

მერე შეგიკეთებ ცეცხლსა!―

ბევრი სხვაც იყო მარიტას სხივოსანი სახით ელდა დაკრული. თვალმცეცხლი ბიჭები ეტმასმებოდნენ მარიტას, არა ერთი ჭაბუკი მწყემსი, მევენახე, მეხრე თუ მეძროხე.

მარიტას ბრალი იყო, ზოგს რომ ძროხები ეკარგებოდა, ზოგი სამუშაოზე ვეღარ მიდიოდა, ზოგი ღამეს თეთრად ათენებდა, ზოგი დღისითაც გმინავდა.

-გაძნელდა უშენობა!





შორიდან შესჩიოდნენ მარიტას აჩრდილს.

მაგრამ ყველაზე მეტად დაჭრილი გედია იყო.

მახსოვს, სიონობა ჩვენს სოფელში, დღეობა და ღრეობა.

მოზარდობა ფოლორცზე ორ ჯგუფად გავიყავით.

ერთი ცალ მხარეს იდგა, მეორე - მის პირდაპირ.

ხელი ხელთ გვქონდა დავლებული. ჩვენ რომ სიმღერით ვიტყოდით, თან სკუპით წინ მივიწევდით, მეორე ჯგუფი შეგვეპასუხებოდა სიმღერით და სკუპითვე უკან დაიწევდა.

ჩვენს ჯგუფში მარიტა იდგა, მეორეში__გედია. გედიას ჯგუფმა ძველებურად მოგვიმღერა:

- ა, ნიშანი, მოგვეც, ქალო, თამროს გარდამაო! ჩვენ ვუპასუხეთ: არ მოგცემთ და არ ვიკადრებთ, თამარ კარგა ვყაო!

გედიას ჯგუფი: - მეძროხის ცოლად

მინდოდა, თამროს გარდამაო!

ჩვენ: - მეძროხე მოჩანჩალეა,თამარ კარგა!

ვყაო

გედიას ალმურმა აჰკრა, გედიას ჰკენწლავდნენ.

არა ცხრებოდა სიმღერა:

გედიას ჯგუფი: - მომე თოფი, მოვიტა-

ცებ!

მარიტას ჯგუფი: ვერც მოხვალ და ვერც ხელს ახლებ! გედიას ჯგუფი: - ნიშანი მოგვიტანია.

მარიტას ჯგუფი: - არ გვინდა შენი ნი-

შანი!

გედიას ჯგუფი:-ასი თუმნის ფარჩა!

არი





მარიტას ჯგუფი:-არც შაურის ძონ-

ძებია! სანეხვეზე ნაგდებია!

გედიას ჯგუფი: მოველი და მოგიტაცე!

მისცვივდნენ მარიტას და გაიტაცეს თავის მხარეზე. მაგრამ მოწინააღმდეგ ჯგუფმა ისევ უკან გამოიტაცა.

ამნაირად, არ ემეტებოდათ მარიტა მეძროხე გედიასთვის.

შემდეგ ორივე ჯგუფი შეერთდა, გაჩაღდა ტაშ- გოგონა. თავდავიწყებული გედია უვლიდა, ცეკვავდა და თან ლექსს შესძახებდა რაღაც ჟინით:

ლე, ლე, ლეკურ - კაბა!

გოგოებმა შეუკიდეს.

დედამ კაბა შემიკერა, დარაია, შრიალაო!

აბა, ბიჭო, შემოხედე, როგორ მადგა ტანშიაო!

ბიჭებმა შეუძახეს:

ღმერთმა შენცა შეგარცხვინა,

შენი კაბის არშიაო!

გედიამ მარიტა გაიწვია საცეკვავოდ,მარიტამ თვალი მიანათა და... შეცურდა წრეში, ცეკვავდა მარიტა და ყველანი მას მივჩერებოდით... როგორ უხდებოდა ქალწულს თვალთა ნარნარება! თითქოს ნიავი ცეკვავს ლერწმის წვერზეო! ყველამ სული განაბა და როცა მარიტას ბოლო წრე უნდა შემოევლო, სწორედ ამ დროს, თვალი შეჰკრა საყდრიდან გამოსულმა ბებერდედა ლელაურმა, ხელი ჩაჰკიდა და წრიდან გაიყვანა.

მარიტა დარცხვენილი იდგა დამნაშვესავით, თითქოს უჩინთვალმა გაუგო გედიასადმი ტრფიალება და აუკრძალაო.

- რა შენი ტოლია ეგ ჭირსაცმელი? - ცალკე საყვედურით უთხრა მარიტას.

მარიტას პირველად დაეწვა გული...

მეზობელი ბიჭებიც გადამეტი სიყვარულისათვის დასცინოდნენ მგრძნობიარე

გედიას, - სად არის ამდენი დრო, რომ მარტო ქალს შესწირო, ათასი საქმე აქვს სოფელში





ადამიანს და თავშისაცემი? გედია კი მარტო მარიტას გზას ანდობს თვალებსო?

--ეგრე არ უნდა, შენ , ბიჭო, ნიადაგ ქალთან სწორება. ხან ხვევნა უნდა, ხან კოცნა, ხანდახან მკლავზე გორვება, ხანდახან კარზე გახვიდე, უკან არ დაგრჩეს ცხოვრება!

განა ცხოვრებისაღა რამ ესმოდა გედიას? ერთს საღამოს მენიშნა გედიას

დედის, ხათუთას, სიტყვები, შვილს რომ მუდარის მიჰმართავდა დერეფანში,.

როცა ძროხის მოწველის მერე ფეხი წამოჰკრა ქვას, საწველელი წაექცა და რძე დაე

ღვარა:

--დავბერდი , შვილო, შრომა აღარ შემიძლია, თვალთ აღარ მიჭრის, ნისლი რომ

მეხვევა, სუდარა მგონია! ცოლი მოიყვანე, ცეცხლის ამნთები მინდა! მარიტა მოიყვანე, სანთლით ნარჩევი ქალია!

რა იცოდა ხათუთამ, რომ მის შვილს უკვე შმაგურად შეჰყვარებოდა მარიტა!

მოეყვანა კი არა, წამსვე ხელს დასტაცებდა , ციმციმ გამოიტაცებდა, თავსაც შეაკლავდა.

ლელაურისა ეშინოდა, თორემ მარიტას თანხმობა კიდეც ჰქონდა მიცემული! ავარდა სიყვარულის ალი! ავარდა და აგიზგიზდა!

მარიტასაც და გედიასაც ახლა შეეძლოთ ―ვისრამიანის― ენით ეთქვათ ერთმანეთისთვის : ―ჩემგან კიდე საშენო სხვა აღარავინ იპოების და შენგან კიდე საჩემო! მე მაისი ვარ შენ__ გაზაფხული!―ან ერთად ემღერათ:

,,გინდ მოვიდნენ ცხრანი მზენი , მე უშენოდ ვერ დამთბება! ̈





მარიტას ―მისაფუძვლამდე― შეერყია გედიას გული! მარიტა და გედია ერთმანეთის საფერისები იყვნენ, მაგრამ მათი ბედი გადაწყვიტა დიდედა ლელაურმა:

გედია? ცუდი ბიჭი როდია, მაგრამ უარსებოა, ღარიბი! ჩემს ერთადერთ

შვილიშვილს ვერ დავაჩაგვრინებ, ისიც გვეყოფა, რაც გვწეწა სიღარიბემ! -და თითისტარს

ჩახვეულ ფარტენაზე ცრემლი დააგდო.

მაშინ მწყემსი შეთე დაუბეჯითეს და კიდეც მოიწონა.

-შეთე? - ცხვრის პატრონი, სიმდიდრით დამტკბარი! მისი ცხვრის ფარები თურმე თრიალეთის მთებს ღრუბელივით აშავებს და წვიმასავით იწველება!

-შეთეს ბეღლებში კიბით უნდა ჩაიხედო! სავსე აქვს ქვევრი, ჭურჭელი, გოდორი!

ჩემი მარიტაც გაიხარებს; სიღარიბის პატარძლობა არ უწერია, სულ ვარდი უნდა აყაროს

ცხოვრებამ; მზით უნდა იყოს გადანამქრული! ამის ღირსია! -წარმოთქვა უმერყეო ბერდედამ. ამ სიტყვებს წინ ვერა დაუდგა-რა ...

თუმცა კი ჩაჩიკამ გაიკმარა საოჯახო თათბირზე:

-რათ უნდა უსიყვარულო სიყვარული? კალთაში ჩაეშლებაო! ოქროთი ვერ მოიგებ ბედნიერებას! - მაგრამ ვერც სიღარიბის დასასუსხად გაიმეტა და თანაც სიდედრის მკაცრმა კილომ გააჩერა:

-ჩემი შვილის უბედურებაც მეყო და ისიც, აქამდის რაც ვიწვნიეთო!

აგრე შერთეს მარიტას უნდომი, უნდო, უყვარული ქმარი შეთე__მლაშე ,ზვიადი , ყომრალი

კაცი, მგლისფერი!

პირანთებული მარიტა მიემკვდარა, რა შეიტყო თავისი ბედი, მაგრამ რას იქმოდა? ბევრჯერაც

თვალებს დახუჭავდა, წარმოიდგენდა თავის გედიას! დიდი იმედები გამტვერდა! ვარსკვლავმა გვირგვინი ჩამოიყარა... ლალის საყურე გაშავდა...

ქორწილი რომ გათავდა, მარიტასა და შეთეს საქორწილო გვირგვინები ხმლითა და ხანჯლით აჰხადეს, ვითომც უომრად, უბრძოლველად, უხმლოდ და უხანჯლოდ ამათ ვერავინ გაჰყრისო. მარიტასათვის ნისლისფერი ცხოვრება დაიწყო...

შეთე, ნამშრალი, გოროზი, ყველასაგან უყვარული და ყველას უარისმყოფელი, დახარბებული იყო ცხოვრებას. დღეში ათჯერ დასთვლიდა თავის ცხვარს და კიდევ არ ეკმავებოდა.

არ უყვარდა ღარიბი თანამოძმენი: გაბოტილი იდგა დაჰკილავდა. ერთხელ ასეთი სიტყვა გათალა:





-თანატოლები რათ უნდა ვიყვნეთ ქონებულიუ და უქონელი-თან შავი ალმური ასდიოდა სახეზე.

მარიტას გულზე მჩხვლეტავი ნემსებივით ეჭიდებოდა მგლის ნაკბილარივით შეთეს სიტყვები.

გედია? გარეგნულად არ შემკრთალა, წარბიც არ შეიდრიკა სიამაყით, მას ეგონა,თუ ქალმა გასწირა!ჯერ სულაც გაჰქრა სოფლიდან, მერე ორჯერ სამჯერ  ̳აიარა შეთეს ახალი სახლის წინ დათოვლილი ნაბდით, მარიტასკენ არც კი გაუხედნია!

დრო გადიოდა. ესე ამბავი ყველას დაავიწყდა, გედიას და მარიტას კი – არა!

ოი, სასწაულო, არ ვიცი, ვისი რჩევით, შეთემ გედია ნათლიად მიიყვანა, როცა ბიჭი ეყოლა.

ბოროტი ენები მარიტას აბრალებდნენ.

გედია ისე იქცეოდა, როგორც ყველა ნათელ-მირონი, ეტყობოდა შეთემ არა იცოდა-რა, ან რა

უნდა სცოდნოდა?!

გედი და მაროტა ცალ-ცალკე, უჩუმრებად ებრძოდნენ გრძნობას და ვერ მორეოდნენ .

... და ერთხელ, როცა შეთე თრიალეთზე იყო, ხოლო მისი დედა გულიზარი ამიერ ქვეყნიდან გასულიყო, გედია ჩავიდა მათს ოჯახში სამძიმრის სათქმელად.

მარიტასთვის სამძიმარი უნდა ეთქვა ნათლიას, მაგრამ ნამდვილად კი, მარიტას ღიმილი სწყუროდა! სულ ერთი სიტყვაც რომ გაეგონა მისგან, მთელ წელიწადს იკმარებდა ბედნიერებისათვის!

მარიტაშემთხვევით მარტოდმარტო დახვედროდა ოჯახში.

--გაუმარჯოს იმ ორ წვეთ თაფლს, რომელიც დღეს ერთ სიტკბოდ შეერთდება!-- კისკისებდა

სიო.

ლოყაწითელი მაისის იასამნის მიბნედილი სურნელი მხიარულობდა...

ასე შეხვდნენ ერთმანეთს—ახალი ტარიელი და ნესტან-დარეჯანი...

მეზობლის შინაბერა ბალბალუკას,--„ნემსისპირას―, კივკივით მოსიარულეს, არ გამორჩა გედიას სტუმრობა. კევიღეჭიამ გამოაქვეყნიერა ყოველივე.

სოფლის ენაკეციამ ნაზი, ქლარცი და თავაზიანი ლაპარაკი იცოდა. და ამ ნაზ სიტყვათა გადაცემა-გადმოცემაში, თავისი ვითომდა კლდამამოსილებით, მთელ სოფელს ამცნო გედიას და მარიტას ვითომდა საცოლქმრო შეყრა.

ბალბალუკას ნაენავი, ჭორშესხმელი, ამბავი მივიდა სოფლის მეუფროსემდის.

-- განა სოფელი ბრმა არი, განა განა გულზე გახვრეტა მეტიღა იქნება? -- რისხვით ამბობდა

ციციკორე.

-- არა, ღობესაც თვალი აქვს, კედელსაც, ჯამ-ჭურჭელსაც!

-- ქალი ეშმაკის თვალია!-- წარმოსთქვა ციციკორემ და ხმის ამოღება ვერავინ გაბედა.





ცეცხლმოკიდებული სოფლის მეუფროსე ციციკორე თავზე ცივ წყალს ისხამდა. გმინავდა, თრთოდა. ტვინი გაუფიცხდა.

-- მირონი დააქციეს, ტალახში შარიეს, ქვეყანა შეგვიგინეს, გაუგონელი ამბავია, ძნელად დასაჯერებელი, ქვეყნის გადაჯიშების ნიშანია სწორედ! მერე ვის დროს ხდება: ჩემს ხელში! ღმერთიც მე მომთხოვს პასუხს, ქმარიც, სოფელიც, ჩამავლობაც!

-- ვაი, თემო და სოფელო!-- ბობოქრობდა ციციკორე.

-- დამიძახეთ ელიას, ზაზას, გორიას, სოლომონს,ყანდუას,ზაქარას!-- განკარგულებას იძლეოდა.

შუაღამისას სოფლის თნამოავკაცების ფარული თათბირი გაიმართა ციციკორეს საბძელში . დიდი სჯა_კამათი იყო. ციციკორემ გულის ბოღმა_ვაება წამოცალა. თავისი დაიჟინა . ზოგი კი წინაღუდგა , მაგრამ გავლენიანმა სოფლის მეუფროსემ მაინც თავისი გაიტანა , და ვინც კი თავდაპირველად გაიკმარა , ბოლოს იმანაც კი ციციკორეს მხარი მოაბა მკაცრ გადაწყვეტილებაში!..

... ზაფხულის ნაცრისფერი დილა გათენდა ,ნაწვიმარი ,ნაცივარი, წუხანდელი წვიმის ღრუბლების ნაფლეთებიკიდევ დახეტიალობდნენ ჩვენი სოფლის ცაზე , თითქოს ცაც იყო შეციებული,შეტალახებული,გამურული,ჰაერიც უგემური,წუხანდელ ნაწვიმარზე. წვიმით მტვერგარეცხილი ძეძვის ორღობე უფრო ჩაშავებულიყო,ჩუმი წვიმის წვეთები ცრემლივით ცვიოდა.

დილაადრიან, უეცრად რაღაც ყრუ გუგუნმა თუ ზრზენამ გამომაღვიძა...

ლოგინში ვნებივრობდი და ნათბილარს წამოდგომა მეზარებოდა... გუგუნი იზრდებოდა, ჩვენს სახლს უახლოვდებოდა...

მაშინღა ვეცი ფანჯარას.

ახლაც თმები მებურძგება იმ სასტიკ სანახაობაზე.

სოფლის ბრბო უხმოდ მოდიოდა ღვარმოდენით,ჩოჩქოლით,გაონავრებული, გაძალიანებული...

აღრენით ღელავდა ბრბო, მრისხანებდა, გმინავდა, კვნესოდა, ჰბორგავდა, თითქოს გულის ნაღველს იწურავდა, ნიშნისმოგებით უხმაუროდ ზეიმობდა რაღაცას. მოდიოდა ღვარცოფულად, მაგრამ მუნჯად...

პერანგა ქალი უკუღმა შეესვათ ვირზე...

ახლაც მაგონდება იმ ქალის კუნთების თრთოლა. ეტყობოდა, სციოდა და სტკიოდა, სცხელოდა და იგმირებოდა. ალბათ, ენატრებოდა სიკვდილი, მაგრამ სიკვდილი არსად ჩანდა და მისი ტანჯვა კი ძნელი იყო, ვითარცა სიკვდილი!

იმწამს იგი ათთჯერ მოკვდა და ისევ ათჯერ ძალით აცოცხლებდნენ!..

... მოჰყავდათ სოფლის წამებული, თითქოს დედოფალი მოჰყავთო, და მთელი მისი ამალა გამხდარიყო.





თრთოდნენ ქალის ანგელოზური მხრები და ბრბო კი ტალახსა და საქონლის

ფუნას ესროდა თეთრ პერანგზე, რომელსაც თანდათან თავისი ფერი ეკარგებოდა.

არც ერთი ხმა...

არც ერთი შეძახილი... ეს იყო გასაკვირველი...

მაგრამ სიჩუმე საზარლდ ხმაურობდა, ჩანჩქერივით გრიალებდა და თან იხვევდა ყველაფერსა და ყოველივეს.

წამებული ერთ წერტილს მისჩერებოდა, თითქოს იქით, სიცოცხლის გადაღმაა, და ამ წამის ტანჯვას არცა ჰგრძნობსო და უცბად, როცა მოსახვევში შეუხვია პროცესიამ, მაშინ ვიცანი ის ქალი!

ჩვენი მარიტა! მინაცრებული, გამტკნარებული. მარიტა ყოფილიყო! მაისის გამონაყოფი მარიტა!

დედაჩემი სულ კანკალებდა, თვალებზე ცრემლი ჩამოსდიოდა. გაოგნებულს თითქოს ფეხქვეშ მიწა გამომეცალა! ბრბო კი ჩუმად, უჩუმრად მიჰქუხდა, როგორც ღვარცოფი, და მის წინაშე უძლური იყო თვით ღმერთი!

იმ საშინელი დღის შემდეგ გაუკაცრავებული, დამცრობილი მარიტა აღარავის სჩვენებია!

მარიტა მოკვდა სოფლისთვის!

თითქოს სადღაც უჩინრად გარდაიხვეწა...

ყველა უხერხულობდა მარიტას სახელის ხსენებას. ბავშვიც კი შეყოყმანდებოდა ხოლმე, ხოლო თუკი ენაზე მოადგებოდაეს სახელი, ენის ტარზევე შეირჩენდა და არც კი წარმოთქვამდა...

ჩუმად იყვნენ მარიტას ნამეგობრალებიც... ყველა მიხვდა თავის შეცდომასა და ბოროტებას, ყველამ გაითვალისწინა საკუთარი დანაშაული...

გულგაგმირული გედია გადაიხვეწა ყაზახში, თათრებში, და იქვე მოეღო ბოლო უსაშველო დარდით, თავზე ხელაღებული ვიღაცას შემოჰკვდომია.

სოფელმა იგრძნო თავის ნამხეცარი, ნაპირუტყვალი! აწყენინა თავის საუკეთესო შვილს, უმანკოს და უნაკლულოდ პატიოსან ადამიანს!

მარიტა ზეზეურად დადნა და სულო მალე უთმქელი სევდით გადავიდა თეთერის ქვეყანაში! გაიგო რა მისი ცოდვის მზიდველმა სოფელმა მარიტას სიკვდილი, საშინლად იტკივილა!

მთელი სოფელი მოჯარდა მარიტას ეზოში.

მარიტას უხრწნელი სილამაზე __მთვარის საშუბლე, პიტალო ვეწრცხლური სახე,

დამარმარებული ყელი, __ სიკვდილშიც კი მომხიბლაობდა!

სოფელმა ზღვიერის ცრებლით დაიტირა თავისი მზეჯავარა. კუ7ბოსთან ყველა წყაროსავით





იღვრებოდა.

მხოლოდ გულჯავრიანი ციციკორე ამაყი და გაძაგრული იდგა. ჩაღრუბლული, მძიმე ფიქრებში შესული, განა შემნანე, ხან ყავარჯენს დაებჯინებოდა, თითქოს სასტიკი მზერით ამოწმებდა, მართლა მოკვდა თუ არაო? საოცარი იყო, ციციკორე მარიტას სიცოცხლის ხელყოფელი, სოფლის ამტირებელი, სულაც არ იტანჯებოდა, მას მართალი ეგონა თავი! მან ხომ სოფლის ძველთაძველი ზნეობა დაიცვა, სირცხვილი არავის შეარჩინა! მხოლოდ ნორჩი, „გაუხარელი― ქალი ენანებოდა, როგორც ადამიანს და თვითვე: უკვირდა თავისი ძალა და გავლენა:

__სად დავკარი და სად გავარდაო!

„გამაძღო მე სიმწარითა, დამათრო მე ნაღველითა― ვხოვრებამ... ბედმა...__შეეძლო გაემეორებინა

მარიტას.

გლოვის კვამლით სოფელი გაშავდა..

სოფელს თავისი თამარ დედოფალი მოუკვდა... ხეებიც კი სტიროდნენ...

სამარის პირად, როცა დადგა უკანასკნელი წუთები გამოთხოვებისა და მიწის მიყრისა, იმ წამს, კუბოსთან მიჯრილმა მარიტას შეურაცხმყოფელმა ხალხმა, ახლა შეშინებულმა, უეცრივ უკან დაიხია, თითქოს ამაზე სხვა რამ უფრო საზარი დაინახა, კინაღამ ერთმანეთი გადათელეს და გათქერეს... რადგან ერთი მუჭა მიწის მიყრა ვერავინ გაუბედა ამ ღვთიურ სილამაზეს. ვერავინ... ვერავინ...

თვით უშიშარმა დოლენჯიმ ბიჯიც ვერ წადგა, რომ მისაყრელი მიწა პეშვით აეღო გასაყრელად. იდგა ხალხი ფა გულამომჯდარი ქვითინებდა.

ბოლოს, ისეევ ციციკორემ გამოიყვანა ხალხი ბურანიდან.

ისიც ფეხის ბორძიკით მივიდა კუბოსთან, დაიღუნა, აიღო ერთი მუჭა მიწა და კუბოს მიაყარა... უცბად ასწვდა ნიჩაბს და წავიდა მიწა ხრიალ-ხრიალით.

ეშველა ხალხს. გულს ეფონა... თორემ ცრემლი დაახრჩობდა!

კლდეთა ამონაყარ მიწაში ჩასვენდა მარიტა.

მიწას არ შერცხვა, მაგრამ ბალახი მიწაში ჩაძვრა სირცხვილით.

უცბათ მზე გაჩაღდა, აბრიალდა, თითქოს მისი ნაწილი მარიტა მასვე შეუერთდაო.

მარიტას სიკვდილმა,როგორც ხალხა იტყოდა, -მთები გადააბნელა, ქვეყანა დააცარიელა, ქვა დაადნო, კლდე დაშალა...

ხალხური ლექსი იტყოდა:მარიტას სული პეპელასავით გაფრინდა და ანგელოზები ზარის რეკვით შეეგებნენო!

იმასაც იტყოდნენ, ზეცაში მტრედი აფრინდა მახარობლადო, -მარიტა მოდისო!





საიქიოში ოქროს სკამიმიართვესო,დაღლილსაო.

ღვთისმშობელს ეთქვა თურმე:ფერზე გეტყობა, ძლიერ დაღლილიხარ, დაჯე, შვილო, შორიდან

მომავალი ხარ!

იეაო ქრისტემ კი ხელმანდილი მამოიღო, შუბლზე უნდა მოესვა, რომ გაეცოცხლებინა, მადრამ ისეთი ლამაზი იყოო, მიწაზე დასაბრუნებლად ვერ გაიმეტაო, მოინდომა, სულ გვერდით ჰყოლოდა, ახლას გვერდითა ჰყავსო ვარსკვლავადო...

მთელი წელიწადი უწვიმარი იყო... ყანები ჩაიწვა. ვენახები გადახმა. ყანწი ვერავინ გაასველა! დაშრა ჭური და საწნახელი!

ამ უბედურებას მარიტას უსამართლო სიკვდილს აბრალებდნენ, რომ სოფელმა უბრალოდ გასწირა მარიტა!

მახსოვს; დიდხანს იყო ამაზე მითქმა -მოთქმა, საუბარი. მერე ვიღას გვეცალა?!

მარიტაუკვე წაფერფლა ცივმა დრომ და გრილმა მიწამ!

ვიღას ახსოვს?

მხოლოდ შემსწრენი და მახსოვარნი დაუჯერებელ ზღაპარ-ამბავით გავიხსენებთ ხოლმე მარიტას სახისა და გულის სილამაზეს, ისიც ჩვენს შორის!...

. ........

ამ გაზაფხულის პირზე ვინახულე ჩემი სოფელი და მარიტას ნაეზოვარიც.

ირგვლივ ყოველივე დამუნჯებულოყო. ნამოსახლარზე მარიტას სახლისნაკედლარებიც კი აღარ ჩანდა.

იქ, სადაც მარიტას მამისეული სახლი იდგა, ახლა ქერის ბურდო ეყარა და გათმებისაგან გარს მტვერი და ბუნგალი ირეოდა.

ყოველივე წალეკილი იყო „ზვირთთაგან მღელვარისა ამის მიუნდობლის საწუთროსათა―.

აღარც ერთი ხე აღარ გადარჩენილიყო მარიტას ეზოში.

მხოლოდ ძველი კერის ადგილზე თავისით ბროწეული ამოვარვარებულიყო.

ჩემს წინ ახლად აყვავებული, ცეცხლისფრიანი ბროწეულის ყვავილი მიღიმოდა, მარიტას სახესავით ალაკრული!

ვუყურებდი მხიარულ, მზიან ყვავილს და არა მჯეროდა, რომ მარიტა აღარ ამშვენებს დედამიწას! არც ის მეჯერებოდა, რომ ამ მტვერსა და ნაგავში ასეთი ბრწყინვალე ყვავილიანი ხე ამოსულიყო თავისით!

