წერ შენც? გინდა რომ ჩვენ საიტზე განათავსო შენი ნაწარმოები?

მაშინ შემოგვიერთდი

Cemi fanjrebidan - maiko jangulaSvili (maimasko)
დედაჩემი ავადაა . ექიმებმა დიაგნოზი დაუსვეს. სამედიცინო ტერმინებს ვერ ვიმახსოვრებ და რა ჰქვია ზუსტად ვერ გეტყვი, ცოტა უცნაური და გრძელი სახელი აქვს, შენი სახელისგან განსხვავებით, ჰარი. სიცხეს შუბლზე ტუჩებით ვუზომავ . როცა ვხვდები რომ მხოლოდ ასეთ დროს ვკოცნი ხოლმე დედაჩემს, ყელში ბურთი მეჩხირება და ქუჩაში გავრბივარ.

დედაჩემს არ უყვარს როცა ვტირი.

...

ბოლო დროს ვსუნთქავ ღრმად. უფრო გახშირებული სუნთქვით, უფრო ხმამაღლა ვიდრე შენ.
მიკეთია აირწინაღი., იმიტომ არა რომ ეს ჩემი მეორე მსოფლიო ომიდან მოყოლებული ძველი ჩვევაა.… დღეს მე გაზით არავინ მგუდავს, უბრალოდ ჰაერში ზოგიერთი ადამიანის ამონასუნთქის , ჩემს ფილტვებში ჩაშვების პერსპექტივა არ მხიბლავს.
ვიწამლები.
ვიწამლები შეშინებულებით, მოტყუებულებით და ტვინგამორეცხილებით.პოტენციური მეძავებით და უპეტენციო მამრებით. სულელი ფემინისტებით და ფანატიკოსი თვითმკვლელებით… ვიწამლები კეთილსინდისიერებით უსინდისობაში... ჩემი სახლის ყვითელ კედლებში სარკის წინ შიშველი ვდგავარ ,როგორც აუქციონზე გაყიდული იაფფასიანი ეროტიკული ხელოვნების ნიმუში და ვხვდები რომ საკუთარმა სხეულმაც ბევრჯერ მიღალატა. იმიტომ რომ თავი მარტო არ მეგრძნო გამოვიგონე სექსუალური უშუალობა და შენც გაიძულე გერწმუნა მისი აუცილებლობა. გერწმუნა ,რომ არაფერია აკრძალული, რაც კანონში არ წერია და შენც დაიჯერე...

მე ბიოლოგიური ტერორისტი ვარ, ჰარი.

ვყლაპავ ჰალუცინატორებს და ვიღებ ბილეთს ერთი მიმართულებით.

...

მე და შენ ერთ ქალაქში ვცხოვრობთ. ჩემი ფანჯრებიდან შენი ფანჯრები ჩანს და ასე ყოველდღე... გიყურებ და პირში ორი თითის ჩაყოფა არ მჭირდება, გულს ვირევ სიმეტრიული ცხოვრების მქონე მეზობლის, სიმეტრიულად გაფენილ სარეცხზე... ჩემს და შენს ყოველდღიურობაზე.

მერე ვჯდები და ვწერ...

“ჩემო ძვირფასო, ჰარი” ... ვიწყებ ასე... მერე სიტყვებს დიდი მნიშვნელობა არ აქვს... ვწერ ერთსა და იმავეს სხვადასხვა დროს. ვწერ ნამდვილ ადამიანებზე, ანუ მათ ენაზე, ლუოლავეტრანებზე ,რომლებსაც ხანდახან ვხვდები აბის მიღების მერე ,როცა შენს ფანჯარაში სინათლე არ ჩანს და ჩემი ფანჯრიდან დაზეპირებულ ხედის ყურებას ალიასკის დათოვლილი პეიზაჟის ყურება მირჩევნია.

იქ სადაც დედამიწა მთავრდება მე სხვა ესკიმოსებთან ერთად ვცხოვრობ და სახელად ტალუს მეძახიან, მიყვარს ესკიმოსი ბიჭი, კანუ , რომელიც არასდროს მინახავს და ჭრელ ქუდებს ვუქსოვ, ვოცნებობ მყავდეს ბევრი შვილი და არქტიკის სუსხიან ზაფხულში სანადიროდ წასულ ჩემს ქმარს , სახლში ველოდებოდე.

- “ტალუმ თბილად ჩაიცვა და გარეთ გავიდა. სახლის წინ დაყრილ, გაფშეკილ ციგებს თოვლი გადააცალა, საცურაო ზოლებს ყინული გადააფხიკა და დედაბერის ძაღლები ციგაში შეაბა...