მართლაც, საიდან მოდის სილამაზე? ან სად მიდის? სად იკარგება, თუ დროებით მიეფარება?





ვინ იცის?!

ჩორეხი

სკოლიდან მხიარულად გამოცვივნულ ბავშვებს სოფლის დიდ ცაცხვთან დაგვხვდებოდა ჩორეხი და როგორც ბატკნებს მწყემსი, ისე გადაგვარჩევდა რამოდენიმეს და გვმოძღვრიდა, გვწვრთნიდა, გვრჯულავდა, გვასწავლიდა...

ჩვენი ნამდვილი მასწავლებელი მართლაც ჩორეხი იყო და არა ჭროღა ლონგო, რომელმაც თავისი გაკვეთილების მეტი არაფერი იცოდა!

დარბაისელი ჩორეხის საგანი ერთადერთი იყო - საქართველო და მისი სიყვარული!

და აი, ახლაც, ცაცხვის ქვეშ, გვიკითხავს „საქართველოს ისტორიიდან― თევდორე მღვდლის თავდადებას და ბოლოს ლოცვასავით ჩაგვიკითხავს ზეპირად, როგორც გულში გადამდნარ საკუთარ გულისთქმას, და ხმამაღლა გაგვამეორებინებს „კალმასობიდან―:

„ქართველნი წინაპარნი ჩვენნი იყვნენ თუმცა კირთებასა შინა სხვათა და სხვათა მპყრობელთა მიერ, - მაკედონელთაგან, რომაელთაგან, ბერძენთაგან, ეგვიპტელთაგან, სპარსთაგან, სკვითთაგან, ოსმალთაგან და ჩინგიზთაგან, მაგრამ სიყვარული მამულისა და სიმაგრე სულისა ვერა დაატოვებიეს, იძლევდნენ და სძლიეს, იდევნენ და განდევნეს და ესრეთ მოიგეს უკვდავებისა სახელი!―

ამ სიტყვებზე ჩვენ ვბორგავდით, ვბობოქრობდით, აღარ ვიცოდით, სად წაგვეღო ხელები. რა გვაწრთობდა მაშინ ქართველ ბავშვებს? - „დედა ენა―, „ჯეჯილი― და რუსთა მეფის

სიძულვილი!

მამულის თავისუფლების აზრის ცეცხლი იძვროდა ჩვენს სულში, მან დააალმურა ჩვენი გონებაც და უკვე მოზარდები, მამულის სევდით სახეშეკომლილები დავდიოდით. ეს სევდა გვაკაჟებდა მაშინაც, ულვაშის გინგლი რომ დაგვეტყო, როცა „ყოველივე ფერმკრთალდებოდა ოცნების წინაშე!―

თუ აქამდე ჩვენ გვწამდა „წმინდანნი ზეცისანი―, ახლა შემოგვესხივნენ „წმინდანნი ქვეყნისანი―, - ჩვენი ქვეყნის მამულიშვილები, - ვახტანგ გორგასალი, დავით აღმაშენებელი, თამარი, გიორგი ბრწყინვალე და, როგორც ჩორეხი იტყოდა, „ხმალშეუხსნელი ერეკლე!―

ერეკლეს სახელს ჩორეხი უსათუოდ ოხვრით დაატანდა: - ა, ბეჩავ, ბაგრატიონო! ბაზალეთის ლერწმოვანები ჩვენთვის საიმედოს მღეროდნენ და ყურიც კარგად არჩევდა

შორეულ მუსიკას.

„უკეთუ დაგივიწყო შენ, იერუსალემ, დაივიწყე მარჯვენე ჩვენი―! - ეს იყო ჩვენი პირველი

აღთქმა მამულისადმი, აღთქმის საყვარელი გამოთმა! - ემთხვიეთ ქართულ მიწას! - და ჩვენც ვემთხვეოდით.





- აკოცეთ წარსულის ნაშთებს! - ჩვენც ვასრულებდით ჩორეხის ბრძანებას და ძველი ტაძრის თუ კოშკის ხავსიან ქვებს დაჩოქილები ვეამბორებოდით.

ბავშვი ისე არ გაეტირება თავის დედას, როგორც ჩორეხი მისტიროდა საქართველოს წარსულ დიდებას.

გაშლიდა რუკას, შემოგვისხამდა გარს, დაადებდა თითს რუკაზე:

- მესხეთი, - შეეალერსებოდა, თან ღიმილით იტყოდა, - ჩემი გვარიც იქიდან არი! იქიდან ვართ

წამოსულები!

- სამცხე, აჭარა, შავშეთი, ტაო, კლარჯეთი, ერუშეთი, სრულიად ჭანეთი, - აი, საქართველოს ნატამალი! კურთხეული მხარე! არ დაივიწყოთ საქართველოს მოჭრილი ძუძუ! ჩვენი აკვანი! ქართული სალმით ამოდის იქ მზე. იქ გამოიგონეს ქართველებმა პირველი ფოლადი; იქ დაარტყა პირველად ურო თუბალაურმა!

„აწ მტვრად აღგვილან იგი ძალი და იგი ღონე!―

თითებს შემოატარებდა ჩვენს დაგლეჯილ მიწა-წყალს და მთრთოლვარე იტყოდა:

- იქ ჩვენი ქედ-წაგრეხილი მოძმენი ცხოვრობენ, ქართველები. გადაწვეს ჩვენი ტაძრები, ციხე- კოშკები, სულ ნაღმებით ააფეთქეს, ბევრი იმაგრა მესხეთმა, ომში გადადნა, მაგრამ ძალამ აღმართი მოხნა, ბევრი სისხლი გვაქვს გამოშვებული!

- მეცოდება ჩემი სამშობლო - საქართველო ნაქარალი, ნაქორალი, გაგლეჯილ-გამოგლეჯილი, დაჭრილი არწივი, ვეფხვი უსულოდ დანარცხებული!

მოთქვამდა და მოთქვამდა:

- ეჰ, როდის აიკუწება წიბონი გველეშაპისა? ვაი, მამულო, ნაჭირნახულევო, სისხლით შეღებილო, აკლებულო, დამწვარო, ტყვექმნილო, იავარქმნილო, ვაი, ძნელბედო, ვაი, მამულო, გამესამედებულო!

ჩორეხი თვალნათლივ ხედავდა საქართველოს ჭრილობებს, თითქოს ხელს ურევს ამ წყლულებში და იქიდან იღებს გამოულეველ ძალას ბრძოლისას, სიყვარულისასო!

ეს იყო მისი გულის ნაღარი.

უცბად დაეცემოდა გულის სიღამე:

- ვაი, ნაოხრობას, დაქცეულობას! არ გესმით ნანგრევების ღაღადისი?

- იმარხება საქართველო, იმარხება ქრისტეს კუნძული!

- ღმერთო, შენი მაქვს იმედი! ფეხზე ააყენე ჩვენი მამული, ჩვენი შემფერხებელი ისტორია, მოგვეც განახლების ძალთა ღონიერება! ღმერთო, შენ დაამხე ჩვენი მტერი ქართველთყლაპია!

- აღსდექ საქართველოვ! - თან ფეხს ღონივრად დაარტყამდა მიწას.





- აღსდეგინ ღმერთი და განიბნინენ ყოველნი მტერნი მისნი და ივლტოდეს მოძულენი მისნი პირისაგან მისისა!

- ესე არს დღე იგი, რომელ ქმნა უფალმან! ვიხარებდეთ და ვიშვებდეთ ამას შინა! - თითქოს წინასწარ ზეიმობდა ჩორეხის სული. - მალე გავიგონებთ მომავლის ხმას, მალე!

მაგრამ უეცრივ მოიღუშებოდა მისი შავი და მკაცრი სახე.

- შავ ზღვაში ჩავარდა მზე საქართველოსი! რაღა ამოიყვანს?

- რამ შეგადარდა, ჩორეხო?

- რათ დაჩუმებულა საქართველოს წიაღი, რათ? მესხია რას იგვიანებს? - გმინავდა ჩორეხი.

- პატარა ერი ვართ! ეჰ, რაც მკლავზე სისხლი დაგვდენია! სულ სისხლმა იავდრა ჩვენს მიწაზე! აი, ეს მარწყვიც კი ჩვენი წინაპრების სისხლის წვეთია, - იტყოდა ჩორეხი, როცა მარწყვს მოსწყვეტდა.

- ქაღალდზე მეოცნებეთა დრო წავიდა! საქმე საჭირო, საქმე! - და თვალებში რომ სევდას შეგვატყობდა, გაგვამხნევებდა: - ისევ დაისხავს ჩვენი ვენახი. ისევ დაგვებადება რუსთაველი, აღმაშენებელი, თამარი! ნუ გეშინიათ!

იმედის დაოქროებაც კარგია! რა ვქნა, რა ვუყო ამ სიყვარულს, სათქმელად რომ დუღდება გულში!

- ქუდზე კაცი! ქუდზე კაცი გამოვიდეს და დავიხსნათ მამული! - შესძახებდა უცბად აღგზნებული ჩორეხი და თვალები ცეცხლით ევსებოდა.

- ქუდზე კაცი! - ყვიროდა ჩორეხი და ცოლი ორივე ხელს პირზე აფარებდა:

- დაჩუმდი, კაცო, არ გაგიგონ, არ დაგვღუპო!

ღონემიხდილი ჩორეხი უღონოდ მიეშვებოდა ტახტზე.

- ო, ყური მომიგდეთ, რა არის თქვენი სამშობლო და კარგად დაიხსომეთ! - გვეტყოდა ბავშვებს და თვითვე მიუგებდა: „გარნა არს ქვეყანა მშვენიერი და ნაყოფიერი ყოვლითა ღვთისა მიერ―!

- „ნაყოფიერი ყოვლითვე, ვენახ-ხილითა, თესლ-მარცვლითა, ფრინველნი მრავალნი, გარეულნი და შინაურნი, ზამთარ თბილი და მშვენი, ზაფხულ შეზავებული. წყარონი ცივნი, მშვენნი, ჭალა-ტყენი, ბალახნი და ყვავილნი მრავალნი― - ო, აი, ჩვენი სამშობლო!

კარგი რამა ხარ, ჩემო ქვეყანავ, ლამაზად მორთულ და მოკაზმული. მაგრამ რამდენად მშვენიერი ხარ, იმდენად უფრო მიკვდება გული!

ჩამარცვლით ჩააყოლებდა ლექსს და იქვე შეგვასწავლიდა...

- დიდი მშრომელი ხალხი ყოფილა ჩვენი წინაპარი ქართველობა! შეხედეთ, ჩვენ სამშობლოში პატარა გორაკიც კი არ არის, რომ ზედ არ იდგეს ტაძარი, ციხე-კოშკი, სიმაგრე. დიდი ოფლია





დაღვრილი, დიდი! ეს უნდა გვახსოვდეს. მარტო ყანწის ტრიალი კი არ ვიცოდით! სამაგალითოდ გვაჩვენებდა ძველ, საგვარეულო ხელნაწერს, მისი პაპის პაპის, მამამზეს მიერ

ერთი კალმით გადაწერილს. წიგნის ბოლოს მართლაც ეწერა:

„მოიხსენეთ, რომელ ერთის გამოჭრილის კალმით დამიწერია, რომ არ გამომივცლია კალამი და ჩვემ შემდგომ, ვინც ეს ასე მწერლობა ეცადნოს, საქებელ იყავნ―!

ჩორეხი ხელს დაჰკრავდა წიგნს და იტყოდა:

- აი, ვინ იყო ჩემი პაპა! მათი სული კიდევ მუშაობს, - ბაზალეთის ტბის ძირას ოქროს აკვანი დადგეს და არწევენ ახლაც, ამწამს, შიგ ოქროს ხუჭუჭთმიანი ყრმა წევს, ჩვენი მომავალი, ის ყრმა გაიზრდება და გაათავისუფლებს საქართველოს!

ასე სწამდა ჩორეხს, სასწაულით, ხელგაუნძრევლად თავისუფლების მოპოვება. გაიზრდება და გაათავისუფლებსო! ჩაგვიკითხავდა ლექსს ბაზალეთის აკვანზე და შემპარავი სიტკბოებით მოგვიყვებოდა: ბაზალეთის ტბის ძირას ძვირფასი ოქროს სახლია თურმე! ჭერი ვაარსკვლავებისა არის, იატაკი თვალ-მარგალიტით შემკული, შუა იატაკზე ოქროს აკვანი დგას თვლებითვე მოჭედილი. ზედ მტრედი ზის და არწევს ამ აკვანს... ის მტრედი თამარ დედოფლის სულია!

დღევანდელი ცხოვრებისა ჩორეხს ბევრი არა გაეგებოდა რა, „არა შეესმოდა―, შოთას თქმისა არ იყოს, „სოფლის გაღმა გაებიჯა―. იგი მხოლოდ წარსულში იყო შელტოლვილი და იყოცა მისი მძევალი!

თვით მისი მეზობელი სოფლის მღვდელი ზირაქი, სულის კაცი, ისიც კი დასძენდა: - არც მეტის მეტი განტევება უნდა ცხოვრებისაგანო. ნათქვამია, ეშმაკი რომ სახლს აგებდეს, ერთი ქვა შენც დაადეო!

მაგრამ ჩორეხი მხოლოდ წარსულით სუნთქავდა.

როცა წარსულზე ჩამოვარდებოდა საუბარი, პირველად თამარი უნდა ეხსენებინა. გზნებით აღიგზნებოდა: - ჯერ გული გავიწმინდოთ, სიტყვა მოვილამაზოთ, მერე ისე ვახსენოთ ჩვენი ლამაზი დედაო, და დაატანდა მამია გურიელის ლექსს:

თამარ! - ვინ იტყვის რა იყო, მეათასედსა ნაწილსა!

თან დაადიდებდა: „დიდი თამარი, საქართველოს დედათა პირის წყალი!―

თამარის ნაწაღმართევი საქართველოს ყველა გორაკსა და მწვერვალზეა დარჩენილიო, აბა,

შეხედეთო! არ ასვენებდა თამარის ასხივებული დიდება:

- სიცოცხლითვე დედამიწას არ ეკარებოდა! ერთ ადლზე მაღლა დადიოდა მიწიდგან.

- მაშ შვილი როგორღა ეყოლა?

- როგორ არ იცი, მზის სხივის მიერ ეყოლა შვილი! - ისეთი დარწმუნებით გვეტყოდა, რომ





შეუძლებელი იყო, არ დაგეჯერებინათ. ძალიანაც აწყენინებდით.

თუ რამეს დავაშავებდით ბავშვები, დაგვაშინებდა, - დიდი პირიმზე გაჯავრდება, თამარ

მეფეო!

ერთხელ, ერთ მორჩილს, საფქვილე გუდაში ბლომად ფქვილი რომ ჩაუყარა, ჰკითხა: - რომელ წმიდანს ემსახურები?

- თამარ ღვთისა სწორის სამლოცველოს!

- სად არის ეგ საყდარი?

- გომარეთში, ხევ-გაღმა დვალეთთან!

აღარ გაუშო მორჩილი. მთელი დღე დასვა, ასადილა, პატივი სცა. ფულიც აჩუქა და ბევრიც ელაპარაკა თამარ მეფეზე. მეორე კვირას, შეჯდა თავის კავშა ცხენზე და გაემგზავრა გომარეთს, თამარის ხატის სანახავად და დიდადაც კმაყოფილი დაბრუნდა.

შინგაზრდილი მწიგნობარი ჩორეხი „ვეფხისტყაოსანს― „შოთას ძღვენს― უწოდებდა. - ნეტა ჩემს გახარებას! - და გაშლიდა რუსთველის წიგნს.

- შენს პირს შაქარი, ოქროს ნისკარტო! - შეელხინებოდა, თითქოს ოქროს ბულბულს იჭერს წიგნის თითოეულ კაბადონზეო. კვირაძალზე შოთას სურათს სანთელს უნთებდა, როგორც წმიდანს და ოთახში ჩაკეტილი, მარტო, ხელაპყრობით ავედრებდა საქართველოს.

- დიდო რუსთველო, ლექსთა მამაო!

- ოდეს ენანი დადუმდეს და არავინ ღაღადებდეს, მაშინაც რუსთველის სიტყვა იჟღერებს

მხოლოდ! შოთას ლექსის წინაშე ყოველი საქმე დადუმდება!

დიდად მონდომებული იყო ჩორეხი, წასულიყო რუსთავს და ჩოქით, თაყვანისცემით

შემოევლო რუსთავის მიწა-წყალი!

- რა წიგნია! რა მაღლად და მშვენივრად თქმული! საქართველოსი კი არა მარტო,

სამთელქვეყნოა! ტყუილად კი არ უთქვამს თვითონ შოთას: სხვა ჩემებრი ვერა ჰპოვო,

ცათამდისცა ხელი აჰყო!

- ნეტავ, რა გულიღა უნდა შერჩენოდა შოთას, როცა თავისი გული ასე მძლავრად დაადნო თავის

ნაწერში.

ტკბილად ჩაიკითხავდა:

„ანუ არის ბრძენი ვინმე, მაღალი და მაღლად მხედი,

არცა ლხინი ლხინად უჩანს, არცა ჭირი ზედა-ზედი,

ვით ზღაპარი, ასე ესმის, უბედობა, თუნდა ბედი,

სხვაგან არის, სხვაგან ფრინავს, გონება უძს, ვითა ტრედი!―





შოთას ამ ლექსსში ჩორეხი უპირველესად თავის თავს ჰგულისხმობდა, დღიურ საქმეთაგან განდგომილსა და შორეულ ოცნებაში გარდასულ საკუთარ პიროვნებას. და მისთვისაც საგანგებოდ მოსწონდა ეს ადგილი. შოთას კითხვით დამტკბარი, აღფრთოვანებული, ხელს მაღლა აიშვერდა და იტყოდა:

- რით არის სახარებაზე ნაკლები? - მიაჩერდებოდა მღვდელს და თან დასძენდა: - შემრისხენ და შემიწყალენ, მამაო, ვითხოვ მეოხებას!

მაგრამ მღვდელს არცა სწყინდა, არც ეცალა რუსთველისათვის. ის მეტად მიწიერი კაცი იყო და ხვეჭაში გართული.

- ვკითხულობ და გულს ძგერა ემატება! - განაგრძობდა ჩორეხი, განა ასეთი თაყვანისმცემელი და ტრფიალი სხვა კიდევ იქნებოდა რუსთველისა?

- მიღწვიან, მომიგონებენ, დამლოცვენ, მოვეგონები! ტყუილად კი არ უთქვამს დალოვცილს! მაგრამ რუსთველის ლექსის გარდა, მამულიშვილ ჩორეხს კიდევ უყვარდა ბიბლიიდან ეს

ადგილი:

„მდინარეთა ზედა ბაბილონისათა დავსხედით და ვსტიროდით, რაჟამს მოვიხსენიერთ ჩვენ სიონი!

...ძეწნთა ზედა შორის მისთა დავკიდენით საგალობელნი ჩვენნი.

...უკეთუ დაგივიწყო შენ, იერუსალემ, დაივიწყენ მარჯვენე-ცა ჩემი!―

დადიოდა ქედდადრეკილი, გულშეძრული მამულიშვილი, ოხრავდნენ მისი გულის ბაგენი და გმინვანი შორს ისმოდა:

- ვაი, ფრთამოტეხილო არწივო! ბოლომოჭრილო ხოხობო! ვაი, ქართლო, საქართველო! მორწმუნე ჩორეხს სრულიადაც არ სჯეროდა, რომ საქართველო ღვთისმშობლის წილხვდომი

იყო:

- ღვთისმშობელო, თუ შენი წილი ვართ, შენი წილდებული და ხელდებული, რაღათ

ააოხრებინე ლეკსა და თათარს საქართველო, ეს ვერ გამიგიაო!

- არა, ძმაო, თუ ღვთისმშობლისა იყო საქართველო, განა თავის მამულს ვერ მოუვლიდა? -

იტყოდა გაკვირვებული.

სულ ერთთავად დადიოდა, ან შარაგზაზე უნდა გენახათ, ან ტყე-ღრეში იარებოდა აწოწილი, წვერულვაშიანი, სათვალიანი, გამხდარი, ახოვანი ჩორეხი. მკაცრი შესახეოდაობისა, თმაგაბურძგნული, უქუდო, მტვრიანი, გაოფლიანებული, ძველებურ მასრებიან ჩოხაში, ხარაზულ წუღებში.

ყოველდღიური ხეტიალისა და წანწალისათვის მუდამ ჩანთით, წერაქვითა და ჭოგრით მავალს, წანწალოსანს უწოდებდნენ:

- მოდის ჩვენი წანწალოსანი!

სოფელში ალმაცერად უყურებდნენ. თუმცა პატივს სცემდნენ უანგარობისათვის.





- ნეტავი დღეს რა გათხარა, სად რა ხაზინა იპოვა? - კითხულობდნენ მეზობლები, მეგობრები, დასცინოდნენ. მაგრამ როცა მოუახლოვდებოდათ, პატივისცემით შეეგებებოდნენ, ისიც გააცნობდა თავის ახალ აღმოჩენებს, წყნარად, დამაჯერებლად.

ღამეობით ჩორეხს ერთთავად ვახუშტის ისტორია თუ გეოგრაფია ედო წინ და მის შემოწმება- შესწავლაში ათენებდა ღამეს.

- ვეჟო, ნუ მისცემიხარ უქმსა და უსიცოცხლო არქეოლოგიურ ოცნებებს! გეყო გუნდრუკის კმევა წარსულისადმი, სულს ნუ იჭუჭყიანებ წარსულის მტვერით! - შესძახებდა მეგობარი.

- ერის დაცემა იწყება იქიდან, სადაც მთავრდება წარსულის ხსოვნა! - უპასუხებდა ჩორეხი და განაგრძობდა: - ჩემი გონების მანათობელი ჩემი ქვეყნის წარსულია! მისი შუქი მესხივნათელა! იცი, რა ტკბილია წარსულზე ოცნება!

მართლაც, წარსულზე ფიქრით იყო დაფერფლილი და მით სამშობლოზე მტლედ შემოდებული ჩორეხი.

- აფსუს, რა ბიჭი იღუპება ქვეყნისათვის! - გულმტკივნეულად დასძენდნენ მეზობლები.

დიდი ფიქრი ჰქონდა ჩორეხს ნატვირთი, დიდ სევდას ატარებდა; მისი არავის ესმოდა და ასეთ

განდგომასა და ხვაშიადის კრძალულებას ზოგი ზვიადობაში ართმევდა.

დილით გასწევდა ტყისკენ, მთისკენ, ახალ-ახალი ისტორიული ნაშთების საძებრად. ხელით გადასწევდა დაბურულ შინდსა თუ თხილსა, კუნელსა თუ წითელი ასკილის ტოტებს, ტაძარს რომ გარსმოჰხვეოდა, გულმოდგინედ ეძიებდა ფრესკებს და უსურვაზიან ქვებზე ამოკვეთილ წარწერებს. სევდით ივსებოდა, გული ეტირებოდა, როცა ნანგრვებთან იხილავდა გადაჯიშებულ ვაზს, - ველურ კრიკინას, ზოგჯერ მხარს რომ ძლივს შემოატევდი.

შინგასწავლული აზნაური ჩორეხი უძვილძირო იყო.

შავი გურანა თითქმის ძალით შერთეს, რომ გვარი არ ამოვარდნილიყო. უსწავლელი იყო

გურანა, ძლივს იცოდა ყვავისფრჩხილოვანი წერა.

უმეცარმა და უწყინარმა პატარძალმა მალე გამოაჩინა მიმალული ჭანგები. ტყე-ღრეში მოსიარულე ჩორეხს უსაფუძვლო ეჭვებით სტანჯავდა, საყვარელთან პაემანზე ხომ არ დადის ტყეშიო! ბევრი დღე უსამართლოდ გაუმწარებია ჩორეხისათვის, მაგრამ რომელ ქმარს არ გადაჰხედია „ესე ამბავი― მგრძნობიარე ცოლისაგან?

ჩორეხმა ძილში ლაპარაკი იცოდა, და პირველ ხანებში ალქატი გურანა ჩუმად ხაშხაშს აპარებდა, აძინებდა და მთელი ღამეობით სულ თავთ ეჯდა ქმარს, ეგებ საყვარლის სახელი, ანუ საქმე წამოსცდესო! გაფაციცებით ეჭირა გულისყური! გათენებამდე ფხიზელსა და ღამენათევს მხოლოდ დილით ჩაეძინებოდა. ასე ნებაყოფლობით იწამებდა თავს ბედკრული ქსანტიპა, ახალმა სოკრატემ კი არაფერი იცოდა.

რა უნდა წამოსცდენოდა ხეტსა და ოლოლოს თუ არა ნადარბაზევი, ნაპალატევი, ნაქალაქარი, ნაკოშკარი, ნარუჯები, ნაოხრები, ნალეწები... ბევრი ღამე უთია მძვინვარე ცოლმა მშვიდად მძინერე ქმარს და ბოლოს მიანება თავი. ახლა კი ჩორეხს გინდაც ათი საყვარელი მოეყვანა, სულაც აღარ ენაღვლებოდა გურანას. ერთი კი სჭირდა, საღამოობით, ნაშთების ძიებიდან





დაღლილი, ტყე-ღრეში ნახეტიალები ჩორეხი შინ რომ დაბრუნებოდა, გურანა უსათუოდ ცეცხლზე წყალს დაასხამდა, ეგონა, ძველი კოშკებიდან, ეკლესიებიდან, აკლდამებიდან ჩორეხს უსათუოდ ქაჯები, ეშმაკები და ავი სულები მოჰყვებიანო და შემოყოლილ ეშმაკებს ოხშივარი გარეკსო! ახლა იმათ ებრძოდა გამწარებული, ქმარი არ მიმიხილონ, არ წამართვანო! აი, ასეთი თანამოაზრე მეგობარი ჰყავდა საბრალო ჩორეხს...

ერთხელ, ნაქალაქარის ტყის ნატაძრალიდან ძველი ხატი ჩამოიტანა. ზედ გამოსახული იყო წმიდა გიორგი, ხუჭუჭთმიანი, ალისფერ ტანისამოსში, თავზე ჩაჩქანი უელავდა, ხელთ შუბი და ფარი ეპყრა. ძირს, წმიდანის ფერხთა ქვეშე ხმლით დასისხლული, კბილებდაღრჭენილი ვეშაპი გართხმულიყო.

- ერთხელ ვეშაპი დაამარცხა, ახლა კი წვიმის წვეთებს დაუჯაბნიათ! - შეწუხებული ხმით მეტყოდა ჩორეხი წმიდაზე და თან დასძენდა:

- ნაწვეთს უდენია ზედ ხატზე! ეჰ, რამდენი ძველი დახატულობა იღუპება. წვეთი რო დასდით, თითოეული წვეთი მე გულს მიღარავს, გულს მიხვრეტს, ღამეებით არ მეძინება, ტანჯვაში ვარ, გამოუთქმელ ტანჯვაში! იღუპებიან ჩვენი სიძველეები ყოველწამიერ, შეიძლება ჩემს სიცოცხლეში სულაც წაიშალონ! იღუპება, ჩემს თვალწინ იღპება! - გმინავდა ჩორეხი, გულთ ეყრებოდა და წამალი ვერსით ეპოვნა.

- რათ გინდა დაობებული ხატები? - შეკრებილებაში შეეკითხა ახალგაზრდა კნეინა. სჯობდა კი, რომ არ ეთქვა, ისე მრისხნედ შეხედა ჩორეხმა.

მახსოვს, იმავ შეყრილობაში ამბობდა გულმობრუნებული ჩორეხი:

- ვენაცვალე საქართველოს! რა მომცემი მიწაა! რძეც სდის და თაფლიც! ჩვენი ბუნება ერთი ხელით ოქროსა ჰყრის, მეორეთი - ვერცხლს! ღალიანი მიწაა, მაგრამ თვითონ ჩვენ, ქართველობა, რათა ვართ გადამწირული?

ჩვენი ქვეყნის ეკონომიური ვითარებაც აფიქრებდა წანწალოსანს. ამიტომაც, ძველი ნაშთების გარდა, ხეტიალის დროს ღელეებსა და ხევებში მადნებსაც ეძებდა. დიდი სისათუთით ჰქონდა პარკებში შენახული ოქრონარევი ქვიშა, მომბზინავი რიყის ქვები და სხვა მინერალები, როგორც დიდი მადნების ნიშნები და დიდ იმედებსაც ამყარებდა მათზე, - მომავალი მოდგმისათვის.

ნაღვლიანი ჩორეხი მთლად იმედიანი გახდა მას მერე, რაც ერთხელ, ნანახი სიზმრის შემდეგ, უცნაური ქვა აღმოაჩინა საჩვენოში, უჯარმის ნანგრევებში, სწორედ იმ ადგილას, სადაც სიზმარში ეჩვენა, ქვემო კოშკის ლიბოში.

მეც თვითონ მსმენია ხალხში, რომ უჯარმის მფლობელი ვახტანგ გორგასალი ხელთ ოქროს ბურთს ათამაშებდაო.

აი, ამ ბურთად მიიჩნია ოცნებით მთვრალმა ჩორეხმა ეს მართლა ბურთივით მრგვალი ქვა, სხვინარა, ოქროს ზოდივით მომბზინვარე. ზედმიწევნით სჯეროდა ჩორეხს, რომ სწორედ ის ოქროს ბურთია, გორგასალი რომ ხელთ ათამაშებდაო! რაკი სიზმარმა უთხრა, რომ ეს ქვა კარგი ნიშანიაო, ჩორეხმა, დიდი იმედების ნიშნად, პირდაპირ ეროვნების სამლოცველოდ გაიხადა ეს ქვა. ხან უჩოქებდა, ხან ემთხვეოდა, ხან გულში იკრავდა. მართლაც, სწორედ აღგზნებულ ქადაგს ჰგავდა მაშინ ჩვენი ჩორეხი!

სულ გამოიცვალა, რაც მოიპოვა ელვასავით გამომკრთალი, ბრწყინვალებით აელვარებული ქვა;





მას ეგონა, ქვის ოქროს კრთომა თავისუფლების ღვთის კრთომა იყო. არც ერთ მპყრობელს არ ჰქონდა ამქვეყნად ასე დანივთებული სიმდიდრე, როგორც მეოცნებე ჩორეხს.

- ნეტავ, სადმე კიდევ თუ იქნება ასეთი განძი და შესამკობელი? - იტყოდა გულში სახემტკბარი. - ახლა კი ეშველა საქართველოს! - გულში გალობა და ზატიკობა უნდოდა...

ეს ყოველივე მისი ფიცხელი გონების ნაგონარი იყო და ჩორეხს ნამდვილად ეგონა, რომ ეს პატარა ქვა სიკეთის უცილოდ ზეგარდმო ნიშანი იყო.

ბოლოს იხმო მღვდელი, დიდი საიდუმლოებით სახარების ფიცით გაენდო, ქვაც უჩვენა, თუმცა ხელი არ ახლებინა, როგორც სიწმინდეს, და ფიცის ჩამორთმევის შემდეგ დაავედრა, წმიდა ქვა ტრაპეზში დაეკრძალა, მთავრობისაგან ფარულად, შთამომავლობისათვის გადასაცემად. მხოლოდ წელიწადში ერთხელ უნდა ეხილა ეს ქვა თვით ჩორეხს, - სახელდობრ, აღდგომა ღამეს, ლიტანიის შემდეგ.

გორგასლის ქვა დაგილიდგულებული ჰქონდა ჩორეხს, - მისი დარდების მოსაფონარი. ახლა ქართლოსის საფლავი და ქართლოსის ძეგლის თავის აიჟინა.

- უნდა ვიპოვოთო!

- წმიდა ნინოს ლოცვით სეტყვამ არმაზი კი არ დაამსხვრია, არამედ ქართლოსის ოქროს ძეგლი! ქართლოსს ოქროს თავი ჰქონდა გამოქანდაკებული, ბრწყინვალე! სეტყვის და ქარიშხლის მერე იქვე, ხევებში ჩაგორებულა, იქ უნდა ვეძიოთ, სადღაც იქ არის ჩამარხული, უნდა ვიპოვოთ და ისევ იქ დავდგათ, სადაც უწინ.

მსმენელები იღიმებოდნენ - მოზღაპრე გახდაო!

ჩორეხი კი შეუპოვრად მისდევდა თავის ოცნებას, ვიდრე, ერთხელ, ჩვენდა საოცრად, სრულიად არ გამოიცვალა, რაღაც დარდმა მოიქვეშია, მაგრამ ვინ იყო მისი ახალი დარდის თანამხილველი?

ოდესღაც მტკიცე და ლაღი, ახლა რაღაც შესეტყვილი, მოღვედილი გეგონებოდათ.

რა დაემართა, რა ჩაქრა ჩორეხის გულში ან საიდან გაჩნდა მის გულში ნაცარი? რა სევდის ზღვა შემოადგა გულზე? ვერავინ ვერა თქვა! იყო სიტყვების გადაკოწიწება, ნართაული ხმები ჭორელებისა, ფარული გაღიმებაც, მაგრამ კვანძი ვერ გაიხსნა, ვერა და ვერა!

- რა მოხდა? - საიდუმლო მერე ძლივს შევიტყვეთ, როცა მოვისმინეთ ჩორეხის აფოთებული ლაპარაკი. წირვის შემდეგ ვეება ცაცხვთან ცეცხლმოკიდებული შეეძგერა ზირაქ მღვდელს.

- ქვა მოუპარავთ, გორგასლის ქვა! მოიპარა მღვდელმა, რათა დაწინაურებულიყო მთავრობაში, ანგარმა, უძველეს ტაძარში ძველითგანვე დახიზნული ნივთეული, ხელნაწერები, საძნე ურმით ჩაუტანა თბილისში რუს ექსარხოსს, ზედ გორგასლის ქვაც მიაყოლა ტრაპეზში ჩამალული!

- ერის ქვა! ინდოეთიდან მოტანილი!

- რა პასუხს გასცემ ერს, შე უკეთურო, შენ ხომ გაძარცვე ქართველი ერი! მზეზე გაშავდა შენი სახელი! დაიღუპა დიდი განძი, გორგასლის ქვა! საოცარი, იმედის ქვა, რომელსაც სითბოცა





ჰქონდა, ცეცხლივით შუქსაც იძლეოდა. განა ოქროს სჯობდა? უოქროესი ქვა იყო, წმიდა ქვა, დალოცვილი, შელოცვილი გორგასლის ხელით! - ჩორეხმა ხომ მღვდელს ჩააბარა შესანახად, ვიდრე „მამულის გამოხსნის დღე― დადგებოდა.

ახლა კი...

გულაზავთებული, გულდამსხვრეული, ცეცხლმოკიდებული ეძგერა მღვდელს:

- რა უყავ ჩემი დიდებული ქვა - საქართველოს სიმტკიცე, წმიდა ქვა! ფესვი მოათალე ჩვენს სიმაგრეს და მტერს მიართვი, შენივე ხელით ჩააბარე! - მღვდელს კი არაფერი ესმოდა, - რა გესაწყენარა? - ჰკითხავდა მღვდელი.

- და ნუთუ არ იცი, რა მნიშვნელობა ჰქონდა გორგასლის ქვას, ანუ ვინ იყო გორგასალი? შე ღვთის გარეგანო, ურჯულო, უკეთურო, მწარედ ცოდვილო, გაქსუებულო, საქართველოს დამშლელო, დამაქცეველო! ჩემი ცოდვის პასუხი შენ გაეცი! - თითქმის თავზე ნაცარი გადაიყარა...

ზირაქ მღვდელი გაშტერებული იყურებოდა; სად ჰქონდა შესაქციელი, შესაგებარი სიტყვა? მას ჩორეხის რისხვისა არც ეშინოდა, მხოლოდ ენანებოდა, რომ ცდებოდა, საქმეზე მიმავალს უგვიანდებოდა და ჩორეხის პატივისცემით იდგა მის წინაშე, მეტი არაეფრი.

მაღალი, ქერა, აწითლებული, ამოგანგლული, მუდამ ანაფორაშემოკეცილი, სოფლის ამაოებაში გართული ქვრივი ზირაქ მღვდელი მეტად მიწიერი ადამიანი იყო, თუმცა სულის მხედრობას ეკუთვნოდა. მას წირვა-ლოცვისათვის არ ეცალა, ერთგულად მუშაობდა თავის საოჯახო საქმეებზე და სხვასაც ამუშავებდა თავის გასამდიდრებლად.

სად ეცალა გორგასალის ქვისათვის? - ჰყავდა მოჯამაგირეები, მწყემსები, მეღორეები, მეჯიგეები. ჰქონდა საკუთარი წისქვილი, ჰყავდა ცხვრისა და ღორის ფარები, ვაჭრობდა ტყით, ჯონჯოლით, თაფლით, სანთლით, პურით, ღვინით, სინდისით; ჰქონდა საკუთარი ეტლი, ანუ „დილიჯანი―, თბილისში რომ დაჰყავდა მგზავრები, ჩუმად ჰხდიდა არაყს და ფულს ასესხებდა დიდი სარგებლით, ჰყავდა საყვარლები და ჩუმჩუმადვე კიდეც მაჭანკლობდა.

აბა, ასეთ მოუცლელ კაცს სად ეცალა გორგასლის ქვაზე საოცნებოდ?

დიდი და პატარა მღვდელს ემორჩილებოდა სოფელში. უიმისოდ არც ერთი საქმე არ ისკვნებოდა: არცა მამულის ყიდვა-გაყიდვა, არც საძირკვლის ჩაყრა და მით უფრო, არც ქორწილ-ძეობა-ნათლობა, სახლის განათვლა, სიკვდილი, საღვთო და საერო საქმე, სულისა თუ ხორცისა!

ყოველივე და ყველაფერი ზირაქ მღვდელს უნდა დაელოცნა.

მრავალი ქორწილი ჩაშლილა მხოლოდ მისთვის, რომ მღვდელს სასიძო ან საპატარძლო არ მოსწონებია. მრავალი გონჯი ქალი გათხოვილა კოხტად შეღერებულ ბიჭზე და მრავალი უსახური, მაგრამ შეძლებული ვაჟი, მღვდლის იმედით, ლამაზი ქალის პატრონი გამხდარა. ამ ნიადაგზე მღვდელს მრავალი მომდურავიც ჰყავდა სოფლის მზეთუნახავებში! მაგრამ ვინ შებამდა „სულქონიან― კატას ეჟვანს? ხშირად, ქრთამაღებული მღვდელი ასე ლოცავდა შებერებულ, შემჭკნარ პატარძალს: „გამრავლდით, ვითარცა აბრამ და სარა, ვითარცა იაკობ და რახილი―-ო!





არ უყვარდა ბერს ბერწი, უშვილო, უნაშენო ხალხი, რომელთა საგულდაგულოდ იტყოდა ფსალმუნიდან: „ნეტარ არს კაცი, ვითარცა ხე დანერგილი, თანაწარსადინელსა წყალთასა, რომელმან გამოსცის ნაყოფი თვისი ჟამსა თვისსა და ფურცელნი მისნი არა დასცვივენ―!

აივნის დაპირისპირებით, ეზოს ყურეში, შემოწნული იყო საქონლის ბაკი. იქ მღვდლის საქონელი ება. ბაკი სავსე იყო ნეხვითა და ყვითელი, ჩაგუბებული წუმპით. შებინდებისას დაეყრებოდნენ ნახირიდან დაბრუნებული კამეჩები, ხარები, ძროხები, განარებული შავი ბუღა. ისმოდა თქერა, დგრიალი, ხვნეშა. ქვრივი მღვდელი იჯდა აივანზე, სვამდა ჩაის და თან პურისმცხობელ მარინეს ეაშიკებოდა.

აბა, მითხარით, სად ეცალა ზირაქ მღვდელს გორგასლის ქვისათვის?

გავიდა დრო, მღვდელმა არ აპატია და ჩორეხი დაასმინა. გაფითრებული ჩორეხი ჩუმად იდგა განრისხებული ექსარხოსის წინაშე, როგორც მთავრობის წინააღმდეგ დასმენილი მეამბოხე. ჩორეხს ხმაც არ ამოუღია... ციხეში ჩასვეს, რამდენიმე თვის შემდეგ გამოუშვეს, რადგან ხელმოსაკიდი ვერა უპოვნეს რა.

დაბრუნდა შინ ჩორეხი მოტეხილი, მობერებული, მომჩვარული. თითქმის არავის არ სცემდა ხმას. მხოლოდ ჩიოდა, იმდენად ციხემ არ მომტეხა, რამდენადაც ქართველი კაცის ღალატმაო! მას ვერ წარმოედგინა ზირაქ მღვდლის საქციელი. ამიტომ ცხოვრებაზე ხელჩაქნეული დადიოდა... ბოლოს ლოგინში ჩაწვა. სულის დროშა დაკეცა... ჩუმად დნებოდა, ჩაწვა, ჩაიმუმლა. ვერ შეებრძოლა უცნაურ სენს, არც უნდოდა.

შემოდგომის წვიმიან დღეს სოფლის დუქანში რამდენიმე კაცი „შესანდობარს― სვამდა. - რას წვალობდა, წანწალობდა ამდენს საწყალი?

- თან რა წაიღო, არაფერი! - თქვა აზნაურმა დოლამ და თვალი შეატარა სავსე სუფრას და კიდევ დასძინა:

- პურის მადლმა, არაფერი!

- ან ჩვენ რა უნდა წავიღოთ წუთისოფლიდან?

- არაფერი! თქვენმა დღეგრძელობამ! - დაიძახა ძგვლიფამ.

- არც არაფერი! მამითქვენის მზემ, არაფერი! - კვერი დაუკრა წვერიკმაზიამ.

- მაშ, დავლიოთ, - აზნაურმა დოლამ დიდი ჯამი გაავსო ღვინით და ჩამოარიგა: - ღმერთმა შეიწყალოს ჩორეხი და სულით გაანათლოს!

- რა უნდოდა საწყალ ჩორეხს, არც ჩვენ გვიდებდა თავს! მთელი სიცოცხლე ნანგრევებსა და ხაზინის ძიებაში გაატარა! ეცხოვრა, ჩვენსავით ღვინო მაინც ესვა, არ ერჩივნა? ღმერთო, შეუნდე!

-ხ

ზირაქ მღვდელმა დამარხა. სიტყვაც კი შეაწია.





- უსასყიდი კაცი იყოო, გარდაუწეველი მოსამართლეო, თუმცა ფიცხი და ეჭვიანიო! მშვიდობის ანგელოზმა დაამშვიდოსო იმქვეყნად! მადლი და მშვიდობა ვუსურვოთ ჩორეხის სულსაო, თუ რაც უსჯულოებანი და ცოდვანი ჰქონია, მაღალმა ღმერთმა აპატიოსო! - ეს იყო და ეს!

სოფელი არ შეძრულა... კუბოს გარშემო არ ისმოდა სალმობა, სულთქმა-მწუხარება... თმები არავის გაუწეწია... პირი არავის არ ჩამოუხოკია სისხლიანი თითებით. დასაკლისი ვერ გაიგეს. გურანა დაღვრემილი იდგა - ამდენი ჭიდრებულება გამოვიარეთ ერთად, ახლა მარტოს რადა მტოვებო!

ანდერძის მიხედვით, ჩორეხმა კოტმანის წმიდა გიორგის სამრეკლოს ქვეშ დაიმკვიდრა საფლავი.

ასე წავიდა ამ სოფლიდან კეთილი, თუმცა ძველმანი ადამიანი, დახავსებული თვალებით, დაღამებული გუნების კაცი, რომელიც მხოლოდ წარსულის ღამეში ცხოვრობდა, რადგან არ ჰქონდა აწმყოს მხედაობა; იყო ცალმაგი, ერთმაგად ნაქსოვი ადამიანი, ერთის თვალით მხედავი!

- ახლა შენ გაიხარე ჩორეხის მემკვიდრევ!

- ჩორეხის ნებაწადილობით შენ დაგრჩა მისი მამული - სახლი, კარი, მთა-ბარი, წისქვილი, ვენახი, სახნავი, სათიბი, მარანი, ბაღი, კალო, საბძელი, კარ-მიდამო, - მიმართა დიდი ჯამით წვერიკმაზიამ ახალმოზარდ ოფიცერს - მამრიკა ჩაღლაძეს - გურანას ძმისწულს, - ჩორეხს კეთილი სახსოვარი, შენ - კარგად ყოფნის სიხარული! შენ იცი, დღეიდან როგორი კარგი მეზობელი გვეყოლებიო!

მამრიკა იღიმებოდა, ჯერ თვითონაც არ იყო გამორკვეული, რომ ასე უცბად ხელთ ჩაუვარდა ამოდენა მამული, და დაბნეულიყო.

- ტომბახი ჩამოგვისხი, შენც მოილხინე, ხუმრობა ხომ არ არი ამოდენა მამული მოიგდე ხელთაო! - მიმართავდნენ ღვინის ნათლულები და მამრიკაც უხვად იხარჯებოდა მიცვლილი ჩორეხის ხარჯზე.

** *

მთელი ცხოვრება ჩორეხმა ვახუშტის შესწავლასა და სიყვარულში გაატარა! რამდენი ღამე დასთენებია ზედ ვახუშტის გამო, რამდენი წყრომა გაუგონია ცოლისაგან! და ისე მოკვდა ჩორეხი, რომ ცოლმა ვერ შეიტყო, ვინ იყო ვახუშტი, ან რა ფასი ჰქონდა მის ნაღვაწს.

ჩორეხის სიკვდილის შემდეგ გურანამ მოკრიფა მისი მონაპოვარი თუ შენაძენი ძველი, არქეოლოგიური ნივთები: ქოთნები, სურები, მძივები, სამაჯურები, ჟანგშეწმული ხანჯლები, მახვილები, მათთან ერთად სამადნე პარკები და მთლად გადაყარა, - „ნასაფლავარიაო!― - ეზიზღებოდა, ეშინოდა. გოგოებმაც კი არ წაიკარეს მისაჩუქრებული ნამკვდრევი მძივები.

ხოლო ვახუშტის წიგნები, თვითონ ჩორეხის ნაწერები და წერილები გურანამ ხელიერთპირწმინდად გასახვევ ქაღალდად მიჰყიდა ისაკა ებრაელს. დარჩა მხოლოდ ვახუშტის სურათი, თვით ჩორეხის მიერ ფერადი საღებავით დახატული.

გურანამ სცადა სურათის გაყიდვაც, მაგრამ არავინ იყიდა, როგორც იყო, ჩარჩო გაასაღა, მაშინ გაძარცული სურათი გატეხილი მინის მაგიერ ჩასვა სარკმელში!





ჭუჭყიანი ფანჯრიდან სევდიანად იყურებოდა დაღვრემილი ბატონიშვილი ვახუშტი... თითქოს ჩორეხის დაკარგვასა და თავის ბედს დასტიროდა გურანას ხელში!

გურანას კი უკვირდა, რომ მისი მეუღლისაგან არავითარი საქმე და დოვლათი არ დარჩა. მართლაც, აბა, რას უჯდა იმისი კაცი მთელი სიცოცხლე?

ამ წიგნების იქით, ამ ძველმანების გადაღმა, გურანას კიდევ რაღაც „დიდი― ეგულებიდა და ეს „რაღაცა― რომ ვერ აღმოაჩინა, რომ მას ხელი ვერ შეახო, - ეს ძალზე უკვირდა...

** *

აღარ არის ჩორეხი - სამშობლოს ბედით მუდამ მჭმუნვარე, ჭირნანახი, სევდით გულდაღამებული, მხოლოდ წარსულის ტრფიალი, კეთილშობილი, თუმც უღვაწი კაცი, მაინც დიდი მოწადინე და სევდით ნაჯაფარი...

გულჭირიანს და ფესვმოკვეთილს ღრმა ძილით სძინავს თავის შავ სევდასთან ერთად... მის გარშემო აღარ ტრიალებდა ეჭვები და ჭორები.

რატომღაც მგონია, რომ ჩორეხი არ არის მკვდარი; და რომ სადღაც, შავს ტყეში თუ ძველ ნანგრევში არის შეხიზნული! თითქოს მისი ხმაც კი მომესმის მკაფიოდ; ხან ბინდისას ვხედავ შარაგზაზე აჩქარებით მიმავალს, თმადაბურდულს, აქეთ-იქით თვალის მაძგერებელს.

და ისევ ისე წრიალებს ჩემს ფიქრებში წარსულზე პირაკვამლებული, ჩანაცრული, მწირი ჩორეხი, სამშობლოს დარდით მოავადე.

ვერ მოესწრო ნასურვილარის გაცხადება, ვერ იხილა სამშობლო გაცისკროვნებული; არ ეღირსა თავისი ქვეყნისა და ხალხის კარგადყოფნის სიხარული...

და მე მიყვარს მისი სულის ჭაღარა ყვავილი... ნიშარძეულის წყალი

როდესაც რომელიმე კრებას თუ საქმიან თათბირს ვესწრები ხოლმე და ფიცხი ორატორების გამოსვლას ყურს ვუგდებ, მაშინვე ჩვენი ფორე მომაგონდება!

ფორე! გუგულიანი საათი რომ გამოიწერა ვარშავიდან! ნათლად მახსოვს ის დღე, როცა მან ჩემი დასწრებით ამანათი გახსნა და ყუთიდან ამოღებულმა საათმა ფორეს ხელშივე ,,გუგუ‖ დაიძახა!

ფორე! რომელმაც 1910 წელს, ლევ ტოლსტოის სიკვდილზე სთქვა, რუსეთის მზე მოკვდა, მე რომ ფული მქონდეს, მთელ რუსეთს შავებს ჩავაცმევდიო!

ფორემ, პირველმა სოფელში, სამკალი მანქანა შემოიტანა, მთელი სოფელი ზედ დაეცა გაკვირვებული. ალბათ ისე აღტაცებული იყო ადამიანი, როდესაც პირველად წყლის წისქვილი გამოიგონეს და მძიმე ხელსაფქვავების ბრუნვისაგან გაანთავისუფლა მონა ქალები.

ეს ის ფორეა __ ქრისტეფორე თამარიძე, რომლის ოთახის კედლებზე ეკიდა რუსთაველის, შექსპირის, სპენსერის, ოუენის სურათები. გორის საოსტატო სემინარია ჰქონდა გათავებული, მაშ, რა გეგონათ!





სწორედ ის ფორეა, რომელმაც მღვდელს შენიშვნაზე, __ რათა სჭამ მარხვას, სულს გაუფრთხილდიო, უპასუხაა: მეც იმიტომ ვჭამ ცოცხალი ფერზე დავრჩე, სული არ დამემშესო!

რით იყო სახელდებული ფორე?

იგი იყო დაუღალავი წყლისთვის მებრძოლი, მეცადინე წყლის ჩა ყვანისა თავის უწყლო

სოფელში!

აქედან დაიწყო მისი გასახელება!

ჭეშმარიტად საყვარელი იყო ფორე, წყლის ტრფიალი, წყლის სიყვარულით გაშმაგებული! მთელი სიცოცხლე მეცადინეობდა, რათა მრავალქაფა ნიშარძეულის წყალი ჩვენს სოფელში ჩამოეყვანა.

სოფელში ფორეს სახელქება ისმოდა, მაგრამ არავინ არ ეხმარებოდა, მხოლოდ ორიოდე მეზობელი ტკბილი სიტყვით აქეზებდა ამ წმინდა საქმეზე! გაწყალებულ პატარა სოფელს, სიღარიბის ბურტყლი რომ ასდიოდა, რა დახმარების გაწევა შეეძლო მეოცნებისთვის? ვინ გამოიღებდა ხელს? არავინ! ამიტომაც შერჩნენ ერთმანეთს მარტონი, __ ოცნება და ფორე, ფორე და სოფელი!

იდგა კლდის რქაზე და მუდამ პირდაცული ფორე ახლა მტკიცე გონებით ღაღადებდა:

__ მოდით, მხარი მომაბით, მიშველეთ,სათხარი, მიმართება მივცეთ ამ ფურის ძუძუსავით

ნაწველ ნიშარძეულის წყალს!

დაწვრილებით აგიხსნიდა რა დამართებით უნდა წაეყვანა წყალი: აი, __ აგზნებით ამბობდა ფორე, __ ჯერ წმინდა კაჟის კლდეზე გადმოვაქცევთ, მერე ხმელი კლდის გამოვილით დიდგვერდზე, გოხიან კლდეებზე, კამაროვანსა და მარმაროვანზე გადმოცურდება, რომ იმინდვრებს, ურწყულ მინდვრებს სარწყავად გაჰხდის, გამინდვრებულის მერე, სოფელში შემოსრიალდება ნიშარძეული და ბელტს დაალბობს. მერე... ფესვმა უნდაა გაიბას ჩინჩლი; როგორ იმედიანად აიყრის ზრო ტანს და დაყვავილდება ბუტკო; __ აგიყვავდებათ ძმებო, მწვანილი, ფეხის მოსავალი, დაისხამს ვაზი, ხეხილი! სამპირ მოსკდება __ შავფხა, შავთაველა, წითელი დიკა, დატაროვებული სიმინდი; მაშინ ნახეთ საქონლის მეხორცულობა, ყოჩი, შაქი! ნახეთ ავსებულობა, __ წველა, რძე, ერბო, თაფლი! თქვე პირუბანელებო, პირი ვერ დაგიბანიათ უწყლოობით. საწყალობელნო, უწყალო გაჭირვება გადგათ კარს! სად არი ღვთის წყალობა, მისი მოიმედენი რომ ხართ! ,, წყალობა‖_ც ხომ ,, წყალი‖_დან მოდის? გაანძრიეთ ხელი, მიშველეთ ერთკილოვნად, უგზაური ნიშარძეულის წყალი სოფელში ჩამოვიყვანოთ, მუხათწყაროში!