მიქროდა ტალუ და გათოშილი ხელებით ციგას მაგრად ჩაბღაუჭებოდა. მიქროდა და ტიროდა ტალუ. ცრემლები ღაპაღუპით მოსდიოდა გაყინულ ლოყებზე...

ერთხელ მარადიული თოვლით დაფარულ მხარეში მიქროდა ტალუ...…” - ასე მთავრდებოდა იუპიკური ზღაპარი, რომელსაც მამა მიყვებოდა ძილის წინ ... და მეც ტალუსთან ერთად ვტიროდი . ვიცოდი, რომ გავიზრდებოდი , აუცილებლად ვნახავდი მარადიულ ალიასკას.

...

- ფსიქოპატკა!!! - ჩემი მეზობელი კარებზე მიბრახუნებს და დაჭრილივით ღრიალებს, ეს ის მეზობელია, სიმეტრიული ცხოვრებით რომ ცხოვრობს, სარეცხსაც სიმეტრიულად რომ ფენს , ოთხ წელიწადში ერთხელ არჩევნებზე , ორ თვეში ერთხელ ლიფტის ფულზე და ყოველდღე ჩემთან რომ დადის - “ფსიქიატრიული საავადმყოფოს სანატრელო პაციენტო, გაგასახლებ! საჩივარს დავწერ, ყველა მეზობელს ხელს მოვაწერინებ და იქ ამოგალპობ. -
ღრიალი არ ჩერდება , ერთი მეზობლის ხმას მეორე ემატება, მეორეს მესამე და სადარბაზოში საპროტესტო აქცია ეწყობა ჩემი გულზიდვის წინააღმდეგ. კარს მშვიდი სახით ვაღებ და მეზობლის აყროლებული სარეცხი პირდაპირ სახეში მხვდება. სიტუაციას გვერდიდან ვუყურებ და ისტერიული სიცილი მივარდება. ჩემს შემხედვარე, ჩემს მეზობელს გაოცებისგან თვალები ღილებივით უხდება და დღესაც ისევე ვეცოდები, როგორც გუშინ. მეც თავისებურად მეცოდება ის, როცა მისი გასიებული და აყროლებული ქმარი მახსენდება და ვფიქრობ რამდენი ჰალუცინატორი უნდა დამელია, მის ქმართან რომ სექსი მქონოდა. ჩემს თავს ამ ფიქრზე როცა ვიჭერ, სიცილისგან მუცელი მტკივდება , გულღებინება მეწყება და მეზობელს, რომელიც 5 წუთის წინ დაჭრილი ლომივით ღრიალებდა ახლა კი ჩემს სიცილს თახვის გამომეტყველებით უყურებს, ცხვირწინ კარებს ვუჯახუნებ და ფანჯარასთან მივდივარ ...
იქნებ დაგინახო...

გელოდები და ვიწყებ ჩემს ქუჩაზე გავლილი მანქანების და შენს სახლამდე ნაბიჯების თვლას. ასე დრო მალე გადის...
შენს სიჩუმეს ყოველთვის აქვს გამართლება.

იცი, შენს სახლამდე 63 ნაბიჯია...

...

სულ ესაა რისი თქმაც მინდოდა დღეს.
გიგზავნი ფოტოს, სადაც აირწინაღი მიკეთია, უკან ყოველგვარი მინაწერების გარეშე. ( ამ ქალაქში ისედაც ბევრი რამ არის ზედმეტი.)

ჩემო ძვირფასო ჰარი გავიქცეთ იქ სადაც დედამიწა მთავრდება, სადაც ცა ყველაზე ახლოსაა და აირწინაღები არასოდეს დაგვჭირდება. იქ სადაც ბევრ, ალიასკის მარადიული თოვლივით თეთრ შვილს გაგიჩენ და ყველას “ნამდვილ ადამიანს” დავარქმევთ. მე მოვქსოვ თბილ ქუდებს და შენ, ნადირობიდან დაბრუნებული, მოუყვები მათ იუპიკურ ზღაპარს ესკიმოს გოგონა, ტალუზე.

-”იყო ქარიანი დღე
მე არ მეხურა ქუდი და დავეხეტებოდი ქვეყნად…
ტიუნ, ტიუნ...”

და როცა სიტყვებს შორის პაუზები გაიზრდება ... ჩაგვეძინება.

გავიქცეთ აქედან ,ჰარი, როცა დედა გამოჯანმრთელდება...





მომწონს
13
ფავორიტებში დამატება
7