ასე მოუწოდებდა მიწურებში ჩასულ სოფელს, გულში კი უფრო თავისი ფხისა, გამჭრიახობის და მონდომების იმედი ჰქონდა! უნდოდა, ერთ დღეს, აღდგომი წითელ კვერცხივით მიემკვლია სოფლისათვილ ნიშარძეული!

თითქმის ყოველ კვირას ნიშარძეულში ადიოდაა ფორე, იქ ჩანჩქრის ჩქროს ესაუბრებოდა, ესაყვარლებოდა, ელაციცებოდა. მართლაც და, უპაემნო რა კაცია? უმიჯნურო სიარული რა ცხოვრებაა!

წყლის მხურვალე მაძიებელსა და გამომძიებელს გახრიოკებულ სოფელში შემრგო, სუბუქი, გემრიელი და იაფი წყალი შემოჰყავდა! რა იყო ამაზე კეთილშობილური საქმე? და აი,





ზრუნვაში გართული ფორე ძიობდა წყლებს ჩვენი მიდამოების ტყესა თუ ღრეში. ჰსინჯავდა წყაროებს, ნაკადულებს, წყაროსთვალს, კოდას, ხევებს, სჩხრეკდა მათ სათავეებს, __ სათაურებს უსინჯავდა ფესვებს, ნიადაგს, ეძებდა მოკლე სადენ გზებს , გეზებს, ჰსახავდა გეგმებს, ჰხაზავდა მიმართულებას; დღემუდამ ჩოთქი ეჭირა ხელში, წყლის გამოსაყვან ხარჯთაღრიცხვას ანგარიშობდა; კიდევ კაპიკებს სწურავდა, მომჭირნეობდა.

ფორეს ჰნახავდით ტყის შეუვალ ტევრში, კლდის რქაზე, უძირო ხევებში, ჩამორიყულ ხეწვრილებში, ჭალებში, მწვერვალებზე.

ოცნების მიმდევარი, ხალხისათვის ბედნიერების მაძებარი, ხელში წერაქვით, ქაფჩით, რაღაც შინგაკეთებული საზომებით, მუდამ საწვიმარგადაცმული; გახუნებული ქუდით, ტალახიანი, მტვრიანი ფეხსაცმელებით, შეჭაღარევებული, შუბლდანაოჭებული, სევდიანი, საქმიანი, მზისაგან ამწვარი, გარუჯული, სიცოცხლის ალმურადენილი, ზეშთაგონებული! აი, ფორეს მაშინდელი სურათი!

გაზაფხულდა, მწვანე ნერგი აყვავდა...

აპრილის ბალახი ნიავზე სივსივებდა. ვანახის დედოფალი __ ატამი ყვავილით

ბრწყინვალებდა.

თაფლატყეში, შხეფით სოველ კლდეზე იდგა ფორე და ნიშარძეულის ჩანჩქრის სამყვირალო ხმას ისმენდა, თითქოს ჯიხვების ჯახანი ისმისო. უყურებდა პიტალო ალმასგადმოფანტულ ჩანჩქერს.

და თითქოს გულში შესძახოდა:

__ მე დაგიმორჩილებ! მე შენზე ღონიერი ვარ!

მთაში ნაშობი თეთრ_ლურჯი ქაფი, თითქოს რძის ათასი აუზი გადმოსჩქეფსო გრიალით, ჩადიოდა ჩახევებულ ღრანტეკლდეებში და მერე ჯურღმულებში იკარგებოდა.

ბროლით ამტვერებული გარდმოსაქანელი, შვიდ-წალიკად ჩამოდიოდა. მთების ძუძუს წყარო პიტალოზე შხეფსა და ბუნგალს იტყორცნებოდა...

უყურებდა სიხარულით მორჭმული ფორე წყლის მჩქეფარებას, კაშკაშს და ჩანჩქერის საფიცხე მის გულს ემატებოდა. ფორე წყალს დაშტერებოდა, თითქოს ცხენთა ჯოგი დგრიალებსო, და ფორეს უნდა ქამანდი ესროლოს, რომ ეს ათასობით თეთრი ქურანი გააბასო.

სანახაობამ დაბანგა...

__ ჰეიდა, გულს აღარ უნდოდა შემოცდა! პირდაპირ ჰსურდა, ახლავე შესდგომოდა მდინარის

დაურვებას; მოცდა, მოსაათება ეძნელებოდა... __ ჩაიყვანე სოფელში და გააძღე წყლით მიწა!

ჩანჩქერი კი... იფრქვეოდა და კლდე იწველებოდა, როგორც სიმაძღრის ძუძუ და ვერცხლის ღვარს მოჰქონდა ლოდნარი, ქვაყრილი, ძელყორე...

უსაღვთოესი, მყოფადი ოცნება ახლა თითქოს ხორციელდებოდა. ფორე გონებაში ამ წყალს სოფლის ვენახებსა და ხოდაბუნებში ჰხედავდა უკვე. ორივე ხელი გაეშალნა და არ ვიცი,





მღეროდა, თუ ჩანჩქერს შესძახოდა:

__ მე დაგიმორჩილებ, დაგიურვებ, მე ხომ შენზე ღონიერი ვარ!

ჩანჩქერი, რომ იტყვიან, ღმერთში ადიოდა შეუწონელი ძალით.

რაღა უნდა ენახა ფორეს __ დასიცხულ, დაგვალულ სოფლის შვილს, ამაზე უსანატრესი, უტკბესი?

__ იცი რა არი ნიშარძეული? __ ოქრო ჯიღა!

ზემო მთებიდან მომავალი გლეხი წაადგა ფორეს კონცხზე მდგომარეს, ნეტარების ბურანში დაბანგულს, მოხათრე გლეხმა გაუბედავად შეახო ხელი.

__ მოგწონს?

__ განა რომ საყვარელია? __ უპასუხა ფორემ.

__ როდის გახდება ჩვენი ნიშარძეული? __ შეეხითხა გლეხი ჩანჩქერს. __ ხვალ! მტკიცედ უთხრა ფორემ.

ეს იყო დიდი ხნის წინათ...

კაი სახელებია: ვარდისოფელი, ვარდიგორა, ოქრობაგეთი, ოქროწყარო, მაგრამ ჩემი სოფელი მუხათწყარო მეკერძებოდა; თუმცა აღარც მუხა იდგა, აღარც წყარო მჩქეფარებდა. სიპოხეგამოწოვილი მიწა თვალცემულივით ბერწობდა.

__ მოხრეკილი ხევი, მშრალხევი, გოხნარი, ნაწყაროვალი, ნატბეურა, ნარუალი, ნაჭალევი __ ასეთი სახელები ერქვა ჩვენი სოფლის მიდამოებს და აქედანაც კი ჩანდა უწყლოობა, თვალიც რომ არ გადაევლოთ უხეტყეო, მაგრამ ოდესღაც ნატყევარი მიდამოებისთვის.

ბავშვებს არასდროს არ ენახათ არც ჩანჩქერი, არც ჩახრიალა, არც შადრევანი, არც უხვი წყლით გახარებული ბაღნარი, არც მტევნის ძუძუ, არც მზის ყანა!

ბავშობიდანვე მეზობლები გვალვას, სიცხესა და მტვერს, შესთხოვდნენ კმასაყოფელ წყალს, წვიმის მომცემელ ლაზარეს __ ქვეყნის ნაყოფით გამომზრდელს და ცხოვრობდნენ ნაკლულად, მწყურვალედ!

ეჰ, რა უსაწყურვილესი იყო სოფელი! ოჰ, რა ბრეს ადენდა ხორშაკი ქარი! სოფელი მტვერში ეხვეოდა; რასაც დასთესდნენ ბოსტანში თიბათვის დამდეგ აიფშრუკებოდა, მკათათვეში ამტვერდებოდაა.

__ რაღადა სთესთ? __ შევეკითხებოდი სოფლის დედაკაცებს. __ მაშ. რა ვქნათ, სოფელს ხომ არ გავაციებთ, სირცხვილია!





....... .

ერთადერთი ნუგეში წვიმაღა იყო, თუ ავდრიანი გაზაფხულ-ზაფხული იქნებოდა, ჩვენი

ბოსტნებიც ღაღანებდნენ, ხეხილიც მხიარულობდა. ვაი, რომ უფრო გვალვა იცოდა ჩვენს მხარეში! გაქვავებული ნახეთქი, უხალისო, გამშრალი მიწა.

აბუზული ხეები სევდიან სიჩუმეს გამოსცემდნენ. სოფელს თვალები ცაზე ყურებით სტკიოდა შავღრუბლის ცვარის მოლოდინში!

ჰხედავდა ფორე სოფლის არემარეს, ამპირ-იმპირ გადამწირულს, გადაბუგულს. წარღვნის წყალი არ ეყოფა ამ ნამშრალ მიწას! იტყოდა გულში:

ახ, ბედი გაიხსნებოდეს! ახ, შეიმარეშოს აქ წყალმა მადინარმა!

ბოლო ხნის გვალვების გამო, სოფელში რაც წყაროები იყო ან დაშრნენ, ან დამოკლდნენ. ჩვენი უბნის წყაროს ნაწრეტი წყალიც ნეკის სისხოდღა მოღანცალებდა. აღარ ისმოდამისი ცქაფი ჩხრიალი, ყრმობისას რომ სიმღერასავით მომესმოდა.

წყაროს თავზე მდგარი ნაგალი ხეც ჩათუთქულიყო, დაღონებული ტოტები ჩამოეყარა: უხალისო ფოთლები სევდიანად შრიალებდნენ.

__ ახ, ერთი მენახა ჩემი სოფლის მიწა გასველებული! წყალგამჯდარი! ჭყანტი იდგეს, ბჟანტალი ნიადაგი მენახოს!

და როცა ხალხზე ზრუნვას უქებდნენ, __ ბარაქალა, ფორე!

__ რა დროს ეგ არი? __ შეაწყვეტინებდა გაღიმებული. __ წყალი გამომაყვანინეთ თქვე

უღმერთოებო, დამეხმარეთ, მიშველეთ!

... და ისევ უღრან ტყეში, სოფლიდან დიდად მოშორებით გადმომჩქეფარე წყალს ჰზვერავდა, ზვირთებს უთვლიდა! შინ, კი ისევ ანგარიშობდა, ჰხაზავდა, დაფიქრებული, ჩაჰყურებდა ნახაზსა და ციფრებს. ჯიქურად წინ დასდგომოდა პირდაპირ შეუძლებელ საქმეს, წამიერად კიდევაც ხედავდა სოფელში ჩამოყვანილ წყალს და იმ წუთას იგი ახალგაზრდავდებოდა, ცმუკავდა, კიდევაც ღიღინებდა.

თუ ჩვენს კუთხეში შემთხვევით ინჟინერი ან ტექნიკოსი მოხვდებოდა ან სტუდენტი შემოივლიდა, ხელს ჩაავლებდა, წაიყვანდა, დაატარებდა, საწყლო ადგილებს აჩვენებდა, თავის აზრს გაუზიარებდა. რჩევას ჰკითხავდა და კიდევ ერთხელ აღიგზნებოდა, იქაურობას დააკორიანტელებდა!

მაგრამ მხარს არავინ აბამდა! მარტო იყო ფორე თავისს საქმიანობაში!

ბოლოს გადაწყვიტა თავდაპირველად ხარჯი თვითონ გაეღო. დაინახავენ, მომიდგებიანო! გაყიდა ცხენი, გაყიდა ფუტკარი, გაყიდა პატარა ვენახი, სამიოდა თხა, ათი კოდი პური შარშანდელ შემოსავლიდან შემონახული და ყოველივე ფულად აქცია! მაგრამ არ იყო საკმარისი მუშაობის დასაწყებად. ახლა მან გაბედა უქნელი საქმე. ერთ დილას იგი მიადგა ჩვენი დაბის წმინდა გიორგის მღვდელს და მაზრის ბლაღოჩინს მამა თევდორეს, მდიდარს, შეძლებულს, ძუნწსა და ხელმოჭერილს.





ფორემ მოურიდებლდ სთხოვა ფულით თანაშეწევნა და დაჰპირდა თავისი მამულის გირაოდ მიცემას.

თევდორე მღვდელმა, რომელიც ფულს სარგებლით ასესხებდა ხოლმე, მოიმიზეზა წმ. გიორგის საყდრის შეკეთებისათვის შემოწირული ფულის უკმარობა.

__ მე მხოლოდ წმ. გიორგის მოვალე ვარ! __ განაცხადა ბლაღოჩინმა. __ თუ მართლა წმინდა გიორგი გიყვარს, მაშინ მისი საქმე გააკეთე! __ რა საქმე?

__ ხომ იცი, რად გვწამს ქართველებს წმინდა გიორგი მთავარმოწამე? რად არი ჩვენი თავსალოცავი? თუმცა შენ ჩემზე მეტი უნდა იცოდე, მოგახსენებ... გველეშაპმა ხალხს სასმელი წყალი შეუკრა, თავის მყრალი ტანით ზედ გადაეფარა წყაროსთვალს, კლანჭებში ჩაამწყვდია. ხალხი უწყლოდ იხოცებოდა. გმირი და მხედარი გიორგი შეებრძოლა ვეშაპს, ჩასცა შუბი, სული გაანთხევინა და სახალხო წყალი დაიხსნა! ამ გმირობისათვის იწამა წმიდანად ქართველმა ხალმა, თორემ წმიდანი არა ყოფილა! და თუ შენ, წმიდა გიორგის მოსავი ხარ, დაგვეხმარე წყლის გამოყვანაში; გახდი წმიდა გიორგის მიმდევარი, წყალი მიეცი ხალხს! __ უკვე ფიცხად შეუძახა ფორემ მამამთავარს.

ბლაღოჩინს მხოლოდ წყნარად გაეღიმა მეამიტ ფორეს ახალ დებულებაზე წმიდა გიორგის შესახებ... ეს იყო და ეს...

როდი იცოდა ფორემ შეპუება! მან იყიდა სამოციოდე მილი და ეზოში დაალაგა, არხი კი ჯერ არ იყო გათხრილი! ეშმაკები ტიკებს ალბობდნენ, ღვინო არსად არ იყოო!

დიდი ფიქრის შემდეგ ფორემ გადაწყვიტა ნიშარძეულის ფონდის დაარსება გაზეთში და ამ მხრივ შეწირულების მოგროვება. ამ გამოგონებაზე ისევ გაუთბა გამყინვარებული გული, ისევ შემოიქროლა იმედმა, ისევ ეჩვენებოდა, რომ დაიმორჩილა ჩანჩქერის წყალი: ეჩვენებოდა თითქოს ნიშარძეული მერანი იყო და ქეჩოზე ხელწავლებული მოჰყავდა და მერანიც მშვიდად მოსდევდა სოფელში! ხან თითქოს ფორეს კვერთხი ეჭირა და მისს კვერთხს უკან მოსდევდა, მოსთრევდა წყალი! რას არ ჰხედავდა, რას არ წარმოიდგენდა! საორაგულე ფაცხებს სდგამდა მდინარის ტოტში, შიგ მურა კალმახს იჭერდა!

მაგრამ გრიგალ-ქარივით ატყდა მსოფლიო ომი და ყოველ კეთილ დაწყობილებას მიეცა თავისი აღსარული! ბევრი მწარე გაკვნიტა ხალხმა!

გავიდა დრო, ჩვენი ფორე მობერიკაცო გახდა, სამოცს გადასცილდა, __ მობერდა თავისი აუხდენელი ოცნების გაცამტვერებით. ფორეს შუბლი დაეღარა გუთან-გავლებულ მინდორივით, წვერ-ულვაში გადაეთოვლა, სახე შეუჭკნა, მის ღიმილს მადლიანი ეშხი გაუქრა, მოწუწუნეც გახდა, მწვავედ ჰგრძნობდა, რომ ხელიდან უსხლტებოდა ის ერთადერთი ნათელი ოცნება, რითაც იგი აქამდე ჰსუნთქავდა, სცოცხლობდა, მოქმედობდა!

მაინც ვხედავდი ნიშარძეულის კლდის ქიმზე ზევიდაან გადმომზირალს! უყურებდა ტანშევერცხლილ ჩანჩერს, ეალერსებოდა მის თვითოეულ ზვირთს; ჩანჩქერის თვითეულ წვეთში იყო ჩამწვარი ფორეს ფიქრიც და ოცნებაც!





სულ პირუკუღმა მოდიოდა ფორეს საქმე. წყალზე დაადნა ფორეს თვალგული! მაინც არაფერი გამოვიდა! არვინ წაეხმარა!

ომმა სულ გაწყვიტა სოფელი, ვინ იყო მხსნელი?

__ დაიწვას ცარიელი ჯიბე! __ წაიკვნესებდა ბერიკაცი.

უფრო დაბერდა ფორე, სამოცდაათს გადასცილდა. ,,ძია ფორე‖ ,, ფორე პაპამ‖ შესცვალა, მაგრამ წყლის საქმეს არა ეშველა რა!

ახლა სიტყვიტაც აღარაავინ ეხმარებოდა წყლის მებრძოლს, თანაგრძნობაც სამგორის ქარს გაებურთავებინა! სოფელში ეკვე ლაპარაკიც ეზარებოდათ ნიშარძეულის წყლის გამოყვანაზე, როგორც გარკვეულად აუხდენელ ოცნებაზე და ფორეს კიდევაც ალმაცერად უყურებდნენ.

__ თავში იწყვიტოს, ფორე უცოლშვილოა, შესანახი არავინა ჰყავს, ნება აქვს ქარიანობისა, ოცნების აყოლისა, ჩვენ კი __ წვრილშვილებს რაში გამოგვადგება ფორეს აყოლა?!

ასე ფიქრობდნენ ზედმიწევნით ფორეს მეზობელი გლეხები, რომელნიც სიღარიბით ისე დააიხელთნენ, რომ ვერაფრით ვერ შეეწივნენ სოფლისთვის მარტომბრძოლ ფორეს!

ხანიერმა, სახენაცვალმა ფორემ ერთხელ კიდევ შეუტია სოფელს ცეცხლოვანი მოწოდებით:

__ ძმებო, გავიდეთ კლდის გამკაფველებათ, ბელტის მჭრელებად, რუსხმულის მკეთებლად, არ უკანასკნელი კაპიკი, კალაპოტში ჩავსვათ ჩვენი გიჟმაჟი ნიშარძრეული და სოფელში გამოვიყვანოთ! რომ იცოდეთ, რა შემრგო წყალია, რა მსუბუქი, თამარ-მეფეს აუწონია ლერწმის წბილით!

ახლა ამის საპასუხოდ სოფელში თქვეს: ფორეს ტვინი უფრინავს! ურგები კაციაო! სალექსედ გახადეს.

დანართვილარი გული კიდევ ემხურვალებოდა, მაგრამ აღარაავინ არ გამოეხმაურა, ყურიც არ მიუგდეს! მობეზრდა სოფელს უქმი საქმე, სიტყვაა უსაქმო! დრო მიდიოდა, ფორე თითონ უძლურდებოდა, მუხლში სიბერემ ჩაიდგა ფესვი, გულს მყინვარი შეეპარა! მხედველობა მიუსუსტდა და... ამაზე უბედურება რაღა იქნებოდა, ნიშარძეულის სანახავადაც კი ვეღარ

მიდიოდა, გულჯავრეული, ბღუნვით მავალი! ჩამოძენძილი ჩოხით, ჩამორღვეული პაჭიჭებით მოსიარულე.

რაღაც სასიცოცხლო მოაკლდა ფორეს, თითქოს მისი არსება გამოიფიტა, გამოშრა, თითქოს სამოთხეს მოსწყვიტეს! ვერც ვერავის ანდობდა თავის სევდას და ხვაშიადს. ჩაიკეტებოდა თავის ოთახში, თავის გულში და თავის მზერაში და ისე, უნახავად ჰხედავდა ნიშარძეულის ჩანჩქერს გახურებული გულით, შუბლგაცხელებული, გაფაციცებული!

მტკიცედ გამოფიცული, უცვალებელი ოცნება მაინც ცოცხლობდა ფორეს მკერდქვეშ.

ამ დროს ფორეს გული ნაღვერდალს ისროდა! მაგრამ ღამეობით იყო ძნელი! ვეღარ იგებდა ფორე, თუ სად იყო, შინ თუ ნიშარძეულზე? გახელებულ ტრფიალს ხშირად ეჩვენებოდა ქაფიანი ჩანჩქერი და გულს უხოკავდა შმაგური სიყვარული!

ეს იყო ფორეს საკვებელიც და გულის სატკივარიც!





... აი, უეცრივ, ძილში თითქოს არწივთ იხუვლა მთიდან და ფორეს ეზოში ჩამოვარდა, მზის ჭიატმა ციალა შუქით შეანათა ფორეს გამოხუნებული კარ-მიდამო.

მოკრეხილს, მტვრიან ეზოძი მიწიდან სცემდა და სცემდა აფეთქებული შადრევნები, დაბროლებული, მარჯნით ნაელვები ჩქეფები; შიგ მიჭვრიტანული კდემით სრიალებდნენ ელვამდგარი ცისარტყელები, ჩაცრილი ოქრო, ლურჯანა ნარგიზფერი __ ერთად.

ვერცხლურ ღვარიდან მოსრიალებდნენ ცისფერი ბაღდადები, მარმაშა ზვირთებში წყობისად იდგნენ დასხმული ვაზები, ვაშლ-ატამის ბრიალა ტოტები, ყვავილნარი, ხევნარი, კორდი, მდელო, მტილი, მოლი, ირგვლივ, შემობურვოდა კაკლის ჭალა. ნიგვზნარის ხასხასა შრიალი საამოდ ელამუნებოდა ფორეს გაბადრულ გულს.

თითქოს ირგვლივ დაჰქროდნენ ფრთალაჟვარდული ჩიტები, ფირფატები, თოლიები; თითქოს მოჟუჟუნე ქალები გალობდნენ ტკბილად საგალობულს და მრგვლივ საყნოსავი ყვავილსურნელება იდგა და მღიმარი ყვავილები უმწიკვლო ღვარებში ელვარებდნენ. უთეთრესი, უბროლესი, ულურჯესი და ჟოქროესნი, ანკარა, თაფლისა და არძის ნიაღვარშხეფი გამოსჩქეფდა თქართქარით. წაღმით ავარდნილი, დამძლავრებული შხაპი მარგალიტს იტყორცნებოდა, მცინარე ლალის გამოსხივებანი გულს ანათებდნენ, თვალებში უსრიალებდა საფირონისა, ფირუზისა და ბადახშანის ციმციმი. დაჩითული კალმახები მიმოქროდნენ ზვირთებში! ფორე სიხარულით ჰბორგავდა ძილში. როგორ შეაყელთა უწყლობამ, რამდენი იტანჯა, იწვალა და აჰა, თითონ წამოსულა წყალი სოფელში, გაურჯელად!

აუსრულდა ფორეს უსაწადლესი ნატვრა!.. სახეატკრეცილი, გაგანიერებული თვალებით, ხარბად შეჰყურებდა წყლის კაშკაშს, ბროლის მცვრევას და თვალს როდი უჯერებდა უეცარი სანახაობით მონადირებული! თითქოს ტრფიალი და სატრფიალო ერთმანეთს შემოხვდნენო! მადლი, მშვიდობა, სიხარული ჰსუფევდა ეზოში! __ სანატრელი სახილველი!

ჰქუხდა ჩაქუხა ჩანჩქერი და ემადლებოდა ფორე მოულოდნელ სიხარულს. ვაგლახ, ნაგონარი გამოდგა, მეოცნების ფიცხი გამონაფიქრი!

გამოიღვიძა, თვალშეხედული მოჩვენება განქრა! გვერდით მდგარ ლიტრაში ისევ დუბელა წყალი იდგა ნადუღარივით. თითონ სიცხესა და სიზმარს დაედუნებინა, ფორეს მკერდზე ხვითქი სდიოდა. ისევ უყვარული სინამდვილე... ისევ ურწყული, უძუძური მიწა... ამტვერებული შარა... გამხმარი ხეები. მიმჭკნარი ბოსტანი, უღიმღამო დედაკაცები, სევდიანი ბავშვები... ოცნების უსაზრდელობა...

სადღაა ბროლის ტბორები, შუშხუნასავით მფეთქავი ტანბროლა შადრევნები?!

ისე დააჭმუნვარა ფორე, ისე შეარყია ამ ცხადივით ჩვენებამ, რომ მთელი დღეები გარინდებული იჯდა დერეფანში. აღარ საქმობდა, მხოლოდ იმ ადგილებს დაჟინებით უყურებდა დერეფანში, საიდანაც სრიალა შადრევნები სცემდა სიზმარში, კვიპაროსივით ასული, მაშხალასავით ცაში შეტყორცნილი!

სად წავიდნენ? ცაში თუ ავიდნენ დაუბრუნებლივ!...

მართლაც, სად წავიდნენ შადრევნები? სად წავიდა ახალგაზრდობა, ღონე, იმედი? __დაფიქრდებოდა ღამენათევარი, როცა მთვარე თეთრად დაანათებდა ბალიშს და აღარ





აძინებდა მოხუც მეოცნებეს.

__ სად წავიდა ოცნება, სიყვარული? ახალგაზრდობის ჩოხა გაცვითა, გული, გონება, შეძლება თავისს ოცნებას გარდააგო და რა უეცრად გაცურდა თითებშუა ყველაფერი, რა ძნელია, რა ძნელია ყველაფრის გაქარწყლებანი?

და სულ პირველად, ფორეს თვალზე კურცხალი დაიწურა. თითქოს მისი ცხელი ცრემლი ნიშარძეულის ჩანჩქერს შეუერთდა, მისივე ხმელი გულისა და მისი მშობლიური მიწის მოსარწყავად!

წყალს შეალია ფორემ თავისი ახალგაზრდობა, ოცნებას დააწვევინა! ქვასა და კლდეს შეაცხო თავისი სიცოცხლე, მაგრამ მარტოდმარტომ ვერ დაიმორჩილა ვერც ჩანჩქერი, ვერც ვერავის გული! ერთი საქმიანი თანამგრძნობელი არ მისცა ბედმა!

ფორე სანახევროდ კიდევაც დაბრმავდა! ეზოშიც კი ვერ იარებოდა უჯოხოდ, მაინც დიდ მეოცნებეს სჯეროდა, რომ ნიშარძეულის წყალი სოფელში უსიკვდილოდ ჩამოვიდოდა!

და აკი ერთ ღამეს, თითონაც გადამდნარიყო იმ ოცნებაში! ნიშარძეული კი მხოლოდ წრეულს ჩაამოვიდა მუხათწყაროში.

ბუნბულა

დალაქი ბუნბულა ფარსმანიშვილი მეტადჩვილი, გულნაზუქი მახსოვს,-- მოსიყვარულე, უწყინარი, ძვირუხსენებელი, მეგულკეთილე, თან გაგებული, შესმენილი კაცი.

__არავის აწყენინო, მოშიშება უნდა გქონდეს, ჩვენი ბოლო სამი ფიცარია!-ზედ დააყოლებდა ამ სიტყვებს, სამართებელს რომ ღვედზე ლესვას დაუწყებდა. კარგი მემუსაიფე იყო, ხალხის შემაქცევარი. სიტყვის თავზე ,,ჩემი ხარ ბატონი― არ დაა-

ვიწყდებოდა.

__სიწმინდის დარზე ვიდგეთ, და-ძმობაზე ვიაროთო!

__თავი და თავი გულის მოსავალია! ჯერ გულის მოსავალი მოირეწე და მოკრიფე, მერე მიწისა!

ბუნბულას მიერ შემეცნებულნი თავს აკანტურებდნენ ნიშნად თანხმობისა და თვით ბუნბულას საპატიურობისა.

დალაქის აზრით, სიგიჟით მოგებული არაფერია სინდისით, მოგებულთან! ადამიანს რომ შეხვდები, მარტო საქმეზე კი არ უნდა ელაპარაკო, გუნებიერად მოიალერსე, გუნება მოიმყუდროვე, ორივეს ჯანი და აგებულობა დაგიმშვიდდებათო!

იმდენად სათნო და წმინდა ადამიანი იყო ბუნბულა, რომ მისმა მტერ-მოყვარეებმა ხმა დაუყარეს, ბუნბულამ სთქვაო, ჩემს ჯეელობაში ქალები სულაც არ ყოფილანო!





იყვნენ თუ არა ქალები მის ახალგაზრდობაში, არ ვიცი, მაგრამ თითონ თორმეტი შვილი კი ჰყავდა: გოგოები- თათია, ნია, ფაცაცი, მზესა, გაია; ბიჭები-ბატატა, საჩინო, ჯაბა,გეგენა, ბათუა, ხოხორა, ბაბღია. ზოგი დაოჯახებულიყო, ზოგი ახლად იდგამდა ფეხს.

მე მიკვირდა, როგორ ეტეოდა ამოდენა ხალხი ბუნბულას ორ პატარა ოთახში? ერთხელ კიდევაც შევეკითხე.

__ ზოგი იატაკზეა, ზოგი სხვენზე, ზოგი ჭერში, ზოგი ერდოზე, ზოგი აივანზე, ზოგი ეზოში, ზოგი წყალზეა წასული, ზოგი პურზე, ზოგი დუქანში და ასე __ ვეტევით. იოლას გამოვდივართ, __ მომიგო ბუნბულამ. ამდენ შვილებში ყველაზე მეტად ბატატა უყვარდა, მე მგავსო, ხელს გაიშვერდა ბატატაზე და სიამაყით იტყოდა: __ ჩემი გვირგვინის შვილია!

ძვალად, ძარღვად კარგი იყო ბატატა მამასავით, მაგრამ ნიჭმოკლე, გონების თვალით უხედავი,დაბდური, ოტროველა.

რას აჭმევ. რითი ჰკვებავ შვილებს?

სამართებლით! განა არა ვარ გაოგნებული? ფიქრით სოფელი გადავაბნელე! ბედის ბედაური

გავაჭენე და ეს მომერგო საწუთროში!

მაინც საწყენი, საკრული სიტყვა პირიდან არ ამოუიდოდა. ენად კარგი იყო. გულდებით იცოდა საუბარი, თითქოს ცეცხლზე შემდგარი თაფლის ქვაბი ტკბილი ჩუხჩუხით გელაპარაკებაო . სადალაქოში უყვარდა პოლიტიკაზე ლაპარაკი, პოლიტიკოსებს საქმიანობას უწუნებდა, თუ კაი ხალხია, ომი რად უყვართო, ომს რად აჩენენო! ნაპოლეონიც მიყვარს, გიორგი სააკაძეც, მაგრამ ომები იმათ მოიგონეს, მათი ძვლები ხალხის ცოდვით ვერ მოისვენებენო!

ყველა ნადობი, ნაძმობი, მოკეთე, სახლიკაცი, მეზობელი, თვისტომნი და მოყვარენი ვართ! ყველა რომ სიამტკბილობით ვიყვნეთ, განა ავკაცობა მოხდება დედამიწაზე? ჩვენი ბრალია, ჩვენით მოდის ყველაფერი! შუღლს შფოთი მოსდევს, შფოთს ჩხუბი, სისხლი და ციხე! სისხლს ომი მოსდევსო.

პირველი მსოფლიო ომი რომ ატყდა, ბუნბულა მართლა შეგეცოდებოდათ. კინაღამ არ შეირყა. __ქვეყანა ბოროტების მტვერით აივსო! აჰა ეგეც სიმწრის ჭაშნიკი! ვაი, სადა ხარ,სირცხვილო,

ვაი, ადამიანის გაღორებას!

__ ღმერთო ჩვენსკენ მოღერებული ხანჯალი დაუმოკლე ჩვენს მტერს!

და შეწუხებული, დამწუხრებული ბუნბულა მიადგებოდა გამვლელ-გამომვლელს. __ კაცი არა ხარ?

__ მერე?

__ განა ძმები არა ვართ, გულის ძმავ?

__ მერე?

__ ხომ ადამიანი ხარ? ხომ ვართ ადამის შვილები!





__ მერე?

__ მერე ისა, რომ ჩემი სული შენს მუჭაში დევს!

__ რა გინდა?

__ ის მინდა ,რომ თუ საქართველოს მირონი გიყვართ,შევერთდეთ, ერთმანეთს მხარი მოვაბათ, ხელმწიფესთან წავიდეთ ,დავუჩოქოთ, შევეხვეწოთ-ომი არ გვინდა-თქო!

__ ვინ მიგიშვებს ხელმწიფესთან?

__ ჩვენ ჩვენი საცადური არ დავაკლოთ!

__ მერე რა გამოვა?

__ როგორ თუ არა? ფარა ცხვრმა ხეს შეჰბღავლა და ხე გახმაო ! ხატიცხოვლის მადლმა, მართალია! როდის ვამბობ გულის მოსაპირავად?

საწყალ დალაქს გულწრფელად სჯეროდა კეთილ ადამიანთა ნების შეერთების ძალა. __ ეჰ, მოგცლია! -ეტყოდა ვინმე ილაჯგაწყვეტილი.

__ მაშ, ხალხი არ გენანება, დედამიწა, ცა-მზე? მაშ, სიცოცხლე უნდა ყმად მიუგდოთ სიკვდილს? მაშ, საკაცო მადლი დავკარგოთ?!

__ ენდე ღმერთს! ხელმწიფესთან წავიდეთ, ფეხქვეშ ჩავუცვივდეთ, მუხლ_დადგმით ვთხოვოთ, შევეხვეწოთ,_ მუდარით შესთხოვდა ბუნბულა უცნობსა თუ ნაცნობს,ახლობელსა თუ შორებელს, გამვლელსა თუ გამომვლელს. მაგრამ მის წინადადებაზე ყველას ეღიმებოდა. ერთმა ვირულა ბიჭმა შეჰკადრა კიდევაც: ტვინი ამოგიღვარესო?

სიმართლისა და მშვიდობის მაძიებელი დალაქი გაოცებული იყო ადამიანთა

უმადურობით:_ვაი, გზა ვერ ვიპოვე ვერავის გულში! _ბოლოს წყრომამ ამოხეთქა

მის გულს:

__მაშ, არ გინდათ ერთობის კარი? არ გსურთ ომი ავიცდინოთ? მაშ, ქრისტეს სი-

მართლეში მომეცით პასუხი! __ჩაიქნია ხელი და განმარტოვდა.

ხან ვენახში მუშაობდა, ხან ბოსტანში, ხან თავის ხელობაზე. უფრო კი დაშინაურდა, დვრიტა დაიდვა ... თავი ვეღარ მოიძია...ცალარქად დადიოდა.

...ერთ დღეს ბუნბულა გაჰქრა სოფლიდან. ცოლ-შვილი დარდობდა,

დაეძებდა, მოკითხუკობდა, თუმცა ამაოდ. ატყდა ზრინვა-ტირილი, ვაი-უშველებელი.

ცოლმა__გულჩინამ ხატს ზვრაკი აღუთქვა. ვიღაცამ სთქვა, მატარებელში ვნახეთო! ცოტათი დაშოშმინდნენ.





ბუნბულას თანაზიარი ბიძაჩემი სუთლხანი ძალზე შეაწუხა მეგობრის დაკარგვამ და საყვარელი კაკლის ქვეშ პურისჭამა აკვეთა.

__ნაწყენი ვარ, ნაწყენი! ჩემზე უმახლობლესი ვინა ჰყავდა, რომ ხვაშიადი არ გამიზიარა, თუ სადმე წავიდა,- მაგრამ ავიტან,ავიტან, ოღონდ მშვიდობით დაგვიბრუნდებოდეს! - ეუბნებოდა ბიძაჩემი გულჩინას.

ბუნბულას ოჯახი და ბიძაჩემი ბუნბულას გზას დაეძებდნენ, ფოსტალიონს ავედრებდნენ, მოვიდეს წერილი თუ არა, მყისვე, იწვე თუ იდგე, მაშინვე გამოაქანეო!

გულჩინა ჩიოდა; ვინ იცის, სად რა კლდის ფხაზე სძინავსო! ვინ იცის, უსაზრდელო მათხოვრად დადისო, ვინ იცის, ყელიც გამოჭრეს ავაზაკებმაო!

ბიძაჩემი ანუგეშებდა:-ქვეყნის დამანგრეველი კაცია, რა უნდა გასჭირებოდაო, ესეც არი, ავი ამბავი ცხენით მოჭენდება და მადლობა ღმერთს, ჯერ ხომ ცუდი არა გაგვიგია რაო, წინასწარ გული რაზე გავიხეთქოთო! შეიძლება სოფელი უდალაქოდ დარჩესო! მართლაც ვერ წარმოედგინა, როგორ გაუბედავნენ სოფელს?

ბუნბულას ოჯახში კი ისევ გაისმოდა კვნესიანი სიტყვები: ვაი დაქცეულობას, გატეხილობას! დარდი ცალკე ჰკლავდა ოჯახს, უცნობლობა ცალკე.

თორმეტი შვილი ერთად ტიროდა, ცოლი ცალკე იმდუღრებოდა.

მეზობელი ქალები აშოშმინებდნენ. ისიც კი გაუბედეს: ვის რად უნდა შენი ბეხრეკი ბუნბულაო,

ვინ გაიტაცებდაო! ზოგმა ბოროტმა ჭორშესხმულმა ამბავიც დააფრინა: __ბუნბულა ქარიან ცოლს გაექცაო,და თორმეტი შვილის შენახვასაო!

გულჩვილი ბიძაჩემი დარდით მთლად მომჩვარდა, ხმას არ გვცემდა, ბუნბულას განსაცდელზე ფიქრობდა.

გულჩვილი ბიძაჩემი დარდით მთლად მომჩვარდა, ხმას არ გვცემდა, ბუნბულას განსაცდელზე ფიქრობდა.

მახსოვს კვირას დღე იყო და სადილად ღვინო აღარ მიიღო. მაგრამ იმ საღამოს ისეთი ამბავი მოხდა, რომ ბიძაჩემმა ხელადა ღვინო მარტო გამოცალა და ბაღდადურიც კი დაუარა!

რა მოხდა? ის მოხდა რომ... მარაგიანი ღამე იყო. ახლად პურმოხდილ თონის ფიცრებზზე ვისხედით ბალღები. თონე ნებივრად გვათბობდა. თონის განელებულ ცეცხლში ახალი კარტოფილი იწვოდა. მოჯამაგირე ჯუღურა გრძელ ზღაპარს გვიყვებოდა მზის ვაჟზე, რომ ამ დროს შმაგურად შემოვარდა ჩვენს ეზოში ბუნბულას ვაჟი ბატატა, კიბე სასწრაფოდ აირბინა და ბიძაჩემს შესძახა:_ სამახარობლო, სამახარობლოო!

ბიძაჩემი სიხარულით შეტორტმანდა კიდეც, მაგრამ თავს მოერია, არ წაიქცა. სირბილით, ფაციფუცით, ყველამ ბუმბულას სახლს მივაშურეთ.

ბუნბულა დარცხვენილი იდგა, ტანისამოსშემოლახული.აღშფოთებული მამასახლისი უღრინავდა..





__ რაები დაგიწყვია ქალაქში, ვინ მოგცა მთავარმამობა, რომელი სისხლმაჭარა ხარ, რომ ხელმწიფის საქმეში ერევიო!ქალაქიდან ჩაგვაბარეს შენი თავი, ფეხი არსად გადგასო. დაჯექი და ლუკმა ლოღნე!

თავდადრეკილი ბუნბულა არას ამბობდა, მხოლოდ ცოლს უთხრა,_მაჟრიალებსო, საბანი წამახურეო და, საბანს თავზე იფარებდა. ბიძაჩემისათვის ხმა არ გაუცია, ისე რომ, ბიძაჩემი სულხანი ნაწყენივით დარჩა_მე მაგისთვის ღამეები არ მეძინაო მაგან კი ზედაც არ შემომხედაო! ახლა ეს საჭირვვეულო ფიქრი გაუჩნდა.

ბიძაჩემი ამაოდ ეჭვიანობდა. ერთი კვირის მერე ბუნბულა თვითონ ეახლა ბიძაჩემს სადილობისას, კაკლის ქვეშ და ყოველივე უამბო.

გრძელ სიტყვაობას რომ მოვერიდოთ, ბუნბულას ოხვრანი და გმინვანი რომ გამოვტოვოთ, მისი თავგადასავალი ასე ყოფილა:

შაშვის წყაროზე მჯდარა---თვალი რომ მოვკიდე მწვანე ხევჭალებს და ვენახებს, გულმა ძაგაძუგი დამიწყო, ცრემლმა დამხეთქა,--- მაშ, აღარ უნდა იმწვანილონ, აღარ უნდა იკეკლუცონო? მაშ, სისხლმა უნდა დაფაროს-მეთქი!როგორ უნდა გაიმეტოს ადამიანმა დასაბუგავად ეს შრომილი სილამაზე,მონაგარი ჭირნახული,ახლავე უნდა ვუშველოთ,სანამ დიდი ვეშაპი ზღვაში შეიძვრება-მეთქი!აქ ხომ არავინ მიგდო ყური,ქალაქში წავალ, იქ განვითარებული ხალხია, დამიჯერებენ, ხელმწიფესთან გამომყვებიან, სიცოცხლის საქმეზე გაირჯებიან, მე ხომ ჩემი ოჯახისთვის არასა ვცდილობ-მეთქი! გული ამიჩუყდა,გადაღმა რკინიგზის სადგურში ზარი აწკარუნდა. ქალაქს წასვლის ნდომამ უფრო და უფრო დამრია ხელი, სულ ვტორტმანობდი, იქნებ ხალხი გადავარჩინო _მეთქი. ცოლ-შვილს არაფერი შევატყობინე, ვიცოდი, არ გამიშვებდნენ. შენ ხომ იქ არ იყავ, რჩევა მეკითხნა. მე კი ხალხის შველა მინდოდა. როგორ მოგრიალდა მატარებელი, როგორ ჩავჯექი, მე თვითონ არ მახსოვს და არც ის, როგორ ამოვყავი თავი ქალაქში. მეტის სიხარულისაგან თავბრუ მეხვეოდა.

პირდაპირ სასახლისკენ გავწიე მთავარ_მართებლის სანახავად, რომ მეთქვა ყველაფერი, არ უნდა ხალხს ომი-მეთქი! სასახლის კართან დავდექი – გამომიცვივდნენ, აქ რა გინდაო, მუჯლუგუნი მკრეს, ქიმუნჯებით გამომაგდეს.

__ არ წავალ, საქვეყნო საქმეზე ვარ მოსული-მეთქი! წამითაქეს, ახლა ქუჩაში შევჩივლე ნაცნობს თუ უცნობს. ერთს გადავუდექ,-გაიცინა, მეორემ- შემომაგინა, მესამემ – გიჟიაო! ეს არ მაკმარეს, ახლა პოლიციამ ჩამჭიდა ხელი, ვინა ხარ, ალბათ ჯაშუში იქნებიო, სხვა სახელმწიფოს მოსყიდულიო!

პოლიციაში წამიყვანეს. ერთი კვირა ცარიელ ფიცრებზე ვიწექი მშიერ-მწყურვალი, ჩამაცივდნენ, მეკითხებოდნენ. მაწვალეს, მცემეს, რაც გროშები მქონდა, ქრთამში ამართვეს, მერე გამაპანღურეს. გასწი, აქეთ აღარ მოიხედოო, შენი ფეხი არ ვნახო ქალაქში, შე მეტიჩარაო! რას მერჩოდნენ? მე ხომ საქვეყნო საქმეზე ვიყავ წასული, ქვეყნის სამჯობინარი მინდოდა? რად ჩამცხეს წიხლი შიგ გულში? რისთვის? რატომ არ ესმით, რომ ვიღუპები? რამ გააქვავა ადამიანის გული? ვის დარჩენია ქვეყანა? მე მეგონა, ადამიანი განაგებდა! ასე დავბრუნდი გაუკაცრავებული, თითქოს დანაშავები მქონდეს. ახლა რა ვქნა?_შეეკითხა ბიძაჩემს თვალგანმარტებით, სასოებით.

მდუმარე ბიძაჩემს თავი არ აუღია. ბოლოს, აიღო ხელადა, ღვინო დაუსხა ბუნბულას და ჯამი გაუწოდა.





ბუნბულამ ხელი გაასავსავა_მე ღვინის ულუფა აღარ მერგება! იქ იმოდენა სისხლი იღვრება, მე ღვინოს როგორ დავლევო, სისხლს მაგონებსო! ჩემ გულს სიმწრის ბოლი ასდის, რა დროს ღვინოაო!

ბიძაჩემმა გაკვირვებით შჰხედა, მერე აიღო თავისი ჯამი:_ეს გაუმარჯოს ჩვენი მეგობრების მშვიდობით დაბრუნებასო!

ბუნბულა გათავისდა, ხალხს აღარ ეკარებოდა. დადიოდა განაპირებული, განკვეთილი , გადაცოდინარებული, მისი გული სევდის სადგური გამხდარიყო. წინათ სიტყვით მაინც იკლავდა ჟინს, ახლა სიტყვის ნებაც მოუსპეს. ისე მოჰპარსავდა მუშტარს, ერთ სიტყვასაც არ გასცემდა. გულის ძარღვებშივე ჩაუსრისეს რწმენა და ჭეშმარიტებაც. რაღა დარჩენილიყო ბუნბულას არსებაში? მხოლოდ ჩენჩო, მხოლოდ ცარიელი ლენჯო , ეს იცოდა ბუნბულამ და მიწის ზურგზე სიარული ეზარებოდა.

ჩამქრალ თვალებს აქეთ_იქით უიმედოდ აცეცებდა, იმ ორიოდე სიტყვასაც ზოზინით , უხალისოდ იტყოდა.

იყო კაცი თავმომწონე და გარემოებამ ნაკაცარი გახადა.მერე რისთვის? _ კაცობრიობის გულისთვის!

ასეთი იყო ბუნბულას ბედი!

ამბავი ესტატე ლაფაჩისა

დაბალი, შავგვრემანი, ჩოფურა, დაჯაგრული, ზამთარ-ზაფხულ დურატყავში გამოხვეული, ის ან ორღობეებში მიეჩქარებოდა ხელში სამღვდელო ბოხჩით,- რომელშიც ჭუჭყიანი ოლარი იდო,- და გამურული, ჭვარტლიანი საცეცხლურით; ან როგორც შეგრძნებული, იჯდა სამრეკლოზე, ან მღვდლის საფუტკრეში ეძინა. მისი ნაწოლი იონჯა ორ დღეს გონზე ვერ მოდიოდა.

ესტატე ლაფაჩი, წმ. კვირიკეს მნათე, ახლაც მაღალ სამრეკლოზე ზის და გაოცებული გაჰყურებს გაღმა მოლაპლაპე იორს და საჯერნე ტბას. გუმბათი კი ისეთი მაღალია, რომ ანდორეთისგრძელ მინდორს ჩრდილს აყენებს. შორს მოჩანს წარიგებული თეთრი მთები, სასაძოვრე და სათივარები. აქეთ, იორგამოღმა ყაყაჩოიანი ჯეჯილები, ვენახები მტირალა ვაზებით, მოხასხასე ნიგვზნარები შრიალებენ.

ყელშექცეული ლაფაჩი ახლად გამოღვიძებული დათვივით ზის და ვერ ამჩნევს ახალგაზრდა ბუნებას, ვერც მაისის ცისპირს. ლაფაჩის თვალები ამოშრეტილია ბუნების სიყვარულისთვის, ისე, როგორც დამშრალია ჭოტის თვალები შუაღამისას.

სოფელზე გადაიარა გაზაფხულის წვიმამ და ზრიმლი ჩამოჰყარა. ბავშვები შესძახოდნენ ცისკიდეს

,,ცისარტყელა კაბარჭელა, ჩემი კაბის ჩანაჭერა!―





გლეხები გაოცებით შეჰყურებდნენ ცისარტყელას ,,ჭრელი გველივით არა კიდია ცაზე?! ― __გაიფიქრა ლაფაჩმა. ძირს გლეხები კამათობდნენ, თუ რა ფერი სჭარბობს ცისარტყელაში.

__ყვითელია!__დაიძახა ერთმა,__სიმინდი მოგვივა ბევრი! __არა, წითლურია!_აბა, დააკვირდი, __ღვინო დასჯაბნის! __არა მწვანეა! პური დაჰკრამს!__ ყველა მართალი იყო. მზის ნებიერი სხივი თვალღრმა ლაფაჩს მიეტკბურა.

ლაფაჩმა უგემურად აადევნა თაგვური თვალები ოქროგადაკრულ ცას, მაგრამ ვარ გაუძლო მზის ელვარე წინწელს და თვალი მოხუჭა ... ლაფაჩმა ხელიც გაიქნია მოსაშორებლად, თითქოს მოალერსე სხივი ბუზარა მწერი ყოფილიყოს.

ცისარტყელას ოქრო ისევ ქრიალებდა, მერე გადაშენდა...

მოწმენდილ სივრცეში იორ გადაღმა, ლაფაჩმა თვალით დაიგულა დავით გარეჯა. აქ აღიზარდა ლაფაჩი, სიყმაწვილე აქ მოასრულა.

როგორც თეთრი აფრა, ისე მოჩანდა იმ დილიდ ღვთის ქალაქი,_ შემწვარი უდაბნო, გავერნებული რამა... იქ ნაღვლიანად შრიალებდა ურო, ავშანი და ვაცისწვერა,_შხამიანი ქარით დასუნთქული და მშხეპრი წვიმით დალაღებული. აქ ხან გაირბენს ცქრიალა ჯეირანი და კაბაბი აუფრინდება გაშხლართულ გველს; აქ, გამოკაფულ კლდე-კარფებში, ცხოვრობენ ბერები და სულის ცხოვრებისა და მოქალაქობისათვის იღვწიან.

უყურებს ფიქრში მწარე თავის ნაბინავარს. არც უხარია, არც ენანება, ისევე როგორც თავისი გაჩენა და ცხოვრება ამ ქვეყნად.

უყურებს და აგონდება თავისი მწარე წარსული.

ლაფაჩის წინაპრებს ღვინის ნათლულებს ეძახდნენ თურმე. პირველი გლეხები ყოფილან

ტამალიაში. წელიწადში შემავალი სამოცი ფურ_ზაქი, ხუთასი მარტო მტრედი, საჭმელად მოშენებული. მგზავრს უსაგზლოდ არ გაუშვებდნენ.

ხერგებით დახურხლული __დევთა ნასადგომარი დარბაზი... შუა კერასთან ცხრა დასარწეველი აკვანი...

ლაფაჩები თურმე დოს არ ჭამდნენ და იორში ასხამდნენ; როცა კარაქს შედღვებავდნენ, ქვემო სოფლები ივრის ფერზე იგებდნენ.

დროს არა რჩება რა მოუშლელი. დაუძვრელი ოჯახიც გაიყარა. ნანგრევებზე მთელი უბანი ამოშენდა. ლაფაჩის მამასაც, დიაკვან დიანოზს, ქოხი დაწყვილებული ბავშვებივით გაევსო. მეათე ბავშვის ყოლა კი დედამ სიღარიბის მიზეზით იუარა. მომავალი ნაყოფის გასაწყალებლად მაშობარი ხან ლოდებს იდებდა მუცელზე, ხან ერდოდან დაბლა ხტებოდა.

პაწაწინა ლაფაჩი მაინც დაიბადა.





ასე უნდოდა წერამწერალს...

ახალშეძენილი საზარი მახინჯი იყო, ნალევა, რძენაწყენი, ავ_თვალ სახე ბალნით ჰქონდა

მოხავსული. ამბობდნენ: ორსულს ძაღლზე გადაუვლიაო!

უცნაური ბავშვის შესახებ ადგილობრივმა მასწავლებელმა კორესპონდენცია დაბეჭდა გაზეთ ,,დროებაში― და მით გული მოიფხანა.კიდევ ბევრი ირბინა ქალაქში, _რომელიღაც გამოფენაზე უნდა ეჩვენებინა. მაგრამ ამაოდ მიაჭყლიტა საგზაო

მანეთები. კორესპონდენცია დარჩა ,,ხმად მღაღადებლისა―

ყველაზე უცნაური ბავშვის დაბადებაში ის იყო, რომ ბებია_ქალმა დედამ და მეზობლებმაც ვერ გამოარჩიეს მისი სქესი .მაგრამ მონათვლის დროს მღვდელი როდი შემკრთალა, მან პირდაპირ მიმართა ყრმას:

__ უკეთუ მამრობის ნაკვეთი ხარ, დაგერქვას ესტატე! უკეთუ დედათა სქესისა, გეწოდოს მაკრინა!

მხოლოდ ერთი წლის მერე მიხვდნენ, რომ დედათა მყუდროება მღვდელმა ამაოდ შეაწუხა.

დედა ცრემლიან იავნანას დაჰზუზუნებდა აკვანში დაჩირქებულსა და მუწუკდასხმულს. ჩასახვის წუთს უწყევლიდა. დები და ძმები საკოცნელად არ ეკარებოდნენ, არტახების სიმპალის სუნისგან შორს გაურბოდნენ.

ბავშვი მაინც წამოიზარდა. მუწუკები და ბალანი სახეზე გაუქრა, მაგრამ ღრეკილი სახე _არ გაუსწორდა

მწვანე, დაგესლებული, დასიცხული ფოთოლივით დაღონებული, მიმჭკნარი, სურავარდიანი, მუდამ ყბააკრული, პირგამომშრალი და მტირალი დაზუზღავდა ეზოში. ტოლები არ უყვარდა, ისინიც სდევნიდნენ, საცა მოასწრებდნენ. დაშინებული ბავშვი არც გოშიაც ეკარებოდა, არც ხატაურა ციცას.

ნიშა ხბომ ერთხელ საბრალოდ გათქერა და ტალახში ამოსვარა!

მამამ ბევრი იღონა მეათე შვილისათვის, მიწის მოსაქმედ უქნარი და ოჩანი მწარედ

გაიტანჯებოდა.

მამას ნაღვლის სმა ერჩია ამ ფიქრს, დედას_ნაცრის ჭამა.

და აი, ერთ დღეს, ანდორეთში დავით_გარეჯის ბერმა ჩამოიარა საკალმასოდ. მონასტერში შიმშილი ჩამოვარდნილიყო მონასტრის წინამძღვარს ქონება გაეფლანგა. ასწლოვანი განდეგილები, რომელნიც სულის საგზალს იმზადებდნენ, ახლა გაცოფებულები მგლებივით შეჰღმუოდნენ გაბნელებულ სენაკებში და მზად იყვნენ, ერთმანეთი დაეჭამათ. წინამძღვარი არ დაიბნა. მან კალმასობა მოიგონა. ბერები სათითაოდ მიავლინა სოფლებში მაძღარი პურის საპოვებლად, რითაც ბოლო მოუღო მოსალოდნელ აჯანყებას.

პირაქაფებული ბერი ღვთის შიშს აგდებდა ანდორეთს. ,,მეორე მოსვლის― ნიშნებზე ლაპარაკობდა და უხვ შესაწირავს აგროვებდა.

__ვაი, თქვენ, ვაი თქვენ, უგუნურნო, ურჯულნო, რას იტყვით საშინელ განკითხვის დღეს, როცა





ყველა თქვენგანის ფარული ცოდვა თუ საქმე გამოცხადდება?!

__ვაი, შენ, ისრაილო, განსუქდი, განმსხვილდი და დაივიწყე ღმერთი, გამჩენელი შენი!_

დაჰკიოდა ენადაქსაქსული ბერი მათ, ვისაც ხორცი დიდიხანია სარკეშიაც არ დაენახა.

გლეხები მართლა შეფიქრიანდნენ. მოიგონეს ცოდვები .მოიქექეს თავები სულის მოსაბრუნებლად არასა ზოგავდნენ. მემარხულე ბერიც უხვად იხვეჭდა პურს, საკლავს, ხორბალს, ფულს, სხვა სახსარსა და შემოწირულს.

ლაფაჩის მშობლებმა ნამზადი დედალი მიართვეს და სახშიც შემოიპატიჟეს მოსასვენებლად; სადილზე ცოლ ქმარმა შვილის ძნელბედობა შესჩივლეს და რჩევის გეგმები გამოჰკითხეს.

_გვიშველე რამე, ხმელეთის დამრიგებელო! _შენი ენა ღვთის ენაა!

_ცაში გაქვს გონება ასული!

გახუნებულმა ბერმა ქება შეიფერა და მაშინვე მოისაზრა: მონასტერში მუშაობა ყველას ეზარებოდა. უფრო კი წყლის საქმე და ჯორების დამწყემსვა აჭირვებდა საქმეს. როცა ეს ყმაწვილი წამოიზრდებოდა, ფერსა და ჯანს გაიდგამდა,_ყველაფერს შეიძლება; განზრახვის გასატარებლად ბერმა წარმოთქვა, რომ პირველი ნაყოფი ადამიანისა თუ მიწისა ღმერთს უნდა შეეწიროს, როგორც აბელმა ჰქნაო; მართალია, მასპინძლებს ეს წესი დაურღვევიათ პირველ შვილზე, მაგრამ ახლაც არ არის გვიანი, არც უფალო საბაო განაწყრება, თუ მეეათე ბავშვს მაინც, ისიც სნეულს, მშობლები მიაბარებენ უფლის წიაღს,ანუ მონასტერს მისცემდნენ გამოსაზრდელად. მჭერმოუბარი ბერი არა ცხრებოდა.

როცა ამ სიტყვებზე დედ_მამ შეძრწუნდა, მაშინ ბერმა მოაგონა მათ მამამთავარი აბრაამი: ერთადერთი შვილი ისაკი ღვთისათვის დასაკლავად არ დაზოგა. დაკლდევებული მამა მოტყდა დედა კი უარესად გაჯიქდა. მაშინ ბერმა მოაგონა ძველი სიბრძნე:

,,ვინც მონასტერს გაიზარდოს, მან იხილოს ღვთისა პირი! ანუ ლომი,ანუ გმირი;

ვინც რომ შინა გაიზარდოს, ანუ ძროხა, ანუ ვირი!―

ვინ აღუდგებოდა წინ ამ სიტყვებს, ბავშვი მოშორდება სოფლის შფოთს, ვეღარ გაერევა ცოდვებში, ბევრიც რომ უნდოდეს. უდაბნოში კი ხორცს დაიმონებს, სულს ააყვავებს და აღიზრდება, როგორც კაცი ზეცისა და ანგელოზი ქვეყნისა―.

საწყალი დიაკვანი_მამა მთლად დაადნო ამ სიტყვებმა. იქნებ მისი მახინჯი შვილი არქიელიც გამოვიდეს? გულგაპობილი დედა იხვეწებოდა, ეზოს ძაღლის ალაგას მაინც დამირჩინეთო,მაგრამ დიანოზ ლაფაჩმა დასძლია დედაკაცის ცრემლი და მალე ბალღი ცხენით მიაყენა წმ. დავით_გარეჯის უდაბნოს ,,ღვთის პირის სახილველად―.





რამდენიმე ხნის შემდეგ მონასტრის კარბიჭეში მოხუცი ბერი ეზეკიელი და ლაფაჩი ისხდნენ. _ გაიმეორე! _ უბრძანა ბერმა, მაგრამ ბავშვი ჩუმად იყო.

_ სთქვი:

,, მე მშვა მამაჩემმა უდედოდ,

მე ვშვი ცოლი ჩემი,

ცოლმა ჩემმა შვა ასული ჩემი,

ასულმა ჩემმა შვა მამაჩემი!

_ რა არის, ამოიცანი?

ბავშვი ხმას არ იღებდა.

_ დაგვიწყებია, ლეგა ბიჭო, ახლა კი სთქვი: ადამი, ევა,ღვთიშობელი, ქრისტე!

ბავშვმა გაიმეორა...

ახლა გუშინდელი გამოცანაც სთქვი!_ ბავშვმა წარმოთქვა:

,,ასომა საქონელისამა,

ვაზმა ვენახისამა

კაცი მართალი შეაწუხა...―

_ რა არის?

_ ურიებმა უფალი ჩვენი, იესო ქრისტე,არეულო ძმარნაღველის ხმევით რომ შეაწუხეს.

_ ყოჩაღ, ყოჩაღ!

ასე განისწავლებოდა ლაფაჩი უდაბნოში.

ლაფაჩმა წიგნი და წერა მონასტერში ისწავლა, მაგრამ თავში ბევრი ვერაფერი შესდიოდა, ან სად ეცალა...

ერთი იცოდა: რომ არის ღმერთი_ მრისხანე, უწყალო,შურისმაძიებელი. მისი იარაღია_ გველებით სავსე, მდუღარე კუპრით ამოვსებული ჯოჯოხეთი, ღმერთს აქვს სამოთხეც, მხოლოდ თავისთვის. ჯოჯოხეთი_ ადამიანებისთვის, ეშინოდა ღვთისა ლაფაჩს, ღმერთმა ხომ ცეცხლით განმეხა იცის ცოდვათათვის!..

ლაფაჩმა ისიც კარგად იცოდა,რომ ამ ქვეყნად არის კიდევ ეშმაკი_ სატანა, რომელიც ჩუმად სულ თან დასდევს ლაფაჩს, თვითეულ ბუჩქში ჩასაფრებული, და ცდილობს, ათასი ხრიკით ხელთ იგდოს მისი სული.





ლაფაჩს უნახავს, რომ ზურგთუკანიდან ეშმაკი კიდეც ეჯღანებოდა. შეშინებული ილტვოდა ამ ჩვენებისაგან.

პატარა ლაფაჩს მონასტერში უღმერთოთ ამუშავებდნენ, თან ტანჯავდნენ ბერები_უშრომლობის ოსტატები.

__ვაი, შენ დაგეწვა, აკვანი, შე უგერგილოვ!

__ვაი და სნება შენ, გათვალულო, თვალნაკრავო! _ასე სწყევლიდნენ წმინდა მამები უხერხულ მორჩილს და თან მუჯლუგუნს უბაგუნებდნენ სახეში. კოკურ წვიმასა და სიცივეში, ჩვრებში გამოხვეული, გაბეზრებული ლაფაჩი დარბოდა უდაბნოში ხან წყლის საზიდად, ხან ათას დავალებათა შესასრულებლად, ხან ჯორების სამწყემსავად. დარბოდა დანაღვლიანებული, დაღამებულშიც კი წანწალებდა. შრომობდა, წვალობდა, ნემსს ეცმოდა, ყველას დავალებას ასრულებდა, მაინც ყველა მისი უკმაყოფილო იყო.

__ბატის ჭკუა შენ და ინდაურის ხეტიალი!_ შერისხავდა ავი წინამძღვარი. კურცხალი თვალზედ ეწურებოდა, გულზე ყორანი ჯდებოდა. მხოლოდ უქმისძალი თუ გაუნახევრებდა ლაფაჩის შრომას, ახლა, წირვაზე ჩოქით უნდა ეთქვა ლოცვანი _შენანებისა, შეწყალებისა, რადგან ,,სული უფროს არს ხორცისა― .

ნაწირვევს იგი ბერების პირმსახური იყო ტრაპეზზე :ახლა წყალი უნდა ეზიდა, ხოლო მწუხრისას ვირები უნდა ეძებნა, ჩაებინავებინა...

ცრემლმორეულს, გაჭირვებულს, გულის ხაშმი სჭირდა. ფეხის გული სტკიოდა... გულდასაკლები ბევრი ჰქონდა, მისი დამადნობელი ოხვრა კლდეს ჩამოშლიდა, განსაკუთრებით- როცა უდაბნოში ეშმაკები ეფეთებოდნენ.

როცა ძუძუთა მტკივანი დედა მოუკვდა ლაფაჩს, მას მერე აღარავის მოჰგონებია. ნეტავ ვინ იგულტკივნეულა მისთვის?_ არავინ?

დიდმრავალმა ოჯახმა გაწირა პატარა მწირი უდაბნოში! არავინ გამოესარჩლა! მამაც მოუკვდა და არც კი შეატყობინეს.

ცხრა შვილი იყოფდა ოჯახის ქონებას. ან რა ხელთ მისცემდათ მემკვიდრეებს, კიდევ ახალი მეტოქე მიემატებინათ,ისედაც შუღლი ჰქონდათ!

ლაფაჩს თავისი სოფლის სახელიც გადაავიწყდა.

უბედურებაში, უმადლო შრომაში მიდიოდა საწყალი მწირის ცხოვრება და ვინ იცის, კიდევ რა

მოელოდა გოროზი და ჭირვეული ბერებისაგან, რომ ერთს შემთხვევას არ დაეხსნა იგი.

ზედ ბზობა დღეს ლაფაჩს მონასტრის ვირები დაეკარგა საძოვარზე. თუმცა მიმწუხრისას იპოვნა, მაინც მონასტრის წინამძღვრის ბრძანებით სვეტზე მიაბეს ლაფაჩი და წმინდა მამები შოლტით ცემდნენ ,ისევე როგორც პირველ მოწამე ქრისტიანებს.

ზედ დატანებაზე ამ სეირს თვალი მოჰკრა ანდორეთიდან ჩამოსულმა მოძღვარმა ზაქარიამ იფიქრა, ამ კაცის უშოვნელობის დროს ეს მორჩილი მწირი გამომადგებაო,

ხარ, ანგარ წინამძღვარს თუმნიანი აჩუქა და ლაფაჩი თავისთან უჯამაგირო მოჯამაგირედ





წამოიყვანა.

ლაფაჩი სამუდამოდ გამოეთხოვა უდაბნოს...

ამბობდნენ, უდაბნოელმა ლაფაჩმა რომ სოფელში ფეხი შემოდგა და დედაკაცები დაინახა, იკითხა, ესენი ვინღა არიანო?!

ლაფაჩი ნელა შეეჩვია სოფლის ცხოვრებას, უდაბნოელი მწირი ზაქარია მღვდელმა ჯერ ყორამთაში გაგზავნა მეღორედ, მაგრამ მონასტრელი მეღორედ ვერ გამოდგა. იტყოდნენ ღამღამობით კიდევაც ტიროდაო, თან შავი ტყისა ძალზე ეშინოდაო. თითოეულ ბუჩქში მგელი ელანდებოდა. ერთი სიტყვით, ლაფაჩი გლეხის საქმისათვის არ იყო გაჩენილი.

მაშინ ზაფხული იყო და მეპატრონემ სოფელში ჩამოიყვანა მეკალოედ, მაგრამ ლაფაჩმა არც ხარის საქმე იცოდა, არც ცხენის შებმა, არც კევრზე ტრიალი.

ერთ დილით, ცხენმა ტყუპი წიხლი კრა საწყალ ლაფაჩს და მიასუმკვდარა, ძლივს მოაბრუნეს. მორბედ ბიჭადაც არ გამოდგა უხერხული ლაფაჩი, ხან რა ჭურჭელი დაამსხვრია, ხან ფული

დაკარგა, ხან ფოფოდიას ტვინი აუმღვრია.

მღვდელს ყოველი იმედი გაუცრუვდა. აღარ იცოდა, რა ექნა, კიდევაც ნანობდა მის მოყვანას.

სწორედ ამ დროს გარდაიცვალა მოხუცი მნათე ისაკი და მონასტრელმა ლაფაჩმაც სრული შეგნებითა და მომზადებით დაიჭირა მნათის თანამდებობა ანდორეთში; ალბათ მამამისი_ დიანოზ დიაკვანი სიხარულით საფლავში გადატრიალდა, რომ შვილმა საღვრთო გზა არ დააგდო.

ერთგული, მისანდო ლაფაჩი მღვდლის პირმსახური და მეხვაშიადე შეიქმნა. ისეთი ნდობა მოიხვეჭა, რომ მთელი ოჯახი მას ებარა დილიდან საღამომდის აქაურ შრომაში იყო გართული. შემოსავალი საკმაოდ ჰქონდა_ ნათლობისა,ქორწილობისა,მიცვალებულისა,კურთხევისა,დღესასწაულებისა და სხვისა და სხვისა.

ხელმოჭერილი ლაფაჩი ყველაფერს თავის ქოხში ეზიდებოდა. იტყოდნენ: საღამოთი, როცა ბრუნდება, უსათუოდ შინ რაიმე უნდა შეიტანოსო, თუ ვერაფერი ვერ იშოვნა, აგურს მაინც შეიტანსო,_ თუ აგურიც ვერ მოახელთა, კარგ ქვას მაინც იპოვის და ხელცარიელი შინ კარს არ შეაღებსო!

მონასტერში გაზრდილი, ჭამა_სმაშიც თავდაჭერილი ებრძოდა ნაყროვანებას და ჩვრებში გახვეულ უზალთუნებსა და კაპეიკებს დღითიდღე უმატებდა; ნამატი ფული საკმაოდ უგროვდებოდა.

სოფელმა ,,ქვასჭამე― უწოდა ძუნწობისათვის. აგროვებდა ლობიოს, ხახვს,კარტოფილს,თვითონ არ ჭამდა, ინახავდა; ან კერძს ვინ გაუკეთებდა, რომელი დიასახლისი?

ამიტომ დადგა დრო ცოლის თხოვისა. გლეხკაცს რა უფლება აქვს, ცოლი არ მოიყვანოს, მეუღლე? მაშ ,მარტოს ხომ გაუჭირდება ცხოვრება. უღლის გაწევა?!

ამ შემთხვევაში რას დაიშურებდა დეკანოზი თავისი ნამსახური ლაფაჩისათვის? ან ვინ





დაუჭერდა ქალს დაულვაშებულ ვაჟკაცს, რომლის საღვთო წერილის ცოდნა ძირობაზე განთქმული იყო?

ერთ საღამოს,მწუხრის ლოცვის შემდეგ, როცა ორივენი ეკლესიასთან ყუდროში ისხდნენ, მღვდელმა მამაშვილური სიტყვა ჩამოუგდო ლაფაჩს ცოლის შერთვაზე.

_ დროა, ბუნებისა და კაცობის წესი შეასრულო!

ლაფაჩი ამ სიტყვას არ მოელოდა და მორცხვად თავი დახარა. როცა მოძღვარმა კიდევ გაუმეორა, მაშინ ლაფაჩმა იუარა ცოლმდომობა,_ როგორც უბიწო ვარ დედის მუცლიდან, ისევე უნდა ჩავიდე საფლავშიო. თურმე დედაკაცი ეჯავრება მას მერე,რაც ევამ ადამი აცდინა! წრფელი პასუხი მღვდელმა მორცხვობად მიიჩნია და კიდევ შეეკითხა, თუ რომელ ქალზე მისდიოდა თვალი. შეშინებულმა მნათემ მიუგო, მწვავსო ცეცხლი ქრისტეს სიყვარულისა, სულის ცხოვრებისათვის და ვზრუნავ და იმ სოფლისთვის საგზალს ვიმზადებო.

მღვდელმა განუმარტა,თვითონ ღმერთს არ მოსწონს ადამიანის მარტოობა და ქორწინება_ ქრისტესა და ეკლესიის კავშირის მომასწავლებელიაო.მოციქულებიც ამას იტყვიან: წმინდაა ქორწილი და შეუგინებელია საწოლი. შემდეგ ისევ გაუმეორა, თუ რომელი ქალი მოსწონდა თვალათ და ხორცად, ან ვისი ნდომა ჰქონია როდისმე.

როცა ლაფაჩმა აცნობა ამ გრძნობის გამოუცდელობა, გაცოფებულმა მოძღვარმა ხელი შესტაცა და მარცხენა ყბაზე სილა გააწნა. ლაფაჩი პირქვე დაემხო. გაცეცხლნავთებული მამა ზაქარია კი ხოთხოთითა და წვერის გლეჯით დაბრუნდა სახლში _დამიხედეთ, ქრისტეს თიხის ყმაწვილი!

ლაფაჩი საგონებელში ჩავარდა:

-კაცო შემჭამა გონებამ. რა ვქნა, ვერ გადამიწყვეტია! ჩემი სულიერი და ხორციელი საქმე უფალს დაუმორჩილე. მღვდელი კი თავისას მიბრძანებს. თუ არ დავუჯერე, გამირისხდება და რაღა ვქნა საბრალობელმა?! __წვრილი ხმით შესჩიოდა მნათე გლეხს ყაყიაურს:

__უნდა შეირთო, მაშ, ან აქამდე როგორ სძლებ ოცდახუთი წლის ვაჟკაცი_ უპასუხებდა ყაყიაური და თან უამბობდა, თუ როგორ დაძალა თვითონ ის, ოცი წლის ბიჭი, ქალის სურვილმა. როგორ აწვებოდა სისხლი და უხურდა გული. მაშინ მას საქმეც ეზარებოდა, მინდორსა თუ ტყეში ქალის აჩრდილი ეჩვენებოდა, ბოლოს მამამ დასტური დასცა და დანიშნა. ყაყიაურის დანიშნული დაშორებულ სოფელში ცხოვრობდა; გუთნობის დრო იყო, გუთანს რომ ჩაშლიდნენ, მეხრე ყაყიაური ღამე გავარდებოდა დანიშნულთან, ტკბილს ალერსს შეირგებდა, ისევ გამოირბენდა დღის მანძილს და ცისკარზე, შებმის დროს გუთანთან იყო...

ლაფაჩი გაკვირვებული უყურებდა მეგობარს, უნდოდა გონებით მაინც მისწვდენოდა, მაგრამ ცივი გონება ქალის სიტკბოებას ვერ სწვდებოდა.

_მერე, ქალსაც უხაროდა?

-ქალი? ჩემს მისვლაზე ვერხვივით თრთოდა, ცახცახებდა, მყნოსავდა, მიკოცნიდა მკერდს, მარჯვენას, შუბლს, იწურებოდა და იმ დროს მზე რომ გეჩვენებინა, ზედაც არ შეხედავდა, მე ვერჩივნე ქვეყნიერებას!

როცა წამოვიდოდი, კარებთან ამეკვრებოდა მოღვედილი და კოცნაში მეტყოდა:





ნეტავი ნისლად მაქცია, გადმოვივლიდი ქარითა, იქ დავიწყებდი წვიმასა, საცა შენა ხნავ ხარითა!

_კაცო, რა არ ხდება თურმე ქვეყანაზე. რა ყოფილა ეს წუთისოფელი? __იღიმებოდა ლაფაჩი და არა სჯეროდა, თუ როგორ შეიძლებოდა ქალისთვის შუაღამეს, დაღლილმა ადამიანმა სოფელსა და მინდორს შუა ამდენი მანძილი ირბინოს.

ბევრი იფიქრა ლაფაჩმა, ბევრი ილოცა, რომ ღმერთს მაინც ჩაეგონებინა მღვდლისთვის, დახსნოდა და ლაფაჩის სიწმინდე შეენახა, მაგრამ შემოდგომის ერთ საღამოს, როცა ჰაერი იყო შეღვინებული, ლაფაჩი და სოფლის მზეთუნახავი თაფლუა_მართლაც თაფლისატკბურა,მღვდლის ნასაყვარლევი, მოფარდაკულ საქორწილო ურემში ისხდნენ თავგვირგვინები და ჯვრისწერის მერე სახლში ბრუნდებოდნენ; უკან ნაბდიანი მაყრები მოშილიანდრობდნენ თოფების ცლითა და ღრიანცელით. ლაფაჩი უჩუმრად იჯდა დამკრახულ გოგოსთან. ლაფაჩი ფიქრობდა, რომ ქორწინებით მღვდელმა დიდ ცოდვას შემოჰყარა და უფალს პატიებას შესთხოვდა აღქმის გატეხისათვის უნებლიე მავნებელი.

როცა მაყრიონი ქალიანთას მივიდა, მილოცვების შემდეგ, როგორც საქორწინო წესია,ლხინი გაიმართა. თამაშის დროს ნეფე _პარატრძალიც გამოიწვიეს. ყელმოღერებულმა პატარძალმა წრეს ჩამოუარა და ნეფეს მორცხვად თავი დაუკრა. ნეფემ უკან დაიხია და ხალხს შეერია. როცა ჩააცივდნენ,გააცხადა, რომ მონასტერში ცეკვა არ უსწავლებიათო. ვახშამზე ცვარი ღვინო არ დაულევია. მღვდელმა მოაგონა საღვთო წერილიდან, რომ ღვინო ახარებს გულსა კაცისასაო! საღვთო წერილის ხათრით ლაფაჩმა ერთი ჯამი ღვინო დალია და კიდევაც სასულიერო იმღერა.

ჩხაოდა, როგორც განკეთრებული კატა.

თამადამ მაინც უქო სიმღერა და შეჰპირდა, თუკი დრო დარჩებოდა, კიდევ ამღერებდა.

ნავახშმევი სუფრა აიშალა და მაყრიონი სიმღერებითა და მოძახილებით ახლა მეფის სახლში გაემგზავრა.აქ, საქორწილო წესით, კარიბჭეში ნეფეს ჯამები დაუწყეს სამტვრევად. ნეფემ პირ დამხობილი ჯამი ვერ გატეხა, თუმცა ფეხი მეორედაც დაადგა.ნეფის უძლურმა ეჯიბმა სიმთვრალეს გაადააბრალა და ბოდიშო მოხადა . თვითონ კი ორივე ჯამი წუთში დაფხვნა. პატარძალს ფერი აღარ ედო, თითქოს ფილენჯის ქარი სცემოდა.

ახლა ნეფე_დედოფალი ამოწვდილი ხანჯლებსშუა გაიყვანეს, მილოცვის მერე დედაბოძი შემოატარეს და საქორწილო ვახშამზე დასხეს.

სუფრის ხმაურობა ხვადების გრიალსა ჰგავდა. ასხავდნენ ჯამებით, ხელადებით,საღვინეებით. ახალ მოზარდ ვაჟებს საყმაწვილო ქარი უქროდათ, ღაღანა პატარძლის ეშხით გაძირებულ ჯამებს ჭერში ისროდნენ.ლაფაჩს კი თავი სტკიოდა. ეჯიბმა ორჯერაც გაიყვანა კარში, თითქოს ვიღაც უძახდა ნეფეს რაღაც საჭირო საქმეზე.

სუფრა არა ცხრებოდა, ლხინის ალი ცასა სწვდებოდა.ლაფაჩს კი თავი უტრიალდებოდა. დასასრულ, მზეკვარმა თამადამ ქორწინებულს უბრძანა, ძველებური ქორწინის რიგი არ მოეშალა: მზეთვალა დედოფლის შავი ნაწნავები ღვინიან ჯამში ჩაეყარა და ღვინო ისე





დაელია.ლაფაჩმა ორჯერაც ითხოვა ძნელი საქმის აშორება.მესამედ წარმოსთქვა რომ ღვთის მსახურს არ შეშვენის მრუშობა. მაშინ მთვრალმა ეჯიბმა ჩვეულება თვითონ იკისრა. თამადა რომ პირფიცხელი არ ყოფილიყო, ბევრი ახალგაზრდა იწვნევდა შავი ნაწნავების გემოს.

შეთენებულზე , როცა ცისკარმა გვირგვინი ჩამოიყარა,მეჯვარე__ეჯიბმა და მამსახლისმა, ვახშმის უკანასკნელმა მოწმეებმა, სამ_სამი რქა კიდვ გადაჰკრეს. ნეფე_დედოფალი გაფარდულ ოთახში შეიყვანეს, თეთრად გაქათქათებული მზითვის ლოგინიდაანახვეს, შეეხვივნენ გულის წადილის მიწევა უსურვებს.



- მარცხენა მკლავთან დაიწვინე, უფრო ახლოა გულთანაო! __ ურჩია მამასახლისმა.



რა მოხდა იმ საშინელ ღამეს, ეს ღმერთმა იცის, გულთამხილავმა. პატარძალმა თაფლუამ მესამე

დღესვე დატოვა ლაფაჩის კერა და გვირგვინი.

ამ ამბავმა მთელი სოფელი აანჩქრია. უფრო დედაკაცები ლაპარაკობდენ ბევრს, როცა წყაროზე შეგროვდებოდნენ, ან სიმინდს არჩევდნენ, ან, როცა შემოდგომის ჟინჟღლი ოხშივარად დაეცემოდა კრამიტიანსა და ჩალიან ქოხებს, თუ ლაპარაკში მამაკაცი შეესწრებოდათ, მყისვე ჩაჩუმდებოდნენ.

ხალხმა დაუნდობლად იბრუნა პირი ლაფაჩისაგან.

ქორწილის დღიდან პატივი დაკარგა, მთელმა სოფელმა ზედ გადააბიჯა, როგორც გარღვეულ

ღობეს.

__არაკაცო!

__დაკოდილო!

არ უსვენებდნენ ჩასაფრებულები.

დედაკაცებს მორცხვად ეღიმებოდათ.

__ძეძვთან ხომ არ იწვა! __სინანულით ამბობდნენ მოხუცები.

ლაფაჩი ან ყურს მოიყრუებდა, ან გაცოფებული ქვის სროლით დაედევნებოდა აბეზარ ბავშვებს სოფლის შარაზე.

ამ წუთას იგი თრთოდა, როგორც ქარისგან შერყეული ფურცელი. ონავრები არა ცხრებოდნენ, აცვივდებოდნენ ნიგვზის ხეზე და იქიდან გადმოჰკიოდნენ:

__უმაქნისო!

__გადაჯიშებულო!

__ფუნდურა!

ღონემიხდილი ლაფაჩი კბილებს აღრჭენდა. __სათათრეა ჩვენი სოფელი!

__ჯოჯოხეთია, _შესჩივლებდა გამვლელს,

__არა_კა_ცო_ოო_ოოო!!!

__ ე._ე._ე._ეეე!!!

ხითხითებდნენ ასპიტის ნათხევები.

სამასსამოცდასამი წმინდანის ძალით მაწყევარი ლაფაჩი დაბურულ ტყეს აფარებდა თავს.

უფრო საბრალო სანახავი იყო ლაფაჩი, როცა სამრეკლოზე წირვის ზარებს რეკდა. დოღრიალა ბიჭების ხროვა ქვევიდან ამკობდა ლაფაჩის ვაჟკაცობას ქორწილის ღამით.



შეურაცხმყოფელი ხმების დასაფარავად მნათე მოუხშირებდა ბოხი ზარების რეკას, ბერტყავდა ზარებს, მაგრამ, რა შეუძლია სოფლის ზარს, მსხალივით რომ კიდია სამრეკლოზე?!



მამა ზაქარიამ საშინლად აიყარა გული ლაფაჩზე. პირში არა უთქვემს რა, გადაწყვეტილი კი ჰქონდა დათხოვნა, მის მამაშვილურ არჩევანს რომ სახელი გაუტეხა.

მერე დეკანოზს არ უყვარდა უნაშენო ხალხი, საბასრობელად ხშირად იტყოდა.

- ყოველმან ხემან, რომელმან არ გამოიბას ნაყოფი კეთილი, მოიკვეთოს და ცეცხლზე დაედვას!

- ვინც შვილოსნობა ვერ ამოაშობინოს, ის წყეულიაო!



ამიერიდან ლაფაჩმა უარყო ყოველივე დიდება და სიმდიდრე. იგი მიხვდა, რომ ეს ქვეყანა ,,წუთის― სოფელია და მეტი არაფერი!

გამოიხიბლა!



თუმც ისევ უყვარდა ჯიბის ჩხრიალი, მაგრამ როცა თვიურ შემოსავალს დათვლიდა, შაურიან- ორშაურიანებით შეძენილი სიმდიდრე გულს აღარ უხარებდა ძველებურად, დაკარგა მიმზიდველობა.

ლაფაჩის ფიქრები ახლა მხოლოდ საიქიოს კარიბჭეს ეხლებოდა. იქითკენ ქროდა მისი ფიქრის აფრები!



- სამუდამო ცხოვრება, სულის ცხონება, ეშმაკის ჭანგებისგან თავის დაძრომა, აი, მისი სადარდებელი! ფულისა ბევრი აღარ ენაღვლებოდა, ოღონდ ახლა თავის სულის სახრისთვის აგროვებდა და აუნჯებდა ყველაფერს.



იცოდა, რომ არავინ თავს არ შეიწუხებდა მისთვის არც სიბერეში, არც სიკვდილში და გადაწყვიტა, თვითონ მოევლო თავის თავისთვის, თვითონ ეზრუნა და ეჭირისუფლა. უპირველესად მან ეკლესიის ეზოში იყიდა თავისი საფლავის ალაგი და კიდევაც ამოაჭრევინა. ზედ ფიცრები გადახურა და დროებით მიწა მიაყარა.



ახლა საფლავის ქვაზე შეუდგა ფიქრს და იგიც მოიპოვა! დაიბარა კოსტა ბერძენი, ქვისმთლელი ხელოსანი, დაპატიჟა, ღვინო ასვა და მერე გაანდო თავისი საიდუმლო დიდი ფიცითა და მუდარით.



კოსტამ დიდად მოუწონა განზრახვა, ამაზე კარგს რაღას გააკეთებ ამ წუთისოფელშიო! ამ საქმის კეთილად წარმართვის საგანგებო სადღეგრძელოც კი დალია!

საფლავის ქვა ტინიან კდეში მოაგლეჯინა. მაგარი ჯიშის ქვაა, ლურჯ_თეთრი, საუკუნეებს გაუძლებსო!



კოსტა ბერძენმა გათალა, გაჩარხა და შეამკო ყვავილებით, თვითონაც ზედ იყო ლაფაჩი გამოჭრილი ქართულ მასრებიან ჩოხაში. (თუმცა ლაფაჩს არასოდეს ჩოხა არა სცმია), თექის ქუდში, ძველებურ ჭვინტიან წაღებში.



მაღალი, ახმახი, ავადმყოფური კოსტა ბერძენი შემოხიზნული იყო ჩვენს სოფელში. საბერძნეთის ძველი იმპერიის აღდგენაზე ოცნებობდა. როცა გაზეთს გავშლიდით იკითხავდა: რა სწერია საბერძნეთზეო, თან დასძენდა:



- ამბობენ, დრაბიზონი ჩვენი უნდა იყოსო!





პატიოსანი იყო კოსტა ბერძენი, მაგრამ წვრილშვილი, ღარიბი, ლოთი, თანაც ავადმყოფი.



ამიტომ მუშაობა ხშირად თვეობით ბრკოლდებოდა, ლაფაჩი_შეშინებული რომ ქვის შემზადებაზე ადრე არ მომკვდარიყო -საწყალ კოსტას ქოხში მიუვარდებოდა ხოლმე. წყევლიდა დედაკაცურად, ტუქსავდა, აგინებდა, მაგრამ თან ღვინოს მიუტანდა, ან ფულს წაამატებდა და საწყალი ხელოსანი ვაინაჩრობით აგრძელებდა მუშაობას.



ეპიტაფია მოკლე და მარტივი იყო, ჩვეულებრივი. ცოტა კანცელარიის სტილი დაჰკრავდა, რადგან სოფლის მწერალს შეედგინა სამ მანეთად.



როგორც იყო, ქვა მოასრულა კოსტა ბერძენმა და ლაფაჩის გულმაც გაიაზრა და იზეიმა! ახლა მას აღარ ეშინოდა სიკვდილისა. ამიერიდან სიკვდილსა და მის შორის აღმართული იყო ჯებირი_საფლავის ქვა, რომელიც არ ჩაჰკარგავდა ლაფაჩს, არ ჩაუგდებდა ხელში დავიწყებას, შემუსვრას!



რაღა უშავს ლაფაჩს გული დაიარხეინა!



საფლავი ხომ ამოთხრილი ჰქონდა ეკლესიის ეზოში, გადასახედზე, საფლავის ქვა მზა წარწერით დერეფანში ედგა, ტილოგადაფარებული. ბევრი ცბიერი და დამცინავი განგებ ჩამოჯდებოდა ხოლმე ლაფაჩის საფლავის ქვაზე.



მნათეს გული მოსდიოდა, მაგრამ ვერას ამბობდა ხათრითა თუ შიშით.



ერთი ხინჯი ჰქონდა ჩარჩენილი: ეპიტაფიაში მარტო სახელით იყო იგი მოხსენიებული. მამის

სახელის მოხსენიება დავიწყებოდა ეპიტაფიის დამწერს. - ვაითუ მამაჩემის სულმა მიწყინოს, შვილმა მიუკადრისაო.

- ვაითუ მეორე მოსვლის დროს ღმერთმა ვერ მიპოვნოს, სხვაში შემშალოს, სხვისი ცოდვები მე მამკითხოსო! ჩიოდა ეჭვში შესული ესტატე ლაფაჩი.

- ტვინი გამიშავდა ამდენი ფიქრით!



ჩიოდა გულის სატკივარს. მაინც ისე დღე არ გავიდოდა, რომ სუფთა საფლავის ქვა ცოცხით არ გადაეგავა არარსებული მტვერის გადასაწმენდად და კიდევ ერთხელ არ ჩაეხედა საკუთარ სამარეში. დიდხანს ჩაჰყურებდა შიგ, მაგრამ ბევრ არას ფიქრობდა. იგი დარწმუნებული იყო, რომ მისი საფლავი მხოლოდ სულ მცირე ხნით შესასვენებელი ადგილია სამოთხემდე, რომ უფალი აქ არ დააყოვნებდა და მალე პირდაპირ სამოთხეში შეაფრენდა!



მაგრამ აქაც ხომ უწევდა ყოფნა ამიტომ მართებდა სუფთად შენახვა, რომ სამოთხეში ჭუჭყიანი არ შესულიყო!



__არა, არ დაწვავს სულს, ეცდება სისუფთავე არ მოაკლოს თავის გასასვენებელს! კუბოსთვის ცალკე ჰქონდა ნაყიდი თახახიანი მიტკალი, დიდად საიდუმლოდ შენახული შიგ ლეიბში.

__ამრიგად, ყოველნაირი თადარიგი იყო გაწეული. ვინ შეიტკიებდა თავს მისი საფლავის, კუბოსა და საფლავის ქვისათვის?! მერე, გინდა ჰყავდეს გულშემატკივარი ვინ მოიცლის მისთვის ამ აწეწილ დროში? არავინ.

ეს იცოდა ზედმიწევნით და კმაყოფილიც იყო, რომ თავისი სულის საქმე თვითონ სიცოცხლეშივე უზრუნველყო და არც არავის ვალში იყო ჩამდგარი.

იდგა დამშვიდებული ლაფაჩი და ელოდა სიკვდილს გულგრილად, როგორც ელოდებიან ხოლმე თოვლის მოსვლას- მეტი არაფერი.



ვაი, კიდევ ახალი საზრუნავი გაუჩნდა ლაფაჩს: საკუთარი აღაპის ხარჯები და სულის ცხონების სასყიდელი. რატომ ადრე არ გაითვალისწინა? ახლა კიდევ უნდა აგროვოს კაპიკებით!

არც ეს იყო იოლი საქმე, ჭკუამთვრალი ბევრს ფიქრობდა და მრავალი ფიქრის შემდეგ კიდეც გადაწყვიტა, ამიერიდან ყოველი მონაგები თავისი დამარხვისა და სულის ცხონების საქმეზე გადაეგდო უყოყმანოდ, ნებაშეურყევლად, აკი ყოველღამ, ლოგინში რომ ჩაწვებოდა, ის აბეზარი ფიქრები საფლავის, დამარხვისა და აღაპისა ტვინს უხვრიტდნენ.

ამიერიდან უფრო უკლო თავის კვებას. ცარიელ ნიახურზე გადადიოდა, იცით რა არი ნაღლგადავლილი ნიახური?!



მაისის ერთ დილას წისქვილში წასული ლაფაჩი იმავე ურმით ამოიტანეს ამოიტანეს. იორს დაეცადა აორთოლებდა, აკვნესებდა, უბრალო გაციების მეტი ლაფაჩს არა სჭირდა რა მაგრამ ლაფაჩმა სასიკვდილოდ გადადო თავი. ეგონა კარზე სიკვდილი მოუხდა. ოხვრის ლოგინი დაიგო, ეს, არი, საწუთრო უნდა დაქვცალოო, თავზე ხილაბანდშემოკრული დარატყავშემორტყული მწარედ კვნესოდა დერეფანში სადაც მერცხალი კუდს ვერ მოიქნევდა.



მეორე დილას თვითონ მღვდელმა ინახულა სიცხენაკრავი. ლაფაჩი მიემკვდარა, თითქოს გული შემოეხრწნა:



- ვკვდები მამაო, ვკვდები, მივალ წინაშე უფლისა!_ კვნესით იტყოდა ლაფაჩი და უფრო ძვრებოდა საბანში. მღვდელმა სიცხე გაუზომა. საზომი საშიშს არაფერს ამბობდა მღვდელს ეღიმებოდა, _მამაო, ჩემი ცხოვრების წიგნი დაიკეცა! შენს ნათელით შემოსილ მარჯვენას ვეხვეწები,ისე არ მომკლა, ზეთი არ მიკურთხო, ანდერძი არ ჩაიბარო!



- სიცოცხლეს შეუკეთე, რად გინდა სიკვდილის ფერი დაიდო?__ ეუბნებოდა ლაფაჩს ბუნება. სოფლის ექიმებში დოია მხნედ შეუდგა წამლობას და ვითომაც სენს მიაგნო; თუმცა ავადმყობსბაყაყის ნახარში წვენი დაალევინა და მიმინოს ქონით ბეჭები დაუზილა, ლაფაჩი მაინც კვნესოდა, ზარდაცემული წუთისოფლიდან გრძელ სოფელში გადასახლებას ელოდა. უფრო კიდევ იმისა ეშინოდა,რომ უაღსარბოდ და ზეთის უცხებლად არ მომკვდარიყო! ზეთის ცხელება დიდი ცერემონიაა და მღვდელი როდი ასრულებს მცირე სასყიდლით! ლაფაჩმა თავისი ნათლიმამა ყაყიჩა მღვდელს მიუგზავნა, ზეთისცხება მოითხოვა.



ლაფაჩის ამბავი მთელ სოფელს მოედო. მალე ჭირისუფლებიც გამოჩნდნენ. მნახველი მოდიოდა, ავადმყოფს მოაკითხავდა, ანუგეშებდა, მაგრამ წასვლისას უსათუოდ ხელს რამეს გააყოლებდა. იმ დღეს ლაფაჩმა დაკარგა: წალადი, მწნილის ქილა მწნილიანად, ასტამი, აქანდაზი და სხვა რამე საქონელი.გაკვრა იყო და წაგლეჯვა!



კარის__ მეზობლები__ ციმიფია და მარინე__ ატირდნენ, როცა ლაფაჩი ნახეს ქვეშაგებში მწოლი, წასვლისას კი ახლად გამოპირული ცული ხელს გაატანეს.



გამოვიდა ხუთი დღე გადამწირული ლაფაჩი ისევ შფოთავდა.მნახველები ისევ მოდიოდნენ,ისევ მიჰქონდათ, რაც ხელში მოხვდებოდათ. ზოგი უფრო ზომაზე თავხედი გამოჩნდა,მომაკვდავ ლაფაჩს პირდაპირი



სთხოვდნენ სახსოვარის დაგდებას.



საქმე გლეჯაზე მივიდა.



- ლაფაჩო, შენი უნაგირი მე მინახსოვრე! - შესთხოვა მამასახლისმა.

- მაინც უნდა მაჰკვდე და მაჰკვდე! შენი ახალუხი მე მომეცი, ტანზე კარგად დამადგება! -ეუბნებოდა ლოთი მჭედელი ყიჭალა.

- სულ მომწონდა შენი ხალიჩა, მე დამირჩინე შენი სულის ცხონებას, ქალი მყავს უმზითვო! -იხვეწებოდა დედაბერი თოთოშა.



ლაფაჩი ყველას ჰპირდებოდა სათხოვარის გასრულებას. გული კი სტკიოდა, რომ ყველა ასე იოლად, ადვილად ელეოდა მას, უგულისტკივილოდ.

ბოლოს, ნაწირვევს, მღვდელი შემობრძანდა ზეთის საკურთხებლად.



თავშეკრული და საბანწამოსხმული ლაფაჩი სანახევროდ წამოაყენეს ლოგინიდან ლოცვების მოსასმენად. ,,ზეთის კურთხევა― სრული წესით იქნა გადახდილი. გულმძიმე ლაფაჩი ორ კაცს ეჭირა დამხარდამხარებული.



მღვდელმა აღსარება ათქმევინა . აზიარა. მისამარებული ლაფაჩი კანავლით ძლივს იღებდა ხმას. ამ დროს მრავალი მეზოელი მსუნაგად შემოხვეოდა მნათის სახლს. ყურებოდნენ კარებიდან,

ფანჯრებიდან, ფიცრულის ჭვრიტილოებიდან და სიცილით იჭაჭებოდნენ.



ზიარების შემდეგ ლაფაჩმა მოითხოვა საჯაროდ წაკითხულიყო მისი ანდერძი სოფლის თავკაცების დასწრებით.



ლაფაჩმა ჯაგრიანი უბიდან ამოაძვრინა გრძელი, დაოფლილი ქაღალდი და წასაკითხად მღვდელს გადასცა. ეფრატ ბერს სხვა ანდერძების მიბაძვით შეედგინა და ჯილდოდ ოქროს თუმნიანი მიეღო ლაფაჩისაგან.

მღვდელმა სამჯე ჩაახველა და ხმამაღლა ჩაიკითხა: ,,ნებითა უფლისათა მე, მწარედ ცოდვილი ესტატე ლაფაჩი, სრულ გონებაზე დაწერილ ანდერძს უეჭველი სულითა და ჭეშმაიტის გულითა მოგახსენებთ, ახლა ღვთის სიყვარულისათვის, ჩემი შენაცოდარი შემინდევით და შემი უბადრუკი სულის მოხსენებას ნუ დაივიწყებთ―. კითხულობდა მღვდელი და უკვირდა ანდერძის ენთათქმა და სიბრძნე.



,,მაცთუნა მე წუთისოფელმა და ახლა ვთრთი მე, თიხაშზელილი. უარვყოფ სატანას და ძალასა მისსა, ვაღიარებ და ვადიდებ უალსა ჩემსა იესოს და ყოველი , ჩემი ცოდვით შემატებული ჭირ ნახული და მონაგარი ჩემი გაძაღლებუი სულის და სახსნელად გადამირიე. ჩემი საწყლობით შეგროვებული და შრომილი ნაღდი ფული ასე დამიხარჯეთ:

ა) არჩეული მაქვს ძველთა ჩასაყრელი ზედ დასადგმელი ქვაც შემზადებული, ცოდვამაც შემოეყაროს , ვინც ამ მტკაველ მიწას შემომედავება, ვინც ჩემი ძვალი საფლავიდან დაძრას. სამი თუმანიგადამიდვია საფლავის ქვის საკურთხად დავით გარეჯისათვის, ხუთი თუმანი უდაბნოს წარეგზავნოს.

ბ) ხუთი მანეთი მიერთვას მამა ზაქარიას ჩემი სულის გასაწმენდად. გაისარჯოს, სანამ ცოცოხალი სუფევდეს, ყოველ მის ლოცვაში მოხსენებლი ვიყო, ვიდრე მისი ნათლით შეგრაგნილი მარჯვენა უსისხლო მსხვერპლს შესწირავდეს.

გ) შვიდი წირვისა, ორმოცისა, წლისთვისა და ყოველწლივ საფლავზე ჯვრის დაწერისათვის მომირთმევია ორი ცხვარი.

დ) ახალკვირის წირვაში მოიხსენიონ ჩემი თავიდან გვირგვინის ამხდელი ცოდვილი მეძავი, მემრუშე თაფლუა,__ ჩემი თავს მკვეთელი ვითარცა ეროდიადა.

ვინც ჩემს მერე მნათედ დადგება ჩემს მაგერად, მიეცეს: ჩემი ქვეშაგები, ნაცვამი ტანისამოსი და ნაშალი ნივთი.

ვ) ეფრეტ ბერს ჩემი დამარხვის თადარიგის გულმოდგინებობისათვის ჩემი ნაღდიდან ოცდახუთი მანეთი მიეცეს―

ლაფაჩმა უეცრად დაარღვია სიჩუმე და კანავლით წამოიძახა― __ ეგ ჩემი ხვაშიადი არ არის!

__ ეგ მე არ დამიწერინებია!

მღვდელმა ცივად შეხედა, მაგრამ ყური არ უგდო.

__ მამაო, შენი რისხვა არ მაქვს ეფრატ ბერს თავისი კუთვნილი ფული ანდერძის დაწერამდე აღებული ჰქონდეს.__ უკვე ჯანსაღი ხმით მიჰმართა მღვდელს ავადმყოფმა. კიდევაც წამოიძახა განრისხებით.

მღვდელი განაგძობდა ანდერძის ჩაკითვხას:

ზ)სოფლის ღარიბებსა, უქონელსა, ქვრივებისა და ობლებისთვის ჩემდა სასულიეროდ

შემიწირავს:

- წვრილი ქვაბი ორი,

- უყურო ქვაბი ერთი, -ფლავის საწურავი, -ჩამჩა ერთი,

- ტაფა ერთი, - ქაფქირი ერთი.



ხოლო ვინც შემიცვალოს ანდერძი, შესცვალოს გამაჩენმა პირისაგან. იყავნ მიუკუნისამდე წყეული და შეჩვენებულ სულითა და ხორცითა. ხოლო ანდერძის დამამტკიცებელნი ღმერთმან აკურთხოს მშვიდობით!

სამუდამოდ ამ ქვეყნიდან წასული ესტატე ლაფაჩი შეიწყალეთ. ვიყავი და აღარა ვარ. გავქრი, როგორც ბოლი და კვალნი ნიავისა. გავხდი მიწა და ნაცარი! დანო და ძმანო, შვილნო და მამანო, შენდობა მიბოძეთ ღვთის გულისათვის! ―როცა მღვდელმა უკანასკნელი სიტყვები ჩაიკითხა , ლოგინზე წამომჯდარმა ლაფაჩმა ქვითინი ამოტეხა. ხუმრობის გუნებაზე შემდგარ მეზობლებს ლაფაჩი შეეცოდათ, ზოგმა თოთო წყვილი ცრემლი ჩამოყარა, თითქოს მარტო ახლა დაიჯერეს მისი სიკვდილიო.



ცრუ სულთმობრძავი ავადმყოფი დიდხანს ამშვიდეს, მღვდელმა ეკლესიითაც კი შეაშინა. ღმერთს არ მოეწონებიო, მაგრამ დიდხანს ვერ დააჩუმეს.



ბოლოს მიყუჩებულმა ლაფაჩმა ანდერძის გამგეებს შესთხოვა , რომ ის ცრუ მუხლი ანდერძისა, ეფრატ ბერისგან სათავისოდ ჩამატებული, ამოეშალათ. ამაზე მღვდელმა ბრძანა, რომ წაკითხვის მერე ანდერძი ძალაშია შესულიო. შიგ დიდი წყევლაა ჩარეული და წაკითხულისა და გამოცხადებულის შეშლა აღარ ეგებისო!

- თუ შენ თვითონ უპატიოდ მოიქეცი, სხვა უარესს ჩაიდენს და ანდერძს ძალა შეერყევა! - შეადგნენ თავკაცები, საწყალი ლაფაჩი დათანხმდა. კარში კი უკმაყოფილო ლაპარკი გაისმოდა ღარიბებისა.

- თუ შენ თვითონ უპატიოდ მოიქეცი, სხვა უარესს ჩაიდენს და ანდერძს ძალა შეერყევა! - შეადგნენ თავკაცები, საწყალი ლაფაჩი დათანხმდა. კარში კი უკმაყოფილო ლაპარაკი გაისმოდა ღარიბებისა.

- შიგ რა მოვხარშოთ?

- ამ იმედით ველოდით განა მაგ ეშმაკის სახორცის სიკვდილსაო?

- მაღლა წერო მოფრინავდა, ქვეშ შამფურას სთლიდნენო! ღარიბები უსამართლოდ ლაყბობდნენ.

ლაფაჩის ეზოში სამრავლაკაცო სუფრა იშლებოდა. ესტატე ლაფაჩი წინასწარ იხდიდა თავის აღაპს. ყველას ერგებოდა აქედან თითო ნაჭერი ხორცი და ჯამი ღვინო.



განა დამავიწყდა ლაფაჩის განკარგლება, ქელეხის შესახებ რომ გასცა! მან აღაპითვის ორი თოხლი დააკვლევინა, ხელჩაფიანი ქვევრი მოახდევინა, სულ მოატანინა თავისი ნაგროვი ლობიო, კარტოფილი, ხახვი თუ მწნილები, ამრიგად, სულ დახარჯა, რაც მონაგარი ჰქონდა მთელ თავის სიცოცხლეში და სულს კი მოუარა.

სუფრა მწვანიანზე გაიშალა, ეზოში, ამინდი მშვენიერი იდგა. ფშატი და იასამანი გაზაფხულს აბოლებდა...



ქელეხი დიდი მოკრძალებით დაიწყო, როგორც სამგლოვიარო წესს შემშვენისს. კაცებმა შოთი პურები გადატეხეს და ბოზბაშის წვენს ჩუმად ხვრეპა დაუწყეს. დედაკაცები ჩამჭკნარ ყბებს ალაღლაღებდნენ და უფრო ლავაშს ეტანებოდნენ. მალე კაცებმა ულვაშებზე გადისვეს ხელი და მოლხინებულმა ჯამებმაც ჩაირ-ჩამოიარეს. ნოყიერ ჰაერის სურნელს ცხვრის გემრიელი სუნიც დაერთო. ძველი მექელეხე ეთიბერა, უკვა მუცელგამოხვერილი, კერძებს არიგებდა და მაინც ცალყბად ილუკმებოდა.



შარვალგამოღადრული პატარა ბიჭები გაადაჩეხილ კაკლის ძირში სუფრისთვის მწვადებს აბრუნებდნენ. ალშემართული ქონი შხიოდა, ნაცარში იღვენთებოდა... ბიჭები ნერწყვსა ყლაპავდნენ.

მწვადის მოლოდინში კაცებმა ჯიბის დანები მოიშველიეს და ნიგვზისკენ რამდენჯერმე გაიხედეს.



ლაფაჩი კი ჩაწეულ ლამპას ჰგავდა.



იწვა მწუხარედ, როგორც შეჰფერის საფლავიოს ტუსაღად გამზადებულ სუდარით ხელფეხშეკრულს.



ვინ იცის, რას არ ფიქრობდა? იგონებდა ცოდვებს და ვერ მოეგონებინა. მაინც მოწიწებით ირჯვარს იწრერდა და კუთხეში გაბოლილ ხატს შენდობას ეხვეწებოდა: ___ მოიხსენე, უფალო, წყეული და შეჩვენებული ესტატე ლაფაჩი!



- უფალო, მიხსენ პირთაგან ლომთასა!



მოაღაპეებს კი ქელეხის მგლოვიარე გადაელახათ, ჯიხვები ჯახუნობდნენ. თამადა ,,მწვანე იაგორა― სადღეგრძელოთი ილოცებოდა: გაუმარჯოს დედამიწას, ღონიერსა, უშრეტელსა, ულეველსა, ჩვენ ხალხსაო!

ლაფაჩი კი ნაღვლიანი, სულთამბრძოლი იწვა ხმელ ტახტზე. __ იწექი, ეგრე იწექი ლაფაჩო, ვიდრე გამიგღვიძებდეს ანგელოზების ნაღარა!



ლაფაჩის დაღამებულმა გონებამ ასი სახილველი გაიარა. აი, მოკვდა, გავიდა ამ სოფლით, მისი სული იქცა პეპელად, გაფრინდა სასულეთში. მისი თბილი გვამი გაასწორეს, გადააჯვარედინეს. მერე ფეხები შეუკრეს მიტკლის ნაჭრით, თვალები დაუხუჭეს, თავით ჯამით ღვინო დაუდგეს, ბოლოში_ხორბალი, ხელთ დამწვარი სანთელი მისცეს და შენდობის ქაღალდი. საკუბოოდ გაამზადეს, გაზომეს, მერე განბანეს, გაპარსეს, ამერიკოს გასანთლულუ სუდარა წააფარეს. ცხვირში საკმელი დაუცეს. პირში ბამბა. დაიწყო ტირილი, უში, მოთქმა, გლოვა...



მაგრამ არავინ დასტირის ლაფაჩს. მოტირალი მხოლოდ თავის მიცვალებულებს იგონებენ და კუბოში აწყობენ ჩურჩხელებს, ტყლაპებს, ვაშლებს მათთვის გადასაცემად.





გასცილდა სიცოცხლის სული ამ სოფელს და საიქიოს გადავიდა. ხედავს იქ დიდ მდინარეს,__გადაღმა მოჩანს ორი ხეობა, __ერთი შავი, მეორე მწვანე. მოჩანს ზეცის იერუსალიმი, სამოთხის ბაღის ბუჩქები, გაჩაღებული ბაღები, ნაძვიანი, ფიჭვიანი, ბალახყვავილიანი, სავარდეები, ტკბილი წყაროები, ბროლის კლდეებზე ჩარიგებული ყვავილოვანი ნუშები... დახატული ტირიფის თეთრი სახლები, ბიბინებენ ბრინჯის ყანები, გვერდით სძოვენ ყოჩები, რომელნიც მათთვის შეუწირავთ დედამიწაზე.



ხეობის შუა დიდი თეთრი რძის ტბაა გადაჭიმული. ტბის პირად თეთრი გადაფოთლილი ხეა, თეთრი ფრინველთა და ყრმაბავშვებით ჩახუნძლული, ჟივჟივებდნენ, სტვირზე მღერიან. როცა მოშივათ, ხე ჩამოიწევა ტბის ძირამდე, ბავშვები დაეწაფებიან რძეს, მერე ხე ისევ აიმართება. გრძელ ხეივნებში სამოთხის ბინადარნი სულები ხელიხელ ჩაკიდებულნი სეირნობენ და ქცევადაწყნარებულები ტკბილად მუსაიფობენ.

ლაფაჩმა შენიშნა, რომ სულ მდიდრები იყვნენ სამოთხეში: დიდებული და დიდგვარი თავადი ანდუყაფარი, მამასახლისი ჩითუხა, ვაჭარი მიქელა, თავიგლეხი ქვიშრაფა და სხვანი. ღარიბები ღობის იქიდან ყელგამოწევით ითხოვდნენ ლუკმას და გამონაცვალ ტანისამოსს.



აზნაურ კიკოლას მწვანიანზე სუფრა გაეშალა და ფურის რქით სვამდა ღვინოს, ანგელოზები მოართმევდნენ სველ-სველ ხელადებს, მწვადებს და ზარნის ფლავს. მისგან ქეიფში შემოხოცილები კი შორიდან დაჰბღუოდნენ თავის მკვლელს.



ლაფაჩმა ისიც შენიშნა, მკალავი ლეკები __ ზუბეიდალა, გალეგა და ბენდა, რომლებიც სახადით დაიხოცნენ ტამალიაში, ახლა შიშვლები დატანტალებდნენ საიქიოში, ყველაფერი უჩანდათ და შიმშილისაგან გადამღვრძალებს, გული მოსდიოდათ და ქრისტიანებს პურის ნატეხს ეხვეწებოდნენ, მაგრამ ქრისტიანები არ აძლევდნენ და ცემით ისტუმრებდნენ შიმშილით დაგეშილებს.

აგერ. ბენდა ლეკმა, ყველაზე მოხერხებულმა, ფეხი დაჰკრა სამოთხის ღობეს. შიგ გადაფრინდა და აზნაურ კიკოლას სუფრიდან ხორცის ნაჭერი მოსტაცა. კიკოლა წამოხტა და ხმალდახმალ გაედევნა. საბრალო ბენდამ ხორცის ნაჭერი გზაზე დააგდო. გარბის თავზარდაცემული. აჰა, ხმალამოწვდილი კიკოლა დაედევნა და ურჯულო ლეკს თავი ყველივით წაათალა. დანარჩენი ლეკები მაინც არა ჰშორდებიან ღობეს და ახლა მათ უნდათ კიკოლას ლუკმაპური წაჰგლიჯონ. კიკოლა აბეზარი ბუზებივით იგერიებს.



ყურწაგდებულმა ლაფაჩმა თავისიანებიც შენიშნა. ღობეზე გადმომდგარიყვნენ მისი დედ-მამა, და-ძმები და ჟღივილით ეძახოდნენ მას, მოსტიროდნენ ოქროს ცრემლებით.

აგერ, აქეთ კი, შავ უფსკრულს დაუღია პირი... ჯოჯოხეთის ნახეთქები... სისხლის ტალახი... დაფსკერებული კუპრის ტბა, ვეშაპიანი, ფისისა და გოგირდის ქაფქაფა ქვაბებით. აჰა, ბეწვის ხიდიც! ნამდვილი ბალანია გადებული და ისიც ცალხიდა! ხიდი რომ გათავდება, სამოთხის კარიბჭე, ცხრაკლიტოსანი ადევს... ბჭესთან დიდი სასწორი დგას; პეტრე მოციქული გასაღებით, მიქელ გაბრიელი __ სულთამხდელი, ხმლითა და სათანაილი __ მარწუხებით სულებს სწონავენ. ვინც დამძიმებულია ცოდვების სიმძიმით, ჯოჯოხეში ისვრიან ხელუკუღმა, საზამთროსავით.



ლაფაჩიც ასაწონ რიგში ჩააყენეს, მაგრამ პატარა და-ძმები არ უსვენებდნენ, ბეწვის ხიდზე გადარჩენას ეხვეწიან. უცბად გაისმა საყვირის ხმა, ქუხილინი და მგრგვინავი ღაღადი:

__ მოვედით, კორთხეულნო მამისა ჩემისანო, დაიმკვიდრეთ გამზადებული თქვენთვის სასუფეველი! - და მეორედ:





- წარვედით ჩემგან, წყეულნო, ცეცხლსა მას საუკუნოსა, რომელი გამზადებული არს ეღმაკთათვის!





აქ პეტრე მოციქულმა წიგნში ამოიკითხა: ესტატე ლაფაჩი - ანდორეთის მნათე - მობრძანდეს საუფეველში!



ლაფაჩი დაიძრა ბეწვის ხიდზე. მიდის ძაგძაგით, გაღმიდან მშობლები ამხნევებდნენ. მაგრამ მთელი ტანი უთრთის, ჩაენგრევა თუ არა ფეხქვეშ ბალნის ხიდი, ცალხიდა! აგერ კიდევაც შეტორტმანდა, ფეხი შეუტოკდა და...



ლაფაჩი რაღაც სასიამოვნოსუნმა დაბნიდა... ცალი თვალი გაახილა და თავი ისევ ცოცხალი დაინახა გაზიპულ ლოგინში.

- მაშინებ მე, უფალო სიზმრებითა და ჩვენებებითა გამაცვიფრებ მე! __ წაიდუდუნა შეშინებულმა ლაფაჩმა და ჭირის ოფლი მოიწმინდა.

ოთახში შემოდიოდა ნაყოფიერი მწვადის სუნი აღპის სურიდან. სუნი შემოიძაბებოდა სარკმლიდან, კარიდან, ჭუჭრუტანებიდან, ჟღენთავდა სახლის თითოეულ ფიცარს, ლოგინს და შეუბრალებლად ესეოდა ლაფაჩის ყნოსვას. ლაფაჩი ტანში დაბნიდა, ნელა, ძალიან ნელა, ისე როგორც მძიმე ავადმყოფს შეჰფერის, წამოიწია, ფანჯრის პატარა ფარდა გადასწია და აყვავებული სუფრა კიდაინახა; რათ გაუკვირდა, განა მთელი სიცოცხლე ამ საქელეხო სუფრისათვის არ ზრუნავდა წინასწარვე მოტირალი?



სუფრაზე შეჟიჟღინებული სახეები მოჩანდა. თამადა ხელებს იქნევდა, მღვდელი ხარხარებდა... ციმფია და მარინე დავლურს უვლიდნენ. სხვებს ღრიანცელი გაჰქონდათ, თითქოს ქორწილი ყოფილიყოს!

ლაფაჩმა გადახედა თავის გამურულ ოთახს, ჭუჭყიან ლოგინს, თავის დახეთქილ ხელებს და მწარედ შეეცოდა თავისი თავი. აკი ენანებოდათ ციმფიას და მარინეს ნახვისას, ცრემლიც რომ გადმოყარეს! ვის ატყუებდნენ? ეჭვსა და დარდში სიცოცხლის წყურვილმა აიტაცა, გრძნობა აეძრა, მადა გაეხსნა.



მაგრამ მესვეურებს აზრადაც არ მოსვლიათ ავადმყოფისათვის კერძის შეგზავნა. ან რათ უნდოდა მცვრიანი მწვადი სულთამობრძავს? ან ვინ დაურღვევდა მიცვალების წუთებს?

სუფრაზე ხმაურობა იზრდებოდა, ვიღაცამ დამბაჩაც გისროლა. ციმფიას და მარინეს თავდავიწყებით ახვებიც მიჰყვნენ. დედაბრებმაც კი დააბეს ფერხული! ეს კი უსვინდისობა იყო!

__ ტაში, ტაში! __ ყვიროდა ულეჩაქო ჯანგირაული.

__ აბა, ცქვიტად, ძველებურად __ კვერს უკრავდა ასი წლის სულხანაური. მამასახლისი ხელში მათრახს ატრიალებდა, ტროყია გზირს ავალებდა:

__ დილამდე ვერ მიაღწევს სულთმობრძავი! ეცადე, კარგი თადარიგი დაიჭირო; კარებში ჩადექი კომბალით, არავინ შეუშვა, თორემ ამაღანვე გაჰლეწავენ ლაფაჩის ქონებას! არ დაგავიწყდეს, უნაგირი მე მინახსოვრა, დილაზე შინ მომიტანე!





შეზარხოშებული ტროყია გზირიც მორჩილებით თავს უქნევდა. „ რა ლამაზი ხარ, ხოხობო, რა კარგი რამ ხარო!― გუგუნებდა ფერხული.



ლაფაჩი თანდათან გონზე მოდიოდა. საამქვეყნო პირი მოიბრუნა, სუფრის სიცოცხლე ეძახდქა მის ძარღვებში სიცოცხლეს.

სიმწრით ითვლიდა ამაოდ გაწეულ ხარჯს, იმ ნაფასურს, ქელეხში რომ გასწია.



დახშირბინდებისას ხალხი დაიშალა, სუფრაზე სამიოდე ნაღვინარი კაცი-ღა ღანცალებდა. ქვაბზე მუცელ-პირმიდგმული აზნაური ბახშადუნი, მწვანე იაგორა, ორთხა, ციმფია და ტროყია სუფრას ტკიპებივით ჩაჰკროდნენ! ბოლოს როცა ეზოში მდგარი ღოღნოპოს ხეც არ დარჩა უდღერგძელებელი, ისევ ტროყია გზირს გაუჭრა სინდისმა და ცოხალი ლაფაჩის შესანდობარი დალია.

- ღმერთმა აცხონოს და სამოთხის სახლში შეიყვანოს!

- ღმერთმა სასუფეველი დაუმკვიდროს!

- გზას მართალს მიიყვანოს! - წამოიძახეს აქეთ იქიდან და ღვინო გადახუხეს. შიმშილისაგან მიხრწნილი ლაფაჩი ღრმად ხვრინავდა.



გამოვიდა ერთი კვირა თუ ცოტა მეტი, ლაფაჩი ფეხზე წამოდგა და, რაკი ჯანსაღობა იგრძნო, უაზრო წოლა მოსწყინდა, ადგა, პირდაპირ მღვდლისკენ გასწია, გაეხარდებაო. მღვდელმა პირცეცხლი ჰყარა. წმ. ზეთისცხების შემდეგ რჯულისა და ეკლესიის პატივსაცემად ლაფაჩი უსათუოდ უნდა მომკვდარიყო, ხოლო, თუ ეშმაკის ძალით გამორჩა, უცბად არ უნდა ავარდნილიყო სასიკვდილო სარეცელიდან და მცირეხნით მაინც უნდა გატრუნულიყო ლოგინში და წმინდა ცერემონია ზეთისცხებისა არ უნდა გაეფუქსავატებინა და შერაცხეყო!



***



დრო გადიოდა,ბევრი ვარსკვლავი ჩამოიცალა ციდან, ბევრჯერ ამღერდნენ ნიაღვრებით ჩამოყინული ჭალები, ბევრჯერ გადმოეფინა ცას მზის წითელი აბრეშუმი. ბევრჯერ დახედა უდაბნოდან სოფელს ეფრატ ბერმა. ბერი სოფლის შესავალშივე კითხულობდა ლაფაჩის ჯანმრთელობას, მაგრამ თვალი ვერ მოახვია ოცდახუთმანეთიანს.



მხიარული ნათლიდედები, ვისთანაც ის მორიგეობით ჩამოხდებოდა ხოლმე,ალერსის შემდეგ ახარებდნენ ლაფაჩის დღეგრძელობას და ბერი მწარედ ჩაიქნევდა ხელს.

ბევრჯერ ავედრებდა ღმერთს ლაფაჩის სიკვდილს, მაგრამ გადათავებული ლაფაჩი მუხის ჯირკივით იდგა, თუმცა წრიპინა ქალური ხმა არ შესცვლია.



ჩვეულებრივ მიდიოდა მნათის ცხოვრება: ზარების რეკვა, წირვა და ლოცვა, ნათლობა, ქორწილი, ქელეხი, ზიარება, სამრეკლოზე ჯდომა, საფუტკრეში წოლა, ორშაურიანების ჩვრებში გამოკვრა, მათი შენახვა საიდუმლო სამალავში. მეწვრილმანისაგან ჯვრების სყიდვა, ოთახში ხატების მომრავლება და მათ წინაშე ჩოქით ტირილი, ცოდვებისათვის, რაც არ ჰქონია, ალბათ, მხოლოდ ცოდვისათვის - თავისებურად ამ ქვეყანაზე რომ დაიბადა, ოთახებში გაისმოდა მისი ხვეწნა და შესავედრებელი:

,,უფალო დაა მეუფეო ცხოვრებისა ჩემისაო!



1918 წლის გაზაფხულის პირი იყო. ახალ შებინდებულზე მუხრანის ხიდზე ჩვენებურ ურემს შემოვხვდი. გამიხარდა: კოფონზე ჩვენი მეზობელი ხუნჩალე იჯდა, სიხარული მალე აგურსფერმა ფიჭვის კუბომ წაშალა, ურემზე რომ დაედო.



მა მოკლედ მომიჭრა, რომ სოფელში შავი სახადი გაჩნდა, მრაავაალი იმსხვერპლაა და საწყალი ესტატე ლაფაჩიც თან გაიტანაო.



ხუნჩალე გამოეგზავნათ ქალაქში კუბოსა და საქელეხო საჭირო სანოვაგის საყიდლად.



მართალია, იგი დაღონებული იყო, როგორც წესია, ასეთ შემთხვევაში, მაგრამ ახლადაშენებულ მუხრანის ხიდი (სულ რვა წლისა) არ ენახა, უკვირდა და მეკითხებოდა: ნეტავ რამდენი დაჯდებაო?

იმ დღეს სულ ლაფაჩზე ვფიქრობდი: მღელვარე დროში ვცხოვრობდით, აი სად გამოადგა ლაფაჩის მზა საფლავი და საფლავის ქვაც_მეთქი! მაგრამ როგორ ვცდებოდი როცა შევიტყე, რომ სოფლის კომისარმა ლოგინივით შემზადებულ საფლავში ლაფაჩს ჩაწოლა აუკრძალა და, როგორც სახადიანი, გადამდები სენის უფალი, სოფლის მოშორებით დამარხეს, იქ, სადაც წინათ ციმბირის ჭირით დაავადებულ საქონელს მარხავდნენ ხოლმე.



ამრიგად, საწყალი ლაფაჩი მგლებსა და ტურებს მიუგდეს. ვინ იცის იმავე ღამეს დაგლიჯეს ლაფაჩის გვამი!



კომისარი როდი ტყუოდა. სახადის შიშიანობის გარდა, ეკლესიის ეზოში სასაფლაოს საკითხი წინათ არაერთხელ ყოფილა განხილული სასაფლაოს ყრილობაზე. მართლაც უციამოვნო რამე იყო სასაფლაო შიგ შუა სოფელში. იხრწნებოდა ლეში ადამიანისა, უსიამოვნების გარდა, დიდ საბრთხეს ჰმატებდა! შავი სახადი სახუმრო ავადმყოფობა არ იყო. სასაფლაოს შეეძლო ხელი შეეწყო ჭირის გავრცელებისთვის.

ისედაც არ ტყუოდა კომისარი, რადგან ის პატარა ადგილი ეკლესიის ეზოსი, რომელიც სოფელში ის პატარა, ბალახისა, მატიტელას და საკმეველით შეზავებულ რაღაც მძაფრ სურნელს აყენებდა, უკვე უცბად გაევსოთ ფოფოდიებს, ბლაღოჩინებს, ადგილობრივ აზნაურთა გვარეულობას, რომელმაც არაერთი სახელოვანი პრაპორშჩიკი თუ კაპიტანი მისცა რუსეთის ძლევამოსილ მხედრობას!

მაგრამ, აკი მოხდა უცნაური ამბავი, მთელი სოფელი შეზანზარდა.



სწორედ ოთხი თვის შემდეგ, სახადით გარდაცვლილმა კომისარმა რატომღაც უარყო თავისი ჰიგიენური შეხედულებანი და თვითონ უსინდისოდ დაეპატრონა ლაფაჩის საფლავს.

მაშინ ბევრმა იწამა სოფელში სულის უკვდავება! __ ხედავ, რა უყო საწყალმა მნათემ მაუზერიან

კომისარსო! ხედავ, რა მალე გადაუხადა სამაგიეროო!



ყველა, ყველა, მაგრამ ლაფაჩის საფლავის ქვა რაღა იქნა, ქვაა გულმოდგინებით, შრომითა და რუდუნებით მოპოვებული და სათუთად შენახული და მოვლილი, ვითარცა უკვდავი თარიღი საუკუნეების, გრიგალსა და წყვდიადთან ბრძოლისა, საფლავის ქვა __ ერთადერთი მიწიერი ძეგლი, მღაღადებელი ლაფაჩის არსებობისა ოდესღაც ჩვენს დედამიწაზე!

მხოლოდ შარშან მივაგენი მის კვალს შემთხვევით... ზაფხულის შუადღე იყო.



თბილისიდან კახეთისაკენ მივდიოდი მანქანით, მზე იდაღებოდა. ასფალტის ფისი ადუღებულიყო, შემდნარიყო.

პირი მტვრით მქონდა ამოხრაკული, სახე __ მზით დაკბენილი. ძალზე მწყუროდა. მანქანაც უწყლობით გმინავდა, ორთქლს იტყორცნებოდა.

კაკლიან ჭალაში, იქ, სადაც ძუძუსწყაროა, მანქანა შევაყენეთ. წყურვილი მოვიკალით; სახე შევიშხეფე, მოვსულიერდი! შოფერმაკი წყაროსთან მდგარ ვინმე ნათლიდედას თუ ძალუას წყლით სავსე ჩაფურა ჩამოართვა კარბურატორის გასაგრილებლად.



ის იყო პირს ვიმშრალებდი ხელსახოცით, რომ წყაროს გვერდით კოხტა შენობა შევნიშნე, ახალთახალი, __ სოფლის კოოპერატივია, სამი თვეა, რაც მუშაობსო!

შენობა შენობაა, რა უნდა გაგკვირვებოდა ჩვენს დროს ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ ის მეოცა, რომ ამ შენობის კუთხის ქვაზე ორი ჭვინტიანი ჩექმა იყო გამოჩარხული.

__ აკი კოოპერატივიაო, სახარაზო ყოფილა! __ დავსძინე მე. __ რას ბრძანებთ?

__ მაშ, ის ჩექმები?

__ ჩექმას რა ჭკუა აქვს?

__ ეს ხომ ლაფაჩის ქვაა! ეგრე ვეძახით! __ მომაძხა იმავე ნათლისდაედამ თუ ძალუამ, ატმისფერმა, უჭურჭლოდ, უსაქმოდ რომ იდგა წყაროსთან და გულიანად ჩაიფრუტუნა. ეტყობა, რაღაებიც გაახსენდა ლაფაჩის შესახებ, ალბათ, გაგონილი, თორემ მისი მოსწრე ხომ ვერ იქნებოდა!

__ ერთი სულელი ლაფაჩი ყოფილა წინასწარ დაუმზადებია საფლავის ქვა და საფლავიც! მაგრამ რომ მომკვდარა, თვითონ ჭირიან გორაზე მიუგდიათ. ქვა კი იქ ჩაატანეს. თეთრი ღიმილით მიამბობდა მხიარული ნათლიდედა და სიცხისგან ვარდნაოფლ სახეს თავშლით იმშრალებდა.



მომაგონდა ჩვენი ლაფაჩი. გამახსენდა ყოველივე... მეც უნდა მეცინა, მეხარხარა ზოგ მის ამბავზე მაგრამ უეცრივ შემეცოდა, თითქოს ფეხი უნდა დამედგა გასასრესად და მაშინვე ფეხიავიღე... აღარაფერი ვთქვი... __ სად იყავ, ნათლიდედ, მაშინ, მე აქ რომ დავრბოდი! __ ნათლიდედამ აავსო ბროლის შხეფით ჩაფურა და წავიდა... თან უკან-უკან ჩემკენ იხედებოდა.

მე მივუახლოვდი შენობას. ქვას დავაშტერდი. ქვას წარწერა აღარ ჰქონდა, ხელოსანს ქასრით წაეთალა ეპიტაფია. მიცვალებულის გაჭიმული, გულხელდაკრეფილი ფიგურაც გაერანდა, თუმცა არა სუფთად, აქა-იქ ცალკე ასო და ასოთა ნაწილაკები მოჩანდა, ცალი ულვაშის ბოლო და ჩოხის მასრაც. თუმცა ბუნდოვნად, მეტად მკრთალად, მაგრამ ჩექმები კი... ჩექმებისთვის ქვის მთლელს ხელი აღარ ეხლო. იქნებ, როცა ჩექმებზე მიდგა საქმე, სწორედ მაშინ დაუძახეს ხელოსანს ჭიქა ღვინოზე, სამუშაო დააგდო, შეტობა ღვინოში და... იქნებ ახალგაზრდა იყო და სწორედ იმ დროს, როცა ქასრით ჩექმა უნდა გაერანდა, სატრფომ მოუწოდა, ან პაემანზე თვითონ გაიქცა; ან, შესაძლოა, სწორედ იმ დროს კბილი ასტკივდა? ისიც შეიძლება ვიფიქროთ, რომ ფული არ მისცეს დროზე, ან ხელფასი ჩამოაკლეს და გაბრაზებულმა ხელი ჩაიქნია და სულაც წავიდა სამუშაოდან; ან იქნებ ლაფაჩი შეიცოდა, განგებაც დატოვა ჩექმები საწყალი მნათის მოსაგონრად?



ასეა თუ ისე, ქვაზე გამორჩეული ორი ჩექმა __ ნაშთი ლაფაჩის გამოსახულებისა __ დაცულია თავისი პირვანდელობით და ისე კარგად, თითქოს ჩექმები მზად არიან ახლავე ფეხი აიდგან და თავისთავად გასწიონ დიდ გზაზე!



ნუთუ ლაფაჩის სახსოვრად ეს ორი ჩექმაღა დარჩა, ისიც ქვაზე, სხვა არაფერი? ხომ დარჩა, მეტი რაღა უნდა დარჩენილიყო!



 




ფავორიტებში დამატება
0
436 ნახვა
1 მოწონება & 0 არმოწონება
კომენტარი არ არის დაწერილი